№ას-1099-2022
30 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვა
სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე
კასატორები – ი.ნ–ძე, ვ.გ–ა (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ს.ბ–მა“ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ვ.გ–ას, ი.ნ–ძის, მ.პ–ძისა და გ.ჩ–ძის (შემდეგში მოპასუხეების) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით (იხ.: დაზუსტებული სარჩელი, ტ.1, ს.ფ. 91-109).
1.1. ვ.გ–ას და ი.ნ–ძეს შესაგებელი სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ. მოპასუხე გ.ჩ–ძემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო სრულად, ხოლო მ.პ–ძემ როგორც შესაგებელში, ისე სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არ ცნობდა სარჩელს, ვინაიდან, ბანკთან არანაირი თავდებობის ხელშეკრულება არ გაუფორმებია.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ......., კორპუსი პირველი, ბინა №8 (საკადასტრო კოდი: №.......) საჯარო რეესტრში აღირიცხა ზ.ნ–ძის მემკვიდრეების - მოპასუხეების ვ.გ–ასა და ი.ნ–ძის თანასაკუთრებაში; ვ.გ–ას, ი.ნ–ძეს, გ.ჩ–ძეს და მ.პ–ძეს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 25 401.55 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 22 927.04 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 1 877.55 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 595.96 აშშ დოლარი; ვ.გ–ას, ი.ნ–ძეს, გ.ჩ–ძეს და მ.პ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ №3576921 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 22 927.04 აშშ დოლარზე - წლიური 12%-ის გადახდა - 2019 წლის 17 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; სარჩელი 2019 წლის 17 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; დავალიანების დაფარვის მიზნით (გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით), სარეალიზაციოდ მიექცა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ......, კორპ. 1, ბინა №8 (ს/კ: ........), ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, დადგინდა აღსრულება მოპასუხეების გ.ჩ–ძის და მ.პ–ძის კუთვნილ ქონებაზე.
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 ივლისის განჩინებით სს „ს.ბ–ის“ შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე დაკმაყოფილდა. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 ივლისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს ი.ნ–ძემ და ვ.გ–ამ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ი.ნ–ძემ და ვ.გ–ამ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინებით ი.ნ–ძისა და ვ.გ–ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება. ამავე პალატის 2022 წლის 25 მაისის განჩინებით ი.ნ–ძისა და ვ.გ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2016 წლის 31 მაისს სს „ს.ბ–სა“ და ზ.ნ–ძეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ №GCL000157079-5775338 ხელშეკრულება, რომლითაც საკრედიტო ხაზის მოცულობა განისაზღვრა 1 000 000 აშშ დოლარით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 240 თვით. რაც შეეხება ხელშეკრულების სხვა პირობებს, აღნიშნული განისაზღვრა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებებით.
3.2. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე სს „ს.ბ–სა“ და ზ.ნ–ძეს შორის 2016 წლის 31 მაისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №GCLCA000157116-3576921-4206464, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 120 000 აშშ დოლარის ოდენობით. კრედიტის პირობები განისაზღვრა შემდეგნაირად: - მოქმედების ვადა: 48 თვე; - მოცულობა და ვალუტა: 120 000 აშშ დოლარი; - კრედიტის თანხის დაფარვის ათვისებულ კრედიტის თანხაზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის თარიღი (პერიოდულობა): ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად; - ათვისებულ კრედიტის თანხაზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი: წლიური 12%; - პირგასამტეხლო ათვისებული კრედიტის თანხების და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისთვის: ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე; 10. N3576921 სესხის ხელშეკრულების დანართი N1-ით შეთანხმდა სესხის გადახდის გრაფიკი.
3.3. 2016 წლის 31 მაისს, სს „ს.ბ–სა“ და ზ.ნ–ძეს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №CAH000157091, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე ზ.ნ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ........ (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: .........).
3.4. სს „ს.ბ–სა“ და ზ.ნ–ძეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, გ.ჩ–ძესთან, მისივე განცხადების საფუძველზე, დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება №CAS000157099, რომელიც წარმოადგენდა N000470844 საკრედიტო ხელშეკრულების შემადგენელ ხელშეკრულებას.
3.5. მითითებული გარიგებით მოპასუხე გ.ჩ–ძემ კრედიტორის სს „ს.ბ–ის“ წინაშე იკისრა ვალდებულება ძირითადი მოვალის დავალიანების სოლიდარულად დაფარვის შესახებ, პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობით - 1 000 000 აშშ დოლარის ფარგლებში.
3.6. 2016 წლის 31 მაისს სს „ს.ბ–სა“ და ზ.ნ–ძეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, მ.პ–ძესთან მისივე განცხადების საფუძველზე დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება №CAS000157107, რომელიც წარმოადგენდა N000470844 საკრედიტო ხელშეკრულების შემადგენელ ხელშეკრულებას. მ.პ–ძემ სს „ს.ბ–ის“ წინაშე იკისრა ვალდებულება ძირითადი მოვალის დავალიანების სოლიდარულად დაფარვის შესახებ, პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობით - 1 000 000 აშშ დოლარის ფარგლებში.
3.7. მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური თანხის გადახდის ვალდებულება; ბოლო გადახდა განხორციელდა 2019 წლის აპრილში და მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მსესხებელს თანხა აღარ გადახაუდია.
3.8. სს „ს.ბ–ის“ 2019 წლის 9 სექტემბრის წერილით #06/104125 მოპასუხეებს ეცნობათ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შესახებ და განესაზღვრათ 14 დღიანი ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა მოპასუხეების მხრიდან ვალდებულება არ შესრულებულა.
3.9. სს „ს.ბ–ის“ მიერ 2019 წლის 17 ოქტომბერს გაცემული ფინანსური ვალდებულებების შესახებ ცნობის თანახმად, ზ.ნ–ძესთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება სს „ს.ბ–ის“ წინაშე შეადგენს 25 401.55 აშშ დოლარს.
3.10. მსესხებელი ზ.ნ–ძე გარდაიცვალა 2019 წლის 9 ივლისს. მოპასუხე ი.ნ–ძე არის აწ გარდაცვლილი ზ.ნ–ძის შვილი, ხოლო მოპასუხე ვ.გ–ა - მისი მეუღლე. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრის ინფორმაციით, 2019 წლის 9 ივლისს გარდაცვლილი ზ.ნ–ძის სამკვდირო ქონების თაობაზე რეესტრში ჩანაწერი რეგისტრირებული არ არის.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
3.11. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტები ი.ნ–ძე და ვ.გ–ა, როგორც ზ.ნ–ძის პირველი რიგის მემკვიდრეები, მართებულად იქნენ ცნობილი ამ უკანასკნელის კუთვნილი უძრავი ქონების (ს/კ ........) მესაკუთრეებად და მამკვიდრებლის კრედიტორის წინაშე პასუხისმგებელ პირებად.
3.12. პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ აპელანტებს/მოპასუხეებს სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი არ წარუდგენიათ და შესაბამისად, სადავოდ არ გაუხდიათ მოსარჩელის მიერ მითითებული ის გარემოება, რომ კრედიტორის პირადი მოვალის პირველი რიგის მემკვიდრეები (მეუღლე და შვილი), მიზანმიმართულად არიდებდნენ თავს სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას იმ მიზნით, რომ თავიდან აეცილებინათ ბანკის წინაშე პასუხისმგებლობა. მოპასუხეთა მხრიდან შედავების არარსებობის პირობებში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (აპელანტთა მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი) სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია.
3.13. აპელანტების მიერ მითითებული ის გარემოება, რომ მათ ფაქტობრივი ფლობით არ მიუღიათ სამკვიდრო, უფრო მეტიც, სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ განცხადებით მიმართეს ნოტარიუსს - სააპელაციო პალატის მიერ ვერ იქნება მიღებული და შეფასებული, რადგან ასეთი უფლება მხარეებს გააჩნიათ მხოლოდ შესაგებლის წარმოდგენისა და საქმის მომზადების სტადიაზე, იმისათვის, რომ მოწინააღმდეგე მხარეს, შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, გარემოებათა დაზუსტებისა და შევსების გზით შეძლებოდა კვალიფიციური შედავება.
3.14. სააპელაციო პალატის მითითებით, ვინაიდან, საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით, მოსარჩელეს გააჩნდა იურიდიული ინტერესი, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთები, რომლებიც საჯარო რეესტრში კვლავ აღრიცხულია გარდაცვლილი მამკვიდრებლის, ზ.ნ–ძის საკუთრებად, მისი მემკვიდრეების სახელზე აღრიცხულიყო.
4. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი.ნ–ძემ და ვ.გ–ამ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მათ მიმართ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორების მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
4.1. კასატორები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ი.ნ–ძე და ვ.გ–ა ფაქტობრივი ფლობით დაეუფლნენ ზ.ნ–ძის სამკვიდრო ქონებას. ზ.ნ–ძის გარდაცვალების შემდგომ, ვ.გ–ა და ი.ნ–ძე არ დაუფლებიან გარდაცვლილის სამკვიდრო ქონებას და არ განუხორციელებიათ რაიმე სახის ქმედება, რომელსაც შესაძლოა გამოეწვია სამკვიდროს მიღების ნების გამოხატვა. პირიქით კასატორებს არ გააჩნდათ სამკვიდროს მიღების ინტერესი და სწორედ ამ მოტივით არ მიუმართავთ ნოტარიუსისთვის სამკვიდროს მიღების მოთხოვნით.
4.2. 2011 წლიდან ვ.გ–ასა და ზ.ნ–ძეს შორის შეწყდა ფაქტობრივი ქორწინება, რის შემდგომაც ვ.გ–ა შვილთან ი.ნ–ძესთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ი.ნ–ძის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, სადაც ბარდებოდათ კიდეც მათ სასამართლოს გზავნილები. კასატორების მოსაზრებით აღნიშნული ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ისინი ფაქტობრივად არ დაუფლებიან სამკვიდროს.
4.3. სამკვიდროს მიღება/არ მიღება წარმოადგენს სავარაუდო მემკვიდრის უფლებას და არა ვალდებულებას. შესაბამისად, შესაგებლის წარუდგენლობა და სხდომაზე გამოუცხადებლობა არ უნდა გახდეს კასატორების მემკვიდრეებად ცნობის საფუძველი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ვ.გ–ასა და ი.ნ–ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორების შედავების საფუძვლიანობა.
10. განსახილველ საქმეში საკასაციო საჩივრით სადავო საკითხს წარმოადგენს ზ.ნ–ძის სამკვიდრო ქონების მესაკუთრეებად ი.ნ–ძისა და ვ.გ–ას ცნობის თაობაზე მიღებულის გადაწყვეტილების კანონიერება.
11. სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს ის, რომ ზ.ნ–ძესთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება სს „ს.ბ–ის“ წინაშე შეადგენს 25 401.55 აშშ დოლარს.
11.1. ზ.ნ–ძე გარდაიცვალა 2019 წლის 09 ივლისს. მოპასუხე ი.ნ–ძე არის ზ.ნ–ძის შვილი, ხოლო ვ.გ–ა - მისი მეუღლე.
11.2. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრის ინფორმაციით, 2019 წლის 09 ივლისს გარდაცვლილი ზ.ნ–ძის სამკვიდრო ქონების თაობაზე რეესტრში ჩანაწერი რეგისტრირებული არ არის.
12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. ამავე კოდექსის 1307-ე მუხლის მიხედვით, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის. ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. სსკ-ის 1306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობა მოქმედებს თუკი მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილადაა ცნობილი.
13. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში. მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი, ასევე, დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპის ერთგვარი გამოხატულებაა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია, ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავასა და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან (სუსგ №ას-108-2021, 22.04.2021წ; №ას-301-301-2018, 14.12.2021წ.). შესაგებლის შინაარსიდან უნდა მიხვდეს მოსამართლე, რომელია უდავო და რომელია სადავო მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები. შესაგებლის ინსტიტუტი, სარჩელის ინსტიტუტთან ერთად ერთგვარი გზამკვლევია მტკიცების სტადიისა, რომელზე გადასვლაც არ ხდება, ვიდრე არ ამოიწურება მხარეთა პოზიციების (სარჩელი; შესაგებელი; მოპასუხის მხრიდან არსებითი შედავების შემთხვევაში მოსარჩელის პასუხი და ა.შ.) ურთიერთგაცვლა და უდავო გარემოებების იდენტიფიცირება (სუსგ №ას-108-2021, 22.04.2021წ.).
15. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია, მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას, ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად მიიჩნევა. მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენით გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე №ას-664-635-2016, 02.03.2017 წელი) (სუსგ №ას-132-2019, 30.06.2021წ.).
16. სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები შეზღუდული არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით ვერ განაცხადეს. ზემოაღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ მოპასუხე შეზღუდულია შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით და მას არ აქვს უფლება შემდგომში, საქმის არსებითად (მთავარ სხდომაზე) განხილვის დროს ან სააპელაციო და საკასაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას სადავოდ გახადოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა თაობაზეც შესაგებელში მითითებული არ ჰქონია.
17. განსახილველ შემთხვევაში, ვ.გ–ას და ი.ნ–ძეს შესაგებლის წარუდგენლობით სადავოდ არ გაუხდიათ მოსარჩელის მიერ მითითებული ის გარემოება, რომ კრედიტორის პირადი მოვალის პირველი რიგის მემკვიდრეები (მეუღლე და შვილი), მიზანმიმართულად არიდებდნენ თავს სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, იმ მიზნით, რომ თავიდან აიცილონ ბანკის წინაშე პასუხისმგებლობა. გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხეებმა შედავება არ განახორციელეს მოსარჩელის მიერ მითითებულ ამ ფაქტობრივ გარემოებაზე, სსსკ-ის 204-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეების მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად იქნა დადგენილად მიჩნეული (მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებაზე - „სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიზანმიმართლად თავის არიდებაზე“ შეუდავებლობა და შესაბამისად, მისი დადასტურებულად მიჩნევა, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მოპასუხე მხარემ მიიღო სამკვიდრო და ის მიზამნიმართულად თავს არიდებს სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას). ამდენად, მოპასუხეებმა სსსკ-ის 201-ე მუხლის მოთხოვნების უგულებელყოფით პროცესუალურად დაკარგეს ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით შედავების კანონისმიერი უფლება.
18. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს აღნიშნულ საკითხზე სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და მიიჩნევს, რომ პალატამ მართებულად არ გაიზიარა აპელანტების მიერ მითითებული ის გარემოება, რომ მათ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ განცხადებით მიმართეს ნოტარიუსს და ფაქტობრივი ფლობით არ მიუღიათ სამკვიდრო. აღნიშნული პრეტენზია სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა, რადგან ასეთი უფლება მხარეებს გააჩნდათ მხოლოდ შესაგებლის წარმოდგენისა და საქმის მომზადების სტადიაზე იმისათვის, რომ მოწინააღმდეგე მხარეს, შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, გარემოებათა დაზუსტებისა და შევსების გზით შეძლებოდათ კვალიფიციური შედავება.
19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
20. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სახეზეა სსკ-ის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების წინაპირობები, კერძოდ, უდავოა, რომ: ა) მამკვიდრებელს კრედიტორის ვალი ჰქონდა, რომელიც მას სიცოცხლეში არ გაუსტუმრებია; ბ) მამკვიდრებელი გარდაიცვალა და შესაბამისად, სამკვიდრო გაიხსნა 2019 წლის 09 ივლისს; გ) მამკვიდრებლის სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღეს მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეებმა - ვ.გ–ამ და ი.ნ–ძემ. შესაბამისად, ისინი, როგორც მამკვიდრებლის უფლებამონაცვლეები იკავებენ მამკვიდრებლის ადგილს სამართალურთიერთობაში.
21. ვინაიდან, საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით, მოსარჩელეს გააჩნდა იურიდიული ინტერესი, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი, რომლებიც საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო გარდაცვლილი მამკვიდრებლის (იპოთეკის საგნის მესაკუთრის), ზ.ნ–ძის საკუთრებად, მისი მემკვიდრეების სახელზე აღრიცხულიყო.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი.ნ–ძე და ვ.გ–ა, როგორც ზ.ნ–ძის მემკვიდრეები, მართებულად იქნენ ცნობილი ზ.ნ–ძის უფლებამონაცვლეებად და მისი კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრეებად.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“), ამდენად, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს გაანალიზოს კერძო საჩივრის ავტორის ძირითადი არგუმენტები # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
24. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
25. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
26. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
27. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
29. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, ი.ნ–ძეს და ვ.გ–ას უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე დავით მუმლაძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6 000 ლარის 70% – 4 200 ლარი
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ნ–ძის და ვ.გ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. ი.ნ–ძეს (პ/ნ .....) და ვ.გ–ას (პ/ნ .........) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე დ. მ–ძის (პ/ნ ........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 6 000 ლარის (საგადახდო დავალება # 0, რეფერენსი 1338417, გადახდის თარიღი 01.11.2022) 70% – 4 200 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე