ას-1276-2022
06 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.ბ–მა (შემდეგში - მოსარჩელე, დასაქმებული) სარჩელი აღძრა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის“ (შემდეგში - მოპასუხე, დამსაქმებელი) მიმართ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით (დაზუსტებული სარჩელი ტომი 2, ს.ფ. 98-112).
1.1. მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.ბ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის“ მოსამსახურეთა კონკურსის შედეგები სასადილოს სამსახურის უფროსის პოზიციაზე. ბათილად იქნა ცნობილი ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის“ დირექტორის 2020 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება მ.ბ–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელე აღდგენილ იქნა ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის“ სასადილოს სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე. ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ყოველთვიურად დარიცხული 1000 ლარის ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან - 2020 წლის 20 თებერვლიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრმა“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებზე:
5.1. მ.ბ–ი 2016 წლის 13 მაისიდან განუსაზღვრელი ვადით დაინიშნა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის „მზრუნველობას მოკლებულთა სასადილოს“ დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, ხოლო, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 16 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელეს დაევალა ამავე ორგანიზაციის დირექტორის მოვალეობის დროებითი შესრულება.
5.2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 2 აგვისტოს N1224 ბრძანებით დაიწყო ააიპ „მზრუნველობას მოკლებულთა სასადილოსა“ და ააიპ „სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ რეორგანიზაცია (შერწყმა) მიერთებით, რაზეც 2019 წლის 26 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ გასცა თანხმობა. ცენტრის დირექტორად 2019 წლის 25 ოქტომბრიდან დაინიშნა ვ.კ–ძე. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 29 ოქტომბრის N1582 ბრძანებით ააიპ „მზრუნველობას მოკლებულთა სასადილოსა“ და ააიპ „სკოლამდელი აღზრდის ცენტრის" რეორგანიზაციით (შერწყმით) დაფუძნდა ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრი“ და დამტკიცდა მისი წესდება, რომელიც რეესტრში რეგისტრირებულ იქნა 2019 წლის 31 ოქტომბერს.
5.3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 4 ნოემბრის ბრძანებით მ.ბ–ი იმავე წლის 1 ნოემბრიდან გათავისუფლდა ააიპ „მზრუნველობას მოკლებულთა სასადილოს“ დირექტორის მოვალეობის შესრულებისაგან. ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის“ დირექტორის 2019 წლის 5 ნოემბრის N303 ბრძანებით მ.ბ–ი დაინიშნა სასადილოს სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად (კონკურის შედეგების გამოცხადებამდე), ხოლო მისი სახელფასო სარგო განისაზღვრა 1000 ლარით.
5.4. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 19 ნოემბრის N263 ბრძანების საფუძველზე, ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრში“ კონკურსის ორგანიზება-ჩატარების მიზნით, კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა ლ.ქ–ნი. ამ უკანასკნელის მიერ დამტკიცდა საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, რომელიც შეიცვალა 2019 წლის 10 დეკემბერს თავმჯდომარის ნაწილში. სწორედ აღნიშნულმა კომისიამ თავისივე ბრძანებების საფუძველზე გამოაცხადა კონკურსის ორი ეტაპი, გამსვლელი ქულების ოდენობა, გასაუბრების ინდივიდუალური საბოლოო შეფასების ფორმები და დანიშნა გასაუბრების მეორე ეტაპის თარიღი 2019 წლის 23 დეკემბერს.
5.5. საბოლოო შეფასების ფორმების მიხედვით სასადილოს უფროსისა და მოადგილის ვაკანსიებზე მ.ბ–მა მიიღო 11-11 ქულა. მოხელეთა შესარჩევი კონკურსის შედეგები მოსარჩელეს ეცნობა 2020 წლის 29 იანვარს მობილურ ტელეფონზე, კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებით. ხოლო, 2020 წლის 20 თებერვალს ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის“ დირექტორის მიერ გაიცა ცნობა, რომლის თანახმად, მოსარჩელე ავტომატურად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან კონკურსის შედეგებიდან გამომდინარე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.6. პალატა დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდებოდა მხოლოდ შეფასების ფორმების დამტკიცების ფაქტი, რომლებიც არაინფორმატიული იყო და უბრალოდ ქულების ჩაწერის საშუალებას იძლეოდა. სასამართლოში არ იქნა წარმოდგენილი არავითარი მტკიცებულება, თუ რა წესით და პირობებში ჩატარდა კონკურსი, რა კრიტერიუმები უნდა ყოფილიყო დაკმაყოფილებული ან რა მოეთხოვებოდა კანდიდატს. გარდა ამისა, აღნიშნული კონკურსი რომ არაორგანიზებულ და გაუმჭვირვალე ხასიათს ატარებდა, მიანიშნებდა საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის ბერდია ხვისტანის წერილი მ.ბ–ისადმი, რომ ორივე პოზიციისათვის (სასადილოს უფროსი, მისი მოადგილე) საჭირო იყო უმაღლესი განათლება, ბაკალავრი, ვინაიდან ამ ლოგიკით მ.ბ–ს, რომელსაც ამგვარი განათლება არ ჰქონდა, არ უნდა გადაელახა კონკურის პირველი ეტაპი და მისი გასაუბრებაზე გასვლა თავიდანვე განწირული იყო. ასევე, მოსარჩელე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ შეაწყვეტინეს გასაუბრების ვიდეოგადაღება და არც თავად უწარმოებიათ ოქმი.
5.7. პალატამ მიიჩნია, რომ გასაუბრების შედეგად კანდიდატის შეფასება იყო სუბიექტური, რადგან ის ეფუძნებოდა მხოლოდ შემფასებლის მოსაზრებას და შეხედულებას. კონკრეტული წესებისა და ინსტრუქციების არარსებობის პირობებში ჩნდებოდა ეჭვი იმის თაობაზე, რომ კონკურსი ჩატარდა შემფასებელთა სუბიექტური შეხედულებების გათვალისწინებით, მათ შორის, უსაფუძვლო უპირატესობის მინიჭების გზით. ამასთანავე შეფასების თაობაზე კონკრეტული ჩანაწერების არარსებობა და დასაბუთების ტოტალური გამორიცხვა, დაინტერესებული მხარისთვის გაუგებარს ხდიდა მიღებული გადაწყვეტილების რეალურ მოტივებს.
5.8. პალატამ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის“ მოსამსახურეთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის სასადილოს სამსახურის უფროსის ნაწილში კონკურსის შედეგებისა და ამ კონკურსის შედეგად მიღებული საბოლოო შეფასების ოქმის (სასადილოს სამსახურის უფროსის პოზიციაზე) ბათილად ცნობის თაობაზე. ამასთან მიუთითა, რომ ამ ნაწილში მოპასუხეს წარმოადგენდა თეთრიწყაროს მუნიუციპალიტეტის მერია, რომელსაც სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ თუნდაც იმის გამო, რომ არცერთმა მოპასუხემ პასუხისმგებლობა არ აიღო ჩატარებულ კონკურსზე და ისინი ერთმანეთს აბრალებდნენ მის ორგანიზებას, ამ კონკურსის შედეგების მიმართ ნდობა იყო დაუშვებელი, თუმცა, მიუხედავად კონკურსის შედეგებისა, საბოლოო ჯამში, ცენტრის დირექტორის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენდა მოსარჩელის დანიშვნა/გათავისუფლება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრმა“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლება უკანონოდ, ვინაიდან, აღნიშნული პროცედურა განხორციელდა კანონმდებლობისა და მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა სრული დაცვით. განხორციელებული პროცედურის და მისი შედეგების თაობაზე ინფორმირებული იყო მოსარჩელე და იგი ვერ ადასტურებს სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნის ფაქტს.
6.2. მოსარჩელე თანამდებობაზე დანიშნული იყო კონკრეტული ვადით და პირობით, კერძოდ, კონკურსის შედეგების გამოცხადებამდე, რაც მოსარჩელისთვისაც ცნობილი იყო და ის არ უარყოფს ამ ფაქტს. მისი თანამდებობიდან გათავისუფლებაც მოხდა სწორედ აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ და იმ პირობის გათვალისწინებით, რომ სხვა პირმა კონკურსის შედეგად აჩვენა უფრო უკეთესი შედეგი.
6.3. კასატორის პრეტენზია შეეხება სასამართლოს მიერ მოქალაქეთა შრომით უფლებებზე ყურადღების გამახვილებას. კასატორი მიიჩნევს, რომ ორგანიზაციის ნორმალური საქმიანობისა და ფუნქციონირებისათვის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია თანამდებობებზე კომპეტენტური და შესაბამისი განათლების მქონე პირთა დანიშვნა, რომლის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს კონკურსები და გასაუბრებები, სადაც ხდება თითოეული მონაწილის კომპეტენციის, განათლების, უნარ-ჩვევების შეფასება, შედარება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. სასამართლომ უგულებელყო აღნიშნული გარემოებები და მხოლოდ დასაქმებულის შრომით უფლებებზე ყურადღების გამახვილებით მიიღო გადაწყვეტილება.
6.4. კასატორი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას მოსარჩელის მიერ დასაკავებელი თანამდებობის ვაკანტურობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ნ. ჭ–ძესთან გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ მასთან გაგრძელდა შრომითი ხელშეკრულება.
6.5. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მსჯელობა კომპენსაციის თაობაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან, გათავისუფლების თანმდევ შედეგებზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს დამსაქმებლის მიერ მიღებული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლის არსებობისას. განსახილველ შემთხვევაში კი, დამსაქმებელს მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არ დაურღვევია კანონმდებლობის მოთხოვნები.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 დეკემბრის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. საკასაციო საჩივრით სადავოა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილობის საფუძვლის არსებობა, ვაკანტურ თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძვლიანობა.
13. საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.
14. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
15. შრომითი ურთიერთობა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ნაირსახეობაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია დაქვემდებარებული ურთიერთმიმართება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. აქ დასაქმებული დამსაქმებელთან შედარებით სუსტ მხარეს წარმოადგენს, რომელიც საჭიროებს დაცვას მისი ძალაუფლებისგან. შრომის სამართალი, როგორც სამართლის დამოუკიდებელი დარგი, ისტორიულად დასაქმებულთა დაცვის მიზნით ჩამოყალიბდა. სწორედ ამიტომ შრომის სამართალი აწესებს დაცვის მინიმალურ სტანდარტებს, რომლის მოდიფიცირება შეიძლება მხოლოდ ერთი მიმართულებით, დასაქმებულის სასარგებლოდ.
16. პალატა განმარტავს, რომ სადავო პერიოდში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებული იყო „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-38 მუხლებით (დღეს მოქმედი რედაქციის 47-48 მუხლები), რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცედურულ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულატიური ერთობლიობით შესაძლოა განიმარტოს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულებაა, სათანადო საფუძვლის გარეშე არ შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა (სუსგ №ას-1776-2019, 10.04.2020წ.; №ას-1189-2020, 04.02.2021წ.).
17. შრომით ურთიერთობებში უფლებათა რეალიზაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან შესაძლებელია, სამართალურთიერთობა შეწყდეს როგორც ლეგიტიმურ, ისე არალეგიტიმულ საფუძველზე. შრომითი ურთიერთობის სწორი რეგულაცია წარმოადგენს შრომის უფლების დაცვის გარანტს. შესაბამისად, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის უფლებათა წონასწორობას ემსახურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონისმიერი საფუძვლის არსებობა. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონისმიერ რეგულირებას აქვს შემაკავებელი ეფექტი, რომელიც ამ ურთიერთობის მონაწილეებს იცავს თვითნებობისა და სოციალური უსამართლობისაგან.
18. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; №ას-539-539-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი). მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია (იხ. სუსგ: №ას-1304-2020, 11.06.2021; №ას-151-147-2016,1 9.04.2016). შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა საფუძვლის განმაპირობებელი გარემოებები, რომლებიც არ ყოფილა სადავო ბრძანებით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, ვერ გახდება სასამართლოს მსჯელობის საგანი.
19. განსახილველ შემთხვევაში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის“ დირექტორის მიერ 2020 წლის 20 თებერვლის ცნობით ირკვევა, რომ მოსარჩელე დანიშნული იყო სოციალური სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად განსაზღვრული ვადით (კონკურსის შედეგების გამოცხადებამდე). ვინაიდან, კონკურსის დასრულების შემდეგ აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა სხვა პიროვნება, მ.ბ–ი ავტომატურად გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან, რაიმე ნორმატიული დოკუმენტის გამოცემა კი არ იყო საჭირო. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშული ცნობა თავისი შინაარსით წარმოადგენს მოსარჩელესთან არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მიღებულ ბრძანებას და მასში მითითებული უნდა იყოს კონკრეტული სამართლებრივი საფუძველი, რამაც მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება განაპირობა.
20. სადავო პერიოდში მოქმედი „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუქტით (დღეს მოქმედი რედაქციის 47-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ პუნქტი), დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სხვა საფუძვლით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლისა. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მ.ბ–ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი, მითითებული არ არის, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს რამდენად მიესადაგებოდა სადავო ბრძანება „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) განსაზღვრულ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგიტიმურ საფუძვლებს. შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ სამართლებრივი საფუძვლის მიუთითებლობა სრულიად საკმარისი იყო გათავისუფლების შესახებ ბრძანების არამართლზომიერად მიჩნევისათვის.
21. რაც შეეხება მოპასუხის აპელირებას, ჩატარებული კონკურსის შედეგების საფუძველზე მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა საფუძვლის განმაპირობებელი გარემოებები, რომლებიც არ ყოფილა სადავო ბრძანებით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, ვერ გახდება სასამართლოს მსჯელობის საგანი. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, აღნიშნოს, რომ მართალია, მოპასუხე მითითებულ მსჯელობასთან მიმართებითაც არ მიუთითებს კონკრეტულ სამართლებრივ საფუძველს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, თუმცა საკასაციო პალატა მიუთითებს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომელიც ითვალისწინებს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას ეკონომიკური გარემოებების, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებების გამო, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.
22. კონკურსის შედეგების მიხედვით მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შემთხვევაშიც, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, უნდა შეფასდეს მოპასუხე დაწესებულებაში ჩატარებული რეორგანიზაციისა და მისი შედეგების მოსარჩელისადმი მართლზომიერების საკითხები. ვინაიდან რეორგანიზაცია დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (სუსგ №ას-115-111-2016, 8.04.2016წ.).
23. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულთა სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს საწარმოში განხორციელებული არა ყოველგვარი, არამედ ისეთი რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება ან ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობებისათვის დაწესებული ისეთი ფუნქციები, რომლებიც არსებითად განსხვავდება რეორგანიზაციამდე არსებული შესაბამისი თანამდებობებისათვის დაწესებული ფუნქციებისგან“ (სუსგ. №ას-665-636-2016, 9.12.2016)“.
24. ჩატარებული რეორგანიზაციის კანონშესაბამისობასთან მიმართებით, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდებოდა მხოლოდ შეფასების ფორმების დამტკიცების ფაქტი, რომლებიც არაინფორმატიული იყო და უბრალოდ ქულების ჩაწერის საშუალებას იძლეოდა. სასამართლოში არ იქნა წარმოდგენილი არავითარი მტკიცებულება, თუ რა წესით და პირობებში ჩატარდა კონკურსი, რა კრიტერიუმები უნდა ყოფილიყო დაკმაყოფილებული ან რა მოეთხოვებოდა კანდიდატს. კონკრეტული წესებისა და ინსტრუქციების არარსებობის პირობებში ჩნდებოდა ეჭვი იმის თაობაზე, რომ კონკურსი ჩატარდა შემფასებელთა სუბიექტური შეხედულებების გათვალისწინებით, მათ შორის, უსაფუძვლო უპირატესობის მინიჭების გზით. ამასთანავე შეფასების თაობაზე კონკრეტული ჩანაწერების არარსებობა და დასაბუთების ტოტალური გამორიცხვა, დაინტერესებული მხარისთვის გაუგებარს ხდიდა მიღებული გადაწყვეტილების რეალურ მოტივებს.
25. შრომით დავებში მტკიცების ტვირთის გადანაწილების თავისებურებიდან გამომდინარე, დამსაქმებელი, რომელიც რეორგანიზაციის მართლზომიერებაზე მიუთითებს, სწორედ თავადაა ვალდებული, რეორგანიზაციისა და მისი შედეგების მოსარჩელის მიმართ მართლზომიერების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარადგინოს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც გამორიცხავს რეორგანიზაციის მოტივით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერების შესახებ მოპასუხის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას და სშკ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მითითების შემთხვევაშიც, სახეზე იყო მისი ბათილობის საფუძველი.
26. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ მოსარჩელის მიერ დასაკავებელი თანამდებობა არ არის ვაკანტური, პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან მოპასუხის მიერ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა და ასეთ მტკიცებულების არსებობაზე მითითებას საკასაციო საჩივარიც არ შეიცავს.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოდ და მართებულად დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ. კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის არ წარმოუდგენია, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
28. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
29. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
31. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 900 ლარის 70% – 630 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. ააიპ „თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრს“ (230869539) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 900 ლარის (საგადახდო დავალება N05245, გადახდის თარიღი 24.11.2022) 70% – 630 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე