Facebook Twitter

25 აგვისტო 2023 წელი

საქმე №ას-979-2023 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ შ.პ.ს. „ს.კ.რ. ?“

მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ს.წ–ი“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შ.პ.ს. „ს.წ–მა“ სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში შ.პ.ს. „ს.კ.რ. ?“-ის მიმართ შემდეგი მოთხოვნებით:

1.1. შ.პ.ს. „ს.კ.რ. ?“-ს დაეკისროს დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონების (3 ცალი წყლის დისპენსერი - DIXY BYZ110 (NIBS077), MIDEA (N6016), MIDEA (N6172) , 824 სახელურიანი პოლიკარბონატის ბოცა ((სპეც/კოდი ....) და 9 ცალი ჭიქის დამჭერი ) შ.პ.ს. „ს.წ–ი“-სთვის დაბრუნება.

1.2. შ.პ.ს. „ს.კ.რ. ?“-ის შ.პ.ს. „ს.წ–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 1883,05 ლარის გადახდა.

1.3. შ.პ.ს. „ს.კ.რ. ?“-ის შ.პ.ს. „ს.წ–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შ.პ.ს. „ს.კ.რ. ?“-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა შ.პ.ს. „ს.წ–ი“-ს კუთვნილი 138 ცალი პოლიკარბონატის ბოცა (სპეც/კოდი SABIC PK 2870), ასევე ერთი ცალი ჭიქის დამჭერი. მოსარჩელე შ.პ.ს. „ს.წ–ი“-ს უარი ეთქვა მოპასუხე შპს „ს.კ.რ. ?“-სათვის 1883,05 ლარის დაკისრებაზე. მოპასუხე შ.პ.ს. „ს.კ.რ. ?“-ის შ.პ.ს. „ს.წ–ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 500 (ხუთასი) ლარის გადახდა.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. შ.პ.ს. „ს.კ.რ. ?“-მა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, ხოლო შ.პ.ს. „ს.წ–მა“ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. „ს.კ.რ. ?“-ისა და შ.პ.ს. „ს.წ–ი“-ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება.

5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.პ.ს. „ს.კ.რ. ?“-მა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის განჩინებით შ.პ.ს. „ს.კ.რ. ?“-ის წარმომადგენლის ს.ნ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

7. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს - ს.ნ–ძეს (იხ. მინდობილობა ტ.2, ს.ფ. 61) გაეგზავნა და 2023 წლის 28 ივლისს ჩაბარდა კანცელარიის თანამშრომელს _ ნ.ტ–ძეს (იხ. ჩაბარების დასტური).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის განჩინებით კასატორს მიეცა 10-დღიანი საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა და 2023 წლის 28 ივლისს ჩაბარდა კანცელარიის თანამშრომელს _ ნ.ტ–ძეს (იხ. ჩაბარების დასტური). ამდენად, საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორისათვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს 2023 წლის 28 ივლისს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2023 წლის 29 ივლისს და ამოიწურა 2023 წლის 07 აგვისტოს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. „ს.კ.რ. ?“-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი