Facebook Twitter

საქმე №ას-71-2023 24 ივლისი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები:ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – თ.ს–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ხ.გ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – სესხის დაბრუნება

საკითხი რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით - თ.ს–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი ან კასატორი) სარჩელი ხ.გ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, მსესხებელი ან აპელანტი) მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

1.1. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 3000 (სამი ათასი) ევროს გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 2000 ევრო, სარგებელი - 1000 ევრო.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების შედეგად, დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო პრეტენზია და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. გამსესხებელი სარჩელით ითხოვს, მის სასარგებლოდ, მსესხებელს (მოპასუხეს) დაეკისროს სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის გადახდა (იხ. სარჩელი, ს.ფ. 2-14);

3.2. სარჩელს ერთვის ხელწერილის ასლი. მასში მითითებულია, რომ მოპასუხემ (პ/ნ ......., პასპორტის ნომერი .......) მოსარჩელისაგან (პ/ნ .........) ისესხა 2000 (ორი ათასი) ევრო, თვეში 5% სარგებლით, მაქსიმუმ 5 წლით. ხელწერილი თარიღდება 2011 წლის 10 ოქტომბრით (იხ. ხელწერილი - ს.ფ. 15);

3.3. სარჩელს ასევე ერთვის ფაქტების კონსტატაციის მასალები - სოციალური ქსელის მეშვეობით ელექტრონული მიმოწერა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის. მოსარჩელის მტკიცებით, სწორედ ფაქტების კონსტატაციის ოქმით წარდგენილი მტკიცებულება (სოციალურ ქსელში მიმოწერა) ადასტურებს მოპასუხის ვალდებულებას.

4. სააპელაციო სასამართლომ შეისწავლა მოსარჩელის მიერ მითითებული მასალები და განმარტა, რომ მათი შინაარსი არ არის იდენტიფიცირებადი, ანუ არ ირკვევა კონკრეტურად რა ვალდებულებაზეა საუბარი, მით უფრო, ვერ დგინდება ამ მიმოწერის კავშირი ხელწერილის ასლში მითითებულ და სარჩელით მოთხოვნილ ვალდებულებასთან (იხ. ტ. 16-41);

5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში 2018 წლის 22 მარტს წარდგენილი შესაგებლით იმთავითვე სადავო გახადა ხელწერილი და ეჭვქვეშ დააყენა მისი ნამდვილობა (იხ. შესაგებელი - ს.ფ. 52-59);

6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 14 მაისის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა - ხ.კ–ძემ წერილობითი შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ხელწერილი არ არის ნამდვილი (არ არსებობს) და მის მარწმუნებელს არ მოუწერია მასზე ხელი. ხელწერილში არ ფიქსირდება მოპასუხის მხრიდან ნების გამოვლენა, შესაბამისად, მოპასუხის წარმომადგენელმა იშუამდგომლა, რომ მოსარჩელეს წარმოედგინა ხელწერილის დედანი და დანიშნულიყო კალიგრაფიული ექსპერტიზა (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს 14.05.2021წ. სხდომის ოქმი 14:19:55-დან);

7. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხემ, როგორც წერილობით წარდგენილი შესაგებლით, ისე მოსამზადებელ სხდომაზეც სადავო გახდა მოსარჩელის მტკიცებულება- ხელწერილის ასლი და მასში მოპასუხის მიერ გამოხატული ნების ნამდვილობა. ამასთან, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2021 წლის 14 ივნისს მოპასუხის წარმომადგენლისათვის- ხ.კ–ძისათვის გაგზავნილი წერილით დასტურდება, რომ ხელწერილზე კალიგრაფიული ექსპერიზის ჩატარების მოთხოვნა დაბრუნდა შეუსრულებლად ხელწერილის ასლის და არა დედნის წარდგენის გამო (იხ. ს.ფ. 143);

8. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, სააპელაციო სასამართლოშიც მოპასუხის მთავარი შედავება ეფუძნებოდა საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის სიყალბეს, რაც, ასევე, შედავებულია სააპელაციო საჩივრითაც. მოპასუხის მიერ სარჩელის გამორიცხვა ეფუძნება სწორედ ხელწერილის სიყალბეს.

9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებაზე და განმარტა, რომ ეს უფლება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას.

10. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

11. სსსკ ითვალისწინებს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს, რომელიც მხარეთა თანასწორობის პრინციპთან ერთად, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით, აგრეთვე, სსსკ-ის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო უფლების მნიშვნელოვან კომპონენტს. შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მხარეთა მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი (და არა იურიდიული) დასაბუთება (გამართლება) ეკისრებათ თვითონ მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (შესაგებელს). ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული აგრეთვე სსსკ-ის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე ამყარებსთავის მოთხოვნებს, აგრეთვე, სსსკ-ის 201-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, მან უნდა მიუთითოს რა კონკრეტულ გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ. მხარეებმა თვითონ უნდა მიუთითონ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე უნდა დამტკიცდეს (დადასტურდეს) მათ მიერ თავიანთი მოთხოვნის (შესაგებლის) დასაბუთების მიზნით მითითებული ფაქტები. ამის შესახებ პირდაპირაა მითითებული სსსკ 178–ემუხლის „ვ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს (ე.ი. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებს), აგრეთვე, სსსკ-ის 201-ე მუხლში, რომლის თანახმად, მოპასუხემ თავის პასუხში (შესაგებელში) უნდა მიუთითოს რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებები (ე.ი. მოპასუხის მიერ თავის შესაგებელში მითითებული გარემოებები). ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით;

12. ზემოთ დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი – ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებისათვის, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ - მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები, სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალნი არიან, მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს –სასამართლოს უფლებამოსილებაა.

13. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ., ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64). კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრინციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო, დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარუდგინა სასამართლოს შესაამისი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს;

14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ დავაზე, სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ძირითადი ვალდებულების წარმომშობი დოკუმენტი - ხელწერილი (რომლითაც მოთხოვნილია მოპასუხისათვის თანხის დაკისრება), საქმეში მოთავსებულია არა დედნის, არამედ ასლის სახით. სსსკ-ის 135-ე მუხლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, დედნის სახით უნდა იქნეს წარდგენილი. აღნიშნული მუხლი იძლევა იმის შესაძლებლობასაც, რომ სასამართლოს დასაბუთებული მოსაზრებით დოკუმენტის ასლსაც მტკიცებულებითი ძალა მიენიჭოს, რაც არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის გარემოება ცალსახად დადგენილია და მტკიცებულებაში მითითებული ცნობები არ საჭიროებს შეფასებას. კანონის ეს დანაწესი იძლევა მხოლოდ იმის საშუალებას, რომ წერილობითი საბუთის ასლიც მტკიცებულებითი ძალის მქონედ იქნეს მიჩნეული. დოკუმენტის ასლისათვის ამგვარი სტატუსის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე, რომელიც უნდა ემყარებოდეს სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მტკიცებულების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის სტანდარტს. კანონის მითითებული დანაწესი არ გულისხმობს მტკიცებულების შეფასებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მტკიცებულებათა ერთპიროვნულ, ინტუიციურ შეფასებას, არამედ მტკიცებულებათა ინდივიდუალურად და ერთობლივად განხილვას. ცალკეული მტკიცებულებების გამოკვლევისას მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი საეჭვოობა და დიდი ალბათობით უნდა დადგინდეს მისი უტყუარობა (იხ. სუსგ N ას-1103-1258-2018, 2.06. 2009წ.);

15. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხელწერილის ასლს იურიდიულ ძალას ვერ მიანიჭებს იმ დასაბუთებით, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადა, როგორც ხელწერილის ნამდვილობა (ხელმოწერა), ისე - მასში დაფიქსირებული ჩანაწერი. ამასთან, როგორც მოსარჩელე უთითებს, მოპასუხეს არ დაუსახელებია დოკუმენტის დედნის წარმოდგენის შეუძლებლობის საპატიო მიზეზი. მოსარჩელის მტკიცება, რომ იმ დოკუმენტის დედანი, რომლითაც მოსარჩელემ მოპასუხეს მისცა სარგებლიანი სესხი, მსესხებელმა (მოპასუხემ) დაიტოვა, არ წარმოადგენს დოკუმენტის დედნის წარმოუდგენლობის საპატიო გარემოებას. ამასთან მითითებული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მის მიერ დასახელებული ვერც ერთი მოწმე, რომლებიც დაადასტურებდნენ მხარეთა მიერ სადავო ხელწერილის შედგენას და მასზე მოწმეთა თანდასწრებით ხელმოწერას, რაც ასევე წარმოქმნის დოკუმენტის სანდოობის მიმართ ეჭვის საფუძველს და კიდევ უფრო ამცირებს მის მტკიცებულებით ღირებულებას (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება- ს.ფ.313). სადავო ხელწერილი არის ასლი, დედნის წარმოუდგენლობის გამო მასზე ვერ ჩატარდა კალიგრაფიული ექსპერტიზა. იმის დადგენა, დაწერილია თუ არა იგი მოპასუხის მიერ, შეუძლებელია, რის გამოც მას ვერ მიენიჭება მტკიცებულებითი ძალა. ამ პირობებში, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქმეში არსებული ხელწერილი მოსარჩელის ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენს და მის საფუძველზე ითხოვს თანხის დაკისრებას მოპასუხისათვის. მითითებული გარემოებების გამო მოსარჩელის ამ მოთხოვნას მოპასუხის მიმართ, გამოეცალა ძირითადი ფაქტობრივი საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ რადგან მოპასუხემ საბუთის სიყალბის თაობაზე განაცხადა, სსსკ-ის 137–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე, მისი წარმდგენი პირი, ანუ მოსარჩელე - გამსესხებელი ვალდებული იყო, საბუთის ნამდვილობა დაემტკიცებინა, რაც ვერ შეძლო. საბუთის ნამდვილობის დამადასტურებელი მტკიცებულება იმ თვალსაზრისით რა თვალსაზრისითაც მოპასუხე მას სადავოდ ხდიდა, მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილ ,,ხელწერილს“ უტყუარ მტკიცებულებით ძალას ვერ მიანიჭებს და მის საფუძველზე მოპასუხეს თანხის გადახდას ვერ დააკისრებს;

16. რაც შეეხება ფაქტის კონსტატაციის მასალებს, მისი შესწავლის შედეგად სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კონსტატაციის მასალებით, მასში არსებული მიმოწერით არ იკვეთება კონკრეტულად რა ვალდებულებაზე საუბრობენ მხარეები და რამდენია მისი მოცულობა. შესაბამისად, ვერ დგინდება კავშირი ხელწერილში ასახულ ფულად ვალდებულებასთან და მიმოწერა ვერ ქმნის მტკიცებულებათა ერთობლიობის უტყუარ ჯაჭვს.

17.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 3 000 ევროს გადახდა დაეკისრა და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

18.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ ძირითად საკასაციო პრეტენზიებზე მითითებით:

18.1.1. მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობა დადასტურებულია არა მხოლოდ ხელწერილით, არამედ სოციალურ ქსელში მიმოწერით, მხარეები დღემდე იყენებენ ამ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებას. სასამართლოს არ გამოუკვლევია ეს მიმოწერა და მარტოოდენ ზოგადად მიუთითა, რომ ფაქტების კონსტატაციის მასალებით მიმოწერის შინაარსი არაიდენტიფიცირებადია და არ დგინდება, კონკრეტულად რა ვალდებულებაზეა საუბარი. სააპელაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოაქვეყნა მხარეთა მიმოწერა და ვრცლად იმსჯელა მასზე;

18.1.2. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ თითქოს 2021 წლის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობითი შუამდგომლობის წარდგენით სადავო გახადა ხელწერილის ნამდვილობა, რადგან მოსარჩელემ ჯერ კიდევ გამარტივებული აღსრულების დროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაწყებისას მოითხოვა მოპასუხისაგან ხელწერილის დედნის გადაცემა, ამ უკანასკნელმა კი მისი ასლი გადასცა და მოატყუა. მხარეთა შორის კეთილგანწყობასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის შესახებ დეტალურად ისაუბრა მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში და განმარტა, რომ ისინი 2007 წლიდან იცნობენ ერთმანეთს, ხოლო რადგან მოპასუხემ მოსარჩელე დაასაქმა იტალიაში, ეს უკანასკნელი ნდობით იყო განწყობილი მოპასუხისადმი. მოსარჩელემ მტკიცებულების დაცვა - ხელწერილის დედნის განადგურების არიდებაც მოითხოვა შუამდგომლობით;

18.1.3. მოპასუხე ფორმალურად შეედავა სარჩელში მითითებულ გარემოებებს, ჯერ სარჩელის განუხილველად დატოვება მოითხოვა მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლით, რითაც ირიბად აღიარა ვალდებულების არსებობა, ხოლო შემდეგ დააყენა შუამდგომლობა ხელწერილზე მისი ხელმოწერის ნამდვილობის თაობაზე. მოსარჩელემ დეტალურად განუმარტა სასამართლოს მოპასუხის მხრიდან ხელწერილზე ხელმოწერასთან დაკავშირებული გარემოებები და ისიც კი აღნიშნა, რომ უჯრედებიან („კლეტკიან“) ფურცელზე მოუწერა ხელი მოპასუხემ, რაც დადასტურდა კიდეც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მასალებისა და მტკიცებულებების გამოკვლევა-გამოქვეყნების დროს;

18.1.4. სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასების გზით არ იმსჯელა, რასაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა, რის გამოც საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი დაკმაყოფილდეს ისე, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვიტა (იხ. დაზუსტებული საკასაციო საჩივარი-ს.ფ.326).

18.2. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინებით, ამავე სასამართლოს 2023 წლის 21 აპრილის განჩინებით კი დასაშვებად იქნა ცნობილის არსებითად განსახილველად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე „სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ანუ საკასაციო საჩივრით მოთხოვნილ ფარგლებში.

19.სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვს წარმოდგენილი, ამასთან, საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავსებით საკმარისია სადავო სამართალურთიერთობის შეფასებისათვის, არ ქმნის საქმის ხელახლა განსახილველად (ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად ან სხვა მტკიცებულებების ხელახლა გამოსაკვლევად) ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებულ პროცეუალურ საფუძველს და, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების გზით, შესაძლებელია ახალი გადაწყვეტილების მიღება საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს სავსებით მართებულად აქვს მითითებული სამოქალაქო სამართალსა და სამოქალაქო საპროცესო სამართალში დამკვიდრებული მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტზე, შესაბამისად, მათზე მიუთითებს (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 10-13 პუნქტები), თუმცა, მოცემულ საქმეზე არასწორად არის განაწილებული მტკიცების ტვირთი, რამაც საქმეზე დადგენილი გარემოებების არასწორი შეფასება გამოიწვია.

21. სარჩელით მოთხოვნილია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება და მსესხებლისათვის სესხად მიცემული თანხის დაბრუნების დაკისრება. მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ ის პერიოდულად ითხოვდა და შეახსენებდა ხოლმე მოვალეს ყოველთვიური სარგებლისა და სესხის გადახდას. ამის თაობაზე სატელეფონო და ელექტრონული მიმოწერა მოსარჩელემ შეინახა მას შემდეგ, რაც გადახდის გაჭიანურება დაიწყო მოპასუხემ და გამსესხებელს უთხრა, რომ ამ უკანასკნელს მხოლოდ ხელწერილის ასლი ჰქონდა, ხოლო დედანი მასთან ინახებოდა, რასაც გაანადგურებდა, ამით კი ასლს ძალა დაეკარგებოდა. ამის შემდეგ გამსესხებელმა მსესხებელთან მიმოწერის აღნუსხვა-დადასტურება გააკეთა, რაც სასამართლოს წარუდგინა ფაქტების კონსტატაციის ოქმით (იხ. სარჩელი - ს.ფ. 2-14). 2018 წლის 22 მარტის წერილობითი შესაგებლით, სარჩელის პირველი ფაქტობრივი გარემოების პასუხად, მოპასუხემ მხოლოდ ის მიუთითა, რომ მხარეთა შორის არ ყოფილა არანაირი ხელწერილი და საეჭვოა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ხელწერილი, შესაბამისად, მე-2 ფაქტობრივი გარემოების პასუხად მოპასუხემ მხოლოდ ფორმალური მონიშვნა „არ ვეთანხმები“ გამოიყენა, ხოლო სარჩელის მე-3 და მე-4 ფაქტობრივი გარემოებების პასუხად, სადაც მოსარჩელე უთითებს მისთვის გაწეულ იურიდიულ კონსულტაციასა და 2018 წლის 26 თებერვლის მონაცემებით საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლით კურსზე, რომლის მიხედვით 1 ევრო 3.03 ლარია, რა გაანგარიშებითაც არის მოთხოვნილი ვალდებულების შესრულება (იხ. სარჩელი - ს.ფ.5), მოპასუხე შესაგებელში იყენებს ფორმალურ მონიშვნას „ვეთანხმები“ (იხ. შესაგებელი - ს.ფ.54.). ამის შემდეგ მოპასუხემ 2021 წლის 14 მაისს წარადგინა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოში, სადაც მიუთითა, რომ სარჩელზე საქმისწარმოება უნდა შეწყვეტილიყო ხანდაზმულობის გამო, რადგან „მხარისათვის უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი იყო უკვე 2011 წლის 11 აპრილს, მან თავდაპირველად გამარტივებული წარმოება დაიწყო 2017 წლის 2 ნოემბერს, 2017 წლის 5 დეკემბერს კი განცხადებით თავად მიმართა თ.ს–ძემ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რის საფუძველზეც შეწყდა წარმოება“ (იხ. მოპასუხის შუამდგომლობა- ს.ფ.84).

22. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან მნიშვნელოვანია მტკიცებულებათა ერთობლივად შეფასება. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ (გამსესხებელმა) სარჩელშივე მიუთითა, რის გამო არ ჰქონდა მას სესხის ხელწერილის დედანი, ხოლო მოპასუხემ მხოლოდ ის დაუპირისპირა, რომ მხარეთა შორის არანაირი ხელწერილი არ ყოფილა, ხოლო შემდეგ წარდგენილ შუამდგომლობაში განმარტა, რომ მსესხებლისათვის უფლების დარღვევის შესახებ ჯერ კიდევ 2011 წლის 11 აპრილს იყო ცნობილი და საქმისწარმოება სარჩელზე ხანდაზმულობის საფუძვლით უნდა შეწყვეტილიყო, საკასაციო სასამართლო სამართლებრივი შეფასების შედეგად განმარტავს, რომ ვალდებულებითი ურთიერთობა არსებობს, თუმცა, გასარკვევი და შესამოწმებელია, ხომ არ არის მოთხოვნა ხანდაზმული, რადგან ამ მიმართებით მოპასუხეს (მსესხებელს) პრეტენზია გაცხადებული აქვს.

23. სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დასადგენად, მნიშვნელოვანია მხარეთა მიერ რეალიზებული მტკიცების ტვირთის შეფასება. მოსარჩელემ საკუთარ მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად სესხის ურთიერთობიდან გამომდინარე არა მხოლოდ მასთან შემონახული ხელწერილის ასლი წარადგინა (ამ მიმართებით არ არის გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები) და სარჩელშივე განმარტა, თუ რატომ არ შეეძლო მტკიცებულების დედნის წარდგენა, არამედ ფაქტების კონსტატაციის ოქმი წარადგინა, რასთან დაკავშირებითაც არავითარი პრეტენზია, განმარტება არ წარუდგენია მოპასუხეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით სწორად აღნიშნა, რომ მოპასუხემ ფორმალური შესაგებელი წარადგინა (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება- ს.ფ. 166). რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ არ არის გასაზიარებელი ფაქტების კონსტატაციის ოქმით წარმოდგენილი მხარეთა ელექტრონული მიმოწერა, მისი შინაარსის გაურკვევლობისა და ვალდებულების არაიდენტიფიცირებადობის, მათ შორის, მისი მოცულობის გამო (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-4 და მე-16 პუნქტები), საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, ამ შემთხვევაში იმის დამტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელის მიერ სესხად გადაცემული თანხის (მისი სარგებელი) დაბრუნების თაობაზე „ფეისბუქის“ მეშვეობით მიმოწერა, რომ არ ეხებოდა სარჩელით მოთხოვნილი ვალდებულების შესრულებას, მთლიანად მოპასუხეს ეკისრებოდა.

24. საკასაციო სასამართლომ მხარეთა მტკიცების ტვირთის ფარგლებში, შეამოწმა მოსარჩელის (კასატორი) მიერ წარდგენილი მტკიცებულება-ფაქტების კონსტატაციის ოქმი, რომლის მიხედვითაც მოდავე მხარეები ერთმანეთს უკავშირდებიან და მათ შორის ახლობლური ურთიერთობა ჩანს იმ მიმოწერიდანაც, სადაც მოპასუხე მოსარჩელეს უდასტურებს, რომ უნდა გაისტუმროს ვალი. მხარეთა მიმოწერა სოციალურ ქსელში, რომელიც მათ შორის სადავო არ გამხდარა და სააპელაციო სასამართლომ სესხის ურთიერთობის დამადასტურებელ მტკიცებულებად არ მიიჩნია (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-16 პუნქტი), შემდეგი შინაარსის მიმოწერას ასახავს: „ვიცი თ. რომ დამეხმარე, ვიცი, რომ უნდა გავისტუმრო, მაგრამ რადგან ამდენი გამიკეთე, უნდა მომცე საშუალება, რაღაც რომ ავაწყო. ერთ სამსახურზე ვარ და ვერ ვახერხებ, მაქვს რაღაც ვარიანტები და როგორც დავიწყებ, ცოტ-ცოტას მოგაწოდებ, მეგონა უფრო მალე ავეწყობოდით, ამდენი პატივი მეცი და ცოტაც დამაცადე“; „ხ., უმუშევარი დავრჩი და რაღაც მომიხერხე....200 ევრო როგორმე გამომიგზავნე“; „თ., მოგწერე რომ მეც ვმუშაობ ცოტას და სანამ მეორეს არ ვნახავ, არ შემიძლია, ნუ გეშინია, დავიწყებ მუშაობას და გამოგიგზავნი“; „მჯერა ხ., მაგრამ ბანკი მაქვს კიდევ უმუშევარს გადასახდელი, თორემ ვიცი, რომ გადამიხდი“ ; „დამირეკე ხ., ვარ უმუშევარი 10 მარტის შემდეგ, დამირეკე და რაღაცა თანხა მომაწოდე, 50 ევროც ეხლა ჩემთვის ფულია“; „თ., ძნ გთხოვ, ცოტა ხანს კიდევ მაცადო საოპერაციო ვარ, ვერ ვმუშაობ ვერც მე, ექიმთან დავდივარ, ნუ გეშინია მოგცემ“; „2 თვეა უმუშევარი ვარ და ძალიან მიჭირს! დამირეკე და რაღაც თანხა გამომიგზავნე!“; „ვერაფერს გამოგიგზავნი ახლა თ., მე არ ვარ კარგად, რასაც ვმუშაობ, გაჭირვებით ჩემს ფიზიოთრეაპიებს უნდება, მერე უნდა გავიკეთო ინფილტრაცია და თუ ამანაც არ მიშველა ოპერაცია, უნდა დამაცადო“ ; „უკვე მესამე თვე მიდის და ისევ უმუშევარი ვარ! მამა მყავს სასწრაფოდ საოპერაციო, ეხლა სხვა ვინმეს თხოვე დახმარება, უკვე ძალიან გავიჭედე, გთხოვ ნუ მანერვიულებ, დამირეკე“; „თ., გითხარი რომ ცუდად ვარ, ვერ ვმუშაობ, ცოტა ხანს უნდა მაცადო, არ მუშაობს არც ანა და ძნ კარგად იცი, სანამ მქონდა და შემეძლო, ყველას ვუხდიდი პროცენტს. ახლა კიდევ პროცენტებს ვეღარ ვისესხებ. დამაცადე და ნელ-ნელა გადაგიხდი, არსად გავრბივარ, უბრალოდ უნდა გამოვჯანმრთელდე. ჩემი საქმეების რჩევას თავი დაანებეთ, ჯერ მკვდარი არ ვარ და თუ ფულს მიიღებ, უნდა დამელოდო. ისე ჩემზე რომ ლაპარაკობთ რაღაცეებს თქვენიც გაიხსენეთ, სხვებსაც ასე გადაეცი“; „შენი საქმეები ვერ გეტყვი სად ირჩევა და რა ირჩევა, მე ის ვიცი, რომ მაქსიმალურად დაგეხმარე! ის ვინც ამბები მოგიტანა, იმას ჰკითხე ზუსტად ვინ არჩევს ამბებს და რას არჩევს, ვინც შენ ამბები მოგიტანა, მას აინტერესებს შენი ამბები ალბათ, მე ფული გამისტუმრე და შენი სხვა პირადად მე არაფერი მაინტერესებს“; „გაგისტუმრებ, მაგრამ ახლა არ მაქვს...“; „ხ., რაღაც უნდა მომიხერხო! მეტი რა გიყო! ლომბარდი გაგისტუმრე! მამა მყავს საოპერაციო და ფული მჭირდება, სხვა ვინმეს თხოვე დახმარება!!!!!!!!!!!!!“; „თ., გაიგე რომ ცუდად ვარ!“; „ახლა არ მაქვს, თ. და ისე 5 %-იანი ვისესხე და მერე თურმე ჩამინაცვლე 3 იანი. ვიცი, ბოლოს არ მახდევინებდი ვერ ვიხდიდი და მადლობელი ვარ. ახლა არაფერი მაქვს, ვერაფერს მოგცემ, ცუდად ვარ, საოპერაციო და წადი ახლა ვინც გინდა მოიყვანე, დაგიდებ წინ ჩემს ექიმის პასუხებს და ექიმი ხომ ხარ, მითხარი მერე მოკვდი, მაგრამ მომიტანე თქო. ექიმი ხარ ნამდვილად?“; „რომ შემეცოდე იმიტომ დაგეხმარე. გამხდარი იყავი ავადმყოფურად! მე მართლა შემეცოდე, მაგრამ მე ეხლა მიჭირს და შენ ჩემთვის უცხო ადამიანს ძალიან დაგეხმარე. კი არ გაშინებ რომ მაქვს. დარეკვის ღირსადაც არ მთვლი...“; „თ., ვიცი არაფერი დამივიწყია. გთხოვ ნუ იფიქრებ ცუდად, მაცადე. ცუდად ვარ. მოგცემ“; „რაც შეეხება პროცენტების გადახდას, სანამ მქონდა თავანიც მოგაწოდე და როცა მოვახერხებ, დანარჩენსაც მოგაწოდებ კიდევ. კიდევ ერთხელ არ მომწვდეს შენი ენა, თორემ ვალი კი არა, სადაც საჭიროა, იქ მიგაბრძანებ..“; (იხ. ფაქტების კონსტატაციის ოქმი- ს.ფ.16-33). მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ მის მიერ მოპასუხისათვის სესხის გადაცემას ამ უკანასკნელის და - ნ.გ–ძე ესწრებოდა. გამსეხსებელი მსესხებელს პერიოდულად ახსენებდა გადასახდელი სარგებლის შესახებ, რაზედაც მოპასუხე ჰპირდებოდა, რომ ძირითად თანხას და სარგებელსაც ერთად გადაუხდიდა, ბოლოს კი უარი განაცხადა გადახდაზე, თანაც მსესხებელს უთხრა, რომ სესხის მსესხებლისათვის გადაცემის ხელწერილის მხოლოდ ასლით, რომელიც გამსესხებელს ჰქონდა, ვერაფერს გახდებოდა, ხოლო ხელწერილის ორიგინალს (დედანს) გაანადგურებდა. მას შემდეგ, რაც მსესხებელმა დაიწყო სესხად გადაცემული თანხის სარგებლის გადახდის გაჭიანურება, გამსესხებელმა შეინახა სატელეფონო და ელექტრონული მიმოწერა, რომელიც ფაქტების კონსტატაციის ოქმის სახით წარუდგინა სასამართლოს (იხ. სარჩელი-მეორე ფაქტობრივი გარემოება, ს.ფ.5). ამის პასუხად, შესაგებელში მოპასუხეს არავითარი შედავება არ წარუდგენია, გარდა ფორმალური მითითებისა „არ ვეთანხმები“ (იხ. შესაგებელი- ს.ფ.54);

24.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან;

24.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა (საქმეზე N ას-664-635-2016) 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ „სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (დიდი პალატის გადაწყვეტილების 206-ე პუნქტი);

24.3.ფორმალური გამართულობის მოთხოვნა ვრცელდება არამარტო სარჩელზე, არამედ შესაგებელზეც, რა დროსაც მოწმდება, თუ რა ტიპის შესაგებელი წარადგინა მოპასუხემ (მოთხოვნის შემწყვეტი, შემაფერხებელი, გამომრიცხავი და ა.შ.). შესაგებლის კლასიფიკაციას არ ვხვდებით საპროცესო ნორმებში, თუმცა ამას გვთავაზობს იურიდიული დოქტრინა და სასამართლო პრაქტიკა. შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. გენერალური მიდგომაა, რომ აბსტრაქტული შესაგებლის წარდგენა დაუშვებელია (აღნიშნული უტოლდება შესაგებლის წარუდგენლობას), ასეთივე მიდგომაა შესაგებლის შეუვსებელი (ცარიელი) ფორმის მიმართაც. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები დამტკიცებულად ითვლება)- სხვა მრავალთა შორის შეად. სუსგ-ებს: N ას-590-2023, 20.07.2023წ; N ას-541-2023. 5.07.2023წ; N ას-424-2023, 22.06.2023წ; N ას-1167-2021, 15.03.2023წ;

24.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს, რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ. თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება და მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე. შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა აქვს კვალიფიციურ შდავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოდ ხდის მოსარჩელის მოხსენებას. კვალიფიციური შედავებისას, მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, რას პასუხობს მოპასუხის ვერსიას მოსარჩელე და ეს პროცესი გრძელდება, ვიდრე არ დასრულდება მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე გადასვლა და პირიქით (შეად. სუსგ-ებს: N ას-613-2020, 17.06,2021წ; N ას-790-2020, 20.05.2021წ.);

24.5. საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებით იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ დასამტკიცებლად წარდგენილი მტკიცებულებებს მოპასუხემ ფორმალური შესაგებელი დაუპირისპირა და არათუ მოვლენების განვითარების მისეული ვერსია წარადგინა, არამედ საერთოდ არ შეედავა კონკრეტულ ფაქტებს, ამასთან, არც ფაქტების კონსტატაციის ოქმით წარდგენილი მიმოწერის ნამდვილობა გაუხდია სადავოდ, მტკიცებულებათა ერთობლივი შეჯერებით და იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა მიერ წარდგენილ თითოეულ მტკიცებულებას თანაბარი იურიდიული ძალა გააჩნია და სასამართლოსათვის არც ერთ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა არ აქვს, სარჩელის სტადიაზე წარდგენილი მტკიცების საწინააღმდეგო მსჯელობის არარსებობის პირობებში, საკასაციო სასამართლოსათვის სრულად ცხადია, რომ მხარეთა მიმოწერა სწორედ არსებული სესხის ვალდებულებას ეხებოდა. როგორც ეს უკვე აღინიშნა, მოსარჩელის მიერ სესხად გადაცემული თანხის (მისი სარგებლის) დაბრუნების თაობაზე „ფეისბუქის“ მეშვეობით მიმოწერა, რომ არ ეხებოდა სარჩელით მოთხოვნილი ვალდებულების შესრულებას და სხვა ვალდებულებიდან გამომდინარეობდა, მთლიანად მოპასუხეს ეკისრებოდა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 23-ე პუნქტი). რაც შეეხება საქმის მასალებში წარდგენილი წერილობითი მტკიცებულების ასლს, რომელშიც დაფიქსირებულია მხარეთა (და გამსესხებლის) პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები, კერძოდ, მსესხებლის პირადი ნომერი და პასპორტის ნომერი, ასევე, გამსესხებლის პირადი ნომერი, სესხის 2000 ევროს მსესხებლისათვის გადაცემისა და ამ უკანასკნელის მიერ მიღების ფაქტი, ამასთან, 2011 წლის 10 ოქტომბრის ხელწერილის მიხედვით, სესხი სარგებლიანია და ყოველთვიურად 5 პროცენტს შეადგენს და გაცემულია მაქსიმუმ 5 წლით (იხ. ს.ფ.15), ფაქტების კონსტატაციის ოქმთან, მოსარჩელის მიერ წერილობით წარდგენილ სარჩელსა და ზეპირი განმარტების დროს მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, მტკიცებულებათა ერთობლივად შეფასებით, ადასტურებს მსესხებლისათვის სესხის გადაცემას;

24.6. სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესის მიხედვით „სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი“. ამდენად, დასახელებული ნორმის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას, ანუ იგი დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (იხ. სუსგ-ები: N ას-361-343-2015, 14.12.2015წ; N ას- 662-2022, 11.11.2022წ.). ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხმებით, არამედ ხელშეკრულების საგნის-ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლისთვის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება). ხელშეკრულების ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს და სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმის ჩვენებით შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, კანონისმიერი ჩანაწერის მიხედვით, ზეპირი სესხის ხელშეკრულების არსებობის პირობებში, თანხის გადაცემის ფაქტი მარტოოდენ მოწმეთა ჩვენებაზე დაყრდნობით არ მტკიცდება. ამ მიმართებით საკასაციო სასამართლო გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად ისეთ წერილობით საბუთს მიიჩნევს, როგორიცაა მაგალითად, სავალო საბუთი, გადარიცხვის ქვითარი, სალარო შემოსავლის ორდერი და ა.შ. (იხ.სუსგ N ას-398-371-2017, 6 ივნისი, 2017 წელი). სსსკ-ის 135-ე მუხლის თანახმადაც, წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება გათავისუფლდეს დედნის წარდგენისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შეუძლებელია. საბუთის ასლისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სადავო გახადა „სესხის ხელწერილის“ ნამდვილობა, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, წერილობითი შესაგებლით და არც შემდეგ არ შედავებია მოსარჩელის მიერ ხელწერილის დედნის წარუდგენლობის მიზეზის განმარტებას და სესხის ნამდვილობის დასადასტურებლად მის მიერ წარდგენილ კიდევ ერთ მტკიცებულებას- ფაქტების კონსტატაციის ოქმს. კანონი არ გამორიცხავს წერილობითი დოკუმენტის დედნის წარდგენის შეუძლებლობას და იგი შეიძლება გამოწვეული იყოს მხარისგან დამოუკიდებელი სხვადასხვა ყოფითი მიზეზის რეალურად არსებობით, თუმცა ეს გარემოება მხარემ დამაჯერებლად უნდა დაასაბუთოს, რაც მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებით მოსარჩელემ სარწმუნოდ დაამტკიცა. იმისათვის, რომ ხელწერილის ასლს, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, სასამართლომ ნამდვილი და სარწმუნო მტკიცებულების მნიშვნელობა მიანიჭოს, მასში მკაფიოდ და არაორაზროვნად უნდა იყოს ჩამოყალიბებული კანონით დადგენილი „მინიმალური შინაარსი“, ანუ სსკ-ის 327-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეული უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ერთ-ერთ საქმეზე, სადაც საკასაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება, რომ არ დადასტურდა მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა, დადგენილი იყო, რომ წარდგენილ დოკუმენტზე მხარის ხელმოწერა, სხვადასხვა თარიღები და თანხა იკითხებოდა, ხოლო თუ რა სამართალურთიერთობას ეხებოდა იგი, ვერ ირკვეოდა. საკასაციო სასამართლომ განმარტა, „ხელწერილი ვერ პასუხობს კანონის მოთხოვნებს, რომლებიც ეხება ხელშეკრულების ნამდვილობას. აქედან გამომდინარე, რომც დადგინდეს მოპასუხის ხელმოწერის ნამდვილობა, დოკუმენტიდან არ ირკვევა ვალდებულების არსებობა“ (იხ. სუსგ N ას-662-2022, 11.11.2022წ.). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც თავისუფალია და იმავდროულად კანონის დანაწესითაა შეზღუდული. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს (სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი) (შდრ. სუსგ N ას-279-264-17, 21.04.2017წ.). მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ, მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული (შდრ. სუსგ-ებს: N ას-895-2021, 23.12.2022წ; N ას-441-2020, 20.02.2022წ; N ას-52-2022, 19.10.2022წ; N ას-1142-2022, 23.03.2023წ; N ას-183-2023, 11.05.2020წ; N ას-266-2023, 25.05.2023წ.).

25. მოპასუხის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე წარდგენილი პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლივად შეფასებით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დადასტურებულია მსესხებლისათვის სესხის გადაცემა 2000 ევროს ოდენობით 2011 წლის 10 ოქტომბერს, რომლის დაბრუნების ვადა განსაზღვრული იყო არა უგვიანეს 2016 წლის 10 ოქტომბრისა, ხოლო გამსესხებლის მიერ სარჩელი აღძრულია 2018 წლის 28 თებერვალს, რაც სავსებით აკმაყოფილებს სსსკ-ის 129.1-ე მუხლით განსაზღვრულ სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის 3-წლიან ვადას, რომლის გასვლის შემდეგ, სარჩელი განუხორციელებადია სწორედ მისი ხანდაზმულობის მოტივით.

26. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების გზით, სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე იმ ფარგლებში და მოცულობით, როგორც ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით განისაზღვრა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სწორედ კასატორის მოთხოვნის ფარგლებში (სსსკ-ის 248-ე მუხლი) დაკმაყოფილდა წინამდებარე საკასაციო განაცხადი და, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით, მოპასუხეს (მოვალეს, მსესხებელს) კრედიტორის (გამსესხებლის) სასარგებლოდ დაეკისრა სულ 3000 (სამი ათასი) ევრო, საიდანაც 2000 (ორი ათასი) ევრო სესხის ძირითადი თანხაა, ხოლო 1000 (ათასი) ევრო მხარეთა შორის შეთანხმებული სარგებელი.

27. კასატორის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება (იხ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. თ.ს–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. თ.ს–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. ხ.გ–ძეს, თ.ს–ძის სასარგებლოდ, დაეკისროს 3000 (სამი ათასი) ევროს გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 2000 ევრო, სარგებელი - 1000 ევრო;

5. ხ.გ–ძეს, თ.ს–ძის სასარგებლოდ, დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 693,87 ლარის ანაზღაურება;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე