25 აგვისტო 2023 წელი
საქმე №ას-723-2023 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ შ.პ.ს. „კ–ა“
მოწინააღმდეგე მხარე _ მ.შ–ძე
მესამე პირი - ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ ბრძანების ბათილად ცნობა, დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.შ–ძემ სარჩელი წარადგინა ახალციხის რაიონულ სასამართლოში შ.პ.ს. „კ–ა“-ს მიმართ და მოითხოვა მ.შ–ძის სამსახურიდან გათვისუფლების შესახებ შ.პ.ს. „კ–ა“-ს დირექტორის 2021 წლის 17 მარტის #ბ32.12210761 ბრძანების ბათილად ცნობა, მ.შ–ძის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის (დარიცხული 1250 ლარი) ანაზღაურება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 07 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შ.პ.ს. „კ–ა“-ს დირექტორის 2021 წლის 17 მარტის #ბ32.12210761 ბრძანება, მ.შ–ძის სამსახურიდან გათვისუფლების შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი. ა(ა)იპ „ახალციხის სერვის ჯგუფი“-ს მ.შ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის 16 000 ლარის (ხელზე ასაღები) გადახდა. დარჩენილ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მ.შ–ძემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ხოლო შ.პ.ს. „კ–ა“-მ და ა(ა)იპ „ახალციხის სერვის ჯგუფი“-მ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. „კ–ა“-ს და ა(ა)იპ „ახალციხის სერვის ჯგუფი“-ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. მ.შ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 07 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტები და ამ ნაწილში ახალი გადაწყტვეტილება იქნა მიღებული. მ.შ–ძის სარჩელი სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღურების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ა(ა)იპ „ახალციხის სერვის ჯგუფი“-ს მ.შ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღურება 3000 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით. ა(ა)იპ „ახალციხის სერვის ჯგუფი“-ს მ.შ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიურად 1250 ლარის (დარიცხული) ოდენობით, 2021 წლის 17 მარტიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მ.შ–ძის სააპელაციო საჩივარი სამსახურში აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა. სხვა ნაწილში ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 07 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.პ.ს. „კ–ა“-ს წარმომადგენელმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინებით შ.პ.ს. „კ–ა“-ს საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაზუსტებული საკასაციო საჩივრის და საკასაციო მოთხოვნის ღირებულების შესაბამისი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
7. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელ ნ.გ–ძეს (იხ. მინდობილობა, ტ.4, ს.ფ. 84) გაეგზავნა და 2023 წლის 14 ივლისს ჩაბარდა მეუღლეს - მ.ხ–ძეს (იხ. ჩაბარების დასტური).
8. 2023 წლის 01 აგვისტოს (ფოსტით გამოგზავნის თარიღი 2023 წლის 28 ივლისი) საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა ნ.გ–ძემ და ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის გაგრძელება ითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინებით კასატორს მიეცა 10-დღიანი საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
11. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. კასატორის წარმომადგენელს თავდაპირველად განჩინება გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, თუმცა გზავნილი მას ვერ ჩაბარდა (საფოსტო უკუგზავნილის თანახმად, ფოსტის თანამშრომელი ადრესატს ვერ დაუკავშირდა). ხოლო მეორედ გზავნილი კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა სასამართლო მოხელესთან სატელეფონო საუბრისას მის მიერ ზეპირსიტყვიერად მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ოჯახის წევრს 2023 წლის 14 ივლისს.
12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
14. ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს იმის შესაძლებლობას, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში, გზავნილი ჩაბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, რაც ამავე დოკუმენტის თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება (ითვლება გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად) და სასამართლოს შეუძლია, განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება. მართალია, ნორმა ითვალისწინებს მხარის ოჯახის წევრის მიერ მიღებული დოკუმენტის მხარისათვის გადაცემის ვალდებულებას, თუმცა მის მიერ მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკი თავად მხარეს ეკისრება.
15. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება გზავნილის მხარისათვის 2023 წლის 14 ივლისს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2023 წლის 15 ივლისს და ამოიწურა 2023 წლის 24 ივლისს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. კასატორის წარმომადგენელმა სასამართლოს განცხადებით მომართა ხარვეზის შევსების ვადის ამოწურვის შემდგომ _ 2023 წლის 28 ივლისს.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
17. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ კასატორს ჩაბარდა განჩინება საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ და მან სასამართლოს მომართა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, რაც განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „კ–ა“-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი