საქმე №ას-605-2023 7 ივლისი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.ჯ–ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უსაფუძვლოდ მიღებული საბანკო გარანტიის თანხის ანაზღაურება (თავდაპირველი სარჩელი); პირგასამტეხლოს დაკისრება, ხელშეკრულების საფუძველზე ავანსად გადახდილი თანხის და მიწოდებული საქონლის დაბრუნება (შეგებებული სარჩელი)
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს.ჯ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, მიმწოდებელი ან კომპანია) სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, შემსყიდველი ან სამინისტრო) მიმართ, საბანკო გარანტიის სახით გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 34 810 ლარის გადახდა; სამინისტროს შეგებებული სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების, ავანსად გადახდილი თანხისა და მიწოდებული საქონლის დაბრუნების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მარტის განჩინებით სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. სამინისტრომ, 2019 წლის 30 ოქტომბერს, გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი NAT190020663 საქონლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. საქონლის მახასიათებლები, რაოდენობა და ფასი განსაზღვრული იყო დანართში, რომლის მიხედვით საქონლის დასახელებაა - ზეთი მტ-16პ, მახასიათებელი - ГОСТ 6360-83, რაოდენობა 10 000 კგ, ერთეულის ფასი 6.962 ლარი, სულ ფასი 69 620 ლარი, მწარმოებელი - რუსეთი, შპს „ნ–ი“ (ООО “ Н.“). ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადება წარადგინა მოსარჩელემ, რომელმაც სატენდერო კომისიას წარუდგინა საქონლის შესაბამისობის დოკუმენტი - მწარმოებლის შპს „ნ–ის“ (ООО “ Н.“) მიერ გაცემული, საქონლის (ძრავის ზეთი “MT-16П“, ГОСТ 6360-83) პასპორტი №1710. დოკუმენტი სატენდერო კომისიის აპარატმა გაუგზავნა საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-4 ლოგისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტს. დეპარტამენტის N1187506 წერილის თანახმად, მიჩნეულ იქნა, რომ წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით შეთავაზებული წინადადება (ზეთი მტ-16პ) შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტექნიკური მახასიათებლების მოთხოვნებს. სატენდერო კომისიამ ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადა მოსარჩელე კომპანია, რომელიც მიწვეულ იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად;
3.2. მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის, 2019 წლის 26 ნოემბერს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №718 ხელშეკრულება. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 69 620 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი იღებდა ვალდებულებას, გადაეხადა მიმწოდებლისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულება ამ საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე; 4.4. პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი განახორციელებდა წინასწარ ანგარიშსწორებას (ავანსი), მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილი თანხის შესაბამისი ოდენობის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, არაუმეტეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 100%-სა; 4.5. პუნქტით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტია შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო შემსყიდველის მოთხოვნებთან და მისი მოქმედების ვადა ხელშეკრულების მოქმედების ვადას არანაკლებ 30 დღით უნდა აღმატებოდა; 4.8. პუნქტით კი, იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების გაფორმებისას საქონლის მიწოდების ბოლო ვადა გადაცდებოდა 2019 წლის 1 დეკემბერს, პრეტენდენტს სამინისტროში უნდა წარედგინა საბანკო გარანტია მიუწოდებელი საქონლის 100%, რის შესაბამისადაც მოხდებოდა წინასწარი ანგარიშსწორება; ხელშეკრულების 5.1. პუნქტით მოთხოვნილი იყო, რომ ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული საქონელი შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულ სტანდარტებთან; 8.1. პუნქტის მიხედვით, მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში; 9.1. პუნქტის თანახმად, საქონლის ტექნიკური მახასიათებლები და ხარისხი ერთდროულად შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო ამ ხელშეკრულებისა და შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებთან, პარამეტრებთან და წარმოდგენილ ნიმუშთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).; 10.2. პუნქტით განსაზღვრული იყო მიმწოდებლის ვალდებულება, ხელშეკრულებით განსაზღვრული საგარანტიო ვადის განმავლობაში, შემსყიდველის წარმომადგენლ(ებ)ის ან მოწვეული ექსპერტ(ებ)ის მიერ წუნის გამოვლენის შემთხვევაში, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში წუნდებული ნივთი ახლით შეეცვალა. თუ მიმწოდებელი დადგენილ ვადაში არ შეცვლიდა წუნდებულ ნივთს, იგი ვალდებული იყო შემსყიდველისათვის გადახდილი თანხა, მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, დაებრუნებინა; 11.1. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ საქონლის გადაცემა და შემსყიდველის მიერ მისი მიღება დადასტურდებოდა ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით; 11.6. პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, უარი განეცხადებინა საქონლის ან მისი ნაწილის მიღებაზე და მათ ანაზღაურებაზე, თუ: 11.6.1. იგი უხარისხო იქნებოდა (მათ შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის შეუსაბამო); ან/და 11.6.2. მიწოდებული იქნებოდა ხელშეკრულებაში ან/და მოთხოვნაში (შეკვეთაში) მითითებულ რაოდენობაზე მეტი ოდენობით (ნამეტის ფარგლებში); ან/და 11.6.3. მიწოდებული იქნებოდა ხელშეკრულებაში ან/და მოთხოვნაში (შეკვეთაში) მითითებულ რაოდენობაზე ნაკლები; ან/და 11.6.4. სრული მოცულობით არ იქნებოდა წარმოდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია; ან/და 11.6.5. ხარვეზების გამოსწორება შეუძლებელი იქნებოდა; ან/და 11.6.6. მიწოდებული იქნებოდა მიწოდების ვადის გასვლის შემდგომ; ან/და 11.6.7. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ხელშეკრულების 16.1 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრებოდა შემსყიდველისათვის პირგასამტეხლოს გადახდა სხვადასხვა ოდენობით; მათ შორის, ხელშეკრულების 16.8. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტის ან მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების ნაწილობრივ (არაჯეროვნად) შესრულებისათვის, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო მიუწდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 10%, ხოლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის, მიმწოდებელს დაეკისრებოდაა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%;
3.3. სს „თ.ბ–ის“ 2019 წლის 9 დეკემბრის №565/124-01 წერილით გაიცა საბანკო გარანტია საავანსო გადახდაზე №3699303-10763788, რომლის მიხედვით, გარანტია - სს „თ.ბ–ი“, პრინციპალია - მიმწოდებელი კომპანია, ბენეფიციარია - შემსყიდველი სამინისტრო, გარანტიის თანხაა 34 810 ლარი, გარანტიის მოქმედების ვადაა - 2020 წლის 15 აპრილის ჩათვლით. გარანტმა იკისრა გამოუთხოვადი და უპირობო (რაც გულისხმობს, რომ საგარანტიო თანხის ანაზღაურების შესახებ ბენეფიციარის წერილობით მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევა. მოთხოვნისა და/ან მოთხოვნილი თანხის ყოველგვარი დასაბუთების და ყველანაირი დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულების გარეშე) ვალდებულება ამ საბანკო გარანტიის წერილის პირობების გათვალისწინებით, პირველივე წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში ბენეფიციარს გადაუხადოს მოთხოვნაში მითითებული თანხა, მაგრამ არაუმეტეს გარანტიის თანხისა. მოპასუხის 2020 წლის 6 აპრილის წერილით გარანტს ეცნობა, რომ პრინციპალის მიერ არ იყო წარდგენილი შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მოეთხოვა საბანკო გარანტიის თანხის 34 810 ლარის გადახდა, 28 აპრილის განმეორებითი წერილის გაგზავნის შემდეგ, გარანტმა 2020 წლის 29 აპრილს ანგარიშზე ჩარიცხა 34 810 ლარი. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ გარანტმა საბანკო გარანტიის თანხა - 34 810 ლარი მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან დაიკავა. შესაბამისად უდავოა, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან უკან დაიბრუნა საავანსო ანგარიშსწორების შედეგად გადაცემული 69 620 ლარის 50 %;
3.4. სამინისტროს სპეციალისტებმა 2020 წლის 10 თებერვალს შეადგინეს აქტი №15, რომ მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2019 წლის 26 ნოემბრის №718 ხელშეკრულების საფუძველზე, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის საწყობში შეტანილ იქნა ზეთი „მტ-16პ“ (პარტია 1710), რაც შემოწმდა მინისტრის 2020 წლის 4 თებერვლის N17 ბრძანებით დამტკიცებული საწვავ-საპოხი მასალების შემოწმების სტანდარტული ოპერაციული პროცედურის მიხედვით: ვიზუალურად (ეტიკეტი); მიმწოდებლის მიერ მიწოდებული დოკუმენტაცია შედარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტექნიკურ მახასიათებლებთან; ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებთან მომწოდებლის მიერ წარდგენილ ხარისხის სერტიფიკატის შედარების მიზნით მოწვეული ექსპერტის მიერ აღებული იქნა სინჯები. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ბიურო) ექსპერტის №000469520 დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ ზეთი „მტ-16პ“ (პარტია 1710) აკმაყოფილებს სტანდარტის ”ГОСТ 6360-83 ...ГОСТ 6360-83 МACЛA MT-16П И M-16ПС Texническиe ycловия“ მოთხოვნებს;
3.5. 2020 წლის 12 თებერვალს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელი მოაწერეს: სამინისტროს ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ლოჯისტიკის ცენტრის (აღმოსავლეთი) უზრუნველყოფის ბატალიონის შენახვის I განყოფილების საწყობის უფროსმა ა.კ–ძემ და მიმწოდებელი კომპანიის დირექტორმა პ.ნ–მა. აქტის მიხედვით, მიმწოდებელმა მიაწოდა და მიმღებმა მიიღო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2019 წლის 26 ნოემბრის №718 ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონელი - ზეთი მტ-16პ, 10 000 კგ, ერთეულის ფასი 6.962 ლარი, ღირებულებით 69 620.00 ლარი. მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია, რომ დასახელებული ზეთი აღებულია შემოსავალში ექსპერტიზის (ლაბორატორიული დასკვნის) საფუძველზე;
3.6. მოპასუხე სამინისტროს თანამშრომლებისგან შემდგარი კომისიის წევრების მიერ შედგენილი ჯავშანტექნიკის გამოცდის 20.02.2020 წ. №188667 აქტის მიხედვით, შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის უფროსის 2020 წლის 19 თებერვლის MOD 7 20 00000074 ბრძანებით, დ. ვაზიანის პოლიგონზე, საპოლიგონო გამოცდის მიზნით, 2020 წლის 19 თებერვალს გაყვანილი იქნა შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის ჯავშანტექნიკის სარემონტო საამქროს მიერ აღდგენილი ტანკი „T-72“, რომელშიც ჩასხმული იქნა 2020 წლის 13 თებერვლის ზედდებული №63-ით ბაზაში შეტანილი ზეთი „მტ-16/პ“. შემოწმდა ძრავის ძირითად ავზში ზეთის მდგომარეობა, შემოწმების შედეგად დაფიქსირდა ძრავის ზეთის აქაფება და მომატება, რომელიც ამოსული იყო ზეთის ავზის გასამართ ყელამდე. კომისიის დასკვნით აღნიშნული ზეთით ვერ იქნა უზრუნველყოფილი ჯავშანტექნიკის საექსპლუატაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება და მისი შემდგომი გამოყენება ჯავშანტექნიკაში მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული. ტანკი „T-72 SIM 1“ ძრავში (ძრავის შეზეთვის სისტემაში) პრაქტიკული შემოწმების აქტის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 11.03.2020 წ., MOD 3 20 00000098 ბრძანებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა განახორციელა ზეთის პრაქტიკული შემოწმება ტექნიკურად გამართული „T-72“ ტიპის ტანკის გამოყენებით. ტანკის ძრავის შეზეთვის სისტემა შესამოწმებელი ზეთით გაიმართა „T-72“ ტანკის საექსპლუტაციო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად. ტანკის ძრავის ადგილზე 10 წუთის ხანგრძლივობით მუშაობის და შემავსებელ ავზში ზეთის რაოდენობის ნორმამდე დამატების შემდეგ, საკონტროლო გარბენის შემდეგ ჩატარებული ტექნიკური შემოწმების შედეგად, სამუშაო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება ტანკის პოლიგონზე არგაყვანის და ზეთის პრაქტიკული შემოწმების შეწყვეტის შესახებ. სამუშაო ჯგუფმა მიზანშეწონილად მიიჩნია: სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე საწყობში შეტანილი ზეთი ჩათვლილიყო შეუსაბამოდ და არ გაცემულიყო ჯავშანსატანკო შეიარაღებისა და ტექნიკის არც ერთი სახეობის ექსპლუატაციისათვის, დანიშნულების მიხედვით;
3.7. მოპასუხის თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2020 წლის 17 აპრილის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ როგორც მიწოდებული ზეთის შემოწმების შედეგად გამოვლინდა, ზეთი აშკარად შეუსაბამო იყო ჯავშანსატანკო შეიარაღებისა და ტექნიკის ექსპლუატაციისთვის. წერილში ყურადღება იყო გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ ზეთის მიღებისას, ზეთი შემოწმებული იყო მოპასუხის ხარისხის კონტროლის თანამშრომლების მიერ და, ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის დასკვნაზე დაყრდნობით, მათ მიერ შედგენილი აქტის თანახმად, მოწოდებული პროდუქცია შესაბამისობაში იყო ხელშეკრულების პირობებთან. თუმცა საექსპერტო კვლევის ფარგლებში ზეთი შემოწმებული იყო მხოლოდ 11 პარამეტრზე. სრულყოფილი შემოწმების მიზნით 2020 წლის 27 მარტის წერილით მიმართეს ექსპერტიზის ბიუროს დარჩენილ 4 პარამეტრზე შემოწმების განხორციელების მიზნით. ექსპერტიზის ბიურომ, ტექნიკური ბაზის უქონლობის გამო, ზეთის შემოწმება დარჩენილ 4 პარამეტრზე ვერ უზრუნველყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელის მიერ №718 ხელშეკრულების საფუძველზე შეტანილი ზეთის გამოყენება მოპასუხის ჯავშანსატანკო ტექნიკაში დაუშვებელი იყო, ეთხოვა დროის უმოკლეს ვადაში ემოქმედა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო პირობების შესაბამისად და გაეტანა ზეთი. სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის №718-1. 27.04.2020 წ. აქტით პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, 2019 წლის 26 ნოემბრის №718 ხელშეკრულების 16.8. პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლო 13 924 ლარი (69 620 ლარი × 20 %). აქტი მოსარჩელეს გაეგზავნა იმავე დეპარტამენტის 2020 წლის 28 აპრილის წერილით. მოსარჩელეს დაკისრებული პირგასამტეხლო არ გადაუხდია;
3.8. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 13 ნოემბრის №4455 განკარგულებით მოსარჩელე 2019 წლის 14 ნოემბრიდან დარეგისტრირებულია „თეთრ სიაში“. ამ გარემოების გამო მას მოეთხოვა საბანკო გარანტიის წარდგენა მხოლოდ ხელშეკრულების ღირებულების 50 %-ის ოდენობით თანხაზე. 2020 წლის 28 აპრილის წერილით მოპასუხის სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს მიმწოდებლის „შავ სიაში“ რეგისტრაციის მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ მოპასუხესთან გაფორმებული 2019 წლის 26 ივნისის №718 ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის მიწოდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოიშვა მოსარჩელის „შავ სიაში“ რეგისტრაციის საფუძველი. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2020 წლის 5 მაისის წერილით მოსარჩელეს ეცნობა მოპასუხის აღნიშნული წერილის შესახებ და ეთხოვა წარედგინა განმარტება წერილობით შეტყობინებაში მითითებული გარემოებების შესახებ. ამავე დროს ეცნობა, რომ მიმწოდებლის „შავ სიაში“ დარეგისტრირება ან გაფრთხილება წარმოადგენდა მის „თეთრ სიაში“ რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს. გაფრთხილების პასუხად, მოსარჩელემ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერილობით დეტალურად განუმარტა ტენდერის თანახმად, №718 ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხისთვის საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული გარემოებები. ასევე აცნობა, რომ 418 ტენდერში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და ბოლო 3 წლის განმავლობაში შესრულებული ჰქონდა 20-ზე მეტი ხელშეკრულება, ამიტომ არ უნდა დარეგისტრირებულიყო შავ სიაში. მოსარჩელე არ ეთანხმებოდა არც გაფრთხილებას და წერილში დამატებით განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების თაობაზე.
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე დავის საგანია საბანკო გარანტიის თანხის დაბრუნება. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 879-ე მუხლი (საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე), 881-ე მუხლი (საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე), 885-ე მუხლი (საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. ბენეფიციარის მიერ გარანტორისათვის ფულადი თანხის გადახდის შესახებ მოთხოვნის წერილობითი ფორმით წარდგენა საჭირო არ არის, თუ ბენეფიციარსა და გარანტორს შორის არსებობს შეთანხმება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით ფულადი თანხის გადახდის შესახებ მოთხოვნის მიღების თაობაზე. ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა).
5. შეგებებულ სარჩელზე დავის საგანია ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრება. შესაბამისად შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია სსკ-ის 477-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილები (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება), 417-ე მუხლი (პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის), 418-ე მუხლი (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს), 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო).
6. სასამართლო კვლევის საგანია მიწოდებული საქონლის ხარისხი, რის საფუძველზეც უნდა დადგინდეს კომპანიის მიერ შესრულებული იქნა თუ არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება.
7. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მისაწოდებელი ზეთის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობა ტენდერის პირობებით შეთანხმებულ მახასიათებლებთან, სატენდერო კომისიის წევრების მიერ, დადგენილ იქნა პასპორტის, იგივე, საქონლის შესაბამისობის დოკუმენტის - იმავე დოკუმენტის, რომელსაც კომისია დაეყრდნო საქონლის მიღებისას, მიხედვით და ამის შემდეგ დასახელდა მოსარჩელე ტენდერში გამარჯვებულად.
8. როგორც საქმის მასალებით დგინდება სამინისტროს სპეციალისტებმა 2020 წლის 10 თებერვალს შეადგინეს აქტი №15, რომ მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2019 წლის 26 ნოემბრის №718 ხელშეკრულების საფუძველზე, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის საწყობში შეტანილ იქნა ზეთი „მტ-16პ“ (პარტია 1710), რაც შემოწმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 4 თებერვლის N17 ბრძანებით დამტკიცებული საწვავ-საპოხი მასალების შემოწმების სტანდარტული ოპერაციული პროცედურის მიხედვით: ვიზუალურად (ეტიკეტი); მიმწოდებლის მიერ მიწოდებული დოკუმენტაცია შედარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტექნიკურ მახასიათებლებთან; ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტექნიკური პირობებთან მიმწოდებლის მიერ წარდგენილ ხარისხის სერტიფიკატის შედარების მიზნით მოწვეული ექსპერტის მიერ აღებული იქნა სინჯები.
9. ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის №000469520 დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ ზეთი „მტ-16პ“ (პარტია 1710) აკმაყოფილებს სტანდარტის ”ГОСТ 6360-83 ...ГОСТ 6360-83 МACЛA MT- 16П И M-16ПС Texническиe ycловия“ მოთხოვნებს.
10. 2020 წლის 12 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მიმწოდებელმა მიაწოდა და მიმღებმა მიიღო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2019 წლის 26 ნოემბრის №718 ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონელი - ზეთი მტ-16პ, 10 000 კგ, ერთეულის ფასი 6.962 ლარი, ღირებულებით 69 620.00 ლარი. მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია, რომ დასახელებული ზეთი აღებულია შემოსავალში ექსპერტიზის (ლაბორატორიული დასკვნის) საფუძველზე.
11. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის დასკვნით მიწოდებული პროდუქცია, ნასყიდობის საგანი შესაბამისობაში იყო ხელშეკრულების პირობებთან. მყიდველი, აპელანტი მიუთითებდა, რომ საექსპერტო კვლევის ფარგლებში ნასყიდობის საგანი, ზეთი შემოწმებული იყო მხოლოდ 11 პარამეტრზე და სრულყოფილი შემოწმების მიზნით 2020 წლის 27 მარტის წერილით მიმართეს ექსპერტიზის ბიუროს დარჩენილ 4 პარამეტრზე შემოწმების განხორციელების მიზნით, ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ კი, ტექნიკური ბაზის უქონლობის გამო, ზეთის შემოწმება დარჩენილ 4 პარამეტრზე ვერ უზრუნველყო. ამგვარ ვითარებაში, როდესაც ნასყიდობის საგანი შემოწმებულია 11 პარამეტრზე და აკმაყოფილებს დადგენილ ხარისხს, ხოლო 4 პარამეტრზე შემოწმება და ექსპერტიზა ვერ ჩატარდა ტექნიკური ბაზის უქონლობის გამო, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია, რომ სწორედ ამ 4 პარამეტრით გათვალიწინებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა ზეთი და იგი უხარისხოდ უნდა ჩათვლილიყო.
12. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, წარმოადინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების (ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისა და ამის საფუძველზე მოპასუხე მხარის მიერ შესასრულებელი ვალდებულების წარმოშობის) დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, ხოლო მტკიცების ტვირთის შებრუნების პირობებში, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაქარწყლების თაობაზე მოპასუხის ვალდებულებაზე და აღნიშნა, რომ მოპასუხემ/აპელანტმა ვერ გაართვა თავი აღნიშნული ვალდებულების შესრულებას: კერძოდ, მოპასუხემ/აპელანტმა ვერ დაადასტურა იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას.
13. აღნიშნულის შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ვერ წარუდგინა პრეტენზია მიწოდებული საქონლის ნაკლთან დაკავშირებით, მით უფრო იმ პირობებში, როცა აპელანტმა მიწოდებული საქონელი მიიღო საკუთარი სპეციალისტების მიერ შემოწმების და ექსპერტიზის დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ.
14. სსკ-ის 879-ე მუხლით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი), სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით, კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას.
15. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც გადაიხდება როგორც კომპენსაცია ძირითადი კონტრაქტის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას. შესრულების გარანტიის (საბანკო გარანტიის ერთ-ერთი სახე) მთავარ მიზანს შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება წარმოადგენს. მსგავსი გარანტია დამკვეთის მხრიდან საკონტრაქტო ფასის შესაბამისი სრული მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას ემსახურება, რაც შეიძლება კონტრაქტის არასათანადო შესრულებით წარმოიშვას, ამდენად, საბანკო გარანტია არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას წარმოადგენს.
16. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მიმწოდებელი კომპანიის მხრიდან ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, შესაბამისად ჩათვალა, რომ საბანკო გარანტიის თანხის გამოთხოვა განხორციელდა უსაფუძვლოდ, რაც მოსარჩელის მოთხოვნას საბანკო გარანტიის თანხის ანაზღაურების თაობაზე სსკ-ის 976-ე მუხლის შესაბამისად საფუძვლიანს ხდის, ხოლო მოპასუხის/აპელანტის მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე კი საფუძველს აცლის.
17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
17.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შემსყიდველმა სამინისტრომ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თავდაპირველი სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით მოითხოვა, რომ მოპასუხისათვის მიწოდებული ზეთი წუნდებული იყო.
17.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინებით სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ მოპასუხის (შემსყიდველის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ის დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
19. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
21.საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
22. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი. ამავე კოდექსის 976–ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; სსკ-ის 991-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული. მოხმობილ ნორმათა ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე კონდიქციური მოთხოვნის საფუძვლიანობის შეფასებისას უნდა დადგინდეს: არსებობდა თუ არა შესრულების მიღების საფუძველი. სწორედ ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობის აღდგენაა კონდიქციის ამოსავალი დებულება. თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელებული ყოველგვარი ქონებრივი მიმოქცევა არ წარმოშობს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების შესაბამისად მოთხოვნის უფლებას. ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობის აღდგენის უფლების წარმოშობისათვის მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობის მონაწილეთა ქმედებების შეფასებაც ქონების მიმოქცევამდე (შეადრ. სუსგ-ას №ას-1217-1176-2016, 10.02.2017 წ.)
24. მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება პრინციპალის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების თაობაზე, აგრეთვე, გარანტორის მიერ საგარანტიო პირობების დაცულობით (ვადა, წარდგენის ფორმა, შესაგებლის გამოყენების შეუძლებლობა) საგარანტიო თანხის გადახდა და აღნიშნული თანხის რეგრესული წესით უკუმოთხოვნა (სსკ-ის 890-ე), ქმნის ვარგის სამართლებრივ საფუძველს ბენეფიციარის მხრიდან უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დასაბრუნებლად (385-ე, 976.1.„ა“, 991–ე მუხლები) (იხ. სუსგ №ას-1217-1176-2016, 10.02.2017 წ.)
25. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სააპელაციო სასამართლოსეულ შეფასებებს, ასევე, განმარტებებს საბანკო გარანტიის იურიდიულ ბუნებასთან მიმართებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს: საბანკო გარანტია, მართალია, უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მაგრამ მისი არააქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, იგი თვითონაა დამოუკიდებელი ვალდებულება (სსკ-ის 881-ე მუხლი). პრინციპალის ძირითადი ვალდებულების გაბათილება, შეწყვეტა ან სამართლებრივი ვითარების სხვაგვარი შეცვლა, თავისთავად არ გამოიწვევს საბანკო გარანტიის მოქმედების შეწყვეტას. ამიტომაც საბანკო გარანტიაში მკაფიოდ უნდა აისახოს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.
26.განსახილველ შემთხვევაში კასატორი სწორედ იმ გარემოებაზე უთითებს, რომ მან მიმწოდებლისგან ნაკლიანი შესრულება მიიღო, რის გამოც ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის საფუძველზე გარანტორისაგან საგარანტიო თანხის 50%-ის ანაზღაურება მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა კიდეც, ამ განჩინების 25-ე პუნქტში მითითებული სამართლებრივი მოწესრიგების შესაბამისად.
27. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას მიღებული საქონლის წუნდებულობასთან დაკავშირებით და სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის დასკვნით მიწოდებული პროდუქცია, ნასყიდობის საგანი შეესაბამებოდა ხელშეკრულების პირობებთან. მყიდველი, აპელანტი მიუთითებდა, რომ საექსპერტო კვლევის ფარგლებში ნასყიდობის საგანი - ზეთი შემოწმებული იყო მხოლოდ 11 პარამეტრზე და შემსყიდველმა, სრულყოფილი შემოწმების მიზნით, 2020 წლის 27 მარტს წერილობით მიმართა ექსპერტიზის ბიუროს დარჩენილ 4 პარამეტრზე შემოწმების მიზნით, ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ კი, ტექნიკური ბაზის უქონლობის გამო, ზეთის შემოწმება ამ 4 პარამეტრზე ვერ უზრუნველყო. ამგვარ ვითარებაში, როდესაც ნასყიდობის საგანი შემოწმებულია 11 პარამეტრზე და აკმაყოფილებს დადგენილ ხარისხს, ხოლო 4 პარამეტრზე შემოწმება და ექსპერტიზა ვერ ჩატარდა საექსპერტო ტექნიკური ბაზის უქონლობის გამო, არ ნიშნავს იმას, რომ ნასყიდობის საგანი უხარისხოა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
28. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთი საქმეში განმარტა, საკასაციო პრეტენზია, რომ საბანკო გარანტია დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებისგან, ამდენად, მის გამოთხოვას ყოველთვის გააჩნია საფუძველი და პრინციპალს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებზე დაყრდნობით ბენეფიციარისგან მიღებული საბანკო გარანტიის თანხის უკან დაბრუნების უფლებამოსილება არ გააჩნია, დაუსაბუთებელია (იხ. სუსგ ას-1317-2021, 02.03.2022წ.)
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება _ ხელშეკრულება, რომლის უზუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე (იხ. სუსგ №ას-562-871-09, 20.10.2009წ, რომელშიც განმარტებულია საბანკო გარანტიის, როგორც არააქცესორული ვალდებულების, შედეგი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ გარანტს არ შეუძლია ბენეფიციარს წარუდგინოს შესაგებელი, რომელიც ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული გარანტიით უზრუნველყოფილი ურთიერთობიდან გამომდინარეობს). საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. ასეთი მიდგომა ბენეფიციარის უფლების დასაცავად, ემსახურება საქონლის/მომსახურების სწრაფად მზარდ ბრუნვას, როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, როცა ყველა მხარე დაინტერესებულია ხელშეკრულებების სწრაფად შესრულებაში და მისი შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების გარემოება დადგება (იხ. სუსგ №ას-1038-999-2016, 01.02.2017წ).
30. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საბანკო გარანტიის გადახდევინებას ბენეფიციარის მხრიდან არ გააჩნდა წინაპირობა პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის სახით. ვინაიდან გარანტორს, ბენეფიციარის მოთხოვნის მიღების პირობებში, წარმოეშვა საგარანტიო თანხის ანაზღაურების ვალდებულება (სსკ-ის 887-ე მუხლის მეორე ნაწილი) და გარანტორმა საგარანტიო პირობების დაცვით (ვადა, წარდგენის ფორმა, შესაგებლის გამოყენების შეუძლებლობა) გადაიხადა საგარანტიო თანხა, ხოლო პრინციპალს წარმოეშვა რეგრესული ვალდებულება გარანტის მიმართ (სსკ-ის 890-ე მუხლი), ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც აღადგენს დარღვეულ ქონებრივ ბალანსს პრინციპალსა (მიმწოდებელი) და ბენეფიციარს (შემსყიდველი) შორის ძირითადი ვალდებულების დარღვევის გარეშე განაღდებული საბანკო გარანტიის სახით, შესრულების კონდიქციის ინსტიტუტია, სსკ-ის 385-ე, 976.1. „ა“, 991–ე მუხლების შესაბამისად (იხ. სუსგ №ას-1217-1176-2016, 10.02.2017წ).
31. საკასაციო სასამართლო, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, მოპასუხე სამინისტროს მიუთითებს, რომ ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.
32. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
(
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური