Facebook Twitter

საქმე №ას-1408-2022 17 ივლისი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

I კასატორი – შპს "ი–ი", რ.მ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

წარმომადგენლები - ე.რ–ძე, თ.ჯ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ო.მ.ი.მ.ს.თ." (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

წარმომადგენელი - ი.ყ–ი

II კასატორი – შპს "ო.მ.ი.მ.ს.თ." (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ი–ი"(მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება.

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1.ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ო.მ.ი.მ.ს.თ–ის" სარჩელი (შემდეგში: თავდაპირველი მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, გამყიდველი, მენარდე, მეორე აპელანტი ან პირველი კასატორი) რ.მ–ძის (შემდეგში: თავდაპირველი სარჩელის მოპასუხე ან თავდები)წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა;

1.1. ამავე გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელი შპს ,,ი–ის" (შემდეგში: თავდაპირველი სარჩელის მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, მყიდველი, შემკვეთი, პირველი აპელანტი ან მეორე კასატორი) წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

1.2.თავდაპირველი მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე საწარმოს (იხ.1.1 ქვეპუნქტი) 200 000 (ორასი ათასი) აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა;

1.3. თავდაპირველ მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხე საწარმოსათვის 130 641.6 (ას ოცდაათი ათას ექვსას ორმოცდაერთი აშშ დოლარი და 60 ცენტი) აშშ დოლარის დაკისრების სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

1.4. თავდაპირველი მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე საწარმოს სახელმწიფო ბაჟის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის და ექსპერტიზის ხარჯის - 180.50 (ას ოთხმოცი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა დაეკისრა.

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით წინამდებარე განჩინების 1.1 ქვეპუნქტში დასახელებული საწარმოს შეგებებული სარჩელი თავდაპირველი მოსარჩელის (იხ. პირველი პუნქტი) წინააღმდეგ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2.1. შეგებებული სარჩელის წარმდგენი საწარმოს სასარგებლოდ მოპასუხეს (თავდაპირველ მოსარჩელეს) დაევალა, მიაწოდოს და დაუმონტაჟოს თავისი ხარჯით 150-200 ტონა საათში წარმადობის ქვისსამსხვრევი ქარხანა სრულად;

2.2. შეგებებული სარჩელი მოპასუხე საწარმოსათვს ზიანის ანაზღაურების თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

2.3 შეგებებული სარჩელის წარმდგენი საწარმოს სასარგებლოდ მოპასუხე საწარმოს სახელმწიფო ბაჟის - 5000 (ხუთი ათასი_ ლარის გადახდა დაეკისრა;

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ თავდაპირველი მოსარჩელე საწარმოს სასარგებლოდ 200 000 აშშ დოლარის გადახდას მოპასუხე საწარმო განახორციელებს მას შემდეგ, რაც თავდაპირველი მოსარჩელე, თავისი ხარჯით, მოპასუხეს მიაწვდის და დაუმონტაჟებს საათში 150-200 ტონა წარმადობის ქვისსამსხვრევ ქარხანას (იხ. 2.1 ქვეპუნქტი).

4. თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა

4.1. თავდაპირველი სარჩელით მოთხოვნილია მოპასუხისათვის (იხ.1.1 ქვეპუნქტი) 330 641.6 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, ხოლო, ძირითად მოვალესთან (მოპასუხე საწარმოსთან) ერთად, მოპასუხე რ.მ–სათვს, როგორც სოლიდარული მოვალისათვის, 238 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება (იხ. სარჩელი- ტ.1, ს.ფ.2-17).

4.2. თავდაპირველი მოსარჩელე საწარმო თავის მოთხოვნას შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე აფუძნებს:

4.2.1. საწარმო რეგისტრირებულია თურქეთის რესპუბლიკის ქ. ანკარაში, მის. იენიმაჰალლე, ოსტიმის სამრეწველო ...... თურქეთის კანონმდებლობის თანახმად, მისი საიდენტიფიკაციო ნომერი არის ......... დირექტრს და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმაოდგენს ჰ.ო–ი;

4.2.2. მხარეებს შორის 13.08.2015წ. გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე საწარმოს მოპასუხისათვის უნდა მიეწოდებინა სპეციალური მანქანა-დანადგარი და მოწყობილობები, კერძოდ: 1) 100 ლაყუჩა სამტვრევი; 2) ორი ცალი ვიბრაციული საცერი; 3) ჰორიზონტალური სამტვრევი; 4) ორმაგი კლასიფიკატორი; 5) ლენტები; 6) ჰორიზონტალური სამტვრევიდან მომავალი საცრის მკვებავი ლენტი; 7) საცრიდან მომავალი უკუმიწოდების ლენტი; 8) უკუმიწოდების ლენტი; 9) საცრიდან მასალის გამომტანი ლენტი 4 ცალი) მთლიანი ღირებულებით 224000 აშშ დოლარი (იხ. ხელშეკრულება- ტ.1, ს.ფ. 29-36);

4.2.3 იმავე ხელშეკრულების ბოლო პუნქტით განისაზღვრა, რომ თავდაპირველი სარჩელის მოპასუხე საწარმოს (იხ. 1.1 ქვეპუნქტი) პარტნიორები და რ.მ–ძე (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) გამყიდველის მიმართ წარმოშობლ ვალდებულებებზე პასუხისმგებელნი არიან, როგორც სოლიდარული თავდებები. ხელშეკრულებას ხელს აწერს მოპასუხე საწარმოს იმჟამინდელი დირექტორი - ა.მ–ძე და საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი - რ.მ–ძე (იხ. ტ.1, ს.ფ.26);

4.2.4. ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი და კიდევ მეტი მოწყობილობა-დანადგარების მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მიწოდება დასტურდება ანგარიშ-ფაქტურებით, კერძოდ:1. 01.09.2015წ. N512199 ანგარში-ფაქტურით და გადაადგილების სერთიფიკატით თითო ცალი მიმწოდებლის კლასიფიკტორის, ლაყუჩა სამტვრევის, ფასით 84000 აშშ დოლარი, მიწოდება; 2. 08.09.2015წ. N512228 ანგარიშ-ფაქტურით და გადაადგილების სერტიფიკატით თითო ცალი კლასიფიკატორის, ჰორიზონტალური სამტვრევის, საწარმოოო ობიექტის აღჭურვილობის და 2 ცალი ვიბრაციული საცერის, ფასით 115000 აშშ დოლარი, მიწოდება; 3. 17.09.2015წ. N889526 ანგარიშ-ფაქტურით და გადაადგილების სერთიფიკატით 1 ცალი ჰორიზონტალური სამტვრევის, 52მ კონვეირის ლენტის, 2 ცალი მაგნიტების, 1 კომპლექტი საწრამოო ობიექტის აღჭურვილობის, 88 მ. კონვერისი ლენტების, ფასით 118750 აშშ დოლარი, მიწოდება; 4. 09.10.2015წ. N889588 ანგარიშ- ფაქტურით და გადაადგილების სერტიფიკატით 1 ცალი 20 კუბური მეტრი მოცულობის ბუნკერის 1 ცალი სამართავი კაბინის, ფასით 10250 აშშ დოლარი, მიწოდება; 5. 15.02.2016წ. N890045 ანგარიშ-ფაქტურით და გადაადგილების სერთიფიკატით 344 კგ. ქვის სამტვრევის დანადგარის ჯავშნის, ფასით 1341.60 აშშ დოლარი, მიწოდება; 6. 01.04.2016წ. N890206 ანგარიშ-ფაქტურით და გადაადგილების სერთიფიკატით 1 ცალი ძრავის, 4 ცალი შკივის, 6 ცალი ღვედის, ფასით 1300 აშშ დოლარი, მიწოდება;

4.3. თავდაპირველ მოსარჩელეს (გამყიდველს, მენარდეს) მოპასუხისათვის (მყიდველისათვის, შემკვეთისათვის) 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის აპრილის ჩათვლით მიწოდებული აქვს ზემოთ ჩამოთვლილი საქონელი, ღირებულებით - 330641.6 აშშ დოლარი, რაც მყიდველს (შემკვეთს) უნდა აენაზღაურებინა ორი თვის ვადაში. გამყიდველისათვის (მენარდისათვის) არც მოპასუხე საწარმოს და არც სოლიდარულ თავდებს -რ.მ–ძეს დავალიანება არ აუნაზღაურებიათ;

4.4. 13.08.2015წ. ხელშეკრულებით (იხ. 4.2.2 ქვეპუნქტი) მოპასუხე საწარმოს პარტნიორები და რეზო მუმლაძე მოსარჩელის მიმართ წარმოშობილ ვალდებულებებზე პასუხისმგებელნი არიან როგორც სოლიდარული თავდებები. ხელშეკრულების დადებისას წარდგენილი ამონაწერიდან გამომდინარე მოთხოვნა აღძრულია როგორც მოპასუხე შპს-ის, ისე - რ.მ–ს მიმართ, რომელიც ამ შპს-ში ამჟამადაც 100%-იანი წილის მესაკუთრეა.

5. თავდაპირველი სარჩელის მოპასუხეთა (მყიდველის, შემკვეთის) შესაგებელი

5.1. მოპასუხე საწარმომ და მისი 100 %-იანი წილის მფლობელმა პარტნიორმა, იმავდროულად თავდებმა პირმა- რ.მ–ძემ მათ წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნეს.

5.2. მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სადავო გახადეს როგორც ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადება, ისე ის გარემოება, რომ ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დანადგარები არ შეესაბამება ფაქტობრივად მიწოდებულს; ასევე, მიუთითეს, რომ მიწოდებული საქონლის ღირებულება არ შეესაბამება სიმართლეს და ფაქტობრივად მოწოდებული დანადაგრების თანხაც გადახდილი აქვს მყიდველს გამყიდველისათვის (იხ. შესაგებელი- ტ.1, ს.ფ.118-125).

6. ძირითადი სარჩელის მოპასუხე საწარმოს (მყიდველის, შემკვეთის) შეგებებული სარჩელი

6.1. მოპასუხე საწარმომ (მყიდველმა, შემკვეთმა) შეგებებული სარჩელით მოითხოვა, რომ თავდაპირველ მოსარჩელე საწარმოს დაევალოს, თავისი ხარჯით, მოპასუხეს მიაწოდოს და დაუმონტაჟოს საათში 150-200 ტონა წარმადობის ქვისსამსხვრევი ქარხანა სრულად;

6.2. ასევე, მყიდველის (შემკვეთის) სასარგებლოდ გამყიდველს (თავდაპირველ მოსარჩელე საწარმოს, მენარდეს) დაეკისროს მიუღებელი შემოსავლით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც 2016 წლის 27 თებერვლიდან ყოველ სამუშაო დღეზე 17952 ლარს (კურსი 2.7) 6648 აშშ დოლარს შეადგენს, მათ მიერ 150-200 საათში წარმადობის ქვისსამსხვრევი ქარხნის დამონტჟებამდე.

6.3. შეგებებული სარჩელი შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნება:

6.3.1. მხარეთა შორის 2015 წლის 13 აგვისტოს დაიდო ხელშეკრულება N ოზბ/08-013, რის საფუძვლზეც გამყიდველს (მენარდეს, თავდაპირველ მოსარჩელეს) უნდა მიეწოდებინა და მისსავე სპეციალისტებს უნდა დაემონტაჟებინათ მყიდველისათვის (შემკვეთისათვის) ქვის სამსხვრევი ქარხანა სრულად, რომელსაც უნდა მოეცა 150-200 ტონა პროდუქცია 1 საათში. გამყიდველმა (მენარდემ) საწარმომ მის მიერ ჩამოყვანილი სპეციალისტებს დაამონტაჟებინა ქარხანა მთლიანად და მათვე აამუშავეს. ქარხანა გაშვებისთანავე დაიშალა, გატყდა ძირითადი კვანძები, რის გამოც მას დიდი ხანი არემონტებდნენ. მყიდველ (შემკვეთს) საწარმოს უნდა გადაეხადა 80 000 აშშ დოლარი 1 წლის განმავლობაში. მყიდველმა (შემკვეთმა) შეასრულა აღებული ვალდებულება და 1 წლის განმავლობაში 155 000 აშშ დოლარი გადაუხადა გამყიდველი (მენარდე) საწარმოს წარმომადგენელს-მ.ს–ს, რომელმაც გამოაგზავნა დანადგარები, მაგარამ საწარმოს დირექტორმა - ჯ.ო–მა მხოლოდ 105 000 აშშ დოლარის მიღებაზე მისცა მყიდველს თანხის მიღების საბუთი და ეს იმით ახსნა, რომ მ.ს–მა მხოლოდ ამ ოდენობის თანხა გადასცა მას. ქარხნის მონტაჟის შემდეგ ქარხანამ მუშაობა დაიწყო 2016 წლის 27 თებერვალს და, 150-200 ტონის მაგივრად, 1 საათში 30-40 ტონა პროდუქციას უშვებდა, რაც არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების პირობებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მყიდველმა (შემკვეთმა) საწარმომ მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სიმძლავრის წარმადობის ქარხანა, რასაც მიმწოდებელი (გამყიდველი, მენარდე) მხარე შეპირდა, მაგრამ პირობა დღემდე არ შეუსრულებია;

6.3.2. იმის გამო, რომ ქარხანა, 150-200 ტონა პროდუქციის ნაცვლად, უშვებს 5-ჯერ ნაკლებ პროდუქციას - 1 საათში 30-40 ტონას, იმავე დანახარჯებით შეგებებული მოსარჩელე (მყიდველი/შემკვეთი საწარმო) განიცდის ზიანს და ვერ ღებულობს 1 საათში საშუალოდ 132 ტ პროდუქციას, რომლის საშუალო ღირებულებაა 2244 ლარი. ექსპერტიზის დასკვნით ქარხანა 1 საათში უშვებს 43 ტონა პროდუქციას, საშუალოდ საათში 132 ტონა პროდუქციით ნაკლებს. მიყენებული ზიანი 1 სამუშაო დღეში უდრის 132ტ*8სთ=1056 ტონა პროდუქციას და მისი საშუალო ღირებულება 17 ლარი*1056 ტონაზე=17 952 ლარს. გამყიდველისაგან/მენარდისაგან (შეგებებული სარჩელის მოპასუხე საწარმოსაგან) მოწოდებული დანადგარები, მისი მაჩვენებლები-მონაცემები არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დანადგარებს, მაჩვენებელებს და მონაცემებს (იხ. მყიდველი საწარმოს შეგებებული სარჩელი - ტ.1, ს.ფ.152- 166).

7. შეგებებული სარჩელის მოპასუხე საწარმოს (გამყიდველის/მენარდის) შესაგებელი

7.1. შეგებებული სარჩელის მოპასუხემ (გამყიდველმა/მენარდე საწარმომ) არ ცნო მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ქარხნის დამონტაჟებაზე (იხ. წინამდებარე განჩინების 6.1 ქვეპუნქტი) უსაფუძვლოა, ვინაიდან მყიდველ საწარმოს შესრულება მიღებული აქვს, ხოლო პრეტენზია არ აქვს გაცხადებული კანონით დადგენილ ვადებში;

7.2. ასევე უსაფუძვლოა თავდაპირველი მოსარჩელის მოთხოვნა მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. მოსარჩელეს პრეტენზია უნდა დაეყენებინა კანონით დადგენილ ვადებში და წესით, მას შეეძლო უარი ეთქვა ხელშეკრულებაზე, ან მოეშალა იგი, მოეთხოვა საზღაურის შემცირება ან მისი მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი და, საქმიანი წინდახედულების ფარგლებში, გამოეყენებინა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ნებისმიერი უფლება. მყიდველ/შემკვეთ საწარმოს (შეგებებულ მოსარჩელეს) გაშვებული აქვს შესრულების ნაკლის გამო მოთხოვნის წაყენების ვადა. ამასთან, მყიდველი/შემკვეთი არაუფლებამოსილ პირს უხდიდა თანხებს და აღიარებდა მათ მიმართ წარმოშობილ დავალიანებას ყოველგვარი საპასუხო პრეტენზიის წარდგენის გარეშე, რაც იმას გულისხმობს, რომ შეგებებული მოსარჩელისათვის (მყიდველი/შემკვეთი საწარმოსათვის) მიყენებული ზიანი გამყიდველი/მენარდე საწარმოსათვის წინასწარ სავარაუდო არ ყოფილა;

7.3. იმის გათვალისწინებით, რომ 02.03.2016წ. მყიდველი საწარმოს დირექტორი აღიარებს დავალიანებას ქარხნის შეძენასთან დაკავშირებით, ცხადია, რომ 2016 წლის მარტის დასაწყისისათვის წარმოებას რაიმე დეფექტი არ გააჩნდა და ქარხანა ექსპლუატაციაში უკვე გაშვებული იყო (იხ. დაზუსტებული შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე- ტ.2, ს.ფ.38-50).

8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები

8.1. 2015 წლის 13 აგვისტოს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამყიდველს/მენარდეს მყიდველსათვის/შემკვეთისათვის უნდა მიეწოდებინა ლაყუჩა სამტვრევი 100-იანი, ვიბრაციული საცერი, ჰორიზონტალური სამტვრევი, ორმაგი კლასიფიკატორი, ლენტები, ჰორიზონტალური სამტვრევის მკვებავი ლენტი, საცრის მკვებავი ლენტი, უკუ-მიმწოდებლის ლენტი, 1600*5000 საცრიდან მასალის გამომტანი ლენტი 4 ცალი - სულ 224 000 აშშ დოლარის ღირებულებით;

8.2. ხელშეკრულებას ხელს აწერს მყიდველი/შემკვეთი საწარმოს (იხ. წინამდებარე განჩინების 1.1 ქვეპუნქტი) დირექტორი ა.მ–ძე, თავდების სახით - რ.მ–ძე (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი), შპს ,,ო.მ"-ის წარმომადგენელი - მ.ს. (იხ.13.08.2015წ. ხელშეკრულება- ტ. 1, ს.ფ. 34-36; 13.08.2015წ. პროფორმა ანგარიშფაქტურა - ტ. 1, ს.ფ. 37);

8.3. ზემოხსენებულ მხარეებს შორის 2015 წლის 14 აგვისტოს დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გამყიდველს/მენარდეს მყიდველსათვის/შემკვეთისათვის უნდა მიეწოდებინა ორმაგი კლასიფიკატორი, 14 000 აშშ დოლარის ღირებულების. ეს ხელშეკრულება წარმოადგენს 13.08.2015წ. ხელშეკრულების დანართს და მოქმედებს ძირითადი ხელშეკრულების ყველა მუხლი. ხელს აწერებ: მყიდველი საწარმოს მხრიდან - რ.მ–ძე და შპს. ,,ო.მ" წარმომადგენელი - მ.ს (იხ. 14.08.2015წ. ხელშეკრულება- ტ. 1, ს.ფ. 34-36); 8.4. გამყიდველმა/მენარდე საწარმომ 2015 წლის 1 სექტემბერს მყიდველს/შემკვეთს მიაწოდა შემდეგი ნივთები: მიმწოდებელი, კლასიფიკატორი და ლაყუჩა სამტვრევი, ღირებულებით 84 000 აშშ დოლარი (იხ. 01.09.2015წ. ანგარიშფაქტურა N512199-ტ. 1, ს.ფ. 47-49; გადაადგილების სერთიფიკატი N0702679-ტ. 1, ს.ფ. 50); 8.5. გამყიდველმა/მენარდე საწარმომ 2015 წლის 8 სექტემბერს მყიდველს/შემკვეთს მიაწოდა შემდეგი ნივთები: კლასიფიკატორი, ვიბრაციული საცერი 2 ცალი, ჰორიზონტალური სამტვრევი, საწარმო ობიექტის აღჭურვილობა, ღირებულებით 115 000 აშშ დოლარი (იხ. 08.09.2015წ. ანგარიშფაქტურა N512228- ტ. 1, ს.ფ. 56-57; გადაადგილების სერთიფიკატი N0703471- ტ.1, ს.ფ. 58);

8.6. გამყიდველმა/მენარდე საწარმომ 2015 წლის17 სექტემბერს მყიდველს/შემკვეთს მიაწოდა შემდეგი ნივთები: ჰორიზონტალური სამტვრევი, კონვეირის ლენტი, მაგინტები, საწარმო ობიექტის აღჭურვილობა, კონვეირის ლენტები, ღირებულებით 118 750 აშშ დოლარი (იხ. 17.09.2015წ. ანგარიშფაქტურა N889526-ტ. 1, ს.ფ. 62-63);

8.7. გამყიდველმა/მენარდე საწარმომ 2015 წლის 9 ოქტომბერს მყიდველს/შემკვეთს მიაწოდა შემდეგი ნივთები: ბუნკერი 20 მ3, სამართავი კაბინა, ღირებულებით 10250 აშშ დოლარი (იხ. 09.10.2015წ. ანგარიშფაქტურა N889588- ტ.1, ს.ფ. 67-68);

8.8. გამყიდველმა/მენარდე საწარმომ 2016 წლის 15 თებერვალს მყიდველს/შემკვეთს მიაწოდა შემდეგი ნივთები: ქვის სამტვრევი დანადგარის ჯავშანი, ღირებულებით 1341.60 აშშ დოლარი (იხ. 15.02.2016წ. ანგარიშფაქტურა N890015-ტ. 1, ს/ფ 72-73);

8.9. გამყიდველმა/მენარდე საწარმომ 2016 წლის 1 აპრილს მყიდველს/შემკვეთს მიაწოდა შემდეგი ნივთები: ძრავი, შკივი 4 ცალი, ღვედი 6 ცალი - ღირებულებით 1300 აშშ დოლარი (იხ. 01.04.2016წ. ანგარიშფაქტურა N890206 -ტ. 1, ს.ფ. 78-79; გადაადგილების სერთიფიკატი N0701584 -ტ. 1, ს.ფ. 8); 8.10. 2016 წლის 2 მარტის განცხადებით მყიდველი/შემკვეთი შპს-ის დირექტორი - ა.მ–ძე ადასტურებს, რომ მ.ს–ისაგან შეძენილი ქვის სამტვრევ საამქროსთან დაკავშირებით გადასახდელი დარჩა 200 000 აშშ დოლარი, რომელსაც გადაიხდის შემდეგი გრაფიკით: 2016 წლის ივნისიდან 30 აგვისტომდე გადაიხდის 100 000 აშშ დოლარს, ხოლო დარჩენილ 100,000 აშშ დოლარს გადაიხდის 2017 წლის იანვრის თვის ბოლომდე, ყოველთვიურად 20 000 აშშ დოლარის გადახდით (იხ. ა.მ–ძის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება-ტ. 2, ს.ფ. 51); 8.11. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპრეტიზის ბიურო) 2019 წლის 20 თებერვლის დასკვნით დადგენილია, რომ გამოსაკვლევად წარდგენილ ფულის აკრეფის ქვითრაზე სერიული ნომრით: 00456, (გადახდის თარიღი - 21.08.2016, გადახდილი თანხა - 105000 აშშ დოლარი) არსებული ნაბეჭდი ტექსტი შესრულებულია პრინტერზე. გამოსაკვლევად წარდგენილ ფულის აკრეფის ქვითრაზე სერიული ნომრით 00456 (გადახდის თარიღი- 21.08.2016წ.) გადახდილი თანხა 105000 აშშ დოლარი) არსებული ხელმოწერა არ არის შესრულებული რაიმე სახის ტექნიკური საშუალებით (პრინტერი, სკნაერი და სხვა), არამედ შესრულებულია საწერი საშუალებით, კერძოდ ბურთულიანი კალმით. გამოსაკვლევად წარდგენილ ფულის კარეფის ქვითრაზე სერიული ნომრით 00456 (გადახდის თარიღი 21.08.2016, გადახდილი თანხა - 105000 აშშ დოლარი) არსებული შტამპის ანაბეჭდი დატანილია ქარხნული წარმოების წესის დაცვით დამზადებული შტამპით. გამოსაკვლევად წარდგენილ ფულის აკრეფის ქვითარზე, სერიული ნორმით 00456 (გადახდის თარიღი 21.08.2016, გადახდილი თანხა 105000 აშშ დოლარი) არსებული შტამპის ანაბეჭდი არ არის დატანილი შესადარებლად წარდგენილი ,,ო.მ.ი.მ.ს.თ–ის’’ შტამპით, რომელიც განთავსებულია სამოქალაქო N2/644-182581456 საქმის ტომში N02 და მიმაგრებულია გამჭირვალე ფაილით ბოლო გვერდზე (რომლითაც ექსპერტის მიერ თაბახის ერთ ფურცელზე დატანილი იყო ექპერიმენტული ნიმუშები). გამოსაკვლევად წარდგენილ ფულის აკრეფის ქვითარზე, სერიული ნომრით 00456 (გადახდის თარიღი 21.08.2016, გადახდილი თანხა 105000 აშშ დოლარი) არსებული შტამპის ანაბეჭდი დატანილია ,,ო.მ.ი.მ.ს.თ.ის’’ იმ შტამპით, რომლის თავისუფალი ნიმუში წარდგენილია შესადარებლად და განთავსებულია 19.08.2016 წლით დათარიღებულ საბუთზე, რომელიც იმყოფებოდა სამოქალაქო N2/490-182501421 საქმის N03 ტომში, ს/ფ 9. ხელმოწერა ჯ.ო–ის სახელით, განლაგებული, ფულის აკრეფის ქვითარზე ფუცლის მარჯვენა ქვედა მხარეს, შესრულებულია არა ჯ.ო–ის, არამედ სხვა პირის მიერ (იხ. ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა - ტ. 4, ს.ფ. 15-32); 8.12. მყიდველი/შემკვეთი საწარმოს დირექტორს - ა.მ–ძეს, საამქროს უფროსს - გ.ტ–ძეს, ქარხნის ოპერატორს - მ.კ–ძეს და შპს ,,ო.მ–ის’’ წარმომადგენელს და მეპატრონეს მ.ს–ს, რომელსაც საქართველოში წარმოადგენს ფ.მ–ი, შორის, 2016 წლის 24 თებერვალს, შედგა ქარხნის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად შპს ,,ო.მ’’-მა ჩამოიტანა და დაამონტაჟა ქვის სამსხვრევი საამქრო. საამქროს დამონტაჟება დამთავრდება 2016 წლის 24 თებერვალს. შპს ,,ო.მ–ი’’ თავის თვაზე იღებს ერთწლიან საგარანტიო ვალდებულებას. შპს ,,ო.მი’’ იღებს ვალდებულებას, აანაზღაუროს პირველადი სამსხვრევის გარემონტებაზე დახარჯული თანხა, რომელსაც გაარემონტებენ რუსთაველი ოსტატები. თუ მუშის დაუდევრობით ან უყურადღებობით დაირღვა მუშაობის ტექონოლოგიური რეჟიმი, მაშინ შპს ,,ო.მ–ი’’ იხსნის საგარანტიო ვალდებულებას. აქტს, სხვა პირებთან ერთად, ხელს აწერენ: ა.მ–ძე, მ.ს. (იხ. 24.02.2016წ. ქარხნის მიღება-ჩაბარების აქტი - ტ. 4, ს.ფ. 63); 8.13. გამყიდველ/მენარდე საწარმოს მყიდველისათვის/შემკვეთისათვის უნდა მიეწოდებინა ქარხანა, რომელსაც 1 საათში უნდა გამოეშვა 150-200 ტონა პროდუქცია (იხ. 13.08.2015წ. ხელშეკრულება- ტ. 1, ს.ფ. 34-36; მხარეთა -ახსნა-განმარტებები).

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ იდენტიფიცირებული მხარეთა შორის სადავო და დადგენილად მიჩნეული გარემოებები

9.1. გამყიდველი/მენარდე საწარმოს წარმომადგენელს წარმოადგენდა მ.ს–ი, რომელსაც გააჩნდა უფლებამოსილება, მიეღო შესრულება მყიდველი/შემკვეთი შპს-გან, როგორც ამ უკანასკნელის წარმომადგენელს (იხ. 13.08.2015წ. ხელშეკრულება - ტ. 1, ს.ფ. 34-36; 13.08.2015წ. პროფორმა ანგარიშფაქტურა -ტ. 1, ს.ფ. 37; 14.08.2015წ. ხელშეკრულება - ტ. 1, ს.ფ. 34-36; მხარეთა -ახსნა-განმარტებები);

9.2. მყიდველი/შემკვეთი საწარმოს დავალიანება გამყიდველის/მენარდის (თავდაპირველი მოსარჩელის) მიმართ 200 000 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო დანარჩენი ვალდებულება მყიდველს/შემკვეთს შესრულებული აქვს. 9.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე - საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ Nას-1206-1166-2016). 9.4. სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’. შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი. 9.5. მოცემულ შემთხვევაში თავდაპირველი მოსარჩელე (გამყიდველი/მენარდე საწარმო) აღნიშნავს, რომ მოპასუხე საწარმოს (მყიდველის/შემკვეთის) დავალიანება 330 541.6 აშშ დოლარს შეადგენს. თავის მხრივ, მოპასუხე აცხადებს, რომ მისი დავალიანება 200 000 აშშ დოლარს შეადგენს, რადგან მან თანხა გადაუხადა მოსარჩელე (გამყიდველი) საწარმოს წარმომადგენელს - მ.ს–ის. თავის მხრივ, თავდაპირველი მოსარჩელე (გამყიდველი/მენარდე) ამტკიცებს, რომ მ.ს–ი აღარ წარმოადგენს მის წარმომადგენელს და ამ უკანასკნელს გამყიდველი/მენარდე საწარმოსათვის არ გადაუცია მყიდველის/შემკვეთის (მოპასუხის) მიერ გადახდილი არანაირი თანხა. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოპასუხის (მყიდველის/შემკვეთის) მიერ მ.ს–ისათვის გადაცემული თანხა მოსარჩელის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებად ვერ ჩაითვლება. 9.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე (გამყიდველი/მენარდე) საწარმოს წარმომადგენლი საქართველოში იყო მ.ს–ი და მოპასუხე (მყიდველი/შემკვეთი) საწარმო ხელშეკრულების დადებისას მასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს; 9.6.1. აღსანიშნავია, რომ საქმეში მოთავსებულ გამყიდველსა და მყიდველს შორის 13.08.2015წ. დადებულ ხელშეკრულებაზე ხელს აწერს გამყიდველი შპს-ის წარმომადგენელი - მ.ს–ი; 9.6.2. სასამართლო სხდომაზე გამყიდველი/მენარდე შპს-ის დირექტორმა ჯ.ო–მა დაადასტურა, რომ მ.ს–ი იყო მისი წარმომადგენელი; 9.6.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ფ.მ–მა დაადასტურა, რომ ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელის წარმომადგენლი იყო მ.ს–ი, სწორედ მასთან დაიდო ხელშეკრულება, მან ჩამოიტანა ქარხანა და მისმა ჩამოყვანილმა სპეციალისტებმა დაამონტაჟეს იგი. შესაბამისად, მას გადაუხადა მოპასუხემ (მყიდველმა/შემკვეთმა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა; 9.6.4. ასევე დადგენილია, რომ ქარხნის მიღება- ჩაბარების აქტი გაფორმებული იქნა მ.ს–თან. შესაბამისად, მოპასუხემ (მყიდველმა/შემკვეთმა) ვალდებულების შესრულების მიზნით როდესაც თანხა მ.ს–ს გადასცა, დარწმუნებული იყო, რომ ვალდებულებას ასრულებდა უფლებამოსილი პირის წინაშე. თავდაპირველი სარჩელის მოპასუხე საწარმოსათვის (მყიდველის/შემკვეთისათვის) არ უცნობებიათ მ.ს–ის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რისი ვალდებულებაც თავად მოსარჩელეს (გამყიდველს/მენარდეს) გააჩნდა. 9.7. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თავდაპირველი მოსარჩელის (გამყიდველის/მენარდის) სასარგებლოდ მოპასუხე საწარმოს (მყიდველის/შემკვეთის) დავალიანება შეადგენს ვალის აღიარების შესახებ 02.03.2016წ. განცხადებით გათვალისწინებულ თანხას - 200 000 აშშ დოლარს. სხვა ვალდებულება მოპასუხეს (მყიდველს/შემკვეთს) მოსარჩელის (გამყიდველის/მენარდის) წინაშე შესრულებული აქვს. 9.8. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თავდაპირველი სარჩელის მოპასუხე-რ.მ–ძე (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი) არ წარმოადგენს სოლიდარულ თავდებს. 9.8.1. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის აუცილებელია თავდების წერილობითი განცხადება და თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხის განსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში რ.მ–ძის წერილობითი განცხადება თავდებობის შესახებ საქმის მასალებში არ მოიპოვება; 9.8.2. ასევე, მხარეთა შორის 2015 წლის 13 აგვისტოს გაფორმებულ ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული რ.მ–ძის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა. შესაბამისად, არ არის გამოვლენილი თავდებობის ნამდვილობისათვის სსკ-ის 892-ე მუხლით იპერატიულად განსაზღვრული პირობები. აქედან გამომდინარე, მოპასუხე რ.მ–ძე ვერ იქნება მოპასუხე (გამყიდველი/მენარდე) საწარმოს მიერ თავდაპირველი მოსარჩელის წინაშე აღებულ ვალდებულებაზე სოლიდარულად პასუხისმგებელი თავდები პირი. 9.9. პირველი ინსატნციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გამყიდველ/მენარდე საწარმოს (თავდაპირველ მოსარჩელეს) მყიდველისათვის/შემკვეთისათვის (შეგებებული მოსარჩელისათვი) არ მიუწოდებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი ქარხანა- დანადგარები; 9.9.1. სადავო საკითხის დადგენისას, სასამართლომ იხელმძღვანელა მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებით. სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მართლმსაჯულების განხორციელების უმთავრესი პრინციპია; 9.9.2. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 13 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა მიეწოდება ქვის სამსხვრევი ქარხანა, რომელსაც 1 საათში უნდა გამოეშვა 150-200 ტონა პროდუქცია. მყიდველ/შემკვეთ საწარმოს გამყიდველისათვის/მენარდისათვის თანხა უნდა გადაეხადა განწილვადებით. შეგებებული მოსარჩელე საწარმო აღნიშნავს, რომ გამყიდველი/მენარდე საწარმოს მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შესრულებულა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 13.08.2015წ. გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მ.ს–მა ჩამოტანა ქარხანა, მისმა ჩამოყვანილმა სპეციალისტებმა დაამონტაჟეს და აამუშავეს იგი 2016 წლის 24 თებერვალს. შეთანხმების თანახმად ქარხანას უნდა გამოეშვა 150-200 ტონა პროდუქცია 1 საათში. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გ.ტ–ძემ დაადასტურა, რომ 2016 წლის 24 თებერვალს ქარხანა აამუშავეს, თუმცა ქარხანა გაფუჭდა ამუშავებისთანავე და დაიმტვრა მისი ძირითადი ნაწილები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ფ.მ–მა. სასამართლო უთითებს იმავე დღეს - 24.02.2016წ. მხარეებს შორის შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტზე (ხელს აწერს გამყიდველი საწარმოს წარმომადგენელი - მ.ს–ი), რომლითაც გამყიდველმა/მენარდემ აიღო ქარხნის გარემონტებაზე დახარჯული თანხის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული კი იმ გარემოებას ადასტურებს, რომ ქარხანას ამუშავებისთანავე დასჭირდა შეკეთება. ქარხნის გარემონტების შემდეგ დადგინდა, რომ ქარხნის წარმოება არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ წარმადობას. მოწმეებმა გ.ტ–ძემ და ფ.მ–მა დაადასტურეს, რომ იმის გამო, რომ ქარხანა არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პარამეტრებს, მ.ს–შეპირდა რ.მ–ძეს, რომ შეუცვლიდა ქარხანას; 9.9.3. ექსპერტიზის ბიუროს 02.10.2018წ. მომართვით დგინდება, რომ ხაშურის რაიონის სოფელ .......... მყიდველის/შემკვეთის (შეგებებული მოსარჩელე) კუთვნილ საწარმოში უზრუნველყოფილი იქნა ქვიშა ღორღის წარმოების პროცესზე დაკვირვება. დაკვირვება მოხდა საწარმოს ტერიტორიაზე დასაწყობებული ბალასტის გადამუშავებაზე ერთი საათის განმავლობაში მიღებული გაურეცხავი ქვიშა-ღორღის რაოდენობის დასადგენად. წარმოების პროცესის მიმდინარეობა: სამსხვრევი საამქროს მიმდებარედ დასაწყობებული ბალასტი იტვირთება სატრანსპორტო საშუალებებზე და მიეწოება ქვის სამსხვრევ ტექნოლოგიურ ხაზზე, ნედლეულის მიმღები ბუნკერის შევსების შემდგომ ბალასტი გადის სხვადასხვა კვანძებს საბოლოო გადამუშავებამდე. ექსპერტიზისთვის უცნობია გამოყენებული მანქანა - დანადგარების მარკა და მოდელი, წარმოების პროცესის მიმდინარეობისას ნედლეულის შერჩევა და შემდგომი გადამუშავება ხდებოდა საწარმოში არსებული ტექნოლოგის მიერ. გაურეცხავი ქვიშა - ღორღის ტრანსპორტირება სასწორამდე მოხდა ავტოსატრანსპორტო საშაულებით, ხოლო აწონვა მოხდა საწარმოს ტერიტორიის მიმდებარედ არსებულ ნაგავსაყრელზე განთავსებული საავტომობილო სასწორის მეშვეობით. ჩატარებული აწოვნის შედეგად დადგინდა, რომ ერთი საათის განმავლობაში მიღებული გაურეცხავი ქვიშა-ღორღის წონამ 42.59 ტონა შეადგინა (იხ. ტ.1, ს.ფ.184-185); 9.9.4. გარდა ზემოხსენებული დასკვნისა, მყიდველმა/შემკვეთმა საწარმომ სასამართლოს წარუდგინა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო მანქანების N108 დეპარტამენტის ასოცირებული პროფეროსის, მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის აკადემიური დოქტორის - გ.ნ–ის მიერ გაცემული დასკვნა, რომლის თანახმად, გამყიდველი/მენარდე თურქული საწარმოს მიერ მყიდველი/შემკვეთი შპს-თვის მიწოდებული და დამონტაჟებული დანადგარების მოდელები, ტექნიკური მონაცემები და გეომეტრიული პარამეტრები ძირითადში არ შეესაბამება მხარეთა შორის 2015 წლის 13 აგვისტოს გაფორმებული NOZB/08-013 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მონაცემებს. ტექონოლოგიური დანადგარების დამონტაჟების თანმიმდევრობა არ შეესაბამება მდინარის ნატანის (ხრეში) გადამუშავებით ინერტიული მასალების - ბუნებრივი ქვიშის, ღორღის და ნამტვრევი ქვიშის ფრაქციების მიღებისათვის დადგენილი და რეკომენდებული თანმიმდევრობის განლაგებას. სამსხვრევ- სახარისხებელი საამქროს ღირებულება 13.08.2015წ. N NOZB/08-013 ხელშეკრულების მიხედვით შეადგენს 224 000 აშშ დოლარს, ხოლო დამატებითი შეთანხმების შესაბამისად მიწოდებული ორმაგი კლასიფიკატორის ღირებულება - 14 000 აშშ დოლარს, რითაც სამსხვრევ-სახარისხებელი საამქროს საერთო ღირებულებამ 238 000 აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული ღირებულება ბევრად მეტია რუსეთის სხვადასხვა კომპანიების მიერ შემოთავაზებული ანალოგიური კომპლექტაციისა და მწარმოებლობის მქონე მეორადი სამსხვრევ-სახარისხებელი საამქროების ღირებულებასთან შედარებით. ამდენად, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანადგარების ტექნიკური მონაცემები არ შეესაბამება მყიდველი საწარმოსათვის მიწოდებული დანადგარების ტექნიკურ მონაცემებს. შესაბამისად, გამყიდველ/მენარდე საწარმოს (შეგებებული სარჩელით მოპასუხეს) 2015 წლის 13 აგვსიტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია და მყიდველისათვის/შემკვეთისათვის არ მიუწოდებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მონაცემების მქონე მანქანა-დანადგარები (იხ. ტ.1, ს.ფ.193-221); 9.10. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მყიდველმა ხელშეკრულების შესაბამისი ქვისსამსხვრევი ქარხნის მიწოდებისა და დამონტაჟების თაობაზე გამყიდველს პრეტენზია განუცხადა 2016 წლის 24 თებერვალს, კანონით დადგენილ ვადაში; 9.10.1. მხარეთა შორის 2016 წლის 24 თებერვალს შედგენილი იქნა ქარხნის მიღება-ჩაბარების აქტი. იმის გამო, რომ მიწოდებული და დამონტაჟებული საამქრო არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და იგი ამუშავებისთანავე დაზიანდა, მყიდველმა საწარმომ დაუყოვნებლივ განაცხადა პრეტენზია შესრულების ნაკლზე. შესაბამისად, ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტით გამყიდველმა აიღო ვალდებულება, აენაზღაურებინა პირველადი სამსხვრევის გარემონტებაზე დახარჯული თანხა. ამასთან, მოგვიანებით როდესაც აღმოჩნდა, რომ ქარხანა არ გამოიმუშავებდა იმ ოდენობის პროდუქციას, რაც გათვალისწინებული იყო შეთანხმებით, გამყიდველის/მენარდის წარმომადგენელი - მ.ს–ი დაპირდა მყიდველს/შემკვეთს, რომ საამქროს დანადგარებს შეუცვლიდა. ამდენად, მყიდველი/შემკვეთი იყო მოლოდნიში, რომ მ.ს–ი დანაპირებს შეასრულებდა და შეთანხმების შესაბამის საამქროს დანადგარებს მიაწოდებდა და დაუმონტაჟებდა. შესაბამისად, შესრულების ნაკლის გამო მყიდველმა/შემკვეთმა პირველად - 2016 წლის 24 თებერვალს და შემდგომაც განაცხადა პრეტენზია. 9.11. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა როგორც თავდაპირველი, ისე-შეგებებული სარჩელი (იხ. წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტები). სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას გამოიყენა სსკ-ის 103-ე, 104-ე, 108-ე, 317-ე, 361-ე, 373-ე, 427-ე, 463-ე, 464-ე, 477-ე, 891-ე, 892-ე, 629-ე მუხლები და განმარტა: 9.11.1. სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით საქმის განმხილველმა სასამართლომ, პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში ფორმალურ- სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა მხარის მიერ მითითებული ფაქტები დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ N ას-53-49-2017, 07.04.2017წ.); შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საფუძვლებიდან გამომდინარე; 9.11.2. სსკ-ის მე-8 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ეს წესი გამოიყენება როგორც სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის პირების მიმართ. ამავე კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სსკ-ის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან; 9.11.3. სსკ-ის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 629-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვადლებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური, 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ - შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი; 9.11.4. სსკ-ის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. ყოველი კონკრეტული ქმედება ვალდებულებითი ურთიერთობის შემწყვეტ შესრულებად რომ ჩაითვალოს, აუცილებლია, მოვალემ კრედიტორის წინაშე ვალდებულება ზუსტად ისე შეასრულოს, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც ჰქონდა კრედიტორს, სახელდობრ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. კანონის აღნიშნული დანაწესი საერთოა როგორც ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილისათვის, ისე - სახელშეკრულებო სამართლისათვის. სსკ-ის 373-ე მუხლის თანახმად, მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება. მოხმობილი ნორმა განსაზღვრავს იმ პირთა წერს, ვის მიმართაც მოვალემ უნდა შეასრულოს ვალდებულება. ასეთად, პირველ რიგში, ითვლება უშუალოდ კრედიტორი. ამასთან ეს უკანასკნელი არ არის ერთადერთი პირი, რომლის მიმართაც შეიძლება შესრულდეს ვალდებულება. ეს შეიძლება იყოს კრედიტორის კანონისმიერი ან სახელშეკრულებო წარმომადგენელი. შესრულებაზე უფლებამოსილი პირი სასამართლო გადაწყვეტილებითაც შეიძლება განისაზღვროს; 9.11.5. სსკ-ის 103-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილების თანახმად, იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს. თუ გარიგება დადებულია სხვა პირის სახელით, მაშინ წარმომადგენლობითი უფლების არარსებობა არ შეიძლება გამოიყენოს გარიგების მეორე მხარემ, თუკი წარმოდგენილმა ისეთი გარემოებები შექმნა, რომ გარიგების მეორე მხარეს კეთილსინდისიერად ეგონა ასეთი უფლებამოსილების არსებობა. განსახილველი ნორმა ითვალისწინებს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მიერ გარიგების დადების მატერიალურ სამართლებრივ შესაძლებლობას და განსაზღვრავს გარიგებით დამდგარი იურიდიული შედეგის ადრესატს. სსკ-ის 108-ე მუხლის თანახმად, უფლებამოსილებაში ცვლილებები და მისი გაუქმება უნდა ეცნობოს მესამე პირებს. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისას ეს ცვლილებები და უფლებამოსილების გაუქმება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მესამე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარეებმა ხელშეკრულების დადებისას ამის შესახებ იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ; 9.12. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გამყიდველი/მენარდე საწარმოს წარმომადგენლი საქართველოში იყო მ. ს–ი და სწორედ მასთან დადო ხელშეკრულება მყიდველმა. ხელშეკრულებაზე ხელს აწერს მ.ს–ი, როგორც გამყიდველის/მენარდის წარმომადგენლი. შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს მითითებას მ.ს–ის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე; 9.12.1. სწორედ მ.ს–მა ჩამოიტანა ქარხანა და მისმა ჩამოყვანილმა სპეციალისტებმა დაამონტაჟეს იგი. ამასთან, ქარხნის გარემონტების ხარჯების გაწევაზე შეთანხმებაც სწორედ მ.ს–თან მოხდა. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ მ.ს–ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დასტურდებოდა და იგი წარმოადგენდა შესრულების მიღებაზე უფლებამოსილ პირს. თავად საწარმოს დირექტორი ჯ.ო–ი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მ.ს–ი ნამდვილად იყო მისი წარმომადგენელი, თუმცა მოგვიანებით მას უფლებამოსილება შეუწყვიტა. დადგენილია, რომ მ.ს–ის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე გამყიდველი/მენარდე საწარმოს ხელმძღვანელობას მყიდველისათვის/შემკვეთისათვის არ უცნობებია, რისი ვალდებულებაც მას ცალსახად გააჩნდა. ამდენად, მყიდველს/შემკვეთს კეთილსინდისიერად მიაჩნდა მ.ს–ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არსებობა და შესაბამისად, მას, როგორც გამყიდველი/მენარდე საწარმოს წარმომადგენლობით უფლებამოსილების მქონე პირს, გადაუხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილი. მ.ს–თან ვალდებულების შესრულებით, მყიდველი/შემკვეთი საწარმო ვარაუდობდა, რომ ვალდებულებას ასრულებდა შესრულების მიღებაზე უფლებამოსილი პირის წინაშე. უფრო მეტიც, მ.ს–მა მყიდველს/შემკვეთს გადასცა მის მიერ მოსარჩელე კომპანიისათვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც დაუმოწმა ბეჭდით. მართალია, აღნიშნულ დოკუმენტზე ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, არ არის ჯ.ო–ის ხელმოწერა და არც საწარმოს ბეჭედია დატანილი, თუმცა იმ დროისათვის, როდესაც მ.ს–ი მოქმედებდა საწარმოს სახელით, მის მიერ გაცემული დოკუმენტის ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველი თავდაპირველი სარჩელის მოპასუხე საწარმოს (მყიდველს/შემკვეთს) ვერ ექნებოდა და შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტის ნამდვილობაზე პასუხისმგებელია გამყიდველი/მენარდე საწარმო, რადგან დოკუმენტი მყიდველს/შემკვეთს გამყიდველი/მენრადე საწარმოს წარმომადგენელმა გადასცა; 9.12.2 სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მ.ს–ის უფლებამოსილება, შესაბამისად, მისთვის, როგორც გამყიდველის/მენარდის წარმომადგენლისათვის, თანხის გადახდა თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ ვალდებულების შესრულებად მიიჩნევა. რაც შეეხება მოსარჩელის (გამყიდველის/მენარდის) მტკიცებას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მან მ.ს–ს უფლებამოსილება შეუწყვიტა და ეს უკანასკნელი არ იყო უფლებამოსილი, მიეღო შესრულება, სასამართლომ განმარტა, რომ გამყიდველი/მენარდე თვითონვე იყო ვალდებული, უფლებამოსილების გაუქმების შესახებ ეცნობებინა მყიდველისათვის/შემკვეთისათვის, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამასთან თუ დადასტურებულად იქნება მიჩნეული ის გარემოება, რომ მ.ს–ი არ იყო გამყიდველი/მენარდე საწარმოს წარმომადგენელი, არ მოქმედებდა მისი სახელით და უფლება არ ჰქონდა, მიეღო რაიმე შესრულება, მაშინ გამოიკვეთება, რომ შეთანხმებაში/ხელშეკრულებაში მხარეებს წარმოადგენდნენ არა განსახილველი დავის თავდაპირველი მოსარჩელე საწარმო და მისი მოპასუხე, არამედ - გამყიდველი/მენარდე საწარმო და მ.ს–ი, ხოლო, მეორე მხრივ, მყიდველი/შემკვეთი საწარმო და მ.ს–ი, რადგან როგორც ხელშეკრულებების დადება, ასევე საქონლის მიწოდება და დამონტაჟება გამყიდველის/მენარდის მიერ განხორციელდა მ.ს–ის მეშვეობით, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი დოკუმენტებით და თვით მხარეთა განმარტებებით; 9.12.3. ზოგადად, ვალდებულების ჯეროვანი შესრულება წარმოადგენს კანონდებლობით გათვალისწინებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს და მას უკავშირდება ვალდებულების შეწყვეტა. კანონმდებლობა განასხვავებს ვალდებულების ჯეროვან (სათანადო) და არაჯეროვან (არასათანადო) შესრულებას. არაჯეროვანია შესრულება, როდესაც ვალდებულება მოვალის მიერ, მართალია, სრულდება, თუმცა შესრულებას ხარვეზი გააჩნია, რომ იგი არ შეესაბამება ვალდებულების საფუძვლად არსებული გარიგების შინაარსა და შესრულებით დაინტერესებული პირების მოლოდინს. ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ვალდებულება არ წყდება და, როგორც წესი, შედეგად იწვევს ვალდებულების დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას. ვალდებულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს მოვალის მიერ იმ მოთხოვნათა განუხრელ დაცვას, რომლებიც დაკავშირებულია თვით შესრულების საგანთან. თუ როგროი შესრულებაა ჯეროვანი, უპირველეს ყოვლისა, ხელშეკრულებით განისაზღვრება; 9.12.4. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2015 წლის 13 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა თავდაპირველ სარჩელზე მოპასუხე მყიდველი/შემკვეთი საწარმოს მიერ, რადგან მას გამყიდველის/მენარდის წინაშე თანხის - 200 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია. ასევე დადგენილია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული არც გამყიდველის/მენარდის მიერ, ვინაიდან მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული მონაცემების შესაბამისი მანქანა-დანადგარები არ გადაუცია მყიდველისათვის/შემკვეთისათვის; მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დავალიანების თანხა, 13.08.2015წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს 200 000 აშშ დოლარს, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება ეკისრება მყიდველს/შემკვეთს გამყიდველის/მენარდის წინაშე, ხოლო ამ უკანასკნელს ეკისრება ვალდებულება, რომ ერთ საათში 150-200 ტონა წარმადობის ქვისსამხსვრევი ქარხანა მიაწოდოს და დაუმონტაჟოს მყიდველს/შემკვეთს. საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის ბიუროს 02.10.2018წ. მომართვით დგინდება, წინამდებარე განჩინების 9.9.3 ქვეპუნქტში მითითებული გარემოება; 9.13. სსკ-ის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. 891-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად კი, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხოლო 892-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება;

9.13.1. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია ხელშეკრულება. ამასთან, იმისათვის რომ სახეზე იყოს თავდებობა, აუცილებელია თავდების წერილობითი განცხადება და ხელშეკრულებაში თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხის მითითება. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ მოიპოვება რ.მ–ძის წერილობითი განცხადება თავდებობის შესახებ, ამასთან, მხარეთა შორის 2015 წლის 13 აგვისტოს გაფორმებულ ხელშეკრულებაში არ არის მითითება რ.მ–ძის, როგორც თავდების, პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის შესახებ. ეს ორი კომპონენტი კი სსკ-ის 892-ე მუხლის თანახმად, აუციელებელია თავდებობის ნამდვილობისათვის. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხე რ.მ–ძე (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი) არ წარმოდგენს სოლიდარულ თავდებ პირს და შესაბამისად არ არის ის პირი, ვინც შეძლება პასუხი აგოს თავდაპირველი მოსარჩელის წინაშე მოპასუხე საწარმოს (მყიდველის) მიერ შესასრულებელ ვალდებულებებზე სოლიდარულად;

9.14. სსკ-ის 128-ე მუხლის შესაბამისად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებელობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორცილების შესაძლებლობა. ხანდაზმულობის ვადის დენა დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას;

9.14.1. სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოთხოვნის წარმოშობის დრო, ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, პირისთვის მისი უფლების დარღვევის შესახებ ფაქტის შეტყობის მომენტს ემთხვევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისად ამ თუ იმ ფაქტის წარმოშობის დროს ადგენს. უფლების დარღვევის შეტყობის ფაქტად მიიჩნევა დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ ან გარემოებათა გათვალისწინებით უნდა შეეტყო უფლების დარღევის შესახებ;

9.14.2. სსკ-ის 655-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე, ხოლო ისეთი მოთხოვნა, რომელიც ნაგებობას შეეხება ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს მიღების დღიდან. აღნიშნული ნორმის დანაწესით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დენის ათვლა დაკავშირებულია შესრულებული სამუშაოს მიღებასთან. სსკ-ის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას;

9.14.3. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მყიდველმა საწარმომ (მყიდველმა, შემკვეთმა) ქვის სამსხვრევი საამქროს დამონტაჟებისთანავე განაცხადა პრეტენზია გამყიდველის (გამყიდველის, მენარდის) მიერ განხორცილებული შესრულების გამო, რაზედაც შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც მიმწოდებელი აღიარებდა საამქროს შეკეთების ვალდებულებას. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ გამყიდველის (მიმწოდებლის) წარმომადგენელმა მ.ს–მა აიღო ვალდებულება, მყიდველისათვის (მიმღებისათვის) შეეცვალა საამქროს დანადგარები, მიეწოდებინა და დაემონტაჟებინა მისთვის შეთანხმების შესაბამისი წარამადობის საამქრო. მიმღები იყო მოლოდინში, რომ ვალდებული პირი შეასრულებდა მის დაპირებას და დაუდგამდა ახალ საამქროს. ამდენად, ვალდებულმა პირმა (გამყიდველმა, მენარდემ,) აღიარა მყიდველის (შემკვეთის) მოთხოვნის არსებობა, ხოლო ეს უკანასკნელი იყო მოლოდინში, რომ მენარდე ვალდებულებას შეასრულებდა. ამდენად, შემკვეთის (მყიდველის) შეგებებული სარჩელი არ არის ხანდაზმული და არსებული მოთხოვნა განხორციელებადია. შეგებებული სარჩელის მოპასუხის (მენარდის/გამყიდველის) მითითება სარჩელის ხანდაზმულობაზე დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა;

9.15. სსკ-ის 394-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისასა კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. სსკ-ის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 411-ე მუხლის თანხმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, ხოლო 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს;

9.15.1. სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების, როგორც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის, ვალდებულებაში სწორედ იმ ფაქტობრივი მდგომარეობის აღდგენა იგულისხმება, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის ხარიხსი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია. სასამართლო აღნიშნავს, რომ სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება;

9.15.2. სსკ-ის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბუექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება. 411-ე მუხლის მიხედვით მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც მიიღებდა, მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. მიუღებელი შემოსავალი, თავისი ბუნებით, გულისხმობს ,,წმინდა ეკონომიკურ დანაკარგას’’, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს;

9.15.3. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ის არგუმენტი, რომ ქვის სამსხვრევი ქარხანა უშვებს ნაკლებ პროდუქციას, შესაბამისად ვერ ღებულობს საშუალოდ საათში 132 ტონა პროდუქციას, რის გამოც ადგება ზიანი, 17 952 ლარის ოდენობით, სასამართლოს ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკმარის საფუძვლად არ მიაჩნია. მოსარჩელე უთითებს, რომ ქარხანა უშვებს 43 ტონა პროდუქციას 1 საათში, საშუალოდ საათში - 132 ტონა პროდუქციით ნაკლებს. მიყენებული ზიანი ერთ სამუშაო დღეში უდრის 132ტ*8საათზე=1056 ტონა პროდუქცია და მისი საშუალო ღირებულებაა 17 ლარი*1056 ტონაზე=17 952 ლარს, შესაბამისად, ერთ სამუშაო დღეში მას 17 952 ლარის ოდენობის ზიანი ადგება. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ითხოვს გამომუშავებული პროდუქციის ღირებულების მთლიანად დაკისრებას, თუმცა, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აღნიშნული პროდუქციის გამომუშავება გარკვეული ოდენობის ხარჯების გაწევის გარეშე შეუძლებელია. ხარჯების ოდენობის შესახებ საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაუდგენელია, რა ოდენობის სარგებლის მიღების შესაძლებლობა ექნებოდა მყიდველ საწარმოს გამყიდველის მიერ ხელშეკრულების პირობების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, რის გამოც, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა გამყიდველი/მენარდე საწარმოსათვის ზიანის ანაზღაურების თანხის დაკისრებაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს;

9.15.4. მოცემულ შემთხვევაში მყიდველ/შემკვეთ საწარმოს გამყიდველის/მენარდის სასარგებლოდ დაეკისრა 200 000 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო გამყიდველ/მენარდე საწარმოს დაევალა, თვისი ხარჯით მიაწოდოს და დაუმონტაჟოს მყიდველს/შემკვეთს საათში 150- 200 ტონა წარმადობის ქვისსამსხვრევი ქარხანა სრულად.

9.15.5. დადგენილია, რომ მყიდველის/შემკვეთის მიერ დანარჩენი ვალდებულება შესრულებულია, მასვე დაეკისრა 200 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება გამყიდველის/მენარდის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ საათში 150-200 ტონა წარმადობის ქვისსამსხვრევი ქარხანის დამონტაჟების შემდეგ. ამის გამო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილბით დადგინდა, რომ მყიდველმა/შემკვეთმა გამყიდველის/მენარდის (თავდაპირველის მოსარჩელის) სასარგებლოდ 200 000 აშშ დოლარი უნდა გადაიხადოს მას შემდეგ, რაც გამყიდველი/მენარდე თავისი ხარჯით მყიდველს/შემკვეთს (შეგებებულ მოსარჩელეს) მიაწვდის და დაუმონტაჟებს საათში 150-200 ტონა წარმადობის ქვისსამსხვრევ ქარხანას.

10. მხარეთა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები და არგუმენტები

10.1. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა;

10.1.1. მყიდველმა/შემკვეთმა (პირველმა აპელანტმა) მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა მისი შეგებებული სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო გამყიდველმა/მენარდემ (მეორე აპელანტმა) მოითხოვა თავდაპირველი სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის სრულად უარყოფა.

10.2. პირველი აპელანტის (მყიდველის/შემკვეთის) სააპელაციო საჩივარი შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

10.2.1. დაუსაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. ქარხანა უშვებს 43 ტონა პროდუქციას 1 საათში, საშუალოდ საათში 132 ტონა პროდუქციით ნაკლებს, მიყენებული ზიანი ერთ სამუშაო დღეზე შეადგენს 1 056 ტონა პროდუქციას (132ტ*8 საათზე), რომლის საშუალო ღირებულებაა 17 952 ლარი (17 ლარი*1 056 ტონაზე), რაც წარმოადგენს ერთი სამუშაო დღის ზიანს; 10.2.2. პირველი აპელანტის (მყიდველის/შემკვეთის) მტკიცებით შეგებებული სარჩელის მოპასუხისთვის (გამყიდველისათვის/მენარდისათვის) დღეში 17 952 ლარის მიუღებელი შემოსავლის სახით დაკისრების მოთხოვნა წარმოადგენდა მყიდველის/შემკვეთის თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნას, თუმცა მისი ოდენობა შემცირდა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, კერძოდ, საპაექრო ეტაპზე. მცდარია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ თითქოს მყიდველი/შემკვეთი შეგებებული სარჩელით ითხოვს გამოუმუშავებული პროდუქციის ღირებულების სრულად დაკისრებას. ქარხანა 150-200 ტონა პროდუქციის მაგივრად უშვებს 5-ჯერ ნაკლებ პროდუქციას, 30-40 ტონას ერთ საათში, რის გამოც მყიდველ საწარმოს ადგება მატერიალური ზიანი და ერთ საათში ვერ ღებულობს საშუალოდ 132 ტონა პროდუქციას, რომლის საშუალო ღირებულებაა 132 ტონა X 17 ლარზე, რაც უდრის 2 444 ლარს. 1 ტონა პროდუქციის ღირებულებაა 17 ლარი, რომელიც შედგება თვითღირებულების - 10 ლარისა და მოგებისაგან, რომელიც უდრის 7 ლარს. მყიდველს/შემკვეთს ყოველ სამუშაო საათში ადგება ზიანი, რომელიც 924 ლარს (132 ტონა X 7 ლარზე) შეადგენს, შესაბამისად ზიანი ყოველ 8 საათიან სამუშაო დღეზე განისაზღვრება - 7 392 (924 X 8 სთ) ლარით, ხოლო ერთ თვეში - 177 392 ლარით (7 392 ლარი X24 სამუშაო დღეზე); 10.2.3. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არასწორადაა მითითებული სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა. სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანამდე არ შეისწავლა და სრულფასოვნად არ გამოიკვლია პროდუქტის ღირებულებაში შემავალი თვითღირებულებისა და მოგების ის გაანგარიშებები, რაც მოსარჩელე მხარემ სასამართლოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექსპერტიზის დასკვნის, სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის, სასაქონლო ზედნადებების „ერთეულის ფასის ჩვენებით“, აუდიტის მოკვლევისა და პროდუქციის მოთხოვნასთან დაკავშირებით წერილებისა და მათზე გაცემული პასუხების საფუძველზე წარუდგინა. აღნიშნული მტკიცებულებებით უდავოდ არის გამოკვეთილი მყიდველისათვის/შემკვეთისათვის (პირველი აპელანტისათვის) მიყენებული ზიანი. საგულისხმოა, რომ ზიანის მიყენების ფაქტს არც მოწინააღმდეგე მხარე და არც სასამართლო უარყოფს. ამასთან, სასამართლოს უარი ზიანის ანაზღაურებაზე დასაბუთებულია იმ გარემოებით, რომ ზიანის ოდენობა არასწორად არის განსაზღვრული; 10.2.4. სსსკ-ის 162-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. მაშასადამე, მხარეთა შუამდგომლობა არაა სავალდებულო სასამართლოსთვის, მას შეუძლია დანიშნოს ექსპერტიზა, თუ საკითხის გარკვევა, ფაქტის დადგენა მართლაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს. მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხებოდა ისეთ საკითხს, რომლის შესახებ ცოდნა სცილდება სამართლებრივ სფეროს და შესაბამისად სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით და დაენიშნა ექსპერტიზა. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე მოსარჩელემ (მყიდველმა/შემკვეთმა) წარადგინა აუდიტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც სარწმუნოა და მათი გაუზიარებლობის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ამასთან, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ შეგებებული სარჩელის მოპასუხეს (გამყიდველ/მენარდე საწარმოს) რაიმე მტკიცებულება, რაც საპირისპიროს დაადასტურებდა, არ წარუდგენია. შესაბამისად, თუკი სასამართლოს საეჭვოდ ან არასრულად მიაჩნდა შეგებებული მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, შეეძლო თვითონ დაენიშნა ექსპერტიზა და შეემოწმებინა, თუ რამდენად სამართლიანია მხარის მოთხოვნა, მიუღებელი შემოსავლის სახით, ყოველ სამუშაო დღეზე შეგებებული სარჩელის მოპასუხისათვის 7 392 ლარის დაკისრების შესახებ. ასევე, თუ სასამართლო ვერ შეძლებდა ამ მტკიცებულებათა სათანადოდ გამოკვლევას მათი სპეციფიკურობის გამო, მას სსსკ-ის 170-ე მუხლის თანახმად, მეტი სიცხადისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის მიზნით, შეეძლო, სასამართლოში გამოეძახებინა და განმარტება მოეთხოვა დასკვნის ავტორებისთვის; 10.2.5. პირველმა აპელანტმა (მყიდველმა/შემკვეთმა) ასევე სადავოდ გახადა გასაჩივრებული გადაწყვეტილება საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილშიც, კერძოდ ექსპერტიზის ხარჯისა და წარმომადგებლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის აუნაზღაურებლობის ნაწილში.

10.3. მეორე აპელანტის (თავდაპირველი მოსარჩელის, გამყიდველის/მენარდის) სააპელაციო საჩივარი შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

10.3.1. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღწერილია მხოლოდ 13.08.2015 წლის ხელშეკრულებით თუ რა სახეობის, რაოდენობის და ღირებულების დანადგარები უნდა მიეწოდებინა მოსარჩელეს მოპასუხისათვის (მყიდველისათვის) და ვინ აწერს ხელშეკრულებას ხელს, მათ შორის, როგორც სოლიდარული თავდები, თუმცა არ არის შეფასებული ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით გამყიდველი/მენარდე ასევე ვალდებული იყო, დაემონტაჟებინა დანადგარები; ხელშეკრულებაში მითითებულია გამყიდველი/მენარდე საწარმოს საკონტაქტო მონაცემები ტელეფონები, მისამართი თურქეთის რესპუბლიკაში, საიტი, საბანკო ანგარიშები (იხ. ტ. 1, ს.ფ. 34-37), რაც, ერთი მხრივ, მეტ სიცხადეს შეიტანდა მხარეთა უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით მსჯელობაში და, მეორე მხრივ, მარტივად გასცემდა იმ კითხვაზე პასუხს, შეეძლო თუ არა თავდაპირველი სარჩელის მოპასუხეს (მყიდველს/შემკვეთს) თანხის ჩარიცხვა უშუალოდ გამყიდველი/მენარდე საწარმოსათვის;

10.3.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ არის შეფასებული ის გარემოება, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის, მისი ხელმომწერი რ. (იგივე რ.) მ–ძე იყო მყიდველი/მენარდე საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი, ხოლო ა.მ–ძე არის მისი მამა. თავდაპირველ მოსარჩელესთან (გამყიდველთან/მენარდესთან) ურთიერთობა სწორედ რ.მ–ძემ დაამყარა და მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა ნებისმიერ საკითხზე უშუალოდ საწარმოსთან დაკავშირება;

10.3.3. სადავოა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასება, რომ მ.ს–ი სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესაძლოა აღქმულიყო გამყიდველის/მენარდის საწარმოს წარმომადგენელად და შესაბამისად, მის სასარგებლოდ განხორციელებული შესრულება მიჩნეულიყო ვალდებულების კრედიტორის სასარგებლოდ შესრულებად. თავად რ.მ–ძემ არაერთხელ აღიარა სოლიდარული თავდებობის ფაქტი, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა;

10.3.4. მყიდველის/შემკვეთის შეგებებულ სარჩელთან მიმართებით, მეორე აპელანტის (გამყიდველის/მენარდის) პრეტენზია იმას ეხება, მყიდველმა/შემკვეთმა სპეციალისტებს მიმართა სარჩელის გაცნობის შემდეგ, 2016 წლის ოქტომბრის დასაწყისში, შეგებებული სარჩელი კი 2018 წლის 23 ოქტომბერს არის აღძრული. ქარხანამ მუშაობა დაიწყო 2016 წლის თებერვლის დასაწყისში და ამ პერიოდში არათუ პრეტენზიები, არამედ ვალიც კი აღიარებულია მ.ს–ის მიმართ, ხოლო შემდეგ, 2016 წლის აგვისტოში, მყიდველის/შემკვეთის მტკიცებით, გამყიდველისათვის/მენარდისათვის გადახდილია 155 000 აშშ დოლარი, შემდეგ მთელი 2017 წელი ისე გავიდა და 2018 წლის ოქტომბრამდე ისე მიიყვანა საქმე მყიდველმა/შემკვეთმა საწარმომ, რომ პრეტენზია არ დაუფიქსირებია. ამდენად, შეგებებული სარჩელი არა მხოლოდ ხანდაზმულია, არამედ ფაქტობრივსამართლებრივად წინააღმდეგობრივიცაა.

11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით თავდაპირველი მოსარჩელის (გამყიდველი/მენარდე საწარმოს) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

11.1. გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება გამყიდველი/მენარდე საწარმოს თავდაპირველი სარჩელის ნაწილობრივ უარყოფისა და მყიდველი/შემკვეთი საწარმოს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1, მე-2, 2.3 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;

11.1.1. გამყიდველი/მენარდე საწარმოს თავდაპირველი სარჩელი მოპასუხეების: მყიდველი/შემკვეთი საწარმოსა და რ.მ–ძის მიმართ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

11.1.2. თავდაპირველი მოსარჩელის (გამყიდველის/მენარდის) სასარგებლოდ მყიდველ/შემკვეთ საწარმოს 225 642 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა (იხ. უსწორობის გასწორების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინება - ტ.5, ს.ფ.249-251);

11.1.3. თავდაპირველი მოსარჩელის სასარგებლოდ რ.მ–ძეს, ძირითად მოვალესთან (მყიდველთან) ერთად, სოლიდარულად დაეკისრა 225 642 აშშ დოლარის გადახდა;

11.1.4. გამყიდველი/მენარდე საწარმოს თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე საწარმოსათვის (მყიდველის/შემკვეთისათვის) 105 00 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა;

11.2. სააპელაციო სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება მყიდველის/შემკვეთის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4, 4.1. და მე-6 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

11.2.1. მყიდველი/შემკვეთი საწარმოს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

11.2.2. მყიდველი/შემკვეთი საწარმოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

11.3. დანარჩენ ნაწილში ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

11.4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯები შემდეგნაირად განაწილდა:

11.4.1. გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება შეგებებულ სარჩელზე სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილში (გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი) და მყიდველი/შემკვეთი საწარმოს შეგებებულ სარჩელზე სასამართლო ხარჯები სრულად დაეკისრა მასვე (მყიდველს); შესაბამისად შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 5000 ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

11.4.2. მყიდველ/შემკვეთ საწარმოს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხის - 7000 ლარის გადახდა, რომლის გადახდა გადავადებული ჰქონდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;

11.4.3. თავდაპირველი სარჩელის მოპასუხეებს: მყიდველ/შემკვეთ საწარმოსა და რ.მ–ძეს, გამყიდველის/მენარდის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ ამ უკანასკნელის მიერ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამში - 12 000 ლარის ანაზღურება;

11.4.5. პირველი აპელანტის (შეგებებული მოსარჩელის) მოთხოვნა სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

11.5. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

11.5.1. 2015 წლის 13 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე გამყიდველს/მენარდეს მყიდველის/შემკვეთისათვის უნდა მიეწოდებინა და დაემონტაჟებინა ჯამში 224 000 აშშ დოლარის ღირებულების შემდეგი საქონელი: ლაყუჩა სამტვრევი 100-იანი, ვიბრაციული საცერი, ჰორიზონტალური სამტვრევი, ორმაგი კლასიფიკატორი, ლენტები, ჰორიზონტალური სამტვრევის მკვებავი ლენტი, საცრის მკვებავი ლენტი, უკუ-მიმწოდებლის ლენტი, 1600*5000 საცრიდან მასალის გამომტანი ლენტი 4 ცალი;

11.5.2. ხელშეკრულება მყიდველის/შემკვეთის მხრიდან ხელმოწერილია საწარმოს დირექტორის - ა.მ–ძისა და საწარმოს 100%-იანი წილის მესაკუთრე პარტნიორის, სოლიდარული თავდების - რ.მ–ძის მიერ, რომელმაც იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა თავდაპირველი მოსარჩელის (მეორე აპელანტის) მიმართ ხელშეკრულებიდან წარმოშობილ ვალდებულებაზე, ხოლო გამყიდველის/მენარდის მხრიდან ხელშეკრულება ხელმოწერილია საწარმოს წარმომადგენლის - მ.ს–ის მიერ;

11.5.3. მხარეთა შორის 2015 წლის 14 აგვისტოს დაიდო მორიგი ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც გამყიდველს/მენარდეს მყიდველის/შემკვეთისათვის უნდა მიეწოდებინა და დაემონტაჟებინა 14 000 აშშ დოლარის ღირებულების ორმაგი კლასიფიკატორი. ხელშეკრულებაში აღინიშნა, რომ იგი წარმოადგენს 13.08.2015წ. ხელშეკრულების დანართს და მოქმედებს ძირითადი ხელშეკრულების ყველა მუხლი; 14.08.2015წ. ხელშეკრულება მყიდველის/შემკვეთის მხრიდან ხელმოწერილია რ.მ–ძის მიერ, ხოლო გამყიდველის/მენარდის მხრიდან - მ.ს–ის მიერ;

11.5.4.ზემოხსენებული ხელშეკრულებების შესაბამისად, გამყიდველმა/მენარდემ მყიდველს/შემკვეთს ეტაპობრივად მიაწოდა შემდეგი ნივთები:

- 01.09.2015წ. - მიმწოდებელი, კლასიფიკატორი და ლაყუჩა სამტვრევი, ღირებულებით 84 000 აშშ დოლარი;

- 08.09.2015წ. - კლასიფიკატორი, ვიბრაციული საცერი 2 ცალი, ჰორიზონტალური სამტვრევი, საწარმო ობიექტის აღჭურვილობა, ღირებულებით 115 000 აშშ დოლარი;

- 17.09.2015წ. - ჰორიზონტალური სამტვრევი, კონვეირის ლენტი, მაგინტები, საწარმო ობიექტის აღჭურვილობა, კონვეირის ლენტები, ღირებულებით 118 750 აშშ დოლარი;

- 09.10.2015წ. - ბუნკერი 20 მ3, სამართავი კაბინა, ღირებულებით 10250 აშშ დოლარი;

-15.02.2016წ. - ქვის სამტვრევი დანადგარის ჯავშანი, ღირებულებით 1341.60 აშშ დოლარი;

- 01.04.2016წ. - ძრავი, შკივი 4 ცალი, ღვედი 6 ცალი, ღირებულებით 1300 აშშ დოლარი.

11.6. ამდენად გამყიდველის/მენარდის მიერ მყიდველის/შემკვეთისათვის ჯამში მიწოდებულია 330 641.6 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი;

11.7. გამყიდველს/მენარდეს მყიდველის/შემკვეთისათვის უნდა მიეწოდებინა ქარხანა, რომელსაც 1 საათში უნდა გამოეშვა 150- 200 ტონა პროდუქცია;

11.8. მყიდველი/შემკვეთი საწარმოს დირექტორს - ა.მ–ძეს, საამქროს უფროსს - გ.ტ–ძეს, ქარხნის ოპერატორს - მ.კ–ძეს და გამყიდველი/მენარდე საწარმოს წარმომადგენელს - მ.ს–ს, რომელსაც საქართველოში წარმოადგენდა ფ.მ–ი, შორის 2016 წლის 24 თებერვალს შედგა ქარხნის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად გამყიდველმა/მენარდე საწარმომ ჩამოიტანა და დაამონტაჟა ქვის სამსხვრევი საამქრო. საამქროს დამონტაჟება დამთავრდა 2016 წლის 24 თებერვალს. მიმწოდებელი (გამყიდველი) თავის თავზე იღებდა ერთწლიან საგარანტიო ვალდებულებას, ასევე იღებდა ვალდებულებას, აენაზღაურებინა პირველადი სამსხვრევის გარემონტებაზე დახარჯული თანხა. თუ მუშის დაუდევრობით ან უყურადღებობით დაირღვეოდა მუშაობის ტექონოლოგიური რეჟიმი, მაშინ მიმწოდებელი მოიხსნიდა საგარანტიო ვალდებულებას. აქტს, სხვა პირებთან ერთად, ხელს აწერენ: ა.მ–ძე და მ.ს–;

11.9. მყიდველი/შემკვეთი საწარმოს დირექტორი ა.მ–ძე 2016 წლის 2 მარტის განცხადებით ადასტურებს, რომ მ.ს–ისაგან შეძენილ ქვის სამტვრევ საამქროსთან დაკავშირებით გადასახდელი დარჩა 200 000 აშშ დოლარი, რომელსაც გადაიხდის შემდეგი გრაფიკით: 2016 წლის ივნისიდან 30 აგვისტომდე გადაიხდის 100 000 აშშ დოლარს, ხოლო დარჩენილ 100 000 აშშ დოლარს გადაიხდის 2017 წლის იანვრის თვის ბოლომდე, ყოველთვიურად - 20 000 აშშ დოლარის გადახდით;

11.10. მყიდველი/შემკვეთი საწარმო მიუთითებს მისთვის გადაცემული ნივთების ნაკლზე და აღნიშნავს, რომ მიღებული ქარხანა ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით შეთანხმებულ წარმოებას. აღნიშნულის დასტურად, მყიდველის/შემკვეთის მიერ წარდგენილია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასება, აუდიტორული დასკვნა და ექსპერტიზის დასკვნა (იხ. წინამდებარე განჩინების 9.9.3 და 9.9.4 ქვეპუნქტები; საქმის მასალებში შესაბამისად, იხ. ტ. 1, ს.ფ. 184-185; ს.ფ. 193-221);

11.11. სააპელაციო საჩივრით მეორე აპელანტი - გამყიდველი/მენარდე სადავოდ ხდის 105 000 აშშ დოლარის მისთვის გადაცემის ფაქტს, რასთან მიმართებითაც უთითებს საქმეში წარდგენილ ექსპერტიზის ბიუროს 2019 წლის 20 თებერვლის დასკვნაზე, რომლითაც დადგენილია, რომ გამოსაკვლევად წარდგენილ ფულის აკრეფის ქვითარაზე სერიული ნომრით: 00456, (გადახდის თარიღი - 21.08.2016, გადახდილი თანხა - 105000 აშშ დოლარი) არსებული ნაბეჭდი ტექსტი შესრულებულია პრინტერზე გამოსაკვლევად წარდგენილ ფულის აკრეფის ქვითარზე სერიული ნომრით 00456 (გადახდის თარიღი- 21.08.2016წ.) გადახდილი თანხა 105 000 აშშ დოლარი) არსებული ხელმოწერა არ არის შესრულებული რაიმე სახის ტექნიკური საშუალებით (პრინტერი, სკანერი და სხვა), არამედ შესრულებულია საწერი საშუალებით, კერძოდ ბურთულიანი კალმით. გამოსაკვლევად წარდგენილ ფულის აკრეფის ქვითრაზე სერიული ნომრით 00456 (გადახდის თარიღი 21.08.2016, გადახდილი თანხა - 105000 აშშ დოლარი) არსებული შტამპის ანაბეჭდი დატანილია ქარხნული წარმოების წესის დაცვით დამზადებული შტამპით. გამოსაკვლევად წარდგენილ ფულის აკრეფის ქვითარზე, სერიული ნორმით 00456 (გადახდის თარიღი 21.08.2016, გადახდილი თანხა 105000 აშშ დოლარი) არსებული შტამპის ანაბეჭდი არ არის დატანილი შესადარებლად წარდგენილი ,,ო. მ. ი. მ.ს. ვ.თ–ის’’ შტამპით, რომელიც განთავსებულია სამოქალაქო N2/644-182581456 საქმის ტომში N02 და მიმაგრებულია გამჭირვალე ფაილით ბოლო გვერდზე (რომლითაც ექსპერტის მიერ თაბახის ერთ ფურცელზე დატანილი იყო ექპერიმენტული ნიმუშები). გამოსაკვლევად წარდგენილ ფულის აკრეფის ქვითარზე, სერიული ნომრით 00456 (გადახდის თარიღი21.08.2016, გადახდილი თანხა 105000 აშშ დოლარი) არსებული შტამპის ანაბეჭდი დატანილია ,,ო.მ.იაფი მ...............სანაი ვე თიჯარეთის’’ იმ შტამპით, რომლის თავისუფალი ნიმუში წარდგენილია შესადარებლად და განთავსებულია 19.08.2016 წლით დათარიღებულ საბუთზე, რომელიც იმყოფებოდა სამოქალაქო N2/490-182501421 საქმის N03 ტომში, ს/ფ 9. ხელმოწერა ჯ.ო–ის სახელით, განლაგებული, ფულის აკრეფის ქვითარზე ფუცლის მარჯვენა ქვედა მხარეს, შესრულებულია არა ჯ.ო–ის, არამედ სხვა პირის მიერ (იხ. ექსპერტიზიზ დასკვნა - ტ.4, ს.ფ.15-32).

11.12. განსახილველ შემთხვევაში, ერთი მხრივ, თავდაპირველი მოსარჩელე (გამყიდველი/მენარდე საწარმო) მოითხოვს მოპასუხისათვის (მყიდველის/შემკვეთი საწარმოსათვის) მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურებას, ხოლო, მეორე მხრივ, შეგებებული სარჩელის ავტორი- მყიდველი/შემკვეთი საწარმო მიუთითებს მიღებული საქონლის ნაკლზე, მოითხოვს ნაკლის გამოსწორებას და მისგან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას.

11.13. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, შესაბამისად, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სსსკ-ის მე-3, მე-4 მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (იხ. სუსგ N ას-1163-2018, 08.02.2019წ.).

11.14. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, თავდაპირველ მოსარჩელე უცხოურ საწარმოს მოპასუხისათვის არა მხოლოდ უნდა მიეწოდებინა ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთები, არამედ უნდა უზრუნველეყო მისი დამონტაჟება, შესაბამისად სახელშეკრულებო უფლება-მოვალეობები უნდა დარეგულირდეს არა ნასყიდობის სამართლებრივი ნორმების, არამედ ნარდობის სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რადგან ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე იგი მეტად მიესადაგება ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობას (სსკ-ს 340-ე მუხლი შერეული ხელშეკრულებების განმარტებისას მხედველობაში მიიღება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან).

11.15. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 639-ე მუხლი განსაზღვრავს მენარდის ვალდებულებას, წარუდგინოს შემკვეთს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი. 641-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. თავის მხრივ, ნივთობრივად უნაკლო ნივთის წარდგენის ვალდებულების დარღვევა წარმოშობს იმავე კოდექსის 643- ე (ნაკეთობის ნაკლის გამოსწორება შემკვეთის მიერ), 644-ე (ხელშეკრულებაზე უარი ნაკეთობის ნაკლის გამო) და 645-ე (საზღაურის შემცირება ნაკეთობის ნაკლის გამო) მუხლებით გათვალისწინებულ მეორადი მოთხოვნის უფლებებს.

11.16. ნაკლიანი შესრულების დადასტურების შემთხვევაში, კრედიტორს რამდენიმე განსხვავებული მოთხოვნა წარმოეშობა, თუმცა „ნივთის ნაკლის გამოსწორება ან მისი ახლით შეცვლა განხილულ უნდა იქნეს დამატებითი შესრულების მოთხოვნად, რომელიც პრიორიტეტული, უპირატესად გამოსაყენებელია სხვა დანარჩენ მეორადი მოთხოვნის უფლებებს შორის. კერძოდ, სანამ მხარე ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის უფლებას აამოქმედებდეს, ის ვალდებულია მიმართოს დამატებითი შესრულების მოთხოვნის უფლებას იმ პირობით, თუ სახეზე არ არის დამატებითი შესრულების გამომრიცხავი საფუძვლები“ (იხ.სუსგ N ას-222-2021, 4.06.2021 წ.);

11.17. სსკ-ს 652-ე მუხლის შესაბამისად, თუ შემკვეთისათვის ნაკეთობის ნაკლი ცნობილია და იგი მაინც მიიღებს მას პრეტენზიის განუცხადებლად, მაშინ შემკვეთს არ წარმოეშობა მოთხოვნის უფლებები ამ ნაკლის გამო. ამავე კოდექსის 653-ე მუხლის თანახმად, თუ მენარდემ ნაკეთობისათვის იკისრა საგარანტიო ვადა, მაშინ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი წარმოშობს შესაბამის უფლებებს. ხოლო, სსკ-ს 655- ე მუხლის თანახმად, მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე, ხოლო ისეთი მოთხოვნა, რომელიც ნაგებობას შეეხება – ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს მიღების დღიდან;

11.18. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 13 აგვისტოსა და 14 აგვისტოს ხელშეკრულებების საფუძველზე, მენარდის მიერ შემკვეთისათვის ჯამში მიწოდებული და დამონტაჟებულია 330 641.6 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი. ასევე დადგენილია, რომ სახელშეკრულებო დათქმის შესაბამისად, მიწოდებულ ქარხანას საათში უნდა უზრუნველეყო 150-200 ტონა პროდუქციის გამოშვება. უდავოა, რომ შემკვეთმა შესრულება მიიღო 2016 წლის 24 თებერვალს. კერძოდ, ქარხნის მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, მენარდემ ჩამოიტანა და დაამონტაჟა ქვის სამსხვრევი საამქრო. მენარდე თავის თავზე იღებდა ერთწლიან საგარანტიო ვალდებულებას, ასევე იღებდა ვალდებულებას, აენაზღაურებინა პირველადი სამსხვრევის გარემონტებაზე დახარჯული თანხა. თუ მუშის დაუდევრობით ან უყურადღებობით დაირღვეოდა მუშაობის ტექონოლოგიური რეჟიმი, მაშინ მენარდე (მიმწოდებელი) მოიხსნიდა საგარანტიო ვალდებულებას. ამდენად, მიმწოდებლის მხრიდან განისაზღვრა საგარანტიო ვადა, რომლის ფარგლებშიც შემკვეთს შეეძლო განეცხადებინა შესრულების ნაკლთან მიმართებით არსებული პრეტენზია, რისი განუხორციელებლობაც შესრულების მიმღებს (შემკვეთს) ართმევს შესაძლებლობას, განაცხადოს პრეტენზია ნაკლთან მიმართებით და მოითხოვოს აღნიშნულიდან გამომდინარე მეორადი მოთხოვნები, მათ შორის - ზიანის ანაზღაურება;

11.19. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მენარდის (მიმწოდებლის)მტკიცება და განმარტა, რომ მიღება-ჩაბარების აქტი და თუნდაც ამავე აქტით საგარანტიო მომსახურებაზე ვალდებულების აღება ვერ შეფასდება შემკვეთის მხრიდან პრეტენზიის გაცხადებად. შემკვეთს (შეგებებული სარჩელის წარმდგენს) სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე წერილობითი დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც მისი მხრიდან გამოვლენილი იქნებოდა პრეტენზია მიღებული საქონლის ნაკლთან დაკავშირებით. სარჩელის აღძვრის შემდეგ კი, ამგვარი პრეტენზიის მითითება და შეგებებული სარჩელის წარდგენა ერთწლიანი საგარანტიო ვადის ვადის გასვლის შემდეგ, ვერ განიხილება მიღებული შესრულებისადმი პრეტენზიის ვადის დაცვით გაცხადებად, რაც წარმოადგენს შემკვეთის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულად ცნობის საფუძველს. კანონითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, პრეტენზიის გაცხადება მიმღებს ართმევს უფლებას, მომავალში მიუთითოს აღნიშნულ ნაკლზე და მისგან მომდინარე მოთხოვნებზე (ანალოგიური შინაარსის ჩანაწერს შეიცავს ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებიც, კერძოდ: სსკ-ის 495.1-ე მუხლის შესაბამისად, თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი; თუკი იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება);

11.20. მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის თებერვალში მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა არ წარმოადგენს პრეტენზიის გაცხადებას, მენარდემ იკისრა საგარანტიო მომსახურება ერთი წლით და ამ ვადაში საკუთარი ხარჯებით დანადგარის შეკეთების ვალდებულება, რაც ვერ მიიჩნევა პრეტენზიად, მით უფრო იმ შინაარსის, რაც ქარხნის წარმადობას და სხვა ძირითად საკითხებს შეეხება. შესაბამისად, ერთწლიანი საგარანტიო და საპრეტენზიო ვადა გავიდა 2017 წლის თებერვალში, შემკვეთმა კი შეგებებული სარჩელი 2018 წლის ოქტომბერში აღძრა. დამატებითი შესრულების მოთხოვნის უსაფუძვლობა, ასევე დაუსაბუთებელს ხდის შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნას ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებითაც. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მიუღებელ შემოსავალთან მიმართებით შემკვეთის მიერ წარდგენილი შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა სხვა მხრივაც დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს სსკ-ის 408-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 411-ე მუხლების (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მიზნებიდან;

11.21. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადი პრინციპის თანახმად, განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის წარმდგენ შემკვეთ საწარმოს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის (მენარდე საწარმოს) ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის, თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მას უნდა წარედგინა იმგვარი მტკიცებულებები, რაც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით. მიუღებელი შემოსავალი არის ანაცდენი სარგებელი (მოგება), რომელიც არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე და რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად (იხ. სუსგ N ას-848-806-2013; 24.10.2014წ.). მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ შემოთავაზებული დასაბუთება და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის მოთხოვნილი ოდენობით მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებისათვის საკმარის წინამძღვრებს, რის გამოც შეგებებული სარჩელი არც აღნიშნულ ნაწილში ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

11.22. გამყიდველი (მენარდე) კომპანიის თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ გამართლებულია და ექვემდებარება შესაბამის ნაწილში დაკმაყოფილებას. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემკვეთს წარმოეშობა მიღებული შესრულების ანაზღაურების ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა თავდაპირველი მოსარჩელის მიერ შემკვეთისათვის მიწოდებულია 330 641.6 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი, რისი ანაზღაურებაც მიმღებს უნდა უზრუნველეყო ეტაპობრივად. თავდაპირველი სარჩელის მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნას ცნობს ნაწილობრივ - 200 000 აშშ დოლარის ფარგლებში, ხოლო დარჩენილ ნაწილში მიუთითებს ვალდებულების შესრულებაზე. სსკ-ს 373-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება. თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი. ამავე კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება);

11.23. სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის მიზნებისათვის კი, მნიშვნელოვანია იმ პირობების დაცვა, რაც ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს და შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობას გამორიცხავს. სსკ-ის 361.2-ე მუხლი განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ვალდებულება ისე, რომ არ მოხდეს ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის რღვევა და აწესებს ვალდებულების შესრულების ისეთ სტანდარტს, რომლითაც დაცულია არა მხოლოდ ვალდებულების შესრულება, არამედ მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერი მოპყრობა. ყოველი მოქმედება არ იწვევს ვალდებულების შესრულებას და შესაბამისად ვალდებულების შესრულების სამართლებრივი შედეგის დადგომას (სსკ-ის 427-ე მუხლი). ვალდებულების შესრულება ნიშნავს იმ მოქმედების შესრულებას (ან მოქმედებისაგან თავის შეკავებას), რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტორს აქვს;

11.24. განსახილველ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის ავტორი შემკვეთი საწარმო მიუთითებს მიმწოდებელი/მენარდე საწარმოს წარმომადგენლის - მ.ს–ის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებაზე, რომელიც წარმოადგენდა მენარდე საწარმოს სახელშეკრულებო ურთიერთობაში და შესაბამისად მიიჩნეოდა შესრულების მიღებაზე უფლებამოსილ პირად. აღნიშნულის საპირისპიროდ, შეგებებული სარჩელის მოპასუხე მხარე (მენარდე საწარმო) მიუთითებს მ.ს–ის არაუფლებამოსილებაზე, მიეღო მენარდე (თავდაპირველი მოსარჩელე საწარმოს) სასარგებლოდ განხორციელებული შესრულება;

11.25. სამეწარმეო ამონაწერისა და ხელშეკრულების ფარგლებში მითითებული რეკვიზიტების შესაბამისად, შემკვეთი საწარმოსათვის ცნობილი იყო მენარდე/მიმწოდებელი საწარმოს მისამართი, საკონტაქტო მონაცემები და მათ შორის უფლებამოსილი წარმომადგენლის - დირექტორის შესახებ, რის გამოც შესრულების განხორციელება მომლაპარაკებლის სასარგებლოდ, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულის თაობაზე საწარმოს ნებართვა არ ჰქონდა, ვერ მიიჩნევა მენარდის/მიმწოდებლის სასარგებლო შესრულებად, რაც გამორიცხავს თავდაპირველი სარჩელის მოპასუხე საწარმოს (შემკვეთის/მიმღების) მტკიცების გაზიარების შესაძლებლობას ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებასთან მიმართებით.

11.26. სააპელაციო სასამართლომ ასევე იმსჯელა უშუალოდ მენარდე/მიმწოდებელი საწარმოს (თავდაპირველი მოსარჩელის) სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ წერილობით დოკუმენტზე, რომლის საფუძველზე კომპანიის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დგინდება 105 000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი, რაც სასამართლოს შეფასებით, წარმოადგენს ვალდებულების შესაბამის ნაწილში შესრულებულად მიჩნევისა და შეწყვეტის საფუძველს (სსკ-ს 427-ე მუხლი). მართალია, აღნიშნულ დოკუმენტებთან მიმართებით წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, გარკვეული შეუსაბამობა ვლინდება, როგორც ხელმოწერასა, ასევე კომპანიის ბეჭედთან მიმართებით, თუმცა ქართული კომპანიისათვის ვერ იქნებოდა ხელმისაწვდომი თურქული საწარმოს ბეჭედი და აღნიშნულზე კონტროლის განხორციელება ევალებოდა მიმწოდებელ/შემკვეთ საწარმოს, ხოლო ხელმოწერა ეკუთვნის თუ არა უფლებამოსილ პირს, ამას საქართველოში არსებული საწარმო ვერ შეამოწმებდა. სათავო ოფისის ბეჭედი (შტამპი) საქართველოში მოქმედი საწარმოსათვის ვერ იქნებოდა ხელმისაწვდომი, რაც მიმღები/შემკვეთი (თავდაპირველი მოსარჩელის მოპასუხე მხარე) საწარმოს მტკიცების გაზიარების საფუძველია ვალდებულების შესაბამის ნაწილში შესრულებასთან მიმართებით;

11.27. თავდაპირველი სარჩელის მოპასუხე საწარმოს, მიმწოდებლის სასარგებლოდ ეკისრება ფულადი ვალდებულება - 225 642 აშშ დოლარის ოდენობით (330 641.6 აშშ დოლარს - 105 000 აშშ დოლარი), რასთან მიმართებითაც სოლიდარული ვალდებულება ეკისრება მიმღები საწარმოს 100%-იანი წილის მესაკუთრე რ.მ–ძეს, როგორც ხელშეკრულებაზე ხელმომწერსა და ამავე ხელშეკრულების ფარგლებში სოლიდარულად თავდებ პირს.

11.27.1. სსკ-ის 891.1-892.1-ე მუხლების თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. სსკ-ის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ამავე კოდექსის 898.1-ე მუხლის შესაბამისად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე;

11.27.2. სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ არის შედგენილი დამოუკიდებელი განაცხადი ვალდებულების კისრებასთან მიმართებით, ასევე იმის გამო, რომ არ არის განსაზღვრული თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ფარგლები, ვერ გამორიცხავს თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე მოპასუხე რ.მ–ძის პასუხისმგებლობას, ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრ ვალდებულებასთან მიმართებით. სასამართლომ მიუთითა დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის თანახმად თავდებობის ნამდვილობისთვის არ არის აუცილებელი ორი წერილობითი დოკუმენტის არსებობა (განცხადება, თავდებობის დოკუმენტი), რადგან კანონი არ კრძალავს ერთი დოკუმენტით გაფორმდეს როგორც თავდებობის განაცხადი ასევე ხელშეკრულების არსებითი პირობები. წარმოდგენილ დოკუმენტში კი, გამოხატულია ნება თავდებობაზე და ხელშეკრულების არსებითი პირობები, კერძოდ მისი ღირებულება (იხ. სუსგ N ას-3კ-432-02, 07.06.02წ.). ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ წარმოდგენილი სარჩელით არ არის მოთხოვნილი ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხაზე მეტი ოდენობის თანხა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხე მხარის მტკიცება თავდებობის ზღვრულ ოდენობასთან დაკავშრებით მაშინ, როდესაც თავდებისთვის მოთხოვნილი თანხა არ აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ოდენობას. ასევე, საგულისხმოა, რომ ხელშეკრულების მონაწილე საწარმო უცხოურ საწარმოს წარმოადგენს, რომლისთვისაც ხელშეკრულების ფარგლებში თავდებობის გაცხადება აღქმულია კანონით განსაზღვრული ფორმის დაცვით პასუხისმგებლობის კისრებად.

11.28. სააპელაციო სასამართლომ, შეჯამების სახით, მიუთითა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებაზე, რაც უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნისაგან (იხ. სუსგ Nას-589-589-2018, 06.07.2018წ.). მოცემულ შემთხვევაში, თავდაპირველმა მოსარჩელემ (მიმწოდებელმა/მენარდემ) შეძლო დაესაბუთებინა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობა, რის გამოც მის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხის (შეგებებული მოსარჩელის, შემკვეთის/მიმღების) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც თავდაპირველმა მოსარჩელემ, ისე - შეგებებული სარჩელის აღმძვრელმა საწარმომ და თავდებმა პირმა - რ.მ–ძემ.

12.2. თავდაპირველი მოსარჩელე (პირველი კასატორი, გამყიდველი/მენარდე საწარმო) მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში (კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის გაუქმებას) და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, გამყიდველი/მენარდე საწარმოს სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, მოპასუხე (მყიდველი/შემკვეთი) საწარმოსათვის 105 000 აშშ დოლარის დაკისრებას შემდეგ ძირითად არგუმენტებზე მითითებით:

12.2.1. პირველი კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას და მიაჩნია, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებებია წარდგენილი თავდაპირველი სარჩელის მოპასუხისათვის 105 000 აშშ დოლარის დასაკისრებლად. კასატორი ამ თვალსაზრისით უთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების 5.1.10 ქვეპუნქტში ასახულ მსჯელობასა და დასკვნაზე, რომელშიც, დადგენილ ფაქტად არის მიჩნეული ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი მოცემულობა, რომ სადავო თანხის მიმღების გრაფაში ხელმოწერა არ ეკუთვნის მიმწოდებელი/მენარდე საწარმოს დირექტორს, ანუ თანხის მიღების დამადასტურებელი საბუთი არ არს ვალიდური და არ დგინდება 105 000 აშშ დოლარის მიღება თავდაპირველი მოსარჩელე საწარმოს მიერ (იხ. საკასაციო საჩივარი- ტ.6, ს.ფ.223-231);

12.3. შეგებებული მოსარჩელე (მეორე კასატორი, მყიდველი/შემკვეთი) მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, შესაბამისად, თავდაპირველი სარჩელის სრულად უარყოფას და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას შემდეგ ძირითად არგუმენტებზე დაყრდნობით:

12.3.1. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში რ.მ–ძის სოლიდარულ თავდებობასთან დაკავშირებით მსჯელობა არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნას (სსკ-ის 892.1-ე მუხლს), ამ მიმართებით მეორე კასატორი უთითებს გერმანიის სამოქალაქო კოდქსის (გსკ) 766-ე პარაგრაფის მოწესრიგებაზე და საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით განმარტებულია, რომ „განსახილველ შემთხვევაში, თავდებობის ხელშეკრულებებში მითითებული არაა თავდებთა პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხა. ამგვარ მითითებად სასამართლო ვერ მიიჩნევს ხელშეკრულების იმ ჩანაწერს, რომლის მიხედვით ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე გაფორმებული შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებებით წარმოშობილი მთლიანი ვალდებულებით. ნორმის დანაწესი, რომლის მიხედვით ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იქნეს პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა სწორედ კონკრეტული ოდენობის თანხის მითითების ვალდებულებას გულისხმობს და არა, ზოგადად აბსტრაქტულ ციტირებას პასუხისმგებლობის ფარგლებთან დაკავშირებით. როგორც ზემოთ აღინიშნა, ნორმის აღნიშნული მოთხოვნა იმპერატიულია და მისი შეუსრულებლობა უკავშირდება შეთანხმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის წარმოუშობლობას და მაშასადამე, თავდებობის არარასებობას“ (იხ. სუსგ N ას-1172-2018, 08.02.2019წ; პუნქტი 62). მეორე კასატორს უკანონოდ მიაჩნია რ.მ–ძისათვის სოლიდარული ვალდებულების დაკისრება;

12.3.2. მეორე კასატორის მორიგი პრეტენზია უკავშირდება მტკიცების საგანში შემავალი, ანუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არასათანადო გამოკვლევას, რამაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. სასამართლომ არ შეისწავლა დავის კანონიერად გადაწყვეტის განმსაზღვრელი მტკიცებულება- მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი. კასატორის მტკიცებით უდავოა, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 13 აგვისტოს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად გამყიდველს მყიდველისათვის უნდა მიეწოდებინა 224 000 აშშ დოლარის ღირებულების სხავდასხვა სახის ქვის სამტვრევი საამქროს ასამუშავებლად საჭირო ნაწილები. მეორე კასატორი უთითებს მოწმეთა ჩვენებებზე და გამყიდველის (მიმწოდებლის) მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევაზე. ნასყიდობის ხელშეკრულება დამატებით ვადლებულებას მოიცავდა ნასყიდობის საგნის დამონტაჟებაზე. მხარეები არ შეთანხმებულან ნასყიდობის საგნის მონტაჟის ღირებულებაზე, მათ შორის წარმოიშვა ნასყიდობის და არა -ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა. მხარე მსჯელობს შერეული ხელშეკრულების კვალიფიკაციის კრიტერიუმებზე და იმ ჰოპოთეზის დაშვებითაც, რომ მხარეთა შორის შერეული ხელშეკრულებაა დადებული, უთითებს, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ემყარება შეძენილი ნივთის ხარისხსა და მის ნაკლს და არა ამავე ნივთის მონტაჟის ნაკლს, ამდენად, შეუსაბამოა სსკ-ის 655-ე მუხლის გამოყენება, რომელიც ნარდობის ხელშეკრულებას აწესრიგებს:

12.3.3. მეორე კასატორის მტკიცებით, მხარეთა შორის არსებული ნასყიდობისამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე უნდა შეეფასებინა სასამართლოს მოთხოვნის წარმოშობის ხანდაზმულობის ვადა. კასატორი უთითებს, რომ დადგენილი ფაქტია, რომ ნივთი დამონტაჟების დღესვე დაზიანდა და მას შეკეთება დასჭირდა. რაც შეეხება ქარხნულ ნაკლს მის წარმადობასთან მიმართებით, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ გამყიდველი დაპირდა მყიდველს ქარხნის შეცვლას. კასატორი უთითებს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთისინდისიერებაზე და მოიხმობს საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას (იხ. სუსგ N ას-1338-1376-2014, 24.06.2015წ.). ამ საფუძვლებით არის მოთხოვნილი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. დაზუსტებული საკასაციო საჩივარი- ტ.6, ს.ფ.233-247).

12.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით მხარეთა საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი არსებითად განხილვის მიზნით სსსკ-ის 391.5-ე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

12.5. საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 23 მაისის ზეპირი განხილვის ფორმით გამართულ სხდომაზე, მხარეთა ერთობლივი შუამდგომლობის საფუძველზე, სსსკ-ის 218-ე მუხლის საფუძველზე, მორიგების პირობების შესათანხმებლად გადაიდო საკასაციო სასამართლოს სხდომა.

12.6. საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე გამოცხადებულმა მხარეებმა დაადასტურეს, რომ მიუხედავად ორმხრივად გაცვლილი წინადადებებისა და მოსაზრებებისა, მათ შორის მორიგება ვერ შედგა, შესაბამისად, არსებითი განხილვის ეტაპზე ორივე კასატორმა მხარი დაუჭირა საკუთარ საკასაციო მოთხოვნასა და პრეტენზიას და უპასუხა სასამართლოს შეკითხვებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, შეფასებისა და საკასაციო საჩივრების სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითი განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი და მეორე კასატორების საკასაციო განაცხადები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

13. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სსსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. მოცემულ შემთხვევაში „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება გამოიკვეთა.

14. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში; მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა. მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნა პირის ნებას დაქვემდებარებული და სხვა პირისაკენ მიმართული უფლებაა, რომელიც მისი პროცესუალური განხორციელებისაგან მკვეთრად იმიჯნება. მოთხოვნა ძირითადად მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია. მოთხოვნა, საპროცესო-სამართლებრივი გაგებით, ყოველთვის მიმართულია სასამართლო გადაწყვეტილების დადგომისაკენ. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომლის სამართლებრივი შედეგით გათვალისწინებულია სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელებისა თუ მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების ვალდებულება. თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.

16. მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და მათი აღრევა არიდებული უნდა იქნეს. ამ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ბოელინგი /ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42.)

17. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-664-635-2016; პუნქტი 201) მითითებულია: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვითთ, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“.

19. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება (შეად. სუსგ-ებს: N ას- 475-2019, 15.04.2021წ; N ას-1065-2020, 08.04.2021წ; N ას- 338-2019, 22.03.2021წ.).

20. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

21. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

22. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

24. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების (იხ. წინამდებარე განჩინების 11.5-11.9 ქვეპუნქტები) საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის სამართლებრივი ხელშეკრულება, რომელიც თავის თავში მოიცავდა ნარდობის ელემენტს - ქარხნის მონტაჟის სახით. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სააპელაციო სასამართლოსაგან განსხვავებული იურიდიული კვალიფიკაცია, არც ერთი მხარის სასარგებლოდ არ ცვლის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები არსებითად სწორია და დასაბუთებული, თუმცა, საკასაციო სასამართლოს ნაწილობრივ განსხვავებული სამართლებივი დასაბუთება ეფუძნება, როგორც დოქტრინაში გამოკვლეულ მასალებს, ისე - სასამართლო პრაქტიკას.

25. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება ასევე უთითებს სსკ-ის 340-ე მუხლზე “შერეული ხელშეკრულებების განმარტებისას მხედველობაში მიიღება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან” (იხ. წინამდებარე განჩინების 11.14 ქვეპუნქტი), ასევე, სააპელაციო სასამართლო მსჯელობს იმ დაშვებითაც, რომ ნასყიდობის სამართლებრივი ნორმების გამოყენების შემთხვევაშიც კი შეგებებული სარჩელის წარმდგენი მყიდველი/შემკვეთი საწარმო ვერ ადასტურებს თავისი სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობას (იხ. წინამდებარე განჩინების 11.19 ქვეპუნქტი).

26. დოქტრინაში გამოთქმული მოსაზრებები და საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა ცხადყოფს, რომ „1980 წლის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების შესახებ ვენის კონვენციის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებად ითვლება იმ საქონლის მიწოდებაზე დადებული ხელშეკრულება, რომელიც მზადდება ან იწარმოება, თუ საქონლის დამკვეთი მხარე არ კისრულობს ასეთი საქონლის დამზადებისათვის ან წარმოებისთვის საჭირო მასალის მნიშვნელოვანი ნაწილის მიწოდების ვალდებულებას. კონვენციის მე-3 მუხლის პირველის ნაწილის თანახმად „საჭირო მასალის მნიშვნელოვან ნაწილში“ უნდა მივიჩნიოთ, ასევე მიწის ნაკვეთი, როგორც ძირითადი ნივთი, რომლის გარეშე შეუძლებელია შენობა-ნაგებობის აშენება, ანუ მხედველობაშია მასალა, რომელიც მნიშვნელოვანია სამუშაოს შესრულებისათვის. ამდენად, განსახილველ ნორმის დათქმაში „საჭირო მასალის მნიშვნელოვან ნაწილში“ ყურადღება გამახვილებულია ისეთ მასალაზე, რაც აუცილებელია და მნიშვნელოვანია ნივთის დამზადებისათვის და რომლის გარეშე შეუძლებელია ამ ნივთის დამზადება. განსახილველი ნორმა მოითხოვს განმარტებას კონვენციის სხვა ნორმებთან ერთობლიობაში. კერძოდ, ნორმაში მოცემული სამართლებრივი კრიტერიუმები გაგებულ უნდა იქნეს მხარეთა მიერ დასახული მიზნების გათვალისწინებით, რომლის დადგენასა და განმარტებას მოითხოვს ამავე კონვენციის მე-8 მუხლი. კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კონვენციის მიზნებისათვის მხარის განცხადება ან სხვაგვარი მოქმედება განიხილება მისი განზრახვის შესაბამისად, თუ მეორე მხარემ იცოდა, ან არ შეიძლება არ სცოდნოდა, როგორი იყო ეს განზრახვა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ წინა პუნქტი არ გამოიყენება, მაშინ მხარის განცხადებას ან სხვაგვარ მოქმედებას განიხილავენ იმის შესაბამისად, თუ როგორ გაიგებდა ამას გონიერი პიროვნება, რომელიც იმოქმედებდა იმავე სახით, როგორც მეორე მხარე ანალოგიურ ვითარებაში“ (იხ.ზურაბ ძლიერიშვილი- ნარდობის ხელშეკრულება /თეორია და პრაქტიკა/; რედ. თეიმურაზ თოდრია; გამომცემლობა „მერიდიანი“; 2016; გვ.176-177; შეად. სუსგ-ებს: N ას-1162-1091-2012, 7.03.2013წ; N ას-413-390-2014, 16.01.2015წ; N ას-1190-2021, 22.02.2022წ.).

27. „ევროკავშირის ქვეყნებში ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს 1999/44 დირექტივის რეალიზაციის შედეგად (დირექტივა შეეხება სამომხმარებლო საქონლის რეალიზაციისა და დამზადების გარანტიების გარკვეულ ასპექტებს), იმ ხელშეკრულებების მიმართ, რომელთა საგანია დასამზადებელი ან საწარმოებელი მოძრავი ნივთების მიწოდება, გამოიყენება ნასყიდობის მომწესრიგებელი ნორმები, მიუხედავად იმისა, თუ ვისი მასალისაგან არის ეს ნივთები დამზადებული ან წარმოებული (გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 651-ე პარაგრაფის პირველი წინადადება). ამასთან ზოგჯერ არ გამოირიცხება „საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის შესახებ კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრინციპის მოქმედება“ (იხ.ზურაბ ძლიერიშვილი- ნარდობის ხელშეკრულება /თეორია და პრაქტიკა/; რედ. თეიმურაზ თოდრია; გამომცემლობა „მერიდიანი“; 2016; გვ.177). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული დირექტივის მოქმედების ვადა 2021 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა, თუმცა, ამჟამად მოქმედებს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2019 წლის 20 მაისის დირექტივა 2019/772 საქონლის რეალიზაციის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული გარკვეული ასპექტების შესახებ, რომელიც ცვლის 2017/2334 რეგულაციას და 1999/44 დირექტივას. დირექტივის მე-17 პარაგრაფის მიხედვით განსაზღვრულია, რომ იურიდიული სიცხადის მიზნით 2019/772 დირექტივამ უნდა განმარტოს ნასყიდობის ხელშეკრულება, ასევე, მკაფიოდ განსაზღვროს მისი გამოყენების სფერო. ამ დირექტივის მოქმედებამ ასევე უნდა მოიცვას (დაფაროს) საქონელთან დაკავშირებული ხელშეკრულებები, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის წარმოებული ან დამზადებული, მათ შორის მომხმარებლის სპეციფიკაციის მიხედვით. გარდა ამისა, ამავე დირექტივის მოქმედებაში შეიძლება მოექცეს საქონლის დამონტაჟება (ინსტალაცია), თუკი ეს ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილია და უნდა განხორციელდეს გამყიდველის მიერ ან მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. თუკი ხელშეკრულება მოიცავს როგორც საქონლის გაყიდვის, ისე მომსახურების ელემენტებს, შესაძლებელია თუ არა მთელი ხელშეკრულების ნასყიდობად კვალიფიკაცია ამ დირექტივის მნიშვნელობით, უნდა განისაზღვროს ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე (იხ. https://eur-lex.europa.eu/legal-content/en/TXT/?uri=CELEX%3A32019L0771.

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შეფასებისას, მნიშვნელოვანია იმის განმარტება, რომ „ნარდობის ხელშკრულების საგანს, როგორც წესი, წარმოადგენს ინდივიდუალურად განსაზღვრული ნაკეთობის დამზადება, რაც შეეხება ნასყიდობის ხელშეკრულების საგანს, იგი უმრავლეს შემთხვევაში, როგორც წესი, გვაროვნული საგანია“ (იხ. ზურაბ ძლიერიშვილი- ნარდობის ხელშეკრულება /თეორია და პრაქტიკა/; რედ. თეიმურაზ თოდრია; გამომცემლობა „მერიდიანი“; 2016; გვ.174). მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლოს დადგენილი აქვს „თავდაპირველ მოსარჩელე უცხოურ საწარმოს მოპასუხისათვის არა მხოლოდ უნდა მიეწოდებინა ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთები, არამედ უნდა უზრუნველეყო მისი დამონტაჟება“ (იხ. 11.14 ქვეპუნქტი), ხელშეკრულების პირობების ერთობლივად შეფასებისა და მხარეთა ურთიერთმოთხოვნებიდან (თავდაპირველი და შეგებებული სარჩელები) გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გამყიდველი საწარმოს მიერ მყიდველისათვის მიწოდებული და დამონტაჟებული საქონელი და მოწყობილობები, სადავო არაა რომ ქვისსამსხვრევ ქარხანას წარმოადგენს, რადგან 2015 წლის 13 აგვისტოს ხელშეკრულებაში მითითებული საქონელი (იხ. წინამდებარე განჩინების 11.5.1-11.5.4 ქვეპუნქტები) რეალურად ის დანადგარია, რომლის მუშაობიდან გამომდინარე და არა ცალკეული მოწყობილობის (ნივთის) გამოყენებით გზით, მყიდველი საწარმო დავობს ქარხნის არასათანადო წარმადობაზე, როგორც გამოვლენილ ნაკლზე და აქედან გამომდინარე ზიანზე. ზემოხსენებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირველმა კასატორმა (გამყიდველმა საწარმომ) თავდაპირველი სარჩელით მოითხოვა მყიდველისათვის მიწოდებული ქარხნის ღირებულების ანაზღაურება (იხ. სარჩელი-ტ.1, გვ.4), ხოლო მეორე კასატორმა (მყიდველმა საწარმომ) შეგებებული სარჩელით მოითხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წარმადობის დანადგარის მოწოდება გამყიდველისაგან, ზიანის ანაზღაურება და თანხის დაკისრება (იხ. შეგებებული სარჩელი-ტ.1, გვ.154), შესაბანისად, მხარეთა შორის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობაა და აქედან გამომდინარე უნდა შეფასდეს მხარეთა სასარჩელო მოთხოვნები.

29. განსახილველ შემთხვევაში, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნა, რომ თავდაპირველი მოსარჩელის (პირველი კასატორის) სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ წერილობით დოკუმენტზე, რომლის საფუძველზე კომპანიის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დგინდება 105 000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი, მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს ვალდებულების შესაბამის ნაწილში შესრულებულად მიჩნევისა და შეწყვეტის საფუძველს (სსკ-ს 427-ე მუხლი). მართალია, აღნიშნულ დოკუმენტებთან მიმართებით წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, გარკვეული შეუსაბამობა ვლინდება, როგორც ხელმოწერასა, ასევე კომპანიის ბეჭედთან მიმართებით, თუმცა ქართული კომპანიისათვის ვერ იქნებოდა ხელმისაწვდომი თურქული საწარმოს ბეჭედი და აღნიშნულზე კონტროლის განხორციელება ევალებოდა გამყიდველ საწარმოს, ხოლო ხელმოწერა ეკუთვნის თუ არა უფლებამოსილ პირს, ამას საქართველოში არსებული საწარმო ვერ შეამოწმებდა. სათავო ოფისის ბეჭედი (შტამპი) საქართველოში მოქმედი საწარმოსათვის ვერ იქნებოდა ხელმისაწვდომი, რაც მყიდველი საწარმოს მტკიცების გაზიარებას დაედო საფუძვლად ვალდებულების შესაბამის ნაწილში შესრულებასთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო დამატებით იმასაც აღნიშნავს, რომ პირველი კასატორის არგუმენტი, მუსატაფა სუნგურის მიერ გამყიდველი საწარმოს სახელით წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არქონასთან დაკავშირებით იმ მხრივაც არის დაუსაბუთებელი, რომ საქმის მასალების მიხედვით, დადგენილია, რომ სწორედ ეს პირი წარმოადგენდა საწარმოს. დადგენილია და სადავო არაა, რომ 2015 წლის 13 აგვისტოს ხელშეკრულებას გამყიდველი საწარმოს სახელით ხელს აწერს მ.ს–ი (იხ. ტ. 1, ს.ფ.31); ამავე ხელშეკრულებაში 2015 წლის 14 აგვისტოს შეტანილ ცვლილებას ხელს აწერს მ.ს–ი (იხ. ტ. 1, ს.ფ.38); გამყიდველსა და მყიდველს შორის 2016 წლის 24 თებერვალს ქვისსამსხვრევი ქარხნის მიღება-ჩაბარების აქტს გამყიდველი საწარმოს მხრიდან მ.ს–ი წარმომადგენლის სახელით ხელს აწერს ფ.მ–ი (იხ. ტ. 4, ს.ფ.63); საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე არაერთხელ აღინიშნა, რომ საწარმოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის ჩამოყალიბდა განსაკუთრებულ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. პირველ კასატორს არსად მიუთითებია და საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ გამყიდველი საწარმოს სახელით მ.ს. არ იყო უფლებამოსილი პირი, მიეღო შესრულება მყიდველისაგან, შესაბამისად, დაუსაბუთებელია პირველი კასატორის მტკიცება, რა გარემოებების საფუძველზე უნდა გადაემოწმებინა და რა აუცილებლობიდან გამომდინარე, ყოველ ჯერზე, მყიდველს გამყიდველის სახელით მოქმედი პირის უფლებამოსილება. ქვემდგომი ინსტანციის ორივე სასამართლოს დადგენილი აქვს, რომ მყიდველმა საწარმომ ვალდებულება შეასრულა მ.ს–ის, როგორც უფლებამოსილი პირის წინაშე და გამყიდველს მყიდველისათვის არ უცნობებიათ მ.ს–ის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება- ტ5, ს.ფ.288; მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება- ტ.6, ს.ფ.193-194), ამ მიმართებით პირველი კასატორის მიერ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ არის წამოყენებული და მისი საკასაციო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

30. მეორე კასატორის (მყიდველი საწარმოს) საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში, კასატორის მოსაზრება, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, გაზიარებულია, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ეს იურიდიული კვალიფიკაცია მაინც არ ცვლის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მოცემულ შემთხვევაში მეორე კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა მხარეთა შორის 2016 წლის 24 თებერვალს ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი, რამაც არასწორი დასკვნის გამოტანა განაპირობა. მეორე კასატორის მტკიცებით, ამ აქტის თაობაზე სწორად იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლომ.

30.1. მიღება-ჩაბარების აქტის შინაარსის შეფასებამდე, საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების 14-23 პუნქტებში მითითებულ მხარეთა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების საფუძველზე და მათ შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო სამართალსა და სამოქალაქო სამართლის პროცესში დამკვიდრებულ და სასამართლო პრაქტიკით განმტკიცებულ სტანდარტზე გაამახვილებს ყურადღებას. ამ მიმართებით, უპირველეს ყოვლისა, ის უნდა აღინიშნოს, რომ გამყიდველი საწარმოს მიერ აღძრული სარჩელის პასუხად მყიდველმა საწარმომ არაკვალიფიციური შესაგებელი (შესაგებლის შესახებ იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებიდან განმარტება წინამდებარე განჩინების მე-18 პუნქტში) წარადგინა და მხოლოდ იმაზე მითითებით შემოიფარგლა, რომ „მხარეებს შორის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება არ დადებულა, ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დანადგარები არ შეესაბამება ფაქტიურად მოწოდებულს“ (იხ. თავდაპირველ სარჩელზე შესაგებელი- ტ.1, ს.ფ.120). შესაგებლის ყველა გრაფაში მითითებული ეს ერთი წინადადება შინაარსობრივად წინააღმდეგობრივია, რადგან თუ მხარეთა შორის საერთოდ არ დადებულა ხელშეკრულება, მაშინ გაურკვეველია, რის საფუძველზე არსებობს ანგარიშ-ფაქტურები და როგორ დგინდება მათში მითითებული დანადგარების შეუსაბამობა ფაქტობრივად მიწოდებულთან, ანუ მოპასუხე თვითონვე ადასტურებს, რომ მიიღო გარკვეული დანადგარები, თუმცა, არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზეა ისინი მიღებული.

30.2. მეორე კასატორის (შეგებებული მოსარჩელე) მოთხოვნის პასუხად პირველმა კასატორმა (შეგებებული სარჩელის მოპასუხე), როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო საჩივრებში და საკასაციო სასამართლოს სხდომაზე უსაფუძვლოდ მიიჩნია შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, მათ შორის, მტკიცება მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით, ამასთან სასამართლოს ყურადღება გაამახვილა მეორე კასატორის მოთხოვნის დაუსაბუთებლობასა და არადამაჯერებლობაზე იმ თვალსაზრისითაც, რომ მყიდველმა საწარმომ, მისივე მტკიცების- ქარხნის არასაკმარისი წარმადობის გამო განცდილი ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის თაობაზე - საწინააღმდეგოდ სარჩელი არ აღძრა მანამ, სანამ მის წინააღმდეგ არ იქნა წარდგენილი სასამართლოში გამყიდველი საწარმოს მოთხოვნა ნასყიდობიდან გამომდინარე შეუსრულებელი ვალდებულების-თანხის დაკისრების მოთხოვნით. მყიდველმა საწარმომ მხოლოდ 2018 წლის 24 ოქტომბერს აღძრა შეგებებული სარჩელი (იხ. ტ.1, ს.ფ.152).

30.3. საქმის მასალების მიხედვით 2016 წლის 24 თებერვალს მხარეებმა შეადგინეს ქარხნის მიღება-ჩაბარების აქტი შემდეგზე: „შპს „ო.მ“-მა ჩამოიტანა და დაამონტაჟა ქვის სამსხვრევი საამქრო. საამქროს დამონტაჟება დამთავრდა 2016 წლის 24 თებერვალს. შპს „ო.მი“ თავის თავზე იღებს ვალდებულებას, აანაზღაუროს პირველადი სამსხვრევის გარემონტებაზე დახარჯული თანხა, რომელსაც გაარემონეტებენ რუსთაველი ოსტატები. თუ მუშის დაუდევრობით ან უყურადღებობით დაირღვა მუშაობის ტექნოლოგიური რეჟიმი, მაშინ შპს „ო.მი“ იხსნის საგარანტიო ვალდებულებას“ (იხ. აქტი- ტ.4, ს.ფ.63). მეორე კასატორმა განმარტა, რომ ქარხანა დამონტაჟებისთანავე დაიშალა და სარემონტო გახდა, ამის დამადასტურებელია მიღება-ჩაბარების აქტის ის ნაწილი, სადაც მითითებულია, რომ გამყიდველმა საწარმომ იკისრა ვალდებულება, აენაზღაურებინა პირველადი სამსხვრევის გარემონტებაზე დახარჯული თანხა, რომელსაც გაარემონეტებენ რუსთაველი ოსტატები. კასატორი განმარტავს, რომ ე.წ. „რუსთაველი ოსტატები“ შემთხვევით არ ჩაწერილა მიღება-ჩაბარების აქტში, ეს ჩანაწერი სწორედ იმას გულისხმობს, რომ ქარხანა დამონტაჟებისთანავე გაფუჭდა, მის გასარემონტებლად ისევ მყიდველმა საწარმომ გადარიცხა თანხა. საკასაციო სასამართლოს შეკითხვების პასუხად, მეორე კასატორმა განმარტა, რომ ქარხნის გარემონტებისთვის გადახდილი თანხების შესახებ არ არის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და საერთოდ გამყიდველს რომ არ აღეძრა სარჩელი, მყიდველი არც აპირებდა სასამართლოსთვის მიმართვას იმდენად განსაკუთრებულ ნდობაზე დაფუძნებული ახლომეგობრული ურთიერთობა ჩამოყალობდა საწარმოების ხელმძღვანელ პირებს შორის (იხ. საკასაციო სასამართლოს სხდომის 2023 წლის 19 ივნისის ოქმი-17:25:48-დან).

30.4. ნასყიდობის მომწესრიგებელ ურთიერთობაში სსკ-ს 480-ე მუხლი ადგენს გამყიდველის მოვალეობებს საქონლის გაგზავნისას „1. თუ გამყიდველი ხელშეკრულებით გადამზიდველს გადასცემს საქონელს და ეს საქონელი არც ამოსაცნობი ნიშნით, არც გადაზიდვისათვის საჭირო საბუთებით და არც სხვა რაიმე საშუალებით არ არის გამოკვეთილად აღნიშნული, მაშინ გამყიდველმა უნდა შეატყობინოს მყიდველს საქონლის გადაგზავნის თაობაზე და, ამასთანავე, გაუგზავნოს ტვირთის დაწვრილებითი ჩამონათვალი. 2. თუ გამყიდველს ევალება საქონლის გაგზავნა, მან უნდა დადოს ხელშეკრულებები, რომლებიც აუცილებელია ტვირთის დათქმულ ადგილზე გადაზიდვისა და ასეთი გადაზიდვისათვის ჩვეული პირობებისათვის. 3. თუ გამყიდველი არ არის ვალდებული დააზღვიოს ტვირთი ტრანსპორტირებისას, მაშინ მან მყიდველის თხოვნით უნდა გადასცეს მას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია დაზღვევის ასეთი ხელშეკრულების გაფორმებისათვის“. დადგენილია და სადავო არ არის, რომ ერთმა საწარმომ მეორისაგან შეიძინა ქვისსამსხვრევი ქარხანა, რომელიც ადგილზე ჩამოიტანა და დაამონტაჟა მყიდველმა. დადგენილიაა, რომ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მყიდველმა საწარმომ მიიღო და აამუშავა ქარხანა, შესაბამისად, სსკ-ის 483-ე მუხლის საფუძველზე შესყიდული საქონელი (მოწყობილობა-დანადგარები, ანუ ქარხანა) მიღებულად ჩაითვალა, რადგან მყიდველმა აამუშავა იგი, ანუ დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, შეასრულა ისეთი მოქმედება, რომელიც მოწმობს მის მიღებას, გარდა იმისა, რომ ხელი მოაწერა მიღება-ჩაბარების აქტს. სსკ-ის 487-ე მუხლით დადგენილია, რომ “გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ასევე განსაზღვრულია, რომ ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის“ (მუხლი 488.1); „ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე“ (მუხლი 488.2);

30.5. ნასყიდობის სამართლებრივ ურთიერთობაში სსკ-ის 495-ე მუხლის ადგენს, რომ „1. თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი; თუკი იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება. 2. თუ გამყიდველი შეგნებულად დუმდა ნივთის ნაკლზე, მაშინ მას არ შეუძლია დაეყრდნოს ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლებას“. დუმილი ეს არის შეგნებული, კეთილსინდისიერების პრინციპის საწინააღმდეგო შეუტყობინებლობა, კერძოდ, შეგნებული დუმილი გულისხმობს გამყიდველის მიერ მყიდველის შეცდომაში შეყვანას (ნაკლის დამალვას) იმ ვარაუდით, რომ მყიდველი ნაკლს ვერ აღმოაჩენს, თუმცა, რომ აღმოეჩინა პრეტენზიას წარადგენდა (იხ. ს. ჩაჩავა, სსკ-ის კომენტარი, მუხლი 495, ელ.მისამართი - g.t.ge; შეად. სუსგ-ას N ას-116-2021, 26.12.2022წ.). ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ნაკლიანი შესრულებიდან გამომდინარე მეორად მოთხოვნებთან მიმართებით განსხვავებულ მოწესრიგებას გვთავაზობს მეწარმე სუბიექტების შემთხვევაში. ამასთან, აღნიშნული ნორმის გამოყენება შესაძლებელია არა მხოლოდ მაშინ, როდესაც გარიგების ერთ-ერთი ან ორივე მხარე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სუბიექტია, არამედ - მაშინაც, როდესაც ნივთის შეძენას სამეწარმეო მიზანი გააჩნია. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის განმარტებისას მხარის სტატუსს განსაზღვრავს სწორედ მის მიერ დადებული ხელშეკრულების მიზანი (იხ. სუსგ-ები: N ას-486-467-2016, 8.06.2017 წ; N ას-883-2021, 9.12.2021წ.). მეწარმე სუბიექტის მიერ ნივთის დაუყოვნებლივ შემოწმებისა და ნაკლის აღმოჩენიდან გონივრულ ვადაში გამყიდველისთვის პრეტენზიის წარუდგენლობა ართმევს მას ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლებას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „კანონმდებლის მიერ საკითხის მსგავსი მოწესრიგება განპირობებულია იმით, რომ მეწარმე კერძო-სამართლებრივი ურთიერთობებისათვის დამახასიათებელ რისკებს უკეთ აღიქვამს. ის ფაქტი, რომ სამოქალაქო ბრუნვაში მეწარმის მიერ განხორციელებული ქმედება გონივრული და კონსტრუქციული უნდა იყოს, წარმოადგენს პრეზუმფციას, რომელიც, თავისი ბუნებით, იურიდიული ფიქციაა და ამ ვარაუდს არ აუქმებს შემდგომში მეწარმე პირის მიერ გამოჩენილი წინდაუხედაობა. სტატუსი - „სამეწარმეო საზოგადოება“ მოსარჩელეს, როგორც შემძენ მეწარმეს, კანონის ძალით წარმოუშობს ჩვეულებრივ მყიდველთან შედარებით მეტ წინდახედულებას და ნასყიდობის საგნის მახასიათებლების შემოწმებას (იხ. სუსგ-ები: N ას-486-467-2016, 8.06.2017 წ; N ას-883-2021, 9.12.2021წ; N ას-1058-2021, 25.05.2022წ; N ას-956-2020, 3.11.2022წ.).

30.6. სსკ-ის 495-ე მუხლის მიხედვით კანონმდებლობა მეწარმეს ავალებს ნივთის ყიდვისას დაუყოვნებლივ შეამოწმოს იგი ან უზრუნველყოს მისი შემოწმება სიტუაციის შესაბამისად მაქსიმალურად მოკლე დროში. საპასუხო შესრულებისგან მოვალეს სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ათავისუფლებს, თუ ის დაამტკიცებს, რომ მან ნასყიდობის საგანი ვერ მიიღო, ან მიიღო შეთანხმებული ხარისხისგან განსხვებული ხარისხის ან რაოდენობის ნივთი. ამგვარ გარემოებათა არსებობა მოვალეს კრედიტორის მიმართ, ფასის შემცირების, წუნდებული ნივთის ახლით შეცვლის ან ხელშეკრულებიდან გასვლისა და ზიანის ანაზღაურების მეორად სახელშეკრულებო მოთხოვნებს წარმოუშობს, თუმცა მტკიცების ტვირთის განაწილების ფარგლებში სწორედ მოვალის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს საპასუხო შესრულებისგან გათავისუფლების საფუძვლიანობის დადასტურება (იხ. სუსგ N ას-883-2021, 9.12.2021წ.).

31. მოცემულ შემთხვევაში მეორე კასატორის მტკიცების (იხ. წინამდებარე განჩინების 27.3 ქვეპუნქტი) გაზიარების შემთხვევაშიც და იმ დაშვებითაც, რომ ქარხანა დამონტაჟებისთანავე დაიშალა და 2016 წლის 24 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირდა, რომ გამყიდველმა იკისრა ვალდებულება, აენაზღაურებინა პირველადი სამსხვრევის გარემონტებაზე დახარჯული თანხა, რომელსაც გაარემონტებენ რუსთაველი ოსტატები, კონტექსტისაგან ამოგლეჯილად ვერ შეფასდება დასახელებული აქტის ცალკეული წინადადება, რადგან: 1) აქტის მიხედვით გამყიდველმა იკისრა ერთწლიანი საგარანტიო ვალდებულება, რაც სსკ-ის 496-ე მუხლის საფუძველზე წესრიგდება “თუ გამყიდველი ნივთის ვარგისიანობის ვადას განსაზღვრავს, მაშინ ივარაუდება, რომ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი მყიდველს აძლევს მოთხოვნის უფლებას”; 2) საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ „რუსთაველმა“ ან სხვა ოსტატებმა გაარემონტეს ქარხანა. სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილია 2016 წლის 24 თებერვალს, განსაზღვრულია ე.წ. ერთწლიანი საგარანტიო ვადა- 2017 წლის 24 თებერვლის ჩათვლით, შეგებებული სარჩელი კი სსკ-ის 496-ე მუხლით განსაზღვრული ვადის გაშვებით - 2018 წლის 24 ოქტომბერს არის აღძრული, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახელშეკრულებო მოთხოვნის არაჯეროვნად შესრულების გამო, გამყიდველის მიერ სასარჩელო მოთხოვნა იქნა აღძრული მყიდველი საწარმოს წინააღმდეგ, თანაც იმ პირობებში, როდესაც ეს უკანასკნელი ამტკიცებდა, რომ 2016 წლის 27 თებერვლიდან ყოველ სამუშაო დღეზე ფულად ზიანს განიცდის მანამ, სანამ ხელშეკრულების შესაბამისი წარმადობის ქარხანას არ დაუმონტაჟებს გამყიდველი (იხ. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა- ტ.5, ს.ფ. 281; სააპელაციო საჩივარი - ტ.5, ს.ფ. 323; საკასაციო საჩივარი- ტ.6, ს.ფ. 239-240; ასევე- წინამდებარე განჩინების- 10.2.2 და 10.3.4 ქვეპუნქტები).

32. მეორე კასატორის პრეტენზიის ფარგლებში საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების 30.5-30.6 ქვეპუნქტებში მითითებული სამართლებრივი მსჯელობისა და შეფასების გარდა, ასევე მოიხმობს მისსავე განმარტებას იმის შესახებ, რომ ნაკლიანი (არაჯეროვანი) შესრულება არ წარმოშობს ხელშეკრულების სრული თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებას, ასევე, თავის მხრივ, ნივთობრივი ნაკლის არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წინაპირობას არ წარმოშობს, რამდენადაც სსკ-ის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა. ასეთ შემთხვევაში, გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები. სსკ-ის კოდექსის 492-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი (იხ. სუსგ -ები: Nას-596-2020, 29.10.2020 წ; N ას-1371-2021. 18.02.2022წ; N ას-1499-2020, 29.04.2022წ.). ამდენად, მეორე კასატორის შედავება არ იქნა გაზიარებული;

33. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს მეორე კასატორის საკასაციო საჩივარს თავდაპირველი სარჩელის მოპასუხეთაგან რ.მ–ძის, როგორც გამყიდველი საწარმოს წინაშე სოლიდარული თავდების, პასუხისმგებლობის გამორიცხვის შესახებ (იხ. საკასაციო საჩივარი- ტ.6, ს.ფ. 236-238). სსკ-ის 891-ე მუხლის შესაბამისად, „1. თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. 2. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის“, 892.1-ე მუხლის მიხედვით „თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება“, 893-ე მუხლის თანახმად „თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. გარიგებით, რომელსაც ძირითადი მოვალე დადებს თავდებობის აღების შემდეგ, თავდების ვალდებულება არ გაიზრდება და ამ გარიგებით წარმოშობილ ურთიერთობებზე არ გავრცელდება“. სსკ-ის 895-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ „თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა“.

33.1. სსკ-ის 892.1-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, თავდებობის ნამდვილობისათვის სავალდებულოა თავდებობის დოკუმენტში (წერილობით ხელშეკრულებაში, რადგან თავდებობა ფორმასავალდებულო გარიგებაა) თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის განსაზღვრა, შესაბამისად, დამოუკიდებლად წერილობითი განცხადების არსებობა, იმის თაობაზე, რომ პირი მზად არის თავდები გახდეს, სავალდებულო არ არის, რაც სავსებით მართებულად აქვს მითითებული სააპელაციო სასამართლოს საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე (იხ. სუსგ N 3კ--432-02, 7.06.2022წ.) დაყრდნობით (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების 38-ე პუნქტი- ტ.6, ს.ფ.195). მოცემულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ თავდაპირველი მოსარჩელის (გამყიდველის საწარმოს) მიერ აღძრულ სარჩელს მოპასუხე არაკვალიფიციურად შეედავა და რ.მ–ძის თავდებობასთან მიმართებით სადავოდ არაფერი გაუხდია (იხ. შესაგებელი - ტ.1, ს.ფ. 118-125, ასევე- წინამდებარე განჩინების 30.1 ქვეპუნქტი), ამ მიმართებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმაზეც, რომ თავდებ პირის დაცვით მექანიზმს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გარდა, პირდაპირ ადგენს მატერიალური კანონმდებლობა, როდესაც სსკ-ის 899-ე მუხლით განსაზღვრავს თავდების უფლებას შესაგებელზე „1. თავდებს შეუძლია წამოაყენოს ძირითადი მოვალის კუთვნილი შესაგებლები. თუ ძირითადი მოვალე გარდაიცვლება, თავდებს არ შეუძლია მიუთითოს მემკვიდრის შეზღუდულ პასუხისმგებლობაზე. 2. თავდები არ კარგავს შესაგებლის უფლებას იმის გამო,რომ ძირითადმა მოვალემ უარი თქვა მასზე“ (იხ. სუსგ N ას513-490-2016, 21.10.2016წ.).

33.2. მოცემულ შემთხვევაში წერილობით არის გამოვლენილი ნება თავდები პირის მიერ, რომ ის პასუხისმგებელია ძირითადი მოვალის ვალდებულებაზე 224 000 აშშ დოლარის ფარგლებში (თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა), აღსანიშნავია, რომ მხარეებმა მკაფიოდ გამოავლინეს ნება და ხელშეკრულების იმ ნაწილში, რომელიც მათივე შეთანხმებით სახელდებულია შემდეგნაირად: „სამართალი“, წერილობით დააფიქსირეს, რომ შპს „ი–ი“-ს პარტნიორები და რ.მ–ძე კრედიტორის წინაშე წარმოშობილ ვალდებულებებზე პასუხისმგებელნი არიან, როგორც სოლიდარული თავდებები, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებს განიხილავს საქართველოში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლო. მითითებულია ხელშეკრულების ფასი, რომელიც იმავდროულად თავდების პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს და ხელშეკრულება დასრულებულია ხელმოწერებით;

33.3. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილზე ,,გარიგების წერილობითი ფორმით არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა“ მითითებით განმარტავს, რომ ,,ზოგადი წესის თანახმად, წერილობითი გარიგების ნამდვილობა და მისთვის ორმხრივად/მრავალმხრივად მავალდებულებელი ძალის მინიჭება დასტურდება მხარეთა ხელმოწერით (იხ. სსკ-ის 69.3 მუხლი), წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ დოკუმენტში გამოვლენილი ნება არ წარმოადგენს გარიგების არსებითი პირობების თაობაზე მიღწეული შეთანხმების საგანს“ (იხ. სუსგ N ას-839-805-2016, 06.03.2017წ.). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელმოწერას ე.წ. დოკუმენტის დასრულების ფუნქცია აქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ ხელის მომწერი ხელმოწერით ასრულებს თავის ნების გამოვლენას და შინაარსობრივად ადასტურებს მას (შეად. სუსგ-ას N ას-19287-2018, 5.07.2019წ.).

33.4. ამდენად სოლიდარული თავდებობის ნაწილშიც უცვლელად დარჩა სააპელაცო სასამართლოს გადაწყვეტილება, ოღონდ არა იმ დასაბუთებით, როგორც ეს სააპელაციო სასამართლოს აქვს დასაბუთებული, რომ „...თავდებისთვის მოთხოვნილი თანხა არ აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ოდენობას... ასევე, საგულისხმოა, რომ ხელშეკრულების მონაწილე საწარმო უცხოურ საწარმოს წარმოადგენს, რომლისთვისაც ხელშეკრულების ფარგლებში თავდებობის გაცხადება აღქმულია კანონით განსაზღვრული ფორმის დაცვით პასუხისმგებლობის კისრებად (იხ. წინამდებარე განჩინების 11.27.2 ქვეპუნქტი, ასევე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების 38-ე პუნქტი- ტ.6, ს.ფ. 138), არამედ წინამდებარე განჩინების 33.1-33.2 ქვეპუნქტებში ასახული ფაქტობრივ-სამართლებრივი მოტივაციით. აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემობაც, რომ თურქეთის ვალდებულებითი სამართალი ქართული ნორმების ანალოგიურად აწესრიგებს თავდებობის საკითხს (583-ე და მორიგი მუხლები- Revised Rules of Turkish Code of Obligations on Formal Requirements of Contract of Surety ; < https://dergipark.org.tr/tr/download/article-file/853216 >)

34. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ მოთხოვნის საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა და მხარის მიერ სარჩელის დამფუძნებელ ნორმად კანონის ამა თუ იმ დანაწესის მითითება არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლოსათვის ხელისშემშლელი, ამგვარი მიდგომა გამომდინარეობს სამართალში დამკვიდრებული პრინციპიდან: „jura novit curia“ (სასამართლომ იცის კანონი). მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ინდივიდუალურად და მტკიცებულებათა ერთობლივად შეფასების გზით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრების არსებითად განხილვის შედეგად, არ დაკმაყოფილდა საკასაციო მოთხოვნები და უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლის "გ" ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ი–ის" და შპს "ო.მ.ი.მ.ს.თ–ის" საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე