Facebook Twitter

№ას-1288-2019 8 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - ჟ.ო–ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ბ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებისა და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

დავის საგანი- თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ჟ.ო–იას სასარჩელო მოთხოვნა (შემდგომ - მოსარჩელე, განმცხადებელი) ზ.ბ–ის (შემდგომ - მოპასუხე) მიმართ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 16 000 აშშ დოლარი ეკვივალენტი ლარის გადახდა. დავალიანების დასაფარად სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი.

2. დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და 2017 წლის 25 აპრილს, მოსარჩელის მოთხოვნით, გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

3. მოპასუხემ კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საქალაქო სასამართლოს და, ამავდროულად, იშუამდგომლა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების - დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის განჩინებით ზემოაღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ამავე სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს №A17047212-009/001 წარმოება შეჩერდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, მოპასუხის განცხადების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.( იხ.ტ.1.ს.ფ.138). თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 28 ივლისს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი.( იხ. ტ.1.ს.ფ.139).

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი და მოცემული საქმის წარმოება განახლდა. (იხ. ტ.1.ს.ფ.149-152).

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 12 000 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 11 000 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 1000 აშშ დოლარი. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკის საგანი. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით: 1. სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2.გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტი, ასევე, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება. 3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირი თანხა - 1500 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 136,35 აშშ დოლარი. 4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 114.87 ლარის ოდენობით. 5. დანარჩენ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. 6. მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1102,67 ლარის ოდენობით; 7.მოსარჩელესმოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა ექსპერტიზის ხარჯის ნაწილის ანაზღაურება 313.26 ლარის ოდენობით, ასევე საფოსტო მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ნაწილის ანაზღაურება 6.55 ლარის ოდენობით.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმებით, მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირი თანხა - 1500 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო -136, 35 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარში გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით); მოსარჩელის შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის საოქმო განჩინების - თბილისის საქალაქო სასამართლოდან სამოქალაქო საქმე №2/5929-15 გამოთხოვის შესახებ, აგრეთვე, 2019 წლის 03 მაისის საოქმოს განჩინების - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 12 მარტის დასკვნის საქმეზე მტკიცებულებად დართვის გაუქმების შესახებ, დაკმაყოფილდა; გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გადახდევინება მიექცა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ, იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე; მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო და საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1602, 67 ლარის ოდენობით; მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 50 ლარის გადახდა; მოსარჩელეს დაუბრუნდა გ.გ–ას მიერ 2016 წლის 22 ივლისს სს „ბ.რ–ში“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან -1128 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 18,67 ლარი, რაც განთავსებული იქნა ხაზინის ერთიან ანგარიშზე № 300773150; მოპასუხეს დუბრუნდა ირინე ხაჟომიას მიერ 2017 წლის 27 ივლისს სს „ს.ბ–ში“ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რაც განთავსებული იქნა ხაზინის ერთიან ანგარიშზე № 300773150; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 114.87 ლარის ოდენობით, მოპასუხეს კი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 65.45 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით (გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით); კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

9. 2023 წლის 31 ივლისს მოსარჩელემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმოებაში იყო სამოქალაქო საქმე №ას-1288-2019. აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2021 წლის 04 მარტს და გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც განმცხადებელმა წარადგინა აღსრულების ეროვნულ ბიუროში. აღნიშნულ საქმეზე საარსრულებო წარმოება თავდაპირველად დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 13 მარტს მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე (საქმე №2/28562-16). აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი და სააღსრულებო წარმოება შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 28 ივლისს მიღებული განჩინებით.

10. განმცხადებელმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების, ასევე იმავე სასამართლოს მიერ 2017 წლის 28 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება იმ საფუძვლით, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროში სააღსრულებო საქმე ჯერაც შეჩერებულია. ( იხ. განცხადება).

11. საკასაციო სასამართლოს მიერ განცხადების საფუძვლების შემოწმების მიზნით, საქმე გამოთხოვილ იქნა საერთო სასამართლოების არქივიდან, საიდანაც საქმე საკასაციო პალატას გადაეცა 2023 წლის 6 სექტემბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის წარმოდგენილი განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს განცხადების დასაშვებობის საკითხი, რომელიც შეეხება კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მართლზომიერებას.

14. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ჟ.ო–იას სასარჩელო მოთხოვნა ზ.ბ–ის მიმართ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 16 000 აშშ დოლარი ეკვივალენტი ლარის გადახდა. დავალიანების დასაფარად სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი. დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და 2017 წლის 25 აპრილს, მოსარჩელის მოთხოვნით, ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი.( იხ. ტ.1.ს.ფ.98).

15. მოპასუხემ კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საქალაქო სასამართლოს და ამავდროულად, იშუამდგომლა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების - დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ.

16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის განჩინებით ზემოაღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ამავე სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს №A17047212-009/001 წარმოება შეჩერდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, მოპასუხის განცხადების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (იხ.ტ.1.ს.ფ.138). თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 28 ივლისს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი ( იხ. ტ.1.ს.ფ.139).

17. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი და მოცემული საქმის წარმოება განახლდა. (იხ. ტ.1.ს.ფ.149-152).

18. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 სექტემბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე წარმოება განახლდა, 2017 წლის 28 ივლისის განჩინების გაუქმებაზე სასამართლო კოლეგიას არ უმსჯელია.

19. განსახილველი განცხადების დასაშვებობის შემოწმებისას შეფასებას საჭიროებს, თუ რომელი ინსტანციის სასამართლოს განსჯადს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის განჩინების, მის საფუძველზე გაცემული 2018 წლის 28 ივლისის სააღსრულებო ფურცლისა და 2017 წლის 25 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება.

20. სსსკ-ის 1991 მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

21. დასახელებული ნორმა განსაზღვრავს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე უფლებამოსილ სასამართლო ინსტანციას და ადგენს, რომ გამოყენებული ღონისძიების გაუქმება შეუძლია როგორც თავად მის მიმღებ სასამართლოს, ისე ზემდგომ ინსტანციას, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გასაჩივრების შემთხვევაში.

22. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი განცხადება შეეხება არა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას, არამედ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას და მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელს. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი და მოცემული საქმის წარმოება განახლდა. (იხ. ტ.1.ს.ფ.149-152).

23. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 სექტემბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე წარმოება განახლდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მის მიერ მიღებული 2017 წლის 28 ივლისის განჩინების და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმებაზე არ უმსჯელია. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობაზე კომპეტენტურად მიჩნეული უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, რომელმაც 2017 წლის 25 აპრილს გასცა სააღსრულებო ფურცელი კანონიერ ძალაში შესულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის განჩინების და მის საფუძველზე 2017 წლის 28 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების მოთხოვნით, განმცხადებელმა უნდა მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 284-ე, 285-ე, 432-ე მუხლებით, და

დაადგინა:

1. ჟ.ო–იას განცხადება დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი