Facebook Twitter

საქმე №ას-1088-2020 27 სექტემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ხ–ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ა–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.07.2020 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მ.ხ–იამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ა–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა:

1.1. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან თბილისში, ........ მდებარე №18 ოთახის გამოთხოვა და მისი მოსარჩელისთვის, როგორც კეთილსინდისიერი მფლობელისთვის, დაბრუნება;

1.2. თბილისში, ..... მდებარე №18, №28, №29 და №30 ოთახებზე უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და მოპასუხისთვის მითითებული ოთახების პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის დავალება;

1.3. პირველი და მეორე მოთხოვნების დაკმაყოფილებისთანავე, თბილისში, ....... მდებარე №18, №28, №29 და №30 ოთახებზე, როგორც საცხოვრებელი სადგომის შემადგენელ ნაწილებზე, მიწის ნაკვეთის შესაბამის წილთან ერთად, მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობა.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მოსარჩელეს 1921 წლიდან თბილისში, ........... ქ. №10-ში მდებარე სახლთმფლობელობის ნაწილზე მესაკუთრესთან დადებული ფორმადაუცველი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპოვებული აქვს მართლზომიერი მფლობელობის უფლება. მართლზომიერი ფლობის პირობებში შეძენილ ოთახებს მოსარჩელემ მიაშენა №18 ოთახი. 2015 წელს სააღსრულებო პოლიციამ აღასრულა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.07.2006 წლის გადაწყვეტილება და მოპასუხის მიერ 19035 ლარის გადახდის სანაცვლოდ მოსარჩელე გამოასახლა ........... ქ. №10-ში მდებარე ბინის ოთხი ოთახიდან, კერძოდ, №9, №91, №10, №11 ოთახებიდან. მოსარჩელის მფლობელობაში დარჩა №18 ოთახი, რომელსაც არც გადაწყვეტილება და არც აღსრულება არ შეხებია. 24.03.2015 წელს მოპასუხე შეიჭრა №18 ოთახში და გამოიტანა მოსარჩელის ნივთები. №18 ოთახი არავის სახელზე არ არის რეგისტრირებული. ამჟამად, ეს სივრცე მოპასუხის უკანონო მფლობელობაშია.

2.2. აღსრულება არ შეხებია და მოსარჩელის მფლობელობაში დარჩა მის მიერ 1989-1990 წლებში შექმნილი 20 კვ.მ მიშენება, მიწისპირა ოთახი №29, დამოუკიდებელი ტუალეტითა და სააბაზანოთი (№28, №30). აღნიშნული ფართიც არავის სახელზე არ არის რეგისტრირებული. მოსარჩელეს მითითებულ ოთახში შეყვანილი ჰქონდა კანალიზაცია, ცივი-ცხელი წყლის მილები, ბუნებრივი აირის მილი, ტელეფონი, ელექტროგაყვანილობა, რაც მოპასუხემ ჩაუჭრა აღსრულებიდან ერთი თვის შემდეგ. აღნიშნული წარმოადგენს უკანონო ხელშეშლას.

2.3. №18, №28, №29 და №30 ოთახებზე, მიწის იმ მონაკვეთთან ერთად, რომლის შემადგენელ ნაწილსაც ის წარმოადგენს, 11.07.2007 წლიდან საკუთრების მოპოვების უფლება აქვს მხოლოდ მოსარჩელეს.

3. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეებს შორის არსებობდა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა, აღნიშნული საკითხი უკვე განხილულია და დავა დასრულებულია. 25.02.2015 წელს სააღსრულებო პოლიციამ აღასრულა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.07.2006 წლის გადაწყვეტილება და მოსარჩელე გამოასახლა თბილისში, ........... ქ. №10-ში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან. შესაბამისად, სადავო ქონებაზე მისი მფლობელობა შეწყდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.08.2018 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.07.2020 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:

6.1. მოპასუხეს თბილისში, ........... ქუჩა №10-ში მდებარე სახლის პირველ სართულზე ეკუთვნის 60.55 კვ.მ, ხოლო მეორე სართულზე - 109.49 კვ.მ ფართის მქონე ბინები.

6.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.07.2006 წლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოპასუხის სარჩელი და მოსარჩელე გამოსახლებულ იქნა თბილისში, ........... ქ. №10-ში მდებარე, მოპასუხის სახელზე აღრიცხული საცხოვრებელი სახლის 3/4 ნაწილიდან, კერძოდ, №10, №11, №9, №91 ოთახებიდან და სადავო საცხოვრებელი სადგომი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოპასუხეს. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სადავო საცხოვრებელ სადგომზე მოსარჩელის მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ დაეკისრა 19035 ლარის კომპენსაცია.

6.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.01.2009 წლის განჩინებით მოსარჩელის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.07.2006 წლის გადაწყვეტილება განიმარტა იმგვარად, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მომხდარიყო შპს „ა.ც–ის“ დამოუკიდებელი აუდიტორის 19.07.2006 წლის №463/5 დასკვნაზე თანდართული პირველი სართულის საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით, საკომპენსაციო თანხის გადახდის შემდეგ. ზემოხსენებული გადაწყვეტილება იძულებით აღსრულდა 25.02.2015 წელს.

6.4. შპს „ა.ც–ის“ დამოუკიდებელი აუდიტორის 19.07.2006 წლის №463/5 დასკვნით (ტ.1, ს.ფ. 97-98), საინვენტარიზაციო გეგმითა (ტ.1, ს.ფ. 99) და კრწანისი-მთაწმინდის რაიონის სასამართლოსათვის გაგზავნილი წერილით (ტ.1, ს.ფ. 180) დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.07.2006 წლის გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის მოპასუხის კუთვნილი ბინა, №10, №11, №9 და №91 ოთახების გარდა, შედგებოდა 5.6 კვ.მ ფართის მქონე №18 ოთახისა და 20 კვ.მ სარდაფისაგან. ამჟამად, ეს ფართი განცალკევებულად აღარ არსებობს და მოპასუხის კუთვნილი ბინის სხვა ფართთან არის გაერთიანებული.

6.5. პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 150-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. უძრავ ნივთზე განხორციელებული მინაშენის ამ ნივთისაგან გამოცალკევება მისი განადგურების გარეშე შეუძლებელია. ამის შესაბამისად, უძრავ ნივთზე განხორციელებული მინაშენი ამ ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილია, ჩვეულებრივ, იგი ცალკე უფლების ობიექტი არ არის და მთავარი ნივთის სამართლებრივ ბედს ინაწილებს. დადგენილია, რომ სადავო ქონება ყოველთვის მოპასუხის კუთვნილი ბინის შემადგენელი ნაწილი იყო, საყურადღებოა, რომ თავად მოსარჩელეც მას სწორედ ამგვარად ახასიათებს (ტ.1, ს.ფ. 171, მე-3 სასარჩელო მოთხოვნა). აღსანიშნავია, რომ როგორც საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ 25.06.1998 წლის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, ისე 24.06.2016 წლის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმადაც, საცხოვრებელ სადგომზე განხორციელებული მიშენება-დაშენება არა ცალკე უფლების ობიექტს, არამედ ამ სადგომის არსებით შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა და წარმოადგენს. ამრიგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.07.2006 წლის გადაწყვეტილებით, არა მარტო, მოპასუხის კუთვნილი ძირითადი ნივთის, არამედ მისი არსებითი შემადგენელი ნაწილის - №18 ოთახისა და სარდაფების სამართლებრივი ბედიც გადაწყდა. ამიტომ, მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება ამჟამად სადავო ქონებას არ შეხებია, უსაფუძვლოა. ეს ნიშნავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელეს სადავო ქონებაზე უფლება დაკარგული აქვს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 266-ე მუხლის თანახმად, იგი ამ სამართლებრივ ურთიერთობას სადავოდ ვეღარ გახდის.

6.6. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონების ზემოხსენებულ ნორმათა თანახმად, საცხოვრებელ სადგომზე განხორცილებული მიშენება-დაშენება გავლენას მოსარგებლისათვის გადასახდელ კომპენსაციაზე ახდენდა და ახდენს. დადგენილია, რომ შპს „ა.ც–ის“ აუდიტორმა მოპასუხის კუთვნილ სხვა ფართთან ერთად №18 ოთახიც შეაფასა და, საბოლოოდ, მთელი ბინის ღირებულება 25380 ლარით განსაზღვრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.07.2006 წლის გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სწორედ 25380 ლარის 75%-ის, 19035 ლარის კომპენსაცია დაეკისრა. ეს აისახა კიდეც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.01.2009 წლის განჩინებაში. ზემოთქმული ნიშნავს, რომ №18 ოთახის მიშენების ხარჯი მოსარჩელეს ანაზღაურებული აქვს. სარდაფის მოსაწყობად გაწეული ხარჯის კომპენსაცია კი მას არ მოუთხოვია. ამრიგად, ცხადია, რომ სსკ-ის 427-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ შეწყვეტილია. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, სსსკ-ის 248-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს არა აქვს უფლება მხარეს მიაკუთვნოს ის, რაც არ უთხოვია. როგორც აღინიშნა, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოსარჩელეს სადგომის გაუმჯობესების კომპენსაციის და არა მისი მფლობელობასა და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება გააჩნდა. მოსარჩელემ კი მოპასუხისაგან არა, თუნდაც სარდაფების მოსაწყობად გაწეული ხარჯის კომპენსაცია, არამედ მათი მფლობელობასა და საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა. ამგვარი მოთხოვნა კი სამართლებრივად უსაფუძვლოა.

6.7. მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იქნებოდა ზემოხსენებული გარემოებების დაუდგენლობის შემთხვევაშიც. უდავოა, რომ თბილისში, ........... ქუჩა №10-ში მდებარე სახლი ორზე მეტი ინდივიდუალური საკუთრების საგნისაგან, ბინისაგან შედგება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი მრავალბინიანი სახლია. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, მრავალბინიანი სახლისა და მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელიც ინდივიდუალურ საკუთრებაში არ იმყოფება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაა. თუ სადავო ფართი არც მოპასუხეს და არც ამხანაგობის სხვა წევრს არ ეკუთვნის, იგი ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაა. ამ შემთხვევაში, კი აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით პრეტენზია მოსარჩელემ არა მოპასუხეს, არამედ ამხანაგობას უნდა წარუდგინოს, ამასთან, განსხვავებული სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლებით. პალატას სადავო ფართი ცალკე უფლების ობიექტად რომც მიეჩნია, საცხოვრებელი სადგომით წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელეს უშუალოდ ამ ფართზე მესაკუთრესთან ცალკე, დამოუკიდებელი გარიგების დადების ფაქტი უნდა დაედასტურებინა. ის, რომ სადავო ფართზე მხარეთა შორის საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ ცალკე, ძირითადი სადგომისაგან დამოუკიდებელი გარიგება დაიდო, მოსარჩელეს არც მიუთითებია და არც დაუმტკიცებია.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.07.2006 წლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა წინამდებარე საქმეში მოპასუხის სარჩელი და წინამდებარე საქმეში მოსარჩელე გამოსახლებულ იქნა თბილისში, ........... ქ. №10-ში მდებარე, მოპასუხის სახელზე აღრიცხული საცხოვრებელი სახლის 3/4 ნაწილიდან, კერძოდ, №10, №11, №9, №91 ოთახებიდან და სადავო საცხოვრებელი სადგომი თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოპასუხეს. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, სადავო საცხოვრებელ სადგომზე მოსარჩელის მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ დაეკისრა 19035 ლარის კომპენსაცია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.01.2009 წლის განჩინებით ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება განიმარტა იმგვარად, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მომხდარიყო შპს „ა.ც–ის“ დამოუკიდებელი აუდიტორის 19.07.2006 წლის №463/5 დასკვნაზე თანდართული პირველი სართულის საინვენტარიზაციო გეგმის მიხედვით, საკომპენსაციო თანხის გადახდის შემდეგ (ტ.1, ს.ფ. 14-21). შესაბამისად, ამით დასრულდა დავა საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის, განისაზღვრა მოსარგებლის მიერ დაკავებული და მისი მფლობელობიდან გამოსათხოვი ფართი, ასევე მესაკუთრის მიერ მისთვის გადასახდელი კომპენსაციის ოდენობა. გადაწყვეტილება იძულებით აღსრულდა 25.02.2015 წელს (ტ.1, ს.ფ. 92-95).

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათს არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. კერძოდ, სსსკ-ის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ იძენს უდავოობისა და სავალდებულოობის თვისებას და მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს, არ აქვთ უფლება სადავო გახადონ აღნიშნული გადაწყვეტილებით უკვე დადგენილი ფაქტები (სუსგ №ას-324-309-2016, 10.01.2017წ.). ამდენად, გადაწყვეტილების პრეიუდიციულობა ორმხრივ სავალდებულო აკრძალვას გულისხმობს, რომელიც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი და დადასტურებული ფაქტების სხვაგვარად შეფასებას უკრძალავს სასამართლოს, ხოლო საქმეში მონაწილე პირებს - ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებთან და სამართლებრივ ურთიერთობასთან შედავებას, თუ სხვა საქმეში იგივე პირები ან მათი უფლებამონაცვლეები მონაწილეობენ (იხ. პ. ქათამაძე, სსსკ-ის კომენტარი (რჩეული მუხლები), თბილისი, 2020, მუხ. 266, გვ.994).

13. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომელიც სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე მოპასუხის მიერ სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობას და მის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას არ წარმოადგენს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს სააპელაციო ინსტანციაში სამოქალაქო საქმის წარმოებისას სააპელაციო საჩივარზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, შესაბამისად, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მიზანშეუწონელია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016, 17.03.2016წ.).

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

15. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

16. კასატორი სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნის თაობაზე საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობით), საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ხ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია