¹ბს-25-26-გ-03 4 ივლისი 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
მ. ვაჩაძე
სსკ-ს 408-ე მუხლის მესამე ნაწილის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 26-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატასა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას შორის განსჯადობის შესახებ დავა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 1 აგვისტოს შპს “პ.-მ” სარჩელით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ...-ის სახელობის უნივერსიტეტ “ი.-სათვის” საიჯარო თანხის 10715 ლარის დაკისრება და იჯარით გადაცებული შენობიდან მისი გამოსახლება იმ საფუძვლით, რომ 1996წ. 1 ივლისს უნივერსიტეტ “ი.-სთან” გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 5 წლის ვადით, რომლითაც მას ვადიან სარგებლობაში გადაეცა შპს “პ.-ის” ბალანსზე არსებული ცენტრალური სამზარეულოს შენობის ნაწილი 2520 კვ.მ. ფართით. ხელშეკრულების საიჯარო სანქციების მე-2 პუნქტის მოთხოვნის თანახმად, თუ მეორე მხარე ე.ი. მოპასუხე ანგარიშსწორებისას ყოველი კვარტლის მომდევნო თვის 16 რიცხვისათვის არ დაფარავდა საიჯარო თანხას, დაერიცხებოდა საურავი საიჯარო თანხის 2%-ის ოდენობით, ხოლო თუ იჯარის გადაუხდელობა გაგრძელდებოდა სისტემატიურად, შპს “პ.-ი” იტოვებდა უფლებას იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმებაზე. საიჯარო თანხების სისტემატიურად გადაუხდელობის გამო მოსარჩელემ 1999წ. 12 ოქტომბერს ¹1-/2/189 და 1999წ. 28 ოქტომბრის ¹1-/2/202 წერილებით აცნობა მას დავალიანების დაფარვის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ცალმხრივად შეწყდებოდა საიჯარო ხელშეკრულება. მიუხედავად გაფრთხილებისა მოპასუხემ უგულველყო მათი კანონიერი მოთხოვნა.
მოპასუხე შპს ...-ის სახელობის უნივერსიტეტმა “ი.-მ” აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით წარმოადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც ითხოვა საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების კაპიტალური რემონტისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება და გადახდილი საიჯარო ქირის დაბრუნება, ასევე ითხოვა საქმეში მესამე პირად ქონების მართვის სამინისტროა ჩართვა, რაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულ იქნა.
2001წ. 11 იანვარს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა არასათანადო მოსარჩელის შეცვლა სათანადო მოსარჩელით, ანუ მისით, და შპს “პ.-ისათვის” 1996 წლიდან უნივერსიტეტ “ი.-ს” მიერ გადახდილი საიჯარო ქირის სრულად ქონების მესაკუთრის-სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ანგარიშზე გადარიცხვის დაკისრებას.
ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს პ.-ის სახელობის უნივერსიტეტი “ი.-ა” გამოსახლდა ქ. თბილისში ... შპს “პ.-ის” ტერიტორიაზე განთავსებულ ე.წ. “კვების ბლოკის” შენობის ნაწილიდან, ხოლო იჯარის ქირის დავალიანების მიღებაზე შპს “პ.-ს” უარი ეთქვა.
შპს ...-ის სახელობის უნივერსიტეტ “ი.-ს” შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დაკმაყოფილდა მესამე პირის - ქონების მართვის სამინისტროს სარჩელი და შპს “...-ს” დაევალა მის ანგარიშზე 8160 ლარის ჩარიცხვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ...-ის სახელობის უნივერსიტეტმა “ი.-მ”, მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 დეკემბრის გამჩინებით შპს “...-ის სახელობის უნივერსიტეტ “ი.-ს” სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ, რადგან საქმეში დამოკიდებული სასარჩელო მოთხოვნით მონაწილეობს ადმინისტრაციული ორგანო-სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით უნდა იქნას განხილული.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 მაისის განჩინებით არ იქნა გაზიარებული სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის დასკვნა საქმის განსჯადობის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ ერთად განიხილა ორი: სამოქალაქო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავა. პირველ მათგანს წარმოადგენდა შპს “პ.-ის” სარჩელი შპს “...-ის სახელობის უნივერსიტეტ “ი.-სთან” საიჯარო ქირის გადახდის და შენობიდან გამოსახლების, მოპასუხის შეგებებული სარჩელი ხელშეკრულების ბათილად ცნობის, რემონტისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების და გადახდილი საიჯარო ქირის დაბრუნების თაობაზე, ხოლო მეორეს-სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სარჩელი შპს “პ.-სთან” საიჯარო ქირის სახით მიღებული თანხის გადახდის შესახებ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ...-ის უნივერსიტეტმა “ი.-მ” შპს “პ.-სთან” დადებული იჯარის ხელშეკრულების გაუქმების, ე.ი. თავისი იურიდიული შინაარსით დავის მხოლოდ სამოქალაქო სამართლებრივ ნაწილში. საქმის მონაწილეთა შორის არსებული დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ნაწილი არ გასაჩივრებულა და გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო პალატის განმარტებით, სამოქალაქო, საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას მხოლოდ საჩივრის ფარგლებში. შესაბამისად, რადგან გასაჩივრდა საქმის სამოქალაქო-სამართლებრივი ნაწილი, მისი შემოწმება სცილდება ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის იურისდიქციის ფარგლებს.
სააპელაციო პალატა მიიჩნია, რომ რადგან სსკ-ს 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე დავას წყვეტს ზემდგომი სასამართლო, მოცემული საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და განსჯადობის შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატისა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებათა გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “...-ის სახელობის უნივერსიტეტ “ი.-ს” სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს და ეთანხმება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს “...-ის სახელობის უნივერსიტეტ “ი.-ს” რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს დავის მხოლოდ სამოქალაქო სამართლებრივ ნაწილში, კერძოდ შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და თანხის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში. სსკ-ს მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილავს სამოქალაქო დავებს იურდიულ პირებს შორის. მხარეების მიერ დავის ადმინისტრაციულ სამართლებრივი ნაწილით ან სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სარჩელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და იგი შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, აღნიშნული მოტივით საკასაციო სასამართლო არ იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს დასკვნას, რომ რადგან საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მონაწილეობს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მისი განხილვა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესებით.
ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან გასაჩივრებულია საქმის სამოქალაქო სამართლებრივი ნაწილი და სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ ამ ფარგლებში უნდა შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შპს “...-ის სახელობის უნივერსიტეტ “ი.-ს” სააპელაციო საჩივარი განხილულ უნდა იქნეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 26-ე მუხლებით, სსკ-ს 408-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “...-ის სახელობის უნივერსიტეტ “ი.-ს” სააპელაციო საჩივარი განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
2. უზენაესი სასამართლოს განჩინების ასლები მხარეებს დაეგზავნათ დადგენილი წესით.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება