საქმე №ას-717-2023
12 სექტემბერი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ე.ბ–ვა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.ჰ. ტ.მ–რ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.ჰ. ტ.მ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; შეწყდა ა.ჰ. ტ.მ–სა (დაბ. 03.03. 1987წ ქუვეითის პასპორტის ...) და ე.ბ–ვას (პ/ნ ......) შორის 2020 წლის 4 იანვარს სსგს თბილისის #2 ქორწინების სახლის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერი #81203000001).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განჩინების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 16 ივნისის განჩინებით ე.ბ–ვას დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2023 წლის 20 ივნისს.
2023 წლის 26 ივნისს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა ე.ბ–ვას წარმომადგენელმა გ.ყ–მა, რომლითაც სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის დადგენილი ვადის 5 დღით გაგრძელება ითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 30 ივნისის განჩინებით ე.ბ–ვას გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით და დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი). აღნიშნული განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2023 წლის 4 ივლისს.
2023 წლის 10 ივლისს (ორშაბათი) საკასაციო პალატას განცხადებით მომართა ე.ბ–ვას წარმომადგენელმა გ.ყ–მა, რომლითაც სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის დადგენილი ვადის კვლავ 5 დღით გაგრძელება ითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის განჩინებით, ე.ბ–ვას კვლავ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 3 დღით და დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი). ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსებოდა, საკასაციო საჩივარი აღარ მიიღებოდა და განუხილველად დარჩებოდა. განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2023 წლის 14 ივლისს.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, 2023 წლის 24 ივლისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ე.ბ–ვას წარმომადგენელმა გ.ყ–მა, რომლითაც სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის დადგენილი ვადის კვლავ 5 დღით გაგრძელება ითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ე.ბ–ვას საკასაციო საჩივარი და 2023 წლის 24 ივლისის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის, მიხედვით თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.
განსახილველი საქმის შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 ივლისის განჩინებით, ე.ბ–ვას კვლავ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 3 დღით და დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 11 ივლისის განჩინება კასატორის წარმომადგენელს ს.ს–ს გაეგზავნათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და ჩაჰბარდა - 2023 წლის 14 ივლისს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 3 დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2023 წლის 15 ივლისიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2023 წლის 17 ივლისს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
რაც შეეხება სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, 2023 წლის 24 ივლისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში ე.ბ–ვას წარმომადგენლის გ.ყ–ის მიერ წარმოდგენილ განცხადებას, რომლითაც მან სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის დადგენილი ვადის კვლავ 5 დღით გაგრძელება ითხოვა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად (საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება) საკასაციო საჩივართან ერთად განუხილველად უნდა დარჩეს, რადგან დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. ე.ბ–ვას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. ე.ბ–ვას წარმომადგენლის გ.ყ–ის 2023 წლის 24 ივლისის განცხადება, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის კვლავ გაგრძელების თაობაზე დარჩეს განუხილველად.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე