Facebook Twitter

ას-403-2023

02 ივნისი, 2023 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორები – ქ.ძ–ი, ს.მ–ძე, დ.მ–ძე, ქ.ძ–ი, თ.ძ–ი, ა.ძ–ი, თ.ძ–ი და ი.თ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ო.ა-ს–ო“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2023 წლის 09 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა შპს „ო.ა-ს–ომ“ და მოითხოვა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში იმ ცვლილების განხორციელების აკრძალვა, რომელიც გულისხმობს შემდეგ კომპანიებში - შპს „გ.ს–ში“ (ს/ნ ....), შპს „მ–ში“ (ს/ნ ......), შპს „მ–ში“ (ს/კ .......), შპს „მ–ში“ (ს/ნ .......), შპს „მ–ში“ (ს/ნ ......), შპს „ი–ში“ (ს/ნ .....), შპს „მ–ში“ (ს/ნ .....), შპს „ი–ში“ (ს/ნ .....) წილის მმართველად შპს „ო.ა-ს–ოს“ (ს/ნ ......) რეგისტრირებული მონაცემის გაუქმებას.

1.1.განმცხადებლის განმარტებით, მოპასუხე ქ.ძ–მა და ე.ლ–იმ თეთრიწყაროს რაიონში, სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით სამეწარმეო საქმიანობის წარმოება დაიწყეს. აღნიშნული მიწის ნაკვეთები წარმოადგენდა ქ.ძ–ის მიერ ერთპიროვნულად დაფუძნებული შპს „გ.ს–ის“ (ს/კ ......) საკუთრებას. ქ.ძ–თან შეთანხმებით, ე.ლ–იმ იკისრა ინვესტიციების განხორციელება იმ პირობით, რომ თვითონ უხელმძღვანელებდა ამ მნიშვნელოვან და მსხვილ სასოფლო-სამეურნეო ბიზნეს პროექტს. შეთანხმებულ ბიზნეს პროექტში მონაწილეობის და მართვის მიზნით, ე.ლ–მა ერთპიროვნულად დააფუძნა შპს „ლ–კა“ (ს/კ ......), რომელსაც მოგვიანებით შეეცვალა სახელი და დაერქვა შპს „ო.ა-ს–ო“. თავის მხრივ, ქ.ძ–მაც, ოჯახის წევრებისა და ნათესავების მეშვეობით დააფუძნა კიდევ 7 კომპანია, რათა აღნიშნული კომპანიების მეშვეობით ემოქმედა ე.ლ–თან შეთანხმებულ ბიზნეს პროექტში და ასეთი ოპერირების სქემით მიეღო მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში. ქ.ძ–ის გადაწყვეტილებით, თითოეულ ახალ კომპანიას გადაეცა შპს „გ.ს–ის“ მიწის მასივებიდან გარკვეული მიწის ნაკვეთები.

1.2.2017 წლის 06 მარტს, ქ.ძ–თან გაფორმებული ხელშეკრულებით, შპს „ლ–კას“ გადაეცა შპს „გ.ს–ის“ (ს/ნ .......) 100%-იანი წილის მართვის უფლება; ა.ძ–თან გაფორმებული ხელშეკრულებით, შპს „ლ–კას“ მიენიჭა შპს „მ–ში“ (ს/ნ .......) 100%-იანი წილის მართვის უფლებამოსილება; თ.ძ–თან გაფორმებული ხელშეკრულებით, შპს „ლ–კას“ მიენიჭა შპს „მ–ში“ (ს/ნ ......) 100%-იანი წილის მართვის უფლებამოსილება; ქ.ძ–თან გაფორმებული ხელშეკრულებით, შპს „ლ–კას“ მიენიჭა შპს „ი–ში“ (ს/ნ ......) 100%-იანი წილის მართვის უფლებამოსილება; დ.მ–ძესთან გაფორმებული ხელშეკრულებით, შპს „ლ–კას“ მიენიჭა შპს „მ–ში“ (ს/ნ ......) 100%-იანი წილის მართვის უფლებამოსილება; ს.მ–ძესთან გაფორმებული ხელშეკრულებით, შპს „ლ–კას“ მიენიჭა შპს „მ–ში“ (ს/ნ .......) 100%-იანი წილის მართვის უფლებამოსილება. შპს „ი–ის“ (ს/ნ .....) და შპს „მ–ის“ (ს/ნ ......) კორპორატიული უფლებების მართვასთან დაკავშირებით ხელშეკრულებები კი, 2017 წლის 27 მარტს დაიდო.

1.3.ყველა ხელშეკრულების შემთხვევაში, მხარეებმა გაითვალისწინეს ერთნაირი შინაარსის 5.2 პუნქტი. დასახელებული პუნქტის თანახმად, მხარეებმა ხელშეკრულების ამოქმედება დაუკავშირეს მინდობილი მართვის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რესსტრში რეგისტრაციის ფაქტს. შპს „გ.ს–ში“ (ს/ნ ......), შპს „მ–ში“ (ს/ნ .....), შპს „მ–ში“ (ს/ნ ........) და შპს „მ–ში“ (ს/ნ ........) პარტნიორთა კორპორაციული უფლებების მართვის უფლებემოსილება შპს „ლ–კას“ დაურეგისტრირდა და შესაბამისად, ამ კომპანიებთან დაკავშირებული ხელშეკრულებები ამოქმედდა 2017 წლის 7 მარტიდან; შპს „ი–ში“ (ს/ნ........) წილის მინდობით მართვა მარეგისტრირებელმა ორგანომ დაარეგისტრირა 2017 წლის 21 მარტს, შპს „მ–ის“ (ს/ნ........) შემთხვევაში - 2017 წლის 23 მარტს, ხოლო, შპს „მ–ის“ (ს/ნ........) და შპს „ი–ის“ (ს/ნ........) შემთხვევებში - 2017 წლის 28 მარტს.

1.4.ყველა ხელშეკრულებაში, მხარეებმა გაითვალისწინეს ერთნაირი შინაარსის 5.1. პუნქტი, რომელიც ეხება ხელშეკრულების მოქმედების ვადას და მისი გაგრძელების შესაძლებლობის განმსაზღვრელ პირობებს. კერძოდ, ყველა სამართავ კომპანიასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მოქმედების ვადა, გარდა შპს „ი–თან“ (ს/ნ........) და შპს „მ–სთან“ (ს/ნ........) დაკავშირებული მინდობილი მართვის ხელშეკრულებებისა, განისაზღვრა 2021 წლის 31 დეკემბრამდე, თუმცა, მხარეებმა იქვე განსაზღვრეს მისი გაგრძელების შესაძლებლობა; მხარეებმა 2022 წლის 31 დეკემბრამდე ხელშეკრულების ვადის გაგრძელება დაუკავშირეს კორპორაციული უფლებების მართვის პროგნოზირებად შედეგს, მისი ოდენობის ნახევარს. მაგ., თუ 2021 წლის 31 დეკემბრამდე მინდობილი მართვის შედეგად, შესაბამისი კომპანია მიიღებს 125000 აშშ დოლარის ექვივალენტის მოცულობის მოგებას, ხელშეკრულება გრძელდება 2022 წლის 31 დეკემბრამდე. ეს პირობა საერთოა ყველა კომპანიისათვის, გარდა შპს „გ.ს–ისა“, რომლის შემთხვევაშიც, განმასხვავებელი არის მხოლოდ ის, რომ 125000 აშშ დოლარის ნაცვლად 100000 აშშ დოლარის მოგების პირობა არის გათვალისწინებული; რაც შეეხება შპს „ი–თან“ (ს/ნ........) და შპს „მ–სთან“ (ს/ნ........) დაკავშირებულ მინდობილი მართვის ხელშეკრულებებს, ისინი მოქმედებს 2022 წლის 31 დეკემბრამდე, თუმცა, მსაგავსად სხვა ხელშეკრულებებისა, მხარეებმა განსაზღვრეს ურთიერთობის გაგრძელების შესაძლებლობა. კერძოდ, თუ 2022 წლის 31 დეკემბრამდე მინდობილი მართვის შედეგად, შპს „ი–ი“ (ს/ნ........) და შპს „მ–“ (ს/ნ........) მიიღებენ ცალ-ცალკე 142000 აშშ დოლარის მოცულობის მოგებას (მათ შორის აქტივების და/ან მათი ღირებულების ზრდას), ორივე კომპანიის მართვასთან დაკავშირებული ხელშეკრულებები გრძელდება 2023 წლის 31 დეკემბრამდე.

1.5.მხარეებმა, ასევე, გაითვალისწინეს ხელშეკრულებების მოქმედების ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელების შესაძლებლობაც, რაც ასახულია ყველა ხელშეკრულების 5.1 პუნქტში. კერძოდ, შპს „გ–ში“ (ს/ნ ........), შპს „მ–ში“ (ს/ნ ........), შპს „მ–ში“ (ს/ნ ........), შპს „ი–ში“ (ს/ნ........), შპს „მ–ში“ (ს/ნ........), შპს „მ–ში“ (ს/ნ ........)-100%-იანი წილის მინდობილი მართვის ხელშეკრულებები გაგრძელდებოდა 2023 წლის 31 დეკემბრამდე, თუ 2022 წლის 31 დეკემბრამდე მინდობილი მართვის შედეგად, შესაბამისი კომპანია (გარდა შპს „გ.ს–ისა“) მიიღებს 187000 აშშ დოლარის ექვივალენტის მოცულობის მოგებას (მათ შორის აქტივების და/ან მათი ღირებულების ზრდას); რაც შეეხება შპს „გ.ს–თან“ დაკავშირებულ ხელშეკრულებას, განმასხვავებელი არის მხოლოდ ის, რომ 187000 აშშ დოლარის ნაცვლად 150000 აშშ დოლარის მოგების პირობა არის გათვალისწინებული. შპს „ი–ის“ (ს/ნ........) და შპს „მ–ის“ (ს/ნ........) მართვის ხელშეკრულებების შემთხვევებში კი, დამატებით, კიდევ ერთხელ ურთიერთობის გაგრძელება შესაძლებელია 2024 წლის 31 დეკემბრამდე იმ პირობით, თუ თითოეული ეს კომპანია 2023 წლის 31 დეკემბრამდე მიიღებს 213000 აშშ დოლარის მოცულობის მოგებას.

1.6.მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის დადებული უკლებლივ ყველა მინდობილი მართვის ხელშეკრულება შეიცავს ერთი და იგივე შინაარსის მქონე 2.3 პუნქტს, რომელიც ცხადყოფს ამ ხელშეკრულებებით წარმოშობილ ურთიერთობებში შპს „ო.ა საქართველოს“ ინტერესს - მისთვის მომტან ეკონომიკურ სარგებელს. დასახელებული პუნქტის თანახმად, კორპორაციული უფლებების მინდობილი მართვის სამუშაოების შესრულებისათვის, მინდობილი მართვის ხელშეკრულებების მიზანთა მიღწევისას, მინდობილი მმართველი (შპს „ო.ა საქართველო“) იღებს მართვის დამფუძნებლებისაგან (მოპასუხეებისაგან) ანაზღაურებას შპს „გ.ს–ის“ (ს/ნ ........), შპს „მ–ის“ (ს/ნ ........), შპს „მ–ის“ (ს/ნ........), შპს „მ–ის“ (ს/ნ ........), შპს „მ–ის“ (ს/ნ ........), შპს „ი–ის“ (ს/ნ........), შპს „ი–ის“ (ს/ნ........) და შპს „მ–ის“ (ს/ნ........) კორპორაციული უფლებების 60-60 პროცენტის ოდენობით. ეს წილები, თითოეული კომპანიის მიმართ მართვის დამფუძნებლებმა (მოპასუხეებმა), მინდობილ მმართველს (მოსარჩელეს) უნდა გადასცენ მინდობილი მართვის მიზნის მიღწევის შესახებ წლიური ანგარიშის განხილვიდან ერთ კვირიან ვადაში.

1.7.რაც შეეხება საკუთრივ მინდობილი მართვის მიზანს, ის განსაზღვრულია თითოეული მინდობილი მართვის ხელშეკრულების 1.2 პუნქტში. კერძოდ, ყველა სამართავი კომპანიის შემთხვევაში, გარდა შპს „გ.ს–ის“, შპს „ი–ის“ (ს/ნ........) და შპს „მ–ისა“ (ს/ნ........), მინდობილი მართვის მიზნად, კორპორაციული უფლებების პროგნოზირებად შედეგად დასახულია მოგების მიღება (გადასახადების გადახდამდე) 250000 აშშ დოლარის ექვივალენტური მოცულობით, ხოლო, რაც შეეხება შპს „გ.ს–ს“, კორპორაციული უფლებების პროგნოზირებადი შედეგი დაკავშირებულია 200000 აშშ დოლარის ექვივალენტური მოცულობით გადასახადების გადახდამდე მოგების მიღებასთან; შპს „ი–ის“ (ს/ნ........) და შპს „მ–ის“ (ს/ნ........) შემთხვევაში კი, იგივე მიზნად დასახულია 284000 აშშ დოლარის მოცულობით გადასახადების გადახდამდე მოგების მიღება.

1.8.უკლებლივ ყველა მინდობილი მართვის ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია ერთი და იგივე შინაარსის მქონე მე-3 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა მართვის დამფუძნებლების (მოპასუხეების) უფლებებთან ერთად ვალდებულებებიც. კერძოდ, მოპასუხეები ვალდებულნი არიან: ა) ხელი შეუწყონ მინდობილ მმართველს (შპს „ო.ა საქართველოს“) მინდობილი მართვის ხელშეკრულებებით განსაზღვრული მიზნის მიღწევაში, რისთვისაც მონაწილეობენ ყველა იმ დოკუმენტის მომზადებაში, რომელიც საჭიროა ხელშეკრულებით დასახული პროექტის ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში კრედიტების მოპოვებისათვის, მისი დაბრუნების სანივთო უზრუნველყოფისათვის (იპოთეკა/გირავნობა) და საჭიროების შემთხვევაში ხელს აწერენ შესაბამის დოკუმენტებს; ბ) მინდობილ მმართველს აღმოუჩინონ დახმარება ლიცენზიის, ნებართვების და მინდობილი მმართველის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული სამეურნეო საქმიანობის წარმოებაზე დაშვებების მიღებაში; გ) დაეხმარონ მინდობილ მმართველს ელექტრო ენერგიის, გაზის, წყლის მიერთებაში, კომპენტენტური ორგანიზაციებიდან საჭირო შეთანხმებების და ნებართვების მიღებაში და ა.შ.; დ) აღმოუჩინონ დახმარება მინდობილ მმართველს ადგილობრივი მოსახლეობიდან კადრების შერჩევაში; ე) მინდობილ მმართველის თხოვნით გაუწიონ დახმარება მას სხვა საკითხების გადაწყვეტაში; ვ) არ შეუქმნან მინდობილ მმართველს წინააღმდეგობანი მინდობილი მართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის შესრულებისას, მოახდინონ მინდობილი მმართველის დაუყოვნებელი ინფორმირება ხელშეკრულების შესრულების ყველა საფრთხის თაობაზე; ზ) გადასცენ მინდობილ მმართველს მინდობილი მართვის ამოცანების ამოხსნის ვარიანტები (3.1. ქ/პუნქტი).

1.9.მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის დადებული უკლებლივ ყველა მინდობილი მართვის ხელშეკრულება შეიცავს ერთი და იგივე შინაარსის მქონე მე-4 პუნქტს, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობისა და დავების გადაჭრის წესები. კერძოდ, მართვის დამფუძნებელთა (მოპასუხეთა) მხრიდან, მინდობილი მართველის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გარანტირებულია გირავნობით და გირავნობის საგანს წარმოადგენს თითოეულ სამართავ კომპანიაში თითოეული მართვის დამფუძნებლის (მოპასუხის) კორპორაციული უფლებების (წილის) 60% (4.1. ქ/პუნქტი); მართვის დამფუძნებლები (მოპასუხეები) პასუხისმგებელნი არიან იმ ზიანზე, რომელიც მათი ქმედებით მიადგება მინდობილ მმართველის ინტერსებს და/ან ქონებას და ასეთი ზიანის ანაზღაურებისათვის მხარეებმა განსაზღვრეს სპეციალური წესი და ზიანის ანაზღაურების მოცულობა (ფარგლები) (4.2. ქ/პუნქტი); მინდობილ მმართველს უფლება აქვს ზემოთ დასახელებული ზიანის ანაზღაურებაზე. ის მოიცავს გაშვებულ სარგებელს, მათ შორის, იმასაც, რაც შეიძლება მინდობილ მმართველს მიეღო მინდობილი მართვის ხელშეკრულებების სრულყოფილად შესრულების შემთხვევაში (აქ იგულისხმება სამართავი კომპანიების საწესდებო კაპიტალიდან მმართველისათვის გადასაცემი წილი 60%-ის ოდენობით) იმ სარგებლის ჩათვლით, რაც დაკავშირებულია სამართავ კომპანიებში კორპორაციული უფლებების (წილების) ფლობასთან. თუმცა, მხარეებმა იქვე გააკეთეს დათქმა, რომ ზიანის ანაზღაურების ფარგლები მხოლოდ დასახელებული საფუძვლებით არ შემოიფარგლება (4.3. ქ/პუნქტი); ზარალის ანაზღაურება წარმოებს პირველ რიგში მინდობილი მმართველისათვის ჩადებული სამართავი კომპანიების კორპორაციული უფლებების ხარჯზე, ხოლო ზარალის სრულად ანაზღაურებისათვის მათი არასაკმარისობის შემთხვევაში, სამართავ კომპანიებში მართვის დამფუძნებელთა (მოპასუხეთა) დარჩენილი კორპორაციული უფლებების ხარჯზე. მართვის დამფუძნებელთა (მოპასუხეთა) სხვა ქონებებზე გადახდევინების მიქცევა დაუშვებელია (4.4. ქ/პუნქტი).

1.10. შპს „ო.ა - ს–სა“ და რვავე სამართავი კომპანიის დამფუძნებლებთან ურთიერთობები პრაქტიკულად ერთი ბიზნეს პროექტის განხორციელებას ისახავს მიზნად, რომელიც გულისხმობს ნუშის პლანტაციის გაშენებას ნუშის გადამამუშავებელი ქარხნის გახსნის პერსპექტივით. ასეთი პროექტი რენტაბელურია და ეკონომიკური ეფექტიანობით გამოირჩევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნუშის პლანტაციების გასაშენებლად გამოყენებული იქნება 500 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მაინც. მას შემდეგ, რაც ქ.ძ–მა შპს „გ.ს–ის“ (ს/ნ ........) კუთვნილი მიწების მასიდან გამოყო და სხვა, ახლად დაფუძნებულ კომპანიებს გადაუნაწილა ნაკვეთები, ვერცეთი მინდობილ მართვაში გადაცემული კომპანია დამოუკიდებლად ვერ აკმაყოფილებს ხსენებული პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელ მინიმალურ ქონებრივ სტანდარტს. საგულისხმოა ისიც, რომ ყველა ის მიწის ნაკვეთი, რომელიც დღეისათვის აღრიცხულია 8 (რვა) სხვადასხვა იურიდიული პირის საკუთრებად ტექნიკურადაც ერთმანეთთან დაკავშირებულლია ისე, რომ ქმნიან ერთიან მეურნეობას. ამას მოწმობს ისიც, რომ მიწის ნაკვეთთა უამრავლესობას აქვთ ერთიანი სარწყავი სისტემა. ნიშანდობლივია ისიც, რომ რვავე კომპანისთან მიმართებით მხოლოდ ქ.ძ–ია გადაწყვეტილებების მიმღები პირი და მიუხედავად იმისა, რომ ის რეგისტრირებულია და ოფიციალურად მხოლოდ შპს „გ.ს–ის“ (ს/ნ ........) დამფუძნებელს წარმოადგენს, დანარჩენ შვიდ კომპანიასაც ის განაგებს. ქ.ძ–ისაგან, შპს „გ.ს–ის“ (ს/ნ ........) გარდა, სხვა დანარჩენი 7 (შვიდი) კომპანია, მხოლოდ ფორმალურად არის განცალკევებული და მათ ქ.ძ–ი იყენებს მხოლოდ საკუთარი ინტერესებისათვის. რაც შეეხება ფორმალურ (რეგისტრირებულ) დამფუძნებელებს (ქ.ძ–ს, ა.ძ–ს, თ.ძ–ს (პ/ნ ........), თ.ძ–ს (პ/ნ........), ს.მ–ძეს, დ.მ–ძეს და ი.თ–ს), მათი ყველა ქმედება განპირობებულია ქ.ძ–ის ნებით.

1.11. შპს „ო.ა - ს–ომ“ (ყოფილი შპს „ლ–კა“) მინდობის მართვის ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით განახორციელა სათანადო მართვა - მოიზიდა ფულადი სახსრები, თავად გასწია ინვესტიცია, დაირგა ნუშის ხეები, მოეწყო სათანადო სარწყავი სისტემა და სხვა. ყველა სამართავი კომპანიის აქტივებმა განიცადეს მნიშვნელოვნი გაუმჯებესება და შესაბამისად, გაიზარდა მათი ღირებულებაც. მხოლოდ შპს „გ.ს–ის“ შემთხვევაში, კომპანიის აქტივების ღირებულება 2017 წლის თებერვლის მდგომარეობით შეადგენდა 734400 ლარს, რაც გაიზარდა და 2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 1 637 000 ლარს. მსგავსი შედეგები მოიტანა ყველა სამართავი კომპანიისათვის შპს „ო.ა - ს–ოს“ მმართველობამ.

1.12. მოპასუხე ქ.ძ–ისათვის ცხადი გახდა, რომ რეალური იყო პროექტის წარმატებით განხორციელება, რაც სამ–ოდ განაპირობებდა ყველა სამართავი კომპანიიდან შპს „ო.ა-ს–თვის“ 60%-იანი წილების დათმობას. ამ შედეგის დადგომა კი, ქ.ძ–ს არ სურდა. უშუალოდ მან და მისი კარნახით უკლებლივ ყველა დანარჩენმა მოპასუხემ, ყველაფერი გააკეთეს, რომ წილის მმართველს არ მიეღწია წარმატებისათვის. მოპასუხეები სისტემატიურად ხელს უშლიდნენ წილის მმართველს და მის მიერ დანიშნულ დირექტორს ბიზნეს პროექტის განხორციელებაში. კერძოდ, ა) მიუხედავად შეთანხმებისა, მოპასუხეებმა უარი განაცხადეს იმ ვალდებულების შესრულებაზე, რომელიც გულისხმობდა ნუშის წარმოების პროექტისათვის დამხმარე ფინანსური სახსრების მოზიდვის მიზნით კრედიტის აღებაზე და ამისთვის შესაბამისი ქონების იპოთეკით დატვირთვაზე დათანხმებას, რამაც შეაფერხა პროექტის განხორციელება და მინდობილ მმართველს მოუწია გაუთვალისწინებელი ხარჯების გაღება; ბ) ქ.ძ–მა თავის თავზე გადაიფორმა მოსარჩელე კომპანიის კუთვნილი ტრაქტორები, რომლებიც წილის მინდობილი მართვის საფუძველზე ახალმა მენეჯმენტმა შეაკეთა (გაარემონტა) და უმოქმედო მდგომარეობიდან სრულყოფილ (მუშა) ტექნიკად აქცია. ტრაქტორების ფიზიკურად მოძიება დღემდე ვეღარ ხერხდება და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ისინი საქართველოს ფარგლებს გარეთაა გაყვანილი; გ) ქ.ძ–მა და მისი ნების შესაბამისად, დანარჩენმა მოპასუხეებმა სამართავი კომპანიებიდან გააძევეს მთელი პერსონალი, რითაც შეწყდა პროფესიონალთა მხრიდან ბაღების მოვლა-პატრონობის პროცესი. წილის მინდობილი მმართველის მენეჯმენტის მოსარჩელე კომპანიაში დაბრუნებისას აღმოჩნდა, რომ ნუშის ნარგავების (ხეების) 70% გამხმარა, ძვირადღირებული გასაფილტრი სადგური ბოლომდე იყო გამოყვანილი მდგომარეობიდან, მოსარჩელე კომპანიისთვის ღირებული ქონება (ინვენტარი) გატანილი იყო საწყობიდან და 2019 წლის მთლიანი მოსავალი დაუტაცნიათ; დ) ქ.ძ–მა არაერთხელ, წლის ყველაზე ცხელ დროს მოშალა, შპს ა-ს–ოს“ სახსრებით გაკეთებული, მაღალი წნევის წყალგამტარი მაგისტრალური მილი (მან მილები მოშალა ტრაქტორის მეშვეობით და დაამტვრია ძვირადღირებული სარქველები) შპს „ო.ა-ს–ოს“ დირექტორის ე.ლ–ის მიმართვის შემდეგ პოლიციამ ქ.ძ–ს აუკრძალა მასთან და ნუშის ბაღებთან 500 მეტრზე ნაკლები მანძილით მიახლოება; ე) ქ.ძ–მა მოახდინა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ნუშის ბაღების დაკავება/განადგურების პროვოცირება, რომ თითქოს შპს „ო.ა-ს–ო“ წამლავდა სასმელ წყალს, რომელიც სოფელ მარაბდას ნუშის ბაღების ტერიტორიის გავლით მიეწოდებოდა. არეულობა პოლიციამ შეაჩერა, დააკავა წამქეზებელი, რომელიც ქ.ძ–ის ნათესავი აღმოჩნდა; ვ) ქ.ძ–ი თავს დაესხა მოსარჩელე კომპანიის დირექტორს - ე.ლ–ის და მას მიაყენა სხეულის დაზიანება. ამ ქმედებისთვის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლომ ქ.ძ–ი სცნო დამნაშავედ. განაჩენი სრულად დატოვა ძალაში თბილისის სააპელაციო სასამართლომ.

1.13. ზემოაღნიშნული დამაზიანებელი ქმედებების შედეგად, მოსარჩელეს მიადგა კოლოსალური ზიანი. შესაბამისად, შპს „ო.ა-ს–ო“ იძულებული გახდა დაეწყო საარბიტრაჟო წარმოება და საარბიტრაჟო სარჩელით მართვის დამფუძნებლებისაგან მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება. მისი ოდენობა აღემატება სამართავ კომპანიებში მოპასუხეთა კორპორაციული უფლებების ფულად გამოხატულებას, თუმცა იმის გამო, რომ მხარეთა შორის დადებული მინდობილი მართვის ხელშეკრულებების 4.4. ქვეპუნქტით განისაზღვრა ზიანის მხოლოდ წილების გადაცემით ანაზღაურების წესი, შპს „ო.ა-ს–ო“ ითხოვს თითოეულ სამართავ კომპანიაში აღნიშნულ წილებზე საკუთრების უფლების გადაცემას.

1.14. მოპასუხე ქ.ძ–ი და მისი მხრიდან დამფუძნებლებად და დირექტორებად მართვაში გადაცემულ კომპანიებში ნომინირებული დანარჩენი მოპასუხეები, ქ.ძ–ის მითითების არსებობის პირობებში, მზად არიან იმისთვისაც კი, რომ გააკოტრონ, ფორმალურად, მაგრამ მაინც მათივე მონაწილეობით დაფუძნებული კომპანიები, ოღონდ შეუძლებელი გახადონ მინდობილი მართვის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, მინდობილი მმართველისათვის სამართავი კომპანიების საწესდებო კაპიტალიდან წილის საკუთრებაში გადაცემა. ამ მართლსაწინააღმდეგო მიზნის მიღწევის გზაზე, მოპასუხეებმა უკვე განახორციელეს ისეთი მოქმედებები, რომლებიც ცხადყოფენ მოსავლის, ქონების დატაცებას, მისი სამეურნეო აქტივების დაზიანებას და სხვა.

1.15. აღწერილი ვითარების პირობებში, მნიშვნელოვანია სასამართლომ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ განცხადების განხილვისას, ყურადღება მიაქციოს მინდობილი მართვის ხელშეკრულებების ფარგლებში დასახულ, რეალურად ერთი ბიზნეს პროექტის მიმართ ქ.ძ–ის დამოკიდებულებას, რაც მიმართულია პროექტის ჩაშლისაკენ და რისთვისაც ქ.ძ–ი არ ერიდება მისივე კონტროლირებადი კომპანიებისადმი ზიანის მიყენებას. დანარჩენი ფორმალური დამფუძნებლები (დანარჩენი მოპასუხეები) კი, ვერ გრძნობენ პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ ისინი ნომინალურად და ქ.ძ–ის ნებით იკავებენ დამფუძნებლის პოზიციებს; მათთვის სულერთია მართვაში გადაცემულ კომპანიათა და მინდობილი მართვის ხელშეკრულებებით დაგეგმილი ბიზნეს პროექტის განხორცილების ბედი.

1.16. ქ.ძ–ის დამოკიდებულება ორიენტირებულია ზიანის მიყენებაზე და ამას, დავის საგნის აღწერისას მოხმობილი გარემოებების გარდა, ასევე ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ქ.ძ–მა იმ დროის მონაკვეთში, როდესაც სამეწარმეო რეესტრის შეცდომაში შეყვანის შედეგად ხუთ თვემდე ვადით რეგისტრირებული იყო შპს „გ.ს–ის“ (ს/ნ ........) დირექტორად, მოჩვენებითი (თვალთმაქცური) გარიგებების საფუძველზე, ყოველგვარი ნასყიდობის საფასურის გადახდის გარეშე, შპს „გ.ს–ის“ (ს/ნ ........) კუთვნილი 4 499 708 კვ.მ საერთო ფართის მქონე 3 მინის ნაკვეთი (საკადასტრო კოდები:........;........;........) და 4125 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (საკ. კოდი........) აღრიცხა სხვა, იდენტური სახელწოდების მქონე კომპანიის - შპს „გ.ს–ის“ (ს/ნ........) სახელზე. საგულისხმოა, რომ ეს კომპანიაც მხოლოდ ქ.ძ–ის დაფუძნებულია და მხოლოდ მისი დირექტორობით იმართება. ეს ფიქტიური გარიგებები ქ.ძ–მა გამყიდველ შპს „გ.ს–ის“ (ს/ნ ........) და მყიდველ შპს „გ.ს–ის“ (ს/ნ........) სახელით (ორივე მხარეს ხელმომწერი პირი ქ.ძ–ია) გააფორმა 2019 წლის 16 აპრილს და იმავე წლის 6 დეკემბერს ოთხივე უძრავი ნივთი მოჩვენებითი ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, „კეთილსინდისიერი შემძენის“ საბურველში შემძენის გახვევის მიზნით, აღირიცხა ქ.ძ–თან ნათესაურ კავშირში მყოფ გ.მ–ზე. ამ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, აღძრულია სარჩელი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია იხილავს დავას დასახელებული გარიგებების ბათილად ცნობისა და ბათილი გარიგებებით გასხვისებული ოთხივე უძრავი ნივთის შპს „გ.ს–ისათვის“ (ს/ნ ........) დაბრუნების თაობაზე. მოსარჩელე კომპანიის ამჟამინდელ დირექტორ ე.ლ–ისთან კომუნიკაციისას, ქ.ძ–ი დაიმუქრა, რომ ის 2022 წლის 31 დეკემბრიდან შეწყვეტს მინდობილი მართვის ხელშეკრულებებს და წილის მმართველ შპს „ო.ა - ს–ოს“, მის მიერ დანიშნულ ხელმძღვანელობას ჩამოაშორებს მართვაში გადაცემული კომპანიებიდან. აღნიშნული თარიღი შპს „მ–სთან“ (ს/ნ........) და შპს „ი–თან“ (ს/ნ........) მიმართებით დაკავშირებულია მინდობილი მართვის ხელშეკრულებების მოქმედების ვადის ამოწურვასთან, თუმცა, ის იგივე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, შპს „ო.ა ს–ოს“ მმართველობითი საქმიანობის შედეგების გათვალისწინებით, 2023 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელებას ექვემდებარება. ქ.ძ–მა კარგად იცის, რომ შეუთანხმებლობის შემთხვევაში, წილის მინდობილ მმართველს სხვა გზა არ აქვს, თუ არა იდავოს არბიტრაჟში და მას აღიარებინოს ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება. ეს კი დროში გაწელილი პროცესია. მის დასრულებამდე, ქ.ძ–ი მინდობილი მართვის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გარემოებაზე აპელირებით, შეეცდება წილის მინდობილი მართვის გაუქმებას და შპს „მ–ისა“ (ს/ნ........) და შპს „ი–ის“ (ს/ნ........) დღევანდელი ხელმძღვანელობის ჩამოშორებას. ამ ყველაფერს მოპასუხე შეეცდება სამეწარმეო რეესტრში არსებული რეგისტრირებული მონაცემების ცვლილებით, ხოლო, რაც შეეხებათ დანარჩენ მართვაში გადაცემულ კომპანიებს, დღეისათვის ამ კომპანიებში მართვის უფლებამოსილებას ინარჩუნებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 დეკემბრის N2/35218-2 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საფუძველზე. ეს უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლომ გამოიყენა იმ სარჩელის უზრუნველსაყოფად, რომლითაც შესაბამის სახელშეკრულებო საფუძველთა არსებობის გამო, მოთხოვნილია მინდობილი მართვის ხელშეკრულებათა ვადების გაგრძელება, თუმცა, მხოლოდ იმის გამო, რომ ასეთი დავის წარმოება ექვემდებარება საარბიტრაჟო განხილვას, სასამართლომ 2022 წლის 22 აგვისტოს განჩინებით დააკმაყოფილა მოწინააღმდეგე მხარეთა შუამდგომლობა, შეწყვიტა საქმის წარმოება და გააუქმა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება. ეს განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2022 წლის 26 დეკემბრის №2ბ/5582-22 განჩინებით საქმის წარმოების შეწყვეტისა და უზრუნველყოფის ღონისძიებათა გაუქმების ნაწილში დატოვა ძალაში.

1.17. დღემდე არსებული გამოცდილება ცხადყოფს, რომ ქ.ძ–ი, მისი მხრიდან კონტროლის პირობებში, კვლავაც შეეცდება მართვაში გადაცემული კომპანიების პარალიზებას, ამ კომპანიების ქონებების გადამალვას, გასხვისებას და დაზიანებას, რაც მინდობილი მმართველისათვის გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს. მინდობილ მართვაში გადაცემული კომპანიები, ქ.ძ–ის კარნახით ხელმძღვანელობის პირობებში, პრაქტიკულად აღმოჩნდებიან გაკოტრების საფრთხის წინაშე. ქ.ძ–ი და მისი კარნახით უკლებლივ ყველა მოპასუხე, მართვაში გადაცემული კომპანიებიდან გაიტანენ სამეურნეო საქმიანობისათვის უმნიშვნელოვანეს აქტივებს, მათ შორის, შპს „ო.ა-ს–ს“ მხრიდან დღემდე განხორციელებული მართვის ფარგლებში გაწეული ინვესტირების პირობებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ ქონებას; თვალთმაქცური გარიგებების საფუძველზე ეს აქტივი აღმოჩნდება ვითომ კეთილსინდისიერ შემძენთა ხელში და მივიღებთ შედეგს, რომლითაც ქონების რელური მოსარგებლე კვლავ ქ.ძ–ი იქნება, ხოლო შპს „ო.ა-ს–ოს“ ხელში შერჩება გაკოტრების ზღვარზე მყოფი კომპანიები და გაუფასურებული წილები მათ კაპიტალში.

1.18. შპს „ო.ა-ს–ო“ მოპასუხეებთან ურთიერთობებში არსებული პრობლემების გადაჭრას ეცადა საქართველოს სასამართლოებში, რაც შესაძლებელი იყო მოპასუხე მხარის საქართველოს საერთო სასამართლოების იურისდიქციაზე დათანხმების შემთხვევაში, თუმცა, მოპასუხემ არ მოისურვა დავის საქართველოს საერთო - სასამართლოებში გადაწყვეტა და შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოება შეწყდა. ამ ვითარებაში, შპს „ო.ა-ს–ო“ იძულებული იყო მიემართა სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთვის (სტოკჰოლმის არბიტრაჟი).

1.19. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახე, რომელიც მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ადეკვატურია და მოახდენს მოსარჩელისათვის დამატებითი ზიანის მიყენების პრევენციას, უნდა უზღუდავდეს მოპასუხეებს მინდობილ მართვაში გადაცემულ კომპანიებზე კონტროლის, მართვისა და ხელძღვანელობის/წარმომადგენლობის შესაძლებლობას. ასეთი შეზღუდვის არსებობა შეუძლებელს გახდის მოპასუხეებისათვის განკარგონ მინდობილ მართვაში გადაცემული კომპანიების აქტივები და ქონება, რაც განაპირობებს ამ კომპანიათა კაპიტალის დაცვასა და სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილეობისათვის ქმედითუნარიანობას. მოპასუხეებს არც სურვილი და არც შესაძლებლობა არ აქვთ განავითარონ მინდობილ მართვაში გადაცემული კომპანიები; მათი ერთადერთი მიზანია როგორმე დაეუფლონ უკვე განხორციელებული ინვესტიციების ხარჯზე გაუმჯობესებულ აქტივებს ისე, რომ არ შეასრულონ შპს „ო.ა-ს–ოს“ წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო, თუ მოპასუხეები განახორციელებენ კონტროლს მინდობილ მართვაში გადაცემულ კომპანიებზე, ისინი აღმოჩნდებიან გაკოტრების საფრთხის წინაშე. შესაბამისად, კომპანიებიდან წილების მიღების გზით უკვე განცდილი ზიანის ანაზღაურება დაკარგავს მოსარჩელისათვის ინტერესს. თუ არ იქნება გამოყენებული მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება, აზრს დაკარგავს არბიტრაჟში სარჩელის განხილვა: გაკოტრების პირას მყოფ, ფაქტიურად არაფრის მქონე კომპანიებში წილების მიღება არ და ვერ იქნება ის ინტერესი რომლისათვის შეიძლება აზრი ჰქონდეს საერთაშორისო არბიტრაჟში სარჩელის განხილვას, განსაკუთრებით საარბიტრაჟო ხარჯების, არბიტრებისა და უცხოელი ადვოკატების ჰონორარების გათვალისწინებით. ამასთან, მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენება უზრუნველყოფს მოდავე მხარეთა უფლებებს შორის ბალანსის დაცვას. შპს „ო.ა-ს– ოს“ ინტერესია ზიანის ანაზღაურება, რომელიც მიღწეული იქნება მხოლოდ გამართულ, ქმედითუნარიან კომპანიებში წილების საკუთრებაში მიღებით. აღნიშნული კი მიიღწევა მინდობილ მართვაში გადაცემული კომპანიების კვალიფიციური მართვისა და სათანადო ფინანსური მხარდაჭერის პირობებში. ამით, ასევე, უზრუნველყოფილი იქნება მინდობილი მართვის ფარგლებში დაგეგმილი სამეურნეო საქმიანობის წარმატებით განხორციელებაც.

1.20. ამდენად, მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება სრულად უზრუნველყოფს მხარეთა შორის ბალანსის შენარჩუნებას: დაცული იქნება როგორც მოსარჩელის (აზრი ჰქონდეს საარბიტრაჟო პროცედურების წარმოებას), ასევე მოპასუხეთა ინტერესები (თუ მოსარჩელე ვერ მიაღწევს წარმატებას საერთაშორისო არბიტრაჟში, კიდევ უფრო მომგებიანი ქმედითი და უკეთესი აქტივების მქონე კომპანიებს მიიღებს, ვიდრე ისინი დღეის მდგომარეობით არსებობენ); ხოლო, თუ არ იქნება გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ აზრს დაკარგავს საარბიტრაჟო პროცედურების წარმოება, საფუძველი გამოეცლება ზიანის ანაზღაურების თეურიულ მიღწევადობასაც კი, ხოლო, მოპასუხეებს მიეცემათ სრული შესაძლებლობა არაკეთილსინდისიერად, სხვის ხარჯზე, სხვისთვის ზიანის მიყენებით, მიიღონ უპირატესობა და ქონებრივი სარგებელი.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 იანვრის განჩინებით, შპს „ო.ა - ს–ოს“ განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, აიკრძალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც გულისხმობს შემდეგ კომპანიებში - შპს „გ.ს–ში“ (ს/ნ ........), შპს „მ–ში“ (ს/ნ........), შპს „მ–ში“ (ს/კ ........), შპს „მ–ში“ (ს/ნ ........), შპს „მ–ში“ (ს/ნ ........), შპს „ი–ში“ (ს/ნ........), შპს „მ–ში“ (ს/ნ........), შპს „ი–ში“ (ს/ნ........), წილის მმართველად შპს „ო.ა-ს–ოს“ (ს/ნ .......) რეგისტრირებული მონაცემის გაუქმებას; განემარტა განმცხადებელს, რომ თუ უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.

2.1. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა გონივრული ვარაუდი, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა შემდგომი გადაწყვეტილების აღსრულებას, გამოიწვევდა გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნებოდა მოპასუხეთათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. შესაბამისად, გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, სააპელაციო პალატის მიერ დაკმაყოფილდა.

3. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინეს შპს „გ.ს–ის“ (ს/კ ........) 100%-იანი წილის მფლობელმა - ქ.ძ–მა, შპს „მ–ის“ (ს/კ ........) 100%-იანი წილის მფლობელმა - ს.მ–ძემ, შპს „მ–ის“ (ს/კ........) 100%-იანი წილის მფლობელმა - დ.მ–ძემ, შპს „ი–ის“ (ს/კ........) 100%-იანი წილის მფლობელმა - ქ.ძ–მა, შპს „ი–ის“ (ს/კ........) 100%-იანი წილის მფლობელმა - თ.ძ–მა, შპს „მ–ის“ (ს/კ ........) 100%-იანი წილის მფლობელმა - ა.ძ–მა, შპს „მ–ის“ (ს/კ ........) 100%-იანი წილის მფლობელმა - თ.ძ–მა და შპს „მ–ის“ (ს/კ........) 100%-იანი წილის მფლობელმა ი.თ–მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საჩივრის დაკმაყოფილება.

4. საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს:

4.1.მოსარჩელემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა შეცდომაში შეიყვანა და დაუმალა საქმის რეალური გარემოებები და პალატა განჩინების გამოტანისას დაეყრდნო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ცრუ გარემოებებს. საქმის რეალური გარემოებები კი მდგომარეობს შემდეგში:

4.1.1. 2017 წლის 06 მარტს გაფორმდა მინდობილი მართვის იდენტური ხელშეკრულებები ერთი მხრივ, შპს „მ–ის“ (ს/კ ........) 100%-იანი წილის მფლობელ ა.ძ–ს, შპს „მ–ის“ (ს/კ........) 100%-იანი წილის მფლობელ ი.თ–ს, შპს „მ–ის“ (ს/კ........) 100%-იანი წილის მფლობელ დ.მ–ძეს, შპს „მ–ის“ (ს/კ........) 100%-იანი წილის მფლობელ ს.მ–ძეს, შპს „მ–ის“ (ს/კ........) 100%-იანი წილის მფლობელ თ.ძ–ს, შპს „გ.ს–ის“ (ს/კ........) 100%-იანი წილის მფლობელ ქ.ძ–ს, შპს „ი–ის“ (ს/კ404527419) 100%-იანი წილის მფლობელ ქ.ძ–ს, შპს „ი–ის“ (ს/კ........) 100%-იანი წილის მფლობელ თ.ძ–ს და მეორე მხრივ, შპს „ლ–კას“ სამართალმემკვიდრე შპს „ო.ა - ს–ოს“ დირექტორ და ერთპიროვნულ დამფუძნებელ - ე.ლ–ის შორის. აღნიშნული ხელშეკრულების პუნქტი 1.1 თანახმად, ნუშის პლანტაციისა და ნუშის გადამუშავების წარმოების შექმნის მიზნით, მართვის დამფუძნებელი გადასცემს მინდობილ მმართველს შპს „გ.ს–ში“ კორპორაციული უფლების 100%-ს, ხოლო მინდობილი მმართველი ვალდებულია განახორციელოს ამ უფლების მართვა მართვის დამფუძნებლის ინტერესებში. 1.2. პუნქტის თანახმად, შპს „გ.ს–ის“ კორპორაციული უფლებების მართვის პროგნოზირებად შედეგს წარმოადგენს ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში შპს „გ.ს–ის“ მიერ მოგების მიღება 200 000 აშშ დოლარის ეკვივალენტური მოცულობით. ხელშეკრულების თანახმად, რვავე კომპანიაში მოგების თანხა ჯამში შეადგენს 1 950 000 აშშ დოლარს. მოსარჩელე შპს „ო.ა - ს–ოს“ დირექტორს ე.ლ–ის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია და მოქმედებდა მართვის დამფუძნებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ. მოსარჩელემ ნუშის ნერგების საფასურები შეგნებულად არ გადაიხადა, ნერგები გაახმო, ნუშის ბაღი და გადამამუშავებელი საწარმო არ შექმნა, რაც დაფიქსირებულია ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებისა და ექსპერტების კომისიის მიერ. მოსარჩელეს გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები ან მოგება - ზარალის უწყისები, დღემდე არ წარმოუდგენია და არც სასამართლოსთვის მიუწოდებია. შპს „გ.ს–ს“ მინდობილი მმართველის, შპს „ო.ა - ს–ოს“ მართვის პერიოდში, არათუ 200000 აშშ დოლარის მოგება, არამედ მხოლოდ ზარალი და ხელოვნურად შექმნილი საფინანსო ვალდებულებები უფიქსირდება. მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი რაიმე საფინანსო დოკუმენტი ან მის მიერ მართული შპს „გ.ს–ის“ ან კომპანიების საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერი, რომელიც რაიმე მოგებას დაადასტურებდა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. მოსარჩელემ სასმართლოს წარუდგინა აუდიტორული კომპანია „კ–ის“ 2021 წლის 10 სექტემბრის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია „კ–მა“ განახორციელა შპს „ო.ა - ს–ოს“ მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების აქტივების გადაფასების შედეგად, მოგების ოდენობის დადგენა 2017 წლის თებერვლისა და 2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით აქტივების საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე“. ირკვევა, რომ კომპანია „კ–მა“ აქტივებს, რომელიც არ ეკუთვნის „ო.ა - ს–ოს“ შეფასება გაუკეთა საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე, ანუ რა ფასი ქონდა აქტივებს მინდობილი მართვის ხელშეკრულების დადების დროს, 2017 წლიდან 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით. დასკვნაში მითითებული არ არის თუ რა თანხა ჩადო „ო.ა - ს–ომ“ და არც ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არ არის დართული. როგორც ჩანს აუდიტორი ადგილზე არ გასულა და არ შეუსწავლია საქმის რეალური მდგომარეობა. 17 026 ძირი ნუშის ნერგი, რაც დასკვნაში წერია, ჩამოტანილი ნერგების 7%-ს შეადგენს, ხოლო სარწყავი სისტემის შეფასებისას ღირებულების საფასურს მოსარჩელე არ მიუთითებს. შემოტანილი ნერგების საფასური მოსარჩელეს არ გადაუხდია და შეგნებულად გაბერილი ვალებით ვალდებულება დაკისრებული აქვს ყველა კომპანიას, მათ შორის შპს „გ–ს“. ეს გარემოება ცხადყოფს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოსარჩელეს არ შეუსრულებია. კომპანია „კ–მა“ წარმოადგინა, მხოლოდ კომპანიებზე, მათ შორის შპს „გ.ს–ზე“ რიცხული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, რაც 2017 წლის თებერვლიდან 2021 წლის აგვისტოსთვის, საქართველოში უძრავ ქონებაზე საბაზრო ფასის საერთო ზრდამ გამოიწვია, მათ შორის თეთრიწყაროს რაიონის მარაბდა-კოდის ზონაში, სადაც მდებარეობს საჩივრის ავტორების კომპანიების საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონება. 1 245 861.1 აშშ დოლარის მოგებას, რომელსაც აფიქსირებს კომპანია „კ–ი“, წარმოშობილია უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების ზრდით და არანაირი კავშირი არ აქვს მოსარჩელის მხრიდან მინდობილი მართვის ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან. კომპანიების მიწის ნაკვეთების ღირებულება დაფიქსირებულია 2017 წლის თებერვალ-მარტში გაფორმებულ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებში. ეს ის მიწის ნაკვეთებია, რომლებიც მოსარჩელემ მინდობილი მართვის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ შპს „გ.ს–ის“ კუთვნილი 150 ჰექტარი დაანაწევრა და გადასცა კომპანიებს, ორივე მხრიდან კომპანიებში მოსარჩელეს მიერ დანიშნული დირექტორი ი.ა–ი აწერს ხელს. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, შპს „გ.ს–ის“ მიერ, შპს „ი–ზე“ (ს/კ........) გადაცემული 64 294 კვ.მ მიწის ნაკვეთი 130 000 ლარად არის დაფიქსირებული, ხოლო იგივე უძრავი ქონება კომპანია „კ–ის“ დასკვნაში 2017 წლის თებერვლის მდგომარეობით შეფასებულია 85 600 ლარად, ანუ ფასი შეგნებულად შემცირებულია, რომ 2021 წლის აგვისტოს ფასთან უფრო დიდი სხვაობა გამოვიდეს. ასეა ყველა კომპანიასთან მიმართებით. ასევე, მაგალითისთვის, 2022 წლის 17 ივნისის დასკვნით, აუდიტორულმა კომპანიამ „ქალდექსპემ“, შპს „მ–ის“ (ს/კ ........) კუთვნილი უძრავი ქონება 169 865 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 888 000 ლარად შეაფასა. იგივე ქონების საფასურმა კომპანია „კ–ის“ დასკვნაში 2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით, 785 000 ლარი შეადგინა, ანუ, 1 წლის განმავლობაში ხსენებული მიწის ნაკვეთის საფასური 103 000 ლარით გაიზარდა. ასეთივე მონაცემებია სხვა კომპანიებსა და შპს „გ.ს–თან“ მიმართებაშიც; კ–იტს 2021 წელს აგვისტოს მდგომარეობით უძრავი ქონება შეფასებული აქვს 789 000 ლარად, ხოლო კომპანია „ქალდექსპემ“ 2022 წლის 20 ივნისს იგივე ქონება 858 000 ლარად შეაფასა, ანუ წლის განმავლობაში უძრავი ქონების საბაზრო ფასი 69 000 ლარით გაიზარდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ უძრავ ქონებაზე საბაზრო ფასი გაიზარდა, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს მინდობილი მართველის მიერ შექმნილ მოგებად. მსგავსი მაგალითების მოყვანა შეიძლება ყველა კომპანიასთან მიმართებით. შპს „ო.ა - ს–ოს“ ხელშეკრულების პირობები რომ შეესრულებინა, წარმოადგენდა ყველა კომპანიის, მათ შორის შპს „გ.ს–ის“ მიერ მიღებული მოგების დამადასტურებელ საფინასო დოკუმენტაციას, რასაც აუდიტი ასახავდა თავის დასკვნაში. ყველა სხვა შემთხვევა სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, რადგანაც ქვეყანაში საერთო ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდამ, რამაც გამოიწვია ქონებაზე საბაზრო ფასის გაზრდა, შპს „ო.ა - ს–ოს“ ცდილობს თვის მიღწევად დაგვანახოს. ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელეს, მოგება კომპანიების ანგარიშზე მიღებული თანხებით უნდა დაეფიქსირებინა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, კომპანიების ეკონომიკური საქმიანობის-საბუღალტრო ბალანსებში უნდა აღერიცხა როგორც მოგება. მინდობილი მართვის ხელშეკრულებების თანახმად მოსარჩელეს, თავისივე მიერ მართული კომპანიებისთვის ჯამში 1950000 აშშ დოლარი მოგება უნდა მოეტანა, მათ შორის 200 000 აშშ დოლარი შპს „გ.ს–ისთვის“. მოსარჩელეს ეს მანიპულაციები ეწინააღმდეგება მინდობილი მართვის ხელშეკრულების შინაარს და მიზნებს. მოსარჩელემ შპს „ო.ა-ს–ომ“ სასმართლოს წარუდგინა ყალბი გარემოებები, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის გამოყენება არამართებულია. სასამართლოს მიერ მინდობილი მართვის ხელშეკრულების 2.3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების გამოყენება სარჩელის უზრუნველყოფისთვის არ შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. დასახელებული პუნქტის თანახმად, მინდობილი მმართველი ხელშეკრულების მიზნის მიღწევისას და 1.2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში, რომელიც ითვალისწინებს მართვის დამფუძნებლის შპს „გ.ს–ისთვის“ მოგების მიღებას, სანაცვლოდ უნდა გადაეცეს შპს „გ.ს–ის“ კორპორაციული მართვის 60%, მინდობილი მმართველის მხრიდან წლიური ანგარიშის თანახმად, რომელიც ადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას. მინდობილ მართველს - შპს „ო.ა - ს–ოს“ და მის წინამორბედ შპს „ლ–კას“ ხელშეკრულების პუნქტი 2.2 და 2.3-ით გათვალისწინებული მოთხოვნა მასზედ, რომ მინდობილ მმართველს წარმოედგინა საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში, ერთხელაც არ შესრულებულა და რაიმე დამადასტურებელი საბუთი ან სასამართლო გადაწყვეტილება ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მათთვის, როგორც მართვის დამფუძნებლისთვის არ წარმოუდგენია და არც ამჟამად სასმართლოსთვის არ მიუწოდებია. ამრიგად, სარჩელის უზრუნველყოფისთვის ხელშეკრულების პუნქტი 2.3-ს მოშველიება არამართებულია.

4.1.2. მოსარჩელემ შეცდომაში შეიყვანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა და სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილში დავის საბოლოო გადაწყვეტამდე მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა იმ ცვლილებების განხორციელების აკრძალვა, რომელიც გულისხმობს კომპანიებში წილის მართველად შპს „ო.ა - ს–ოს“ რეგისტრირებული მონაცემების გაუქმებას, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. სამართლებრივად სარჩელის უზრუნველყოფის სახით კომპანიების, მათ შორის შ.პ.ს. „გ.ს–ი“-ს მონაცემებში ცვლილებების აკრძალვა ეწინააღმდეგება მხარეთა შორის 06.03.2017 წელს დადებულ მინდობილი მართვის ხელშეკრულებას. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების პირობების შესრულების შემთხვევაში, პუნქტი 2.3. მინდობილ მართველს მართვის დამფუძნებლისგან უნდა გადაეცეს კომპანიის კორპორაციული მართვის 60 %, ანუ შპს „გ.ს–ის“ 60%. ხელშეკრულებაში არსად არ არის მითითებული რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებზე აკრძალვის დაწესება. თბილისის სამოქალაქო საქმეთა პალატამ განჩინების მიღებისას იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც კანონსაწინააღმდეგოა, ვინაიდან 198-ე მუხლში და საერთოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის არც ერთ მუხლში არ არსებობს ჩანაწერი, რომ სარჩელის უზრუნველყოფა შეიძლება გავრცელდეს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების აკრძალვაზე. კანონის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ზომად შეიძლება გამოყენებული იქნეს ის ვალდებულებები და ქონებრივი პასუხისმგებლობა რომელიც განსაზღვრულია მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში. მიუხედავად იმისა, რომ მინდობილმა მართველმა ხელშეკრულების პირობები არ შეასრულა და ეს დავა გადავიდა სტოკჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟის კომპეტენციაში, სარჩელის უზრუნველყოფა შეიძლება გავრცელებულიყო ხელშეკრულებით განსაზღვრული მატერიალური უზრუნველყოფისთვის წილის მხოლოდ 60%-ის გასხვისების აკრძალვაზე ან ყადაღის დადებაზე, რაც თანხვედრაში იქნებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის მცდარ ინფორმაციას, არ გაითვალისწინა 09.01.2023 წლის განცხადება, არ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე და 1961-ე მუხლებით სარჩელის უზრუნველყოფის შეცვლასთან დაკავშირებით და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მცდარ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო განჩინება.

4.1.3. მოსარჩელე ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს სასამართლო და სარჩელის უზრუნველყოფა კანონთან შეუსაბამო - შპს „გ.ს–ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების აკრძალვის სახით მიიღოს. საჩივრის ავტორებმა ვერ შეამჩნიეს მოსარჩელე ე.ლ–ის მაქინაციები, მიენდნენ მის დანაპირებებს, რომ გააშენებდა ნუშის ბაღს, გადამამუშავებელ საწარმოს და სოლიდურ მოგებას მოუტანდა კომპანიებს. მაქსიმალური უფლებები მისცეს და მოცემული პირობის შესრულების მიზნით, მინდობილი მართვის ხელშეკრულებით 100% კორპორაციული უფლებები დაუთმეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ვადით. მან თავისი გეგმის მიხედვით, შპს „გ.ს–ის“ კუთვნილი მიწები, რომლის 100% წილის მფლობელი ქ.ძ–ია, ვითომდა თანხების მოზიდვის მიზნით დააყოფინა რვა კომპანიად, სადაც წილების მართვა გადაეცა ე.ლ–ის და მის მიერ შექმნილ შპს „ლ–კას“. მოსარჩელეს 06.03.2017 დადებულ მინდობილი მართვის ხელშეკრულებების თანახმად, აღებული ქონდა ვალდებულება უზრუნველყო თითოეული კომპანიის აღმავლობა, განვითარება და მოგების მიღება, რომლის დამადასტურებელი საფინანსო დოკუმენტაცია ხელშეკრულების პუნქტი 2.2 თანახმად, ყოველწლიურად უნდა წარმოედგინა კომპანიების დამფუძნებლებისათვის, წლიური შედეგების დასამტკიცებლად. ამის სანაცვლოდ მიიღეს კომპანიების მიზანმიმართული დაქსაქსვა, დასუსტება, გადახდისუუნაროდ ქცევა, კონტრაგენტების მიმართ ვალების შეგნებული წარმოშობა და სხვა. ე.ლ–ის დავალებით, ნუშის ნერგების შესყიდვაზე ხელშეკრულებები გაფორმდა ესტონური კომპანიასთან „მ.ტ–თან“ (M.T. O., kod 1420..). ესპანური ნუშის ნერგებზე ფასები საბაზროსთან შედარებით შეგნებულად გაბერილი იყო. ე.ლ–იმ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნერგების საფასური არ გადაუხადა ესტონურ კომპანიას, უღიარა მას ვალი და თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად, გირაოს სახით კომპანიის კუთვნილი მიწის ნაკვეთები გამოიყენა, მათ შორის შპს „გ.ს–ის“ კუთვნილი უძრავი ქონება. როგორც მინდობილ მმართველს - ლ–ის, ხელშეკრულების 1.5 და 2.1 პუნქტებით, არ ჰქონდა უფლება გაესხვისებინა ან გირავნობით დაეტვირთა კომპანიების კუთვნილი ქონება. გაირკვა, რომ ლ–იმ სპეციალურად მოიფიქრა ფინანასური მაქინაცია, ვინაიდან ესტონური კომპანიის უკან მისი აფილირებული პირები დგანან და უკრაინიდან არალეგალური გზებით მოპოვებული თანხების გათეთრება დაიწყო, რათა შეექმნა წინაპირობა ქართული მიწის თაღლითური გზით მისაკუთრებისა. რეალურად მან არ გააშენა ნუშის ბაღი და გადასამუშავებელი საწარმო; 150 ჰექტარზე მხოლოდ 7% არის გახარებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას ვალდებულების შესრულება კი არა, მიწის მისაკუთრება ჰქონდა მიზნად დასახული. ე.ლ–ი დონბასიდან, ქალაქ ლუგანსკიდან გამოქცეული უკრაინელი ჩინოვნიკია, რომელმაც რუსეთში მიიღო ისრაელის მოქალაქეობა. ინტერნეტ ქსელში მრავალი ფაქტია იმასა, თუ რა მაქინაციებით და რეიდერული გზებით აკოტრებდა ე.ლ–ი ადგილობრივ კომპანიებს და ეპატრონებოდა მათ. უკრაინაში პასუხისმგებლობას რომ გაქცეოდა, თანხები გადაიტანა ბალტიისპირეთში შექმნილ კომპანიებში, მათ შორის „მ.ტ–ში“. როგორც საჩივრის ავტორების კომპანიების მინდობილმა მმართველმა, შეგნებულად შექმნა გაბერილი ვალები, თანხა „მ.ტ–ს“ არ გადაუხადა და წარმოშვა პირობა აუქციონის გზით მათი კუთვნილი მიწების ნაკვეთების ხელში ჩაგდებისა. ამ გარემოებას ადასტურებს ისიც, რომ ე.ლ–ის ერთხელაც არ წარმოუდგენია 100%-იანი წილის მფლობელებისთვის ფინანსური ანგარიშები, დანიშნულ პარტნიორთა კრებებზე არ ცხადდება, არ აძლევს წვდომას ჩაატარონ ფინანსური აუდიტი, ვინაიდან როგორც დღევანდელი დირექტორი, არ აძლევს არანაირ დოკუმენტაციას და მისი მოპოვების საშუალებას. ე.ლ–ის დანაშულებრივ საქმიანობას და მაქინაციას ასევე ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მან მართველ კომპანიებში შპს „ლ–კას“ ბუღალტრად აიყვანა ჟ.ქ–ი, რომელსაც შეაქმნევინა შპს „მთაწმინდა“ (ს/კ ........), მას გადაუფორმა და მიყიდა 100% წილის მფლობელი ქ.ძ–ის შპს „ი–ზე“ რიცხული მიწის ნაკვეთი 64295 კვ.მ (საკადსტრო კოდი .....), მაშინ როცა მიწის გასხვისება ხელშეკრულებით აკრძალული აქვს. ნიშანდობლივია ისიც, რომ ჟ.ქ–ი ლ–ის დანიშნული ყავს „მ.ტ– ს–ოს“ წარმომადგენლად და მისი მეშვეობით ორგანიზებას უკეთებს კომპანიების კუთვნილი ქონების ფარული გზით დაპატრონებას. ამასთნ, ე.ლ–ის თაღლითურ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში.

4.1.4. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ამოწურვის საფუძველზე მისი განთავისუფლებისა, ლ–ი წილების მართვის უფლების გაგრძელებას ცდილობს ყველანაირი მეთოდით. გარიგებაში მყოფი პირების მეშვეობით ორგანიზებას უკეთებს საჩივრის ავტორების უფლებების შეზღუდვას, ყველა გზებით ცდილობს საშუალება არ მისცეს ცვლილება შეიტანონ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში, რათა მაქსიმალურად გაიხანგრძლივოს მართველობის უფლება და მოასწროს რაც შეიძლება მეტი ქონების გასხვისება კომპანიების ბალანსიდან, მის მიერ შექმნილ ცრუმაგიერ კომპანიებზე.

4.1.5. განჩინება რომელიც თბილისის სააპელაციო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2023 წლის 09 იანვარს (საქმე N2ბ/02-23) გამოიტანა და დააკმაყოფილა შპს „ო.ა - ს–ოს“ დირექტორის ე.ლ–ის მოთხოვნა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, იდენტურია იმ განჩინებისა, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიღო (2ბ/5582–22, 26.12.2022) და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასმართლოს განჩინება (N2/35218–21, 02.08.2022). განჩინებების შინაარსი კოლიზიურ გაუგებრობას ქმნის და შინაარსით ერთი და იგივე საკითხზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ, ორი განჩინებაა მიღებული. ამის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას უარი უნდა ეთქვა სარჩელის მიღებაზე. ამასთან, საჩივრის ავტორების მოსაზრებით არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, რადგან საქმის განხილვა საარბიტრაჟო სასმართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმებასთან დაკავშირებით არსებობს კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება (2/5582–22, 26.12.2022) და თბილისის საქალაქო სასმართლოს განჩინება (N2/35218-21, 02.08.2022).

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 მარტის განჩინებით, ქ.ძ–ის, ს.მ–ძის, დ.მ–ძის, ქ.ძ–ის, თ.ძ–ის, ა.ძ–ის, თ.ძ–ის და ი.თ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 იანვრის განჩინება და საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო, საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

5.1.სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დგინდებოდა მათ მიერ საარბიტრაჟო შეთანხმების ფაქტი, რომლის თანახმად წარმოშობილი დავა უნდა განეხილა ქ. სტოკჰოლმის სავაჭრო პალატას. თავის მხრივ, მითითებული არბიტრაჟის წესების 37-ე მუხლი ითვალისწინებდა საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ დროებითი ზომების გამოყენების შესაძლებლობას, თუმცა ამავე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილად მიიჩნია, რომ: „მხარის მიერ სასამართლო ორგანოს მიმართ დროებითი ზომების შესახებ მოთხოვნა არ არის შეუთავსებელი საარბიტრაჟო შეთანხმებასთან ან ამ წესებთან.“ ამდენად, თავად მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული არბიტრაჟის დებულების წესების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო განეხილა მხარის განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, რაც თავის მხრივ გამორიცხავდა საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებს.

5.2.ამასთან, სააპელაციო პალატის განმარტებით, ის გარემოება, ეწინააღმდეგებოდა თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობებს, ასევე შეასრულა თუ არა მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არ შეიძლებოდა კვლევის საგანი გამხდარიყო, რადგან სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე მოთხოვნის მართებულობის კვლევისას სასამართლო არ აფასებს მტკიცებულებებს და არ იკვლევს, თუ რამდენად დგინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, რამდენადაც მითითებული ,შესაძლოა განხორციელებულიყო არბიტრაჟის მიერ საქმის არსებითი განხილვისას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 მარტის განჩინება ქ.ძ–ის, ს.მ–ძის, დ.მ–ძის, ქ.ძ–ის, თ.ძ–ის, ა.ძ–ის, თ.ძ–ის და ი.თ–ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საქმე ქ.ძ–ის, ს.მ–ძის, დ.მ–ძის, ქ.ძ–ის, თ.ძ–ის, ა.ძ–ის, თ.ძ–ის და ი.თ–ის საჩივრის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საჩივრის ავტორების მოთხოვნების არსებით განხილვამდე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიზნად ისახავს საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ, საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ საარბიტრაჟო ინსტიტუტში (სტოკჰოლმის არბიტრაჟში) წარდგენილი სარჩელის უზრუნველყოფას.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ექვემდებარება თუ არა საქმე სასამართლოს უწყებრივად და აქვს თუ არა მას მოცემულ საქმეზე საერთაშორისო კომპეტენცია.

9. საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ინსტიტუტში წარდგენილია საარბიტრაჟო მოსარჩელის სარჩელი თითოეულ სამართავ კომპანიაში არსებულ 100%-იან წილებზე საკუთრების უფლების გადაცემის მოთხოვნით; დგინდება ისიც, რომ სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში საარბიტრაჟო ინსტიტუტის მიერ და შესაბამისი შეტყობინება გაეგზავნათ საარბიტრაჟო მოპასუხეებს. სააპელაციო პალატის მიერ, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, დადგენილია მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის ფაქტი, რომლის თანახმად, წარმოშობილი დავა უნდა განიხილოს ქ. სტოკჰოლმის სავაჭრო პალატამ. თავის მხრივ, მითითებული არბიტრაჟის წესების 37-ე მუხლი ითვალისწინებდა საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ დროებითი ზომების გამოყენების შესაძლებლობას, თუმცა ამავე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარის მიერ სასამართლო ორგანოს მიმართ დროებითი ზომების შესახებ მოთხოვნა არ არის შეუთავსებელი საარბიტრაჟო შეთანხმებასთან ან ამ წესებთან.

10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის თანახმად, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში, მიუხედავად საარბიტრაჟო განხილვის ადგილისა, სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილებანი, რაც სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.

11. ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხში უფლებამოსილი სასამართლოს (თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს) მიერ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის დებულებები გამოიყენება არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საარბიტრაჟო განხილვის ადგილი არის საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ იმ შემთხვევაშიც, როცა საარბიტრაჟო განხილვა საქართველოს ფარგლებს გარეთ მიმდინარეობს. ამასთან, ორივე შემთხვევაში, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნის სამართალი ან სამართლებრივი სისტემა აირჩიეს მხარეებმა მათ შორის წარმოშობილი დავის მოსაწესრიგებლად (სუსგ №ას-538-511-2013; 3 ივლისი, 2013 წელი).

12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოში საჩივარი წარმოდგენილია სწორედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად და განხილვის საგანია სააპელაციო სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების კანონიერება.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისთვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო, 411-ე მუხლით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

15. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს მოთხოვნა, სასამართლოს, განმცხადებლის მითითების საფუძველზე უნდა შეექმნას მყარი შინაგანი რწმენა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას. თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს სახელით გამოტანილ მართლმსაჯულების აქტს, რომელიც მოდავე მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად აწესრიგებს და მიმართულია სამ–ოდ (კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის) დაცული და აღიარებული უფლების რეალიზებისაკენ; წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის აღმოჩნდება, რომ შეუძლებელია სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგის განხორციელება, მართლმსაჯულება რეალურ მიზანს დაკარგავს.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, კანონმდებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის მტკიცების ტვირთს განმცხადებელს აკისრებს, თუმცა ადგენს, რომ სასამართლოს სწორედ საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ უზრუნველყოფილ იქნას სარჩელი. რაც შეეხება მტკიცების სტანდარტს, დასახელებული ნორმა განსაზღვრავს, რომ მხარემ უნდა მიუთითოს იმ სავარაუდო და მოსალოდნელ გარემოებაზე, რაც რეალურად გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხებისა თუ შეუძლებლობის წინაპირობა გახდება. ამასთან, აღნიშნულის სწორად გადაწყვეტის წინაპირობა, სწორედ უზრუნველყოფის ღონისძიების მართებულობის, მხარეთა ინტერესების შესაძლო შელახვისა და მოთხოვნის საფუძვლიანობის წინაპირობების ურთიერთშეჯერება და ერთობლივად განხილვა-გადაწყვეტაა.

17. იმავდროულად, ზემოაღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე, ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმეზე განპირობებული იურიდიული შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები გადაწყვეტილების აღუსრულებლობის, ან მისი აღსრულების გაძნელების დასაბუთებაში უნდა მდგომარეობდეს. სარჩელის უზრუნველყოფის არსიდან გამომდინარე, სასამართლო არჩევს უზრუნველყოფის ღონისძიებას სასარჩელო მოთხოვნის ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე.

19. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ პირველ რიგში უნდა განსაზღვროს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა რეალურად იქონიებს თუ არა გავლენას გადაწყვეტილების აღსრულებაზე, ანუ, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება კავშირში უნდა იყოს განმცხადებლის მოთხოვნასთან და უნდა უზრუნველყოფდეს მას; ესე იგი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების შემთხვევაში, უნდა იწვევდეს მოსარჩელის დარღვეული უფლებების სრულ და რეალურ აღდგენას.

20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა ჩამონათვალს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის მიხედვით, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაშვებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის რამდენიმე სახე (ძალადაკარგულია მე-3 ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როდესაც ამ ღონისძიების შედეგად დაცული სიკეთე არ აღემატება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მოწინააღმდეგე მხარისთვის მიყენებულ ზიანს) (ძალადაკარგულია მე-3 ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს დროებითი მმართველისთვის მასობრივი ინფორმაციის საშუალების სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილებების მინიჭებას).

21. ამდენად, მართალია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებების გარდა, სასამართლოს უფლება აქვს გამოიყენოს სხვა სახის ღონისძიებებიც და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ჩამონათვალთან მიმართებით არ მოქმედებს „Numerus clausus“ პრინციპი, მაგრამ ხსენებული საპროცესო დანაწესი უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ სასამართლო უზრუნველყოფის კრიტიკული აუცილებლობისა და მხარეთა ინტერესების დაბალანსების გზითაა ვალდებული განსაზღვროს, თუ რომელი ზომა უნდა იქნეს გამოყენებული კონკრეტულ შემთხვევაში.

22. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

23. კერძოსამართლებრივი დავების განხილვისას და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკანონმდებლო ნორმების ინტერპრეტირებისას სამართალშემფარდებელმა უნდა გაითვალისწინოს ის შედეგი, რომელიც გადაწყვეტილებამ შეიძლება იქონიოს კონსტიტუციური უფლებების რეალიზებაზე და არ უნდა დაუშვას სამართალწარმოების ერთი მხარისთვის სარგებლის მინიჭება სხვა პირთა კონსტიტუციური უფლების, გაუმართლებელი შეზღუდვის ხარჯზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675.681 გადაწყვეტილება საქმეზე ,,შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2’’ და ,,შპს ტელეკომპანია საქართველო’’ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-82). უფლების შეზღუდვის საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს მხარის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).

24. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ პირველ რიგში უნდა განსაზღვროს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა რეალურად იქონიებს თუ არა გავლენას გადაწყვეტილების აღსრულებაზე, ანუ, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება კავშირში უნდა იყოს განმცხადებლის მოთხოვნასთან და უნდა უზრუნველყოფდეს მას; ესე იგი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების შემთხვევაში, უნდა იწვევდეს მოსარჩელის დარღვეული უფლებების სრულ და რეალურ აღდგენას.

25. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორი მიუთითებს და საჩივრის ავტორებიც სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ინსტიტუტში წარდგენილი საარბიტრაჟო სარჩელის მოთხოვნებს წარმოადგენს მოსარჩელე შპს „ო.ა-ს–ოს“ (ს/ნ .......) საკუთრებაში აღირიცხოს: ა) შპს „გ.ს–ის“ (ს/ნ ........) საწესდებო კაპიტალში ქ.ძ–ის (პ/ნ .....) საკუთრებად რეგისტრირებული 100%-იანი წილი; ბ) შპს „მ–ის“ (ს/ნ ........) საწესდებო კაპიტალში თ.ძ–ის (პ/ნ ........) საკუთრებად რეგისტრირებული 100%-იანი წილი; გ) შპს „მ–ის“ (ს/ნ........) საწესდებო კაპიტალში - დ.მ–ძის (პ/ნ ........) საკუთრებად რეგისტრირებული 100%-იანი წილი; დ) შპს „მ–ის“ (ს/ნ ........) საწესდებო კაპიტალში ა.ძ–ის (პ/ნ .........) საკუთრებად რეგისტრირებული 100%-იანი წილი; ე) შპს „მ–ის“ (ს/ნ ........) საწესდებო კაპიტალში ს.მ–ძის (პ/ნ ........) საკუთრებად რეგისტრირებული 100%-იანი წილი; ვ) შპს „ი–ის“ (ს/ნ........) საწესდებო კაპიტალში ქ.ძ–ის (პ/ნ ........) საკუთრებად რეგისტრირებული 100%-იანი წილი; ზ) შპს „ი–ის“ (ს/ნ........) საწესდებო კაპიტალში თ.ძ–ის (პ/ნ........) საკუთრებად რეგისტრირებული 100%-იანი წილი; თ) შპს „მ–ის“ (ს/ნ........) საწესდებო კაპიტალში ი.თ–ის (პ/ნ .......) საკუთრებად რეგისტრირებული 100%-იანი წილი, ხოლო, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით განმცხადებელი ითხოვს დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში იმ ცვლილების განხორციელების აკრძალვას, რომელიც გულისხმობს შპს „გ.ს–ში“ (ს/ნ ........), შპს „მ–ში“ (ს/ნ........), შპს „მ–ში“ (ს/კ ........), შპს „მ–ში“ (ს/ნ ........), შპს „მ–ში“ (ს/ნ ........), შპს „ი–ში“ (ს/ნ........), შპს „მ–ში“ (ს/ნ........), შპს „ი–ში“ (ს/ნ........) წილის მმართველად შპს „ო.ა-საქართველოს“ (ს/ნ ........) რეგისტრირებული მონაცემის გაუქმებას.

26. ზემოაღნიშნული შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა, რაც მოწინააღმდეგე მხარეთა საჩივრის განხილვის ფარგლებშიც, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 მარტის განჩინებით.

27. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის თაობაზე მოსარჩელის მოტივაცია ძირითადად აგებულია და ემყარება იმ გარემობას, რომ უშუალოდ ქ.ძ–ი და ასევე, დანარჩენი მოპასუხეები ქ.ძ–ის კარნახით ხელმძღვანელობისა და კონტროლის პირობებში, შეეცდებიან მართვაში გადაცემული კომპანიების პარალიზებას, ამ კომპანიების ქონებების გადამალვას, გასხვისებას და დაზიანებას, რაც მინდობილი მართველისათვის გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს. მითითებულ დასაბუთებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლში მოხსენიებული „გამოუსწორებელი და პირდაპირი ზიანი“, რომლის არსებობის ან წარმოშობის საფრთხეც უნდა შეაფასოს სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობაზე მსჯელობისას, უნდა უკავშირდებოდეს სასამართლოს მიერ კონკრეტულ დავაზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლო ხელშეშლას და შეფასდეს მხოლოდ ამ თვალსაზრისით. პალატა აღნიშნავს, რომ აქ არ იგულისხმება ზოგადად ყველა პოტენციური ზიანი, რომელიც შეიძლება მოდავე მხარეებს მიადგეთ მათი ურთიერთობიდან (ანალოგიურ განმარტებას შეიცავს სუსგ საქმეზე №ას-1016-2021, 25/05/2022 წ.), არამედ, მოსარჩელე უნდა ადასტურებდეს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გამოიწვევს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლას იმგვარად, რომ მოსარჩელეს მიადგება გამოუსწორებელი და პირდაპირი ზიანი ან ისეთ ზიანი, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.

28. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის მოტივაცია უმთავრესად მდგომარეობს მართვაში გადაცემული კომპანიების სახელზე რიცხული ქონებების გადამალვის, გასხვისებისა და დაზიანების საფუძველზე, მ–ში ამ კომპანიების პარალიზების, მათი ფუნქციონირების გართულების თავიდან აცილებაში და არა წინამდებარე საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების ხელისშემშლელი რისკების განეიტრალებაში. საყურადღებოა ისიც, შუამდგომლობის ავტორის მსგავსად, საჩივრის ავტორებიც, საარბიტრაჟო მოსარჩელის მხრიდან სამართავად გადაცემული კომპანიებისათვის ხელოვნურად ზიანის (სამართავად გადაცემული კომპანიებისათვის მხოლოდ ზარალის მოტანა, ხელოვნური საფინანსო ვალდებულებების შექმნა; მათ მიერ შექმნილ ცრუმაგიერ კომპანიებზე სამართავად გადაცემული კომპანიების ქონებების გასხვისება) მიყენებაზე აპელირებენ იმ შემთხვევაში, თუ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ამ სახით იქნება შენარჩუნებული. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია, რომელიმე მხარის მხრიდან კომპანიებისათვის ზიანის მიყენების ფაქტი საქმის არსებითი განხილვის შედეგად გადასაწყვეტ საკითხთა წრეს მიეკუთვნება, რაც საქმეში წარდგენილ მტკიცებულებათა სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის შედეგად გადაწყდება, თუმცა, როდესაც ორივე მხარე ასეთი რისკების არსებობაზე მიუთითებდნენ, სააპელაციო პალატას უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი, სამართლებრივი უსაფრთხოების, უზრუნველყოფის კრიტიკული აუცილებლობის, მხარეთა ინტერესების დაბალანსებისა და ინტერესთა ოპტიმალური დაკმაყოფილების პრინციპების მხედველობაში მიღებით, უნდა შეეფასებინა.

29. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, სარჩელის უზრუნველყოფის ინტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, თუმცა მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, დაცული უნდა იქნეს მოპასუხის ინტერესებიც. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოს სასამართლო წესით სამ–ოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორ მოპასუხის უფლებები) შორის. უფლების დროებით შეზღუდვის დროს მნიშვნელოვანია გონივრული ბალანსის დაცვა დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის“ (შდრ. სუსგ 2015 წლის 6 თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-114-107-2015; სუსგ №ას-1586-2018, 26 ოქტომბერი, 2018 წ.).

30. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 06 მარტსა და 2017 წლის 27 მარტს, რვავე კომპანიის კორპორატიული უფლებების მართვასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებებით, მხარეებმა გაითვალისწინეს ერთნაირი შინაარსის პუნქტები, რომელიც შეეხება ხელშეკრულებების მოქმედების ვადას და მისი გაგრძელების პირობებს. კერძოდ, ხელშეკრულებების მიხედვით, მხარეებმა ვადის გაგრძელების შესაძლებლობა დაუკავშირეს კორპორაციული უფლებების მართვის პროგნოზირებად შედეგს; შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოთხოვნილია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში იმ ცვლილების განხორციელების აკრძალვა, რომელიც გულისხმობს რვავე კომპანიაში შპს „ო.ა-ს–ოს“ (ს/ნ ......) რეგისტრირებული მონაცემის გაუქმებას, ხოლო, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, იმთავითვე განსაზღვრული იყო, რომ მმართველობის უფლების გაგრძელება დამოკიდებულია მართვის პროგნოზირებად შედეგებთან, სააპელაციო პალატას უნდა შეეფასებინა, მითითებული სახით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ხომ არ გამოიწვევდა მოპასუხეთა ინტერესების გაუმართლებელ, არაპროპორციულ შეზღუდვას.

31. ამასთან, საარბიტრაჟო სასარჩელო მოთხოვნისა (თითოეულ სამართავ კომპანიაში არსებულ 100%-იან წილებზე საკუთრების უფლების გადაცემა) და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძვლად მითითებული მოტივაციის (კომპანიების სახელზე რიცხული ქონებების გადამალვის, გასხვისებისა და დაზიანების თავიდან არიდება) მხედველობაში მიღებით, შეფასებას ექვემდებარებოდა საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ, მითითებული სახით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, იყო თუ არა უალტერნატივო იმ სიკეთის დასაცავად, რომლის დაცვის მიზნითაც იქნა უზრუნველყოფა გამოყენებული; ანუ, სააპელაციო პალატას უნდა განესაზღვრა, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება იყო თუ არა კავშირში განმცხადებლის მოთხოვნასთან, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, უალტერნატივოდ უზრუნველყოფდა თუ არა გადაწყვეტილების აღსრულებას მაშინ, როდესაც რვავე კომპანიის საკუთრებაში ირიცხება სხვადასხვა უძრავი ქონება (რომელთა გადამალვის, გასხვისების და დაზიანების თავიდან არიდებასაც ემსახურებოდა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის წარდგენა შუამდგომლობის ავტორის განმარტებითვე) და გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების შემთხვევაში, გამოიწვევდა თუ არა მოსარჩელის დარღვეული უფლებების სრულ და რეალურ აღდგენას, რაც სააპელაციო პალატას არ განუხორციელებია.

32. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის განჩინება არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ინსტიტუტში წარდგენილი საარბიტრაჟო სარჩელის სასარჩელო მოთხოვნების პირობებში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება იმ სახით, რა სახითაც ამას მოსარჩელე მოითხოვს, უზრუნველყოფს თუ არა მხარეთა ინტერესების ოპტიმალურ დაკმაყოფილებას, ხომ არ გამოიწვევს მოპასუხეთა ინტერესების გაუმართლებელ, არაპროპორციულ შეზღუდვას; ასევე, წარმოადგენს თუ არა კონკრეტულად ამ საქმეზე მოსარჩელის მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მისი აღსრულება რატომ იქნება შეუძლებელი მითითებული სახით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე, ანუ მითითებული სახით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, არის თუ არა უალტერნატივო იმ სიკეთის დასაცავად, რომლის დაცვის მიზნითაც იქნა გამოყენებული.

33. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ შპს „გ.ს–ის“ (ს/კ ........) 100%-იანი წილის მფლობელის - ქ.ძ–ის, შპს „მ–ის“ (ს/კ ........) 100%-იანი წილის მფლობელის - ს.მ–ძის, შპს „მ–ის“ (ს/კ........) 100%-იანი წილის მფლობელის - დ.მ–ძის, შპს „ი–ის“ (ს/კ........) 100%-იანი წილის მფლობელის - ქ.ძ–ის, შპს „ი–ის“ (ს/კ........) 100%-იანი წილის მფლობელის - თ.ძ–ის, შპს „მ–ის“ (ს/კ ........) 100%-იანი წილის მფლობელის - ა.ძ–ის, შპს „მ–ის“ (ს/კ ........) 100%-იანი წილის მფლობელის - თ.ძ–ის და შპს „მ–ის“ (ს/კ........) 100%-იანი წილის მფლობელის ი.თ–ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 მარტის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საქმე საჩივრის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ.ძ–ის, ს.მ–ძის, დ.მ–ძის, ქ.ძ–ის, თ.ძ–ის, ა.ძ–ის, თ.ძ–ის და ი.თ–ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განჩინება ქ.ძ–ის, ს.მ–ძის, დ.მ–ძის, ქ.ძ–ის, თ.ძ–ის, ა.ძ–ის, თ.ძ–ის და ი.თ–ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას დაუბრუნდეს საქმე ქ.ძ–ის, ს.მ–ძის, დ.მ–ძის, ქ.ძ–ის, თ.ძ–ის, ა.ძ–ის, თ.ძ–ის და ი.თ–ის საჩივრის ხელახლა განსახილველად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე