საქმე №ას-156-2023 24 ივლისი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – შპს "ს–ი" (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ვ-ჰ. კ." (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ს–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - „ს–ში“ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი - M. F.(საიდენტიფიკაციო ნომერი - .....; რეგისტრაციის ნომერი - 20567; რეგისტრაციის თარიღი - 2010-06-14).
2. სასარჩელო მოთხოვნა შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს ეფუძნება:
2.1. სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი - M. F., М.С.ნიშნების მონაცემთა ბაზაში, 2010 წლის 14 ივნისიდან, რეგისტრირებულია შპს „ვ-ჰ. კ.“-ის“ (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი) სახელზე, საქონლის კლასია 32, საქონლის ჩამონათვალია 32 - ლუდი, მინერალური და გაზიანი წყალი და სხვა უალკოჰოლო სასმელები, ხილის სასმელები და ხილის წვენები, ვაჟინები და სასმელების დასამზადებელი სხვა შედგენილობები;
2.2. მოსარჩელის სახელზე 2012 წლის 15 ოქტომბრიდან რეგისტრირებულია იგივე სასაქონლო ნიშანი სხვა მომსახურებისა და საქონლის კლასებით - 03, 05, 20, 29, 30, 31, 33, 35, 39, 43;
2.3. სასაქონლო ნიშნის - ,,ჩემი ოჯახი, M.F., М. С.“ მფლობელი 2020 წლიდან გახდა მოსარჩელე კომპანია და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „ს–ის“ მიერ გაცემული იქნა მოწმობა - M 34366. დარჩენილია მხოლოდ მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული კლასი 32 - ლუდი, უალკოჰოლო სასმელები და ხილის წვენების წარმოება, რომლის დარეგისტრირება და ამ ნიშნით წარმოება სურს მოსარჩელეს;
2.4. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სასაქონლო ნიშანი „M.F.“ მოპასუხის სახელზე დარეგისტრირებულია 2016 წლიდან, მას 6 წლის განმავლობაში არც ერთხელ არ გამოუყენებია ეს ნიშანი. შესაბამისად, არსებობს მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის - M. F., М.С.(ს/ნ ....., რეგისტრაციის N 20567, რეგისტრირებული 2010-06-14) რეგისტრაციის გაუქმების მატერიალური და სამართლებრივი საფუძვლები.
3. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და სარჩელის უარყოფა მოითხოვა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
3.1. სასაქონლო ნიშნის გამოუყენელობა განპირობებულია მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზით, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 4 იანვრის განჩინებით სადავო ნიშნით დაცული საქონლის იმპორტზე დაწესებულია შეზღუდვები, რაც მოპასუხე საწარმოს არ აძლევს სასაქონლო ნიშნის გამოყენების შესაძლებლობას;
3.2. გარდა ზემოხსენებულისა, მოპასუხემ დამატებით იმაზეც მიუთითა, რომ შპს „ფ.მ.გ–მა“ 2017 წლის 10 იანვარს სარჩელი აღძრა შპს „კ–ს“ მიმართ და მოითხოვა შპს "კ"-სთვის სასაქონლო ნიშნით „M. F., М. С.’’ დატანილი ხილის წვენების იმპორტის აკრძალვა და უკვე იმპორტირებული საქონლის დაყადაღება იმ მოტივით, რომ აღნიშნული საქონლის შეფუთვა-ჭურჭელი მსგავსი იყო მოსარჩელის კუთვნილი, საქართველოში დაცული მუყაოს კოლოფის დიზაინისა. სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა საქონლის დაყადაღებაზე, რის გამოც დროებით შეწყვეტილ იქნა ამ საქონლის შემდგომი იმპორტი საქართველოში. აღნიშნული საქმე კვლავ განხილვის სტადიაზეა თბილისის საქალაქო სასამართლოში, შეჩერებულია მისი განხილვა და დამოკიდებულია ადმინისტრაციულ სარჩელზე საქმის განხილვის დასრულებამდე;
3.3. შპს „ფ.მ.გ–ის“ კუთვნილი მუყაოს კოლოფის დიზაინის გამოყენებაზე ლიცენზია ეკუთვნის განსახილველი დავის მოსარჩელე კომპანიას - შპს „ს–ს“;
3.4. უკრაინული კომპანია „ფ.მ.ფ–ს“, მისამართით, ზაკარპატიის ოლქი, ქ. ...., 2010 წლიდან არის სასაქონლო ნიშნის „M. F., М. С.’’ მფლობელი საქართველოში. 2020 წელს აღნიშნული სასაქონლო ნიშანი უფლებათა დათმობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა მის შვილობილ უნგრულ კომპანიას შპს „ვ-ჰ. კ.“-ს, რომელიც წინამდებარე დავის მოპასუხე მხარეა;
3.5. 2005 წლიდან 2017 წლამდე, ანუ სასამართლოს აკრძალვამდე, კომპანია „ფ.მ.ფ–ს“ ახდენდა საქართველოში ხილის წვენების მიწოდებას სასაქონლო ნიშნით „М. С.’’. წვენების მიმღებს და საქართველოში დისტრიბუტორს წარმოადგენს ქართული კომპანია შპს „კ“. კონტრაქტი ქართულ კომპანიასთან კომერციული თანამშრომლობის შესახებ გაფორმებულია 2014 წელს.
3.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, სარჩელის აღძვრამდე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, 2017 წლის 4 იანვარს, განცხადებით მიმართა შპს “F.M.G”-მა და მოითხოვა ყადაღის დადება მოპასუხე შპს "კ–ს" მიერ შემოტანილ საქონელზე - ხილის წვენებზე, სხვადასხვა დიზაინის შეფუთვებით, რომლებზეც დატანილი იყო სადავო სასაქონლო ნიშანი - „M. F., М. С.’’. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 იანვრის განჩინებით სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის განცხადება დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო შპს "კ–ს" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 200140267) მიერ შემოტანილ საქონლის ნაწილს, კერძოდ, 33100,33 ლარის საბაჟო ღირებულების 21888 ცალ 0.95 ლიტრიან ხილის ნექტარს, რომლის შეფუთვაზე დატანილი იყო სასაქონლო ნიშანი „M. F., М. С.’’. საქონლის დაყადაღების შემდეგ მოპასუხემ „ს–ში“ შეიტანა განაცხადები დაყადაღებული საქონლის შეფუთვის დიზაინების რეგისტრაციაზე დაჩქარებული წესით. „ს–მა“ არ ჩათვალა განცხადებული დიზაინები მსგავსად დიზაინისა N659 და მიიღო დადებითი გადაწყვეტილებები მათი რეგისტრაციის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ეს გარემოება დიზაინების განსხვავებადობის შესახებ და უცვლელად დატოვა განჩინება საქონლის დაყადაღებაზე სწორედ დიზაინების მსგავსების გამო. უფრო მეტიც, მოსამართლემ შეაჩერა საქმის N2/876-17 შემდგომი წარმოება დიზაინის D659 მფლობელის - "ფ.მ.გ–ის" მიერ მცხეთის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში „ს–ის“ წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მცხეთის სასამართლოში კი ამ საქმის N3/303-17 განხილვაც კი არ დაწყებულა მიუხედავად იმისა, რომ სარჩელის შეტანიდან გავიდა 3 წელიწადი;
3.7. „ს–ის“ დიზაინის (დიზაინის რეგისტრაციის ნომერი D 659) მოწმობის დანართის N15684 შესაბამისად ლიცენზია „ფ.მ.გ–ის“ კუთვნილი დიზაინის გამოყენებაზე ეკუთვნის განსახილველი დავის მოსარჩელე მხარეს-შპს „ს–ს“. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერების მიხედვით, მოსარჩელე შპს-ის დირექტორი და 100% წილის მფლობელია ბატონი ზ.შ–ნი, ხოლო შპს “F.M.G”-ის დირექტორი და 100 % წილის მფლობელი კი ბატონი მ.შ–ი. ორივე აღნიშნული კომპანიის იურიდიული მისამართი კი იდენტურია. მხოლოდ ბინის ნომრებია განსხვავებული 5 და 8.
4. მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - “ს–ში” მოპასუხე საწარმოს სახელზე 2010 წლის 14 ივნისიდან ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 32-ე კლასში (ლუდი, მინერალური და გაზიანი წყალი და სხვა უალკოჰოლო სასმელები, ხილის სასმელები და ხილის წვენები, ვაჟინები და სასმელების დასამზადებელი სხვა შედგენილობები) რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი - M. F.(საიდენტიფიკაციო ნომერი - .....; რეგისტრაციის ნომერი - 20567). რეგისტრაციის ვადის გასვლის თარიღია: 2030 წლის 14 ივნისი.
4.2. მოპასუხეს აღნიშნულ სასაქონლო ნიშანზე უფლება გადაეცა 2020 წელს უკრაინული კომპანია ტოვარისტვოს ო.ვ. „ფ.მ.ფ–გან“ (იხ. ამონაწერი „ს–იდან“ - ს.ფ.19; N M 205767 მოწმობა- ს.ფ. 188.189)
4.3. „ს–ში“ მოსარჩელის სახელზე 2012 წლის 29 მარტიდან ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 29-ე კლასში (ხორცი, თევზი, ფრინველი და ნანადირევი; ხორცის ექსტრაქტები; დაკონსერვებული, გამხმარი და თბურად დამუშავებული ბოსტნეული და ხილი; ჟელე, მურაბა, კომპოტი; კვერცხი, მათ შორის, კვერცხის ფხვნილი, კვერცხის გული, კვერცხის ცილა; რძე, სოიოს რძე, რძიანი სასმელები რძის ჭარბი შემცველობით, ნაღები, ათქვეფილი, ყველი, თვითნამჟავი მაწონი, კეფირი, კუმისი (რძის სასმელი), ხაჭო, არაჟანი, შრატი, დო, იოგურტი) რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი - ჩემი ოჯახი, M. F., М.С.(საიდენტიფიკაციო ნომერი - ......; რეგისტრაციის ნომერი - 22443). რეგისტრაციის ვადის გასვლის თარიღია: 2022 წლის 29 მარტი. 2021 წლის 19 აგვისტოდან კი, მოსარჩელის სახელზე ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 03, 05, 14, 16, 18, 20, 21, 24, 25, 28, 30, 31, 33, 34, 36, 38, 39, 41, 43, 44 კლასებში რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი - ჩემი ოჯახი, M. F., М.С. (საიდენტიფიკაციო ნომერი - .....; რეგისტრაციის ნომერი - 34366). რეგისტრაციის ვადის გასვლის თარიღია: 2031 წლის 19 აგვისტო. აღნიშნულ სასაქონლო ნიშანზე მოსარჩელის სახელზე გაცემულია N M 34366 მოწმობა (იხ. N M 66494/3 მოწმობა- ს.ფ. 20-23; N 1783/03 ბრძანება- ს.ფ.24-30; ამონაწერი „ს–იდან“ - ს.ფ. 31-38);
4.4. მოპასუხე საწარმო ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 32-ე კლასში ალკოჰოლიანი სასმელებისათვის (ლუდი, მინერალური და გაზიანი წყალი და სხვა უალკოჰოლო სასმელები, ხილის სასმელები და ხილის წვენები, ვაჟინები და სასმელების დასამზადებელი სხვა შედგენილობები) რეგისტრირებულ ნიშანს - „M. F.“, არ იყენებს საქართველოს ტერიტორიაზე უწყვეტად 5 წლის განმავლობაში.
4.5. საქალაქო სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია სარჩელი მოპასუხის წინააღმდეგ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით და დააკმაყოფილა სარჩელი „სამრეწველო საკუთრების დაცვის“ პარიზის კონვენციის პირველი მუხლისა და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის (სპეციალური კანონის) მე-3, მე-6, 27-ე მუხლების საფუძველზე.
4.5.1. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ „ქონებას“ წარმოადგენს /Anheuser-Busch Inc. v. Portugal [GC], no. 73049/01, §§ 66-72, ECHR 2007-I/. შესაბამისად, რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდეგ სასაქონლო ნიშანი ხდება საკუთრების ობიექტი და მასზე ვრცელდება საკუთრების დაცვის ყველა სამართლებრივი რეგულაცია. ზოგიერთ შემთხვევაში არა მხოლოდ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, არამედ თავად რეგისტრაციის განაცხადი და სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მაძიებლის სამართლებრივი სტატუსიც კი უკვე შესაძლებელია წარმოშობდეს ისეთ ქონებრივ უფლებებს, რომლებიც ექცევა პირველი ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებული „ქონების“ ცნებაში Anheuser-Busch Inc. v. Portugal [GC], no. 73049/01, §§ 73-78, ECHR 2007-I/“ (იხ. სუსგ N ას-1285-1223-2014,01.12.2015წ.).
4.5.2. „სამრეწველო საკუთრების დაცვის“ პარიზის კონვენციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტებია პატენტები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო დიზაინები, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები, წარმოშობის აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა. ამავე კონვენციის მე-6 მუხლის მიხედვით, სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებისა და დამცავი დოკუმენტების ძალაში შენარჩუნების წესებს არეგულირებს მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობა.
4.5.3. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან. ამდენად, სასაქონლო ნიშნად შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი აღნიშვნა, რომელიც ემსახურება კონკრეტული საწარმოს საქონლის ინდივიდუალიზებას, მიუთითებს მისი წარმოშობის წყაროზე და განასხვავებს მას კონკურენტების საქონლისაგან. სასაქონლო ნიშანი მიეკუთვნება ინტელექტუალური საკუთრების ნაირსახეობას და წარმოადგენს პროდუქციის ინდივიდუალიზაციის საშუალებას, რომელიც იძლევა იურიდიული ან ფიზიკური პირების საქონლის განსხვავების საშუალებას სხვა პირების იგივე სახის საქონლისაგან (სუსგ Nას-306-2020, 18.11.2020წ.). ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. სასამართლომ განმარტა, რომ სასაქონლო ნიშნების დაცვის პრაქტიკით მსოფლიოში ჩამოყალიბდა სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვების ორი მეთოდი. პირველის თანახმად, განსაკუთრებული უფლების მოპოვება რაიმე სპეციალურ პროცედურას არ საჭიროებს და მიიღწევა სასაქონლო ნიშნის ფაქტობრივი გამოყენებით, ხოლო მეორის მიხედვით, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მოპოვებისათვის აუცილებელია შესაბამის დაწესებულებაში სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია.
4.5.4. სასაქონლო ნიშნის გამოყენებას არსებითი მნიშვნელობა გააჩნია უფლებათა პრიორიტეტულობის განსაზღვრის თვალსაზრისითაც. უფრო მეტიც, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის დაცვა, იგი უნდა გამოიყენებოდეს იმ საქონლის ჩამონათვალიდან ერთ-ერთისთვის მაინც, რომლისთვისაც არის რეგისტრირებული. გაუმართლებელი გამოუყენებლობის ძირითად შედეგს წარმოადგენს ის, რომ რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს კანონიერი ინტერესის მქონე პირის მოთხოვნით, რაც გათვალისწინებულია სპეციალური კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად - სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას აუქმებს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშანი არ გამოიყენებოდა უწყვეტად 5 წლის განმავლობაში იმ საქონელზე, რომლის მიმართაც არის ეს ნიშანი რეგისტრირებული საქართველოში. თუ ნიშნის გამოყენება დაიწყო ან განახლდა აღნიშნული ხუთწლიანი ვადის გასვლიდან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის შეტანამდე შუალედში, არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება. მეტიც, არსებობს ტენდენცია, რომლის თანახმადაც რეგისტრირებულ მფლობელს მოეთხოვება, დაამტკიცოს გამოყენების ფაქტი, რადგან დაინტერესებული მესამე პირისათვის ძალიან ძნელია გამოუყენებლობის ფაქტის დამტკიცება (სუსგ. Nას-306-2020, 18.11.2020წ.);
4.5.5. სპეციალური კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ სასაქონლო ნიშნის გამოუყენებლობა მისი ნებისაგან დამოუკიდებლად წარმოშობილი გარემოებებით არის განპირობებული. ასეთ გარემოებებად ჩაითვლება, მაგალითად, სასაქონლო ნიშნით დაცულ საქონელთან დაკავშირებით დაწესებული იმპორტის შეზღუდვები ან ხელისუფლების მიერ დადგენილი სხვა მოთხოვნები.
4.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე არ უარყოფს კანონით დადგენილ 5 წლიან ვადაში სასაქონლო ნიშნის გამოუყენებლობას, თუმცა, განმარტავს, რომ აღნიშნული განპირობებულია მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, სასამართლოს მიერ სადავო ნიშნით დაცულ საქონლის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების გამო.
4.6.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს ,,F.M.G"-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, ყადაღა დაედო შპს ,,კ–ს" მიერ შემოტანილ საქონელს, 2016 წლის 1 დეკემბრის c9602 (20002) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის ნაწილს, კერძოდ 32428,87 ლარის საბჟო ღირებულების, 21504 ცალი 0.95 ლიტრიან ხილის ნექტარს რომელიც განთავსებულია შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ,,თბილისი" (მდებარე გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..........., თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ.), ასევე აეკრძალა მოწინააღმდეგე მხარეს იმ პროდუქტის, რომელშიც ჩართულია განმცხადებლის დიზაინი, იმპორტი, რეალიზაცია და სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა საქართველოში. სასამართლოს 2017 წლის 4 იანვრის განჩინებით კი, დაკმაყოფილდა შპს "F.M.G"-ის განცხადება სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა დაედო შპს "კ–ს" (საიდენტიფიკაციო ნომერი: ........) მიერ შემოტანილ, 2016 წლის 1 დეკემბრის C9603 (20002) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის ნაწილს, კერძოდ, 33100,33 ლარის საბაჟო ღირებულების 21888 ცალ 0.95 ლიტრიან ხილის ნექტარს, რომელიც განთავსებულია სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში _ "თბილისი" (მდებარე მისამართზე: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ..........., თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ).
4.6.2. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში, სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები ეხება შემოტანილი საქონლის კონკრეტულ ნაწილს და არა სადავო სასაქონლო ნიშანს - M. F.(საიდენტიფიკაციო ნომერი - .....; რეგისტრაციის ნომერი - 20567; რეგისტრაციის თარიღი - 2010-06-14), რაც შეუზღუდავდა მოპასუხეს სადავოდ გამხდარი ნიშნით სარგებლობის უფლებას. შესაბამისად, სახეზე არ არის სასაქონლო ნიშნის გამოუყენებლობა სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ მისი ნებისაგან დამოუკიდებლად წარმოშობილი გარემოებების გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ სარჩელი ექვემდებარებოდა სრულად დაკმაყოფილებას.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
5.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წრადგინა მოპასუხემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
5.2. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შესაბამისად, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5.3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 4.1-4.4 ქვეპუნქტები) და დაასკვნა, რომ გასაზიარებელია მოპასუხის/აპელანტის მტკიცება, რომელიც ეფუძნება სპეციალური კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტს, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ სასაქონლო ნიშნის გამოუყენებლობა მისი ნებისაგან დამოუკიდებლად წარმოშობილი გარემოებებით არის განპირობებული. ასეთ გარემოებებად ჩაითვლება, მაგალითად, სასაქონლო ნიშნით დაცულ საქონელთან დაკავშირებით დაწესებული იმპორტის შეზღუდვები ან ხელისუფლების მიერ დადგენილი სხვა მოთხოვნები. აპელანტი მიუთითებს, რომ სასაქონლო ნიშნის გამოუყენებლობა გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი გარემოებებით, ვინაიდან გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რაც ფაქტობრივად ნიშნავს სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვას;
5.3.1. სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილების 4.6.1 ქვეპუნქტში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, რომ გასაზიარებელია აპელანტის (მოპასუხე საწარმოს) პოზიცია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ორჯერ და ყადაღის დადება შპს „კ–ს“ მიერ იმპორტირებულ ხილის ნექტარზე წარმოშობს საფრთხეს, რომ მომავალში იმავე სასაქონლო ნიშნის ქვეშ იმპორტირებული საქონელი ასევე იქნება დაყადაღებული. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ეხება შემოტანილი საქონლის კონკრეტულ ნაწილს და არა სადავო სასაქონლო ნიშანს „M.F.“, მოპასუხეს სადავოდ გამხდარი სასაქონლო ნიშნით სარგებლობა აკრძალული არ ჰქონდა;
5.3.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვის გარეშეც იმპორტირებულ საქონელზე ყადაღის დადება, როდესაც აკრძალულია მისი რეალიზაცია, გულისხმობს საფრთხეს სხვა იმავე იმპორტირებულ საქონელზეც ყადაღის დადების, რაც ზიანის მომტანი იქნებოდა საწარმოსთვის. ამდენად, გასაზიარებელია აპელანტის მტკიცება, რომ სასაქონლო ნიშნის გამოუყენებლობა უწყვეტად 5 წლის განმავლობაში გამოწვეულია მოპასუხისგან დამოუკიდებლად წარმოშობილი გარემოებებით, რაც უსაფუძვლოს ხდის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმებას.
5.3.3. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 1991 მუხლზე მითითებით, განმარტა, რომ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ივლისის განჩინებით გამოყენებულია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ივლისის განჩინებით (2/25391- 21) გამოყენებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე საწარმოს (ს/ნ .......) აეკრძალა სასაქონლო ნიშანის M. F.(ს/ნ ......., რეგისტრაციის N20567, რეგისტრირებული 2010-06-14 წელს, საქონლის კლასი 32) გასხვისება (სადავო სასაქონლო ნიშანზე უფლებების გადაცემა);
5.4. ,,სამრეწველო საკუთრების დაცვის“ პარიზის კონვენციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტებია პატენტები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო დიზაინები, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები, წარმოშობის აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა. ამავე კონვენციის მე-6 მუხლის მიხედვით, სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებისა და დამცავი დოკუმენტების ძალაში შენარჩუნების წესებს არეგულირებს მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობა. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც გამოისახება გრაფიკულად და განასხვავებს ერთი საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომ - საქონელი). ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. ამავე კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას აუქმებს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ: ა) სასაქონლო ნიშანი არ გამოიყენებოდა უწყვეტად 5 წლის განმავლობაში იმ საქონელზე, რომლის მიმართაც არის ეს ნიშანი რეგისტრირებული საქართველოში. თუ ნიშნის გამოყენება დაიწყო ან განახლდა აღნიშნული ხუთწლიანი ვადის გასვლიდან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის შეტანამდე შუალედში, არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება; ბ) სასაქონლო ნიშანი იქცა გვარეობით ცნებად იმ საქონლისთვის, რომლის მიმართაც ის არის რეგისტრირებული; გ) სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ ან მისი თანხმობით სასაქონლო ნიშნის გამოყენება მომხმარებელს მცდარ წარმოდგენას უქმნის საქონლის სახეობის, თვისების, ხარისხის, ღირებულების ან გეოგრაფიული წარმოშობის ან სხვა მახასიათებლების შესახებ.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
6.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე საწარმომ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით, სარჩელის დაკმაყოფილება იმ ძირითად საკასაციო პრეტენზიაზე დაყრდნობით, რომ დაუსაბუთებელია სპეციალური კანონის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასარჩელო მოთხოვნის უარყოფა იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს არც შესაგებლით და არც სასამართლოსათვის წარდგენილი სხვა რაიმე სახის მტკიცებულებებით არ გაუბათილებია სარჩელი და არ დაუმტკიცებია, რომ ის იყენებს სასაქონლო ნიშანს;
6.2. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არასწორად განიმარტა სპეციალური კანონის მოთხოვნა, რადგან მისი 27.3-ე მუხლით „ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ სასაქონლო ნიშნის გამოუყენებლობა მისი ნებისაგან დამოუკიდებლად წარმოშობილი გარემოებებით არის განპირობებული. ასეთ გარემოებებად ჩაითვლება, მაგალითად, სასაქონლო ნიშნით დაცულ საქონელთან დაკავშირებით დაწესებული იმპორტის შეზღუდვები ან ხელისუფლების მიერ დადგენილი სხვა მოთხოვნები“ გათვალისწინებული გამონაკლისი არ შეიძლება იყოს ის გარემოება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და ისიც სხვა საქმის გარემოებებთან დაკავშირებით: „პალატა იზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ორჯერ და ყადაღის დადება შპს „კ–ს“ მიერ იმპორტირებული ხილის ნექტარზე წარმოშობს საფრთხეს, რომ მომავალში იმავე სასაქონლო ნიშნის ქვეშ იმპორტირებული საქონელი ასევე იქნება დაყადაღებული“, მით უფრო, რომ შპს „კ“ არ არის განსახილველი დავის მონაწილე მხარე და ამ საწარმოს პრობლემები არ შეიძლება მოსარჩელის კანონიერი მოთხოვნის უარყოფის საფუძველი გახდეს. კასატორს მიაჩნია, რომ საკასაციო განაცხადი აკმაყოფილებს დასაშვებობის კანონით გათვალისწინებულ წინაპირობებს.
6.3. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო 2023 წლის 21 აპრილის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი არსებითად განხილვის მიზნით სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგან „საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას“.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასების, მოსარჩელის საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვს წარმოდგენილი, ამასთან, საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სავსებით საკმარისია სადავო სამართალურთიერთობის შეფასებისათვის, არ ქმნის საქმის ხელახლა განსახილველად (ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად ან სხვა მტკიცებულებების ხელახლა გამოსაკვლევად) ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებულ პროცესუალურ საფუძველს და, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შესაძლებელია ახალი გადაწყვეტილების მიღება საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე.
8. სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-664-635-2016; პუნქტი 201) მითითებულია: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითთ, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“.
9. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
10. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
11. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას-804-2019, 19.03.2021წ; N ას-1133-2019, 30.07.2021წ; N ას-754-2021, 02.12.2021წ; N ას-1677-2018, 5.07.2022წ; N ას-309-2022. 7.07.2022წ; N ას- 471-2022, - 8.07.2022წ; N ას-582-2022, 16.09.2022წ; N ას-424-2023, 22.06.2023წ; N ას-1257-2023, 26.06.2023წ: N ას-541-2023, 05.07.2023წ.).
12. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის მოთხოვნისა და საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების4.1 -4.4 ქვეპუნქტები), საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნის დასაბუთებულობის შემოწმება, ანუ რამდენად არის განხორციელებული „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის წინაპირობა, რომ „სასაქონლო ნიშანი არ გამოიყენებოდა უწყვეტად 5 წლის განმავლობაში იმ საქონელზე, რომლის მიმართაც არის ეს ნიშანი რეგისტრირებული საქართველოში. თუ ნიშნის გამოყენება დაიწყო ან განახლდა აღნიშნული ხუთწლიანი ვადის გასვლიდან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის შეტანამდე შუალედში, არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება“ და სარჩელის დაკმაყოფილებას ხომ არ აფერხებს ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი გამონაკლისი, როდესაც „მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ სასაქონლო ნიშნის გამოუყენებლობა მისი ნებისაგან დამოუკიდებლად წარმოშობილი გარემოებებით არის განპირობებული. ასეთ გარემოებებად ჩაითვლება, მაგალითად, სასაქონლო ნიშნით დაცულ საქონელთან დაკავშირებით დაწესებული იმპორტის შეზღუდვები ან ხელისუფლების მიერ დადგენილი სხვა მოთხოვნები“.
13. მოცემულ საქმეზე უდავოდ არის დადგენილი, რომ მოპასუხე საწარმო უკანასკნელი 5 წლის მანძილზე არ იყენებს სასაქონლო ნიშანს, თუმცა, სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსაგან განსხვავებული იურიდიული კვალიფიკაცია ეფუძნება იმ მსჯელობასა და შეფასებას, რომ სხვა საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არის გამოყენებული ორჯერ და შპს „კ–ს“ მიერ იმპორტირებულ ხილის ნექტარზე დადებულია ყადაღა, რაც წარმოშობს საფრთხეს, რომ მომავალში იმავე სასაქონლო ნიშნის ქვეშ იმპორტირებული საქონელი ასევე იქნება დაყადაღებული. შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვის გარეშეც იმპორტირებულ საქონელზე ყადაღის დადება, როდესაც აკრძალულია მისი რეალიზაცია, გულისხმობს საფრთხეს სხვა იმავე იმპორტირებულ საქონელზეც ყადაღის დადების, რაც ზიანის მომტანი იქნებოდა საწარმოსთვის. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ სასაქონლო ნიშნის გამოუყენებლობა უწყვეტად 5 წლის განმავლობაში გამოწვეულია მოპასუხისგან დამოუკიდებლად წარმოშობილი გარემოებებით, რაც უსაფუძვლოს ხდის სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმებას (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 4.6.1, 5.3.1-5.3.2 ქვეპუნქტები).
14. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნას, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს კანონმდებლობის მოთხოვნიდან.
14.1. სპეციალური კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ სასაქონლო ნიშნის გამოუყენებლობა შესაძლებელია მისი ნებისაგან დამოუკიდებლად წარმოშობილი გარემოებებით განპირობებულით შეფასდეს, თუ: ა) სასაქონლო ნიშნით დაცულ საქონელთან დაკავშირებით დაწესდა იმპორტის შეზღუდვები; ბ) ან ხელისუფლების მიერ დადგენილია სხვა მოთხოვნები.
14.2. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე თავს იცავს იმ გარემოებით, რომ მისგან დამოუკიდებელი გარემოებებით ვერ იყენებს სასაქონლო ნიშანს, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „ფ.მ.გ–“-ის მიერ სარჩელის აღძვრამდე, მისი უზრუნველყოფის შესახებ განცხადება შპს „კ–სა“ და სსიპ- შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ, ხოლო იმავე სასამართლოს მეორე განჩინებით, რომელიც მიღებულია 2017 წლის 4 იანვარს, ასევე დაკმაყოფილდა შპს „ფ.მ.გ–“-ის მიერ სარჩელის აღძვრამდე, მისი უზრუნველყოფის შესახებ განცხადება შპს „კ–სა“ და სსიპ- შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება მოპასუხის მტკიცებას და სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ გამოვლენილია მოპასუხისაგან დამოუკიდებელი გარემოება სასაქონლო ნიშნის უკანასკნელი 5 წლის მანძილზე, უწყვეტად სარგებლობის შეუძლებლობის თაობაზე და ასეთად უნდა იქნეს მიჩნეული სხვა სასამართლო დავებზე სხვა სუბიექტებს შორის მიმდინარე, ინიცირებული თუ შეჩერებული დავები, რადგან:
14.2.1. სხვა სასამართლო დავები მათ მონაწილეთა მიერ თავიანთი მატერიალური უფლებების საპროცესოსამართლებრივი დაცვის გზით არის დაწყებული და იმყოფება სასამართლოს წარმოებაში, ამასთან არ აქვს კავშირი მიმდინარე დავას;
14.2.2. წინასასარჩელო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, ნებისმიერი ჯერადობით (ერთხელ, ორჯერ თუ მეტჯერ) ვერ გაუტოლდება იმპორტის შეზღუდვების დაწესებას. საკასაციო სასამართლო საქართველოს საგადასახადო კოდექსს მოიხმობს, რომლის თანახმად, იმპორტი განიმარტება, როგორც საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევა, ამასთან, საქალაქო სასამართლოს მიერ წინასასარჩელო უზრუნველყოფის თაობაზე განჩინებების (იხ. 14.2-ე ქვეპუნქტი) მიღების დროს მოქმედი საქართველოს საბაჟო კოდექსის 63.1-ე მუხლი ადგენს, რომ „საკანონმდებლო აქტით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანაზე ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან მის გატანაზე შეიძლება დაწესდეს შეზღდუვები ან/და აკრძალვები“. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქონელთან დაკავშირებით იმპორტის შეზღუდვა, როგორც ეკონომიკური კატეგორია, საკანონმდებლო აქტით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ხორციელდება, ხოლო წინასასარჩელო, თუ სარჩელის აღძვრის შემდეგ, მისი უზრუნველყოფის სამართლებრივი ინსტიტუტის გამოყენების წინაპირობა განსაზღვრულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსით;
14.2.3. სასამართლო პრაქტიკით არაერთხელ განიმარტა, რომ სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. სსსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ უნდა მიუთითოს და დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სარწმუნო და დამაჯერებელ საფუძველზე, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა, კონკრეტულ გარემოებათა გამო, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება;
14.2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ „ქონებას“ წარმოადგენს /Anheuser-Busch Inc. v. Portugal [GC], no. 73049/01, §§ 66-72, ECHR 2007-I/. შესაბამისად, რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდეგ სასაქონლო ნიშანი ხდება საკუთრების ობიექტი და მასზე ვრცელდება საკუთრების დაცვის ყველა სამართლებრივი რეგულაცია. ზოგიერთ შემთხვევაში არა მხოლოდ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, არამედ თავად რეგისტრაციის განაცხადი და სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მაძიებლის სამართლებრივი სტატუსიც კი უკვე შესაძლებელია წარმოშობდეს ისეთ ქონებრივ უფლებებს, რომლებიც ექცევა პირველი ოქმის პირველი მუხლით გათვალისწინებული „ქონების“ ცნებაში Anheuser-Busch Inc. v. Portugal [GC], no. 73049/01, §§ 73-78, ECHR 2007-I/“ (იხ. სუსგ N ას-1285-1223-2014,01.12.2015წ.). ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: N ას-997-941-2015, 23.10.2015წ; N ას-1586-2018, 26.10.2018წ; N ას-1665-2019, 10.02.2020წ; N ას-1113-1033-2017, 28.09.2020წ.).
14.2.5. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელიც იმას ეხება, რომ სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვის გარეშეც იმპორტირებულ საქონელზე ყადაღის დადება, როდესაც აკრძალულია მისი რეალიზაცია, გულისხმობს სხვა იმავე იმპორტირებულ საქონელზეც ყადაღის დადების საფრთხეს, რაც ზიანის მომტანი იქნებოდა საწარმოსთვის, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, რადგან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, როგორც უკვე აღინიშნა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ერთი მხრივ, მოსარჩელის მიერ უნდა იყოს დასაბუთებული, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოსეულ კონტროლს ექვემდებარება იმ კონკრეტული კრიტერიუმებისა და მოთხოვნის დასაბუთებულობის ინდივიდუალური შესწავლისა და შეფასების გზით, როგორც ეს კანონით და სასამართლო პრაქტიკითაა განსაზღვრული და არ ზომავს თეორიული, ჰიპოთეტური დაშვებების გზით მოსალოდნელ საფრთხეებს და პოტენციურ ზიანს (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 5.3.1-5.3.2 ქვეპუნქტები).
14.3. ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების (TRIPS) მე-19 მუხლი ადგენს: „1. თუ რეგისტრაციის ძალაში შესანარჩუნებლად მოითხოვება გამოყენება, რეგისტრაცია შეიძლება გაუქმებულ იქნეს გამოუყენებლობის მხოლოდ სულ მცირე სამწლიანი უწყვეტი პერიოდის შემდეგ, თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ არ იქნება მითითებული გამამართლებელი მიზეზები, რომლებიც ასეთი გამოყენების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობას ეფუძნება. გარემოებანი, რომლებიც სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებისგან დამოუკიდებლად წარმოიშობა და ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენების დამაბრკოლებელია, როგორიცაა სასაქონლო ნიშნით დაცულ საქონელს ან მომსახურებასთან დაკავშირებით დაწესებული იმპორტის შეზღუდვები ან მთავრობის სხვა მოთხოვნები, ნიშნის გამოუყენებლობის გამამართლებელ მიზეზებად ჩაითვლება. 2. სხვა პირის მიერ სასაქონლო ნიშნის გამოყენება მისი მფლობელის კონტროლის პირობებში რეგისტრაციის ძალაში შენარჩუნების მიზნით სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ჩაითვლება“. საქართველოში მოქმედი სპეციალური კანონი ამ მხრივ უკეთეს წინაპირობას ადგენს და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმებას შესაძლებლად მიიჩნევს 5-წლიანი უწყვეტი გამოუყენებლობის შემთხვევაში.
14.4. ზოგადად, სასაქონლო ნიშნის გამოყენების მოთხოვნა სხვადასხვა იურისდიქციაში განსხვავებულად წესრიგდება, თუმცა, სასაქონლო ნიშნის გამოყენებას, შეიძლება ითქვას, უპირატესობა ენიჭება და შესაბამის სამართლებრივ უფლებებს წარმოშობს იმ შემთხვევაშიც, თუ ის რეგისტრირებულიც კი არ აქვს მის მფლობელს. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების სასაქონლო ნიშნების კანონმდებლობით სწორედ ამგვარად არის საკითხი გადაწყვეტილი, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია არ არის აუცილებელი მისი მფლობელისათვის, სავალდებულოა სასაქონლო ნიშნის ფაქტობრივად გამოყენება კომერციული მიზნებისათვის, რაც წარმოშობის მისი კანონით დაცვის წინაპირობას და სახელდებულია, როგორც სასაქონლო ნიშნების ან სამომხმარებლო ნიშნების საერთო წესი (კანონი). აშშ-ის ფედერალური სასაქონლო კანონმდებლობით სასაქონლო ნიშანზე უფლება წარმოიშობა: 1) მისი ფაქტობრივად გამოყენებით ან 2) შესაბამისი განცხადების სარეგისტრაციოდ წარდგენის გზით აშშ-ის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების ოფისში (USPTO), სადაც განმცხადებელი მიუთითებს, რომ განმცხადებელს კეთილი განზრახვით (bona fide intention) სურს გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი კომერციული მიზნებისათვის (იხ. Use Requirements for Trademarks-Avoidance of Cancellation Actions for Non-Use; “https://arellanolaw.edu/alpr/v8n1d.pdf”).
14.5. საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებით, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია და გამომდინარეობს სპეციალური კანონის 27.2-ე მუხლიდან, ხოლო მოპასუხემ ვერ დაასაბუთა სასაქონლო ნიშნის 5 წლის მანძილზე, უწყვეტად გამოუყენებლობის მისი ნებისაგან დამოუკიდებელი გარემოება, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
14.6. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა (იხ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს "ს–ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება, და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს "ს–ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. გაუქმდეს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში - „ს–ში“ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი - M. F.(საიდენტიფიკაციო ნომერი - ......; რეგისტრაციის ნომერი - 20567; რეგისტრაციის თარიღი - 2010-06-14). ;
5. შპს "ვ-ჰ. კ."-ს შპს "ს–ის" სასარგებლოდ დაეკისროს პირველ და მესამე ინსტანციებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 450 ლარი;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე