საქმე №ას-790-2023 24 ივლისი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი - მ.გ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინებები - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილისა და 2023 წლის 24 მარტის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სს „თ.ბ–მა“ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით სს „თ.ბ–ის“ განცხადება დაკმაყოფილდა; მ;გ–ძეს აეკრძალა საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში კუთვნილ ანგარიშებზე ყოველთვიურად ჩარიცხული თანხიდან 1747 ლარის (გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი თანხის) განკარგვა, მაგრამ არაუმეტეს ყოველთვიურად ჩარიცხული თანხის 50%-სა, ჯამურად 84359.53 ლარის ფარგლებში. ამავე განჩინებით სს „თ.ბ–ს“ განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან ათდღიანი ვადა საარბიტრაჟო სასამართლოში მ;გ–ძის წინააღმდეგ, თანხის დაკისრების მოთხოვნით, სარჩელის წარსადგენად; ამასთან, დაევალა, რომ სარჩელის აღძვრიდან 5 დღის ვადაში სასამართლოში საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრის დამადასტურებელი მტკიცებულება წარედგინა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინება მ.გ–ძემ საჩივრით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის განჩინებით მ;გ–ძის საჩივარზე დადგინდა ხარვეზი; საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მარტის განჩინებით კი მ.გ–ძის საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
2023 წლის 24 ივლისს მ.გ–ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და აღნიშნა, რომ უარს ამბობს საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. იმავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მითითებული კოდექსის 378-ე მუხლი, ასევე, ადგენს, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პროცესის დისპოზიციურობის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლენა მოთხოვნაზე უარის თქმის უფლებაა - არავის აქვს უფლება, აიძულოს პირი, რათა მან მიიღოს ზომები თავისი დარღვეული უფლების დასაცავად; მხარეებს აქვთ თანაბარი უფლება, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები და ამავდროულად უფლება აქვთ, უარი თქვან წარდგენილ საჩივარზე.
მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორმა უარი განაცხადა საჩივარზე, რითაც მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც, იმავე კოდექსის 272-ე და 378-ე მუხლების შესაბამისად, მიმდინარე წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე, 378-ე და 272-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ.გ–ძის შუამდგომლობა საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს საქმის წარმოება მ;გ–ძის საჩივარზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილისა და 2023 წლის 24 მარტის განჩინებების გაუქმების შესახებ;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე