Facebook Twitter

ას-305-2023

25 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.ე.ჯ–ია“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ, 8200 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით (დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 94-110).

1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 82 ლარის გადახდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. 2019 წლის 31 მაისს მოსარჩელეს, როგორც შემსყიდველს და მოპასუხეს, როგორც მიმწოდებელს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა მიმწოდებლის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის (თანდართული დაზღვევის პირობების დანართი 1-ისა და სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალის - დანართი 2-ის შესაბამისად) მომსახურების გაწევა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებებითა და ტარიფებით. ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისთვის განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების დანართი №1-ის - დაზღვევის პირობების მე-2 ნაწილის მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ავტომანქანის ან მისი ნაწილების შეკეთება/აღდგენის ვადად განისაზღვრა ზარალის დარეგულირების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღე, ხოლო დეფიციტური ნაწილების შემთხვევაში - არაუგვიანეს 45 კალენდარული დღე.

5.2. 2019 წლის 14 ნოემბერს მხარეთა შორის შედგა შეთანხმება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის თაობაზე, რომლითაც განისაზღვრა 2019 წლის 31 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის - მარკა/მოდელი - „TOYOTA LAND CRUISER“, სახელმწიფო ნომრით - „........“, მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი თანხა - 389.40 ლარის ოდენობით. აღნიშნული აქტით განსაზღვრული თანხა მოპასუხემ 2019 წლის 20 ნოემბერს ჩაურიცხა ამ ავტომობილის შემკეთებელ სერვის-ცენტრს. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება შესაკეთებლად სერვის ცენტრში მიყვანილ იქნა 2020 წლის 25 თებერვალს. მისი აღდგენა დასრულდა 2020 წლის 29 თებერვალს.

5.3. მოსარჩელის 2021 წლის 16 ივნისის წერილით მოპასუხეს 2019 წლის 31 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეული ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთების ვადის გადაცილების გამო, ამავე ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე დაეკისრა პირგასამტეხლო 8 200 ლარის ოდენობით. აღნიშნულ წერილში პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველად მითითებულია, რომ ზიანის დარეგულირების აქტი მხარეთა შორის შედგა 2019 წლის 19 ნოემბერს, თუმცა ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადისა (2019 წლის 19 ნოემბრიდან 20 კალენდარული დღე), მისი შეკეთება დასრულდა 2020 წლის 29 თებერვალს - 82 დღის ვადაგადაცილებით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.5. პალატის მითითებით, პირგასამტეხლოს შემცირების მიზნებისათვის სასამართლო მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ პირგასამტეხლო დარიცხული იქნა არა ვადაგადაცილებით შესრულებელი ვალდებულების მოცულობის (389.40 ლარი) გათვალისწინებით, არამედ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ფიქსირებული 100 ლარის ოდენობით. უდავო გარემოებას წარმოადგენდა ის, რომ საბოლოოდ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად და მხარეთა მიერ შეთანხმებული ხარისხით. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო - 82 ლარის ოდენობით, იყო გონივრული და სრულად შეესაბამებოდა განსახილველ შემთხვევაში მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. კასატორის მითითებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ხელშეკრულების არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისთვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება. მართალია, კანონმდებლობა ითვალისწინებს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას, თუმცა, პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი.

6.2. სასამართლომ არ გაიზიარა ლეგიტიმური მიზანი ხელშეკრულების დროული შესრულების თვალსაზრისით, რამეთუ სამინისტროს სპეციფიკიდან გამომდინარე, თითოეული ხელშეკრულება ემსახურება მისი კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვან შესრულებას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2023 წლის 20 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება. ეს სამართლებრივი შედეგი კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2-ე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და 418-ე (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში მიიღწევა. კერძოდ, ეს წინაპირობებია: ა) მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება; ბ) პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმება; გ) ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.

11. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა დაუსაბუთებლად შეამცირეს.

12. უდავოა, რომ მხარეთა შორის 2019 წლის 31 მაისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა მიმწოდებლის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის (თანდართული დაზღვევის პირობების დანართი 1-ისა და სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალის - დანართი 2-ის შესაბამისად) მომსახურების გაწევა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებებითა და ტარიფებით. ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისთვის განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების დანართი №1-ის - დაზღვევის პირობების მე-2 ნაწილის მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ავტომანქანის ან მისი ნაწილების შეკეთება/აღდგენის ვადად განისაზღვრა ზარალის დარეგულირების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღე, ხოლო დეფიციტური ნაწილების შემთხვევაში - არაუგვიანეს 45 კალენდარული დღე. 2019 წლის 14 ნოემბერს მხარეთა შორის შედგა შეთანხმება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის თაობაზე, რომლაც განისაზღვრა 2019 წლის 31 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის - მარკა/მოდელი - „TOYOTA LAND CRUISER“, სახელმწიფო ნომრით - „......“, მიყენებული ზიანის ასანაზღაურებელი თანხა - 389.40 ლარის ოდენობით. აღნიშნული აქტით განსაზღვრული თანხა მოპასუხემ 2019 წლის 20 ნოემბერს ჩაურიცხა ამ ავტომობილის შემკეთებელ სერვის-ცენტრს. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება შესაკეთებლად სერვის ცენტრში მიყვანილ იქნა 2020 წლის 25 თებერვალს. მისი აღდგენა დასრულდა 2020 წლის 29 თებერვალს. მოსარჩელის 2021 წლის 16 ივნისის წერილით მოპასუხეს 2019 წლის 31 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე დაზღვეული ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთების ვადის გადაცილების გამო, ამავე ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე დაეკისრა პირგასამტეხლო 8 200 ლარის ოდენობით. აღნიშნულ წერილში პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველად მითითებულია, რომ ზიანის დარეგულირების აქტი მხარეთა შორის შედგა 2019 წლის 19 ნოემბერს, თუმცა ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადისა (2019 წლის 19 ნოემბრიდან 20 კალენდარული დღე), მისი შეკეთება დასრულდა 2020 წლის 29 თებერვალს - 82 დღის ვადაგადაცილებით.

13. სადავო არაა მხარეთა შეთანხმებით დადებული ხელშეკრულების პირობები, უფლებები და ვალდებულებები. უდავოა ასევე მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ 2021 წლის 16 ივნისის აქტში მითითებული სატრანსპორტო საშუალების შეკეთებამდე გასული დღეების რაოდენობა. უდავოა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლის არსებობა (მოპასუხეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია). საკასაციო საჩივრით სადავოა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.

14 საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი).

15. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).

16. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, აღნიშნული მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას.

18. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე შესაგებელში ძირითად აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სერვის ცენტრში აღსადგენად მიყვანა განხორციელდა ყოველგვარი გონივრული ვადის დარღვევით (2 თვის ვადის გადაცილებით). ავტომანქანა სერვის ცენტრში აღსადგენად მიიყვანეს 2020 წლის 25 თებერვალს და აღდგენა დასრულდა 2020 წლის 29 თებერვალს. მოპასუხე ასევე მიიჩნევს, რომ დაანგარიშებული პირგასამტეხლო არაგონივრულია. როგორც უკვე აღინიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი და მას დაეკისრა პირგასამტეხლო შემცირებული ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ არ გასაჩივრებულა და მის მიმართ შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლების არსებობა არ არის სადავო.

19. მოპასუხის პრეტენზია შეეხებოდა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს არაგონივრულობასაც, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს. საკასაციო პალატა პირველ რიგში შეაფასებს, თუ რამდენად კვალიფიციური შედავება განახორციელა მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ ამ ნაწილში და აღნიშნავს, რომ სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ სასამართლოში წარდგენილი შესაგებელი მართალია შეიცავდა მითითებას, პირგასამტეხლოს არაგონივრულობაზე, თუმცა კონკრეტული და კვალიფიციური შედავება პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის დასაბუთების მიზნით მას არ გაუხორციელებია. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რაც შეეხება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს განსაზღვრას, აღნიშნულიც ასევე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთმითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად.

20. პალატას მიაჩნია, რომ როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის და ის არ უნდა ატარებდეს სიმბოლურ ხასიათს. პალატა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა.

21. განსახილველ შემთხვევაში, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების მხარეს მოპასუხის სახით წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. გასათვალისწინებელია ასევე ის, რომ შემსყიდველი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურება, რომლის შესრულების განსაკუთრებული მოლოდინი ჰქონდა მოსარჩელეს და მიმწოდებელს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეთხოვებოდა ვალდებულების შესრულება. პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს კვალიფიციური შედავება პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის დასაბუთების მიზნით არ განუხორციელებია და მიიჩნევს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველს.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ქვემდგომი სასამართლოების მიერ არამართებულად შემცირდა, ხელშეკრულების მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული ოდენობა, რომელიც არ გამოიწვევს კრედიტორის გამდიდრებას.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2021 წლის 16 ივნისის აქტით დარიცხული პირგასამტეხლო 8200 ლარის ოდენობით.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოპასუხე, გადახდება მოსარჩელეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზეც მოსარჩელეს ეთქვა უარი. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი და სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოებში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 984 (246+328+410) ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 64.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 8200 ლარის გადახდა;

5. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ (.........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 984 (246+328+410) ლარის გადახდა;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე