საქმე №ას-696-2023 21 ივლისი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ.თ–ძე (მ.წ–ძის სამკვიდროს მმართველი)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.მ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეში თ.თ–ძის ჩართვა
დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა, ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ.წ–ძის სარჩელი შპს „N“-ისა და ვ.მ–ძის წინააღმდეგ, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობისა და ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე, დაკმაყოფილდა; მოსარჩელე მ.წ–ძე ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ....... მდებარე N5 ბინის, ნიშნული + 8.80, ს.კ. ...... მესაკუთრედ და აღნიშნული უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მ.წ–ძის საკუთრებად, უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში. მ.წ–ძის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, ......., ბინა N5, ნიშნული + 8.80, ს.კ. ...... გათავისუფლდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2021 წლის 19 მარტის NA21030094 მიმართვის საფუძველზე რეგისტრირებული ყადაღისგან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 იანვრის განჩინებით ვ.მ–ძის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნეს განსახილველად, რომლითაც მან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და მ.წ–ძის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
3. 2023 წლის 17 მაისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე, მოწინააღმდეგე მხარე მ.წ–ძის წარმომადგენელმა, ქ.უ–მა განაცხადა, რომ მოწინააღმდეგე მხარე - მ.წ–ძე გარდაიცვალა. ამავე სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა სასამართლოს წარუდგინა მ.წ–ძის გარდაცვალების მოწმობა და 2023 წლის 16 მაისის სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობა, რომლის თანახმადაც გარდაცვლილი მ.წ–ძის შვილს -თ.თ–ძეს მიენიჭა სამკვიდროს მართვის უფლებამოსილება.
4. 2023 წლის 17 მაისის სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა ქ.უ–მა საქმეში გარდაცვლილი მ.წ–ძის შვილის თ.თ–ძის ჩართვა და საქმის წარმოების გაგრძელება მოითხოვა. აღნიშნულს არ დაეთანხმა აპელანტი მხარე, რომელმაც იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერება გარდაცვლილი პიროვნების უფლებამონაცვლის დადგენამდე.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინებით ვ.მ–ძის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული საქმის წარმოება, მოწინააღმდეგე მხარის - მ.წ–ძის უფლებამონაცვლის დადგენამდე, 2023 წლის 16 მაისის სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან 6 თვის ვადით, 2023 წლის 16 ნოემბრამდე, შეჩერდა.
6. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 372-ე, 92.1-ე, 279.ა, 281.ა მუხლებსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1328-ე, 1424-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე - მ.წ–ძე გარდაიცვალა 2023 წლის 5 მაისს. გარდაცვალების მოწმობასთან ერთად საქმეში წარმოდგენილია 2023 წლის 16 მაისის სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, შეჩერდეს საქმის წარმოება მოწინააღმდეგე მხარე - მ.წ–ძის უფლებამონაცვლის დადგენამდე, 2023 წლის 16 მაისის სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან 6 თვის ვადით, 2023 წლის 16 ნოემბრამდე.
7. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ.წ–ძის სამკვიდროს მმართველმა თ.თ–ძემ და საქმეში მ.წ–ძის უფლებამონაცვლედ ჩაბმა მოითხოვა.
8. კერძო საჩივრის ავტორმა სსკ-ის 1306-ე, 1307-ე, 1319-ე, 1328-ე, 1356-ე მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ მ.წ–ძეს გარდაცვლილი ჰყავს პირველი რიგის მემკვიდრე - მეუღლე, მ.თ–ძე და მას ჰყავს ორი შვილი - თ.თ–ძე და რ.თ–ძე, რომელმაც უარი განაცხადა სამკვიდროს მიღებაზე თ.თ–ძის სასარგებლოდ. შესაბამისად, მ.წ–ძის ერთადერთი პირველი რიგის მემკვიდრე თ.თ–ძეა.
9. სსკ-ის 1421-ე, 1424-ე, 1433-ე, 1495-ე, 1498-ე მუხლებზე მითითებით კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო ნოტარიუსის მიერ სამკვიდროს მმართველის დანიშვნის აუცილებლობა, ვინაიდან მ.წ–ძის მიმართ სასამართლოში შეტანილია სააპელაციო საჩივარი, ხოლო მის ქონებას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მესამე პირის სასარგებლოდ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში ყადაღა ადევს, რის გამოც ზემოაღნიშნული სანოტარო აქტის საფუძველზე ნოტარიუსის მიერ თ.თ–ძეს მიენიჭა სამკვიდროს მმართველის უფლებამოსილება ყველა იმ სამართლებრივ ურთიერთობაში, რომლის მონაწილეც მამკვიდრებელი იყო.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნაა, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინება და თ.თ–ძე ჩართულ იქნეს საქმეში მ.წ–ძის სამკვიდროს, მისი უფლებებისა და მოვალეობების მმართველად ან/და უფლებამონაცვლედ.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ივნისის განჩინებით თ.თ–ძის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო უფლება ან მოვალეობა შეიძლება ერთი პირიდან მეორეზე გადავიდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უფლება თუ მოვალეობა სასამართლოს განხილვის საგანია, წარმოიშობა საპროცესო უფლებამონაცვლეობის აუცილებლობა. საპროცესო უფლებამონაცვლეობას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სადავო მატერიალური ურთიერთობიდან გადის ერთ-ერთ მხარე. შესაბამისად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეებისა და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა.
14. სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
15. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საქმის განხილვისას, ისევე, როგორც მისი დასრულების შემდეგ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც დასაშვებია კანონით დადგენილ შემთხვევაში ერთ-ერთი მხარის შეცვლა სხვა პირით. მოდავე მხარის ნაცვლად მისი უფლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია ამა თუ იმ საფუძვლით მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, რა დროსაც მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს. ამგვარი საპროცესო უფლებამონაცვლეობა მჭიდროდაა დაკავშირებული მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებში შესაძლო უფლებამონაცვლეობასთან, კერძოდ, თუ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით, იგი დასაშვებია პროცესუალურადაც. ამდენად, საპროცესო უფლემონაცვლეობა შეუზღუდავი არ არის და ხორციელდება კანონით დადგენილ ფარგლებში.
16. მხარის გარდაცვალებისას დავაზე უფლებმონაცვლის ჩაბმის დროს გასათვალისწინებელია მთელი რიგი გარემოებები, კერძოდ: სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით საქმის წარმოების შეჩერების ვადაში გამოიკვეთა თუ არა სავარაუდო უფლებამონაცვლის ვინაობა, რა მოქმედებები განახორციელა სასამართლომ უფლებამონაცვლის დასადგენად, რაიმე ფორმით გამოავლინა თუ არა ნება თავად სავარაუდო უფლებამონაცვლემ დავაში მოსარჩელის ნაცვლად ჩაბმაზე, ხომ არ იკვეთება უფლებამონაცვლე მემკვიდრეთა სიმრავლე, ხომ არ არის სავარაუდო მემკვიდრეებს შორის დავა სამკვიდროს მიღებაზე და რა სახის გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ გარემოებამ სხვა დავაზე მემკვიდრეთა უფლებამონაცვლედ ჩაბმის პროცესუალურ საკითხზე.
17. სხვა პირის უფლებამონაცვლედ დავაში ჩაბმულ მხარეს იგივე საპროცესო უფლებები და მოვალეობანი აქვს, რაც - მის წინამორბედ პირს, რომლის მონაწილეობითაც მანამდე მიმდინარეობდა საქმისწარმოება. ამავდროულად, საქმისწარმოების პროცესში უფლებამონაცვლეობის დადგენამდე მხარედ ჩაბმული პირის მიერ განხორციელებული ყველა საპროცესო მოქმედება ძალაში რჩება უფლებამონაცვლის მიმართაც, ხოლო წინამორბედი მხარის მიერ შესრულებული მოქმედებები შესრულებულად ეთვლება უფლებამონაცვლესაც.
18. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ სამკვიდროს მმართველად დანიშნული პირი საქმეში უნდა ჩაბმულიყო მ.წ–ძის უფლებამონაცვლედ და საქმის წარმოება არ უნდა შეჩერებულიყო.
19. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიასთან დაკავშირებით აღნიშნავს, 2023 წლის 16 მაისის სანოტარო აქტში მითითებულია, რომ სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის თაობაზე მოწმობა არ არის სამკვიდრო მოწმობა, რომელიც გაიცემა მომავალში - მემკვიდრეობის გახსნიდან 6 თვის ვადის ამოწურვის შემდეგ შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში. სააპელაციო სასამართლომ სწორედ ამ ვადით შეაჩერა ვ.მ–ძის სააპელაციო საჩივრის განხილვა.
20. საკასაციო სასამართლო თ.თ–ძის კერძო საჩივარს უარყოფს არა იმ გარემოების გამო, რომ თ.თ–ძე არ შეიძლება იყოს თავდაპირველი მოპასუხის უფლებამონაცვლე, არამედ იმის გამო, რომ სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის ვადის ამოწურვის შემდეგ უნდა გაიცეს სამკვიდრო მოწმობა, ხოლო უფლებამოცვლეობა დადგინდება უშუალოდ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარე - მ.წ–ძე გარდაიცვალა 2023 წლის 5 მაისს, მემკვიდრეობა გაიხსნა, თუმცა, კანონით დადგენილი წესით სამკვიდრო მემკვიდრეს არ მიუღია, შესაბამისად, სსსკ-ის 1498-ე მუხლის საფუძველზე, თუ სამკვიდრო მართვას საჭიროებს, აგრეთვე, როდესაც მამკვიდრებლის კრედიტორების მიერ წარდგენილია სარჩელი, სანოტარო ორგანო ნიშნავს სამკვიდროს მმართველს. მმართველი არ დაინიშნება, როცა თუნდაც ერთ-ერთმა მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო, ან თუ დანიშნულია ანდერძის აღმსრულებელი. „სამკვიდროს მიღება ნიშნავს მემკვიდრედ მოწოდებული პირის ნების გამოხატვას სამემკვიდრეო-სამართლებრივ ურთიერთობებში შესვლის შესახებ. ამ მომენტიდან მემკვიდრე ითვლება სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ, მამკვიდრებლის ვალდებულებების კრედიტორად და მოვალედ. სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი ხდება“ (იხ. რომან შენგელია, ეკატერინე შენგელია- საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალი; თბილისი, 2015; გვ.409). სსკ-ის 1424-ე მუხლით განსაზღვრულია სამკვიდროს მიღების ვადა, რაც „პრეკლუზიურ ვადებს მიეკუთვნება, რომლის გასვლა წყვეტს სამკვიდროს მიღების თვით უფლებას, განსხვავებით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადისაგან, რომლის გასვლაც კონკრეტულ უფლებას კი არ წყვეტს, არამედ მისი იძულებითი დაცვის შესაძლებლობას სპობს (იხ. რომან შენგელია, ეკატერინე შენგელია- საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალი; თბილისი, 2015; გვ.411). კანონმდებელმა კონკრეტული ვადით შემოსაზღვრა მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს მიღება. აღსანიშნავია ისიც, რომ მემკვიდრეებს უფლება აქვთ მიიღონ ან არ მიიღონ სამკვიდრო. სამემკვიდრეო სამართალი ერთმანეთისაგან მიჯნავს სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმას, რაც შეუქცევადია (სსკ-ის 1446-ე მუხლი) და სამკვიდროს მიღებისაგან თავის არიდებას (იხ. სუსგ-ები: N ას- 650-616-2015, 26.07.2017წ; N ას- 1198-2019, 25.06.2021წ.).
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 17 მაისის განჩინება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისი გარემოებების გამოკვლევის შედეგად, ხოლო კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია იმგვარი შედავება, რაც აღნიშნული განჩინების გაუქმების საფუძველი იქნებოდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.თ–ძის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური