Facebook Twitter

საქმე №ას-882-2023 12 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს.კ.ა–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ყ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა.ყ–მა (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სს „ს.კ.ა–ი”-ს (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი) მიმართ, რომელითაც მოითხოვა მოპასუხისათვის 27 000 აშშ დოლარის დაკისრება.

2. სარჩელის საფუძვლად მითითებულია, რომ 2020 წლის 13 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო ავტომანქანის დაზღვევის ხელშეკრულება და გაიცა ავტოტრანსპორტისა და მის მართვასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის პოლისი, რომლითაც დაზღვეულ იქნა ქ.ბ–ის სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება. სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 16 ნოემბრიდან - 2021 წლის 16 ნოემბრამდე. სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 27000 აშშ დოლარით.

3. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების მე-6 პუნქტის თანახმად, დაზღვეული რისკის აღწერილობისა და სადაზღვევო დაფარვის პირობები განისაზღვრა შემდეგნაირად: დაზღვეული ავტოტრანსპორტის დაზიანება ან მთლიანი განადგურება; ავტოსაგზაო შემთხვევით, ხანძრით ან აფეთქებით, სტიქიური უბედურებით, საგნების ვარდნით, დაზღვეული ავტოტრანსპორტის ან მისი რომელიმე ნაწილის დაკარგვა ან დაზიანება ვანდალიზმის შედეგად, ქურდობის, ძარცვის ან ყაჩაღობის შედეგად ან მათი მცდელობის შედეგად.

4. 2021 წლის 14 ნოემბერს, ქ.თბილისში, ........., მე-14 კორპუსის მიმდებარედ არსებულ ავტოფარეხში გაჩენილი ხანძრის შედეგად, განადგურდა ქ.ბ–ის საკუთრებაში არსებული BMW M5-ის მარკის სატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით - ..

5. 2021 წლის 14 ნოემბერს, მზღვეველმა სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზზე დააფიქსირა შეტყობინება სატრანსპორტო საშუალების დაზიანების შესახებ და ასევე წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია.

6. 2021 წლის 14 ნოემბერს გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ქ.ბ–ი ცნობილ იქნა დაზარალებულად.

7. სადაზღვევო კომპანიის მოკვლევით დადგინდა, რომ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების ხარისხისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, იგი უვარგისია ექსპლუატაციისათვის, რაც დადასტურდა შპს ,,ო.მ–ს’’ ჰოლდინგის მიერ 2022 წლის 25 იანვარს შედგენილი N98561045498562 მანქანის დათვალიერების აქტით.

8. მოპასუხის 2022 წლის 11 მარტის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ამ ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკმარისი არ არის მომხდარი შემთხვევის სრულყოფილად განსახილველად და მოითხოვა სისხლის სამართლის საქმის დასრულების შესახებ დადგენილებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების წარდგენა, რომლებიც საფუძვლად დაედო დადგენილებაში ასახული გარემოებების დადგენას, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი დოკუმენტაცია.

9. მოპასუხის 2022 წლის 16 ივნისის წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ არ დგინდება როგორც ხანძრის გამომწვევი უშუალო მიზეზი, ისე ზოგადად შემთხვევის მექანიზმი, რის გამოც, მზღვეველი მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის არსებობა და გადაწყვიტოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის საკითხი.

10. მოსარჩელე მხარის მითითებით, 2021 წლის 14 ნოემბერს, ქ. თბილისში, ........, მე-14 კორპუსის მიმდებარედ არსებულ ავტოფარეხში გაჩენილი ხანძრის მიზეზების დასადგენად აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ამდენად, დაზღვევის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, არ არსებობს სადაზღვევო კომპანიის მიერ მითითებული, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება.

11. მოპასუხემ შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები არ არის საკმარისი მზღვეველის მიერ სადაზღვევო შემთხვევის განსახილველად, რადგან არ არის დასრულებული ხანძრის გაჩენის მიზეზების დასადგენად მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1-ლი დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2021 წლის 14 ნოემბრის ხანძრის შედეგად ზიანის ანაზღაურების სახით, დაეკისრა 27 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

13. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივაცია იმაში მდგომარეობს, რომ ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, არ არსებობდა სადაზღვევო კომპანიის მიერ მითითებული, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება.

14. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის განმარტებით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები არ იყო საკმარისი მზღვეველის მიერ სადაზღვევო შემთხვევის განსახილველად, რადგან არ იყო დასრულებული ხანძრის გაჩენის მიზეზების დასადგენად აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ამ კუთხით, მოპასუხე უთითებდა დაზღვევის პირობების მეოთხე ნაწილის 9.5 პუნქტზე, რომლის თანახმად, სადაზღვევო კომპანია იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული დამატებითი დოკუმენტები ან კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკის გათვალისწინებით შეამცირონ მოთხოვნილი დოკუმენტების ნუსხა. აღნიშნული წარმოადგენდა მხოლოდ კომპანიის უფლებამოსილებას.

15. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 814-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად, და აღნიშნა, რომ მოპასუხე ერთ-ერთ ასეთ დოკუმენტად მიიჩნევდა სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც ჯერ არ იყო დამდგარი და შესაბამისად, მოსარჩელეს აღნიშნულ დოკუმენტზე ხელი არ მიუწვდებოდა.

16. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებლის მოთხოვნა ყოველგვარი ცნობის მიწოდებაზე, თავის თავში მოიაზრებდა იმგვარ ცნობებს, რომლებიც დამზღვევის ხელთ იყო ან რომელთა მოპოვებაც დამზღვევს შეეძლო. მოცემულ შემთხვევაში, დამზღვევი მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეჩქარებინა გამოძიების დასრულება მზღვეველისთვის აღნიშნული გამოძიების შედეგების წარსადგენად. სასამართლოს მითითებით, დადგენილი იყო, რომ 2021 წლის 14 ნოემბერს, ქ.თბილისში, ....., მე-14 კორპუსის მიმდებარედ არსებულ ავტოფარეხში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა ქ.ბ–ის საკუთრებაში არსებული BMW M5-ის მარკის სატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით - ......, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2022 წლის 17 იანვრის დასკვნის თანახმად, ავტოფარეხში მომხდარი ხანძრის გაჩენის მიზეზი იყო მცირე კალიბრიანი ან ღია ცეცხლის წყაროს კონტაქტი წვად მასალასთან.

17. საქალაქო სასამართლოს მითითებით, დაზღვევის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების მე-6 პუნქტის თანახმად, დაზღვეული რისკის აღწერილობისა და სადაზღვევო დაფარვის პირობები განისაზღვრა შემდეგნაირად: დაზღვეული ავტოტრანსპორტის დაზიანება ან მთლიანი განადგურება; ავტოსაგზაო შემთხვევით, ხანძრით ან აფეთქებით, სტიქიური უბედურებით, საგნების ვარდნით, დაზღვეული ავტოტრანსპორტის ან მისი რომელიმე ნაწილის დაკარგვა ან დაზიანება ვანდალიზმის შედეგად, ქურდობის, ძარცვის ან ყაჩაღობის შედეგად ან მათი მცდელობის შედეგად. ამდენად, დაზღვევის ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა დაზღვევას ხანძრის რისკისაგან.

18. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების მიზნებისათვის, მნიშვნელოვანი იყო არსებობდეს ყოველგვარი ცნობა, რომელიც აუცილებელი იყო სადაზღვევო შემთხვევის დადგენისათვის. საქმეში წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან, მოწმის/დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნიდან, ავტომანქანის მესაკუთრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებიდან დასტურდებოდა, რომ სადაზღვევო შემთხვევა დადგა. ის, რომ ხანძრის გაჩენის ფაქტთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ იყო დასრულებული, არ შეიძლებოდა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხველი გარემოება გამხდარიყო. აღნიშნული დოკუმენტის არარსებობა ხელს არ უშლიდა მოპასუხეს აენაზღაურებინა ზიანი.

19. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიამ ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და ვერ დაადასტურა, რომ არსებობდა სადაზღვევო კომპანიის მიერ მითითებული სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება.

20. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომელიც არ დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 მაისის განჩინებით და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1-ლი დეკემბრის გადაწყვეტილება.

21. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

22. 2020 წლის 13 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო ავტომანქანის დაზღვევის ხელშეკრულება და გაიცა ავტოტრანსპორტისა და მის მართვასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის პოლისი პოლისი, რომლითაც დაზღვეულ იქნა ქ.ბ–ის სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება. სადაზღვევო პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 16 ნოემბრიდან - 2021 წლის 16 ნოემბრამდე. სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 27000 აშშ დოლარით.

23. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების მე-6 პუნქტის თანახმად, დაზღვეული რისკის აღწერილობისა და სადაზღვევო დაფარვის პირობები განისაზღვრა შემდეგნაირად: დაზღვეული ავტოტრანსპორტის დაზიანება ან მთლიანი განადგურება; ავტოსაგზაო შემთხვევით, ხანძრით ან აფეთქებით, სტიქიური უბედურებით, საგნების ვარდნით, დაზღვეული ავტოტრანსპორტის ან მისი რომელიმე ნაწილის დაკარგვა ან დაზიანება ვანდალიზმის შედეგად, ქურდობის, ძარცვის ან ყაჩაღობის შედეგად ან მათი მცდელობის შედეგად.

24. 2021 წლის 14 ნოემბერს, ქ.თბილისში, ............, მე-14 კორპუსის მიმდებარედ არსებულ ავტოფარეხში გაჩენილი ხანძრის შედეგად, განადგურდა ქ.ბ–ის საკუთრებაში არსებული BMW M5-ის მარკის სატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით - ........

25. 2021 წლის 14 ნოემბერს, მზღვეველმა სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზზე დააფიქსირა შეტყობინება სატრანსპორტო საშუალების დაზიანების შესახებ და ასევე წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია.

26. 2021 წლის 14 ნოემბერს გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ქ.ბ–ი ცნობილ იქნა დაზარალებულად.

27. 2021 წლის 15 ნოემბერს მიღებული დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე დაინიშნა სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2022 წლის 17 იანვრის დასკვნის თანახმად, ავტოფარეხში მომხდარი ხანძრის გაჩენის მიზეზია მცირე კალიბრიანი ან ღია ცეცხლის წყაროს კონტაქტი წვად მასალასთან.

28. მოპასუხის 2022 წლის 11 მარტის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ამ ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკმარისი არ არის მომხდარი შემთხვევის სრულყოფილად განსახილველად და მოითხოვა სისხლის სამართლის საქმის დასრულების შესახებ დადგენილებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების წარდგენა, რომლებიც საფუძვლად დაედო დადგენილებაში ასახული გარემოებების დადგენას, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი დოკუმენტაცია.

29. მოპასუხის 2022 წლის 16 ივნისის წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ არ დგინდება როგორც ხანძრის გამომწვევი უშუალო მიზეზი, ისე ზოგადად შემთხვევის მექანიზმი, რის გამოც, მზღვეველი მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის არსებობა და გადაწყვიტოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის საკითხი. ასევე გამოთქვა მზადყოფნა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, განიხილოს მოსარჩელის მოთხოვნა.

30. 2021 წლის 14 ნოემბერს, ქ. თბილისში, .........., მე-14 კორპუსის მიმდებარედ არსებულ ავტოფარეხში გაჩენილი ხანძრის მიზეზების დასადგენად აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

31. წინამდებარე სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის სასარგებლოდ სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას 27 000 აშშ დოლარის ოდენობით.

32. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

33. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ მის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლი დააფუძნა მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების სადაზღვევო პირობების მეოთხე ნაწილის 9.5 პუნქტს (სადაზღვევო კომპანია იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული დამატებითი დოკუმენტები ან კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკის გათვალისწინებით შეამცირონ მოთხოვნილი დოკუმენტების ნუსხა. აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ კომპანიის უფლებამოსილებას), და სსკ-ის 814-ე მუხლის მეორე ნაწილს (მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად) და განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, არსებობს სადაზღვევო კომპანიის მიერ მითითებული სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება - მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები არ არის საკმარისი მზღვეველის მიერ სადაზღვევო შემთხვევის განსახილველად, მოპასუხე ერთ-ერთ ასეთ დოკუმენტად მიიჩნევს სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებას, რაც მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის, რადგან არ არის დასრულებული ხანძრის გაჩენის მიზეზების დასადგენად აღძრული სისხლის სამართლის საქმე.

34. იმის დასადგენად, წარმოეშვა თუ არა მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის სრულად ანაზღაურების ვალდებულება, უნდა დადგინდეს გარემოება, რომ დაზღვევის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, არ არსებობს სადაზღვევო კომპანიის მიერ მითითებული, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება, კონკრეტულ შემთხვევაში, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები საკმარისია მზღვეველის მიერ სადაზღვევო შემთხვევის განსახილველად.

35. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2021 წლის 14 ნოემბერს, ქ. თბილისში, ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონის მე-2 კვარტალში, მე-14 კორპუსის მიმდებარედ არსებულ ავტოფარეხში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა ქ.ბ–ის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით - ......., ხოლო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2022 წლის 17 იანვრის დასკვნის თანახმად, ავტოფარეხში მომხდარი ხანძრის გაჩენის მიზეზია მცირე კალიბრიანი ან ღია ცეცხლის წყაროს კონტაქტი წვად მასალასთან.

36. დაზღვევის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების მე-6 პუნქტის თანახმად, დაზღვეული რისკის აღწერილობისა და სადაზღვევო დაფარვის პირობები განისაზღვრა შემდეგნაირად: დაზღვეული ავტოტრანსპორტის დაზიანება ან მთლიანი განადგურება; ავტოსაგზაო შემთხვევით, ხანძრით ან აფეთქებით, სტიქიური უბედურებით, საგნების ვარდნით, დაზღვეული ავტოტრანსპორტის ან მისი რომელიმე ნაწილის დაკარგვა ან დაზიანება ვანდალიზმის შედეგად, ქურდობის, ძარცვის ან ყაჩაღობის შედეგად ან მათი მცდელობის შედეგად. ამდენად, დაზღვევის ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა დაზღვევას ხანძრის რისკისაგან.

37. საქმეში წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან, მოწმის/დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნიდან, ავტომანქანის მესაკუთრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებიდან დასტურდება, რომ სადაზღვევო შემთხვევა დადგა. ამასთან, ხელშეკრულება ითვალისწინებს ხანძრის რისკს დაზღვეული ავტოტრანსპორტის მთლიანი განადგურების შემთხვევაში.

38. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ ხანძრის გაჩენის ფაქტთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ არის დასრულებული, არ შეიძლება სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხველი გარემოება გახდეს. კანონმდებლის მოთხოვნა ყოველგვარი ცნობის მიწოდებაზე, მოიაზრებს იმგვარ ცნობებს, რომლებიც დამზღვევის ხელთაა ან რომელთა მოპოვებაც დამზღვევს შეუძლია. არაფერია კანონიერი, რაც გონიერებას ეწინააღმდეგება. არაგონივრული იქნებოდა, რომ დაგვეშვა თითქოს კანონმდებელმა დამზღვევს იმგვარი ცნობების წარდგენაც მოსთხოვა, რომელთა მოპოვებაც მას არ ძალუძს. კერძოდ, დამზღვევი ვერ დააჩქარებს გამოძიების დასრულებას მზღვეველისთვის აღნიშნული გამოძიების შედეგების წარსადგენად.

39. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიამ ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და ვერ დაადასტურა, რომ არსებობს სადაზღვევო კომპანიის მიერ მითითებული სადაზღვევო შემთხვევი ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება.

40. სსკ-ის 820-ე მუხლის თანახმად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით. ამავე კოდექსის 821-ე მუხლით, მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში. დადგენილია, რომ დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 27000 აშშ დოლარით, ხოლო დაზღვევის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების მე-6 პუნქტის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულება ითვალისწინებდა დაზღვევას ხანძრის რისკისაგან. ამასთან, მხარეებს შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულება ითვალისწინებს ხანძრის რისკს დაზღვეული ავტოტრანსპორტის მთლიანი განადგურების შემთხვევაში. სსკ-ის 814-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, მზღვეველმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა და საზღაურის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ.

41. მოცემულ შემთხვევაში, არ დადასტურდა დაზღვეული ავტომანქანის დაზიანებასთან დაკავშირებით მზღვეველის ვალდებულების გამომრიცხავი გარემოებები, ასევე, დადგენილია ზიანის საზღაურის ოდენობა. შესაბამისად, დამზღვევისათვის მიყენებული ზიანი ექვემდებარება ანაზღაურებას.

42. სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, აპელანტი ასევე მოითხოვდა საქმის წარმოების შეჩერებას, სადავო საკითხზე სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე სსსკ-ის 279-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტზე მითითებით (თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით). სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული ნორმა ცვლილებების შეტანამდე ითვალისწინებდა საქმის წარმოების შეჩერებას სისხლის სამართლის საქმის პარალელური წარმოების შემთხვევაში, თუმცა ახალ რედაქციაში ამოღებულია აღნიშნული პუნქტი. შესაბამისად, განსახილველ ნორმაში არ მოიაზრება სისხლის სამართლის საქმეები, როგორც საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლად. ვინაიდან არ არსებობდა საქმის წარმოების შეჩერების ის საფუძველი რომელზეც მოპასუხე მიუთითებდა, შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

43. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა (მოპასუხემ) შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა, შემდეგი საფუძვლებით:

44. კასატორი მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს სასამართლოში წარმოსადგენი მტკიცებულებები და არასწორად დაადგინეს ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით შესაძლებელია მოპასუხის მიერ შემთხვევეის დარეგულირება. მოპასუხემ მოსარჩელს იმ დოკუმენეტების წარმოდგენა მოსთხოვა, რომლებიც აუცილებელი იყო სადაზღვევო შემთხვევების დასადგენად, რაც მოსარჩელემ არ წარმოადგინა. წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ შემთხვევა დადგა ხანძრის შედეგად, რასთან დაკავშირებითაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. კასატორმა მოსთხოვა მოწინააღმდეგე მხარეს სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო ორგანოს მიერ გაცემული დადგენილება აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის დასრულების შესახებ და საქმის მასალები. ვინაიდან დასრულებული არაა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება წარმოდგენილი დოკუმენეტები არ არის საკმარისი შემთხვევის განსახილველად. მზღვეველმა 2022 წლის 27 აპრილს წერილობით მიმართა პროკურატურას შეკითხვით, თუ რა ეტაპზეა საქმის ძიება და იგეგმება თუ არა დამატებითი რაიმე კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რის პასუხადაც მიეწოდა ინფორმაცია, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. მზღვეველის მხრიდან ყველა შესაძლო საშუალება იქნა გამოყენებული დოკუმენტაციის მოძიებისა და ინფორმაციის მიღებისათვის, მაგრამ ვერ მოხერხდა გარკვევა, რადგან გამოძიება დასრულებული არ იყო.

45. კასატორი აღნიშნავს, რომ მას უარი არ უთქვამს ანაზღაურების გაცემაზე, კომპანიამ მხოლოდ ის დოკუმენტაცია მოითხოვა რომელიც შემთხვევის შეფასებისათვის არსებითია. სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას დაადგინოს შესაძლო სადაზღვევო შემთხვევის შესაბამისობა დაზღვევის ხელშეკრულების პირობებთან და იმსჯელოს საგამონაკლისო პირობების საკითხზე.

46. საკასაციო საჩივრის ფარგლებში, მოპასუხემ ასევე მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება, სადავო საკითხზე სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე სსსკ-ის 279-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტზე მითითებით (თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით) (იხ. საკასაციო საჩივარი)

47. მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა საკასაციო შესაგებელი, რომელშიც იშუამდგომლა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული საადვოკატო ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით და წარმოადგინა გადახდის ქვითარი (იხ. საკასაციო შესაგებელი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

48. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

49. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის (მოპასუხე) შედავებების საფუძვლიანობა.

50. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

51. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (შდრ: №ას-1172-2021, 10 ივნისი, 2022, პ.14).საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს.

52. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, მოსარჩელის მოთხოვნა სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის 27 000 აშშ დოლარის ოდენობით ანაზღაურების შესახებ გამომდინარეობს სსკ-ის 799.1 (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), 814-ე (სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს. მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად. მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვევლის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა. მზღვეველმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა და საზღაურის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ), 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით), 821-ე (მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში) მუხლებიდან.

53. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებით, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

54. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას სასამართლო იკვლევს, რამდენად დგინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებისის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველიშესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) დადაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ.

55. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების(სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე (სუსგ-ები №ას-535-2020, 5 ოქტომბერი, 2021, პ. 11; №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.).

56. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს. იმავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში (შდრ: ი. გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრატიკა, 2017, გვ.119).

57. დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო; მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ.85.).

58. სსკ-ის 799-ე მუხლით ერთმნიშვნელოვნადაა განსაზღვრული, რომ დაზღვევის მიზანი ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერესების დაცვაა. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სსკ-ის 820-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (შდრ: სუსგ №ას-663-624-2011, 17 თებერვალი, 2012 წელი).

59. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

60. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

61. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

62. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; ასევე შდრ: სუსგ-ებს Nას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.

63. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (შდრ: სუსგ №ას-1479-2019 21 იანვარი, 2020 წელი).

64. შესაბამისად, იმის დასადგენად, წარმოეშვა თუ არა მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უნდა დადგინდეს გარემოება, რომ დაზღვევის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, არ არსებობს სადაზღვევო კომპანიის მიერ მითითებული, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება, კონკრეტულ შემთხვევაში, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები საკმარისია მზღვეველის მიერ სადაზღვევო შემთხვევის განსახილველად (შდრ: სუსგ №ას-535-511-2016 8 ივლისი, 2016 წელი).

65. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

66. 2021 წლის 14 ნოემბერს, ქ. თბილისში, .........., მე-14 კორპუსის მიმდებარედ არსებულ ავტოფარეხში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა ქ.ბ–ის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით - ......., ხოლო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2022 წლის 17 იანვრის დასკვნის თანახმად, ავტოფარეხში მომხდარი ხანძრის გაჩენის მიზეზია მცირე კალიბრიანი ან ღია ცეცხლის წყაროს კონტაქტი წვად მასალასთან.

67. 2021 წლის 14 ნოემბერს, ქ. თბილისში, ........., მე-14 კორპუსის მიმდებარედ არსებულ ავტოფარეხში გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა ქ.ბ–ის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო ნომრით - ......., ხოლო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2022 წლის 17 იანვრის დასკვნის თანახმად, ავტოფარეხში მომხდარი ხანძრის გაჩენის მიზეზია მცირე კალიბრიანი ან ღია ცეცხლის წყაროს კონტაქტი წვად მასალასთან.

68. დაზღვევის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების მე-6 პუნქტის თანახმად, დაზღვეული რისკის აღწერილობისა და სადაზღვევო დაფარვის პირობები განისაზღვრა შემდეგნაირად: დაზღვეული ავტოტრანსპორტის დაზიანება ან მთლიანი განადგურება; ავტოსაგზაო შემთხვევით, ხანძრით ან აფეთქებით, სტიქიური უბედურებით, საგნების ვარდნით, დაზღვეული ავტოტრანსპორტის ან მისი რომელიმე ნაწილის დაკარგვა ან დაზიანება ვანდალიზმის შედეგად, ქურდობის, ძარცვის ან ყაჩაღობის შედეგად ან მათი მცდელობის შედეგად. ამდენად, დაზღვევის ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა დაზღვევას ხანძრის რისკისაგან.

69. საქმეში წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან, მოწმის/დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნიდან, ავტომანქანის მესაკუთრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებიდან დასტურდება, რომ სადაზღვევო შემთხვევა დადგა. ამასთან, ხელშეკრულება ითვალისწინებს ხანძრის რისკს დაზღვეული ავტოტრანსპორტის მთლიანი განადგურების შემთხვევაში.

70. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ჯეროვნად განახორციელა თავისი მტკიცების ტვირთი და დაასაბუთა მოთხოვნის წინაპირობების არსებობა, რასაც მოპასუხემ დაუპირისპირა შესაგებელი, კერძოდ, მოპასუხემ თავდაცვის საშუალებად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არასაკმარისია, კერძოდ, შესაგებელში, სააპელაციო საჩივარსა და საკასაციო საჩივარში მითითებულია პრეტენზია, რომ ხანძრის გაჩენის ფაქტთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ არის დასრულებული.

71. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებებს, რომ კანონმდებლის მოთხოვნა ყოველგვარი ცნობის მიწოდებაზე, თავის თავში მოიაზრებს იმგვარ ცნობებს, რომლებიც დამზღვევის ხელთაა ან რომელთა მოპოვებაც დამზღვევს შეუძლია. არაგონივრული იქნებოდა, რომ დაგვეშვა თითქოს კანონმდებელმა დამზღვევს იმგვარი ცნობების წარდგენაც მოსთხოვა, რომელთა მოპოვებაც მას არ ძალუძს, კერძოდ, დამზღვევი ვერ დააჩქარებს გამოძიების დასრულებას მზღვეველისთვის აღნიშნული გამოძიების შედეგების წარსადგენად.

72. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიამ ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და ვერ დაადასტურა, რომ არსებობს სადაზღვევო კომპანიის მიერ მითითებული სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება.

73. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას (შუამდგომლობას), რომელიც მითითებულია ამ განჩინების პ.46-ში (იხ., კასატორის პრეტენზია ფაქტობრივ გარემოებებზე), სადაც კასატორი მოითხოვს საქმის წარმოების შეჩერებას სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დასრულებამდე სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა ვერც ამ ნაწილში წარმოადგინა დასაშვები საკასაციო პრეტენზია და იზიარებს საააპელაციო სასამართლოს დასკვნებს, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტი არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეების მიმდინარეობას, როგორც საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს, რის გამოც, საქმის წარმოების შეჩერებაზე მოპასუხეს სწორად ეთქვა უარი (იხ., აპელანტის შუამდგომლობა - ს.ფ. 167).

74. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. აღნიშნული ნორმა საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2010 წლის 24 სექტემბერს განხორცილებული ცვლილების შედეგად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმის განხილვამდე სამოქალაქო საქმის განხილვის შეჩერებას (იხ. საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ შეტანის შესახებ საქართველოს კანონი, № 3619-რს, საქართველოს პარლამენტი, სსმ, 51, 29/09/2010) ( შდრ: სუსგ №ას-1183-2022, 23 დეკემბერი, 2022 წ.).

75. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

76. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება.

77. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

78. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

79. რაც შეეხება კასატორის მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობას, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე ადვოკატის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის - 500 ლარის ანაზღაურების შესახებ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ , შემდეგ გარემოებათა გამო:

80. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, იმ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე. აღნიშნიული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომელიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

81. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არუნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არუნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულეობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს ქონებრივ დავებში დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს, ხოლო არაქონებრივ დავებში არაუმეტეს 2000 ლარს, რაც წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოს მიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად, რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვ. (შდრ: სუსგ-ები: №ას-184-2020 10 ივნისი, 2020 წელი; №ას-923-889-2016, 3 თებერვალი, 2017 წელი).

82. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა საკასაციო შესაგებელი და მასზე დართული საგადახდო დავალება საადვოკატო მომსახურების სახით 500 ლარის გადახდის შესახებ.

83. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამართალწარმოების კონკრეტულ ეტაპზე, რომელიც საკასაციო განაცხადის დასაშვებობის შემოწმებას ეხება, კერძოდ, სასამართლო ვალდებულია, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის წინაპირობების მიხედვით, შეამოწმოს და დაადგინოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები, რა დროსაც საქმის არსებითი განხილვა არ ხდება, თუმცა მხარეებს მათთვის კანონმდებლობით გარანტირებული გასაჩივრების უფლების ხელშეწყობისათვის უნდა შეექმნას ყველა წინაპირობა, მათ შორის საპროცესო სამართლებრივი თვალსაზრისით და ფინანსური ხარჯების ნაწილშიც. (შდრ: სუსგ №ას-936-886-2015, 15 ივლისი, 2016 წ.).

84. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე, კასატორს უნდა დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ საკასაციო შესაგებლის მომზადებისათვის ადვოკატისათვის გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით, 53-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს.კ.ა–ი“-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. სს „ს.კ.ა–ი“-ს შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

3. სს „ს.კ.ა–ი“-ს“ (ს.კ:........) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 29.06.2023წ. საგადახდო დავალებით N4be გადახდილი 3565ლარის 70% – 2,495.5ლარი;

4. სს „ს.კ.ა–ი“-ს (ს.კ: .....) ა.ყ–ის (პ.ნ: .....) სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 300 ლარის ანაზღაურება;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ეკატერინე გასიტაშვილი