Facebook Twitter

საქმე №ას-904-2023 12 სექტემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი– ე.ს–ძე

მოწინააღმდეგე მხარე –ა.გ–ი, რ.გ–ი

თავდაპირველი მოსარჩელეები - ნ.ჯ–ა, თ.ა–ნი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უსწორობის გასწორება, აღსრულების შეჩერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით, ხოლო 2015 წლის 7 დეკემბერს დაზუსტებული სარჩელით მიმართეს ნ.ჯ–ამ, ე.ს–ძემ, თ.ა–ნმა და ი.წ–ძემ, მოპასუხეებად დაასახელეს ა. და რ.გ–ები და მოითხოვეს:

2. ბათილად იქნას ცნობილი, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმში …….. (საკადასტრო კოდით …….), 2014 წლის 4 ნოემბერს, შპს ,,ე.კ–სა“ და რ.გ–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება;

3. შპს ,,ე.კ–სა“ და რ.გ–ს შორის, 2014 წლის 4 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება (უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. ბათუმში .........., საკადასტრო კოდით ……..), აღიარებული იქნას ნარდობის ხელშეკრულებად;მოსარჩელეებსა და მოპასუხეებს შორის, 2014 წლის 4 ნოემბერს დადებული ნარდობის ხელშეკრულება აღიარებული იქნას შეწყვეტილად;

4. ხელშეკრულების მოშლის გამო, ქ. ბათუმი, .......... მდებარე საკადასტრო კოდით ...... რეგისტრირებული 82.81 კვ.მ. ფართი აღირიცხოს შპს ,,ე.კ–ის“ უფლებამონაცვლეების, ნ.ჯ–ას და თ.ა–ნის საკუთრებად;

5. მოპასუხეებს, მოსარჩელეების სასარგებლოდ ზიანის სახით სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 40000 აშს დოლარის ანაზღაურება;

6. მოპასუხეებს, თ.ა–ნის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 18000 აშშ დოლარის გადახდა;

7. მოპასუხეებს, ნ.ჯ–ას სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 101000 აშშ დოლარის გადახდა;

8. მოპასუხეებს, ე.ს–ძის სასარგებლოდ დაეკისროთ 4961,12 ლარის ანაზღაურება;

9. მოპასუხეებს, ი.წ–ძის სასარგებლოდ დაეკისროთ 1290 ლარის ანაზღაურება;

10. მოპასუხეებს დაეკისროთ წინამდებარე დავაზე გაწეული საპროცესო ხარჯების ანაზღაურება.

11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

12. ბათილად იქნა ცნობილი, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმში .......... (საკადასტრო კოდი……..), 2014 წლის 4 ნოემბერს, შპს ,,ე.კ–სა“ და რ.გ–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება;

13. შპს ,,ე.კ–სა“ და რ.გ–ს შორის, 2014 წლის 4 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება (უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. ბათუმში .........., საკადასტრო კოდით ……), აღიარებული იქნა ნარდობის ხელშეკრულებად;

14. მოსარჩელეებსა და მოპასუხეებს შორის, 2014 წლის 4 ნოემბერს დადებული ნარდობის ხელშეკრულება აღიარებული იქნა შეწყვეტილად;

15. ხელშეკრულების მოშლის გამო, ქ. ბათუმი, .......... მდებარე საკადასტრო კოდით ….. რეგისტრირებული 82.81 კვ.მ. ფართი აღირიცხა შპს ,,ე.კ–ის“ უფლებამონაცვლეების, ნ.ჯ–ას და თ.ა–ნის საკუთრებად;

16. სარჩელი, 40 000 აშშ დოლარის მოპასუხეებისათვის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა;

17. თ.ა–ნის სარჩელი, მოპასუხეებს მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 18 000 აშშ დოლარის გადახდა, არ დაკმაყოფილდა;

18. ნ.ჯ–ას სარჩელი მოპასუხეებს მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 101 000 აშშ დოლარის გადახდა, არ დაკმაყოფილდა;

19. ეთერ სამველიძის სარჩელი, მოპასუხეებს მის სასარგებლოდ დაეკისროთ 4961.12 ლარის გადახდა, არ დაკმაყოფილდა;

20. სახელმწიფო ბაჟი მხარეებს შორის განაწილდა თანაბრად. მოსარჩელეებს დაეკისრათ 1500 ლარის გადახდა; მოპასუხეებს დაეკისრათ 1500 ლარის გადახდა (მოსარჩელეებს კუთვნილი სახ. ბაჟი გადახდილი აქვთ);

21. რ.გ–ს და ა.გ–ს, მოსარჩელეების სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 1500 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი 86 ლარის და ექსპერტიზის ჩატარებისათვის გადახდილი ხარჯის-750 ლარის ანაზღაურება;

22. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა ნაწილობრივად და ყადაღისაგან გათავისუფლდა რ.გ–ის (პ/№……) საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებება: 1) ქ. ბათუმი, .......... მდებარე მანსარდა (მშენებარე) 34.19 კვ.მ (ს.კ……); 2) ქ. ბათუმი, .......... მდებარე მანსარდას (მშენებარე) 82.60 კვ.მ (ს.კ……);

23. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, ქ. ბათუმში, .......... მდებარე 82.81 კვ.მ (ს.კ. ……) ფართის ნაწილში დარჩა ძალაში.

24. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც მოსარჩელეებმა-ნ.ჯ–ამ და თ.ა–ნმა, ისე მოპასუხეებმა-ა.გ–მა და რ.გ–მა.

25. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 18 ივლისის განჩინებით, თ.ა–ნის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. ნ.ჯ–ამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება, მისი სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება, მოპასუხე ა.გ–ისა და რ.გ–ისათვის, ნ.ჯ–ას სასარგებლოდ შემდეგი თანხების დაკისრება: 1) მშენებლობის ნაკლის აღმოსაფხვრელად აუცილებლი თანხა-231 424,92 ლარი; 2) სახლის ღირებულების გაუფასურებით წარმოშობილი ზიანი-21163 აშშ დოლარი; 3) ანაბარზე არსებული დაკარგული თანხა-101000 აშშ დოლარი.

26. თავის მხრივ, მოპასუხეებმა ა.გ–მა და რ.გ–მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს:1) სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა; 2) უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენებაზე უარის თქმის თაობაზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 აგვისტოს განჩინების გაუქმება; 3) არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე უარის თქმის თაობაზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 ოქტომბრის საოქმო განჩინების გაუქმება; 4) ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინების გაუქმება.

27. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ნ.ჯ–ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხე აპელანტების: ა.გ–ისა და რ.გ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ- გაუქმდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების, საპროცესო ხარჯების დაკისრებისა და უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ.ა–ის, ე.ს–ძისა და ნ.ჯ–ას სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა; თ.ა–ნის, ე.ს–ძისა და ნ.ჯ–ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; ა.გ–ისა და რ.გ–ის სააპელაციო მოთხოვნა უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენებაზე უარის თქმის თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 აგვისტოს განჩინების, ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის განჩინების და არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე უარის თქმის თაობაზე, ამავე სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; თ.ა–ს, ე.ს–ძესა და ნ.ჯ–ას, ა.გ–ისა და რ.გ–ის სასარგებლოდ დაეკისრათ, სააპელაციო წარმოებისთვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3419 ლარის ანაზღაურება; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 19 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და მოიხსნა აკრძალვა, რომლითაც შეჩერდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის №2-102/17 განჩინების საფუძველზე, 2017 წლის 09 მარტს გაცემული №2-102/17 სააღსრულებო ფურცელის აღსრულების მიზნით, კერძო აღმასრულებლის, მ.პ–ძის წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმის წარმოება №A17053748 (სადაც კრედიტორს წარმოადგენს მ.ქ–ძე - პ/ნ. ....., წარმომადგენელი ტ.ქ–ძე - პ/ნ. ......, ხოლო მოვალეს წარმოადგენს რ.გ–ი - პ/ნ.: .....) რ.გ–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, .......... ქ. №26, მანსარდა (მშენებარე) ფართი 82,81 კვ.მ. ს/კ.: .....-ის სარეალიზაციოდ მიქცევის თაობაზე, სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული №2/ბ-47-17 საქმის დასრულებამდე; გაუქმდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და მოეხსნა ყადაღა, რ.გ–ის (პ/№.......) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ბათუმი, .......... მდებარე, 82.81 კვ.მ მანსარდას (მშენებარე) (ს.კ: .......).

28. 2023 წლის 21 აპრილს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ე.ს–ძემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებაში და სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორება, იმ საფუძვლით, რომ ყადაღა დაედო მის ანგარიშებს ყველა ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებაში 3658.33 ლარზე. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შეატყობინა, რომ აღსასრულებლად არის მიქცეული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ვინაიდან, აპელაციის ეტაპზე ე.ს–ძის ინტერესები არ განიხილებოდა, კერძოდ, არც აპელანტი იყო და არც მოწინააღმდეგე მხარე, დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და სააღსრულებო ფურცელი გაცემულია არასწორად.

29. 2023 წლის 03 მაისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ასევე წარმოდგენილი იქნა ე.ს–ძის განცხადება (შუამდგომლობა), რომლითაც მოითხოვა, კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით, განმცხადებელ ე.ს–ძეს შეცდომით დაკისრებული აქვს სახ. ბაჟი, მაშინ როდესაც გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მას არ გაუსაჩივრებია. ამასთან, მისთვის უცნობი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს შემდეგ დავის გაგრძელების თაობაზე, ვინაიდან არცერთი ზედა ინსტანციის სასამართლოში იგი მიწვეული არ ყოფილა და არც უწყება გაგზავნია. აღმასრულებლის წინადადების მიხედვით, თუკი 7 დღის ვადაში ნებაყოფილობით არ დაფარავს გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებულ თანხას, აღმასრულებელი საბანკო დაწესებულებებში გააგზავნის საინკასო დავალებას და ყადაღა დაედება მის საბანკო ანგარიშებს, რაც ზიანს მიაყენებს. შესაბამისად, აუცილებელია შეჩერდეს სააღსრულებო წარმოება.

30. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მაისის განჩინებით ე.ს–ძის განცხადება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებასა და მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; ე.ს–ძის შუამდგომლობა/განცხადება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

31. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბის გადაწყვეტილებით, ნ.ჯ–ას, ე.ს–ძის და თ.ა–ნის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამასთან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დაკმაყოფილებული მოთხოვნებიდან, მოსარჩელეთა საერთო მოთხოვნას წარმოადგენდა ქ.ბათუმში, .......... მდებარე ს.კ: …… უძრავ ქონებაზე, 2014 წლის 4 ნოემბერს, შპს ,,ე.კ–სა“ და რ.გ–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ნარდობის ხელშეკრულებად მისი აღიარება და ამ ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობა.

32. დადგენილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით აპელანტებს (მოპასუხე) ა. და რ.გ–ებს დაუდგინდათ ხარვეზი, რომლითაც ნასყიდობის გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში სააპელაციო საჩივრის ფასი განისაზღვრა 1400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით. ხარვეზის განჩინების შესაბამისად, ა.გ–ის მიერ გადახდილი იქნა 3419 ლარი (იხ. ტ.6.ს.ფ.99).

33. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრების არსებითად განხილვის საფუძველზე, 2018 წლის 26 სექტემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც ა. და რ.გ–ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების, საპროცესო ხარჯების დაკისრებისა და უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმის შესახებ.

34. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, გარიგების ბათილობის თაობაზე მოთხოვნის წარმომდგენ მოსარჩელეებს, ნ.ჯ–ას, ე.ს–ძეს და თ.ა–ს აპელანტების - ა. და რ.გ–ების სასარგებლოდ დაეკისრათ სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გაწეული საპროცესო ხარჯის - 3419 ლარის ანაზღაურება.

35. დადგენილია, რომ 2018 წლის 26 სექტემბრის სასამართლო სხდომის თაობაზე უწყება, რა დროსაც გამოცხადებული იქნა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაეგზავნა ე.ს–ძეს მის მიერ დაზუსტებულ სარჩელში მითითებულ მისამართზე, რაც ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს - ძმას ი.ს–ძეს 2018 წლის 10 სექტემბერს, ხოლო 26.09.2018წ. დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ე.ს–ძეს გაეგზავნა 2018 წლის 05 ნოემბერს და ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს - დედას გ.ს–ძეს (იხ.ტ.7.ს.ფ.133, 136).

36. მიუხედავად უწყების/გზავნილის ჩაბარებისა, ე.ს–ძე არც 26.09.2018წ. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა და არც საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება გაუსაჩივრებია საკასაციო წესით. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

37. სააპელაციო სასმართლომ მიუთითა სსსკ-ის 260-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით, ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა ან აშკარა არითმეტიკული შეცდომა. საპროცესო კანონმდებლობის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე დასაშვებია, მხოლოდ ისეთი შესწორება, რომლითაც არსებითად არ იცვლება გადაწყვეტილება, (განჩინება) მისი აზრი და შინაარსი.

38. განსახილველ შემთხვევაში, უსწორობის გასწორების მოთხოვნით წარმოდგენილი განცხადებით ირკვევა, რომ ე.ს–ძე ითხოვს, არა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებაში მექანიკური ან აშკარა არითმეტიკული შეცდომის გასწორებას, არამედ ითხოვს კონკრეტული დასაბუთებით და სამართლებრივი ნორმების მითითებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ასეთი სახის ცვლილება არ წარმოადგენს სსსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ მოქმედებას, რაც დაუსაბუთებელს ხდის განმცხადებლის მოთხოვნას. თუკი, განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ, თუნდაც საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილში მის მიმართ არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, შეეძლო გაესაჩივრებია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, რაც არ განუხორციელებია.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე.ს–ძის განცხადება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებასა და მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე, როგორც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

40. აღსრულების შეჩერების მოთხოვნით წარმოდგენილ ე.ს–ძის შუამდგომლობასთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

41. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად სსკ-ის მე-10 მუხლით დადგენილი აღსრულების სავალდებულო ხასიათისა, კანონმდებლობით გათვალისწინებულია ცალკეულ შემთხვევებში გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198.2 მუხლის მიხედვით, როდესაც აღძრულია სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით შესაძლოა გამოყენებული იქნეს ქონების რეალიზაციის შეჩერება, გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, ასევე სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება ისეთ საქმეებზე, რომლებიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ან რომლებზედაც შეტანილია განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ.მოცემულ შემთხვევაში, არცერთ ზემოაღნიშნულ გარემოებას ადგილი არ აქვს.

42. ამასთან, სააღსრულებო წარმოებათა კანონის VII თავი, ასევე ადგენს აღსრულების გადადებას, შეჩერებას, შეწყვეტას და აღსასრულებელი დოკუმენტის უკან დაბრუნებას, კერძოდ, მითითებული კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულია აღსრულების შეჩერება და მისი ვადები, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, არც სააღსრულებო წარმოებათა კანონით (36-ე მუხლი) გათვალისწინებული შეჩერების რომელიმე საფუძველი არ ირკვევა. ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობით ზუსტად არის განსაზღვრული შემთხვევები, როცა შესაძლებელია გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება ან სააღსრულებო საბუთის მოქმედების შეჩერება, ხოლო განმცხადებელს ე.ს–ძეს რომელიმე საფუძველზე მითითება არ ჰქონია.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

43. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე განმცხადებელმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და დაშვებული უსწორობის გასწორება, კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებაში მეოთხე და მეშვიდე პუნქტში ე.ს–ძის ამორიცხვა და 2023 წლის 10 აპრილის სააღსულებო ფურცელში მოვალეთა ჩამონათვალიდან ე.ს–ძის ამღება, შემდეგი საფუძვლებით:

44. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მას არ დაუკმაყოფილდა უსწორობის გასწორების შესახებ დაყენებული მოთხოვნა და ასევე, სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ მოთხოვნა და საბანკო ანგარიშიდან ჩამოეჭრა 1067.63 ლარი.

45. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლოს არ ჰქონდა უფლება არ დაეკმაყოფილებინა მხარისათვის ის მოთხოვნა, რომელიც მას არ ჰქონდა დაყენებული. ეს საკითხი იმდენად მარტივია, რომ მიჩნეული უნდა იქნეს ტექნიკურ უსწორობად, რაც საქმეში დაშვებულია მონაწილეთა (მოსარჩელეები) სიმრავლის გამო. ე.ს–ძეს არ მოუთხოვია იმ ხელშეკრულების ბათილად ცნობა (რომლის მხარე ის არ იყო) და არც საკუთრების უფლების რეგისტრაცია ნივთზე, არც ფულად სახსრები მშენებლობის დასრულებისათვის. თუკი ეს მოთხოვნები პირველ ინსტანციაში დაკმაყოფილდა, უნდა მიექცეს ყურადღება, უშუალოდ ე.ს–ძე რა სიკეთეს იღებდა ამით. თუ სასამართლომ მიიჩნია, რომ აღიარებითი სახის მოთხოვნები ე.ს–ძეს ჰქონდა დაყენებული, მაშინ სარჩელი ამ ნაწილში განუხილველად იყო დასატოვებელი იურიდიული ინტერსის არარსებოების გამო. სასამართლომ მაინც განიხილა ეს მოთხოვნები და არ დააკმაყოფილა.

46. ე.ს–ძემ იმიტომ არ გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ბაჟის დაკისრების ნაწილში, რომ არ ჰქონდა ობიექტურად იმის მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას ის მოთხოვნა არ დაუკმაყოფილდებოდა, რაც მას არ დაუყენებია და შესაბამისად, ის ვერც კი წარმოიდგენდა იმას, რომ მოსამართლე მას აპელანტების მერ გადახდილ სახელმწიფო ბაჟს დააკისრებდა. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ დაშვებულია ტექნიკური ხასიათის შეცდომა. პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილების შეჯერებით დგინდება, რომ გასაჩივრებულია აღიარებითი მოთხოვნები, რაც კერძო საჩივრის ავტორს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ დაუყენებია (იხ. კერძო საჩივარი, ტ.8, ს.ფ.140-148).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

47. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

48. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

49. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო პალატის იმ განჩინების კანონიერება, რომლითაც კერძო საჩივრის ავტორს უარი ეთქვა გადაწყვეტილებასა და მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დასაშვებული უსწორობის გასწორებაზე.

50. სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. აღნიშნული მუხლის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ მასში საუბარია განჩინებით დაშვებული უსწორობების ან აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებაზე. მითითებული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს.( იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005 წ, გვ. 371). დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად, ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას (შდრ: სუსგ № ას-636-597-2011, 24 ივნისი, 2011 წ; სუსგ № ას-1489-2018, 31 იანვარი, 2019 წ.).

51. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა განჩინებაში უსწორობის გასწორების შესახებ. განმცხადებელი შუამდგომლობით ფაქტობრივად ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლას ე.ს–ძის ნაწილში, რაც საკასაციო საჩივრის საფუძველს წარმოადგენს და არა განჩინებაში უსწორობის გასწორების წინაპირობას.

52. როგორც საქმის მასალებით და გასაჩივრებული განჩინებით ირკვევა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბის გადაწყვეტილებით, ნ.ჯ–ას, ე.ს–ძის და თ.ა–ნის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამასთან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დაკმაყოფილებული მოთხოვნებიდან, მოსარჩელეთა საერთო მოთხოვნას წარმოადგენდა ქ.ბათუმში, .......... მდებარე ს.კ: ……. უძრავ ქონებაზე, 2014 წლის 4 ნოემბერს, შპს ,,ე.კ–სა“ და რ.გ–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ნარდობის ხელშეკრულებად მისი აღიარება და ამ ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობა.

53. დადგენილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით აპელანტებს (მოპასუხე) ა. და რ.გ–ებს დაუდგინდათ ხარვეზი, რომლითაც ნასყიდობის გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში სააპელაციო საჩივრის ფასი განისაზღვრა 1400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით. ხარვეზის განჩინების შესაბამისად, ა.გ–ის მიერ გადახდილი იქნა 3419 ლარი (იხ. ტ.6.ს.ფ.99).

54. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრების არსებითად განხილვის საფუძველზე, 2018 წლის 26 სექტემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც ა. და რ.გ–ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების, საპროცესო ხარჯების დაკისრებისა და უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმის შესახებ.

55. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, გარიგების ბათილობის თაობაზე მოთხოვნის წარმომდგენ მოსარჩელეებს - ნ.ჯ–ას, ე.ს–ძეს და თ.ა–ს, მოპასუხე აპელანტების - ა. და რ.გ–ების სასარგებლოდ დაეკისრათ სააპელაციო სამართალწარმოებისათვის მათ მიერ წინასწარ გაწეული საპროცესო ხარჯის - 3419 ლარის ანაზრაურება.

56. დადგენილია, რომ 2018 წლის 26 სექტემბრის სასამართლო სხდომის თაობაზე უწყება, რა დროსაც გამოცხადებული იქნა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, გაეგზავნა ე.ს–ძეს მის მიერ დაზუსტებულ სარჩელში მითითებულ მისამართზე, რაც ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს - ძმას ი.ს–ძეს 2018 წლის 10 სექტემბერს, ხოლო 2018წლის 26 სექტემბრის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ე.ს–ძეს გაეგზავნა 2018 წლის 05 ნოემბერს და ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს - დედას გ.ს–ძეს (იხ.ტ.7.ს.ფ.133, 136). მიუხედავად უწყების/გზავნილის, ასევე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებისა, ე.ს–ძე არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა და არც საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება გაუსაჩივრებია საკასაციო წესით. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

57. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს, არა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებაში მექანიკური ან აშკარა არითმეტიკული შეცდომის გასწორებას, არამედ ითხოვს კონკრეტული დასაბუთებით და სამართლებრივი ნორმების მითითებით, მიღებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას. აღნიშნული კი, თავსებადი არ არის სსსკ-ის 260-ე მუხლის მოთხოვნებთან და ასეთი სახის ცვლილება არ წარმოადგენს სსსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ მოქმედებას, რაც დაუსაბუთებელს ხდის კერძო საჩივარს.

58. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ თუკი, განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ, თუნდაც საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილში მის მიმართ არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, შეეძლო გაესაჩივრებია იგი კანონით დადგენილი წესით ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, რაც კერძო საჩივრის ავტორს არ განუხორციელებია.

59. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გადაწყვეტილების უსწორობის გასწორების საფუძველს, ვინაიდან განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას. შეცდომის გასწორების ფარგლებში ვერ მოხდება დავის ხელახლა განხილვა და ამის შედეგად დადგენილი იურიდიული შედეგის შეცვლა (შდრ: სუსგ №ას-100-2020, 04 მარტი, 2020წ.; სუსგ № ას-828-779-2015, 12 ნოემბერი, 2015 წ.).

60. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა განჩინებაში უსწორობის გასწორების შესახებ. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

61. რაც შეეხება განმცხადებლის მოთხოვნას გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ, განმცხადებლის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს მიერ არც ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რომლის გაუქმების ნაწილში კერძო საჩივარი არ შეიცავს შესაბამის არგუმენტაციას.

62. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

63. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე, რადგან გასაჩივრებული განჩინების წინააღმდეგ, კერძო საჩივარი არ შეიცავს იმგვარ დასაბუთებულ პრეტენზიას (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები), რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას დაედება საფუძვლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე,420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.ს–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე