საქმე №ას-623-2023 12 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ.ქ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.ჰ.ს–ო“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. გ.ქ–მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა.ჰ.ს–ოს“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ 37500 ლარის, ასევე, 2021 წლის 24 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 10 ლარის გადახდის შესახებ, მაგრამ არაუმეტეს 240 დღისა.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 22 ოქტომბერს, მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს, თანხის სრულად გადახდის შემდგომ, საკუთრებაში გადაეცემოდა .......... №7-ში, მე-5 სართულზე მე-17 ბინის ნაწილი (45.71 კვ.მ). ზემოაღნიშნული ხელშეკრულების პირობების თანახმად, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 33368.3 აშშ დოლარით, საიდანაც 5000 აშშ დოლარი გადახდილ იქნა ხელშეკრულების ხელმოწერამდე, ხოლო დარჩენილი 28368.3 აშშ დოლარის გადახდის პერიოდი განისაზღვრა ხელშეკრულების დადებიდან 2 წლის განმავლობაში.
3. ხელშეკრულების 6.1 პუნქტიდან გამომდინარე, ნასყიდობის საგნის (ბინის ნაწილის 45.71 კვ.მ) გამიჯვნის ვადა განისაზღვრა 2019 წლის პირველ ნოემბრამდე, ხოლო იურიდიულად გამიჯვნა განხორციელდა 2020 წლის მარტში. შესაბამისად, ნასყიდობის საგანს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი ს/კ ........., რომელიც მოცემული დროისთვის ირიცხება ა.ე–ის (შემდგომ - მესაკუთრე) საკუთრებაში.
4. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების დადებისა და ბინის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემის შემდგომ, მოსარჩელის მიერ დროის მოგების მიზნით, დაიწყო სარემონტო სამუშაოები და ბინა მივიდა საცხოვრებელ დონემდე. 2020 წლის 2 სექტემბერს მოსარჩელემ, უფლების რეგისტრაციის მიზნით, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება წარადგინა საჯარო რეესტრში, თუმცა საჯარო რეესტრმა მოითხოვა აკრძალვის ავტორის თანხმობა, რომლის წარუდგენლობის გამოც, საბოლოოდ საჯარო რეესტრის მიერ სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა. სწორედ ამ დროს გახდა მოსარჩელისთვის ცნობილი ბინაზე არსებული ყადაღის შესახებ. მოსარჩელის მიერ მითითებულ დროს მოპასუხისთვის გადახდილი თანხა შეადგენდა 5000 აშშ დოლარს, ხოლო სარემონტო სამუშაოებში დახარჯულმა თანხამ შეადგინა 10 000 აშშ დოლარი.
5. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ შესთავაზა სსიპ შემოსავლების სამსახურთან მოლაპარაკება ბინის გაფორმებაზე ნებართვის მიღების თაობაზე. 6 თვის შემდგომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა შეაფასა სადავო ბინა. როგორც 2021 წლის 22 ივნისს მოპასუხე კომპანიისადმი გაგზავნილ წერილში აღინიშნა, ბინის რეალიზაციის შემთხვევაში ამონაგები თანხა, რომელიც არ უნდა ყოფილიყო 127 000 ლარზე ნაკლები, სრულად მიემართებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში მოპასუხის ვალის შესამცირებლად, ხოლო აღნიშნულის შემდგომ მოიხსნებოდა ყადაღა და იპოთეკა.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ მოძიებულ იქნა ბინის მყიდველი, რომლისგანაც წინასწარ აღებული 127 000 ლარი გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში. სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2021 წლის 25 ივნისს გაიგზავნა წერილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ყადაღის გაუქმების თაობაზე. სწორედ აღნიშნულის შემდგომ, 2021 წლის 7 ივლისს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება მოსარჩელესა და ახალ მყიდველს შორის. ბინა საქმის გამარტივების მიზნით, აღირიცხა ახალი მყიდველის საკუთრებაში.
7. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხის ვალის დასაფარად/შესამცირებლად გადახდის დღეს - 2021 წლის 24 ივნისს 1 აშშ დოლარის ღირებულება შეადგენდა 3.1549 ლარს, შესაბამისად, მოსარჩელის დარჩენილი ვალდებულების სრული მოცულობა მოპასუხის წინაშე განისაზღვრა 28368.3*3.1549=89500 ლარით. აღნიშნული წარმოადგენს, ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელის მიერ დარჩენილ გადასახდელ თანხას, ხოლო სხვაობა მის მიერ გადახდილ 127 000 ლარსა და არსებულ ვალდებულებას - 89500 ლარს შორის შეადგენს 37500 ლარს. მოცემული თანხით მოპასუხემ შეიმცირა ვალდებულება ბიუჯეტის წინაშე, ანუ ამ თანხის დაზოგვით იგი გამდიდრდა.
8. ამდენად, მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევამ, მოსარჩელეს მიაყენა ზიანი, მათ შორის, მიუღებელი შემოსავლის სახით. 2021 წლის 24 ივნისს მოსარჩელის მიერ 37500 ლარის საბანკო ანაბარზე დადების შემთხვევაში, მიღებული სარგებლის ოდენობა იქნებოდა (წლიურ 10%-ზე დაანგარიშებით) დღიურად 10.27 ლარი, რომელსაც მოსარჩელე ამრგვალებს 10 ლარამდე. შესაბამისად, ვინაიდან მოცემული დროიდან გასულია 115 დღე, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისთვის ყოველდღიურად 10 ლარის, მაგრამ არაუმეტეს, 2400 ლარის დაკისრება.
მოპასუხის პოზიცია:
9. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, თუმცა, მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ დაურღვევია, ვინაიდან მოსარჩელეს ნასყიდობის დარჩენილი თანხა უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2020 წლის 22 ოქტომბრისა და არა 2021 წლის 22 ნოემბრისა, რაც მას არ განუხორციელებია. აღსანიშნავია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების, კერძოდ, 2019 წლის 22 ნოემბრის შემდგომ, მოპასუხეს ნასყიდობის საფასური არ გადაუხდია და არც რემონტისთვის გაწეული 10 000 აშშ დოლარის დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგენია სასამართლოსათვის. აგრეთვე, გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხის კრიზისულ ვითარებაზე მოსარჩელისათვის ცნობილი იყო და შემოსავლების სამსახურთან მოლაპარაკებებიც მისი ინიციატივით მიმდინარეობდა.
10. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ ნასესხები ვალის დაფარვის დღე - 2021 წლის 24 ივნისი უკვე წარმოადგენდა ვადაგადაცილებას, ვინაიდან 2019 წლის 22 ნოემბრის ხელშეკრულების მიხედვით, ვალის დაფარვა სრულად უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს 2020 წლის 22 ოქტომბრისა. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას 127000 ლარის იძულებით გადახდასთან დაკავშირებით, აღნიშნული დაუსაბუთებელია, ვინაიდან მოპასუხემ საკუთარი ინიციატივით და სურვილით მოინდომა მოცემული თანხის ანაზღაურება, რომელიც რეალურად მისი არც იყო. მან ნახა მყიდველი, რომელმაც ნდობის საფუძველზე გადასცა მითითებული თანხა, ბინის სამომავლოდ გაფორმების პირობით. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს არ გაუფრთხილებია მოპასუხე აღნიშნული თანხის გადახდის თაობაზე და არც გადახდის ვადა განუსაზღვრავს.
11. მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელემ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები დაარღვია, ვინაიდან იგი ვალდებული იყო, ნასყიდობის საგნის საკუთრების უფლების მიღებისთვის, დარჩენილი 28368.3 აშშ დოლარი დაეფარა არაუგვიანეს 2020 წლის ოქტომბრისა, შესაბამისად, მოპასუხეს შეთანხმება არ დაურღვევია.
12. რაც შეეხება მოსარჩელის პოზიციას მისთვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელემ თავად გამოთქვა სურვილი 127 000 ლარის გადახდის თაობაზე, შესაბამისად, თავადვე უნდა განესაზღვრა სახელმწიფოში არსებული წესი ტრანზაქციებსა და გადახდებთან დაკავშირებით, სხვა შემთხვევაში მას შეეძლო, მოპასუხისთვის გადაეცა 127 000 ლარი და ეს ვალდებულებაც მათ დააწვებოდა. მოპასუხის მოქმედებით მოსარჩელეს არანაირი სახის ზიანი არ წარმოშობია, მხარე საუბრობს არარსებული თანხის სამომავლოდ გამოყენების პერსპექტივაზე და ყველაზე მარტივი მაგალითის წარმოჩენით ცდილობს მიითვისოს თანხა, არარსებული ზიანის გამოგონებით. მოსარჩელემ ბინის დაგვიანებით გაყიდვაში დაადანაშაულა მოპასუხე, თუმცა ბინა, რომელიც მოსარჩელის საკუთრებაში არ იყო, თანხის გადაუხდელობის გამო, ვერანაირად ვერ იქნებოდა ვალების გასტუმრების საშუალება. შესაბამისად, მოპასუხეს არანაირი ვალდებულება არ დაურღვევია და მისი ბრალით რაიმე ზიანის მომტანი შედეგი მოსარჩელისათვის არ დამდგარა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მარტის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 22 ოქტომბერს მოპასუხეს (გამყიდველი) და მოსარჩელეს (მყიდველს) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ წინარე №191291780 ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნასყიდობის საგანი - ქ. თბილისში, ..... მდებარე ფართი (მშენებარე) მე-5 სართული, №17 ბინა, 105.50 კვ.მ-დან 45.71 კვ.მ მოსარჩელის საკუთრებაში გადავიდოდა ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების, ნასყიდობის საგნის ღირებულების სრულად დაფარვისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან (ხელშეკრულების 4.1. პუნქტი).
16. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ნასყიდობის საგანს გამყიდველი მყიდველს მიჰყიდის 33 368.30 აშშ დოლარად, საიდანაც 5000 აშშ დოლარი მყიდველმა გამყიდველს გადასცა წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერამდე, ხოლო ნასყიდობის ღირებულების დარჩენილი თანხის - 28 368.30 აშშ დოლარის გადახდა განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან ორი წლის განმავლობაში, არაუგვიანეს 2020 წლის 22 ოქტომბრისა. ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან თანხის სრულად დაფარვის შემდეგ, არაუგვიანეს 2020 წლის 22 ოქტომბრისა (ხელშეკრულების მე-5 პუნქტი).
17. ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველი კისრულებს ვალდებულებას, წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, არაუგვიანეს 2019 წლის პირველი ნოემბრისა, უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული უძრავი ქონების (ს/კ .........) გამიჯვნა ორ ცალკეულ ერთეულად, რომლიდანაც ერთი-ერთი - 45.71 კვ.მ იქნება ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების საგანი, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, (ხელშეკრულების მე-6 მუხლი).
18. 2019 წლის 24 ივლისიდან №......... საკადასტრო კოდით აღრიცხულ მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო სადაგადასადო გირავნობა/იპოთეკა.
19. 2020 წლის 2 სექტემბრიდან მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქ. თბილისში, .........., მე-5 სართულზე, №17 ნიშნული N+19.50 (ს/კ........) უფლების წინასწარი რეგისტრაციის წარმოშობის მიზნით.
20. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 4 სექტემბრის N882020611596-3 გადაწყვეტილების საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციისთვის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის ინიციატორის თანხმობის წარმოდგენამდე.
21. 2020 წლის 5 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, თანხმობის წარუდგენლობის გამო.
22. 2021 წლის 24 ივნისს მოსარჩელემ მესაკუთრისაგან მიღებული 127000 ლარი ჩარიცხა სსიპ შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე, რის შემდგომაც სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 24 ივნისის ბრძანების საფუძველზე გაუქმდა ყადაღა მოპასუხის კუთვნილი, დაყადაღებული ქონების ნაწილზე ს/კ ........
23. 2021 წლის 7 ივლისს მოპასუხესა და მესაკუთრეს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ქ. თბილისში, ........., ბინა №17ა ნიშნული N+19.50, ფართი 45.71 კვ.მ;.ს/კ ........, 127 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, აღირიცხა მესაკუთრის საკუთრებად.
24. მოპასუხის მიმართ აღძრული სარჩელით, მოსარჩელემ მოითხოვა მის სასარგებლოდ 37 500 ლარის დაკისრება, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ არსებობს მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი და აღნიშნულის შედეგად მოპასუხის გამდიდრების ფაქტი.
25. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებზე და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 371-ე და სსკ-ის 986-ე მუხლები წარმოადგენდა.
26. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის 986-ე მუხლის მიხედვით, სხვისი ვალის გადახდა კონდიქციური ვალდებულების საფუძველი ხდება იმის გამო, რომ უსაფუძვლოდ დაიზოგა სხვისი ქონება. იგულისხმება, რომ პირი შეგნებულად ან შეცდომით აკეთებს ამას. ორივე შემთხვევაში, ვალის გადამხდელს უფლება აქვს, მოითხოვოს უსაფუძვლოდ დაზოგილის უკან დაბრუნება (შდრ. სუსგ №ას-1069-1022-2014, 16 ივნისი, 2016 წ.). სასამართლო განმარტავს, რომ კონდიქციური რეგრესის წინაპირობაა სხვისი ვალის დაფარვა 371-ე მუხლის მიხედვით, რისთვისაც აუცილებელია მესამე პირის მიერ კრედიტორის წინაშე (მიზანმიმართული და გაცნობიერებული) შესრულების განხორციელება. მოვალე თავისუფლდება ვალდებულებისაგან მის სასარგებლოდ შემსრულებელი მესამე პირის ხარჯზე, რაც უნდა აუნაზღაუროს მას კონდიქციის საფუძველზე.
27. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხის კრედიტორს (შემოსავლების სამსახური) გადასცა არა თავისი, არამედ მყიდველის - მესაკუთრისაგან მიღებული 127 000 ლარი. აღნიშნული დასტურდება როგორც საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით, 2021 წლის 7 ივლისს მოპასუხესა და მესაკუთრეს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომლის თანახმად უძრავი ქონება, 127 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, აღირიცხა მესაკუთრის საკუთრებაში, ასევე, თავად, მოსარჩელე მხარის განმარტებით (სარჩელის მე-6 ფაქტობრივი გარემოება, გვ. 4; სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება; 27.06.2022 წლის სხდომის ოქმი 13:38:45 სთ).
28. ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ კრედიტორის (შემოსავლების სამსახური) წინაშე მოვალის - მოპასუხის ვალდებულება არა მოსარჩელემ, არამედ, მესაკუთრემ შეასრულა. მართალია, მოსარჩელემ მყიდველის მიერ გადაცემული თანხა ჩარიცხა (ადრესატს გადასცა), თუმცა იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საბოლოოდ ნასყიდობა 2021 წლის 7 ივლისს მოპასუხესა და მესაკუთრეს შორის გაფორმდა იმ თანხაზე (127 000 ლარი), რაც მოსარჩელემ ადრესატს გადასცა, აღნიშნული მიუთითებს, რომ მოპასუხე მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის ხარჯზე არ გამდიდრებულა და ქონება არ დაუზოგავს.
29. საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელემ არასრულყოფილად განახორციელა მოსარჩელის სტადია. მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული წინაპირობები განსაზღვრავდეს მოთხოვნის სამართლებრივი ნორმის დისპოზიციურ მხარეს. სასამართლოს კვლევა ფაქტობრივი შემადგენლობის ნაწილში მიმდინარეობს იმ ნორმების ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის საფუძველს. თუ მოსარჩელის მიერ ფაქტობრივი მხარე არასრულყოფილად არის მითითებული, იმთავითვე გამოირიცხება უფლების რეალიზაცია კონკრეტული ნორმატიული შინაარსის ჭრილში. “ ...მოთხოვნა არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოცემულია კანონით გათვალისწინებული წინაპირობანი, ანუ ნორმის შემადგენელი ელემენტები...“ (იხ. თომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი, თბილისი 2016, გვ. 3).
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
30. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
31. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საკუთარი ინიციატივით გახადა სადავოდ ის საკითხი, თუ ვის ეკუთვნოდა მოსარჩელის მიერ გადახდილი 127 000 ლარი. გასაჩივრებული განჩინების მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხის კრედიტორს გადასცა მესაკუთრისაგან მიღებული თანხა, თუმცა გაურკვეველია, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული თანხა მოსარჩელის საკუთრებად რატომ არ ჩათვალა, ან რატომ ცვლის დასახელებული გარემოება არსებულ მოცემულობას. ამასთან, თანხის მესაკუთრისაგან მიღება იმას არ ნიშნავს, რომ იგი მოსარჩელის საკუთრებას არ წარმოადგენდა.
32. კასატორის მითითებით, სასამართლო პროცესზე მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება არ შეწყვეტილა, შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეებს ერთმანეთის მიმართ კვლავ ჰქონდათ უფლებები და მოვალეობები. ამის საწინააღმდეგოდ მოპასუხეს არაფერზე მიუთითებია, რამეთუ ეს ასეც იყო. შესაბამისად, მოსარჩელის ვალდებულება, მოპასუხისათვის გადაეხადა 28368,3 აშშ დოლარი, ძალაში დარჩა, რაც უნდა ანაზღაურებულიყო გადახდის დღეს არსებული ეროვნული კურსით ლარში. აღნიშნული ავტომატურად წარმოშობდა გამყიდველის ვალდებულებას, ბინაზე გადაეცა საკუთრება მყიდველისათვის. მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების დღეს ანუ 2021 წლის 24 ივნისს 1 აშშ დოლარის = 3,1549 ლარს, შესაბამისად, ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დარჩენილი ვალდებულების სრული მოცულობა მოპასუხის წინაშე იყო შემდეგი: 28368,3$*3,1549=89500ლ. ამ თანხის მიღების შემდეგ კი, გამყიდველს ბინაზე სრული საკუთრების უფლება უნდა გადაეცა მყიდველისათვის.
33. კასატორმა მიუთითა სსკ-ის 198-ე, 199-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და მესაკუთრეს შორის დაიდო მოთხოვნის უფლების დათმობის გარიგება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მესაკუთრისაგან საკუთრებაში მიიღო 127000 ლარი და ამით მესაკუთრემ დაიკავა მყიდველის ადგილი წინარე ხელშეკრულებაში. მყიდველს კი ვალდებულება ჰქონდა, რომ დამატებით გადაეხადა 28368,3$*3,1549=89500 ლარი და გამყიდველისაგან მოეთხოვა საკუთრების გადაცემა ბინაზე, ანუ ამ უფლება-მოვალეობებს გამყიდველის მხრიდან რომ შევხედოთ, იგი ვალდებული იყო, 89500 ლარის მიღების სანაცვლოდ, დაეთმო საკუთრების უფლება ბინაზე. წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, მას არ ჰქონდა უფლება, მოეთხოვა მეტი თანხა, მეტის მოთხოვნისათვის მას უნდა შეეწყვიტა წინარე ნასყიდობა, თუმცა ამ შემთხვევაში წამოეშობოდა ვალდებულება, დაებრუნებუნა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი 5000 აშშ დოლარი, რასაც ემატება რემონტსა და აღჭურვაზე გაწეული დანახარჯები. მითითებულის თავიდან ასაცილებლად იგი დარჩა წინარე ურთიერთობაში და მისთვის სულ ერთი იყო, ვისგან მიიღებდა თანხას და ვის გადასცემდა საკუთრებას, თუ მოსარჩელე დაეთანხმებოდა. ფაქტია, რომ ნასყიდობის ფასი 127 000 ლარით განისაზღვრა იმის გათვალისწინებითაც, რომ მოსარჩელეს დასაწყისში 5000 აშშ დოლარი ჰქონდა გადახდილი, რაც იმ დროს დაახლოებით 16 000 ლარი იყო, ამით მხარემ იმაზე მიუთითა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება იყო წინარე შეთანხმების გაგრძელება, რომელზეც ყველა მხარე შეთანხმდა და აისახა შედეგში.
34. კასატორის განმარტებით, მესაკუთრისაგან მიღებული 127000 ლარი იყო მოსარჩელის საკუთრება, თუმცა ეს თანხაც, თავის მხრივ, იყოფოდა ორ ნაწილად: 89500+37500, საიდანაც 89500 ლარით მოსარჩელეს უნდა შეესრულებინა ნასყიდობის წინარე გარიგებით ნაკისრი დარჩენილი ვალდებულება, ხოლო სხვაობა - 37500 ლარი იყო მისი კუთვნილი თანხა, რასაც ნასყიდობასთან კავშირი არ ჰქონია.
35. მხარის მითითებით, არ უნდა იყოს არსებითი მნიშვნელობის საკითხი, თუ რატომ ჩაიწერა ნასყიდობის ხელშეკრულებაში 127000 ლარი, როდესაც თავად მოპასუხე არ დავობს ამაზე. უდავოდ დადგინდა, რომ ეს ციფრი მხარეებმა შემოსავლების სამსახურის მიერ მოთხოვნილ ციფრთან შესაბამისობაში მოიყვანეს. გასაგებია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ფარგლებში, შესაძლებელი იყო ნასყიდობის ფასად 89500 ლარის მითითება, ხოლო სხვაობის დამატებით გადახდა, თუმცა ამაზე მესაკუთრე არ დათანხმდა იმის შიშით, რომ შესაძლოა რაიმე პრობლემა შექმნოდა. მოპასუხემ ამ მომენტიდან მხოლოდ ის გახადა სადავოდ, რომ მოსარჩელემ მასთან შეუთანხმებად დაფარა ვალი და ამით იზარალა. დავის დროს ცალსახად დასტურდებოდა მხარეთა მიზანი, თუ რას აკეთებდნენ და რისთვის, რატომ იყო სქემაში მოსარჩელე. დავის განხილვისას სასამართლო ვალდებულია, მხარეთა ნამოქმედარი ჩასვას სამართლებრივ ჩარჩოებში. მოარგოს მას ყველაზე ახლოს მდგომი სამართლებრივი წესრიგი, რომ ამით დაიცვას სამართლიანი ბალანსი. ამ პირობებში კი, სასამართლომ რატომ გამორიცხა მესაკუთრესა და მოსარჩელეს შორის მოთხოვნის უფლების დათმობის არსებობის ფაქტი, გაუგებარია.
36. კასატორმა მიუთითა, რომ სარჩელი საფუძვლიანია 37500 ლარის მოთხოვნის ნაწილში, ამიტომაც უნდა დაკმაყოფილდეს საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით( იხ. დაზუსტებული საკასაციო საჩივარი).
37. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
38. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
39. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
40. 2019 წლის 22 ოქტომბერს მოპასუხეს (გამყიდველი) და მოსარჩელეს (მყიდველს) შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ წინარე №191291780 ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნასყიდობის საგანი - ქ. თბილისში, .......... მდებარე ფართი (მშენებარე) მე-5 სართული, №17 ბინა, 105.50 კვ.მ-დან 45.71 კვ.მ მოსარჩელის საკუთრებაში გადავიდოდა ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების, ნასყიდობის საგნის ღირებულების სრულად დაფარვისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან (ხელშეკრულების 4.1. პუნქტი).
41. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ნასყიდობის საგანს გამყიდველი მყიდველს მიჰყიდის 33 368.30 აშშ დოლარად, საიდანაც 5000 აშშ დოლარი მყიდველმა გამყიდველს გადასცა წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერამდე, ხოლო ნასყიდობის ღირებულების დარჩენილი თანხის - 28 368.30 აშშ დოლარის გადახდა განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან ორი წლის განმავლობაში, არაუგვიანეს 2020 წლის 22 ოქტომბრისა. ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან თანხის სრულად დაფარვის შემდეგ, არაუგვიანეს 2020 წლის 22 ოქტომბრისა (ხელშეკრულების მე-5 პუნქტი).
42. ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველი კისრულებს ვალდებულებას, წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, არაუგვიანეს 2019 წლის პირველი ნოემბრისა, უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული უძრავი ქონების (ს/კ .........) გამიჯვნა ორ ცალკეულ ერთეულად, რომლიდანაც ერთი-ერთი - 45.71 კვ.მ იქნება ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების საგანი, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, (ხელშეკრულების მე-6 მუხლი).
43. 2019 წლის 24 ივლისიდან №........ საკადასტრო კოდით აღრიცხულ მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო სადაგადასადო გირავნობა/იპოთეკა.
44. 2020 წლის 2 სექტემბრიდან მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქ. თბილისში, .........., მე-5 სართულზე, №17 ნიშნულზე N+19.50 (ს/კ ......) უფლების წინასწარი რეგისტრაციის წარმოშობის მიზნით.
45. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 4 სექტემბრის N882020611596-3 გადაწყვეტილების საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა მოთხოვნილი უფლების რეგისტრაციისთვის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის ინიციატორის თანხმობის წარმოდგენამდე.
46. 2020 წლის 5 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, თანხმობის წარუდგენლობის გამო.
47. 2021 წლის 24 ივნისს მოსარჩელემ მესაკუთრისაგან მიღებული 127000 ლარი ჩარიცხა სსიპ შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე, რის შემდგომაც სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 24 ივნისის ბრძანების საფუძველზე გაუქმდა ყადაღა მოპასუხის კუთვნილი, დაყადაღებული ქონების ნაწილზე ს/კ ........
48. 2021 წლის 7 ივლისს მოპასუხესა და მესაკუთრეს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად უძრავი ნივთი ქ. თბილისში, .........., სართული 5, ბინა №17ა ნიშნული N+19.50, ფართი 45.71 კვ.მ; ს/კ ........, 127 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, აღირიცხა მესაკუთრის საკუთრებად.
49. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად იმსჯელა მოპასუხის კრედიტორისათვის გადახდილი 127 000 ლარის კუთვნილების საკითხზე და მცდარად შეაფასა მოსარჩელის მიერ აღნიშნული თანხის გადახდის დანიშნულება, როდესაც ჩათვალა, რომ მოპასუხის კრედიტორის მიმართ ფულადი ვალდებულება შეასრულა მესაკუთრემ და არა მოსარჩელემ, რაც საბოლოოდ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.
50. კასატორის განმარტებით, მესაკუთრისაგან მიღებული 127000 ლარი იყო მოსარჩელის საკუთრება, თუმცა ეს თანხაც, თავის მხრივ, იყოფოდა ორ ნაწილად: 89500+37500, საიდანაც 89500 ლარით მოსარჩელეს უნდა შეესრულებინა ნასყიდობის წინარე გარიგებით ნაკისრი დარჩენილი ვალდებულება, ხოლო სხვაობა - 37500 ლარი იყო მისი კუთვნილი თანხა, რასაც ნასყიდობასთან კავშირი არ ჰქონია.
51. მოსარჩელის საკასაციო საჩივართან მიმართებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
52. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
53. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.
54. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. ( სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლები).
55. საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა, აგრეთვე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება და სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლო არაა შებოჭილი სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევებით და ისინი ამოწმებენ გადაწყვეტილებას მატერიალურსამართლებრივი ნორმების სწორად გამოყენების თვალსაზრისით. თუ ასეთი შემოწმების შედეგად ზემდგომი ინსტანციის სასამართლო იმ დასკვნას გამოიტანს, რომ საჩივრის მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ არა საჩივარში მითითებული, არამედ მატერიალურსამართლებრივი ნორმის (კანონის) სხვა დარღვევის გამო, სასამართლომ უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
56. იმ შემთხვევაში კი, თუ არასწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად, ანუ კანონის (სსსკ-ის 393.2 მუხლის) დარღვევით მიღებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შესაძლებელია სხვაგვარი სამართლებრივი შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, თავისი განჩინებით ძალაში დატოვოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ან ამ გადაწყვეტილების შეცვლით მიიღოს ახალი გადაწყვეტილება (სსსკ-ის 386-ე მუხლი). ასეთივე შესაძლებლობითაა აღჭურვილი საკასაციო სასამართლოც, კერძოდ, მას შუძლია, არ გააუქმოს გადაწყვეტილება და ძალაში დატოვოს იგი (სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) ან ახალი გადაწყვეტილებით დაადგინოს სხვა სამართლებრივი შედეგი (სსსკ-ის 411-ე მუხლი).
57. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. თავის მხრივ, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
58. საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველი საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილი იქნა, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეუფასებლობის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით [სსსკ-ის 105-ე, 407.1, 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 396-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი].
59. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხისათვის 37500 ლარის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა), განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას სსკ-ის 371.I (თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს მესამე პირმაც) და 986-ე მუხლების ( პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება) საფუძველზე.
60. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი). ( შდრ: სუსგ №ას-1298-2018, 22 მარტი, 2019 წ).
61. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს მესამე პირის მიერ მოვალის ნაცვლად ვალდებულების შესრულების სამართალურთიერთობის თავისებურებებზე.
62. სსკ-ის 371 I მუხლის თანახმად, თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც.
63. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება, მიუხედავად ვალდებულების წარმოშობის საფუძვლისა, წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. ვალდებულების შესრულების სუბიექტები არიან ის პირები, რომლებიც ასრულებენ ვალდებულებას ან იღებენ შესრულებას. ვალდებულების შესრულების სუბიექტები შეიძლება არ დაემთხვეს ვალდებულების სუბიექტებს. ვალდებულების სუბიექტები ყოველთვის არიან კრედიტორი და მოვალე, ვალდებულება კი მოვალის ნაცვლად შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა და შესრულება მიიღოს არა კრედიტორმა, არამედ სხვამ. როგორც წესი, მოვალე თვითონ (პირადად) ასრულებს ვალდებულებას, მაგრამ კრედიტორს შეიძლება შესრულება შესთავაზოს სხვა, მესამე პირმაც, რომელიც არ არის მოცემული ვალდებულებითი ურთიერთობის მონაწილე. (იხ. დამატებით: ბ.ზოიძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მე-3, მუხლი 371, თბ., 2001, 303; Bittner in Staudinger BGB Komm., §267, Rn 6; Jud in Pruting BGB Komm., §267, S. 419-420;)
64. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მესამე პირის მიერ მოვალის ნაცვლად ვალდებულების შესრულების სამართლებრივი ინსტიტუტი მოიცავს სამი სახის სამართალურთიერთობას. პირველ ჯგუფში შედის მესამე პირისათვის ვალდებულების შესრულების დაკისრების შემთხვევები; მეორე ჯგუფში შედის მესამე პირის მიერ მოვალის ნაცვლად ვალდებულების შესრულება ნებაყოფლობით; მესამე ჯგუფში შედის მესამე პირის მიერ მოვალის ნაცვლად ვალდებულების შესრულების შემთხვევები ნორმატიული აქტების ძალით.
65. მესამე პირის მიერ მოვალის ნაცვლად კრედიტორისათვის ვალდებულების შესრულება ხდება, როგორც წესი, მოვალესა და მესამე პირს შორის შეთანხმებით. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, ასეთი შეთანხმებისათვის კრედიტორის თანხმობა საჭირო არ არის. მოვალესა და მესამე პირს შორის შესრულების შესახებ შეთანხმების ფაქტი არ ხელყოფს კრედიტორის ინტერესებს, რამეთუ კრედიტორის მოთხოვნის უფლება განისაზღვრება არა ამ შეთანხმებით, არამედ მისი მოვალესთან შეთანხმებით.
66. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო ბრუნვაში მოვალის მიერ მესამე პირისათვის ვალდებულების შესრულების დაკისრება კრედიტორისათვის შეიძლება ცნობილი გახდეს სხვადასხვაგვარი ფორმით. ხშირად მესამე პირი შესაბამის დოკუმენტებში (გადახდის ქვითარი, საგადახდო დავალება, ზედნადები, მიღება-ჩაბარების აქტი და ა.შ.) მიუთითებს იმის შესახებ, რომ შესრულება ხდება მოვალის ნაცვლად. ზოგჯერ, მესამე პირი ან თვითონ მოვალე წერილობით ატყობინებს კრედიტორს მესამე პირისათვის ვალდებულების შესრულების დაკისრების შესახებ. დავის თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონილია, თუკი სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეები მესამე პირისათვის ვალდებულების შესრულების დაკისრების შემთხვევაში, კრედიტორს გაუგზავნიან წერილობით შეტყობინებას, რომელშიც მითითებული იქნება იმ ვალდებულების შესახებ, რომელსაც მესამე პირი ასრულებს, ასევე მესამე პირის ზუსტი საიდენტიფიკაციო მონაცემები, ვალდებულების იურიდიული საფუძველი (გარიგება, დელიქტი, უსაფუძვლო გამდიდრება და ა.შ.), და სხვა. ამით შემდგომში თავიდან იქნებოდა აცილებული ყოველგვარი გაურკვევლობა.
67. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალესა და მესამე პირს შორის არ არის რაიმე სამართლებრივი ურთიერთობა ანდა იგი ბათილად იქნა ცნობილი, თუმცა კი მესამე პირმა უკვე განახორციელა მოვალის ნაცვლად კრედიტორის მიმართ შესრულება, მესამე პირს აღარ აქვს კრედიტორისგან შესრულების უკან გამოთხოვის უფლება სსკ-ის 976 II გ მუხლის თანახმად. მესამე პირს შეუძლია მხოლოდ წარადგინოს მოვალის მიმართ მოთხოვნა უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე. ასევე თუ მესამე პირი ვალდებულების შესრულებისას შეცდომით ფიქრობდა, რომ ასრულებდა თავის ვალდებულებას, თუმცა კი შეასრულა სხვა პირის ვალდებულება, ასეთ შემთხვევაშიც ვალდებულება არ წყდება და მესამე პირს შეუძლია მოვალეს წაუყენოს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნა (იხ. დამატებით: ბ.ზოიძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მე-3, მუხლი 371, თბ., 2001, გვ.305.).
68. სსკ-ის 986-ე მუხლის დანაწესის (პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება) მიხედვით, სხვისი ვალის გადახდა კონდიქციური ვალდებულების საფუძველი ხდება იმის გამო, რომ უსაფუძვლოდ დაიზოგა სხვისი ქონება. იგულისხმება, რომ პირი შეგნებულად ან შეცდომით აკეთებს ამას. ორივე შემთხვევაში, ვალის გადამხდელს უფლება აქვს, მოითხოვოს უსაფუძვლოდ დაზოგილის უკან დაბრუნება (შდრ. სუსგ №ას -1298-2018, 22 მარტი, 2019; №ას -1069-1022-2014, 16 ივნისი, 2016 წ.).
69. სსკ-ის 986-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად აუცილებელია, დადგინდეს, რომ არსებობს სხვისი ფულადი ვალდებულება და იგი არა მოვალემ, არამედ მესამე პირმა შეასრულა (გაისტუმრა).
70. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები მოიცავს სასამართლოს ვალდებულებას, მიუთითოს გადაწყვეტილების მიღების საკმარისი საფუძვლები. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სასამართლო მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის და არგუმენტების შერჩევის დროს სარგებლობს შეფასების ფართო ფარგლებით, ის ვალდებულია, რომ საკუთარი ქმედებები გაამართლოს, გადაწყვეტილების მიღების შესაბამისი მიზეზების მითითებით (კარმელ სალიბა მალტის წინაღმდეგ - Carmel Saliba v. Malta, N 24221/13, § 73, 29 ნოემბერი 2016; § 73). როდესაც მხარის არგუმენტს არსებითი მნიშვნელობა აქვს სამართალწარმოების შედეგზე, იგი საჭიროებს ნათელ და კონკრეტულ პასუხს (ჰირო ბალანი ესპანეთის წინააღმდეგ, Hiro Balani v. Spain, 9 დეკემბერი 1994, § 28, Series A N 303-B; § 28). შესაბამისად, სასამართლოებს მოეთხოვებათ გამოიკვლიონ მხარეთა ძირითადი არგუმენტები (ბუზესკუ რუმინეთის წინააღმდეგ - Buzescu v. Romania, N 61302/00, § 67, 24 მაისი 2005, § 67. დონაძე საქართველოს წინააღმდეგ - Donadzé v. Georgia, N 74644/01, § 35, 7 მარტი 2006;). სამართლიანი სამართალწარმოება მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლომ, რომელმაც, ქვედა ინსტანციის სასამართლოს არგუმენტების გამოყენებით ან სხვაგვარად არ წარმოადგინა გადაწყვეტილების დეტალური მიზეზები, უპასუხოს წამოჭრილი საკითხების არსებით ნაწილს და არ შემოიფარგლოს მხოლოდ ქვედა ინსტანციის დასაბუთების გაზიარებით (ელე ფინეთის წინააღმდეგ- Helle v. Finland, 19 დეკემბერი 1997, § 60, Reports of Judgments and Decisions 1997-VIII).
71. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ამოწმებს რა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სისწორეს, წარმოდგენილი კასაციის ფარგლებში [სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი] აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალურ სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით აღიარებული მტკიცებულებებით. ამასთან, ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მტკიცებულებათა მიღება და შეგროვება უნდა განხორციელდეს განკუთვნადობისა და დასაშვებობის პრინციპების მოთხოვნათა გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, რომელთა შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა. ამავე კოდექსის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
72. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
73. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების გათვალისწინებით წარმოდგენილ არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებაზე დაყრდნობით.
74. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიარებულია რა ფაქტზე მიმთითებული მხარის ვალდებულება, წარადგინოს ამ ფაქტის დამადასტურებელი განკუთვნადი მტკიცებულებები, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერთოს ამ პროცესში, რამეთუ აქსიომატურია, რომ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები (იხ. სსსკ-ის 83-ე, ასევე, 102-ე მუხლები).
75. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი შესაგებელის დროს მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ ფაქტებს (მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს), შესაბამისად, თუ მოსარჩელე ვერ დაამტკიცებს სადავო (დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე) გარემოებებს, სარჩელი არ დაკმაყოფილდება. სარჩელის წარმატება მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის (დამფუძნებელი ნორმა) წინაპირობების მითითება/დადასტურებაზეა დამოკიდებული, ასეთი შედავების დროს მოპასუხე სადავოდ ხდის სწორედ მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობებს, უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც მოთხოვნის არსებობას გამორიცხავენ, საკმარისია მოპასუხის მხრიდან თუნდაც ერთი წინაპირობის გამორიცხვა, რომ სარჩელის წარმატებას საფრთხე შეექმნას.
76. მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრე, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.
77. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებასდა ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს სამართლებრივი შესაგებლის დასაბუთებას და თუ მოსარჩელე არ ხდის სადავოს მის შესაგებელს, მაშინ სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ უარი უნდა ეთქვას სარჩელს საპირისპირო (მოთხოვნის გამომრიცხავი) ნორმის არსებობის გამო; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის არსებითი გარემოებების შედავებას და ასევე საპირისპირო ნორმის წინაპირობების საკმარისად დასაბუთებას, მაშინმტკიცების სტადიაზე უნდა გაირკვეს, მტკიცდება თუ არა სადავო გარემოებები (მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესაბამისად). შემდეგ ეტაპზე უნდა შემოწმდეს, ახერხებს თუ არა მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების იმგვარ დასაბუთებას, რომელიც ასევე აქარწყლებს მოპასუხის მიერ დასაბუთებულ საპირისპირო მითითებებს (ნორმებს).
78. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის ერთდროულად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოვალის გამდიდრება; ამის შესაბამისად, კრედიტორის ქონებრივი დანაკლისი; კრედიტორიდან მოვალესთან სამართლებრივი სიკეთის გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა. სსკ-ის 986-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად აუცილებელია, დადგინდეს, რომ არსებობს სხვისი ფულადი ვალდებულება და იგი არა მოვალემ, არამედ მესამე პირმა შეასრულა ( გაისტუმრა) (შდრ: სუსგ № ას-334-221, 05 ნოემბერი, 2021 წ.).
79. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
80. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.
81. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დამტკიცების მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
82. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და კასატორს ამის საწინააღმდეგოდ წარმოდგენილი არა აქვს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომ 2021 წლის 24 ივნისს მოსარჩელემ მესაკუთრისაგან მიღებული 127000 ლარი ჩარიცხა სსიპ შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე, რის შემდგომაც სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 24 ივნისის ბრძანების საფუძველზე გაუქმდა ყადაღა მოპასუხის კუთვნილი, დაყადაღებული ქონების ნაწილზე ს/კ ........... 2021 წლის 7 ივლისს მოპასუხესა და მესაკუთრეს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად უძრავი ნივთი ქ. თბილისში, .........., სართული 5, ბინა №17ა ნიშნული N+19.50, ფართი 45.71 კვ.მ; ს/კ ……., 127 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, აღირიცხა მესაკუთრის საკუთრებად.
83. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს წინამდებარე განჩინების პ.36-ში მითითებულ კასატორის საკასაციო პრეტენზიას და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, არ არსებობს სსკ-ის 986-ე მუხლის დანაწესის გამოყენების წინაპირობები, კერძოდ, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ შეგნებულად გაისტუმრა მოპასუხის ვალი (შეასრულა ფულადი ვალდებულება), რითაც ეს უკანასკნელი მოსარჩელის ხარჯზე გამდიდრდა (დაზოგა საკუთარი ქონება), შესაბამისად, მოსარჩელემ განიცადა ქონებრივი დანაკლისი, ამასთან, სამართლებრივმა სიკეთემ მოსარჩელისაგან (კრედიტორიდან) მოპასუხესთან (მოვალესთან) უსაფუძვლოდ გადაინაცვლა (იხ. წინამდებარე განჩინების პ. 22-28).
84. რაც შეეხება კასატორის მითითებას, სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება არ შეწყვეტილა, შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეებს ერთმანეთის მიმართ კვლავ ჰქონდათ უფლებები და მოვალეობები. ამის საწინააღმდეგოდ მოპასუხეს არაფერზე მიუთითებია, რამეთუ ეს ასეც იყო. შესაბამისად, მოსარჩელის ვალდებულება, მოპასუხისათვის გადაეხადა 28368,3 აშშ დოლარი, ძალაში დარჩა, რაც უნდა ანაზღაურებულიყო გადახდის დღეს არსებული ეროვნული კურსით ლარში. აღნიშნული ავტომატურად წარმოშობდა გამყიდველის ვალდებულებას, ბინაზე გადაეცა საკუთრება მოსარჩელისათვის. მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების დღეს ანუ 2021 წლის 24 ივნისს 1 აშშ დოლარის = 3,1549 ლარს, შესაბამისად, ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დარჩენილი ვალდებულების სრული მოცულობა მოპასუხის წინაშე იყო 28368,3$*3,1549=89500ლ. ამ თანხის მიღების შემდეგ კი, გამყიდველს ბინაზე სრული საკუთრების უფლება უნდა გადაეცა მყიდველისათვის. მყიდველს ვალდებულება ჰქონდა, რომ დამატებით გადაეხადა 28368,3$*3,1549=89500 ლარი და გამყიდველისაგან მოეთხოვა საკუთრების გადაცემა ბინაზე, ანუ ამ უფლება-მოვალეობებს გამყიდველის მხრიდან რომ შევხედოთ, იგი ვალდებული იყო, 89500 ლარის მიღების სანაცვლოდ, დაეთმო საკუთრების უფლება ბინაზე. წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, მას არ ჰქონდა უფლება, მოეთხოვა მეტი თანხა, მეტის მოთხოვნისათვის მას უნდა შეეწყვიტა წინარე ნასყიდობა, თუმცა ამ შემთხვევაში წარმოეშობოდა ვალდებულება, დაებრუნებუნა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი 5000 აშშ დოლარი, რასაც ემატება რემონტსა და აღჭურვაზე გაწეული დანახარჯები.
85. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).
86. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს მესამე პირის მიერ მოვალის ნაცვლად ფულადი ვალდებულების შესრულება და არა გამყიდველსა და მყიდველს შორის დადებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, ამიტომაც საკასაციო სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, იმსჯელოს წინამდებარე განჩინების პ.32-33 მითითებულ საკასაციო პრეეტნზიებზე, შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნის არარსებობის გამო.
87. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
88. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
89. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
90. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
91. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
92. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით დ.ჭ.ის მიერ 2023 წლის 16 ივნისს №17492506739 საგადახდო დავალებით გადახდილი 1875 ლარის 70% – 1312,5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ქ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ გ.ქ–ს (პირადი №....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით დ.ჭ–ის მიერ 2023 წლის 16 ივნისს №17492506739 საგადახდო დავალებით გადახდილი 1875 ლარის 70% – 1312,5 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე