საქმე №ას-893-2023 12 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ჭ–ძე, შპს „ს.დ–ი"
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი"
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სს „ს.ბ–ის“ სარჩელი მოპასუხეების ნ.ჭ–ძის და შპს „ს.დ–ის“ მიმართ თანხის დაკისრების და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ნ. ჭ–ძეს მოსარჩელის სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 11 აგვისტოს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 35 451.3 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა არის - 29 170.58 აშშ დოლარი, პროცენტი - 4 651.77 აშშ დოლარი, საკომისიო - 128.95 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1500 აშშ დოლარი; მოპასუხე ნ.ჭ–ძეს სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელის აღძვრიდან 2020 წლის 16 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე არსებული დავალიანების ძირითად თანხაზე -29 170.58 აშშ დოლარზე წლიური სარგებლის 20%-ის გადახდა რაც, ყოველდღიურად შეადგენს 15.98 აშშ დოლარს; გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული შპს „ს.დ–ის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: ……) საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებები, მდებარე - ქ. თბილისი, ……, საკადასტრო კოდი: ს/კ ……, ს/კ …….., ს/კ ………, ს/კ: ………, ს/კ ….., ……; ამავე გადაწყვეტილებით, განიმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე ნ.ჭ–ძის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონებიდან; მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე ნ.ჭ–ძისათვის პირგასამტეხლოს სახით - 1574.79 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ნ.ჭ–ძეს მოსარჩელე სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის საფასურის - 4940 ლარის ანაზღაურება. მოპასუხეებს შპს „ს.დ–ის“ და ნ.ჭ–ძეს სს „ს.ბ–ის“სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 60 ლარის ანაზღაურება; ამასთან გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხეების წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინებით ნ.ჭ–ძისა და შპს „სფერო დეველოპმენტის" სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
4. დადგენილი იქნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 05 დეკემბრის განჩინებით, ნ.ჭ–ძესა და შპს „ს.დ–ს" სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ: ა) საბუთებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების მითითებით, რომლის საფუძველზეც მოითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ამასთან, სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილი უნდა იქნეს იმდენი ასლის ოდენობით რამდენი მონაწილეცაა საქმეში; ბ) სააპელაციო საჩივრის ფასის განსაზვრა; გ) მოწინააღმდეგე მხარის რეკვიზიტების მითითება; დ) უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა; ე) სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა. ვ) ნ.ჭ–ძეს დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდა, გადახდის დღეს არსებული დოლარის ოფიციალური კურსის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 5 000 ლარისა და ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა; ზ) შპს „ს.დ–ს" დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის სახით 150 ლარის გადახდა და ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა; აპელანტებს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ ვადა 07 დღე.
5. დადგენილი იქნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 05 დეკემბრის განჩინება, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ, არაერთხელ გაეგზავნა შპს „ს.დ–სა" და ნ.ჭ–ძეს. კერძოდ გაგზავნა წარმოებდა სააპელაციო საჩივარში, მათ მიერ წარმოდგენილ შესაგებელში მითითებულ, ასევე კომპანიის რეგისტრირებულ მისამართზე.
6. შპს „ს.დ–ს" მასალები ეგზავნებოდა სააპელაციო საჩივარში და შესაგებელში მითითებულ მისამართზე: ქ.თბილისი, ......, პირველი პავილიონი, ასევე, რეგისტრირებულ მისამართზე: ქ.თბილისი, ......., ხოლო ნ.ჭ–ძეს შესაგებელში მითითებულ მისამართზე: ქ თბილისი, ..........
7. ფოსტის უკუგზავნილიდან დადგენილი იქნა, რომ ადრესატებს გზავნილი ვერ ჩაბარდათ, კერძოდ, ნ.ჭ–ძის მიერ შესაგებელში მითითებულო მისამართზე: ქ თბილისი, ....... გაგზავნილი უწყება, 2023 წლის 12 იანვრის უკუგზავნილის თანახმად ვერ ჩაბარდა ადრესატს იმ მითითებით, რომ ბინების ნუმერაციის არევის გამო, ვერ იქნა მოძიებული ადრესატი, ხოლო 2023 წლის 03 თებერვლის უკუგზავნილის თანახმად, განიმარტა, რომ ადრესატი არ ცხოვრობს ზემოაღნიშნულ მისამართზე.
8. შპს „ს.დ–ის" მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში და შესაგებელში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ......., პირველი პავილიონი, 2023 წლის 03 მაისის უკუგზავნილის თანახმად, მასალების ჩაბარება ვერ განხორციელდა, მისამართზე ადრესატის არყოფნის გამო, ამასთან განიმარტა, რომ ადრესატთან დაკავშირება ვერ განხორციელდა კონვერტზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე, ხოლო რეგისტრირებულ მისამართზე: ქ თბილისი, ........., 2023 წლის 11 იანვრისა და 25 იანვრის უკუგზავნილების თანახმად, მასალების ჩაბარება ვერ განცორციელდა ერთ შემთხვევაში ადრესატის მოუძიებლობის, ხოლო მეორე შემთხვევაშიადრესატის მისამართზე არყოფნის გამო.
9. რაც შეეხება სააპელაციო საჩივარზე ხელმომწერ პირს, გ.მ–ს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით განიმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების ასევე 440-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან იგი არ არის რეგისტრირებული ადვოკატთა ერთიან სიაში, ვერ განახორციელებს საქმეზე წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. ზემოაღნიშნული გარემოების შესახებ, სასამართლოს შესაბამისად უფლებამოსილი მოხელე დაუკავშირდა გ.მ–ს, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ აღნიშნულს შეატყობინებდა აპელანტებს და ისინი თავად უზრუნველყოფდნენ სასამართლოსთან დაკავშირებას, რაც მათი მხრიდან არ განხორციელებულა.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.
12. მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იქნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 05 დეკემბრის განჩინება, ხარვეზის დადგენის შესახებ, აპელანტებს გაეგზავნათ სამჯერ, მათ მიერ სააპელაციო საჩივარში, შესაგებელში, რეგისტრირებულ მისამართებზე, შესაბამისად, მოხმობილი ნორმების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს გზავნილი აპელანტისათვის ჩაბარებულად ითვლება. ჩაბარების თარიღად კი უნდა განისაზღვროს ფოსტის კურიერის მიერ ადრესატებთან ბოლო ვიზიტის თარიღი, კერძოდ ნ.ჭ–ძისათვის 2023 წლის 28 აპრილი, ხოლო შპს "ს.დ–ისათვის" 2023 წლის 03 მაისი.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
14. სსსკ მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით, ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
15. განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 07 დღიანი ვადის ათვლა აპელანტ ნ.ჭ–ძისათვის დაიწყო 2023 წლის 29 აპრილს და ამოიწურა 2023 წლის 05 მაისს, ხოლო შპს "ს.დ–ისათვის" დაიწყო 2023 წლის 04 მაისს და ამოიწურა 2023 წლის 10 მაისს. როგორც საქმის მასალებიდან დგინდება ამ პერიოდის განმავლობაში აპელანტებს ხარვეზი არ შეუვსიათ და დღემდე არც შუამდგომლობით მოუმართავთს სასამართლოსთვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ.ჭ–ძემ და შპს „ს.დ–მა“ შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩიოვრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის განსახილველად დაბრუნება, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
17. კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ სააპელაციო სამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განუხილველად დატოვა მათი სააპელაციო საჩივარი, იმ საფუძვლით, რომ აპელანტებისთვის ხარვზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარებულად ჩათვალა, რითაც აპელანტებს მოუსპო სამართლიანი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება. კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ შპს „ს.დ–ის“ მისამართია ქ.თბილისი, ....., სადაც ყოველდღიურად მოდის კორესპონდენცია, და კორესპონდენციის ჩაბარება პრობლემას არ წარმოადგენს, ხოლო ნ.ჭ–ძე ცხოვრობს განჩინებაში მითითებულ მისამართზე, როგორც ფიზიკური პირი ( იხ. კერძო საჩივარი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
19. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ, ხარვეზის საპროცესო ვადაში შეუვსებლობაზე მითითებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლში ჩამოთვლილია მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამასთან, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის დენა იწყება მხარისთვის გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან.
21. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად. ( შდრ: სუსგ №ას-208-2022, 29 აპრილი, 2022 წ.)
22. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 05 დეკემბრის განჩინებით, ნ.ჭ–ძესა და შპს „ს.დ–ს" სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ: ა) დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების მითითებით, რომლის საფუძველზეც მოითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ამასთან, სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილი უნდა იქნეს იმდენი ასლის ოდენობით რამდენი მონაწილეცაა საქმეში; ბ) სააპელაციო საჩივრის ფასის განსაზვრა; გ) მოწინააღმდეგე მხარის რეკვიზიტების მითითება; დ) უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა; ე) სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა. ვ) ნ.ჭ–ძეს დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდა, გადახდის დღეს არსებული დოლარის ოფიციალური კურსის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 5 000 ლარისა და ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა; ზ) შპს „ს.დ–ს" დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის სახით 150 ლარის გადახდა და ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა; აპელანტებს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ ვადა 07 დღე.
23. დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 05 დეკემბრის განჩინების გაგზავნა, წარმოებდა მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარში, მათ მიერ წარმოდგენილ შესაგებელში მითითებულ, ასევე, კომპანიის რეგისტრირებულ მისამართზე. კერძოდ, შპს „ს.დ–ს" მასალები ეგზავნებოდა სააპელაციო საჩივარში და შესაგებელში მითითებულ მისამართზე: ქ.თბილისი, ......., პირველი პავილიონი, ასევე, რეგისტრირებულ მისამართზე: ქ.თბილისი, ..... მეორე გასასვლელი N11 ა. ხოლო ნ.ჭ–ძეს შესაგებელში მითითებულ მისამართზე: ქ თბილისი, ......... ბ.N6 ა.
24. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის დასაბუთება, რომ სააპელაციო სასამართლომ აპელანტებს მოუსპო სამართლიანი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, რადგან ჩაბარებულად ჩაითვალა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, მაშინ როდესაც შპს „ს.დ–ის“ მისამართია ქ.თბილისი, ......, სადაც ყოველდღიურად მოდის კორესპონდენცია, და კორესპონდენციის ჩაბარება პრობლემას არ წარმოადგენს, ხოლო ნ.ჭ–ძე ცხოვრობს განჩინებაში მითითებულ მისამართზე, როგორც ფიზიკური პირი.
25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონისუზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე.
26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისაგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხილეთ Nideröst-Huber v Switzerland, 18/02/1997, § 23; Kress v France (დიდი პალატა), no.39594/98, § 72, ECHR 2001-VI; Yvon v France, no 44962/98, § 31, ECHR 2003-V; Gorraiz Lizarraga and Others v Spain, no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III. „სამართლიანი სასამართლოს უფლების ზოგადი კონცეფცია“ მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხ. Ruiz-Mateos V Spain, 23/06/1993, § 63, ECHR , Series A, no.262; Lobo Machado v Portugal, 20/02/1996, § 31, 1996-I. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ „სამართლიანი სასამართლო განხილვის“ მოთხოვნების დაცვა თითოეულ ინდივიდუალურ საქმეში (იხილეთ Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27.10.1993, § 33, სერია A no. 274). აღნიშნული პრინციპი იმასაც გულისხმობს, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესხებ ( იხ. Dilipak and Karakaya v Turkey, no. 7942/05 და 24838/05, 04/03/2014, § 77). ერთიანობაში, ყველაფერი ეს ქმნის უფლებას საქმის სამართლიან განხილვაზე (GOLDER v. THE UNITED KINGDOM).
27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
28. სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.
29. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
30. ზემოთ დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, სასამართლო უწყება თუ გზავნილი გაუგზავნოს როგორც უშუალოდ მხარეს, ისე მის წარმომადგენელს, ასევე, გზავნილი გააგზავნოს აღნიშნულ პირთა მიერ საქმეში მითითებული მისამართებიდან ნებისმიერზე, საკუთარი შეხედულებით. შესაბამისად, კანონმდებელი არ ითვალისწინებს რაიმე დათქმას, სასამართლოს მიერ მხარის მისამართის არჩევასთან დაკავშირებით. აღნიშნული იმითაცაა განპირობებული, რომ მხარე ვალდებულებია, მიუთითოს ისეთი მისამართი, სადაც მისთვის სასამართლო კორესპონდენციის მიღება ხელმისაწვდომი იქნება. სასამართლო უწყება/გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი მხარეს ან მის წარმომადგენელს გაეგზავნა მათ მიერ მითითებულ მისამართზე ორჯერ მაინც (შდრ: სუსგ: №ას-208-2022, 29 აპრილი, 2022 წ; №ას-588-2022, 01 ივლისი, 2022 წ.).
31. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ სასამართლოს გზავნილი ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.
32. იმავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ და „ზ“−„ი“ ქვეპუნქტებითა და მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს ან სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. საყურადღებოა, რომ იმავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, გზავნილის გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს ის, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა.
33. ამრიგად, სასამართლო თავად ირჩევს, რა ფორმით გაუგზავნოს მხარეს შეტყობინება და მისთვის ცნობილ რომელ მისამართზე, ხოლო თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე გზავნილი ორჯერ მაინც ვერ ჩაბარდა კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვლება (შდრ: სუსგ №ას-504-2022, 21 ივნისი, 2022 წ.).
34. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ კანონით დადგენილი წესით მოახდინა აპელანტების ინფორმირება დადგენილი ხარვეზის შესახებ.
35. სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ასევე დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარზე ხელმომწერ პირს, გ.მ–ს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით განემარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების ასევე 440-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან იგი არ არის რეგისტრირებული ადვოკატთა ერთიან სიაში, ვერ განახორციელებს საქმეზე წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. დადგენილია, რომ სასამართლოს უფლებამოსილი მოხელე დაუკავშირდა გ.მ–ს, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ აღნიშნულს შეატყობინებდა აპელანტებს და ისინი თავად უზრუნველყოფდნენ სასამართლოსთან დაკავშირებას, რაც მათი მხრიდან არ განხორციელებულა (იხ., ს.ფ. 20, ტ.2).
36. საკასაციო პალატა იზარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას და კერძო საჩივრის ავტორებს ამის საწინაააღმდეგოდ წარმოდგენილი არა აქვთ დასაბუთებული პრეტენზია, რომ განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 05 დეკემბრის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ, აპელანტებს გაეგზავნათ სამჯერ, მათ მიერ მითითებულ სააპელაციო საჩივარში, პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში, ასევე კომპანიის რეგისტრირებულ მისამართებზე, შესაბამისად, მოხმობილი ნორმების საფუძველზე სასამართლოს გზავნილი აპელანტებისათვის ჩაბარებულად ითვლება.
37. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
38. სსსკ მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით, ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
39. განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 07 დღიანი ვადის ათვლა აპელანტ ნ.ჭ–ძისათვის დაიწყო 2023 წლის 29 აპრილს და ამოიწურა 2023 წლის 05 მაისს, ხოლო შპს "ს.დ–ისათვის" დაიწყო 2023 წლის 04 მაისს და ამოიწურა 2023 წლის 10 მაისს. როგორც საქმის მასალებიდან დგინდება ამ პერიოდის განმავლობაში აპელანტებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსთვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ.
40. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, გარანტირებულია პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით კი, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით, სახელმწიფო რეგულირებას ექვემდებარება. რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ.: Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესომ შედეგს, რასაც ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5-ე, 374.1 მუხლები) (შდრ: სუსგ-ები: №ას-693-2019, 28 ივნისი, 2019 წ; №ას-1615-2019, 14 იანვარი, 2020 წ.; №ას-504-2022, 21 ივნისი, 2022 წ.).
41. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
42. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
43. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც შესაბამისი შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე, რადგან გასაჩივრებული განჩინების წინააღმდეგ, კერძო საჩივარი არ შეიცავს იმგვარ დასაბუთებულ პრეტენზიას (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები), რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას დაედება საფუძვლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ჭ–ძისა და შპს „ს.დ–ის" კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე