Facebook Twitter

01 სექტემბერი 2023 წელი

საქმე№ ა-4484-შ-121-2023 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)

ლაშა ქოჩიაშვილი (მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ.ჩ.

მოწინააღმდეგე მხარე – ტ.ა. ჩ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ა.შ.შ.-ის ნიუ იორკის შტატის ჩენანგოს ოლქის უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება (საქმე № 2021-00005571)

დავის საგანი – განქორწინება, მეურვედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა.შ.შ.-ის ნიუ იორკის შტატის ჩენანგოს ოლქის უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე № 2021-00005571) ქორწინება, რომელიც არსებობდა მოსარჩელე მ.ჩ–სა და მოპასუხე ტ. ა. ჩ–ს შორის გაუქმდა. ამავე გადაწყვეტილებით მხარეთა ქორწინებაში შეძენილი ბავშვი (რ.ჩ.) შვილად იქნა აყვანილი მოსარჩელე მ.ჩ–ის მიერ და მოპასუხე ტ. ა. ჩ–მა უარი თქვა ბავშვზე ნებისმიერი სახის მეურვეობაზე (მეურვეობის სარჩელის აღძვრაზე), ხოლო მოსარჩელემ უარი თქვა მოპასუხისაგან ბავშვის სამომავლო მატერიალურ უზრუნველყოფაზე (რჩენაზე).

2. 2023 წლის 30 აგვისტოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ.ჩ–მა და მოითხოვა ა.შ.შ.-ის ნიუ იორკის შტატის ჩენანგოს ოლქის უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების (საქმე № 2021-00005571), განქორწინებისა და მეურვეობაზე უარის თქმის ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. ა.შ.შ.-ის ნიუ იორკის შტატის ჩენანგოს ოლქის უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების (საქმე № 2021-00005571) შესწავლით დგინდება, რომ მოპასუხე ტ. ა. ჩ. პირადად წარსდგა 2021 წლის 22 ოქტომბერს სასამართლოში განქორწინების სარჩელით გამოძახების საფუძველზე და მან უარი თქვა საპასუხო მოთხოვნასა და შესაგებლის წარდგენაზე, როგორც ეს მითითებული იყო მორიგებისა და შეთანხმების ხელშეკრულებაში, რომელიც ჩანაწერის სახით დარეგისტრირდა ღია სასამართლო სხდომაზე 2023 წლის 03 თებერვალს და მხარეებმა გააფორმეს ურთიერთშეთანხმება მორიგებისა და შეთანხმების ხელშეკრულების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულით იხელმძღვანელა სასამართლომ მოცემული გადაწყვეტილების მიღებისას. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 04 აპრილს.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 აგვისტოს განჩინებით მ.ჩ–ის შუამდგომლობა, ა.შ.შ.-ის ნიუ იორკის შტატის ჩენანგოს ოლქის უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების (საქმე № 2021-00005571), განქორწინებისა და მეურვეობაზე უარის თქმის ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, მასზე თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა ა.შ.შ.-ის ნიუ იორკის შტატის ჩენანგოს ოლქის უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების (საქმე № 2021-00005571), მეურვეობაზე უარის თქმის და განქორწინების ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მიხედვით, მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

7. სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს ,,revizion au fond"-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

9. სასამართლოს მიაჩნია, რომ ა.შ.შ.-ის ნიუ იორკის შტატის ჩენანგოს ოლქის უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების (საქმე № 2021-00005571) მეურვეობაზე უარის თქმის და განქორწინების ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.

10. "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის, 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ჩ–ის შუამდგომლობა, ა.შ.შ.-ის ნიუ იორკის შტატის ჩენანგოს ოლქის უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების (საქმე № 2021-00005571), მეურვეობაზე უარის თქმის და განქორწინების ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ა.შ.შ.-ის ნიუ იორკის შტატის ჩენანგოს ოლქის უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება (საქმე № 2021-00005571), განქორწინებისა და მეურვეობაზე უარის თქმის ნაწილში, რომლითაც: ქორწინება, რომელიც არსებობდა მოსარჩელე მ.ჩ–სა და მოპასუხე ტ. ა. ჩ–ს შორის გაუქმდა. ამასთან, მხარეთა ქორწინებაში შეძენილი ბავშვი (რ. ჩ.) შვილად იქნა აყვანილი მოსარჩელე მ.ჩ–ის მიერ და მოპასუხე ტ. ა. ჩ–მა უარი თქვა ბავშვზე ნებისმიერი სახის მეურვეობაზე (მეურვეობის სარჩელის აღძვრაზე), ხოლო მოსარჩელემ უარი თქვა მოპასუხისაგან ბავშვის სამომავლო მატერიალურ უზრუნველყოფაზე (რჩენაზე).

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე