საქმე №ას-774-2023 12 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–სი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ–სის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ პირგასამტეხლოს - 125 460 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 4 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №69 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, გაეწია მოსარჩელის ბალანსზე რიცხული „TOYOTA-სა“ და „LEXUS-ის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება, კერძოდ, მათი შეკეთება პრეისკურანტით გათვალისწინებული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გამოყენებით.
3. ხელშეკრულების 3.2.3 პუნქტის თანახმად, აგრეგატისათვის მომსახურების გაწევის ვადად განისაზღვრა არაუმეტეს 8 კალენდარული დღე.
4. ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო შესრულების ვადაგადაცილებისათვის და მისი ოდენობამ შეადგინა ხელშეკრულების ღირებულების 0,15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5. 2020 წლის 8 მაისს, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA HILUX“, სახელმწიფო №........, შემოწმება-შეკეთების მიზნით, შევიდა მოპასუხის სერვისცენტრში, სადაც დაუდგინდა საწვავი სისტემის დაზიანება. ამავე დღეს მხარეთა შორის შედგა დეფექტური აქტი. ხელშეკრულების 3.2.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო, 2020 წლის 8 მაისიდან მომსახურება გაეწია 8 კალენდარულ დღეში - არაუგვიანეს 2020 წლის 16 მაისისა. შეთანხმებული მომსახურება გაწეულ იქნა 2020 წლის 6 აგვისტოს - 82 კალენდარული დღის დაგვიანებით.
6. ხელშეკრულების 9.3. პუნქტის საფუძველზე, ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 125 460 ლარი, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
მოპასუხის პოზიცია:
7. მოპასუხემ სარჩელი 188.36 ლარის მოთხოვნის ნაწილში ცნო, ხოლო დანარჩენ ნაწილში მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. მოსარჩელემ არასწორად დაიანგარიშა შესრულების ვადაგადაცილების პერიოდი. შემკვეთს შეთანხმებული მომსახურება უნდა მიეღო არა 2020 წლის 16 მაისს, არამედ 2020 წლის 25 ივნისს.
9. მხარეთა შორის გაფორმებული დეფექტური აქტის თანახმად, ავტომანქანას ესაჭიროებოდა 10 ერთეული ნაწილის შეცვლა და 13 ერთეული პოზიციის მომსახურების გაწევა. აღნიშნულიდან მე-8 და მე-10 პოზიციები და მათზე გასაწევი მომსახურება ხელშეკრულებაზე თანდართული პრეისკურანტით არ იყო გათვალისწინებული, რის გამოც 2020 წლის 25 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება. ხელშეკრულების 3.2.5 პუნქტის შესაბამისად, შესრულებისათვის გათვალისწინებული 15-დღიანი ვადის გათვალისწინებით, ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობამ შეადგინა 26 დღე და არა 82 დღე, როგორც ამას მოსარჩელე მიუთითებს.
10. მოსარჩელემ არასწორად დაიანგარიშა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის დაკვეთის საფუძველზე მოპასუხის მიერ განხორციელებული სამუშაოს საფასური შეადგენს 4 651 ლარს, მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 188.36 ლარის გადახდა, დანარჩენს ნაწილში კი სასარჩელო მოთხოვნას ეთქვა უარი, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 4 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №69 ხელშეკრულება. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული „TOYOTA-სა“ და „LEXUS-ის“ მარკის სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება, აღნიშნულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტით გათვალისწინებული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გამოყენებით.
14. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 1 020 000 ლარს და იგი ძალაში იყო 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
15. ხელშეკრულების 3.2.3. პუნქტის თანახმად, აგრეგატისათვის მომსახურების გაწევის ვადად განისაზღვრა არაუმეტეს 8 კალენდარული დღე, ხოლო 3.2.5 ქვეპუნქტის თანახმად, ხანგრძლივი მომსახურების (ძრავა, ხიდი, სიჩქარეთა კოლოფი) გაწევისთვის - არაუმეტეს 15 კალენდარული დღე.
16. ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს შესრულების ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
17. 2020 წლის 8 მაისს შემსყიდველის (მოსარჩელის) მოთხოვნის შესაბამისად, სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA HILUX“, სახელმწიფო №........, შემოწმება-შეკეთების მიზნით, შევიდა მოპასუხის სერვისცენტრში. ამავე დღეს მხარეთა შორის გაფორმებული დეფექტური აქტის თანახმად, ავტომანქანას ესაჭიროებოდა 10 ერთეული ნაწილის შეცვლა. აღნიშნული პოზიციებიდან მე-8 (ძრავის ვანუსიანი კბილანა), მე-9 (ძრავის მუხლა ლილვის კბილანა) და მე-10 (ძრავის მუხლა ლილვის გადამცემი კბილანა) ნაწილები და მათზე გასაწევი მომსახურება ხელშეკრულებაზე თანდართული პრეისკურანტით გათვალისწინებული არ იყო, რის გამოც 2020 წლის 25 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №69 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ და შეთანხმებით პრეისკურანტს დაემატა მე-8, მე-9 და მე-10 ნაწილები.
18. ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება დასრულდა 2020 წლის 6 აგვისტოს.
19. საქმეში წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთების ღირებულებამ შეადგინა 4 651 ლარი.
20. სააპელაციო პალატის განმარტებით, მხარეთა შორის სადავოა ვალდებულების წარმოშობის თარიღი, შესრულების ვადა და შეთანხმებული პირგასამტეხლოს თანაზომიერება.
21. მოსარჩელის მოსაზრებით, შესრულების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ავტოსატრანსპორტო საშუალების („TOYOTA HILUX“, სახელმწიფო №........) სერვისცენტრში წარდგენის მომენტიდან - 2020 წლის 8 მაისიდან, ხოლო მოპასუხე მიიჩნევს, რომ შესრულების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2020 წლის 25 ივნისს, ვინაიდან ამ დრომდე ხელშეკრულება (პრეისკურანტი) ყველა შესაკეთებელი ნაწილის მომსახურებაზე შეთანხმებას არ ითვალისწინებდა.
22. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე მიიჩნია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების „TOYOTA HILUX-ის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმების გაფორმების მომენტიდან - 2020 წლის 25 ივნისიდან.
23. სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ მხარეთა შორის სერვისცენტრში ავტომანქანის წარდგენის დღეს შედგა დეფექტური აქტი, რომელიც შეიცავდა შესაცვლელი ნაწილების და მათზე გასაწევი მომსახურების ერთიან სიას. ავტომანქანის წარდგენის დღისთვის, ამ სიიდან ნაწილი პოზიციების შეცვლა/შეკეთება მხარეთა შორის ხელშეკრულებით არ იყო შეთანხმებული. მხარეებმა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, 2020 წლის 25 ივნისის შეთანხმებით ხელშეკრულების პრეისკურანტში შეიტანეს ცვლილება და დაამატეს ის ნაწილები, რომელთა შეცვლა-შეკეთებაც აუცილებელი იყო ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA HILUX-თან“ მიმართებით.
24. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ნაწილები, რომლებიც, 2020 წლის 8 მაისის დეფექტური აქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA HILUX-ზე“ იყო შესაცვლელი და რომლებიც 2020 წლის 25 ივნისამდე არ შედიოდა პრეისკურანტში, იყო ძრავის ვანუსიანი კბილანა, ძრავის მუხლა ლილვის კბილანა და ძრავის მუხლა ლილვის გადამცემი კბილანა.
25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 52-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა და მხარეთა შორის 2020 წლის 8 მაისს გაფორმებული დეფექტური აქტის გონივრული განსჯის შედეგად მიიჩნია, რომ შესაკეთებლად წარდგენილი ავტომანქანის ძრავის ნაკლი უნდა გამოსწორებულიყო სრულად. აღნიშნულის საპირისპიროდ მოსარჩელეს არ მიუთითებია, თუ რა გონივრული ინტერესი არსებობდა ვალდებულების ნაწილობრივი შესრულების მიმართ. პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან შესასრულებელი იყო ერთიანი სამუშაო და ამ სამუშაოს ყველა შემადგენელი კომპონენტის შესრულების ვალდებულება მოვალემ იკისრა მხოლოდ 2020 წლის 25 ივნისის მდგომარეობით, ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა 2020 წლის 8 მაისს (ავტომანქანის სერვისცენტრში წარდგენის დღეს), არამედ 2020 წლის 25 ივნისს (მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში სადავო მომსახურების გათვალისწინების მომენტიდან).
26. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ მოპასუხეს ვალდებულება არაუმეტეს 8 კალენდარული დღის ვადაში უნდა შეესრულებინა.
27. ხელშეკრულების 3.2.5. პუნქტის თანახმად, ხანგრძლივი მომსახურების (ძრავი, ხიდი, სიჩქარეთა კოლოფი) ვადა შეადგენს არაუმეტეს 15 კალენდარულ დღეს.
28. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა და მიიჩნია, რომ ვინაიდან შესასრულებელი იყო ერთიანი სამუშაო და ამ სამუშაოდან ნაწილი უკავშირდებოდა ავტომანქანის ძრავას, გასაწევი მომსახურება უნდა შეფასდეს ხანგრძლივ მომსახურებად, რომლისთვისაც ხელშეკრულების 3.2.5. პუნქტით განსაზღვრული იყო 15 კალენდარული დღე.
29. შესაბამისად, ვალდებულების შესრულების ბოლო ვადა იყო 2020 წლის 10 ივლისი. ვალდებულება ფაქტობრივად შესრულდა 2020 წლის 6 აგვისტოს, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ შესრულების ვადაგადაცილებამ, ჯამში, 27 დღე შეადგინა.
30. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, მოპასუხეს წარმოეშვა 41 310 ლარის გადახდის ვალდებულება.
31. ხელშეკრულების თანახმად, შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების (1 020 000 ლარის) 0.15%-ს. ვადაგადაცილებული დღეების (27 დღე) გათვალისწინებით კი, შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა 41 310 ლარს შეადგენს (1 020 000 ლარი * 0.15% * 27 დღე).
32. სსკ-ის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
33. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
34. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგნია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
35. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსის მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას, საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინებაში საქმე №ას-318-301-2017).
36. სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე იგი ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ხარისხი და სხვა. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
37. საკასაციო სასამართლომ არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება, და რაც მთავარია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ.“ (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 2017 წლის 27 იანვარის განჩინება; №ას-1199-1127-2015, 2016 წლის 13 აპრილის განჩინება; №ას-222-209-2015, 2015 წელი 6 მაისის განჩინება).
38. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულების თანახმად, შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო შეადგენდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების (1 020 000 ლარი) 0.15%-ს. ვადაგადაცილებული დღეების (27 დღე) გათვალისწინებით კი, შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობამ 41 310 ლარი შეადგინა.
39. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 4 651 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულების 27 დღით გადაცილებისათვის 41 310 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს მოთხოვნა, რომელიც ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან დაანგარიშდა, სახელშეკრულებო ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების კომპენსირებისათვის ადეკვატურ და გონივრულ ოდენობას არ წარმოადგენს, მით უფრო, ვალდებულების დარღვევის ხასიათის, დროში განგრძობადობისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით.
40. სააპელაციო პალატამ მიუთითა მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, პირგასამტეხლოს, როგორც მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, ვინაიდან სამუშაოთა ნაწილის ვადის დარღვევით შეუსრულებლობა ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. იგი, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას და, მეორე მხრივ, მოვალეს უკვე შესრულებული ვალდებულების ნაწილში აკისრებს პასუხისმგებლობას. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებულ უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. საქმე №ას-164-160-2016, 2016 წლის 28 ივლისის განჩინება, №ას-581-2019, 2019 წლის 31 ივლისის განჩინება).
41. განსახილველ შემთხვევაში, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესის გათვალისწინებით, ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს ვალდებულების შეუსრულებლობით რაიმე სახის ზიანი არ მიუღია (მოსარჩელე არ მიუთითებს ასეთ გარემოებაზე), ხოლო შესრულებული სამუშაოს ღირებულება 4 651 ლარს შეადგენდა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო - 41 310 ლარი, არაგონივრულია და სცდება სსკ-ის 8.3-ე მუხლით დადგენილ ქცევის სტანდარტს (სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები).
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნია, რომ არსებობს შეთანხმებული პირგასამტეხლოს, როგორც შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის, შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა (ვადაგადაცილებით შესრულებელი ვალდებულების - 4 651 ლარის 0.15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის (ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების 27 დღის ვადაგადაცილებით მიწოდებისათვის) გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება მოპასუხის მიერ დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის პრეტენზია საფუძველს მოკლებულია და უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
43. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
44. კასატორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხემ სარწმუნოდ ვერ დაადასტურა, თუ რას ეფუძნებოდა მისი მოთხოვნა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ. მითითებული კუთხით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას შემდეგ საქმეებზე №ას-889-2022, №ას-1220-1480-09, №ას-1633-2019, №ას-896-846-2015, №ას-888-2020, №ას-174-2020.
45. კასატორმა აღნიშნა, რომ სადავო პირგასამტეხლოს ოდენობა მხარეებმა დაადგინეს ნების ავტონომიის პრინციპის შესაბამისად.
46. მხარემ მიიჩნია, რომ სსსკ-ის 420-ე მუხლი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნული უნდა განხორციელდეს გონივრულ ფარგლებში, კონკრეტული გარემოებების ურთიერთშეჯერებით. მნიშვნელოვანია, ვალდებულების დროულად შესრულების საჯარო ინტერესი და ის მიზანი, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლოს შემაკავებელი ეფექტი უნდა გააჩნდეს. პირგასამტეხლოს ოდენობის სადავო შემცირება აღნიშნულ ინსტიტუტს აზრს უკარგავს. სააპელაციო პალატას არ უმსჯელია ხელშეკრულების საგნის მნიშვნელობაზე. სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანების გამართული მუშაობა პირდაპირ უკავშირდება მის სწორად ფუნქციონირებას და ნებისმიერი დაყოვნება საფრთხეს უქმის საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას.
47. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
48. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
49. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
50. 2020 წლის 4 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №69 ხელშეკრულება. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტს წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული „TOYOTA-სა“ და „LEXUS-ის“ მარკის სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება, აღნიშნულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტით გათვალისწინებული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გამოყენებით.
51. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 1 020 000 ლარს და იგი ძალაში იყო 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
52. ხელშეკრულების 3.2.3. პუნქტის თანახმად, აგრეგატისათვის მომსახურების გაწევის ვადად განისაზღვრა არაუმეტეს 8 კალენდარული დღე, ხოლო 3.2.5 ქვეპუნქტის თანახმად, ხანგრძლივი მომსახურების (ძრავა, ხიდი, სიჩქარეთა კოლოფი) გაწევისთვის - არაუმეტეს 15 კალენდარული დღე.
53. ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს შესრულების ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების ღირებულების 0,15%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
54. 2020 წლის 8 მაისს შემსყიდველის (მოსარჩელის) მოთხოვნის შესაბამისად, სამინისტროს ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება „TOYOTA HILUX“, სახელმწიფო №........, შემოწმება-შეკეთების მიზნით, შევიდა მოპასუხის სერვისცენტრში. ამავე დღეს მხარეთა შორის გაფორმებული დეფექტური აქტის თანახმად, ავტომანქანას ესაჭიროებოდა 10 ერთეული ნაწილის შეცვლა. აღნიშნული პოზიციებიდან მე-8 (ძრავის ვანუსიანი კბილანა), მე-9 (ძრავის მუხლა ლილვის კბილანა) და მე-10 (ძრავის მუხლა ლილვის გადამცემი კბილანა) ნაწილები და მათზე გასაწევი მომსახურება ხელშეკრულებაზე თანდართული პრეისკურანტით გათვალისწინებული არ იყო, რის გამოც 2020 წლის 25 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №69 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ და შეთანხმებით პრეისკურანტს დაემატა მე-8, მე-9 და მე-10 ნაწილები.
55. ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება დასრულდა 2020 წლის 6 აგვისტოს. შესაბამისად, მოპასუხის მიერ შესრულების ვადაგადაცილებამ, ჯამში 27 დღე შეადგინა.
56. საქმეში წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთების ღირებულებამ შეადგინა 4 651 ლარი.
57. წინამდებარე საკასაციო საჩივრის პრეტენზია შეეხება სააპელაციო პალატის მიერ პირგასამტეხლოს დაანგარიშების წესს. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ ვალდებულების დარღვევისას პირგასამტეხლოს გადახდის პირობები მხარეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრეს, მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპის დაცვით.
58. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
59. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 417-ე მუხლი (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის).
60. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
61. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს პირგასამტეხლოს თავისებურებაზე.
62. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შდრ. სუსგ №ას-1079-2019, 30 სექტემბერი, 2019).
63. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016).
64. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016). პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
65. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
66. პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარღვევის საკითხი წინაწარაა განსაზღვრული, კერძოდ ,ვალდებულების დარღვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენა უნდა იყოს შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26).
67. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, სასჯელს მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ხოლო ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა, როგორც ვალდებულების არაჯეროვნად, არასრულად შესრულება, ასევე მისი შეუსრულებლობაც (შდრ: სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი.) პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, თბილისი, 2010, გვერდი. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს ტაობაზე წერილობითი შეტანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა. იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 93).
68. სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს. (შდრ. ირ. რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი, თანაავტორობით, თბილისი, 2014, გვ. 604, 605.).
69. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.
70. იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირიადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია (შდრ. Friesecke, in Palandt, BGB Komm., 78 Aufl., 2018., §343, Rn.5). სწორედ დარღვევის მომენტიდან ეკისრება მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და სწორედ ამ მომენტიდან ხდება იგი შესასრულებლად მძიმე ან შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. გარდა ამისა, სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებისათვის აუცილებელ წინაპირობად გვევლინება ის გარემოება, რომ პირგასამტეხლო არ უნდა იყოს უკვე გადახდილი მოვალის მიერ. უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ, გამორიცხულია. აღნიშნული დასკვნის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოვალის მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნას ეფუძნება სწორედ იმას, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო შესასრულებლად მძიმეა მოვალისათვის. იმ შემთხვევაში კი, როდესაც მოვალე ნებაყოფლობით იხდის პირგასამტეხლოს, ამ გადახდით იგი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლო მას შეუსაბამოდ მაღლად არ მიაჩნია (შდრ. სუსგ №ას-1527-2018, 31 იანვარი, 2019 წელი).
71. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულია, შესაბამისად, მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება, არ გამოიყენება კანონით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით.
72. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს, როგორც შესაგებელში, ასევე პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში. ცალკეულ შემთხვევებში ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენომადე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს) (იხ. სუსგ №ას-888-2020, 10 დეკემბერი, 2020).
73. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს ხელშეკრულება წარმოადგენს. საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი და დაცულია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, კერძოდ, სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება კანონს“.
74. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების თავისუფლება მოიცავს ისეთ ორ ძირითად პრინციპს, როგორიცაა ხელშეკრულების დადების თავისუფლება და ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს იმპერატიული ხასიათის ნორმებით. იმპერატიული ხასიათის ნორმები ორ ძირითად მიზანს ემსახურება: ა) მხარეთა მიერ განსაზღვრული პირობები შეიძლება ჩაითვალოს ბათილად, თუ მათი შინაარსი ეწინააღმდეგება სამართლებრივ მართლწესრიგს: ბ) იმპერატიული ნორმები აწესებენ გარკვეულ შეზღუდვებს და უზრუნველყოფენ, რომ ხელშეკრულების დადება კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდეს.
75. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგჯერ თავად ნორმის მიზნიდან გამომდინარე დგინდება მისი იმპერატიული ხასიათი. ნორმისათვის გვერდის ავლას, სწორედ ამ ნორმის მიზანი შეიძლება კრძალავდეს. მაგალითის სახით გამოდგება სსკ-ის 420-ე მუხლი, რომლის თანახმად, „სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო“. აღნიშნული ნორმა იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ აუცილებელია მხარეები გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ.
76. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, შესაძლებელია ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. სასამართლო ასეთ შემთხვევაში ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას ანუ სასამართლოს ამოცანაა მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს, შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე.
77. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგულიხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა საკასაციო სასამართლომ: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-708-662-2017, 11.01.2017 წელი).
78. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.).
79. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (შდრ: სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).
80. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019წ.).
81. პირგასამტეხლოს აქცესორული ბუნება განაპირობებს იმ ფაქტსაც, რომ მისი დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს მოვალის მიერ ვალდებულების ბრალეულად დარღვევა. პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება ან ხელშეკრულება გაუქმდება. პირგასამტეხლოთი ვალდებულების უზრუნველყოფა სულაც არ ცვლის პასუხისმგებლობის საერთო საფუძველს. ამიტომაცაა, რომ თუკი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, მაშინ მას არც პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრება (იხ. ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქლქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 417, თბილისი, 2001, გვ. 489-490; ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 89; სუსგ 31 მაისი, 2022 წ. საქმე №ას-1006-2021, პ.17).
82. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილებები ერთი მხრივ, დასახული მიზნის მიღწევასთან, ხოლო მეორე მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი სამართლებრივი საშუალებების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. კანონის ცალკეული დებულებები გააზრებული უნდა იქნას სხვადასხვა დებულებათა ურთიერთდამოკიდებულებაში. კანონის ინტერპრეტაცია მთლიანობაში წარმოადგენს არგუმენტების შერჩევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელიც ხშირად სხვადასხვა, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ მიზნებზე არის ორიენტირებული. სამართლებრივი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციებზე, რადგან განსხვავებულ, თუნდაც ტიპიურ სიტუაციებში, მიზნები და მათთან დაკავშირებული ინტერესები სხვადასხვა მოცულობითა და კონსტელაციაში გარკვეულ როლს თამაშობენ.
83. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანობის მიღწევის გარდა, სამართლის ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება. ყოველივე ეს მიზანი გათვალისწინებულ უნდა იქნას კანონის ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში. კანონის ინტერპრეტაცია სამართლიან მოწესრიგებასა და ოპტიმალურ დაკმაყოფილებას უნდა იწვევდეს.
84. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხის შესაგებელზე, სადაც მოპასუხე მიუთითებს, მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი, აგრეთვე პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან არ უნდა დაანგარიშდეს (იხ. წინამდებარე განჩინების პ.7-10).
85. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ: სუსგ-ები: №ას-626-2021, 14 ივლისი, 2021 წელი; №ას-1819-2019 19 თებერვალი, 2020; №ას-971-2019, 28.10.2019წ. №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016წ.).
86. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას.
87. კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ დაუპირისპირებია სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობის მიმართ, რომ მხარეთა შორის 2020 წლის 8 მაისს გაფორმებული დეფექტური აქტის შინაარსის შესაბამისად, შესაკეთებლად წარდგენილი ავტომანქანის ძრავის ნაკლი უნდა გამოსწორებულიყო სრულად, ერთიანად შესასრულებელი სამუშაოს სახით. სამუშაოს ყველა შემადგენელი კომპონენტის შესრულების ვალდებულება მოვალემ იკისრა მხოლოდ 2020 წლის 25 ივნისის მდგომარეობით, ამდენად, ვალდებულების შესრულების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა 2020 წლის 8 მაისიდან (ავტომანქანის სერვისცენტრში წარდგენის დღეს), არამედ 2020 წლის 25 ივნისიდან (მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში სადავო მომსახურების გათვალისწინების მომენტიდან). სადავო ნივთების შეკეთება წარმოადგენდა ხანგრძლივ მომსახურებას, რისთვისაც საჭირო იყო ხელშეკრულების 3.2.5. პუნქტით განსაზღვრული იყო 15 კალენდარული დღე. ამდენად, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულება დაყოვნდა 27 დღით. შესრულებული სამუშაოს ღირებულება წარმოადგენდა 4 651 ლარს.
88. აღნიშნულის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მართლზომიერად მიიჩნია, რომ კანონიერია მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება 188.36 ლარის ოდენობით, მოპასუხის მიერ განხორციელებული სამუშაოს ღირებულების - 4 651 ლარის 0,15%-ის ოდენობით, ვინაიდან პირგასატეხლოს გამოანგარიშება ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, ეწინააღმდეგება კანონსა და საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (იხ. სუსგ საქმე №ას-1274-2022, 22 ნოემბერი, 2022 წელი).
89. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
90. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
91. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
92. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
93. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე