Facebook Twitter

ას-333-2023

13 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „გ.ი–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.კ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „გ.ი–მა“ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ი.კ–ძის (შემდეგში მოპასუხის) მიმართ, 60000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

1.1. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „გ.ი–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოთხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინებით შპს „გ.ი–ის“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო.

3.1. პალატამ მიუთითა, სსსკ-ის 30921-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში და აღნიშნა, რომ მითითებული ნორმა იმპერატიულია და ვადის გაგრძელებას ან აღდგენას არ ითვალისწინებს.

3.2. სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელს 2022 წლის 31 ოქტომბერს. შესაბამისად, გასაჩივრების 7-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 01 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 7 ნოემბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2022 წლის 14 ნოემბერს, შესაბამისად, დარღვეული იყო გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „გ.ი–ის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

4.1. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ საქმის მასალების სრულყოფილად შესწავლის გარეშე იმსჯელა სააპელაციო საჩივრის განუხილველობის საკითხზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა ჩვეულებრივი სასარჩელო წესით და არა შემჭიდროვებულ ვადაში, რის გამოც მოსარჩელის წარმომადგენელს არ უფიქრია, რომ გასაჩივრების ვადად სასამართლო მიუთითებდა გამარტივებული წესით დადგენილ 7 დღიან ვადას. კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიიჩნევს, რომ წარმომადგენლის შეცდომის გამო არ შეიძლება დაისაჯოს დაზარალებული იურიდიული პირი (მარწმუნებელი).

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

6. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ, შპს „გ.ი–ის“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

9. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების სრულყოფილად შესწავლის გარეშე იმსჯელა სააპელაციო საჩივრის განუხილველობის საკითხზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა ჩვეულებრივი სასარჩელო წესით და არა შემჭიდროვებულ ვადაში, რის გამოც მოსარჩელის წარმომადგენელს არ უფიქრია, რომ გასაჩივრების ვადად სასამართლო მიუთითებდა გამარტივებული წესით დადგენილ 7 დღიან ვადას. კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიიჩნევს, რომ წარმომადგენლის შეცდომის გამო არ შეიძლება დაისაჯოს დაზარალებული იურიდიული პირი (მარწმუნებელი).

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ დავა დელიქტის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას შეეხებოდა. აღნიშნული კატეგორიის საქმე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავის შესაბამისად, შესაძლებელია განხილულ იქნეს გამარტივებული წესით. პირველი ინსტანციის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში საქმის განხილვის სპეციალურ წესზე მიუთითა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე მუხლი დაუდო საფუძვლად.

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გამარტივებული წესით საქმის განხილვა, სასარჩელო წარმოების მსგავსად, მიზნად ისახავს დარღვეული უფლების აღდგენას, თუმცა გამარტივებული წარმოების თავისებურება ისაა, რომ საქმე დაჩქარებულად და მარტივად განიხილება. ამ წესით განსახილველ საქმეთა კატეგორია კანონით ზუსტად არის განსაზღვრული და იგი მხარის მოთხოვნის საფუძველზე მიმდინარეობს, ანუ კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას, სარჩელი ამ წესით საქმის განხილვაზე მხარემ უნდა წარადგინოს და, შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია, საქმე გამარტივებული წესით აწარმოოს. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მხარის მოთხოვნა, საქმე სასარჩელო წარმოებით განიხილება და საერთო საპროცესო ვადები ვრცელდება.

12. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ვინაიდან ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელები, ისევე როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეხუთე კარით გათვალისწინებული სხვა საქმეები, შესაძლოა, განხილულ იქნეს როგორც გამარტივებული, ისე სრული სასარჩელო წარმოების გზით, საქმის განმხილველმა სასამართლომ საპროცესო დოკუმენტებში, ზუსტად უნდა მიუთითოს წარმოების ფორმა, ამასთან, ყველა საპროცესო მოქმედება კანონით დადგენილ შემჭიდროვებულ ვადაში უნდა შესრულდეს.

13. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული სარჩელით დასტურდება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვდა საქმის განხილვას გამარტივებული წესით. მოპასუხეს შესაგებლის წარდგენისათვის მიეცა 7 დღე (სსსკ-ის 30919-ე მუხლი) და საქმე განხილულია შემჭიდროვებულ ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლო 2022 წლის 18 ოქტომბრის სხდომის ოქმით ასევე დასტურდება, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის გამარტივებული წესით განხილვაზე (იხ. სხდომის ოქმი: 15:46:10-15:46:20). გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მხარეებს ასევე განემარტათ, რომ გადაწყვეტილება შეეძლოთ გაესაჩივრებინათ თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე, მოსარჩელის შუამდგომლობის შესაბამისად, განხილულ იქნა გამარტივებული წესით. ამდენად, გადაწყვეტილებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენება და, ასევე, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადად 7 დღის მითითება კანონიერია.

15. უდავოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აპელანტის წარმომადგენელს ნ.ჩ–ს ჩაბარდა პირადად 2022 წლის 31 ოქტომბერს (ს.ფ. 382). შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 01 ნოემბერს და დასრულდა 2022 წლის 08 ნოემბერს (07 ნოემბერი იყო არასამუშაო დღე). მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2022 წლის 14 ნოემბერს, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის შემდეგ.

16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემდგომ სასამართლოში სამართალწარმოებაზე მხარეს სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი იმ ვადის დარღვევის გამო ეთქვა უარი, რომლის დაცვაც სააპელაციო საჩივრის დაშვების ერთ-ერთი სავალდებულო წინაპირობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30921 მუხლი წარმოადგენს სპეციალურ ნორმას, რომელიც გასაჩივრების ვადასთან მიმართებით შეიცავს იმპერატიულ დათქმას. სსსკ 59.4 მუხლის თანახმად კი, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო განუხილველად და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

17. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ წარმომადგენლის შეცდომის გამო არ შეიძლება დაისაჯოს მარწმუნებელი იურიდიული პირი, აღნიშნულს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ სასამართლო წარმომადგენლობა ესაა კანონით გარანტირებული შესაძლებლობა მხარემ აწარმოოს საქმე სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. სასამართლო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც ასრულებს სასამართლოში მარწმუნებლის სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად ყველა იმ საპროცესო მოქმედებას, რაც გათვალისწინებულია კანონით და მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობით. იმ შემთხვევაში, როცა მხარე საქმეს აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენელთან მიმართებით შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული საპროცესო მოქმედების შედეგი ვრცელდება მხარეზე. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ წარმომადგენლის შეცდომა არ შეიძლება უარყოფითად აისახოს მარწმუნებელი იურიდიული პირის ინტერესებზე.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობდა შპს „გ.ი–ის“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, შესაბამისად, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „გ.ი–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე