საქმე №ას-769-2023 21 ივლისი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს "პ–ი" (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მერია) სარჩელი შპს „პ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე ან კომპანია) წინააღმდეგ, თანხის დაკისრებისა და ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინებით მოსარჩელე მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მერიის საკუთრებაში ირიცხება ქ. ბათუმში, ...... მიმდებარედ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1590.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს/კ ........;
3.2. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ მოპასუხე კომპანიის სამეწარმეო საქმიანობაა სატვირთო მანქანების შეკეთება;
3.3. მოპასუხის საკუთრებაში ირიცხება ქ. ბათუმში, ....... მდებარე უძრავი ქონება, ფართობი 1831 კვ. მეტრი, ს/კ ........
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170.1-ე (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას), 172-ე (მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით), 982.1-ე (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი) მუხლებიდან გამომდინარეობს.
5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
6. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მერია სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და განმარტა, რომ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება მხარეებს აკისრიათ, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნას აღნიშნულ გარემოებებს აფუძნებენ. საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული, დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მითითებული გარემოებები.
8. მოსარჩელის განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე არ ფლობს სადავო უძრავ ქონებას, ვინაიდან ამ გარემოებას კატეგორიულად უარყოფს მოპასუხე, ხოლო მოსარჩელეს ამ გარემოების დასადასტურებლად რაიმე სახის სარწმუნო და სათანადო მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
9. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის მარტოოდენ ახსნა-განმარტების საფუძველზე დადგენილად ვერ მიიჩნია მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოება სადავო უძრავი ქონების ფლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ასეთი გარემოებები საქმეში წარმოდგენილი სხვა სარწმუნო მტკიცებულებით არ დასტურდება.
10. მოსარჩელემ მის მიერ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად წარადგინა მის მიერ 01.02.2022წ. ცალმხრივად შედგენილი დათვალიერების აქტი (იხ. ს.ფ. 16), სადაც მითითებულია, რომ ,,ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის მიერ ადგილზე გასვლით დათვალიერებული იქნა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1590,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს.კ. .......), რომელსაც კომპანია მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე იყენებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის, კერძოდ, სატვირთო მანქანების ტექნიკური მომსახურების მიზნით. აღნიშნული ტერიტორია გამოიყენებოდა პარკირებისათვის“. თუმცა, ცალმხრივად შედგენილი მტკიცებულება ცალსახად და უტყუარად არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშულებები მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ნამდვილად მოპასუხემ განათავსა.
11. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება და ყურადღება მიაქცია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებაზე (ორთო-ფოტო, ს.ფ. 57), სადაც ლურჯი ფერით მონიშნულია მოპასუხე კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით. ამავე ორთო-ფოტოზე მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მიმდებარედ მწვანე ფერით მონიშნულია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1590,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს.კ. ......). ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1590,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე შესვლა შესაძლებელია მხოლოდ მოპასუხე კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გავლით. მითითებული ფაქტობრივი გარემოება ადასტურებს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1590,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთით (ს.კ. .....) სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ პირს და მოპასუხის მხრიდან სხვისი ქონებით სარგებლობის ფაქტი დაუსაბუთებელია, რადგან სსსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით - საქმის გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
12. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, აპელანტის მიერ წარმოდგენილ 01/02/2022 წლის დათვალიერების აქტს თან ერთვის ფოტომასალაც, სადაც ჩანს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 1590,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ......) განთავსებულია სატვირთო სატრანსპორტო საშულებები. თუმცა, დადგენილი არ არის ამ ფოტოსურათებზე არსებული სატრანსპორტო საშულებების მესაკუთრის/მფლობელის ვინაობა, არ არიან გამოკითხული ამავე სატრანსპორტო საშუალების მძღოლები, თუ ვისი ნებართვით იყენებენ აღნიშნულ ტერიტორიას და რა მიზნით. არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია შსს სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან სატვირთო ავტომობილების მესაკუთრის შესახებ.
13. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა მფლობელობის სახით.
14. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტს (ამ შემთხვევაში მესაკუთრეს) მის ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტების (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი) გამოყენებით, ყოველთვის შეუძლია დააფიქსიროს და აღკვეთოს სახელმწიფო ქონებით უკანონო სარგებლობის ფაქტი და შექმნას უტყუარი მტკიცებულება, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს სარჩელის დაკმაყოფილებას.
15. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ შესაბამისი და უტყუარი მტკიცებულებებით ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთს მოპასუხე ფლობს და იყენებს, რაც გამორიცხავს უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
16.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა მისი გაუქმების და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
16.2. კასატორის განმარტებით, მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის მიერ განხორციელებული მონიტორინგის საფუძველზე დადგინდა, რომ მოპასუხე კომპანია მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებას სატვირთო მანქანების ტექნიკური მომსახურეობისა და პარკირებისათვის იყენებს. იმის გამო, რომ მოპასუხეს თვითნებურად აქვს მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება დაკავებული, მერიას ქონების სარგებლობისათვის ქირის მოთხოვნის უფლება აქვს.
16.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინებით მერიის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის (მერიის) საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
19. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით განმარტავს, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ №ას-709-2022, 30.09. 2022 წ.).
20. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა, აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ-ები: №ას-584-543-2017, 06.06.2017წ; №ას-484-2019, 30.10.2020წ.).
22. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ შეფასებას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობის ფაქტი (იხ. ამ განჩინების 8-14 პუნქტები), მოსარჩელეს წარმოდგენილი არა აქვს სათანადო მტკიცებულებები, რითაც უტყუარად დაადასტურებდა მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობის ფაქტს, რის გამოც მოსარჩელის სარჩელი მართებულად იქნა უარყოფილი.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები სავსებით სწორია, შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. კასატორმა ვერ გააქარწყლა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი მისი არსებითად განხილვის მიზნი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური