Facebook Twitter

№ას-1248-2022

06 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

პირველი კასატორი – სს „ე-პ.ჯ.გ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.ი.ჯ–ია“ (მოსარჩელე)

მეორე კასატორი – შპს „ე.ი.ჯ–ია“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ე-პ.ჯ.გ–ია“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება

პირველი კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ე.ი.ჯ–იამ“ (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა ცაგერის რაიონულ სასამართლოში სს „ე-პ.ჯ.გ–იის“ (შემდეგში - მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა 2019 წლის 22 ივლისის N059-4-/19 ხელშეკრულების, 2019 წლის 20 სექტემბრისა და 2019 წლის 25 ოქტომბრის დამატებითი შეთანხმებების საფუძველზე, ლ.ც. კაშხლის რეაბილიტაციის სამუშაოების დარჩენილი ღირებულების - 12098726 აშშ დოლარის ანაზღაურება. ასევე 2019 წლის 22 ივლისის N059-4-/19 ხელშეკრულების, 2019 წლის 20 სექტემბრისა და 2019 წლის 25 ოქტომბრის დამატებითი შეთანხმებების საფუძველზე, ლ.ც. კაშხლის რეაბილიტაციის სამუშაოების, კერძოდ: პირველი და მეორე წყალსაშვის რეკონსტრუქციის სამუშაოების ღირებულების გადაუხდელი ფასთასხვაობის თანხის - 27 897.51 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება (იხ. დაზუსტებული სარჩელი: ტ.2, ს.ფ. 4-25).

1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.

1.2. ცაგერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინებით საქმე შპს „ე.ი.ჯ–იას“ სარჩელისა გამო, მოპასუხე სს „ე-პ.ჯ.გ–იის“ მიმართ, სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით, შპს „ე.ი.ჯ–იას“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 27 897.51 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 30 000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება აღნიშნულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება აღნიშნულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 02 აგვისტოს განჩინებით სს „ე-პ.ჯ.გ–იის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ე.ი.ჯ–იას“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხისათვის 30000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოპასუხე სს „ე-პ.ჯ.გ–იას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 56208.86 აშშ დოლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. 2019 წლის 22 ივლისს, ერთის მხრივ შპს „ე.ი.ჯ–იას“ (შემსრულებელს) და მეორეს მხრივ, სს „ე-პ.ჯ.გ–იას“ (დამკვეთს) შორის დაიდო N059-4-G/19 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შემსრულებელს უნდა ეწარმოებინა ლ.ც. კაშხლის №1 და №2 დანართებში მითითებული სარეაბილიტაციო სამუშაოები. დანართ №1-ში მოცემულ სამუშაოთა მოცულობა (აღნიშნული ასევე გულისხმობდა სამუშაოთა ჩამონათვალში სამუშაოების დამატებას) და შესაბამისად მათი ღირებულება შეიძლება განსხვავდებოდეს +/-10%-ით (ხელშეკრულების 1.2 პუნქტი). შემსრულებელი ვალდებული იყო დაეწყო სამუშაოების შესრულება 2019 წლის 01 აგვისტოს და დაესრულებინა სამუშაოები დაწყების თარიღიდან 91 დღის ვადაში (ხელშეკრულების 3.1 პუნქტი). სამუშაოების დასრულების ვადა შეიძლება გაგრძელებულიყო მხარეთა წერილობითი შეთანხმებით (ხელშეკრულების 3.2 პუნქტი).

5.2. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 1 107 142.86 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში (ხელშეკრულების მე-9 პუნქტი). დადგინდა ხელშეკრულების საბოლოო ღირებულების განსაზღვრა მხარეთა შორის გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით (ხელშეკრულების 9.2 პუნქტი); ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 3.1 პუნქტში მითითებული სამუშაოების საბოლოო ვადის გადაცდენის შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილი იყო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებინა შემსრულებლისათვის ხელშეკრულების 9.1 პუნქტში მითითებული ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1% საბოლოო ვადის გადაცილების პირველივე დღიდან.

5.3. 2019 წლის 24 ივლისს, მხარეთა შორის დაიდო 2019 წლის 22 ივლისის №059-4-G/19 ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრა, რომ მხარეთა შორის 2019 წლის 22 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების დანართი №3 ჩამოყალიბებულიყო წინამდებარე შეთანხმებაზე თანდართული დანართი №3-ის სახით. აღნიშნული შეთანხმების 2.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ყველა სხვა პირობა ძალაში დარჩა უცვლელი სახით.

5.4. 2019 წლის 20 სექტემბერს, მხარეთა შორის დაიდო 2019 წლის 22 ივლისის №059-4-G/19 ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა ძირითადი ხელშეკრულების 9.1 პუნქტში და ხელშეკრულების საერთო ღირებულება ნაცვლად 1107142.86 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 1057919.4 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნული შეთანხმებით ასევე შევიდა ცვლილება ძირითადი ხელშეკრულებს 10.1 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „ხელშეკრულების დანართი №3-ით გათვალისწინებული შესრულების ვადების 3 (დღეზე) მეტით ვადაგადაცილების შემთხვევაში, დამკვეთი უფლებამოსილია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დააკისროს შემსრულებელს პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. ამასთან, პირგასამტეხლო დაითვლება ვადაგადაცილების პირველივე დღიდან. დამკვეთს ასევე უფლება აქვს წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების უფლება გამოიყენოს მხარეთა შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. აღნიშნულ შემთხვევაშიც პირგასამტეხლოს დაკისრება მოხდება ვადაგადაცილების პირველი დღიდან შესაბამისი ვალდებულების დღემდე“.

5.5. 2019 წლის 25 ოქტომბერს, მხარეთა შორის დაიდო 2019 წლის 22 ივლისის №059-4-G/19 ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა ძირითადი ხელშეკრულების 9.1 პუნქტში და ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 1120252.43 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, დღგ-ს ჩათვლით.

5.6. 2020 წლის 28 იანვარს, მოდავე მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ვინაიდან მხარეთა შორის 2019 წლის 22 ივლისს დადებული №059-4-G/19 ხელშეკრულების საფუძველზე შემსრულებელი აწარმოებდა სარეაბილიტაციო სამუშაოებს დამკვეთის ლ.ც. კაშხალზე, ამასთან, გაუთვალისწინებელი და განსაკუთრებული გარემოებების გამო საჭირო გახდა ლაჯანურჰესის სადერივაციო არხის წყლისგან ავარიული დაცლა, რამაც გამოიწვია კაშხლის ქვედა ბიეფში სამშენებლო მოედნის და გამყვანი არხის დატბორვა, ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო საჭირო გახდა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება. ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელი იღებდა ვალდებულებას დამკვეთის კუთვნილი ლ.ც. კაშხალზე შეესრულებინა წინამდებარე ხელშეკრულების დანართში მოცემული სამუშაოები. სამუშაოს დაწყების თარიღს დამკვეთი ელ. ფოსტის მეშვეობით აცნობებდა შემსრულებელს. შემსრულებელი ვალდებული იყო შეესრულებინა სამუშაო დაწყების თარიღიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

5.7. მხარეთა შორის 2019 წლის 22 ივლისს დადებული №059-4-G/19 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოსარჩელემ ფაქტობრივად დაასრულა 2020 წლის 07 აპრილს. 2020 წლის 22 ივნისს მხარეთა შორის შედგა ლაჯანური ჰესი - ც–ის კაშხლის რეკონსტრუქციის პროექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, აღნიშნული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით წარმოდგენილია სამუშაოები, რომლებიც შემსრულებელმა ფაქტობრივად დაასრულა 2020 წლის 07 აპრილის ჩათვლით, მაგრამ მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოადგინა 2020 წლის 08 ივნისს. აღნიშნული აქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემსრულებელმა დასრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოადგინა 2020 წლის 08 ივნისს, მოპასუხე ხელშეკრულების 10.2 პუნქტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს დააკისრებდა შემსრულებელს სამუშაოების ფაქტობრივად დასრულების თარიღიდან - 2019 წლის 30 ოქტომბრიდან სამუშაოების დასრულების თარიღის - 2020 წლის 07 აპრილის ჩათვლით. აღნიშნული აქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადა იყო 2019 წლის 30 ოქტომბერი, შემსრულებელმა სამშენებლო სამუშაოები ფაქტობრივად დაასრულა 2020 წლის 07 აპრილს. შესაბამისად, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენდა 160 დღეს. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული ვადაგადაცილებული დღეებიდან შემსრულებელს საპატიოდ ჩაეთვლებოდა 52 დღე. ეს საპატიო დღეებია: 1) 18.09.2019; 19.09.2019; 20.09.2019; 21.09.2019; 22.09.2019; 09.10.2019; 10.10.2019; 11.10.2019 - ძლიერი წვიმების შედეგად სამშენებლო მოედნის დატბორვა - სულ 8 დღე; 2) 29.12.2019; 30.12.2019; 31.12.2019; 1.01.2020; 2.01.2020; 3.01.2020; 07.01.2020 - საახალწლო დღეები - სულ 7 დღე; 3) 23.01.2020-დან 28.02.2020 ჩათვლით პერიოდი, როდესაც დაიტბორა სამშენებლო მოედანი მე-4 ფარის ავარიული გაღების გამო, რაც გამოწვეული იყო სადერივაციო არხის დაცლის აუცილებლობით, მასში მგზავრებიანი ავტომობილის ჩავარდნის გამო - სულ 37 დღე. შესაბამისად, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა, რომელზეც უნდა მომხდარიყო პირგასამტეხლოს დაკისრება, შეადგენდა 108 დღეს. 108 დღის პირგასამტეხლო კი შეადგენდა 120 987.26 აშშ დოლარს დღგ-ს ჩათვლით, რაც გაიქვითებოდა დამკვეთის მიერ შემსრულებლისთვის გადასახდელი თანხიდან.

5.8. მოპასუხეს, როგორც დამკვეთს, ანაზღაურებული ჰქონდა მოსარჩელისთვის 2019 წლის 22 ივლისს დადებული №059-4-G/19 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება სრულად, გარდა მხარეთა შორის 2020 წლის 22 ივნისის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით დაქვითული 108 დღის პირგასამტეხლოს - 120 987.26 აშშ დოლარისა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვერ გაიზიარებდა მოსარჩელის პოზიციას, სამუშაოთა რეალური ღირებულების 27897.51 აშშ დოლარით მეტი ოდენობის შესახებ, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი ფორმა N2 არ იყო ხელმოწერილი მხარეების მიერ. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.

5.10. პალატამ აღნიშნა, რომ მხარეებმა როგორც ხელშეკრულებაზე, ასევე მისგან გამომდინარე დამატებით შეთანხმებაზე ხელისმოწერით თითოეულ შემთხვევაში დაადასტურეს შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები. მათი რომელიმე შეთანხმება არ მოიცავდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გაგრძელების შეთანხმებას როგორც ამაზე მიუთითებს ხელშეკრულების 3.2 პუნქტი. შესაბამისად, მოსარჩელისთვის იმთავითვე ცხადი იყო, რომ მას, როგორც ძირითადი ხელშეკრულებით, ასევე დამატებითი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და უზრუნველყო მათი დასრულება 2019 წლის 31 ოქტომბრისათვის.

5.11. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელის მიერ შესრულების ვადის გადაცილება გამოწვეული იყო რაიმე ობიექტური გარემოებით. შესაბამისად, არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელის მიერ 2019 წლის 22 ივლისის №059-4-G/19 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება არ იყო გამოწვეული მოსარჩელის ბრალით. ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სამუშაოთა შეუსრულებლობა კი, იწვევდა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ საფუძველს.

5.12. სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, თუ რა ოდენობის სამუშაოები შესრულდა 2019 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდზე. პალატამ მიიჩნია, რომ შპს „ე.ი.ჯ–იას“ სარჩელზე სს „ე-პ.ჯ.გ–იის“ მიერ წარდგენილი იყო არაკვალიფიციური (დაუსაბუთებელი) შესაგებელი. კერძოდ, დაზუსტებულ სარჩელში მითითებულ იმ ფაქტობრივ გარემოებასთან მომართებაში, რომელიც შეეხებოდა მოსარჩელის მიერ 520 475.71 აშშ დოლარის სამუშაოების ვადაში შესრულების ფაქტს, მოპასუხეს აღნიშნული გარემოება შესაგებლით სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისი შედავება არ განუხორციელებია.

5.13. პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა ყოფილიყო არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან (1 120 252,43 აშშ დოლარი), არამედ, მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი/არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან, რაც მოცემულ შემთხევაში (1 120 252.43 აშშ დოლარს-520 475.71 აშშ დოლარი) იყო 599 776.72 აშშ დოლარი. შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%, შეადგენდა 599.8 აშშ დოლარს, რაც 108 ვადაგადაცილებულ დღეზე, 64 774.4 აშშ დოლარია. მოპასუხის მიერ ვადაგადაცილებული 108 დღის გათვალისწინებით დაკავებული პირგასამტეხლო შეადგენდა 120 987.26 აშშ დოლარს, სააპელაციო პალატის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან დათვლილი პირგასამტეხლოს 64 774.4 აშშ დოლარით განსაზღვრის პირობებში კი მოსარჩელისათვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობამ შეადგინა 56208.86 (120 987.26-64 774.4) აშშ დოლარი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.

შპს „ე.ი.ჯ–იას“ საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. კასატორის მითითებით, სასამართლოს სწორად უნდა შეეფასებინა მომხდარი ავარიები და ამის გამო მიღწეული 2019 წლის 20 სექტემბრისა და 25 ოქტომბრის შეთანხმებები და 2020 წლის 28 იანვრის ხელშეკრულება. მომხდარი ავარიების გამო შესასრულებელი დამატებითი სამუშაოების შესასრულებლად მოსარჩელეს სჭირდებოდა დამატებითი დრო, შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრება, რომ მხარეები დამატებითი ვადის შესახებ არ შეთანხმებულან დაუსაბუთებელია. მოსარჩელის ბრალის არარსებობა ავარიების გამოწვევაში, გამორიცხავს სამუშაოების ვადაში დაუსრულებლობას მოსარჩელის ბრალეულობით. მომხდარი ავარიების გამო დადებული შეთანხმებები არის შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგება, რაც გამორიცხავს პირგასამტეხლოს დაკისრებას. აღნიშნულ მსჯელობას თუ გაიზიარებდა სასამართლო, აღმოჩნდებოდა, რომ ვადის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რაც გამორიცხავს პირგასამტეხლოს დაკისრებას.

6.2. სასამართლომ გვერდი აუარა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტზე ხელის მოწერის შემდეგ უმოკლეს ვადაში მოსარჩელის წერილებს, რომლებითაც იგი არ ეთანხმებოდა პირგასამტეხლოს გაქვითვას.

6.3. სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა 27 897.51 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი აქტი არ იყო ხელმოწერილი მხარეების მიერ. მოპასუხემ უარყო ამ აქტში მითითებული გაანგარიშება და წარადგინა თავისი გაანგარიშება. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ნაწილობრივ მაინც უნდა დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა მოპასუხის მიერ წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, რადგან უარყოფილი არ არის სამუშოს შესრულება.

სს „ენერგო-პ.ჯ.გ–იის“ საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.4. კასატორის პრეტენზია შეეხება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, სადაც იგი დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ე.ი.ჯ–იას“ მიერ პირველ სამ თვეში შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 520 475.71 აშშ დოლარი და არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მსჯელობას, სადაც იგი უარს ეუბნება მოსარჩელეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე იმ მოტივით, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება პირგასამტეხლოს ხელშეკრულების სრული ღირებულებიდან დაკისრებაზე. კასატორის მოსაზრებით, ხელშეკრულების შეუსრულებელი ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დაკისრების შემთხვევაშიც, მოსარჩელე ვერ ასაბუთებდა და არ ჰქონდა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, თუ რა თანხიდან უნდა მომხდარიყო თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს დაანგარიშება.

6.5. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, მოპასუხის მიერ სათანადო შედავების არარსებობაზე და აღნიშნავს, რომ მოპასუხეს მითითებული ჰქონდა, რომ არ ცნობდა სარჩელს. სააპელაციო პალატამ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, რადგან მოსარჩელეს თავად არ ჰქონდა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები მისი მოთხოვნის დასასაბუთებლად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 ოქტომბრისა და ამავე წლის 04 ნოემბრის განჩინებებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორების შედავების საფუძვლიანობა.

13. განსახილველ შემთხვევაში სადავო არაა მხარეთა შეთანხმებით გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები, უფლებები და ვალდებულებები; არც ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობა და ვადადარღვეული დღეების რაოდენობაა სადავოდ გამხდარი. შპს „ე.ი.ჯ–იას“ საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, არსებობს თუ არა დამატებით შესრულებული სამუშაოს ღირებულების (27 897.51 აშშ დოლარის) მოსარჩელისათვის ანაზღაურების საფუძველი და მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი თანხიდან სს „ე-პ.ჯ.გ–იის“ მიერ პირგასამტეხლოს დაკავების მართლზომიერება. სს „ენერგო-პ.ჯ.გ–იის“ საკასაციო საჩივრის ნაწილში კი საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია არსებობდა თუ არა მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს ნაწილის დაბრუნების საფუძველი.

14. სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შედეგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), ამავე კოდექსის 361.2-ე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და 418-ე (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში მიიღწევა. კერძოდ, ეს წინაპირობებია: ა) მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება; ბ) პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმება; გ) ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შდრ. სუსგ №ას-1079-2019, 30 სექტემბერი, 2019).

16. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016).

17. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, შესრულებული სამუშაოს ნაწილის ღირებულების (27897.51 აშშ დოლარის) მოსარჩელისათვის ანაზღაურების საფუძვლის არარსებობის შესახებ, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის 07 აპრილის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მოსარჩელის მიერ შესასრულებელ სამუშაოთა მესამე ეტაპი გულისხმობდა პირველი და მეორე წყალსაშვის რეკონსტრუქციას. 2020 წლის 01 აპრილის ფორმა №2 ადასტურებს, რომ პირველი და მეორე წყალსაშვის რეკონსტრუქციის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 123 721.95 აშშ დოლარი. აღნიშნული აქტი ხელმოწერილია მხარეების მიერ. მოსარჩელის მიერ იმ პოზიციის დასადასტურებლად, რომ სამუშაოთა რეალური ღირებულება იყო 27 897.51 აშშ დოლარით მეტი, წარმოდგენილია 2020 წლის 01 აპრილით დათარიღებული ფორმა N2, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი არ არის ხელმოწერილი. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება შესრულებული სამუშოების ღირებულების 151 619.46 აშშ დოლარით განსაზღვრის შესახებ, სათანადო მტკიცებულებად ვერ იქნა მიჩნეული. სათანადო მტკიცებულებით დადასტურების გარეშე კი, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს არ წარმოადგენდა. ამდენად, მოსარჩელის საკასაციო პრეტენზია აღნიშნულ ნაწილში საფუძველს მოკლებულია და არ არსებობს მისი გაზიარების სამართლებრივი წინაპირობები.

18. რაც შეეხება შპს „ე.ი.ჯ–იას“ სასარჩელო მოთხოვნას, მოპასუხის მიერ პირგასამტეხლოს სახით დაკავებული თანხის დაბრუნების შესახებ, აღნიშნულ ნაწილში შპს „ე.ი.ჯ–იას“ საკასაციო პრეტენზია შეეხება იმას, რომ მომხდარ ავარიებში მას ბრალი არ მიუძღოდა და შესაბამისად, მოპასუხემ უსაფუძვლოდ დაარიცხა და დაუკავა პირგასამტეხლო.

19. საკასაციო პალატა მოსარჩელის აღნიშულ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ მხარეებმა როგორც ხელშეკრულებაზე, ასევე მისგან გამომდინარე დამატებით შეთანხმებებზე ხელმოწერით დაადასტურეს შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები. მათი რომელიმე შეთანხმება არ მოიცავდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გაგრძელების პირობას. შესაბამისად, მოსარჩელისთვის იმთავითვე ცხადი იყო, რომ მას, როგორც ძირითადი ხელშეკრულებით, ასევე დამატებითი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და უზრუნველეყო მათი დასრულება 2019 წლის 31 ოქტომბრისათვის. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ ძირითადი ხელშეკრულების შემდგომ დადებული დამატებითი შეთანხმებით გათვალისწინებული დამატებითი სამუშაოების შესრულების ფონზე, შეუძლებელი გახდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაში შესრულება. პალატა აღნიშნავს, რომ დამატებითი შეთანხმებების გაფორმების დროს მხარეებს ასევე შეეძლოთ გაეთვალისწინებინათ აღნიშნული გარემოება და საჭიროების შემთხვევაში განესაზღვრათ დამატებითი ვადები, რაც საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება.

20. ვადაგადაცილებული დღეების პირგასამტეხლო მოსარჩელისთვის დარიცხული იყო სამუშაოთა დასრულებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თარიღიდან - 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდგომი პერიოდიდან ამ სამუშაოთა რეალურად დასრულების პერიოდამდე - 2020 წლის 07 აპრილამდე, ამ დროის განმავლობაში საპატიოდ მიჩნეული დღეების გამოკლებით, (ვადაგადაცილებულ 108 დღეზე), ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ე.ი.ჯ–იას“ სარჩელზე სს „ე-პ.ჯ.გ–იის“ მიერ წარდგენილი იყო არაკვალიფიციური (დაუსაბუთებელი) შესაგებელი. კერძოდ, დაზუსტებულ სარჩელში მითითებულ იმ ფაქტობრივ გარემოებასთან მომართებაში, რომელიც შეეხებოდა მოსარჩელის მიერ 520 475.71 აშშ დოლარის სამუშაოების ვადაში შესრულების ფაქტს, მოპასუხე შესაგებლით სადავოდ არ ხდიდა. აღნიშნულ მსჯელობაზე პრეტენზიას შეიცავს სს „ე-პ.ჯ.გ–იის“ საკასაციო საჩივარი, სადაც აღნიშნულია, რომ მოპასუხის მიერ სათანადო შედავებას ადასტურებს სასამართლოში წარდგენილი შესაგებელი, რომლითაც მოპასუხე არ ცნობდა სარჩელს.

21. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია, მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას, ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად მიიჩნევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე №ას-664-635-2016, 02.03.2017 წელი) (სუსგ №ას-132-2019, 30.06.2021წ.). აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა სს „ე-პ.ჯ.გ–იის“ პოზიციას ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ მოპასუხე მართალია ზოგადად მიუთითებდა, რომ სარჩელს არ ცნობდა, თუმცა მას მოსარჩელის იმ მითითების საწინააღმდეგოდ, რომ ვადაში შესრულებულ იქნა 520 475.71 აშშ დოლარის სამუშაოები, დამაჯერებელი შედავება და რაიმე მტკიცება არ განუხორციელებია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია დადასტურებულად ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ 520 475.71 აშშ დოლარის სამუშაოები შესრულდა ვადაში.

22. სს „ე-პ.ჯ.გ–იის“ საკასაციო პრეტენზია ასევე შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს გაანგარიშების წესს. კასატორი აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება პირგასამტეხლოს დარიცხვის წესზე და პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე.

23. საკასაციო პალატა აღნიშნულ პრეტენზიას ასევე ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილ პრატიკაზე, რომლის მიხედვით, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში დათქმული პირობის მიუხედავად, ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამოანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან ასეთი წესით დაანგარიშებული პირგასამტეხლოს მოვალისათვის დაკისრება ვერ შეასრულებს თავის ნორმატიულ დანიშნულებას. იგი, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ გაზრდის პირგასამტეხლოს მოცულობას, მეორე მხრივ კი, მოვალეს უკვე შესრულებული ვალდებულების ნაწილში დააკისრებს პასუხისმგებლობას (შდრ. იხ. სუსგ.: Nას-603-2021, 14.12.2021; Nას-1258-2019, 30.03.2021; Nას-581-2019, 31.07.2019; №ას-931-896-2016, 31.01.2017).

24. გამომდინარე იქიდან, რომ საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას 520 475.71 აშშ დოლარის სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შესრულების შესახებ, პალატას მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა გამოთვლილ იქნა უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად. პირგასამტეხლო დაანგარიშებულია არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან (1 120 252,43 აშშ დოლარი), არამედ, მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი/არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან, რაც მოცემულ შემთხევაში (1 120 252.43 აშშ დოლარს-520 475.71 აშშ დოლარი) იყო 599 776.72 აშშ დოლარი. შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%, შეადგენდა 599.8 აშშ დოლარს, რაც 108 ვადაგადაცილებულ დღეზე, 64 774.4 აშშ დოლარია. მოპასუხის მიერ ვადაგადაცილებული 108 დღის გათვალისწინებით ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან დაკავებული პირგასამტეხლო შეადგენდა 120 987.26 აშშ დოლარს, ხოლო, შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან დათვლილი პირგასამტეხლოს 64 774.4 აშშ დოლარით განსაზღვრის პირობებში კი მოსარჩელისათვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობამ შეადგინა 56208.86 (120 987.26-64 774.4) აშშ დოლარი.

25. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან აკუმულირებული პირგასამტეხლოს მოცულობა, როდესაც დარღვეულია ვალდებულების მხოლოდ ნაწილი, სანქციას იმთავითვე სძენს არაგონივრულად მკაცრი პასუხისმგებლობის შინაარსს, რა დროსაც, სასამართლოს ვალია, აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირგასამტეხლოს სამართლიან საწყისებთან შესაბამისობაში მოყვანის გზით.

26. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი/არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან პირგასამტეხლოს გაანგარიშების შესახებ და მიიჩნევს, რომ სს „ე-პ.ჯ.გ–იას“ დასაბუთებული (დასაშვები) საკასაციო შედავება აღნიშნულ საკითხზე არ წარმოუდგენია.

27. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა. 28. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

30. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. 32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, სს „ე-პ.ჯ.გ–იას“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 7870 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 4226.98 ლარი და 3643.03 ლარის 70% – 2550.11 ლარი, სულ - 6193.14 ლარი. შპს „ე.ი.ჯ–იას“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ე-პ.ჯ.გ–იის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. შპს „ე.ი.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

3. სს „ე-პ.ჯ.გ–იას“ (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 7870 ლარიდან (საგადახდო დავალება N101789001, გადახდის თარიღი 16.08.2022) ზედმეტად გადახდილი 4226.98 ლარი და 3643.03 ლარის 70% – 2550.11 ლარი, სულ - 6193.14 ლარი;

4. შპს „ე.ი.ჯ–იას“ (......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 25.10.2022) 70% – 5600 ლარი;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე