Facebook Twitter

საქმე №ას-469-2023 14 ივლისი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ი.ბ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი.ბ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრედ აღრიცხვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი.ბ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი უძრავი ქონების მესაკუთრედ აღრიცხვის თაობაზე, ი.ბ–ძის (შემდეგში: მოპასუხე) წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. შესაბამისად, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის უარყოფის შესახებ.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მოსარჩელის მშობლები, მ.ბ–ძე და კ.ბ–ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1969 წლის 25 ივნისიდან. ქორწინების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი ი.ბ–ძე (განსახილველი დავის მოსარჩელე) და ნ.ბ–ძე;

3.2. აჭარის ა/რ არქივის მასალებით დგინდება, რომ მ.ბ–ძეს და კ.ბ–ძეს შორის მიმდინარე სასამართლო დავა 1982 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით დასრულდა. მხარეთა შორის შეწყდა ქორწინება. გამოეყო მოპასუხე მ.ბ–ძეს ბინა და დაუბრუნდა „ძეწკვი“. აღნიშნული საქმე გაიგზავნა აჭარის უმაღლეს სასამართლოში საკასაციო საჩივრით. საკასაციო სასამართლოს დადგენილებით გადაწყვეტილება დატოვებული იქნა ძალაში (ტ.1, ს.ფ.47-48);

3.3. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 25 ივლისის წერილით და განქორწინების მოწმობით ირკვევა, რომ განქორწინების N41 აქტის რეგისტრაციით, 1982 წლის 15 ივლისს, მ.ბ–ძეს და კ.ბ–ძეს შორის შეწყდა ქორწინება განქორწინებით (ტ.1, ს.ფ.21,63);

3.4. კ.ბ–ძემ 1985 წლის 22 იანვარს იქორწინა გ.ს–ზე. მოპასუხე ი.ბ–ძე არის კ.ბ–ძის და გ.ს–ს შვილი (ტ.1, ს.ფ.89-90);

3.5. მ.ბ–ძე გარდაიცვალა 1998 წლის 17 აგვისტოს, ხოლო კ.ბ–ძე - 2006 წლის 3 ივლისს (ტ.1, ს.ფ.26-27);

3.6. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2018 წლის 21 დეკემბერს, ქ. ბათუმი ........ (ყოფილი ხელვაჩაური, ს. ა–სა) მდებარე, (ს/კ N.....) სადავო უძრავი ქონება-1574 კვ.მ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 254,15 კვ.მ შენობა-ნაგებობები აღირიცხა, მოპასუხისა და მისი აწ გარდაცვლილი დედის - გ.ს–ს თანასაკუთრებად. უფლების დამდგენ დოკუმენტებად მითითებულია ხელვაჩაურის არქივის წერილი N01-20/2883, ბრძანება N122, დამოწმების თარიღი 17/12/2018; ბრძანება N122, დამოწმების თარიღი 17/12/2018 და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი N0000100 დამოწმების თარიღი 11/12/2018 (ტ.1,ს.ფ.176-177);

3.7. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2012 წლის 4 აპრილიდან, ნ.ბ–ძის საკუთრებაში რეგისტრირებულია ქ. ბათუმში, ...... მდებარე, 1177 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული 387,67 კვ.მ ფართის საცხოვრებელი სახლი (ტ.1, ს.ფ.54-55);

3.8. სადავო არ არის ის ფაქტი, რომ ქ. ბათუმში, ...ში მდებარე, ნ.ბ–ძის და ქ. ბათუმში, ....... მდებარე, წინამდებარე დავის მოპასუხის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლები ერთიანი გადახურვის ქვეშ არის მოქცეული, ხოლო მიწის ნაკვეთები გამოყოფილია ღობით და ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი შესასვლელები აქვთ;

3.9. ხელვაჩაურის არქივის 2017 წლის 2 ივნისის ცნობითა და საკომლო წიგნის ჩანაწერებით დგინდება, რომ მოდავე მხარეების მამის - კ.ბ–ძის მუშა/მოსამსახურის კომლს, 1982 წლამდე (მ.ბ–ძესთან განქორწინებამდე) სარგებლობაში აწერია 0.06 ჰა მიწა და 110 კვ.მ საერთო სარგებლობის ფართის საცხოვრებელი სახლი, რომელიც აგებულია 1968 წელს, ხოლო 1983-2006 წლებში (მ.ბ–ძესთან განქორწინების შემდეგ)- 0.16 ჰა. მიწა, და საცხოვრებელი სახლი (ტ.1, ს.ფ.39, 42-43). ამასთან, საკომლო წიგნის ჩანაწერების მიხედვით, 1987 წლიდან წინამდებარე დავის მოსარჩელე (აპელანტი) გადასულია დედასთან (ტ.1,ს.ფ.44);

3.10. ნ.ბ–ძემ, როგორც მ. და კ.ბ–ძის პირველი რიგის მემკვიდრემ, მშობლების სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, 2018 წლის 16 ივლისის შეთანხმებით, სრულად დაუთმო მეორე მემკვიდრეს- წინამდებარე დავის მოსარჩელეს (ტ.1, ს.ფ.129-130);

3.11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 11 ნოემბრის საოქმო განჩინებით, მოპასუხე გ.ს–ს გარდაცვალების გამო (გარდაცვალების მოწმობა ს.ფ. 267), მის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა პირველი რიგის მემკვიდრე შვილი- ი.ბ–ძე (სამკვიდრო მოწმობა ს.ფ. 266), რომელიც წინამდებარე დავის მოპასუხეა და გაგრძელდა საქმის განხილვა საერთო წესით;

3.12.საქმეში განთავსებულია მტკიცებულება-ხელვაჩაურის რაიონში, მოსარჩელის (აპელანტის) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის საპროექტო გენ-გეგმა (ს.ფ.150), რომლის შედგენის თარიღად დაფიქსირებულია 1987 წელი.

3.13. ზემოხსენებულ დავაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ, 2022 წლის 4 ნოემბერს ქ. ბათუმში, ....... (ყოფილი ხელვაჩაური, სოფელი .......) მდებარე სადავო საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ადგილის დათვალიერების დროს, საცხოვრებელი სახლის 1987 წლის საპროექტო გენ-გეგმასთან (ს.ფ.150) დაკავშირებით კონსულტაციის გასაწევად მოწვეულმა სპეციალისტმა განმარტა, რომ წარმოდგენილ გეგმა-ნახაზზე (ს.ფ.150) არსებული ნაგებობა ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, მთლიანად მოიცავს მოპასუხე მხარის საცხოვრებელ ფართს, რომელიც იმავე გაბარიტულ ზომებშია და შიდა განლაგება არაა გადაკეთებული, რაც ნახაზზეა, ასევე მოიცავს ნ.ბ–ძის საცხოვრებელი სახლის ნაწილს, რომელიც გეგმა-ნახაზზე არსებული მინაშენის შესაბამისია, კერძოდ მოიცავს ნახაზზე არსებულ ავტოფარეხს, მის თავზე განთავსებული ოთახებით (საძინებელი, სამზარეულო) და აივნით, თუმცა დღეისათვის ნ.ბ–ძის ნაწილში განხორციელებულია რეკონსტრუქცია/მიშენება, რამაც განაპირობა ოთახების გაბარიტების ცვლილება (იხ. ადგილის დათვალიერების ოქმი).

4.მხარეთა შორის სადავოა მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებულ ქონებაზე, როგორც მშობლების სამკვიდროზე, მოსარჩელის (აპელანტის) მესაკუთრედ ცნობა.

5. სააპელაციო პრეტენზიის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს შემდეგი საკითხების დადგენა:

5.1. ქ. ბათუმში, ...... (ყოფილი ხელვაჩაური, სოფელი .....) მდებარე, ამჟამად მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების (საცხოვრებელი სახლის) ნაწილი ეკუთვნოდა, თუ არა მოსარჩელის დედას - მ.ბ–ძეს, რომლის სამკვიდროც მიღებული აქვს მოსარჩელეს (აპელანტს);

5.2. მიიღო თუ არა მოსარჩელემ (აპელანტმა) კანონით დადგენილ ვადაში მამის-კ.ბ–ძის სამკვიდრო; ასეთის დადასტურების შემთხვევაში, ქ. ბათუმში, ...... მდებარე უძრავი ქონების რა ნაწილზე წარმოეშვა აპელანტს მემკვიდრეობით საკუთრების უფლება.

6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1319-1320-ე, 1421-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების ასევე, 1433-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

7. სამკვიდროს მიღება, სამართლებრივი ბუნებით, ცალმხრივი გარიგებაა. იგი ისეთი იურიდიული მოქმედებაა, რომელიც გამოხატავს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას - გახდეს სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. სამკვიდროს მიღება შესაძლებელია ორი საშუალებით: მემკვიდრის მიერ სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით და სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით. პირველ შემთხვევაში, სამკვიდროს მიღება შეიძლება გამოიხატოს მემკვიდრის ერთადერთი მოქმედებით-სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით. ქონების ფაქტობრივი ფლობა და მართვა კი შეიძლება სხვადასხვა გზით განხორცილდეს (მაგალითად: მემკვიდრის ცხოვრებით მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში; მამკვიდრებლის ნივთების თავისთან გადატანით; სამკვიდრო ქონების მოვლა-პატრონობით; მამკვიდრებლის კუთვნილი ფასიანი ქაღალდებისა და საბანკო ბარათების დაუფლებით; სამკვიდროს გახსნის შემდეგ სამკვიდრო ქონებაზე გადასახადების გადახდით; სამკვიდრო ქონების გაქირავებით ან უკვე გაქირავებული ქონებიდან ქირის მიღებით და სხვა).

8. სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, მხარის მოთხოვნების საფუძვლიანობის გარკვევის მიზნით სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით (შემდეგში: სსსკ) გათვალისწინებული მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებით ასევე, მატერიალური ნორმით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება მხარეებს აკისრიათ, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნას აღნიშნულ გარემოებებს აფუძნებენ. საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული, დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები.

9.განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს ვალდებულებაა შემდეგი გარემოებების დამტკიცება: 1) მ.ბ–ძემ და კ.ბ–ძემ ერთობლივი თანაცხოვრების დროს (1982 წლამდე) საცხოვრებელი სახლი მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს და მისი ფართი 110 კვ.მ-დან გაიზარდა 254,15 კვმ-დე, რაზედაც მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშვა; 2) მ.ბ–ძეს განქორწინების შემდეგ მიეკუთვნა/გამოეყო ამჟამად, მოპასუხის საკუთრებაში არსებული 254,15 კვმ საცხოვრებელი სახლიდან ბინა, სადაც ცხოვრობდა გარდაცვალებამდე; 3) მოსარჩელე (აპელანტი), როგორც მ.ბ–ძის თანმყოფი მემკვიდრე, ასევე ფაქტობრივად დაეუფლა მამის - კ.ბ–ძის სამკვიდროს და 4) მშობლების სამკვიდროს დაუფლებით მოსაჩელე (აპელანტი) გახდა ქ. ბათუმში, ...... მდებარე უძრავი ქონების ¾ ნაწილის თანამესაკუთრე.

10. კანონი სასამართლოს ავალდებულებს, მტკიცებულებები შეაფასოს თავისი შინაგანი რწმენით და ეს რწმენა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას (სსსკ-ის 105.2 მუხლი). სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ (აპელანტმა) მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოებები ვერ დაადასტურა, ხოლო საქმეში განთავსებული მტკიცებულებების შეფასებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოებები გამოვლინდა.

10.1. 1982 წელს, მ.ბ–ძესთან განქორწინების დროს, კ.ბ–ძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი იყო 110 კვ.მ, რაც 1987 წელს, მოსარჩელის (აპელანტის) მიერ დედასთან საცხოვრებლად გადასვლის დროს და საქმეში განთავსებული გეგმა-ნახაზის (ს.ფ.150) შედგენის დროსაც არ იყო გაზრდილი და მით უფრო, იმ მდგომარეობაში, როგორიც დღესაა;

10.2. 1982 წლის სასამართლო გადაწყვეტილებით მ.ბ–ძისთვის (მოსარჩელის/აპელანტის დედისთვის) გამოყოფილ/მიკუთვნებულ ფართს მ.ბ–ძის გარდაცვალების დროისთვის და ამჟამადაც მოიცავს, ქ. ბათუმში, ...... მდებარე, მხოლოდ ნ.ბ–ძის საკუთრებაში რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლი, რომელსაც ქ. ბათუმში, ....... მდებარე მოპასუხის კუთვნილ საცხოვრებელ სახლთან, მხოლოდ ერთიანი გადახურვა აკავშირებს;

10.3. მ.ბ–ძესთან (დედასთან) თანაცხოვრებით, მოსარჩელე (აპელანტი) ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა, მხოლოდ დედის სამკვიდროს, რაც კ.ბ–ძის ქონებიდან 1982 წელს იყო გამოყოფილი და ამჟამად, მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების-საცხოვრებელი სახლის რაიმე ნაწილს არ მოიცავს.

11. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოთ მითითებული გარემოებები საკმარისია იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელე (აპელანტი) დაეუფლა, მხოლოდ დედის სამკვიდროს, რაც გამორიცხავს ქ. ბათუმში, ...... მდებარე, მოპასუხის კუთვნილი ქონებიდან, როგორც კ.ბ–ძისა და მ.ბ–ძის სამკვიდროდან, ¾ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობას, რაც მოთხოვნილია სააპელაციო საჩივრით.

12. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნული გარემოება კი, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

13.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

13.2. კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზიები მისივე სააპელაციო საჩივრის იდენტურია და საკასაციო განაცხადი იმას ეფუძნება, რომ:

13.2.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ კ.ბ–ძის მიწის ნაკვეთი 1600 კვ.მ ნაცვლად 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი აწერია, არა 1983 წლიდან ე.ი. განქორწინების დღიდან, მაშინ როცა სასამართლოში წარდგენილ საკომლო ამონაწერში პირდაპირ მითითებულია, რომ კ.ბ–ძეს 1982 წლის 1 იანვრიდან აწერია 1600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი;

13.2.2. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილად არის მიჩნეული, რომ საცხოვრებელი სახლის ფართი გაზრდილია კ.ბ–ძის და მ.ბ–ძის განქორწინების შემდეგ, რაც არასწორია. ისინი ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1967 წლიდან 1982 წლის ჩათვლით. საცხოვრებელი სახლის აშენების თარიღად მითითებულია 1988 წელი, რაც იმას ადასტურებს, რომ სახლის მშენებლობის დროს ისინი ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდნენ;

13.2.3. საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და რეკონსტრუქცია (გადიდება, დაშენება, მიშენება) მოხდა მათი რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, რაც დაადასტურეს როგორც მოსარჩელემ, ისე საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა. ამასთან, საქმეში განთავსებულ საკომლო ამონაწერში 1980-1982 წლეებში საცხოვრებელი სახლის ფართად მითითებულია არა 110 კვ.მ, არამედ - 200 კვ.მ ფართი. გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულია, რომ 1982 წელს, კ.ბ–ძესა და მ.ბ–ძეს შორის შეწყდა ქორწინება და გამოეყო ბინა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მ.ბ–ძე შვილებთან ერთად ცხოვრობდა გამოყოფილ ფართში. ვინაიდან, ისაკ და ნ.ბ–ძეები დედასთან ერთად ცხოვრობდნენ სადავო საცხოვრებელ სახლში, დასტურდება, რომ ფაქტობრივი ფლობით მიიღეს, როგორც დედის, ისე მამის ქონება. 2008 წელს სახლის გამოყოფის შემდეგ, ნ.ბ–ძე ოჯახთან ერთად ცალკე გადავიდა, კასატორი კი მამისეულ სახლში დარჩა. სასამართლოს დასკვნა, რომ არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ მამის სამკვიდროს დაუფლება-არასწორია (იხ. საკასაციო საჩივარი- ტ.2, ს.ფ. 180-192).

13.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით და გასაჩივრებული განჩინება სავსებით შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებსა და არსებულ სასამართლო პრაქტიკას (იხ. სუსგ-ები: N ას-516-2021, 30.11.2021წ; N ას-1273-2020, 18.02.2021წ.).

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა საკვლევი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების 5.1-5.2 ქვეპუნქტები) და მოსარჩელის მიერ დასამტკიცებელი გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტი), შესაბამისად, სავსებით სწორად იხელმძღვანელა 1997 წლის სამოქალაქო კოდექსით და სამემკვიდრეო ნორმების საფუძველზე დაადგინა, რომ მოსარჩელე, როგორც კანონისმიერი მემკვიდრე, დაეუფლა მხოლოდ დედის სამკვიდროს, რაც გამორიცხავს ქ. ბათუმში, ....... მდებარე, მოპასუხის კუთვნილი ქონებიდან, როგორც კ.ბ–ძისა და მ.ბ–ძის სამკვიდროდან, ¾ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობას, რაც სარჩელით არის მოთხოვნილი. წინამდებარე განჩინების 10.1-10.3 ქვეპუნქტებში მითითებული გარემოებები დადგენილია მხარეთა დისპოზიციურობის, შეჯიბრებითობისა და კანონის წინაშე თანასწორობის საფუძველზე. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი გარემოებების გასაბათილებლად კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი სამართლებრივად ვარგისი ფაქტობრივი გარემოებები და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები. დადგენილია და სადავო არაა, რომ 1982 წლის სასამართლო გადაწყვეტილებით მ.ბ–ძისთვის (კასატორის დედისთვის) გამოყოფილ/მიკუთვნებულ ფართს მ.ბ–ძის გარდაცვალების დროისთვის და ამჟამადაც მოიცავს, ქ. ბათუმში, ....... მდებარე, მხოლოდ ნ.ბ–ძის საკუთრებაში რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლი, რომელსაც ქ. ბათუმში, .......... მდებარე მოპასუხის კუთვნილ საცხოვრებელ სახლთან, მხოლოდ ერთიანი გადახურვა აკავშირებს. ნ.ბ–ძე მოსარჩელის ძმაა, რომელმაც, თავის მხრივ, როგორც მ. და კ.ბ–ძის პირველი რიგის მემკვიდრემ, მშობლების სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, 2018 წლის 16 ივლისის შეთანხმებით, სრულად დაუთმო მეორე მემკვიდრეს- წინამდებარე დავის მოსარჩელეს. 1982 წელს, მ.ბ–ძესთან განქორწინების დროს, კ.ბ–ძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი იყო 110 კვ.მ, რაც 1987 წელს, მოსარჩელის (კასატორის) მიერ დედასთან საცხოვრებლად გადასვლის დროს და საქმეში განთავსებული გეგმა-ნახაზის შედგენის დროსაც არ იყო გაზრდილი და მით უფრო, იმ მდგომარეობაში, როგორიც დღესაა; მ.ბ–ძესთან (დედასთან) თანაცხოვრებით, მოსარჩელე (კასატორი) ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა, მხოლოდ დედის სამკვიდროს, რაც კ.ბ–ძის ქონებიდან 1982 წელს იყო გამოყოფილი და ამჟამად, მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების-საცხოვრებელი სახლის რაიმე ნაწილს არ მოიცავს.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ თავისი მატერიალური უფლების სასამართლო წესით რეალიზაციის გზაზე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ საპროცესოსამართლებრივი უფლებების ეფექტურ და კანონიერ გამოყენებას, რომელიც მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ საპროცესო უფლებების განკარგვას გულისხმობს. მოსამართლის მიერ ამა თუ იმ კონკრეტული სამართალურთიერთობის შესწავლისა და კვლევის პროცესში განუზომლად დიდია თავად მხარეთა როლი, რომელთაც კანონის წინაშე თანასწორობის საწყისებზე, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით უნდა წარადგინონ სასარჩელო მოთხოვნა და მისი საპასუხო შესაგებელი. საპროცესო უფლების განკარგვის დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებების ზედმიწევნით მითითება და შესატყვისი მტკიცებულებების წარდგენა, არამედ, ასევე იმ სამართლებრივი შედეგის სწორად განსაზღვრაც, რისი მიღწევაც მხარეებს სურთ. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას-144-136-2017, 23.07.2020წ;

18. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მართებული გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. ის გარემოება, რომელიც უნდა დაამტკიცოს მხარემ დამოკიდებულია სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მოძიებაზე და მისი დეფინიციით განსაზღვრული წინაპირობების შესრულებაზე, რაც უნდა შემოწმდეს, ერთი მხრივ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა (შესატყვისი მტკიცებულებების მიხედვით) და მის პასუხად შესაგებელში წარდგენილი გამაქარწყლებელი მტკიცების ურთიერთშეპირისპირებისა და გაანალიზების შედეგად. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში;

19. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთების გაბათილების კუთხით კასატორის მიერ არ არის წამოყენებული დასაშვები დასაბუთებული საკასაციიო პრეტენზია, რაც საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის მიზნით დაუშვებლად ცნობის საფუძველია და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

20. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური