საქმე #ას-887-2023
11 სექტემბერი, 2023 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ამხანაგობა „ბ.“, მ.გ–ის“ თავმჯდომარე მ.ჯ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ.გ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - სს „მ.ო.„ს.კ–ი“ ნ.გ–ძე, მ.გ–ძე, ნოტარიუსი ქ.ო–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მაისის განჩინება
დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სადაო ფართის ამორიცხვა მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთებიდან
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ.გ–ძემ სარჩელი აღძრა სს ,,მ.ო.ს.კ–ის", ნ.გ–ძის, მ.გ–ძის, მ.ჯ–ის, ამხანაგობა ,,ბ., მ.გ–ის" (თავმჯდომარე მ.ჯ–ი), ნოტარიუს ქ.ო–ძის მიმართ და მოითხოვა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ბ.“, „მ.გ–ა“-ს 2014 წლის მარტის ოქმი N2 და ოქმი N3;
1.2. აღიარებულ იქნეს დ.გ–ძის მფლობელობის და საკუთრების უფლება ნ.გ–ძის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ........, ს/კ N ........ /6,7/ და N ......-ით /7.7/რეგისტრირებული ფართების 29.7 კვ.მ. და 27.7 კვ.მ.-იდან 6.7 კვ.მ. და 7.7 კვ.მ. სასარგებლო ფართებზე.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის ჩუქების ხელშეკრულება ნ.გ–ძესა და მ.გ–ძეს შორის, რაც იქნება მ.გ–ძის საკუთრების უფლების პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის საფუძველი.
1.4.ნოტარიუსის ქ.ო–ძის გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების ან და დამატების შეტანის სანოტარო მოქმედების ბათილად ცნობა იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილში, რომლითაც მოხდა მ.გ–ძის სახელზე რიცხული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა გაზრდილი ფართით, რომელშიც შეტანილია დ.გ–ძის კუთვნილი ფართი.
1.5. ნოტარიუსის ქ.ო–ძის გაცემული 2016 წლის 21 იანვრის N160047267 სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც ნოტარიუსმა დაადგინა, რომ მ.ჯ–ის სასესხო ვალდებულების ამოსაღებად, უნდა გაიყიდოს სადავო უძრავი ნივთი.
1.6. მოხდეს კერძო აღმასრულებლის დ.მ–ის, ყადაღის მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრის განხორციელებული 2016 წლის 8 თებერვლის N102016015119/3 და N012016015117/3 ყადაღის გადაწყვეტილებიდან, რომელი ქონების დაყადაღება მოხდა ამ ქონების აუქციონზე გასატანად და გასაყიდად მ.ჯ–ის ვალის დაფარვის მიზნით. დ.გ–ძის კუთვნილი ფართების ამორიცხვა ნ.გ–ძის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთებიდან საკადასტრო კოდებით N...... /6,7/ და N ....-ით /7.7 კვ.მ./ უნდა მოხდეს დ.გ–ძის კუთვნილი ფართების ამორიცხვა ერთ შემთხვევაში 6.7 კვ.მ. და მეორე შემთხვევაში 7.7 კვ.მ., სულ 14.4 კვ.მ. ფართის, რომელიც წარმოადგენს დ.გ–ძის კუთვნილ ფართს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დ.გ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ამხანაგობა „ბ.....“, მ.გ–ის“ თავმჯდომარე მ.ჯ–მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის განჩინებით, დ.გ–ძის გარდაცვალების გამო შეჩერდა საქმის წარმოება დ.გ–ძის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
2023 წლის 22 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ნ.გ–ძემ, რომლითაც დ.გ–ძის უფლებამონაცვლედ საქმეში გ.ბ–ძის ცნობა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამაქრთლოს 2023 წლის 17 მაისის განჩინებით, განახლდა საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე №2ბ/785-20 (აპელანტი - დ.გ–ძე; მოწინააღმდეგე მხარეები -სს ,,მ.ო.ს.კ–ი", ნ.გ–ძე, მ.გ–ძე, მ.ჯ–ი, ამხანაგობა ,,ბ....., მ.გ–ა" (თავმჯდომარე მ.ჯ–ი), ნოტარიუსი ქ.ო–ძე; დავის საგანი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სადაცო ფართის ამორიცხვა მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთებიდან); დ.გ–ძის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა გ.ბ–ძე;
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ამხანაგობა „ბ......-ის“, მ.გ–ის“ თავმჯდომარემ მ.ჯ–მა და მისი გაუქმება მოითხოვა.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ: ამხანაგობა „ბ......“, მ.გ–ის“ თავმჯდომარე მ.ჯ–ს დაევალა 5 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი კერძო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა..
აღნიშნული განჩინების ასლი კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ნ.გ–ძეს ჩაბარდა 2023 წლის 28 ივლისს (მინდობილობა ტ. 2; ს.ფ. 83).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებულ უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შექმნილი პრეცედენტული სამართლიდან შესაძლებელია შემდეგი დასკვნის გაკეთება: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. თუ საქმე არა ერთმა, არამედ ორმა ინსტანციამ არსებითად განიხილა, ხოლო საკასაციო ინსტანციის სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების ხელყოფად. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 9 ოქტომბრის განჩინება Nას-1220-2018).
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე. ხარვეზის შესახებ განჩინება კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს ნ.გ–ძეს ჩაბარდა 2023 წლის 28 ივლისს (მინდობილობა ტ. 2; ს.ფ. 83).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით, კერძო საჩივარზე ხარვეზის შევსების 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 28 ივლისის მომდევნო დღეს, 2023 წლის 29 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 2 აგვისტოს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2023 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ წარმოუდგენია 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და არც სახელმწიფო ბაჟზე დადგენილი ხარვეზის შევსებისთვის ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მოუმართავს. ამიტომ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორის მიერ ხარვეზი არ გამოსწორებულა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამხანაგობა „ბ......“, მ.გ–ის“ თავმჯდომარე მ.ჯ–ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ-ის 396-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ვადის გაშვების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ამხანაგობა „ბ......“, მ.გ–ის“ თავმჯდომარე მ.ჯ–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი