საქმე №ა-4407-შ-116-2023 5 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ.ჩ–ია
პეტიცია, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 სექტემბრის პეტიცია
დავის საგანი – სახელის შეცვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 სექტემბრის პეტიციის თანახმად, ნ.ჩ–იას (დაბადებული საქართველოში, ქალაქ თბილისში, 26.04.1992წ.) განცხადება სახელის შეცვლის თაობაზე დაკმაყოფილდა, კერძოდ, მისი სახელი და გვარი - ნ.ჩ–ია შეიცვალა და მიეთითა ნ.ჩ–ია.
2. 2023 წლის 15 აგვისტოს ნ.ჩ–იამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 სექტემბრის პეტიციის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აგვისტოს განჩინებით ნ.ჩ–იას დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 სექტემბრის პეტიციის დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, ასევე, შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დადასტურდება, რომ პეტიცია კანონიერ ძალაშია შესული.
5. ზემოაღნიშნული განჩინების მხარისათვის გაგზავნამდე, ნ.ჩ–იამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, აღნიშნა, რომ იხმობს შუამდგომლობას, მოითხოვა შუამდგომლობის განუხილველად დატოვება და დოკუმენტების დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. შესაბამისად, მასვე შეუძლია განიხილოს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის შესახებ განცხადების გამოხმობის შუამდგომლობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
8. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
9. სსსკ-ის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია). საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე რომ, სსსკ პირდაპირ არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განმცხადებლის თხოვნით განუხილველად დატოვების შესაძლებლობას. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა იხელმძღვანელოს იმ ნორმებით რომლებიც არეგულირებენ სარჩელის გამოხმობის სამართლებრივ შედეგებს.
10. სსსკ-ის 831 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისთვის დაბრუნების თაობაზე. დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს შუამდგომლობის გამოხმობა ისე, რომ სამომავლოდ მხარე უარს არ განაცხადებს სასამართლოსათვის წარდგენილ მოთხოვნაზე (იხ.: სუსგ-ები №ა-1187-შ-23-2021, 16.04.2021წ., №ა-1255-შ-27-2021, 23.04.2021წ.).
11. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი ითხოვს შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას (იხმობს შუამდგომლობას). საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ გამოხმობის განცხადება წარმოდგენილია შუამდგომლობის წარმოებაში მიღებამდე, შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორს არ სურს დაწესებული ხარვეზის შევსება და მისი შუამდგომლობის განხილვა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს, ხოლო განმცხადებელს უნდა დაუბრუნდეს შუამდგომლობაზე დართული მასალები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.ჩ–იას განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. ნ.ჩ–იას შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 სექტემბრის პეტიციის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად;
3. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს შუამდგომლობაზე დართული მასალები;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე