საქმე №ას-464-2023 23 მაისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შ.ს–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ი–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.03.2023 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – იურიდიული მომსახურებისათვის შეთანხმებული გასამრჯელოს დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.11.2022 წლის გადაწყვეტილებით თ.ი–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „წარმომადგენელი“ ან „ადვოკატი“) სარჩელი დაკმაყოფილდა. შ.ს–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „მარწმუნებელი“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1410 აშშ დოლარის გადახდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.03.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. 04.12.2017 წელს მოსარჩელეს (ადვოკატი) და მოპასუხეს (მარწმუნებელი) შორის დაიდო ხელშეკრულება (შემდეგში „ხელშეკრულება“) იურიდიული მომსახურეობის გაწევაზე, რომლითაც ადვოკატს უნდა დაეცვა მარწმუნებლის ინტერესები ........ N22-ში, 47 კვ.მ. ფართზე წარმოებულ სასამართლო დავაში. ხელშეკრულების 3.2 პუნქტით, მხრეები შეთანხმდნენ, რომ მინდობილი საქმის შესასრულებლად მარწმუნებელი გადაუხდიდა ადვოკატს საქმის წარმოების დასრულების ან/და კლიენტის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული თანხის/დავის საგნის, ქონების შეფასების 10%-ს, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 3 თვის ვადაში.
3.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილული იქნა სამოქალაქო საქმე N2-3767/2018წ., მარწმუნებლის სარჩელის გამო, მოპასუხეების - ერთობლივი საქმიანობა ამხანაგობა ,,მშენებლის“ და სხვათა მიმართ, სადაც მოსარჩელე იცავდა მოპასუხის ინტერესებს. სასამართლოს 23.12.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს დაევალათ მარწმუნებელს საკუთრებაში გადასცენ ქ.ბათუმში, ....... მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებული 47.00 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, ხოლო ნატურით გადაცემის შეუძლებლობის შემთხვევაში კი სოლიდარულად დაეკისრათ 14 100 აშშ დოლარის გადახდა ზიანის ანაზღაურების სახით. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და 17.07.2020 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
3.3. მხარეთა შორის სადავო არაა, რომ მიუხედავად შეთანხმებისა და სასამართლო დავის წარმატებით დასრულებისა, მოპასუხემ მოსარჩელეს არ გადაუხადა დავის საფასურის 10% - 1410 აშშ დოლარი.
3.4. იურიდიული მომსახურებისათვის შეთანხმებული გასამრჯელოს დაკისრების თაობაზე მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 709-ე და 710.1 მუხლებიდან გამომდინარეობს. სადავოა შეთანხმებული გასამრჯელოს 1410.00 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების მართლზომიერება. დავალების ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური ხელშეკრულებაა. მისი მხარეებია, ერთი მხრივ მარწმუნებელი, რომელიც დავალების მიმცემია და ამ სახის ურთიერთობაში კრედიტორის როლში გამოდის, ხოლო მეორე მხრივ, რწმუნებული, რომელიც კისრულობს დავალებული მოქმედების განხორციელებას და მონაწილეობს მოვალის მხარეზე. სსკ-ის 710-ე მუხლის მიხედვით, ეს ურთიერთობა შეიძლება იყოს, როგორც უსასყიდლო, ისე სასყიდლიანი, ამიტომ, თუ რწმუნებულმა მარწმუნებლის სახელით შესრულებული მოქმედებისთვის უნდა მიიღოს გარკვეული საზღაური, ამის თაობაზე მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში სპეციალურად უნდა იქნეს მითითებული.
3.5. დავალების ხელშეკრულება ითვალისწინებს მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის ორმხრივი უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას, რაც სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა მინდობილობის საფუძველზე. მომსახურეობის საფასური (ჰონორარი) არის ადვოკატის მიერ განსაზღვრული, მის მიერ გასაწევი მომსახურების შესაბამისი ანაზღაურება, რისთვისაც აუცილებელია კლიენტსა და ადვოკატს შორის შეთანხმება, რომლის ერთ-ერთ პირობად მიჩნეული იქნება ჰონორარზე შეთანხმება. კლიენტისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი ადვოკატის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობა და გადახდის წესი.
3.6. განსახილველ შემთხვევაში, გასამრჯელოს გადახდის ვალდებულება და მისი ოდენობა შეთანხმდა მხარეთა შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულებით, მხრეები ნათლად შეთანხმდნენ, რომ მინდობილი საქმის შესასრულებლად მარწმუნებელი გადაუხდიდა ადვოკატს საქმის წარმოების დასრულების ან/და კლიენტის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული თანხის/დავის საგნის, ქონების შეფასების 10%-ს, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 3 თვის ვადაში. დადგენილია, რომ სამოქალაქო საქმეზე N2-3767/2018 დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 14 100 აშშ დოლარს, აღნიშნულ საქმეზე მარწმუნებლის სასარგებლო გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, თუმცა მარწმუნებელმა უარი განაცხადა შეთანხმებული გასამრჯელოს, 14100 აშშ დოლარის 10%-ის - 1410 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ ადვოკატმა არაჯეროვნად შეასრულა მისი ვალდებულება და არ მოითხოვა წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯების მოპასუხეზე დაკისრება.
3.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი და მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება რაიმე დათქმას შეთანხმებული გასამრჯელოს ანაზღაურებაზე უარის თქმის დამაბრკოლებელ გარემოებაზე, გარდა მარწმუნებლის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანისა, არ შეიცავს. ამდენად, არ არსებობს ამ მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის იურიდიული მომსახურების საფასურის დაკისრებაა. მოთხოვნა გამომდინარეობს, როგორც იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებიდან, ასევე, დავალების მარეგულირებელი ნორმებიდან (სსკ-ის 709-710-ე მუხლები) (სუსგ Nას-894-2021, 23.12.2021წ., პ.51). სსკ-ის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ამავე კოდექსის 710-ე მუხლით, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი. თუ გასამრჯელოს ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ რაიმე ნიხრის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ისევე, როგორც ნიხრის არარსებობისას - ჩვეულებრივი გასამრჯელო.
9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმომადგენლობის ინსტიტუტს საფუძვლად უდევს კონკრეტული პირის (ან პირთა) უფლება სამართლებრივ ურთიერთობებში წარმოადგინოს სხვა პირი (ან პირები) - წარმომადგენლობის უფლებამოსილება. სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმად, წარმომადგენლობის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა მინდობილობის საფუძველზე (ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბ., 2011, გვ.425,426). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ჰონორარი არის ადვოკატის მიერ განსაზღვრული, მის მიერ გასაწევი მომსახურების შესაბამისი ანაზღაურება, რისთვისაც აუცილებელია კლიენტსა და ადვოკატს შორის შეთანხმება, რომლის ერთ-ერთ პირობად მიჩნეული იქნება ჰონორარზე შეთანხმება. კლიენტისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი ადვოკატის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობა და გადახდის წესი. რაც შეეხება ე.წ. წარმატების ჰონორარის გადახდის ვალდებულებას, აღნიშნული დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ დავა წარმატებით დასრულდა კლიენტის სასარგებლოდ (შდრ. სუსგ Nას-894-2021, 23.12.2021წ.).
10. სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
11. ხელშეკრულების დადების მომენტიდან, მხარეები ვალდებულნი არიან შეუდგნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე (სუსგ Nას-254-2021, 26.07.2022წ.).
12. განსახილველ შემთხვევაში იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჰონორარის ოდენობა, გადახდის წესი შეთანხმებული იყო მხარეებს შორის და ხელშეკრულება მოიცავს მკაფიო მოწესრიგებას, კერძოდ, სასამართლოს მიერ დადგენილია და შედავებული არ არის, რომ ხელშეკრულებით მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, მოპასუხისათვის გაეწია იურიდიული მომსახურება ქალაქ ბათუმში, ........ ქ. N22-ში მდებარე 47 კვ.მ ფართთან დაკავშირებით წარმოებულ სასამართლო დავაში. ხელშეკრულების 3.2 პუნქტით, მხრეები შეთანხმდნენ, რომ მინდობილი საქმის შესასრულებლად მარწმუნებელი ადვოკატს გადაუხდიდა მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული თანხის/დავის საგნის, ქონების შეფასების 10%-ს, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 3 თვის ვადაში. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოა სწორედ ხელშეკრულების 3.2 პუნქტით განსაზღვრული ე.წ. წარმატების ჰონორარის - 1410 აშშ დოლარის დაკისრების კანონიერება. დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია ხელშეკრულებით ნაკისრი იურიდიული მომსახურება, მიღწეული იქნა მიზანიც - მოსარჩელის წარმომადგენლობით ნაწარმოებ სამოქალაქო საქმეზე მიღებული იქნა მარწმუნებლის სასარგებლო გადაწყვეტილება, რაც საფუძვლიანს ხდის სარჩელს ხელშეკრულებით განსაზღვრული ე.წ „წარმატების ჰონორარის“ მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე. დამდგარი სახელშეკრულებო პირობის შესაბამისად შეთანხმებული გასამრჯელოს მოპასუხისთვის დაკისრების გამომრიცხავი და ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი გარემოება არ გამოვლენილა. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანად.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
14. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
15. კასატორი, სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ.ს–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია