საქმე №ას-998-2023 8 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – დ.მ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ.კ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე შპს „ტ.კ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე დ.მ–ის მიმართ თანხის დაკისრების თობაზე.
რუსთის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ტ.კ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და დ.მ–ს მოსარჩელის სასარგებლოდ 2018 წლის 30 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების - 1836.85 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1100 ლარი, პროცენტი - 370.19 ლარი და შემცირებული ჯარიმა - 366.66 ლარი; 2018 წლის 30 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1100 ლარზე, 2021 წლის 01 სექტემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 18% სარგებლის გადახდა; 2018 წლის 07 ნოემბრის საბანკო კრედიტის №3643930-10192255 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 11573.74 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 7576.49 ლარი, პროცენტი - 2846.36 ლარი, ჯარიმა - 1134.05 ლარი და დაზღვევა - 16.84 ლარი; 2018 წლის 07 ნოემბრის საბანკო კრედიტის №3643930-10192255 შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 7576.49 ლარზე, 2021 წლის 01 სექტემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 20% სარგებლის გადახდა; 2019 წლის 10 მაისის საბანკო კრედიტის №3643930-10478086 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2723.27 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1869.03 ლარი, პროცენტი - 629.05 ლარი, ჯარიმა - 220.80 ლარი და დაზღვევა - 4.39 ლარი; 2019 წლის 10 მაისის საბანკო კრედიტის №3643930-10478086 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1869.03 ლარზე, 2021 წლის 01 სექტემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 18% სარგებლის გადახდა; 2019 წლის 26 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 3140.71 ლარის ოდენობით გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1990.23 ლარი, პროცენტი - 491.33 ლარი და ჯარიმა - 659.15 ლარი; 2021 წლის 01 სექტემბრიდან 2019 წლის 26 სექტემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1990.23 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა; 2018 წლის 23 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 8194.37 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 4995.13 ლარი, პროცენტი - 1534.20 ლარი და ჯარიმა - 1665.04 ლარი; 2018 წლის 23 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4995.13 ლარზე, 2021 წლის 01 სექტემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე წლიური 33% სარგებლის გადახდა.
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა დ.მ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება, რაც რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.
დაუსრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ.მ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინებით დ.მ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ.მ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივლისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 1815 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კასატორს პირადად ჩაბარდა 2023 წლის 27 ივლისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ.მ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ამავე კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორს პირადად, ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 26 ივლისის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2023 წლის 27 ივლისს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.2, ს.ფ.76). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2023 წლის 28 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 3 აგვისტოს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი