Facebook Twitter

საქმე №ას-889-2023

12 სექტემბერი, 2023 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ა.ი–ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ც.გ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების (შემდეგში - სადავო ბრძანება ან გასაჩივრებული ბრძანება) ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით შპს „ა.ი–ოს“ (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი ან დამსაქმებელი) წინააღმდეგ ც.გ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე ან დასაქმებული) სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სადავო ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი; 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 22 აპრილამდე დროის მონაკვეთში დასაქმებულის სასარგებლოდ დამსაქმებელს ყოველთვიური ხელფასის, 700 ლარის გადახდა დაეკისრა; სამუშაოზე აღდგენისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნათა ნაწილებში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დამსაქმებელმა (მოპასუხე) სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხე საკასაციო საჩივარი წარმოადგინა, ამ განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 7 ივლისის განჩინებით, შპს „ა.ი–ოს“ დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, არანაკლებ 300 ლარის, ქვითრის დედანი შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსებოდა, საკასაციო საჩივარი აღარ მიიღებოდა და განუხილველად დარჩებოდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა.ი–ოს“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

განსახილველი საქმის შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 7 ივლისის განჩინებით, შპს „ა.ი–ოს“ დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, არანაკლებ 300 ლარის, ქვითრის დედანი.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 7 ივლისის განჩინება კასატორის წარმომადგენელს ს.ხ–ძეს (იხ. მინდობილობა) გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და ჩაჰბარდა - 2023 წლის 11 ივლისს.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2023 წლის 12 ივლისიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2023 წლის 21 ივლისს.

10. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. შპს „ა.ი–ოს“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე