№ას-1448-2022
06 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ფ.გ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 9 დეკემბრის #1049 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ფ.გ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე, დასაქმებული) სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში - მოპასუხე, დამსაქმებელი) მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით (იხ. სარჩელი ტომი 1, ს.ფ. 2-20).
1.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ფ.გ–ძის სარჩელი ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებზე:
5.1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 15 აგვისტოს N511 ბრძანებით დაფუძნდა ა(ა)იპ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრი“, ხოლო დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ფ.გ–ძე. მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1500 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
5.2. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებით ცვლილება შევიდა ა(ა)იპ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრის“ წესდებაში, რომლის თანახმად, ცენტრის ძირითად მიზანს, ფუნქციასა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განათლების, კულტურის, სპორტისა ხელოვნება-ხელოსნობის განვითარება და ხელშეწყობა; ამავე წესდების მე-3 მუხლის თანახმად, ცენტრის დამფუძნებელია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, ხოლო მე-4 მუხლის 4.1.2. პუნქტის თანახმად, დამფუძნებელი უფლებამოსილია აირჩიოს და გაათავისუფლოს ცენტრის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი - ცენტრის დირექტორი და განსაზღვროს მისი უფლებამოსილებები; ამავე წესდების მე-5 მუხლის 5.1.1. პუნქტის თანახმად, - ცენტრის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი; 5.2.17. პუნქტის თანახმად - დირექტორი პირადად აგებს პასუხს, როგორც ცენტრის, ისე ცალკეული თანამშრომლის მუშაობის ხარისხზე, ხოლო 5.2.18 პუნქტის თანახმად, - ცენტრის დირექტორი პასუხისმგებელია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.
5.3. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 09 დეკემბრის N1049 ბრძანებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ პუნქტის, 1061 მუხლის მე-13 პუნქტის, ა(ა)იპ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრის“ წესდების მე-5 მუხლის 5.1.1. პუნქტის შესაბამისად და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის გათვალისწინებით, განთავისუფლებულ იქნა ა(ა)იპ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრის“ დირექტორის თანამდებობიდან ფ.გ–ძე ცენტრის წესდებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის 2019 წლის 09 დეკემბრიდან.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.6. პალატა დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ მსჯელობას, რომ ფ.გ–ძესთან არსებული სამართალურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსიდან არ გამომდინარეობდა. პალატა მიუთითებს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სპეციალური მუხლებით და ამ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 35.4 მუხლის ძველი რედაქციაში, რომელიც მოქმედებდა 2022 წლის 01 იანვრამდე მითითებულია, რომ არაკომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები.
5.7. პალატამ ყურადღება მიაქცია მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსს, რომლის მიხედვითაც უნდა შეფასებულიყო მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა და მიიჩნია, რომ იმ ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობის უფლებამოსილ პირებთან არსებული ურთიერთობა, რომლებიც ასეთებად რეგისტრირებული არიან სამეწარმეო რეესტრში, მიიჩნეოდა დავალების ურთიერთობად და შესაბამისად სასამსახურე ხელშეკრულებად. სსკ-ის 720.1 მუხლის თანახმად კი, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს ნებისმიერ დროს შეეძლოთ და სხვაგვარი შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ იქნებოდა ბათილი. ამდენად, ააიპ-ის ხელმძღვანელი პირის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება დასაშვები იყო ნებისმიერ დროს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი გახდებოდა მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფ.გ–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. მოსარჩელე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად გათავისუფლდა თანადებობიდან. მისი გათავისუფლება მოხდა მხოლოდ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, საკითხის სრულყოფილად შესწავლის გარეშე.
6.2. გამომდინარე იქიდან, რომ ა(ა)იპ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრი“ შექმნილი იყო უშუალოდ მუნიციპალიტეტის მიერ, ფინანსდებოდა მუნიციპალიტეტის სახსრებით და ცენტრის დირექტორი ანგარიშვალდებული იყო ქალაქის მერის წინაშე, აღნიშნული ცენტრი წარმოადგენდა საჯარო დაწესებულებას, ხოლო მოსარჩელე საჯარო მოხელეს. შესაბამისად, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსით და არა მეწარმეთა შესახებ კანონით.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ნოემბრის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ფ.გ–ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია თუ რა სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა მოსარჩელე მოპასუხესთან და მართებულად იხელმძღვანელეს თუ არა განსახილველი საქმის გადასაწყვეტად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებით.
13. საკასაციო სასამართლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელშიც მითითებულია (საქმე Nას-664-635-2016, 02.03.2017წ.) „საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (საქმე Nას-973-1208-04); ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლის ნორმის გამოყენება სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება (Iura novit curia -სასამართლომ იცის კანონი) და არასწორი ნორმატიული საფუძვლის მითითების გამო არ შეიძლება სარჩელის უარყოფა.
14. „სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლებრივი ნორმის მისადაგება სასამართლოს პრეროგატივაა, ამ შემთხვევაში მთავარია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესატყვისი მტკიცებულებებით გამყარება, რაც მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მიუთითებლობის შემთხვევაშიც ან არასწორად მითითების დროსაც კი, მოწინააღმდეგის პოზიციისა და საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობით გაანალიზებისა და შეჯერების შედეგად, სასამართლოს კვლევისა და იურიდიული შეფასების საგანია (იხ. სუსგ- Nას-493-473-2016, 14.12.2016წ.).
15. საკასაციო საჩივარი ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ სასამართლოს, მხარეთა შორის არსებული დავა უნდა გადაეწყვიტა შრომის სახელშეკრულებო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით. ნაცვლად ამისა, სასამართლომ მოცემული დავა მოაწესრიგა დავალების ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმათა დანაწესით. აღსანიშნავია, რომ კასატორს, ამავე საფუძვლით წარდგენილი ჰქონდა სააპელაციო საჩივარი, რასაც ამომწურავად გაეცა პასუხი გასაჩივრებულ განჩინებაში.
16. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის სამართლებრივ საკითხებს აწესრიგებს სსკ-ის 35.4 მუხლი, რომლის თანახმად, ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).
17. სადავო პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მოწესრიგებულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები. ნორმის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე, სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები გვარდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.
18. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საწარმოს დირექტორთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკა. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებასა თუ განჩინებაში განმარტა, რომ:
18.1. დირექტორსა და საზოგადოებას შორის დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა არ არის ტიპიური შრომითსამართლებრივი ურთიერთობა დამქირავებელსა და დაქირავებულ მუშაკს შორის. ეს არის თავისებური კორპორაციული ურთიერთობა, რომლის მიმართაც შრომის კოდექსის გავრცელება არ შეესაბამება მეწარმეთა კანონის მოთხოვნებს. შრომის კოდექსით მოწესრიგებულია საწარმოს დირექტორსა და მის მიერ დაქირავებულ მუშაკს შორის შრომითი ურთიერთობა, რომელიც, ჩვეულებრივ, შრომითსამართლებრივი ხასიათის ურთიერთობაა, ხოლო დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს მეწარმეთა კანონით (სუსგ: №ას-1463-2018, 27.12.2018; ას-23-23-2016, 9.03.2016).
18.2. ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომითსამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, იგი პირობითად შეიძლება სასამსახურო ხელშეკრულებად მოვიხსენიოთ, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და სავსებით განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან. საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ლეგალურ დეფინიციას იძლევა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი. ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას შპს-ის დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან (სუსგ: №ას-1097-2018, 16.01.2019; №ას-725-693-2016, 6.04.2017).
18.3. საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულება, თავისი სამართლებრივი ბუნებით, ყველაზე ახლოს დგას დავალების ხელშეკრულებასთან. საზოგადოების დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან (სუსგ: №ას-1097-2018, 16.01.2019; №ას-302-287-2016, 15.07.2016).
19. მოცემულ შემთხვევაში, ფ.გ–ძის ცენტრის თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებით ირკვევა, რომ ა(ა)იპ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრის“ დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ფ.გ–ძე, რომელსაც მიენიჭა უფლებამოსილება აწარმოოს შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. საქმეში წარმოდგენილი ა(ა)იპ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრის“ წესდებით დასტურდება, რომ ცენტრის დამფუძნებლის (ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია) უფლებამოსილებაა „აირჩიოს და გაათავისუფლოს ცენტრის ხელმძღვანელობისა და წარმომადგებლობითი უფლებამოსილების მქონე პირი - ცენტრის დირექტორი და განსაზღვროს მისი უფლებამოსილებები“. აღნიშნული დოკუმენტით ასევე დგინდება, რომ ცენტრის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი.
20. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში, თანამდებობიდან გათავისუფლდა არასამეწარმეო იურიდიული პირის დირექტორი, რომლის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის 71 მუხლი აზუსტებს უფლებამოსილების შეწყვეტის პირობებს, რომლებიც უკავშირდება ამ ნების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას. კანონი ადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის სამ შემთხვევას: ა) დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის მიერ ნების გამოვლენა; ბ) თავად რეგისტრირებული პირის მიერ ნების გამოვლენა; გ) რეგისტრირებული პირის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება, მხარდაჭერის დანიშვნა.
21. მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა დირექტორის დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის მიერ ნების გამოვლენას ცენტრის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რაც შესაბამისობაშია ასევე სსკ-ის 720.1 მუხლის შინაარსთან (დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ და სხვაგვარი შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია). ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერს ა(ა)იპ-ის წესდებიდან გამომდინარე, სრული შესაძლებლობა ჰქონდა გაეთავისუფლებინა ფ.გ–ძე დაკავებული თანამდებობიდან, შრომის კოდექსის შესაბამისი საფუძვლების მითითების გარეშე.
22. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემული დავის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული ნორმებით მოწესრიგება მართებულია და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან შესაბამისია. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანების ბათილობის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.
23. რაც შეეხება სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნებს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რადგან სადავო ბრძანების ბათილობის ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებელია, წარმატებული ვერ იქნება მოსარჩელის მოთხოვნები - სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, რამდენადაც ისინი ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევი მოთხოვნებია. ამდენად, სასამართლოს მიერ სარჩელის პირველი მოთხოვნის უარყოფა, თავისთავად განაპირობებს ზემომითითებული ორი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება კანონიერად და მართებულად დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის არ წარმოუდგენია, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
25. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
28. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი 600 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 300 ლარი და დარჩენილი 300 ლარის 70% – 210 ლარი, სულ - 510 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ.გ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. ფ.გ–ძეს (........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 600 ლარიდან (საგადახდო დავალება N28841290, გადახდის თარიღი 17.10.2022) ზედმეტად გადახდილი 300 ლარი და დარჩენილი 300 ლარის 70% – 210 ლარი, სულ - 510 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე