Facebook Twitter

25 აგვისტო 2023 წელი

საქმე №ას-883-2023 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ი.კ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ს. ,,ბ–ი"

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ს.ს. "ბ–მა" სარჩელი აღძრა მოპასუხე ი.კ–ძის მიმართ შემდეგი მოთხოვნებით:

1.1. მოპასუხე ი.კ–ძეს ს.ს. „ბ–თან“ გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ს.ს. „ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 96 885,56 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 72556.39 ლარი, პროცენტი - 11550.05 ლარი, პირგასამტეხლო - 12779.12 ლარი.

1.2. მოპასუხე ი.კ–ძეს ს.ს. „ბ–თან“ გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ს.ს. „ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ძირითადი დავალიანების - 72556.39 ლარის წლიური 12%-ის გადახდა, პროცენტის ყოველთვიური დარიცხვის გაანგარიშებით 2022 წლის 18 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს "გონიო 4 მგზავრების" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმში, ........, ბინა N608 (ს/კ .......). იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი ბანკის მოთხოვნის დასაფარად, სარეალიზაციოდ მიექცეს მსესხებლის საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ/მოძრავი ქონება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, ს.ს. „ბ–ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ი.კ–ძეს ს.ს. „ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2021 წლის 18 იანვარს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის 72556.39 ლარის, პროცენტის - 11550.05 ლარის და პირგასამტეხლოს - 12779.12 ლარის გადახდა. მოსარჩელის მოთხოვნა ს.ს. „ბ–ის“ სასარგებლოდ ი.კ–ძისათვის 2022 წლის 18 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძირითადი დავალიანების - 72556.39 ლარის წლიური 12%-ის გადახდის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა "გონიო 4 მგზავრების" საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.ბათუმში, .........., ბინა №608 (ს/კ ........). ს.ს. „ბ–ს“ უარი ეთქვა მსესხებლის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.კ–ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განჩინებით ი.კ–ძის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ი.კ–ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა. ზემოაღნიშნული განჩინება გაეგზავნა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს - გ.გ–ძეს (იხ. მინდობილობა ტ.1, ს.ფ. 70-72) და 2023 წლის 28 ივლისს ჩაბარდა პირადად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო კერძო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო/კერძო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო/კერძო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო/კერძო საჩივარი არ უპასუხებს აქ (396-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი) ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო/კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო/კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო/კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო/კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

10. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს გ.გ–ძეს ჩაბარდა 2023 წლის 28 ივლისს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით (იხ. ჩაბარების დასტური).

11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

12. ვინაიდან, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება განჩინების მხარისათვის 2023 წლის 28 ივლისს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 7-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2023 წლის 29 ივლისს და ამოიწურა 2023 წლის 04 აგვისტოს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი.კ–ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განჩინებაზე განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე, 416-ე, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით.

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.კ–ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი