№ას-1636-2022
06 ივლისი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
პირველი კასატორი – დ.ყ–ვა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მოპასუხე)
მეორე კასატორი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ყ–ვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება
პირველი კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. დ.ყ–ვამ (შემდეგში - მოსარჩელე, დასაქმებული) სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდეგში - მოპასუხე, დამსაქმებელი) მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით დ.ყ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 21 ივლისის N1/კ-414 ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა ვ.ფ–ვას სახელობის ქ. ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით განაცდურის ანაზღაურება სამუშაოდან დათხოვნის დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დ.ყ–ვა აღდგენილი იქნა ვ.ფ–ვას სახელობის ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 26496 ლარის გადახდა.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. დ.ყ–ვა, სსიპ ვ.ფ–ვას სახელობის დაბა ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა 2015 წლის 13 იანვრიდან 6 წლის ვადით - 2021 წლის 13 იანვრამდე. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ აღნიშნული ფაქტი რეგისტრაციაში გაატარა 2015 წლის 14 იანვარს. აღნიშნულ თანამდებობაზე დ.ყ–ვას დარიცხული ხელფასი შეადგენდა 690 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები 552 ლარს.
5.2. დ.ყ–ვასთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2017 წლის 21 ივლისს. სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი, ხოლო ამ ბარათის საფუძველია შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა. მოხსენებითი ბარათის მიხედვით, სკოლაში ინსპექტირება ჩატარდა მინისტრის 2017 წლის 05 ივნისის N515 ბრძანებით. ბრძანებაზე თანდართული გეგმა მოიცავდა შემდეგი საკითხების შესწავლას: ა) ვ.ფ–ვას სახელობის დაბა ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლის პედაგოგთა ჯგუფის განცხადება (N584913), ბ) სკოლის საქმიანობა (შერჩევით) 01.01.2015 წ-დან 09.06.2017 წლის ჩათვლით და გ) ადგილზე წამოჭრილი სხვა საკითხები. ინსპექტირების შედეგებით გამოვლენილი დარღვევები მოხსენებითი ბარათის ავტორმა შეაფასა მძიმე ხასიათის დარღვევად, რასაც მინისტრი დაეთანხმა. მოხსენებითი ბარათის დასაბუთებით, ამ დარღვევების არსებობის პირობებში, სახეზეა სკოლის დირექტორის მხრიდან მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება. კერძოდ, დირექტორი ვერ უზრუნველყოფს მასწავლებლებთან და სკოლის სხვა თანამშრომლებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებების შესრულების კონტროლს, ვერ უზრუნველყოფს ქონების სათანადო აღრიცხვას, ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის დაცვას, რაც აუცილებელია შესყიდვების რაციონალური განხორციელებისათვის, ასევე, ვერ უზრუნველყოფს ფინანსების მიზნობრივ ხარჯვას.
5.3. ინსპექტირება განხორციელებულია განათლების და მეცნიერების სამინისტროში 2017 წლის 02 ივნისს ანონიმურად შესული/რეგისტრირებული განცხადების საფუძველზე, რომელშიც მითითებული იყო, რომ განცხადება ჩხოროწყუს მეორე სკოლის პედაგოგთა ჯგუფისაა. პედაგოგთა ჯგუფის სახელით წარდგენილ ანონიმურ განცხადებაში არასწორად იყო მითითებული სკოლის დასახელება (ჩხოროწყუს მეორე სკოლა, ჩხოროწყუს რაიონის მეორე სკოლა). განცხადების ადრესატს არ გადაუმოწმებია/დაუზუსტებია განცხადების ავტორ პედაგოგთა ვინაობა, თუმცა ანონიმური შეტყობინების საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და გამოიცა ბრძანება სკოლის ინსპექტირების შესახებ, სადაც მიეთითა, რომ ინსპექტირების გეგმაში შედიოდა დაბა ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლის პედაგოგთა ჯგუფის განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა.
5.4. სკოლის პედაგოგებმა სახელისა და გვარის მითითებით, საკუთარი ხელმოწერით 2017 წლის 05 ივლისს განცხადება წარადგინეს მინისტრთან და აღნიშნეს, რომ არანაირი ანონიმური წერილი, სადაც დირექტორის მუშაობა უარყოფითადაა შეფასებული, სამინისტროში არ წარუდგენიათ. პირიქით, ყველა ასპექტში დირექტორის მუშაობა შეაფასეს დადებითად, ხაზი გაუსვეს სკოლის მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა მიღწევებს და წარმატებებს, რაც ყველაფერთან ერთად დირექტორის დამსახურებადაც მიაჩნდათ. განცხადებაზე ხელმომწერი პედაგოგების ნაწილმა (ნ.თ–ამ - დირექტორის მოადგილე, ამჟამად დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნაირა ციმინტიამ - პედაგოგი) სასამართლო სხდომაზე საერთო ჯამში დადებითად შეაფასეს დირექტორის მუშაობა და აღნიშნეს, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ, მათ სკოლაში ახალი დირექტორი არ დანიშნულა. სკოლაში დირექტორის თანამდებობის ვაკანტურობა სადავო არ გაუხდია მოპასუხეს.
5.5. განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში ასახული დარღვევების არსებობას სკოლის დირექტორი დაეთანხმა წერილობითაც და ზეპირად.
5.6. საპირფარეშოს პრობლემასთან დაკავშირებით, შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში ასახულ დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა შემდეგი: დეფექტების აღმოფხვრაზე მიმდინარეობდა მუშაობა არსებული რესურსების შესაბამისად. შემოწმებამდე შედგენილი იყო დეფექტური აქტი, 2017 წლის 02 თებერვალს დაუკვეთეს ხარჯთაღრიცხვა სპს „პროგრესი ლევან ზარქუას“, შესაბამისი დოკუმენტაცია გააგზავნეს სამინისტროში, მიიღეს თანხმობა სარემონტო სამუშაოებზე, თუმცა ვერ მოხერხდა შეთანხმებულ თანხაში სამუშაოს შემსრულებლის მოძიება. საჭირო გახდა ხარჯთაღრიცხვის კორექტირება, რაც დამატებით პროცედურებს, დროს მოითხოვდა და არ იყო დამოკიდებული მხოლოდ დირექტორის ქმედებებზე. სარემონტო სამუშაოების შესრულებამდე სკოლა პრობლემას უმკლავდებოდა შესაძლებლობის ფარგლებში საკუთარი ძალებით, დამლაგებლების დახმარებით. რაიმე მძიმე შედეგი არ დამდგარა. შემოწმების დღეს არასასიამოვნო სურათი დამატებით განაპირობა იმ ფაქტმაც, რომ სკოლას გაუფრთხილებლად შეუწყდა წყლის მიწოდება და მალევე გაიხარჯა არსებული წყლის მარაგი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში არ არის ცენტრალიზებული საკანალიზაციო სისტემა, რაც თავის მხრივ ართულებს პრობლემის დაძლევას.
5.7. დ.ყ–ვამ, 2019 წლის 13 თებერვალს წერილობით მოითხოვა ინფორმაცია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან იყვნენ, თუ არა გაფრთხილებული აბონენტები 2017 წლის 07 ივნისს წყლის მიწოდების შეწყვეტის შესახებ, რაზეც უპასუხეს, რომ 2017 წლის 7 ივნისს ჩატარებული სადაწნევო რეზერვუარის რეცხვა-დეზინფექციის შესახებ ინფორმაცია ჩხოროწყუს მოსახლეობას მიეწოდა ადგილობრივი ტელევიზიით, მორბენალი სტრიქონის მეშვეობით. 2019 წლის 18 თებერვალს საინფორმაციო ცენტრმა შპს „კ. ?“ მოსარჩელეს აცნობა, რომ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ჩხოროწყუს სერვისცენტრთან სატელევიზიო მომსახურებაზე 2017 წელს ხელშეკრულება არ დაუდია და მათ ეთერში არ გასულა ინფორმაცია 2017 წლის 7 ივნისს ჩხოროწყუს მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების შეწყვეტის შესახებ.
5.8. ეზოს დანაგვიანებასთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა რომ სკოლის ეზოში, სასწავლო შენობისგან და სპორტული სივრცისგან მოშორებულ ტერიტორიაზე, გათბობის საქვაბესთან ახლოს იყო დამწვარი ქვანახშირის ნარჩენები, რაც არ იყო მოგროვილი თავსახურიან ნაგავსაყრელში, თუმცა არანაირ საფრთხეს არ უქმნიდა მოსწავლეების, მასწავლებლების ან სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სასწავლო ან სამუშაო გარემოს. ქვანახშირს იყენებენ გათბობის სისტემის ფუნქციონირებისთვის.
5.9. სკოლის პედაგოგების მხრიდან საკლასო ჟურნალის წარმოებისას დასწრების აღურიცხაობა, როგორც თვითონ შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაშია მითითებული, დაფიქსირდა 2017 წლის 07 ივნისს სკოლის დირექტორთან ერთად შემოწმებისას. მასწავლებლები გაცნობილები იყვნენ ჟურნალის წარმოების წესებს. ამ შემოწმებამდე, დირექტორი არსებულ დარღვევას ვერ აიცილებდა.
5.10. სკოლის 2014-2015 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმის სკოლის სამეურვეო საბჭოსთან შეუთანხმებლობაზე და თვითონ გეგმის ხარვეზებზე დ.ყ–ვა პასუხისმგებელი ვერ იქნებოდა, რადგან 2014-2015 სასწავლო წელი დაიწყო 2014 წლის 15 სექტემბერს, დ.ყ–ვა კი სკოლის დირექტორად დაინიშნა 2015 წლის 13 იანვარს.
5.11. 2014-2015 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან, 2015-2016 სასწავლო წლის ბოლომდე სკოლაში არ ფუნქციონირებდა სამეურვეო საბჭო. კერძოდ, 2015 წლის 16 იანვრის სხდომაზე სამეურვეო საბჭოს 7 წევრიდან 5-მა საკუთარი სურვილით დატოვა სამეურვეო საბჭო და ამ პერიოდში სამეურვეო საბჭოს ფუნქციას ასრულებდა დირექტორი. აღნიშნულ პერიოდში, დირექტორმა შესაბამისი ბრძანებით დაამტკიცა სკოლის ბიუჯეტი. არ აურჩევია დისციპლინური კომიტეტი, არ შეუთანხმებია 2015-2016 წლის სასწავლო გეგმა, თუმცა ამას არსებითი ზიანი სკოლისთვის არ გამოუწვევია. არსებითი ზიანი სკოლის საქმიანობისათვის არ გამოუწვევია ასევე, 2016-2017 წლის სასწავლო გეგმის შეუთანხმებლობას, დისციპლინური კომიტეტის არ არსებობას.
5.12. სასამართლომ დაადგინა, რომ არ დასტურდებოდა სკოლის დირექტორის მხრიდან შემმოწმებლებთან თანამშრომლობაზე უარის თქმა. საქმის მასალების მიხედვით, მათ მიეწოდათ ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი. იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც წერილობითი დოკუმენტები არ არსებობდა; მოძიებულ იქნა დამატებითი ინფორმაცია და შესაბამისი მასალები ახსნა-განმარტებების ან/და ოქმების სახით მიეწოდათ შემმოწმებლებს.
5.13. სკოლის ბუღალტერიის, თუ შესყიდვების წარმოებისას გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზები და უზუსტობები (მაგალითად, თანამშრომლის საავადმყოფო ფურცლის შენახვაზე პირველად საბუღალტრო სააღრიცხვო დოკუმენტებთან ერთად, ინვენტარიზაციის ჩატარებისას საინვენტარიზაციო ბარათის და ოქმის არ არსებობა, ბალანსზე რიცხული პროექტორის, საქვაბის, ციფრული აპარატის ფიზიკური ცვეთის პროცენტის არასწორად განსაზღვრა, ხელფასების, დანამატების, მივლინების ხარჯების გაანგარიშების უსწორობაზე, შესყიდვების გეგმის შედგენისას ბაზრის კვლევის შესახებ ინფორმაციის არ არსებობა, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებში რიგ შემთხვევაში მხოლოდ კლასიფიკატორის დანაყოფის კოდის მითითება (კატეგორიის ან ქვეკატეგორიის კოდის მითითების გარეშე), ხელშეკრულების მოქმედების ვადების მიუთითებლობა და ა.შ), ეს საკითხები სპეციალურ ცოდნას საჭიროებდნენ და მათ ზედმიწევნით სწორად წარმოებაზე პირდაპირ პასუხისმგებლები იყვნენ შესაბამისი თანამდებობის პირები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და არა დირექტორი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმის მიუხედავად, რომ შიდა აუდიტორული შემოწმების დაწყების კანონისმიერი საფუძველი არ არსებობდა, რადგანაც განმცხადებელი იდენტიფიცირებული არ იყო და არ არსებობდა მასზე განმცხადებლის ხელმოწერა, თუკი მიჩნეული იქნებოდა, რომ შემოწმებას გააჩნდა კანონისმიერი საფუძველი, გამოვლენილი დარღვევები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში არ წარმოადგენდა ისეთი მძიმე ხარისხის „უხეშ“ დარღვევას, რაც გამორიცხავდა უფრო მსუბუქი სახის სანქციის შეფარდებას, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებდა და გამართლებული იქნებოდა უკიდურესი ზომის - სამუშაოდან გათავისუფლების გამოყენება. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ დ.ყ–ვას მიმართ გამოყენებული ღონისძიება - სამსახურიდან გათავისუფლება იყო არაგონივრული და არაპროპორციული.
5.15. სააპელაციო პალატა არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა დ.ყ–ვას სკოლის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე და მიუთითა, რომ ვინაიდან, მხარეთა შორის არსებობდა ვადიანი შრომითი ურთიერთობა, რაც უკვე გასული იყო, ხოლო დასაქმებულს არამართლზომიერად არ მიეცა შესაძლებლობა ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში დამატებით 42 თვე განეხორციელებინა შრომითი ურთიერთობა და მიეღო შესაბამისი ანაზღაურება, სააპელაციო სასამართლომ, მოსარჩელის დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის ყველაზე ადეკვატურ ზომად მისთვის კომპენსაციის მიკუთვნება მიიჩნია, ხოლო მისი ოდენობა განსაზღვრა დასაქმების დარჩენილი მთელი პერიოდის - 42 თვის ხელზე ასაღები ხელფასის და დამატებით 6 თვის ხელფასის ოდენობით, რაც მთლიანობაში შეადგენს 26496 ლარს. პალატის მოსაზრებით, დამატებით 6 თვის ხელფასის ანაზღაურება უზრუნველყოფდა იმ მორალურ ზიანს, რაც მოსარჩელეს უკანონო დათხოვნით მიადგა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოპასუხის საკასაციო მოთხოვნას კი წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
დ.ყ–ვას საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. კასატორის მითითებით, ბრძანებაში სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული ფაქტები სასამართლომ არასაკმარისად ჩათვალა ისეთი სახის დისციპლინური სახდელის დადებისთვის, როგორიცაა სამუშაოდან გათავისუფლება. აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაშიც არ ყოფილა საუბარი ისეთ მძიმე დარღვევებზე, რაც დამსაქმებლის მხრიდან, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ადეკვატურ და პროპორციულ ღონისძიებად შეიძლება მიჩნეულიყო. შესაბამისად, სასამართლოს უნდა გამოეტანა გადაწყვეტილება სამუშაოზე აღდგენის შესახებ.
6.2. კასატორი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია მისი დარღვეული უფლების აღდგენა სამუშაოზე აღდგენით, ვინაიდან, ისევ ვაკანტურია ის თანამდებობა, საიდანაც უკანონოდ გათავისუფლდა მოსარჩელე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.3. სასამართლომ არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში მითითებული და დადასტურებული დარღვევები, რითაც დგინდებოდა, რომ სკოლის დირექტორი ვერ უზრუნველყოფდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. შესაბამისად, სასამართლო ლოგიკურად მივიდა მცდარ დასკვნამდე.
6.4. კასატორი მიიჩნევს, რომ ჩადენილია კანონით გათვალისწინებულ სამსახურებრივ ვალდებულებათა იმგვარი დარღვევა, რომელიც უფრო მსუბუქი სახის სანქციის შეფარდებას გამორიცხავდა და სამსახურიდან გათავისუფლება ჩადენილი დარღვევის ადეკვატური ღონისძიება იყო.
6.5. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე ის სარჩელით ითხოვდა. მოსარჩელეს არცერთ ეტაპზე კომპენსაცია და მით უფრო მორალური ზიანი არ მოუთხოვია.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 იანვრის განჩინებებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და დ.ყ–ვას საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორების შედავების საფუძვლიანობა.
13. დამსაქმებლის საკასაციო საჩივრით სადავოა ბრძანების ბათილად ცნობისა და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლის არსებობა, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივრით სადავოა სამუშაოზე აღდგენის წინაპირობების არარსებობაზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მითითება.
14. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, უნდა შეფასდეს განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში ასახული დარღვევების გამო დ.ყ–ვას მიმართ გამოყენებული ღონისძიების - სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება. სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით), სსკ-ის 115-ე და მე-8 მუხლებით რეგულირებული საკითხები და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული შრომის უფლების დაცვის სტანდარტი.
15. საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის (სამართალურთიერთობის პერიოდში მოქმედი 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი) შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.
16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული დავის განხილვისას, აუცილებელია „Ultima Ratio-ს“ („უკიდურესი საშუალება“) პრინციპის გათვალისწინება. „Ultima Ratio-ს“ პრინციპის მიხედვით, დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე გამოყენებულ უნდა იქნეს უფრო მსუბუქი ზომა, თუკი, ამის საშუალებას, ჩადენილი დარღვევიდან გამომდინარე, იძლევა მისი კანონიერი ინტერესი. ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა წარმოადგენს უკიდურეს დისციპლინურ ღონისძიებას, რომელიც შესაძლოა დამსაქმებელმა გამოიყენოს დასაქმებულის მიერ ვალდებულების „უხეში“ დარღვევის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ დამსაქმებელმა გაითვალისწინოს, არამართლზომიერი ქცევის ანდა ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სხვა, უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის №ას-949-2021 განჩინება).
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. ამდენად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. „თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესით უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის №ას-891-2015 განჩინება). ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომისსამართლებრივი ვალდებულების დარღვევის „უხეშად“ მიჩნევისთვის შეფასებულ უნდა იქნას ჩადენილი დარღვევის ხასიათი, სიმძიმე, შედეგი, დასაქმებულის პიროვნება და შემთხვევის ინდივიდუალური თავისებურებები.
18. სადავო შემთხვევაში, საკასაციო პალატა, სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების შეფასებისას, ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასაბუთებაზე. პალატა ეთანხმება ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობას, გათავისუფლების შესახებ ბრძანების არამართლზომიერების შესახებ და მიიჩნევს, რომ შიდა აუდიტორული შემოწმებით გამოვლენილი დარღვევები, არ წარმოადგენდა ისეთი მძიმე ხარისხის „უხეშ“ დარღვევას, რაც გამორიცხავდა უფრო მსუბუქი სახის სანქციის შეფარდებას. შესაბამისად, გამოყენებული ღონისძიება იყო არაგონივრული და არაპროპორციული. მოპასუხემ ისე შეაფასა არსებული დარღვევები და მიიჩნია ისინი „უხეშ“ დარღვევად, რომ არ მიუთითებია იმ ეფექტურ და გონივრულ ღონისძიებებზე, რომლის დირექტორის მიერ განხორციელების შემთხვევაში გამოვლენილი დარღვევევი გამოსწორდებოდა. თავად შიდა აუდიტორული შემოწმების დასკვნით დადგენილი დარღვევების ნაწილში ცალსახად არ იკვეთებოდა მხოლოდ დირექტორის ბრალეულობა. სკოლის 2014-2015 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმის სკოლის სამეურვეო საბჭოსთან შეუთანხმებლობაზე და თვითონ გეგმის ხარვეზებზე დ.ყ–ვა პასუხისმგებელი ვერ იქნებოდა, რადგან 2014-2015 სასწავლო წელი დაიწყო 2014 წლის 15 სექტემბერს, დ.ყ–ვა კი სკოლის დირექტორად დაინიშნა 2015 წლის 13 იანვარს. 2014-2015 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან, 2015-2016 სასწავლო წლის ბოლომდე სკოლაში არ ფუნქციონირებდა სამეურვეო საბჭო, კერძოდ, 2015 წლის 16 იანვრის სხდომაზე სამეურვეო საბჭოს 7 წევრიდან 5-მა საკუთარი სურვილით დატოვა სამეურვეო საბჭო და ამ პერიოდში სამეურვეო საბჭოს ფუნქციას ასრულებდა დირექტორი. აღნიშნულ პერიოდში, დირექტორმა შესაბამისი ბრძანებით დაამტკიცა სკოლის ბიუჯეტი. არ აურჩევია დისციპლინური კომიტეტი, არ შეუთანხმებია 2015-2016 წლის სასწავლო გეგმა, თუმცა ამას არსებითი ზიანი სკოლისთვის არ გამოუწვევია. არსებითი ზიანი სკოლის საქმიანობისათვის არ გამოუწვევია ასევე, 2016-2017 წლის სასწავლო გეგმის შეუთანხმებლობას, დისციპლინური კომიტეტის არ არსებობას. სკოლის ბუღალტერიისა და შესყიდვების წარმოებისას გამოვლენილი ტექნიკურ ხარვეზებთან მიმართებით საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ აღნიშნული საკითხები სპეციალურ ცოდნას საჭიროებდნენ და მათ ზედმიწევნით სწორად წარმოებაზე პირდაპირ პასუხისმგებლები იყვნენ შესაბამისი თანამდებობის პირები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და არა დირექტორი.
19. ვინაიდან დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება უკიდურესი ღონისძიებაა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები აუცილებლად უნდა ადასტურებდეს მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება დასაქმებულის მიერ მოვალეობების დარღვევის ფაქტი, თუმცა ზემოაღნიშნული შიდა აუდიტის დასკვნით არ დგინდება, რომ გამოვლენილი დარღვევების არსებობა მხოლოდ დირექტორის მიერ მისი ვალდებულებების სათანადო შეუსრულებლობამ გამოიწვია. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მხოლოდ მოსარჩელის ბრალით დარღვევების არსებობას, მოპასუხეს არ წარმოუდგენია. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დასაქმებულის მიერ ჩადენილი გადაცდომისთვის, დამსაქმებლის მიერ პასუხისმგებლობის სახით ყველაზე მკაცრი სახდელის დაკისრება, იმ პირობებში, როდებსაც ამ გადაცდომის ჩადენა ერთობლიობაში გამოწვეული არ არის მხოლოდ დასაქმებულის ბრალეული ქმედებით, ვერ იქნება პროპორციული და ვერ დაიცავს ზომიერ ბალანსს დარღვევასა და გათავისუფლებას შორის. შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის საკმარის საფუძველს მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების მართლზომიერების შესახებ.
20. მოპასუხის საკასაციო პრეტენზია შეეხება აგრეთვე იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე ის სარჩელით ითხოვდა და მოსარჩელეს არცერთ ეტაპზე კომპენსაცია და მით უფრო მორალური ზიანი არ მოუთხოვია. საკასაციო აღნიშნულ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს და ყურადღებას მიაქცევს საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა, კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. კანონი დამსაქმებელს ავალდებულებს პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული მოწესრიგებით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით შრომის კოდექსით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობა შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კანონის დანაწესის შესაბამისად, სასამართლოს უნდა ემსჯელა კომპენსაციის საკითხზე და ამისთვის მოსარჩელის მოთხოვნა არ იყო საჭირო.
21. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას, კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიანი ბალანსის აღდგენას გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. სშკ-ი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, როდესაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური, სოციალური ვითარება, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 272). გამომდინარე იქიდან, რომ შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას, იგი ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით დგინდება. საკასაციო პალატა გარემოებათა გაანალიზების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაცია შეესატყვისება კომპენსაციის გონივრულობის სტანდარტს. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის მიკუთვნებული კომპენსაცია გონივრულია და მისი ოდენობის შეცვლის წინაპირობები არ არსებობს.
22. რაც შეეხება მოსარჩელის საკასაციო საჩივარს, კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ სამუშაოზე აღდგენის შესახებ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და მიუთითებს, რომ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლის არსებობისა და თანამდებობის ვაკანტურობის პირობებში შესაძლებელია აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. საკასაციო პალატა აღნიშნულ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ მოსარჩელე თანამდებობაზე დანიშნული იყო 6 წლის ვადით, 2021 წლის 13 იანვრამდე. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის (2022 წლის 02 ნოემბერი) აღნიშნული ვადა იყო ამოწურული და შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კომპენსაციის დაკისრების შესახებ. პალატა განმარტავს, რომ ვადიანი ხელშეკრულების არსებობის პირობებში პირს აღადგენენ არა უვადოდ, არამედ ხელშეკრულების მოქმედების ვადით და, თუ შრომითი ხელშეკრულების ვადა გასულია საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის, მისი აღდგენა დაუშვებელია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნული მოთოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოდ და სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობის საფუძვლით მოპასუხეს დააკისრა კომპენსაცია მოსარჩელის სასარგებლოდ. კასატორებს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობისათვის არ წარმოუდგენიათ, შესაბამისად, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
24. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.
25. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
26. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
27. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
29. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.ყ–ვას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
3. დ.ყ–ვას (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N15485963078, გადახდის თარიღი 20.12.2022) 70% – 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე