Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1148-2023 21 სექტემბერი, 2023 წელი

№ას-1148-2023 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – თ. ა-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ. ზ. ჰ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 აგვისტოს განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების გადახდა, დაყოვნებისათვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. თ. ა-ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „თ. ზ. ჰ.“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების სახით 7478 ლარის (ხელზე ასაღები ოდენობა), 2019 წლის პირველი დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაყოვნების ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის - 7478 ლარის 0,07%-ის, 2021 წლის პირველი იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 2020 წლის დეკემბრის სახელფასო დანამატის - 2448 ლარის, 2020 წლის დეკემბრის სახელფასო დანამატის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის სახით 2448 ლარის 0,07%-ის, 2021 წლის პირველი თებერვლიდან 10 აგვისტოს ჩათვლით პერიოდის სახელფასო დანამატის სახით 4750 ლარის, 2021 წლის პირველი სექტემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე სახელფასო დანამატის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის - 4750 ლარის 0,07%-ის ანაზღაურება.

მოპასუხის პოზიცია:

2. მოპასუხემ საქმის მომზადების ეტაპზე სარჩელი ნაწილობრივ, სახელფასო დავალიანების - 7478 ლარის გადახდის ნაწილში ცნო, დანარჩენ ნაწილში კი მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 7478 ლარის (ხელზე ასაღები), ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, 2019 წლის პირველი დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ანაზღაურების დაყოვნებისათვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის - 7478 ლარის 0,07%-ის - 5,22 ლარის (ხელზე ასაღები) გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხისთვის სახელფასო დანამატისა და დანამატის ანაზღაურების დაყოვნებისთვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

განმცხადებლის მოთხოვნა და საფუძვლები:

4. 2023 წლის 15 აგვისტოს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს საქართელოს ბანკში არსებულ მოპასუხის საბანკო ანგარიშზე GE..BG000000016230…GEL ყადაღის დადება მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული 15 408 ლარის ფარგლებში.

5. განმცხადებლის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოპასუხე შპს-მ შეწყვიტა ფუნქციონირება. მის საკონტაქტო სატელეფონო ნომერზე დარეკვა შეუძლებელია, რადგან ნომერი გამორთულია. ამრიგად, თუ აღსრულების უზრუნველყოფა დაუყოვნებლივ არ განხორციელდება, გადაწყვეტილების აღსრულება მომავალში ვერ მოხერხდება. ( იხ. განცხადება).

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც სასამართლოს შესაძლო გადაწყვეტილების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოფდეს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისი. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, თავისი სამართლებრივი თვალსაზრისით, მოპასუხის უფლებისა თუ ინტერესის შევიწროებას გულისხმობს, თუმცა, იგი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მოპასუხის უფლებების უპირობოდ შემზღუდველი ღონისძიება. გადაწყვეტილების (სარჩელის) უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, თუმცა მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების (სარჩელის) უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა მოხდეს ორივე მხარის პოზიციიდან.

8. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს მოპასუხის უფლებების შეზღუდვის ისეთი ღონისძიების გამოყენების წინაპირობა, როგორიცაა ყადაღა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამ კუთხით მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. იურიდიული პირები წარმოადგენენ მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც ეწევიან სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობას. ამ საქმიანობის განხორციელების ფარგლებში დადებული აქვთ ხელშეკრულებები კონტრაჰენტებთან და გააჩნიათ ამ ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი უფლება-მოვალეობანი. ანგარიშსწორებას ისინი ახორციელებენ უნაღდო ანგარიშსწორებით (საბანკო გადარიცხვებით). ასევე, მეწარმე სუბიექტს გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე. ამასთან, საწარმოებში დასაქმებული არიან მუშა-მოსამსახურეები, რომლებიც იღებენ ანაზღაურებას. ფულად სახსრებზე ყადაღის დადებით, მათ ეკრძალებათ ამ სახსრების გამოყენება და ნებისმიერი ფორმით განკარგვა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას და დააბრკოლოს სამეწარმეო საქმიანობა, ფაქტობრივად, გამოიწვიოს საწარმოს პარალიზება. ანგარიშების დაყადაღებით იქმნება რეალური საფრთხე, რომ საწარმო ვერ გადაიხდის გადასახადებს, ვერ შეასრულებს სხვა საწარმოებთან დადებულ ხელშეკრულებებს, ასევე, შეიზღუდება საწარმოში დასაქმებულ პირთა შრომითი და სოციალური უფლებები და შესაძლოა იურიდიული პირი დადგეს გაკოტრების საფრთხის წინაშე.

9. იურიდიული პირის საბანკო ანგარიშების დაყადაღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც არსებობს უზრუნველსაყოფი მოთხოვნის დაკმაყოფილების ვარაუდი და საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადების გარეშე, გადაწყვეტილების აღსრულება გაძნელდება ან/და შეუძლებელი გახდება.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული, თუ რატომ გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გადაწყვეტილების აღსრულებას.

საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე განმცხადებელმა შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

12. საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო პალატას ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ მოთხოვნა მოიცავდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის, დაკისრებული თანხის ფარგლებში, მოპასუხის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადებას, შესაბამისად, არ არსებობდა რისკი, აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიებით საფრთხე შექმნოდა მოპასუხის ბიზნესსაქმიანობას და ზიანი მიადგებოდა მოპასუხესთან დაკავშირებულ მესამე პირებს. სააპელაციო პალატამ სარწმუნოდ არ მიიჩნია განცხადებაში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხემ შეწყვიტა საქმიანობა, მისი სატელეფონო ცხელი ხაზი ავტომოპასუხის რეჟიმშია, ან დროებით გამორთულია. აღნიშნული კი იმაზე მიუთითებს, რომ კლინიკა ცდილობს, თავი აარიდოს დაკისრებული თანხის გადახდას.( იხ. საჩივარი).

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 372-ე მუხლისა და 1971 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საჩივრის დასაბუთებაში იგულისხმება იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება, რომელიც საფუძვლად უდევს გასაჩივრებულ განჩინებას და რომელიც საჩივრის ავტორმა განჩინების გაუქმების საფუძვლად მიიჩნია. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განხილვისას სასამართლო მსჯელობს სწორედ განმცხადებლის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოებების, ხოლო საჩივრის განხილვისას - საჩივარში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საჩივრის ფარგლებში. სასამართლო ამოწმებს და არკვევს, რამდენად სწორად არის მიღებული გასაჩივრებული განჩინება იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რაზეც განცხადებაში იყო მითითებული.

15. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნებისათვის, სსსკ-ის 271-ე მუხლიდან გამომდინარე, კანონმდებელი განსაზღვრავს სსსკ XXIII თავით (სარჩელის უზრუნველყოფა) დადგენილი წესების გამოყენებას. ამავე კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია მხარის მოთხოვნის საფუძველზე გამოიყენოს სარჩელისა თუ სასამართლო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიება. უზრუნველყოფის ღონისძიებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებების შეფასების შედეგად გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების აუცილებლობის შესახებ, ეკისრება განმცხადებელს. აღნიშნული გარემოებების მტკიცების ტვირთი მხარეს ეკისრება იმ ფარგლებში, რომ სასამართლოს შეუქმნას კონკრეტული უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების აუცილებლობის რწმენა, ვარაუდი.

16. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ უზრუნველყოფის სახეს, როგორიც არის მეწარმე სუბიექტის ანგარიშების დაყადაღება, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციით დადგენილია, რომ სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, დავის არსებითად გადაწყვეტამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოდავე მხარეთა ინტერესებს შორის ბალანსის დაცვა.

17. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის ადეკვატური. დაუშვებელია უზრუნველყოფის ღონისძიებით მოწინააღმდეგე მხარის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამ კუთხით არათანაბარ პირობებში ჩაყენება. შესაბამისად, აუცილებელია, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე დაბალანსებული იყოს უფლებრივი მდგომარეობა და გამოყენებულ იქნას იმგვარი სახის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც მართებულად შეზღუდავს პირის უფლებას და გავლენას არ მოახდენს მესამე პირების ინტერესებზე. მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს ორივე მხარის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების შერჩევისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დაწესებული აკრძალვის სამართლებრივი შედეგი, რათა გაუმართლებლი არ აღმოჩნდეს დამდგარი რეზულტატი. კონკრეტული უფლების შეზღუდვის დროს, როგორც უკვე აღინიშნა, დაცული უნდა იყოს სამართლიანობის ბალანსი, რადგან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება - შერჩეულ საგანზე, ყოველთვის იწვევს განსხვავებული შედეგების დადგომას, მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, და მოქმედების არეალიც (ფართო/ვიწრო) განსხვავებულია. შესაბამისად, მისი გამოყენება უნდა მოხდეს, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ის უალტერნატივოა იმ სიკეთის დასაცავად, რომლის დაცვის მიზნითაც გამოყენებულია იგი. ამასთან, დავის არსებითად განხილვამდე, სამართლიანობის აღდგენის გარდა, სასამართლოს ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება.

18. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადება და სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირები წარმოადგენენ მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც ეწევიან სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობას, ამ საქმიანობის განხორციელების ფარგლებში დადებული აქვთ ხელშეკრულებები კონტრაჰენტებთან და გააჩნიათ ამ ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი უფლება-მოვალეობანი. ანგარიშსწორებას ისინი ახორციელებენ უნაღდო ანგარიშსწორებით (საბანკო გადარიცხვებით). ასევე, მეწარმე სუბიექტს გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე. ამასთან, საწარმოებში დასაქმებული არიან მუშა/მოსამსახურეები, რომლებიც იღებენ ანაზღაურებას. ანგარიშების დაყადაღებით იქმნება რეალური საფრთხე, რომ საწარმო ვერ გადაიხდის გადასახადებს, ვერ შეასრულებს სხვა საწარმოებთან დადებულ ხელშეკრულებებს, ასევე, შეიზღუდება საწარმოში დასაქმებულ პირთა შრომითი და სოციალური უფლებები და შესაძლოა იურიდიული პირი დადგეს გაკოტრების საფრთხის წინაშე. იმ შემთხვევაში თუ მოპასუხე გადახდისუუნარო გახდა, საფრთხის ქვეშ დადგება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მისი აღსრულება.

19. საჩივრის ავტორი ასევე ვარაუდობს, რომ მოპასუხე სუბიექტმა შეწყვიტა საქმიანობა. აღნიშნულზე სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის 102-ე მუხლზე.

20. საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ მოპასუხე შეეცდება, თავიდან აირიდოს თანხის გადახდის პასუხისმგებლობა. საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მოპასუხეს ნაწილობრივ აღიარებული აქვს მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულება. საპასუხოდ სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, მართალია, მოსარჩელე ვარაუდობს, რომ სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლოა გაძნელდეს, თუმცა ის ფაქტი, რომ მოპასუხე მხარეს ნაწილობრივ აღიარებული აქვს მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულება, შესაძლოა იმგვარადაც იქნას აღქმული, რომ მოპასუხე მხარე არ აპირებს, თავი აარიდოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. ამდენად, საჩივრის ავტორმა ვერ დაძლია მისთვის სავალდებულო მტკიცების ტვირთი და საჩივარი არ შეიცავს ისეთი სახის რაიმე დასაბუთებას, რაც გახდებოდა მისი დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი. შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივრით მოთხოვნის (სარჩელის) საპროცესო სამართლებრივი საშუალებით უზრუნველყოფის საჭიროება არ იკვეთება, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებლობის გამო და საჩივარი, საქმის მასალებთან ერთად, გადაიგზავნოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

21. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და მოსარჩელის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ( შემდგომში -სსსკ-ი) 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ემუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

23. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია, უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მისი მოგვარების ფარგლებშია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხის გამორკვევაც, ამავდროულად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის მიერ იმ შესაძლო რისკის გონივრულ დასაბუთებაზე, ამ ღონისძიების გაუტარებლობა, თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას - საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის სიტყვასიტყვითი ანალიზით ირკვევა კანონმდებლის ნება - უზრუნველყოფილ იქნეს გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ არის მიქცეული, ანუ შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, გამონაკლისია მხოლოდ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება. კანონის ამგვარი განმარტება დასახელებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარეობს, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი მართლწესრიგის აღსრულებამდე, სავალდებულოა კრედიტორის ინტერესების გონივრულ ფარგლებში დაცვა, რათა სამართალწარმოება ფორმალური არ გახდეს (შეადრ. სუსგ. №ას-69-63-2015, 19 მარტი, 2015წ; №ას-1249-2018, 30 ნოემბერი, 2018წ.; Nას-1302-2019, 26 დეკემბერი, 2019; №ას-14-2022, 10 მარტი, 2022 წ.).

24. გამომდინარე იქიდან, რომ განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის განხილვის საგანია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მოთხოვნით წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მართლზომიერება, ამიტომ, საკასაციო პალატამ უნდა იხელმძღვანელოს სსსკ-ის 191-ე, 198-ე და 271-ე მუხლებით.

25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნებს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი (მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურებისდაკისრებით). სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფა წარმოადგენს მიზნის მიღწევის დროებით და ეფექტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობას ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე არსებობს მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა (იხ. სუსგ. საქმეზე Nას-1215-2019, 31.01.2020წ.).

26. უზრუნველყოფის ღონისძიების სახე კი შერჩეულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის გათვალისწინებით, რომლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიებაა ყადაღის დადება ფულად სახსრებზე, რომელიც მოპასუხეს ეკუთვნის.

27. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (შდრ: სუსგ №ას-258-2022, 17 მაისი, 2022; №ას-722-2021, 16 ივლისი, 2021 წ; №ას-587-2019, 20 თებერვალი, 2020 წ.).

28. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (იხ. ჰ.ბოელინგი, ლ. ჭანტურია; სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, 37.).

29. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებასა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური წინაპირობაა. მართლმსაჯულების ეფექტურობა დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, სამართლიან და დროულ სამართალწარმოებაში პოვებს გამოხატულებას (იხ. შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2013, 3.). როგორი სწრაფიც არ უნდა იყოს მართლმსაჯულება, როგორი სამართლიანი და კანონიერიც არ უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების მიზნები და ამოცანები განუხორციელებელი რჩება, თუ არ მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება.

30. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).

31. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენს გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, მოპასუხისათვის თავისი ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვის თუ კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა საშუალებების გამოყენების გზით“ (იხ. თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბ., 2005, 299.). სასამართლო ამოწმებს მხოლოდ, რამდენად შეუწყობს ხელს უზრუნველყოფის ღონისძიება მომავალი, მოსარჩელისათვის სავარაუდო გადაწყვეტილების დაცვას შესაძლო დაბრკოლებებისაგან აღსრულების ეტაპზე (შდრ: Beck’sche Kurz-Kommentare Band1, Zivilprozessordnung mit Gerichtsverfassungsgesetz und anderen Nebengesetzen. Begründet von Dr. Adolf Baumbach, Professor Dr. Wolfgang Lauterbach, Dr. Jan Albers, Dr. Dr. Peter Hartmann. Verlag C.H. Beck ,München 2003, 2375.).

32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი რეგულაციის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება... უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება, II-30).

33. „მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდიდესი მნიშვნელობისა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის მართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება, II-30 (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.“ (იხ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №3/1/512).

34. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან პირის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები შექმნას. ( იხ. გულიკო კაჟაშვილი, საპროცესო უზრუნველყოფა, როგორც აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა, თბილისი, 2018, გვ. 60).

35. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

36. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონი ყოველთვის არ იძლევა იმის საშუალებას, მოსამართლემ შეძლოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაცული იქნება ორივე მხარის, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესები [თანაზომიერების პრინციპი], მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ იკვეთებოდეს. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საკუთრების შეზღუდვის გამართლება უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით - სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (შდრ. სუსგ 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ას-1165-1095-2015 წ.).

37. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, სარჩელის უზრუნველყოფის ინტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, თუმცა მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, დაცული უნდა იქნეს მოპასუხის ინტერესებიც. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოს სასამართლო წესით სამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორ მოპასუხის უფლებები) შორის. უფლების დროებით შეზღუდვის დროს მნიშვნელოვანია გონივრული ბალანსის დაცვა დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის“ (შდრ. სუსგ 2015 წლის 6 თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-114-107-2015; სუსგ №ას-1586-2018, 26 ოქტომბერი, 2018 წ.).

38. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონდებელი, ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობასაც და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე (იხ. სუსგ №ას-829-775-2017, 26 ივნისი, 2017; №ას-538-2022, 16 ივნისი, 2022 წ.), რადგან გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საფრთხემ შესაძლოა მოგებული მხარისათვის აზრი დაუკარგოს დავას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/2/411).

39. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს, სასამართლო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხის საბანკო ანგარიშზე, მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების ფარგლებში, ყადაღის დადების მიზანშეწონილობა.

40. განსახილველი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების - 7478 ლარის (ხელზე ასაღები), ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, 2019 წლის პირველი დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ანაზღაურების დაყოვნებისათვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის - 7478 ლარის 0,07%-ის - 5,22 ლარის (ხელზე ასაღები) გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხისთვის სახელფასო დანამატისა და დანამატის ანაზღაურების დაყოვნებისთვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სრულად იქნა გასაჩივრებული (იხ. სააპელაციო საჩივარი).

41. განმცხადებელმა მიმართა რა სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება, რათა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას საფრთხე არ შეექმნას.

42. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთ განჩინებაშია განმარტებული, მეწარმე სუბიექტის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგეს სასამართლო, რამდენადაც პრეზუმირებულია, რომ ეკონომიკურ მოგებაზე ორიენტირებული იურიდიული პირი, სამეწარმეო თავისუფლების ფარგლებში, მისი საბანკო ანგარიშების დაყადაღებისას იზღუდება ისეთ ქმედებებში, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი ფუნქციონირებისათვის (მაგალითად, საკუთარ თანამშრომლებთან, სხვა კონტრაჰენტებთან არსებული ვალდებულებები და ა.შ.). საბანკო ანგარიშების დაყადაღებით, ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება ფულადი სახსრების განკარგვა, რაც მეწარმეობის ხელისშემშლელი გარემოებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-956-921-2016, 2 ნოემბერი, 2016 წელი). ამდენად, მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე ყადაღის დადებისას სასამართლო უნდა დარწმუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის ამგვარი ღონისძიების საჭიროებასა და დასაბუთებულობაში.

43. შესაბამისად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საბანკო ანგარიშების დაყადაღება წარმოადგენს უზრუნველყოფის უკიდურეს სახეს, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ, როდესაც მოპასუხის სახელზე რაიმე ქონების მოძიება ვერ ხერხდება. მოსარჩელისა და მოპასუხის უფლებების თანაზომიერად დაცვის მიზნით, მოსარჩელემ ყველა ზომა უნდა მიიღოს მოპასუხის ქონების მოსაძიებლად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მოძიებულ ვერ იქნა, სწორედ ასეთ ვითარებაში შეიძლება დადგეს მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე არსებულ თანხაზე ყადაღის სახით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.

44. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებელმა ყადაღის დადება მოითხოვა მოპასუხე მეწარმე იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს მხრიდან მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ოდენობას შეესაბამებოდა.

45. განმცხადებელმა თავისი მოთხოვნის დასასაბუთებლად მიუთითა იმ ფაქტზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოპასუხე შპს-მ ფუნქციონირება შეწყვიტა. მის საკონტაქტო სატელეფონო ნომერზე დარეკვა შეუძლებელია, რადგან ავტომოპასუხე პასუხობს, რომ ნომერი გამორთულია. შესაბამისად, წარმოიშვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ობიექტური საჭიროება.

46. უზრუნველყოფის გამოყენებაზე სააპელაციო პალატის უარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოპასუხე მეწარმე სუბიექტია და მისი ანგარიშის დაყადაღება უარყოფითად იმოქმედებს საზოგადოების ფუნქციონირებაზე და მესამე პირების მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულებაზე. ასევე, რადგან მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, მითითებული ფაქტი იმგვარად უნდა შეფასდეს, რომ მოპასუხე არ აპირებს, თავი აარიდოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას (იხ. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 11 სექტემბრის განჩინება).

47. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საზოგადოების საბანკო ანგარიშების სრული დაყადაყება, უდავოდ სავალალო შედეგის მომტანი იქნებოდა მოპასუხისათვის, თუმცა მოცემულ შემთხვევაში საუბარია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ოდენობაზე და არა შპს-ს საბანკო ანგარიშების სრული მოცულობით დაყადაღებაზე. აღნიშნული თანხის გადახდა მოპასუხეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში მოუწევს, შესაბამისად, სადავო უზრუნველყოფის ღონისძიება მხარეს რაიმე დამატებით შეზღუდვას არ უწესებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობას, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე სრულად უარის თქმის შესახებ.

48. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას იმ ნაწილშიც, რომ რადგან მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, მითითებული ფაქტი იმგვარად უნდა შეფასდეს, რომ მოპასუხე არ აპირებს, თავი აარიდოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას (იხ. წინამდებარე განჩინების პ.20). როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მომზადების დასრულებამდე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, სახელფასო დავალიანების - 7478 ლარის (ხელზე ასაღები) ნაწილში. მიუხედავად ამისა, მან არათუ ნებაყოფლობით აღასრულა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მის მიერვე უკვე აღიარებული სახელფასო დავალიანების ნაწილში, არამედ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით (იხ. სააპელაციო საჩივარი).

49. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის პირობებშიც, მოპასუხეს მის მიერ აღიარებული ვალდებულება მოსარჩელის მიმართ ჯერაც არ შეუსრულებია. შესაბამისად, დასახელებული გარემოება ეწინააღმდეგება სააპელაციო პალატის ვარაუდს, რომ მოპასუხე არ შეეცდება მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისაგან თავის არიდებას.

50. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება საჩივრის ავტორის მითითებას, რომ შესაძლოა საფრთხე შეექმნას სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

51. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის ღონისძიება არ წარმოადგენს დავის საგნის გარდა სხვა მოთხოვნათა, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟისა და იძულებითი აღსრულებისათვის გასაწევი ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის საშუალებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილი განიმარტება იმგვარად, რომ სარჩელის (გადაწყვეტილების აღსრულების) უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებით ხდება უშუალოდ დავის საგნის დაცვა და არა მასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების გადახდევინების გარანტირება (იხ. სუსგ-ები: №ას-14-2022, 10 მარტი, 2022 წ; №ას-849-2022, 2022 წელი 22 ნოემბერი).

52. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს (შდრ: სუსგ №ას-314-297-2017, 16 მარტი, 2017 წ).

53. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა უნდა დაედოს განმცხადებლის მიერ მითითებულ მოპასუხე საზოგადოების საბანკო ანგარიშზე არსებულ ფულად თანხას 7478 ლარის ფარგლებში, დანარჩენ ნაწილში კი განმცხადებლის მოთხოვნას უნდა ეთქვას უარი დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ა-ძის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 აგვისტოსა და 11 სექტემბრის განჩინებები გაუქმდეს; თეა არჯევანიძის განცხადება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს სს საქართველოს ბანკში შპს „თ. ზ. ჰ.“ GE…BG000000016230….GEL ანგარიშზე არსებულ ფულად თანხას 7478 ლარის ფარგლებში; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე