Facebook Twitter

საქმე №ას-681-2023 7 ივლისი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ს.გ–ძე, ე.ჯ–ია (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ს.გ–ძისა (შემდეგში: პირველი მოსარჩელე) და ე.ჯ–იას (შემდეგში: მეორე მოსარჩელე) სარჩელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან სააგენტო) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა; სააგენტოს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ - 29 400 ლარის ანაზღაურება, ხოლო მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ - 137 200 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მარტის განჩინებით სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. პირველი მოსარჩელის საკუთრებაში, 2017 წლის 7 მარტიდან, ირიცხებოდა ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, 300 კვ.მ. ფართობის უძრავი ნივთი (მდებარე: ზუგდიდი რაიონი, სოფელი .....; იხ. 2017 წლის 18 მაისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);

3.2. მეორე მოსარჩელის საკუთრებაში, 02/03/2016 წლიდან და 03/05/2015 წლიდან, ირიცხებოდა ...... და ......... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული, 400 კვ.მ და 1000 კვ.მ ფართობის უძრავი ნივთები (მდებარე: ზუგდიდი რაიონი, სოფელი ......; იხ. 2016 წლის 02 მარტის ამონაწერები საჯარო რეესტრიდან);

3.3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით (საქმეზე №3/151-17) სააგენტოს განცხადება დაკმაყოფილდა და სააგენტოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნით, ზემოქმედების ზოლში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრის სათანადო კომპენსაციით უზრუნველყოფის აუცილებელი პირობით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება, მათ შორის, მეორე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა (მისამართი - ზუგდიდის რაიონი, სოფელი ......, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №......; მისამართი - ზუგდიდის რაიონი, სოფელი ......, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №......) და პირველი მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მისამართი - ზუგდიდის რაიონი, სოფელი ......, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ........);

3.4. სახელმწიფოს საკუთრებად აღირიცხა №......, №.... და №...... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთები (მდებარე: ზუგდიდი რაიონი, სოფელი ......);

3.5. სააგენტოს დაკვეთით შპს ,,დ.ზ. და გ.ს.ს.ც - გ–ის’’ მიერ განხორციელებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განსახლების სამოქმედო გეგმის 2016 წლის 15 ნოემბრის შეფასების ანგარიშის შესაბამისად, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად განსაზღვრული ღირებულების საბოლოო მაჩვენებელი დაიყო 4 ჯგუფად, საიდანაც პირველ ჯგუფში შემავალი მიწის ნაკვეთები შეფასდა 109 ლარად (1 კვ.მ.). აღნიშნული შეფასების საწინააღმდეგოდ მოსარჩელეებმა წარადგინეს შპს ,,ა-ე–ოს’’ დასკვნა, რომლის მიხედვითაც 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულება განისაზღვრა 207 ლარით;

3.6. 2017 წლის 10 მაისის №219-01 გამოსყიდვის შეთავაზების წერილით პირველ მოსარჩელეს, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ .....) სანაცვლოდ, შესთავაზეს - 32 700 ლარი, რაზეც მან განაცხადა უარი. ეს თანხა მოსარჩელეს ჩაერიცხა ანგარიშზე; 2017 წლის 24 მარტის №129-01 გამოსყიდვის შეთავაზების წერილით მეორე მოსარჩელეს, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ .....) სანაცვლოდ, შესთავაზეს - 43 600 ლარი, რაზეც მან უარი განაცხადა. ეს თანხა მოსარჩელეს ანგარიშზე ჩაერიცხა; 2017 წლის 24 მარტის №130-01 გამოსყიდვის შეთავაზების წერილით მეორე მოსარჩელეს, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ .....) სანაცვლოდ, შესთავზეს 109 000 ლარი, რაზედაც მან განაცხადა უარი. ეს თანხა მოსარჩელეს ანგარიშზე ჩაერიცხა.

4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, მოპასუხის სააპელაციო პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის: არ დაკითხა ექსპერტი, არ დანიშნა განმეორებითი ექსპერტიზა და არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელეებისათვის, მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ექსპროპრიაციის გზით ჩამორთმევის სანაცვლოდ, სააგენტოს მიერ შპს „დ.ზ. და გ.ს.ს.ც გ–ის“ დასკვნით დადგენილი ტარიფების მიხედვით, კომპენსაციის სახით ჩარიცხული თანხები ვერ უზრუნველყოფდა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვის გამართლებას.

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მესამე პუნქტზე, რომლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. საექსპროპრიაციო ქონების ღირებულების განსაზღვრის საკითხს აწესრიგებს „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მესაკუთრე უფლებამოსილია, თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით. ამასთან, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან საკომპენსაციო თანხაზე, იმავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს, სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნისა და მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ ქონების მესაკუთრისათვის გადასაცემი კომპენსაციის საბოლოო შეფასებას ახორციელებს სასამართლო.

6. ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ექსპროპრიაციის აუცილებელი შემადგენელი ელემენტია მესაკუთრისთვის სათანადო ანაზღაურების გადახდა. ანაზღაურების ოდენობის სათანადოობა კი, პირველ ყოვლისა, დადგენილ უნდა იქნეს ექსპერტის შეფასების მიხედვით. სწორედ ექსპერტის დასკვნის გათვალისწინებით უნდა შესთავაზოს ექსპროპრიატორმა მესაკუთრეს კომპენსაცია და შეუთანხმდეს მის ოდენობაზე. ამასთან, მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობა სასამართლოში საექსპროპრიაციო ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით სარჩელის წარმოდგენისა და კომპენსაციის ოდენობის სასამართლოს მიერ განსაზღვრის საფუძვლებს ქმნის.

7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „ექსპერტის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ამასთან, ექსპერტი პროცესის მონაწილე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს. საბოლოოდ, სასამართლო განსაზღვრავს ექსპერტის დასკვნის იურიდიულ ძალას და ამ მტკიცებულების შეფასების შედეგად ადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს (შდრ. სუსგ-ას №ას-940-2021, 1.12.2021 წ.).

8. განსახილველ შემთხვევაში ექსპროპრირებული სადავო ნივთების ღირებულების განსაზღვრა, მოსარჩელეების მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა.

9. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა, რომ „სპეციალური კანონი“ ექსპროპრიაციას, როგორც სწორედ ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინს, შემდეგნაირად განმარტავს: კონსტიტუციისა და ამავე კანონის შესაბამისად, საკუთრების ჩამორთმევა ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით. აღნიშნული სამი სავალდებულო საფუძვლის დადგენა, კომპენსაციის განსაზღვრისას, მიზნად ისახავს კერძო მესაკუთრის ინტერესის დაბალანსებას, როდესაც მას, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ჩამოერთმევა უფლება საკუთრებაზე. ექსპროპრიაციის აუცილებელ წინაპირობებს განსაზღვრავსსპეციალური კანონის მე-6 მუხლი, რომელიც იმპერატიულად ადგენს, რომ ექსპროპრიატორი წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ამავე ნორმით დადგენილია ექსპროპრიატორის ვალდებულება, განახორციელოს ყველა სათანადო ღონისძიება, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. დეტალურადაა დადგენილი ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორის მიერ გასატარებელი ღონისძიებები, ქონების მესაკუთრესთან მოლაპარაკების დაწყებამდე, ქონების შეძენისათვის წინადადებების შეთავაზების წესი. კომპენსაციის სახით შეთავაზებული სხვა ქონების საბაზრო ღირებულება ან საკომპენსაციო თანხა უნდა იყოს წინასწარი, სრული და სამართლიანი (იხ. სუსგ Nას-727-695-2014,15.07.2016წ.).

10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლოდ კომპენსაციის სამართლიან კომპენსაციამდე გასათანაბრებელი თანხის განსაზღვრის დროს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ქონების არა მარტო არსებული დანიშნულების მიხედვით გამოყენების შესაძლებლობა, არამედ ქონების პოტენციური გამოყენების შესაძლებლობაც, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ქონების ჩამორთმევა საკუთრების უფლების შეზღუდვას წარმოადგენს და დაცულია ევროპული კონვენციის N 1 დამატებითი ოქმით (შეად. სუსგ-ას №-ას-1133-2019, 30.07.2021წ.).

11. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე JAHN AND OTHERS v. GERMANY განმარტა, რომ საკუთრების თავისუფლად სარგებლობაში ჩარევისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი საზოგადოების საჯარო ინტერესებსა და კერძო პირის ფუნდამენტური უფლების დაცვის მოთხოვნილებებს შორის. უნდა არსებობდეს პროპორციულობის გონივრული ურთიერთმიმართება გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის, როდესაც ხდება ისეთი ზომების მიღება, რომლებიც ეხება საკუთრების უფლების ჩამორთმევას ან შეზღუდვას. ანაზღაურების პირობები არის ხელშესახები იმის შეფასებისას - მიღებული ზომები იცავს, თუ არა, აუცილებელ სამართლიან ბალანსს და ხომ არ აკისრებს განმცხადებელს არაპროპორციულ ტვირთს. ცალსახაა, რომ კომპენსაციის ოდენობის დადგენა, ექსპროპრიაციას დაქვემდებარებულ უძრავი ქონებების შეფასების, მათი საბაზრო ღირებულების განსაზღვრის, მასზე აღმოცენებული სიკეთეების შეფასების გარეშე, მხოლოდ მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, შეუძლებელია. შესაბამისად, სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება, სპეციალური ცოდნის მქონე ექსპერტის მიერ ჩატარებული ექსპერტიზისა და მის მიერ შედგენილი დასკვნის გარეშე შეუძლებელია, აღნიშნული დოკუმენტი განსახილველ დავაში მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს.

12. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით სრულად გასაზიარებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელეების მხრიდან წარმოდგენილ საექსპერტო დასკვნაში ინდივიდუალურად არის შეფასებული მოსარჩელეების მიწის ნაკვეთები, უფრო დეტალურად არის აღნიშნული ნაკვეთების მახასიათებლები, ყურადღება გამახვილებულია ურბანული განვითარების იმ პერსპექტივაზე, რომელიც მოსარჩელეების კუთვნილ ფართებს კომერციული მიზნებისთვის ვარგის მიწის ნაკვეთად წარმოაჩენს. აღნიშნული დასკვნის თანახმად, რაიონის დანიშნულებაა საკურორტო ტურისტული, მიწის ნაკვეთი არის ზღვის პირას, ტრანსპორტით მისადგომობა შეუზღუდავი, ტრანსპორტით მოძრაობის ინტენსივობა სეზონურად მაღალი, ფეხით მოსიარულეთა რაოდენობა სეზონურად ბევრი, უძრავი ქონების გამოყენების ტენდენციები შერეული, ნაკვეთის გამოყენება შეიძლება როგორც საცხოვრებელი, ასევე სასოფლო-სამეურნეო და საკურორტო მიზნებისთვის. მოპასუხის დასკვნისგან განსხვავებით, მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილ დასკვნაში არ აღნიშნულა, რომ ნაკვეთი ჭაობიანია, გარდა ამისა, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შეფასებაში ძალიან ზოგადად არის მითითებული მიწის ნაკვეთების კომერციული პოტენციალის შესახებ, მაშინ როდესაც რაიონის დანიშნულების გათვალისწინებით (საკურორტო ტურისტული) მიწის ნაკვეთის ზღვასთან სიახლოვე, ტრანსპორტით ადვილად მისადგომობა, სეზონურად მაღალი ინტენსივობის მოძრაობა, თავის მხრივ, ზრდის ნაკვეთის საბაზრო ფასს. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის“ შესახებ საქართველოს კანონი ექსპროპრიატორის მხრიდან სწორედაც რომ საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას მოითხოვს, რათა კომპენსაცია იყოს წინასწარი, სრული და სამართლიანი.

13. რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარდგენილ დასკვნას, ასევე გასაზიარებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ უძრავი ქონების შეფასების დოკუმენტი ზოგადი ხასიათისაა, იგი კონკურენციას ვერ გაუწევს მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც იძლევა სადავო უძრავი ნივთების მახასიათებლების დეტალურ აღწერასა და შეფასებას. ამასთან, მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი დასკვნები დროში უფრო ახლოსაა კომპენსაციის შეთავაზების დროსთან, რომელიც მეორე მოსარჩელესთან 2017 წლის 24 მარტს, ხოლო პირველ მოსარჩელესთან – 2017 წლის 24 მაისს განხორციელდა, მაშინ, როდესაც მოპასუხის შეფასება შედგენილია 2016 წლის ნოემბერში, ე.ი. შეთავაზებამდე 4-6 თვით ადრე.

14. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საგულისხმოა ის ფაქტორიც, რომ ანაკლიის ტერიტორიაზე დაგეგმილი მეგაპროექტის არსებობისა და მისი განხორციელებისთვის გადადგმული ნაბიჯების შესახებ, ინფორმაციის გავრცელების გათვალისწინებით, სავსებით დასაშვებია, რომ 4-დან 6-თვემდე პერიოდში მნიშვნელოვნად გაზრდილიყო ...... უძრავი ქონების ღირებულების მაჩვენებლები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში ამ გარემოებაზე მიუთითა შპს ,,ა.ე–ოს’’ ექსპერტმაც.

15. აპელანტის პრეტენზიასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ექსპერტის დაკითხვის საჭიროება წარმოიშობა იმ შემთხვევაში, როდესაც ექსპერტის დასკვნის შესაფასებლად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს საექსპერტო დასკვნაში ასახული საკითხების დაზუსტებას ან/და უფრო მეტად დეტალურ განმარტებას. გასაზიარებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა სასამართლო სხდომაზე ექსპერტისათვის ახსნა- განმარტების ჩამორთმევის საჭიროება, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადასაწყვეტად საქმეში შესატყვისიმტკიცებულება -მოსარჩელეების მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნა არსებობდა, რომელიც ექსპროპრიაციის დროს არსებულ ვითარებას და რეალურ საბაზრო ღირებულებას ასახავდა.

16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

16.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე სააგენტომ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი).

16.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივნისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები: N ას-804-2019, 19.03.2021წ; N ას-592-2019, 14.07.2021წ; N ას-1133-2019, 30.07.2021წ; N ას-940-2021, 1.12.2021წ; N ას-1152-2021, 31.01.2022წ; N ას-1349-2019, 20.04.2022წ; N ას-688-2022, 20.09.2022წ; N ას-879-2021, 2710.2022წ: ნას-796-2022, 24.11.2022წ.).

20. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მოხმობილი ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოთა პრაქტიკას (იხ. ამ განჩინების 9-11 პუნქტები) და დამატებით აღნიშნავს, რომ საკუთრების ჩამორთმევისას საერთაშორისო სამართალი, მსგავსად შიდა სამართლებრივი მოწესრიგებისა, ადგენს სამართლიანი კომპენსაციის გაცემის აუცილებლობას (იხ. ევროკონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი).

21. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 105-ე მუხლზე, რომლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

22. სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების თაობაზე საყოველთაოდ აღიარებული პრინციპია და იგი მომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის ძალითაც მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. კანონის დანაწესი, რომ არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს, გულისხმობს იმას, რომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, მიუხედავად დოკუმენტის გამცემი ორგანოს კომპეტენციისა, სასამართლომ უნდა შეამოწმოს და გამოიკვლიოს. აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს სსსკ-ის მე-4 და მე-5 მუხლებიდანაც, რომლებიც შეჯიბრებითობისა და მართლმსაჯულების განხორციელებისას სასამართლოს წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპებს განამტკიცებენ. სამართალწარმოების მხარის უფლება, წარადგინოს თავისი არგუმენტაცია და მტკიცებულებები განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, იმავდროულად, წარმოშობს სასამართლოს ვალდებულებას, ამ მტკიცებულებათა დასაშვებობისა და განკუთვნადობის პრინციპით მიღებაზე და შემდეგ მისი კანონით დადგენილი წესით შემოწმებასა და შეფასებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ, ვინაიდან სამართალწარმოების მხარეები სარგებლობენ სამართლებრივ საშუალებათა თანასწორობის პრინციპით, ხოლო სასამართლოსათვის წინასწარ არცერთი მტკიცებულების მნიშვნელობა და უპირატესი იურიდიული ძალა არ არის დადგენილი, სადავოობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, ფაქტობრივად კი ვალდებული, შეამოწმოს მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების უტყუარობა ამ ფაქტების საწინააღმდეგოდ მოდავე მხარის მიერ წარმოდგენილ ფაქტებთან ურთიერთშეჯერებით და, შესაბამისად, შეფასება მისცეს მათ: გაიზიაროს ან არ გაიზიაროს მტკიცებულებით დადასტურებული ესა თუ ის ფაქტობრივი გარემოება (იხ. სუსგ №ას-579-554-2016, 28.12.2016 წ.).

23. ექსპროპრიაციისას ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციის განსაზღვრისას სასამართლო არ არის შებოჭილი მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნებით, არამედ სასამართლომ შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით უნდა მიიღოს მხარეთა პოზიციები და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები და საბოლოოდ, მტკიცებულებათა ერთობლივი შესწავლით განსაზღვროს ქონების სამართლიანი ღირებულება (სუსგ Nას-592-2019, 30.06.2021წ.)

24. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ექსპერტიზის ჩატარება და დასკვნის სასამართლოში წარდგენა მხარის საპროცესო უფლებაა. საბოლოოდ, როგორც სხვა მტკიცებულებების, ასევე, ექსპერტის დასკვნის იურიდიული ძალას აფასებს სასამართლო. რაც შეეხება ექსპერტის დასკვნის იურიდიულ ძალას, იგი თანაბარი იურიდიული ძალის მქონეა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან მიმართებით. ამ შემთხვევაშიც სსსკ-ის 105-ე მუხლის მიხედვით, მოქმედებს მტკიცებულებათა სასამართლოს შინაგანი რწმენის საფუძველზე შეფასების პრინციპი. სსსკ-ის 172-ე მუხლის მიხედვით, მოსამართლე არ არის დამოკიდებული ექსპერტის აზრზე. ექსპერტის დასკვნისათვის, როგორც მტკიცებულების წყაროსათვის, მნიშვნელოვანია, რომ ის წარმოადგენდეს საპროცესო კოდექსით ნორმატიულად დადგენილ წესებს დაქვემდებარებულ დოკუმენტს, ყურადღება უნდა მიექცეს კვლევის მეთოდებს, საკვლევ მასალას და სხვადასხვა სპეციფიკურ დეტალებს, გამომდინარე ჩატარებული ექსპერტიზის სახეობიდან. შესაბამისად, ექსპერტის დასკვნის შეფასება ხდება ზოგადად მტკიცებულებების შეფასებისათვის დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით. მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევა კი, გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას. ექსპერტის დასკვნის მტკიცებულებითი ძალა დამოკიდებულია მთელ რიგ პროცედურულ ასპექტებზე, კერძოდ, სწორად გაიგო თუ არა ექსპერტმა დასმული კითხვა და რამდენად სწორად არის ეს გადმოცემული მის დასკვნაში; რამდენად სწორ საფუძვლებსა და წინაპირობებს ეყრდნობა ექსპერტი; მოყვანილია თუ არა დასკვნაში ის ხერხები და მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ექსპერტი მივიდა შესაბამის შედეგებამდე; იყო თუ არა გამოსაკვლევი მასალა (ნიმუში) საკმარისი; არის თუ არა გასაგები დასკვნის შედეგი. ამასთან, ერთი მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება დამოკიდებულია მეორე მხარის კვალიფიციურ შედავებაზე“ (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-122.)

25. მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების არასათანადოდ შეფასებისა და მოსარჩელეთა მიერ საქმეზე დართული საექსპერტო დასკვნის სააპელაციო სასამართლოს მიერ უპირატესად არამართლზომიერად გაზიარების შესახებ, დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიას არ შეიცავს. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საპირწონედ, კასატორმა ვერ შეძლო კვალიფიციური შედავება და ვერ წარმოადგინა კვალიფიციური შესაგებელი ექსპერტიზის აღნიშნული დასკვნის სისწორის ეჭვქვეშ დასაყენებლად, შესაბამისად, მისი შუამდგომლობა დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ საკასაციო საქმის წარმოების ეტაპზე ვერ იქნება გაზიარებული, მათ შორის ვერც საქმის ქვედა ინსტანციაში დაბრუნების მიზნით, რადგან მხარეებს თანაბრად მიეცათ საპროცესო შესაძლებლობა, თავად უზრუნველეყოთ საქმისწარმოების მსვლელობისას კვალიფიციურ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომელთა სარწმუნოობასაც სასამართლო საკუთარი მიხედულების ფარგლებში მიანიჭებდა უპირატესობას და ჩათვლიდა უფრო დასაბუთებულად. აღნიშნული საპროცესო უფლება ორივე მხარემ თანაბრად გამოიყენა ექსპერტიზის დასკვნების წარდგენის გზით, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ, რომელმაც სწორად მიანიჭა უპირატესობა უფრო დასაბუთებულ ექსპერტიზის დასკვნას, ხელახლა ექსპერტიზის დანიშვნის მიზნით გადაწყვეტილების გაუქმება ვერ ჩაითვლება დასაბუთებულ საკასაციო შედავებად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღნიშნული მოთხოვნა დაყენებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს და აკისრია გულისხმიერების უფრო მაღალი ვალდებულება, თუმცა ამის მიუხედავად, საპროცესო შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპთა საფუძველზე, ორივე მხარემ სრულად შეძლო თანაბრად და დაუბრკოლებლად ამ პრინციპებით სარგებლობა, ხოლო თუ რამდენად წარმატებულად, აღნიშნული აისახა სასამართლოს გადაწყვეტილებაში (განჩინებაში), რომლის მიხედვითაც გაზიარებულ იქნა უფრო კვალიფიციური და დასაბუთებული საექსპერტო დასკვნა, რომლის მიმართაც სასამართლოს არ გასჩენია რამე სახის ბუნდოვანება, რომ დამატებით გამხდარიყო აუცილებელი მისივე ინიციატივით განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნა.

26. სადავო არაა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, რომელიც, განსახილველი სამართალურთიერთობის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და მის საფუძველზე მიღებული სპეციალური კანონის მოწესრიგების სფეროს განეკუთვნება. ამ ნორმატიული აქტების თანახმად, საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია მხოლოდ ჩამორთმეული ქონების წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით. კომპენსაციის განსაზღვრისას აღნიშნული სამი სავალდებულო საფუძვლის დადგენა მიზნად ისახავს კერძო მესაკუთრის ინტერესის დაბალანსებას, როდესაც მას, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ჩამოერთმევა უფლება საკუთრებაზე (შეად. სუსგ-ას N ას-727-695-2014; 15.07.2016 წ.).

27. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელეთა ქონების ექსპროპრიაციის უფლება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით მიენიჭა. ამასთან, კონკრეტული დავის ფარგლებში კასატორი (მოპასუხე) სადავოდ ხდის მისთვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაკისრებული კომპენსაციის ოდენობას და არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო საჩივარი და ექსპროპრიატორს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული თანხის მოსარჩელეთათვის გადახდა დაეკისრა. კასატორს მიაჩნია, რომ მოსარჩელების სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

28. სპეციალური კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს, სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით. განსახილველი დავაც სწორედ ამ ნორმის დისპოზიციაში დეკლარირებულ შემთხვევას წარმოადგენს, რამდენადაც ჩამორთმეული ქონების ყოფილი მესაკუთრეები არ ეთანხმებიან ექსპროპრიატორის მიერ განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის ოდენობას.

29. საქართველოს კონსტიტუციისა და მის საფუძველზე მიღებული სპეციალური კანონის თანახმად, ექსპროპრიაცია გამართლებულია მხოლოდ სამართლიანი და გონივრული კომპენსაციის სანაცვლოდ. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველი დავის ფარგლებში მოპასუხეს არ წარმოუდგენია დასაშვები მტკიცებულებები, რომლებიც გადასწონის და გააქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და, მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძველზე, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და მოპასუხის საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობას განაპირობებს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლოდ კომპენსაციის სამართლიან კომპენსაციამდე გასათანაბრებელი თანხის განსაზღვრის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ქონების არა მარტო არსებული დანიშნულების მიხედვით გამოყენების შესაძლებლობა, არამედ ქონების პოტენციური გამოყენების შესაძლებლობაც, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ქონების ჩამორთმევა საკუთრების უფლების შეზღუდვას წარმოადგენს და დაცულია ევროპული კონვენციის N 1 დამატებითი ოქმით. საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი სამ ნაწილად გაჰყო. საქმეში „სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია: „მეორე და მესამე ნორმა, რომლებიც ითვალისწინებენ საკუთრებით სარგებლობაში ჩარევის უფლებას, ყოველთვის განხილული უნდა იქნას პირველ ნორმასთან ერთად“. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციითა და სპეციალური კანონის საფუძველზე, ცხადია, სახელმწიფოს აქვს უფლება, შეზღუდოს საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესების არსებობისა და კანონით დადგენილ შემთხვევებში. სახელმწიფოს ასევე შეუძლია, უზრუნველყოს ისეთი კანონების შესრულება, რომლებიც მას ესახება სავალდებულოდ, საკუთრებით სარგებლობაზე კონტროლის განხორციელების გზით საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, ჯარიმებისა თუ გადასახადების გადახდის ან სხვა მიზნებისათვის. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლს განმარტავს, როგორც სამი კონკრეტული წესის მომცველს. ეს სამი წესია: ა) ქონებით მშვიდობიანად სარგებლობის პრინციპი (პირველი ნაწილის პირველი წინადადება); ბ) ქონების ჩამორთმევა (პირველი ნაწილის მეორე წინადადება); გ) ქონებით სარგებლობის კონტროლი (მეორე ნაწილი), თუმცა, მნიშვნელოვანია რომ ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაცია იქნეს გაცემული (შეად. სუსგ-ებს: N ას- 804-2019, 19.03.2021წ; N ას-1133-2019, 30.07.2021წ.).

30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

31. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური