Facebook Twitter

საქმე №ას-43-2023

12 სექტემბერი, 2023 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ.ც–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ტ.კ–ი’’ (სს ,,თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე, მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

2021 წლის 1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამათლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, შესაგებლის წარუდგენლობის გამო, მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სს ,,თ.ბ–ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე რ.ც–ძეს მოსარჩელე სს ,,თ.ბ–ი”-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის 21 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 6739.46 ლარის გადახდა.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა რ.ც–ძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა რ.ც–ძის საჩივარი და ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამათლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 6 ოქტომბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განჩინებით შპს ,,ტ.კ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სამოქალაქო საქმეზე №2ბ/5914-21 სს ,,თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს ,,ტ.კ–ი’’.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა რ.ც–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით, რ.ც–ძეს დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ქვითრის დედანი. ამავე განჩინებითკერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსებოდა, კერძო საჩივარი აღარ მიიღებოდა და განუხილველად დარჩებოდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო/კერძო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო/კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო/კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო/კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინება კერძო საჩივრის ავტორის რ.ც–ძის წარმომადგენელს შ.ქ–ძეს (იხ. მინდობილობა) ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით - 2023 წლის 14 ივლისს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2023 წლის 15 ივლისიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2023 წლის 21 ივლისს.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავს სასამართლოსთვის რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე და 420-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. რ.ც–ძის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე