Facebook Twitter

ას-343-2023

20 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ზ-ო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ზ-ომ“ (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში - მოპასუხის) მიმართ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების დავალიანების, სულ 107 505.47 ლარის დაკისრების მოთხოვნით (იხ. სარჩელი: ს.ფ. 2-20).

1.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. სასამართლო სხდომაზე კი განმარტა, რომ ტენდერის შესახებ მონაცემები კომპიუტერულ პროგრამაშია ატვირთული და იმის გამო, რომ პროგრამულად სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების სტატუსი დასრულებულია, არ ხერხდება ანაზღაურების გაცემა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ზ-ოს“ სარჩელი, მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 03 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N2.11.2/40/875 ხელშეკრულების საფუძველზე, ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის - 49 889.36 ლარის გადახდა; 2015 წლის 03 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N2.11.2/40/876 ხელშეკრულების საფუძველზე, ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის - 5 457.21 ლარის გადახდა; 2015 წლის 06 მაისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N2.1/30/272 ხელშეკრულების საფუძველზე, ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის - 52 158.90 ლარის გადახდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. 2015 წლის 03 დეკემბერს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ზ-ოს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N2.11.2/40/875 ხელშეკრულება ქ. თბილისში, …...., სტიქიის შედეგად დაზიანებული გოფრირებული კონსტრუქციის N5 გვირაბის და N5 N 6 გვირაბების დამაკავშირებელი კედლების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების შესახებ. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 2 300 074.78 ლარით, სამუშაოების მიწოდების ვადად − ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვე. ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვრა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წელი. ხელშეკრულებით, სხვა დებულებებთან ერთად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესასრულებელი სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან მოპასუხის მიერ დაკავებული იქნებოდა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით თანხა. ამ თანხიდან ხელშეკრულების ღირებულების 2.5%-ის გადახდა განხორციელდებოდა სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2.5%-ის გადახდა − ხარვეზების აღმოფხვრისა და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.

5.2. 2015 წლის 03 დეკემბერს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ზ–ოს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N2.11.2/40/876 ხელშეკრულება ქ. თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, სტიქიის შედეგად დაზიანებული გოფრირებული კონსტრუქციის N3 გვირაბის სათავისების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების შესახებ. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 247 680.16 ლარით, სამუშაოების მიწოდების ვადად − ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვე. ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვრა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წელი. ხელშეკრულებით, სხვა დებულებებთან ერთად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესასრულებელი სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან მოპასუხის მიერ დაკავებული იქნებოდა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით თანხა. ამ თანხიდან ხელშეკრულების ღირებულების 2.5%-ის გადახდა განხორციელდებოდა სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2.5%-ის გადახდა − ხარვეზების აღმოფხვრისა და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.

5.3. 2015 წლის 06 მაისს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ს.კ.კ.ხ–ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N2.1/30/272 ხელშეკრულება ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდის გადასასვლელი ესტაკადის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულების შესახებ. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 2 188 965.69 ლარით, სამუშაოების მიწოდების ვადად − სამუშაოების წარმოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, წერილობითი დავალების მიცემიდან 210 კალენდარული დღე. ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვრა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წელი. ხელშეკრულებით, სხვა დებულებებთან ერთად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესასრულებელი სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან მოპასუხის მიერ დაკავებული იქნებოდა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით თანხა. ამ თანხიდან ხელშეკრულების ღირებულების 2.5%-ის გადახდა განხორციელდებოდა სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2.5%-ის გადახდა − ხარვეზების აღმოფხვრისა და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.

5.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 3 სექტემბრის და 28 სექტემბრის წერილების და შპს „ს.კ.კ.ხ–ის“ 2015 წლის 31 აგვისტოს და 10 სექტემბრის წერილების საფუძველზე, 2015 წლის 30 სექტემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, შპს „ს.კ.კ.ხ–ს“ და მოსარჩელე შპს „ზ–ოს“ შორის გაფორმდა სამმხრივი შეთანხმება, რომლის მიხედვით, N 2.1/30/272 ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები ხელშეკრულების მხარემ - შპს „ს.კ.კ.ხ–მა“ გადასცა მოპასუხე შპს „ზ–ოს“. 2015 წლის 10 დეკემბრის შეთანხმებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და შპს „ზ–ოს“ შორის გაიზარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების ვადა და განისაზღვრა 2015 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით

5.5. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების ფარგლებში, საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე, რომლებიც დადასტურებულია მოპასუხის მიერ, 2015 წლის 30 სექტემბერს, 2015 წლის 12 ნოემბერს, 2015 წლის 16 დეკემბერს და 2015 წლის 30 დეკემბერს, შემდეგ კი, 2016 წლის 09 მარტს, 2016 წლის 24 მაისს, 2016 წლის 23 ივნისს და 2016 წლის 12 ივლისს მოსარჩელემ მოპასუხისგან მიიღო ჯერ ავანსი, შემდეგ, მიმდინარე ანაზღაურება, ბოლოს კი საგარანტიოდ დაკავებული თანხის ნაწილი, ხელშეკრულების ღირებულების 2.5%, რამდენიმე ტრანშად.

5.6. მოპასუხის დავალიანებამ მოსარჩელის მიმართ, შეადგინა: ქ. თბილისში, ვერეს ხეობაში გოფრირებული გვირაბის კედლების მიმდინარე შეკეთების (N2.11.2/40/875) შესახებ ხელშეკრულებიდან - 49 889.35 ლარი, ქ. თბილისში, ვერეს ხეობაში გოფრირებული გვირაბის კედლების სათავისების მიმდინარე შეკეთების (N2.11.2/40/876) შესახებ ხელშეკრულებიდან - 5 457.22 ლარი, ქ. თბილისში, აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადის აღდგენა-_რეაბილიტაციის (N 2.1/30/272) ხელშეკრულებიდან - 52 158.92 ლარი.

5.7. 2016 წლის 19 ივნისს, შედგა მიღება-ჩაბარების აქტი N13 და N14 მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის, რომელთა მიხედვით, მხარეებმა ხელმოწერებით დაადასტურეს, რომ ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდის გადასასვლელი ესტაკადის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები შესრულებული იყო 2015 წლის 6 მაისის N2.1/30/272 ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ამასთან, N2.11/20/875 და N2.11/20/876 ხელშეკრულებებით ნაკისრი სამუშაოების შესრულების თარიღი - 2016 წლის 31 მარტი, დადასტურებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, საქმეზე N 2/30714-17.

5.8. 2018 წლის 09 აგვისტოს, 2018 წლის 04 ოქტომბრის, 2018 წლის 07 ნოემბრის და 2019 წლის 22 ივლისის წერილებით მოსარჩელემ მოპასუხეს წარუდგინა მოთხოვნები სამივე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების - ჯამში, 107 505.49 ლარის გადახდის, შესასრულებად. წერილების საპასუხოდ, ერთხელ, 2019 წლის 23 ივლისის წერილით, მოსარჩელეს მოპასუხისგან ეცნობა შემდეგი: შპს „ზ–ოს“ მიმდინარე პერიოდისათვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიმართ გააჩნია დაუფარავი ვალდებულება 848 934.78 ლარის ოდენობით, რომელზეც მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურმა მიზანშეწონლად მიიჩნია, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტამდე შეეჩერებინა ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით დაკავებული თანხების ანაზღაურება. მოპასუხეს არც შესაგებელში და არც სასამართლოს ზეპირ მოსმენაზე არ წარმოუდგენია არგუმენტი, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა დამოკიდებული იყო ორმხრივ ვალდებულებაში მოსარჩელის მხრიდან საპასუხო შეუსრულებლობაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება: 5.9. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე, მოსარჩელემ ჯეროვნად შეასრულა მოპასუხის წინაშე ნაკისრი სამუშაოების შესრულების ვალდებულება. ამ თანხის ნახევარი მოსარჩელემ მიიღო შეთანხმებული პირობით, დარჩენილი ნაწილის გადახდა კი, მოპასუხემ დაუსაბუთებლად არ განახორციელა. დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმებით, საგარანტიო ვალდებულების ამოქმედება დამოკიდებული იყო ნეგატიურ მოვლენაზე. თუ მოსარჩელის მიერ განხორციელებული სამუშაოებთან დაკავშირებით, საგარანტიო ვადაში, წარმოიქმნებოდა დამატებითი შესრულების საჭიროება და ეს ვალდებულება მოსარჩელის მხრიდან არაჯეროვნად შესრულდებოდა, მოპასუხე უფლებამოსილი იყო დაეტოვებინა, გარანტიის პირობად დატოვებული თანხა. დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიღების შემდეგ დამატებითი შესრულების მოთხოვნა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, ორწლიან საგარანტიო ვადაში, არ წარუდგენია. შესაბამისად, არ არსებობდა მოპასუხესთან მოსარჩელის კუთვნილი თანხის დაკავების ფაქტობრივ-_სამართლებრივი საფუძველი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 03 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება: 6.1. კასატორის მითითებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სრულიად დაუსაბუთებლად სამართლებრივი შეფასების მიღმა იქნა დატოვებული ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ვინაიდან, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოწურული იყო, შეუძლებელი იყო თანხის გადარიცხვა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინების სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების დავალიანების, კერძოდ, სამუშაოთა დასრულების შემდგომ, ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის მოსარჩელისათვის დაბრუნება. ეს სამართლებრივი შედეგი კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2-ე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) და სსკ-ის 629-ე (ნარდობის ხელშეკრულების მიხედვით, მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში მიიღწევა.

13. პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტები, რომლებიც ასახულია ამ განჩინების 5.1.-5.8. პუნქტებში და რომლებსაც სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო ძალა აქვთ.

14. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულების მიხედვით, მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ანუ, ნარდობის ძირითადი თავისებურებაა ის, რომ შემკვეთი საკუთრების უფლებას იძენს შესრულებული სამუშაოს რეზულტატზე, რისთვისაც იხდის კონკრეტულ საზღაურს. ნარდობის ხელშეკრულების შინაარსს შეადგენს მისი პირობების ერთობლიობა. ნარდობის ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც მასზეა დამოკიდებული ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის თავისებურებები, ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება და სხვა.

15. სსსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. ისევე, როგორც კონტინენტური სამართლის სისტემის ქვეყნებში, საქართველოს შემთხვევაშიც ვალდებულების შესრულების მომწესრიგებელ ნორმებს ძირითადად დისპოზიციური ხასიათი აქვთ. ქართული სამოქალაქო კოდექსი შესრულებაზე ორიენტირებული აქტია. მისი როგორც ზოგადი, ისე კერძო ნაწილი შესრულების მექანიზმებზეა აგებული. მთავარია შესრულება და არა პასუხისმგებლობა. ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია კონკრეტული სახის ვალდებულების შინაარსზე. ნარდობის ხელშეკრულებით, შემკვეთის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს მიიღოს შესრულებული სამუშაო და გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური (საქმე №ას-141-2021 27 მაისი, 2021 წელი).

16. განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა მხარეთა შეთანხმებით გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები, უფლებები და ვალდებულებები; არც ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების მოსარჩელის მიერ ჯეროვნად შესრულებაა სადავოდ გამხდარი. კასატორი სადავოდ ხდის მხოლოდ მის მიერ ხარისხის გარანტიის პირობად დაკავებული თანხის დაბრუნების საფუძვლის არსებობას, იმ პრეტენზიაზე მითითებით, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის გამო შეუძლებელი იყო თანხის მოსარჩელისათვის გადარიცხვა. თანხის გადაუხდელობის თაობაზე მოპასუხის შესაგებელიც მხოლოდ ამ გარემოებას ეფუძნებოდა.

17. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განვითარებულ მოსაზრებებს სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ და დამატებით მიუთითებს, რომ წარმოდგენილი შედავება ვერ მოახდენს გავლენას შესრულებული სამუშაოების ღირებულებაზე, მით უფრო მაშინ, როდესაც შესრულების ხარისხი, ვადა და სხვა გარემოებები სადავო არ არის. მოცემული შემთხვევა მენარდის მიერ ფაქტობრივად და ჯეროვანი ხარისხით შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას ეხება, ხოლო კასატორს როგორც უკვე აღინიშნა, მიაჩნია, რომ არ უნდა მოხდეს თანხის გადახდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის გამო. ამ შემთხვევაში, საკასაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მენარდის მიერ სრულად იქნა შესრულებული ვალდებულებები, საგარანტიო ვადებიც ისე გავიდა, რომ მოპასუხე მხარეს პრეტენზია სამუშაოების ხარისხზე არ გამოუთქვამს. პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებებიდან ცალსახად და მკაფიოდ დგინდება შესრულების 5%-ის დაკავების მიზნობრიობა. კერძოდ, აღნიშნული ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით უნდა მომხდარიყო. მოცემულ შემთხვევაში, შემკვეთის მიერ სწორედ ხარისხის უზრუნველსაყოფად დაკავებული 2.5%-ის უკან დაბრუნებაა სადავოდ გამხდარი, რომელიც მენარდის მიერ უკვე შესრულებული ვალდებულებიდან დაკავდა. შესრულებულ სამუშაოსთან მიმართებით შედავება მოპასუხეს არ წარმოუდგენია და არც საქმეში არსებული რომელიმე მტკიცებულებით დადასტურდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შეუსაბამობა. მოპასუხის მიერ მითითებული საფუძვლით (ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვა) კი, გადასახდელად დარჩენილი თანხის 2.5%-ის ანაზღაურებაზე უარი უსაფუძვლოა როგორც წინამდებარე ხელშეკრულების მიზნიდან, ასევე გარანტიის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალების ერთობლიობაში შეფასებით სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა მხარეთა შორის არსებული ფაქტობრივი მოცემულობა და სამართლებრივად სწორად შეაფასა დადგენილი გარემოებანი, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

19. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

20. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

21. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

23. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

ლაშა ქოჩიაშვილი