საქმე №ას-467-2023
12 სექტემბერი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - მ.ბ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - რ.თ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
კერძო საჩივრის დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინებით განუხილველად დარჩა მ.ბ–ძის (შემდეგში - მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი) სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილი იყო ხონის მუნიციპალიტეტში სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინების გაუქმება.
2. სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებული განჩინება მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 24 აპრილის განჩინებით, მ.ბ–ძეს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა:
ა. მის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივარი ან რ.ხ–ვას სახელზე გაცემული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ. 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი; სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150. ამავე განჩინებითკერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსებოდა, კერძო საჩივარი აღარ მიიღებოდა და განუხილველად დარჩებოდა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო/კერძო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო/კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო/კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო/კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
5. მოცემულ შემთხვევაში ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 აპრილის განჩინება კერძო საჩივრის ავტორის მ.ბ–ძეს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და ჩაჰბარდა დედას - 2023 წლის 4 მაისს.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2023 წლის 5 მაისისდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2023 წლის 15 მაისს (ორშაბათი).
7. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავს სასამართლოსთვის რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე და 420-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. მ.ბ–ძის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე