საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოსსახელით
საქმე №ას-193-2023 20 სექტემბერი, 2023 წელი
№ას-193-2023 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა. ა-ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. დ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სესხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ბ. დ-ემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ა-იას (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ 7750 აშშ დოლარის გადახდის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 20… წლის იანვარში მოპასუხეს სესხის სახით გადასცა 10 … აშშ დოლარი, რისთვისაც ყოველთვიურ სარგებლად იღებდა 500 აშშ დოლარს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე ძირ თანხას დაიბრუნებდა პირველივე მოთხოვნიდან 1 თვის ვადაში. მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა 2… აშშ დოლარი და 3.. ლარი, გადასახდელი დარჩა 7… აშშ დოლარი, თუმცა დარჩენილი სესხის თანხას მოსარჩელეს არ უბრუნებს. ( იხ. სარჩელი).
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ სესხი მოსარჩელეს სრულად დაუბრუნა, გარდა ამისა, სარჩელი ხანდაზმულია. ( იხ. შესაგებელი).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 202… წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7… აშშ დოლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმული არ არის. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ სადავო გარემოებას წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა.
7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 623-ე მუხლით და მიუთითა, რომ მოპასუხემ სადავო თანხის მიღება დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ ვალდებულება სრულად შეასრულა.
8. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი შემოიფარგლება სესხის დაფარვით ან თანხის სხვა სამართლებრივი საფუძვლით მიღებით.
9. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელში მითითებული ოდენობით თანხის მიღების ფაქტი დაადასტურა და სადავოა მხოლოდ თანხის გადაცემის მიზნობრიობა. მოპასუხემ განაცხადა, რომ ვალდებულება სრულად შეასრულა, მაგრამ როდის და რა ფორმით, არ ახსოვს.
10. სააპელაციო სასამართლომ, სსკ-ის 624-ე მუხლის შესაბამისად განმარტა, რომ მოცემული ნორმით არ არის გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კონკრეტული სამართლებრივი მექანიზმი და დასადგენი გარემოებების თავისებურების გამო, შეიძლება, გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა პროცესუალური მტკიცებულებების სახე.
11. სსსკ-ის 102-ე მუხლისა და სსკ-ის 429-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვალდებულების შესრულების შესახებ მოპასუხის მხოლოდ ზეპირი განმარტება სესხის დაბრუნების ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ რელევანტურ მტკიცებულებად ვერ შეფასდება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე აღნიშნულს სადავოდ ხდის. სათანადო მტკიცებულების წარდგენა მოპასუხემ ვერ უზრუნველყო.
12. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ 20.. წლის 2… დეკემბერს თბილისის პროკურატურისათვის განცხადების წარდგენით ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა და განახლდა 20… წლის .. ივნისს თბილისის პროკურატურის წერილობით პასუხით. სარჩელი საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2021 წლის 7 აპრილს, შესაბამისად, სსკ-ით სესხის ხელშეკრულებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა დაცულია.
13. სსკ-ის 129-ე და 138-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელემ 20… წლის 2… დეკემბერს თბილისის პროკურატურას მიმართა მოპასუხის მიმართ თაღლითობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით. საქმეში წარდგენილია თბილისის პროკურატურის მიერ 20… წლის 2.. მაისს გამოგზავნილი გამოძიების მასალები, კერძოდ, 20…-20… წლებში ჩატარებული გასაუბრების ოქმები როგორც მხარეებთან, ისე სხვა ფიზიკურ პირებთან. აღნიშნული ოქმების თანახმად, თბილისის პროკურატურამ 20… წლის 2… ივნისის წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ 20… წლის 2… დეკემბერს წარდგენილი განცხადება, რომელიც შეეხება მათ შორის წარმოქმნილ დავას სასესხო ვალდებულებასთან მიმართებით, არ შეიცავდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ აღნიშნული განცხადების საფუძველზე გამოძიება არ დაწყებულა.
14. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დაწყების მომენტად თბილისის პროკურატურის მიერ 20… წლის 2…. ივნისს გაცემული წერილობითი პასუხი უნდა მიჩნეულიყო. ვინაიდან მოსარჩელემ განცხადებით სასამართლოს მიმართა პროკურატურას სსკ-ის 141-ე მუხლის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული, რადგან დასახელებული ნორმის დანაწესით, ხანდაზმულობის ვადის დენა თბილისის პროკურატურის წერილობითი პასუხის შემდგომ დაიწყო თავიდან.
15. მითითებული მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე საკუთარი მოთხოვნის დაცვის ნებას ავლენს და გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავს დარღვეული უფლების აღსადგენად, ამასთან, აღნიშნული ნორმის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ მიჩნეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. ხანდაზმულობის ვადის დენას უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი სარჩელი (განცხადება) წყვეტს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს. სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვისას აუცილებელია, რომ აღნიშნული ორგანო კომპეტენტური იყოს, ანუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება ამ ორგანოსადმი მიმართვის გზით უნდა შეიძლებოდეს. თითოეულმა მხარემ თავად უნდა შეარჩიოს საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სწორი და ეფექტური საშუალება, ამ პირობის დარღვევით გამოწვეული შედეგები კი, თავად მხარის რისკია.
16. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელემ თავდაპირველად, თანხის თაღლითური დაუფლების დადგენის მიზნით, მიმართა კომპეტენტურ ორგანოს, სადაც 20… წლის 2…. ივნისამდე მიმდინარეობდა გამოძიება. ამ გარემოების გათვალისწინებით, მოსარჩელემ უფლებამოსილ ორგანოს მიმართა. სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა 20… წლის … აპრილს, მოსარჩელეს ამ დრომდე მიმართული ჰქონდა უფლებამოსილი ორგანოსათვის, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხანდაზმულობის ვადა დაცულია.
17. ამდენად, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილებისა და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გონივრული განსჯის შედეგად სააპელაციო პალატას მიიჩნია, რომ სარჩელი ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებულია.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
18. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
19. კასატორმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ პუნქტების საფუძველზე, რადგან საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, ასევე, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ხოლო მოცემულ საქმეზე მიღებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
20. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორადაა შეფასებული ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მიერ უდავოდ 20… წლის დეკემბერში გახდა ცნობილი სესხის ზეპირი ხელშეკრულების დარღვევის შესახებ, თუმცა სესხის ხელშეკრულების პირობები შესრულებული იყო მოპასუხის მხრიდან და მოსარჩელე უკანონოდ ითხოვდა პროცენტის სახით თანხის დამატებას, რაზედაც მოპასუხემ უარი განუცხადა. ამდენად ხელშეკრულების თანახმად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 20…. წლის თებერვლიდან და არა თბილისის პროკურატურიდან მოსარჩელის მიერ 20… წლის 2… დეკემბერს წარდგენილ განცხადებაზე 20… წლის 2… ივნისს მიღებული წერილობითი პასუხიდან. მოცემულ საქმეზე ხანდაზმულობის დენის შეწყვეტასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული მსჯელობა, თითქოს 20… წის 2… დეკემბერს მოსარჩელის მიერ თბილისის პროკურატურაში წარდგენილი განცხადებით ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა, არ არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული. იგი განსხვავდება უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს 20…. წლის 2… აპრილის გადაწყვეტილებაში (სუსგ საქმეზე ას-1586-1489-2012) მითითებულია, რომ სსკ-ის 138-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა წყდება იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე საკუთარი მოთხოვნის დაცვის ნებას ავლენს და გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავს დარღვეული უფლების აღსადგენად, ამასთან, აღნიშნული ნორმის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. ხანდაზმულობის ვადის დენას უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი სარჩელი (განცხადება) წყვეტს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს. სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვისას აუცილებელია, რომ აღნიშნული ორგანო კომპეტენტური იყოს, ანუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება ამ ორგანოსათვის მიმართვის გზით უნდა შეიძლებოდეს, თითოეულმა მხარემ თავად უნდა შეარჩიოს საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სწორი და ეფექტური საშუალება, ამ პირობის დარღვევით გამოწვეული შედეგები კი თავად მხარის რისკია.
21. ამდენად, სესხის ზეპირი ხელშეკრულების არსებობის პირობებში, მოსარჩელეს 20.. წლის თებერვლიდან 20… წლის თებერვლამდე სამოქალაქო სარჩელით უნდა მიემართა სასამართლოსათვის, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსით რეგულირებად დავებს განიხილავს სასამართლო და არა პროკურატურის ორგანოები. მოსარჩელემ კი იცოდა, რომ სესხის ხელშეკრულებით რეგულირებად ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხესთან და აღნიშნულზე 20…. წლის … აპრილს მიმართა სასამართლოს, მიუხედავად ამისა, მანამდე, 20…. წლის 2.. დეკემბერს პროკურატურას მიმართა განცხადებით, მოპასუხის მიერ თაღლითური გზით თანხის მითვისების გამო, გამოძიების დასაწყებად. მან აშკარად იცოდა, რომ გამოძიება არ დაიწყებოდა, მსგავსი ფაქტის არარსებობის გამო, და ცდილობდა საგამოძიებო სამსახურები გამოეყენებინა მოპასუხისათვის დისკომფორტის შესაქმნელად და მისი უკანონო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მით უფრო, როდესაც პროკურატურაში წარგენილ განცხადებასა და სასამართლოში წარგენილ სარჩელშიც უთითებდა მის მიმართ დარღვეულ, აშკარად სამოქალაქო კანონმდებლობით რეგულირებად საკითხებზე. ამდენად, სხვა სახელმწიფო ორგანო, სასამართლოს გარდა, არ იყო კომპეტენტური, დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მოთხოვნა, შესაბამისად, მან არაკომპეტენტურ ორგანოს მიმართა.
22. კასატორმა მიიჩნია, რომ სსკ-ის 129-ე, 130-ე და 138-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს არ შეეესაბამება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ 20… წლის 2… დეკემბერს თბილისის პროკურატურისათვის მოსარჩელის მიერ განცხადების წარდგენით ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა, რის გამოც შემდეგში სააპელაციო სასამართლომ მიიღო არასწორი და უკანონო გადაწყვეტილება.
23. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 129-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი და მოცემულ საქმეზე მისი ათვლა დაიწყო 20… წლის თებერვლიდან და არ შემწყდარა 20… წლის 2… დეკემბერს პროკურატურაში მოსარჩელის მიერ წარდგენილი განცხადებით. შესაბამისად, ხანდაზმულობის დაწყების მომენტად მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნება მიჩნეული მოსარჩელისათვის პროკურატურიდან 20… წლის 2… ივნისს გაცემული წერილობითი პასუხი. ასევე, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სსკ-ის 130-ე და 138-ე მუხლები, რის გამოც საქმეზე მიღებულ იქნა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20… წლის … თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20…წლის 1.. მაისის განჩინებით საკასაციო საჩივრი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
26. 20… წლის 0.. ივლისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მ. კ-ამ, რომელმაც მიუთითა, რომ განსახილველ საქმეზე გარდაიცვალა მოსარჩელე, ხოლო განმცხადებელი კი არის გარდაცვლილი მოსარჩელის მეუღლე. განმცხადებელმა მოითხოვა გარადცვლილი მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენემდე საქმის წარმოების შეჩერება.
27. საკასაციო პალატამ 20… წლის 1… ივლისის განჩინებით სსსკ-ის 92-ე მუხლის, 279-ე მუხლის „ა“ქვეპუნქტის, 284-ე, 285-ე მუხლების საფუძველზე დააკმაყოფილა განმცხადებლის შუამდგომლობა და შეაჩერა საქმის წარმოება 2023 წლის 18 სექტემბრამდე.
28. 20.. წლის 0.. სექტემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მადლენა კოზუამ, წარმოადგინა 20… წლის 01 სექტემბერს გაცემული №2…. სამკვიდრო მოწმობა, მოითხოვა საქეში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ჩაბმა და შეჩერებული საქმის წარმოების განახლება.
29. საკასაციო სასამართლოს 20…წლის 1… სექტემბრის განჩინებით განმცხადებლის მოთხოვნა საქმეში გარდაცვლილი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ჩაბმისა და შეჩერებული საქმის წარმოების განახლებაის შესახებ, დაკმაყოფილდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
30. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის და მტკიცებულებათა გაანალიზების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
31. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
33. საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველი საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილი იქნა, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეუფასებლობის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით [სსსკ-ის 105-ე, 407.1, 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 396-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი].
34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
35. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს კერძოდ, თანხის დაბრუნების მოთხოვნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 623-ე მუხლიდან [სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი], გამომდინარეობს.
36. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მიერ შეფასების საგანს წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის წინაპირობების არსებობა. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
37. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
38. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ჰ.ბოელინგი, ლ.ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) თითოეული მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლის ნორმა განსაზღვრავს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს, თუმცა, მისი განმარტება და ფაქტობრივ გარემოებებზე მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილებაა. მოთხოვნის საფუძველი ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობას და ბ) სამართლებრივი შედეგი, რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით განსაზღვრული ყველა წინაპირობა.
39. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
40. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას. თავის მხრივ, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
41. სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლო არაა შებოჭილი სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევებით და ისინი ამოწმებენ გადაწყვეტილებას მატერიალურსამართლებრივი ნორმების სწორად გამოყენების თვალსაზრისით. თუ ასეთი შემოწმების შედეგად სასამართლო იმ დასკვნას გამოიტანს, რომ საჩივრის მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ არა საჩივარში მითითებული, არამედ მატერიალურსამართლებრივი ნორმის (კანონის) სხვა დარღვევის გამო, სასამართლომ უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში კი, თუ არასწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად, ანუ კანონის (სსსკ-ის 393.2 მუხლის) დარღვევით მიღებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შესაძლებელია სხვაგვარი სამართლებრივი შეფასებით, საკასაციო სასამართლოს შეუძლია, არ გააუქმოს გადაწყვეტილება და განჩინებით ძალაში დატოვოს იგი (სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) ან ახალი გადაწყვეტილებით დაადგინოს სხვა სამართლებრივი შედეგი (სსსკ-ის 411-ე მუხლი).
42. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სესხის (ძირი თანხა) დაბრუნების მოთხოვნა, თანმიმდევრობით განხორციელებული უნდა იყოს მოთხოვნის საფუძვლის განმაპირობებელი შემდეგი წინაპირობები: მსესხებელს გადაცემული უნდა ჰქონდეს განსაზღვრული (სადავო) თანხა საკუთრებაში და უნდა კისრულობდეს გადაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას.
43. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება ხასიათდება შემდეგი თავისებურებებით: 1) სესხის ხელშეკრულება არის ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულება, თუმცა, იგი განსხვავდება ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ისეთი ხელშეკრულებებისაგან, როგორიცაა ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სამისდღეშიო რჩენა. 2) სესხის ხელშეკრულება არის ცალმხრივი ხელშეკრულება. ხელშეკრულებათა კლასიფიკაცია ცალმხრივ და ორმხრივ ხელშეკრულებებად დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რამდენი პირის ნებაა გამოვლენილი (რამეთუ ხელშეკრულება ზოგადად გულისხმობს ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენას), არამედ იმაზე, თუ როგორაა განაწილებული უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების მხარეებს შორის. სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს სესხად გადაცემულის დაბრუნება, ხოლო მსესხებელი კი, ვალდებულია დააბრუნოს უკან სესხად მიღებული იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 3) სესხის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს (იხ. დამატებით: ზ.ძლიერიშვილი, ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნება, თბილისი, 2010 წ, გვ. 345).
44. ერთ-ერთ საქმეში, რომელშიც სადავო იყო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საკითხი, საკასაციო პალატამ შემდეგი განმარტება გააკეთა: „სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება)“ (შდრ: სუსგ №ას-1245-1168-2015, 20 მაისი, 2016 წელი). სხვა საქმეშიც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას ანუ, იგი დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის შემდეგ (შდრ: სუსგ №ას-71-2023, 24 ივლისი, 2023 წ; №ას -662-2022, 11 ნოემბერი, 2022 წ; №ას-301-2021, 25 ივნისი, 2021 წ. პ.48; №ას-361-343-2015, 14 დეკემბერი, 2015 წელი).
45. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მარტოოდენ სესხის შესახებ შეთანხმება ხელშეკრულების საგნის გადაცემის გარეშე, არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას. რადგან სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და სამართლებრივი ძალის აუცილებელი პირობაა გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლის საკუთრებაში რეალურად გადაცემა, სადავოობის შემთხვევაში, მოსარჩელემ (გამსესხებელმა) უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებაც ფაქტობრივი გარემოებაც (იხ. თამარ ზამბახიძე, სამოქალაქო კოდექსის ონლაინ კომენტარი, მუხლი 623, ველი 3, www.gccc.ge; თამარ შოთაძე, სესხის ხელშეკრულების მოდერნიზაციის აუცილებლობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, საიუბილეო კრებული: რომან შენგელია 70, თბილისი, 2012, გვ.361).
46. სსკ-ის 624-ე მუხლის თანახმად, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სსკ-ის 68-ე მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას ისიც, რომ სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმის ჩვენებით შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, ზეპირი სესხის დროს ნივთის გადაცემის დამტკიცების თვალსაზრისით, მხოლოდ ეს უკანასკნელი, კანონის თანახმად, არასაკმარისადაა მიჩნეული და საკასაციო პალატა გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს, მაგალითად, სავალო საბუთი, გადარიცხვის ქვითარი, სალაროს შემოსავლის ორდერი (შდრ: სუსგ №ას-398-371-2017, 06 ივნისი, 2017 წ; №ას-71-2023, 24 ივლისი, 2023 წ.).
47. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
48. ფაქტების დამტკიცების პროცესი საკმაოდ დეტალურად რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, განსაზღვრულია მტკიცების საშუალებათა (მტკიცებულებათა) წრე, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, ამ მტკიცებულებათა დასაშვებობა და განკუთვნადობა, მტკიცების ტვირთის (მოვალეობის) განაწილება მხარეთა შორის, ანუ რომელმა მხარემ რა გარემოება უნდა დაამტკიცოს, მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი, მტკიცებულებათა შეფასების ზოგადი წესები და ა.შ.
49. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარისთქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება.
50. მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრე, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.
51. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის მიერ მითითებულ (არსებით) გარემოებებზე შედავებას საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთების გარეშე, მაშინ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მტკიცების სტადიაზე მიიღება იმისდა მიხედვით, (მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით) დამტკიცდება თუ არა ეს სადავო გარემოებები; თუ მოპასუხე ვერ ახერხებს საპირისპირო ნორმის წინაპირობების დასაბუთებას და ვერც მოსარჩელის მიერ მითითებული და მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების სათანადო შედავებას, სასამართლოს შეუძლია მოსარჩელის სასარგებლოდ დააკმაყოფილოს სარჩელი; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს სამართლებრივი შესაგებლის დასაბუთებას და თუ მოსარჩელე არ ხდის სადავოს მის შესაგებელს, მაშინ სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ უარი უნდა ეთქვას სარჩელს საპირისპირო (მოთხოვნის გამომრიცხავი) ნორმის არსებობის გამო; თუ მოპასუხე სათანადოდ ახერხებს მოსარჩელის არსებითი გარემოებების შედავებას და ასევე საპირისპირო ნორმის წინაპირობების საკმარისად დასაბუთებას, მაშინ მტკიცების სტადიაზე უნდა გაირკვეს, მტკიცდება თუ არა სადავო გარემოებები (მტკიცების ტვირთის გადანაწილების შესაბამისად). შემდეგ ეტაპზე უნდა შემოწმდეს, ახერხებს თუ არა მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დამაფუძნებელი გარემოებების იმგვარ დასაბუთებას, რომელიც ასევე აქარწყლებს მოპასუხის მიერ დასაბუთებულ საპირისპირო მითითებებს (ნორმებს).
52. გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი კი შემოიფარგლება სესხის თანხის დაბრუნებით.
53. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს წარმოადგენს ვალდებულების შეწყვეტა. შეწყვეტის შემდეგ ვალდებულება აღარ არსებობს. მის მონაწილეებს ერთმანეთთან აღარ აკავშირებთ უფლებები და მოვალეობები. ვალდებულების შეწყვეტას იწვევს განსაზღვრული გარემოებები, რომლებსაც ვალდებულების შეწყვეტის საფუძვლებს უწოდებენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულია ვალდებულების შეწყვეტის სხვადასხვა საფუძვლები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის მიზანი არის ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების მიღება მხარეების მიერ, ე.ი. შესრულებით მიიღწევა ის მიზანი, რასაც ვალდებულების მონაწილეები ისახავდნენ. ამის შემდეგ უკვე აღარ არსებობს ამ ურთიერთობის გაგრძელებისათვის სამართლებრივი საფუძველი. ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულების შეწყვეტის ყველაზე გავრცელებულ საფუძველს. სსკ-ის 427-ემუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
54. სსკ-ის 427-ე მუხლის მიზნებისათვის ვალდებულების შეწყვეტის ქვეშ იგულისხმება, რომ ვალდებულებითი ურთიერთობა ვიწრო ან/და ფართო გაგებით დასრულებულია, შეწყვეტილია და აღარ არსებობს (იხ.დამატებით: გიორგი სვანაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ონლაინ კომენტარი, მუხლი 427, ველი 5, www.gccc.ge).
55. საკასაციო პალატა განმარტავს, იმისათვის, რომ სსკ-ის 427-ე მუხლის საფუძველზე, ვალდებულება კრედიტორის სასარგებლოდ შესრულებით შეწყდეს, სახეზე უნდა იყოს შესრულების მიზნით განხორციელებული ქმედება, რომელიც განხორციელებულია : ა) ჯეროვნად, ბ) კეთილსინდისიერად, გ) დათქმულ დროსა და ადგილას, დ) უფლებამოსილი პირის მიმართ. ჩამოთვლილი წინაპირობები კუმულატიურად უნდა იყოს დაკმაყოფილებული. ასეთი შესრულება ვალდებულების შეწყვეტას ნიშნავს და ასეთ შემთხვევაში, კრედიტორს არა აქვს უფლება, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება (შდრ. სუსგ №ას-736-704-2016, 25 ნოემბერი, 2016 წელი).
56. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოვალეს ესჭიროება სათანადო მტკიცებულება, რომ შეწყვეტის მიზნით ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს. კრედიტორი ასეთი დოკუმენტის გაცემით ადასტურებს, რომ მან შესრულება მიიღო, ვალდებულება შესრულდა და შეწყვეტილია.პრაქტიკაში ვალდებულების შესრულების ან/და მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის სხვადასხვა სახე არსებობს, როგორიცაა: ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი, ხელწერილი, საბანკო გადარიცხვის ამონაწერი და სხვა.
57. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე მუხლები წარმოადგენდა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე ვალდებულია სარჩელში მიუთითოს: ა) მხარეთა შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობა (თანხის მოვალისათვის გადაცემა); ბ) მხარეთა შეთანხმება სარგებელზე; გ) შესრულების ვადის დადგომა; დ) მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა (მითითების ტვირთი), იმის მიხედვით კი, თუ რომელ გარემოებებს შეედავება დადგენილი წესით მოპასუხე (სსსკ-ის 201-ე და 219-ე მუხლები), სასამართლო განსაზღვრავს მტკიცების საგანს და გარდა უკანასკნელი ფაქტობრივი გარემოებისა, ყველა ზემოხსენებულის მტკიცება ეკისრება მოსარჩელეს (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები), რაც შეეხება ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთს, როგორც საპროცესო, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით იგი მოვალის ვალდებულებას წარმოადგენს (სსსკ-ის 102-ე მუხლი, ასევე, სკ-ის 429-ე მუხლი).მხარეთა შორის უდავოა, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, მსესხებელმა ვალდებულების შესრულების ფაქტი ვერ დაამტკიცა. შესაბამისად, კრედიტორის მოთხოვნა სესხისა დაკირების მოთხოვნის ნაწილში, წარმატებულია“ (შდრ. სუსგ-ები:№ას-250-2022, 28 აპრილი, 2023 წ. პ.20-23; №ას-346-2021, 14 ივლისი, 2021 წ; №ას-488-2021, 29 სექტემბერი, 2021 წ; №ას- 1755-2018, 22 თებერვალი, 2019 წ; №ას-481-481-2018, 19 თებერვალი, 2019 წელი).
58. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი წერილობითი ფორმით უნდა იქნეს შედგენილი, რათა დავის შემთხვევაში, გამოყენებული იქნეს მოვალის მიერ, როგორც ვალდებულების შეწყვეტის დამადასტურებელი მტკიცებულება. ფორმა, ნების გამოვლენის განცხადების საშუალებაა. კრედიტორი და მოვალე შეიძლება შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონულ ფორმაზეც (ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებაც). მოვალეს შეუძლია მოითხოვოს არა მხოლოდ ვალდებულების მთლიანად შესრულების დამადასტურებელი, არამედ მისი ნაწილობრივ შესრულების/მიღების დამადასტურებელი დოკუმენტიც.
59. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მსესხებელმა ვერ წარადგინა სადავო თანხის გადახდის დამადასტურებელი სათანადო, ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მტკიცებულება.(შდრ. სუსგ №ას-1755-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი). სხვა საქმეებშიც დადგენილი იქნა, რომ მხარეთა შორის წარმოშობილია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. საკასაციო პრეტენზია შეეხებოდა სესხის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობას. საკასაციო პალატამ სრულად გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარისათვის სადავო თანხის გადახდის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება მსესხებლის მიერ წარმოდგენილი არაა [სსსკ-ის 102-ე მუხლი]. სსკ-ის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს,რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. მან ვერ წარმოადგინა საკმარისი და სარწმუნო მტკიცებულება სადავოდ ქცეული თანხის ფარგლებში ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ. [სსსკ-ის 105-ე მუხლი].“ (შდრ. სუსგ №ას-474-474-2018, 13 ივლისი, 2018 წელი;№ას-1425-1345-2017, 30 აპრილი, 2018 წელი;№ას-1452-1372-2017, 26 იანვარი, 2018 წელი).
60. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ „სასესხო ვალდებულების შესრულების ნამდვილობისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები. მოწმეთა ჩვენებებთან ერთად აუცილებელია ისეთი მტკიცებულების არსებობა, რაც ერთობლივად მაღალი ალბათობით დაადასტურებდნენ სადავო ფაქტს (მაგალითად, უშუალოდ კრედიტორის წერილი, თუნდაც, მესამე პირისადმი მიმართული, რომელშიც მითითებული ინფორმაცია ვალდებულების შესრულების თაობაზე, ან/და კრედიტორის მოქმედებები, რომლებიც მიუთითებენ ვალდებულების მიღებაზე და სხვა). ამდენად, სასესხო ვალდებულებების შესრულების თაობაზე წერილობითი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი) მოწმეების ჩვენება დასაშვებია მხოლოდ სხვა მტკიცებულებებთან ერთად.“ (შდრ. სუსგ №ას-855-799-2017, 22 სექტემბერი, 2018 წელი;).
61. მოსარჩელის (გამსესხებლის) მიერ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოპასუხეს (მსესხებელს) ვალდებულება (სესხის დაბრუნება) შესრულებული არ აქვს. ამდენად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია მოსარჩელეს (გამსესხებელს). მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია მსესხებლის (მოპასუხეს) მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) აკისრია მსესხებელს (მოპასუხეს). ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ იმას, რომ მოვალემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, არამედ იმას, ეს შესრულება რამდენად ითვლება კრედიტორის მიერ მიღებულად. ამდენად, სასესხო ვალდებულებების შესრულების თაობაზე წერილობითი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი) მოწმეების ჩვენება დასაშვებია მხოლოდ სხვა მტკიცებულებებთან ერთად (შდრ: სუსგ №ას-872-830-2013, 17 ოქტომბერი, 2014 წელი).
62. საქმეზე დადგენილად ცნობილი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორმა (მსესხებელმა) ვერ წარმოადგინა სესხის დაბრუნების (მოთხოვნის შეწყვეტა) დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულება, შესაბამისად, სახეზე არაა სსკ-ის 427-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეწყვეტის საფუძველი.
63. თუმცა საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოპასუხემ (მსესხებელი) წარადგინა არა მხოლოდ მოთხოვნის შემწყვეტი, არამედ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელიც (ხანდაზმულობა) (იხ.ს.ფ. 32-33.) და მიუთითა, რომ სსკ-ის 144.1 მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
64. კასატორის ძირითადი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად აითვალა ხანდაზმულობის დენის დაწყების მომენტი და ამიტომაც არასწორად მიიჩნია მოთხოვნა განხორციელებადად. ( იხ. საკასაციო საჩივარი).
65. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელის წარდგენისას, მოპასუხე შესაძლოა ეთანხმებოდეს სარჩელში გაჟღერებულ მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას (სადავოდ არ ხდიდეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს), ასევე, ეთანხმებოდეს ვალდებულების არსებობას და აღიარებდეს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას, თუმცა, უარს აცხადებდეს მის შესრულებაზე, რადგან მოთხოვნა ხანდაზმულად მიაჩნდეს (სსკ-ის 144-ე მუხლი).
66. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დრო დიდ როლს თამაშობს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საკითხში. მხარეთა შორის გარკვეული სამართლებრივი ურთიერთობები შეიძლება იმდენად დიდი ხნის წინ წარმოიშვას, რომ გავლენა მოახდინოს მხარეთა უფლება-მოვალეობებზე. მართლწესრიგი ითვალისწინებს ხანდაზმულობის ინსტიტუტს, რომლის ერთ-ერთ სახესაც წარმოადგენს სასარჩელო ხანდაზმულობა. მისი არსებობა განპირობებულია ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და მათი ინტერესების თანაბარი დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე. გონივრული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადების არსებობა უფლების რეალიზაციის აუცილებელი წინაპირობაა. განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ სამართლებრივი სტაბილურობის მოთხოვნა უფრო მეტად დაცვის ღირსია. სასარჩელო ხანდაზმულობა უფლების განხორციელებისათვის განსაზღვრულ ჩარჩოებს აწესებს. სასარჩელო ხანდაზმულობა წარმოადგენს მიზნის მიღწევის საშუალებას და არა თვითმიზანს.
67. სასარჩელო ხანდაზმულობა იმ სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელია, რომ რაღაც ურთიერთობას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლვი დროის გასვლა პირდაპირ გავლენას ახდენს პირთა უფლებებზე (იხ. დამატებით: თენგიზ ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005 წ., გვ. 133; ბესარიონ ზოიძე, ქართული სამოქალაქო კოდექსის შექმნის ისტორიიდან, ჟურნალი „ქართული სამართლის მიმოხილვა“, თბილისი, 2003 წ. გვ. 110.).
68. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა, ანუ კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სასამართლოსათვის მიმართვის გზით. ამ ვადის გასვლა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ო. ს-ი და ი. ხ-ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოთხოვნას არ აუქმებს (წყვეტს), არამედ მოვალეს შესაძლებლობას ანიჭებს, უარი თქვას მოთხოვნის შესრულებაზე. ანუ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია (შდრ: გიორგი სვანაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 144-ე, ველი 1. თბილისი, 2017 წელი; შდრ: ასევე სუსგ №ას-1437-1357-2018, 11 მაისი, 2018 წელი).
69. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით, ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ №ას-547-515-2012, 11 ივნისი, 2012 წელი).
70. ზემოთ ჩამოთვლილი კანონიერი მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტომ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პ.51). (Stubbings and Otherss v The United Kingdom, განაცხადის ნომერი №22083/93; №220095/93, 22 ოქტომბერი, 1996).
71. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. საკსაციო პალატამ არერთ საქმეზე განმარტა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ინსტიტუტი წარმოადგენს უფლების დაცვის მატერიალურ-სამართლებრივ საშუალებას, რადგან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსზრისით არსებობს, თუმცა სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებითი განხორციელება კონკრეტული წინაპირობის არსებობისას, არ ხდება (შდრ. სუსგ №ას-1428-2018, 27 დეკემბერი, 2018; №ას-369-350-2015, 30 ივლისი, 2015).
72. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითების შედეგად წარმოშობილი საწინააღმდეგო უფლება მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობით შესაგებელია, რომელიც მოთხოვნის განხორციელებას ხანგრძლივად ან დროებით აფერხებს. „სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის მიზანია მოვალის დაცვა იმ პროცესის ნაწილად გახდომისაგან, რომელშიც პოზიციის დაცვა რთული ან შეუძლებელია მოთხოვნის სიძველის გამო“. (შდრ: სუსგ №ას-898-860-2014, 09 ოქტომბერი, 2015 წელი). ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში. მაგალითად, მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლების შემოწმება მიმდინარეობს მოპასუხის შედავების შემოწმების ეტაპზე (იხ. დამატებით: ჰაინ ბოელინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, გვ.170; მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში მოკლე შესავალი რელაციის მეთოდში სამოქალაქო კოდექსის მიხედვით შემუშავებული პრაქტიკული მაგალითებით, შტეფან შმიტი, ჰარალდ რიჰტერი, GIZ, 2013, გვ.20).
73. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელი აერთიანებს ორ ნაწილს: სარჩელის აღძვრისა და სარჩელის დაკმაყოფილების უფლებას. რადგან სასარჩელო ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებითი განხორციელების ვადა, ის უკავშირდება სწორედ სარჩელის დაკმაყოფილების უფლებას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობა მატერიალური და არა საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის ინსტიტუტი მიჩნეული უნდა იქნეს მატერიალური სამართლის კუთვნილებად კანონმდებლობაში მისი ადგილისა და სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით.
74. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები ასევე მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ–ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისაგან.
75. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დასრულების მომენტს. მოთხოვნის შემოწმებისას აუცილებელია განისაზღვროს ხანდაზმულობის კონკრეტული ვადის გამოყენებისა და მისი ათვლის საკითხი. ერთმანეთისაგან განასხვავებენ ხანდაზმულობის ვადის ათვლის ობიექტურ და სუბიექტურ მომენტებს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას (შდრ: ნ.კვანტალიანი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 130-ე, ველი 2. თბილისი, 2017 წელი; ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2011 წელი, გვერდი 123).
76. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის სწორი გამოთვლისათვის არსებითია, ზუსტად დადგინდეს მოთხოვნის წარმოშობის დრო. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. (შდრ: სუსგ-ები №ას-1937-2018, 15 მარტი, 2019 წელი, პ-16; №ას-1343-1263-2017, 20 დეკემბერი, 2017 წელი; №ას-934-899-2016, 14.02.17წ.; №ას-68-68-2018, 03.04.2018წ.; №ას-382-2019, 14 მაისი, 2019 წელი.).
77. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი დაკავშირებულია ობიექტურ მომენტთან - უფლების დარღვევის ფაქტთან და სუბიექტურ მომენტთან - დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ გახდა ცნობილი ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო.
78. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც წესი, ივარაუდება, რომ პირი უფლების დარღვევის ფაქტს მისი დადგომისთანავე შეიტყობს ან საშუალო გულისხმიერების გამოჩენის შემთხვევაში შეეძლო შეეტყო ამ ფაქტის თაობაზე. აღნიშნულის საწინაარმდეგოს, ანუ უფლების დარღვევის დაგვიანებით შეტყობის მტკიცების ტვირთი კი უფლებადარღვეულ პირს ეკისრება. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობისვადის დენა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით, პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (შდრ: ნ.კვანტალიანი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 130-ე, ველი 5. თბილისი, 2017 წელი).
79. ვინაიდან სასამართლო მოთხოვნის ხანდაზმულობას მხოლოდ მოპასუხის მითითების საფუძველზე იკვლევს, მოთხოვნის ვადაში წარდგენა მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. „თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის დენა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007 წელი, გვერდი 64.).
80. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის დაწყებისათვის, როგორც წესი, არ არის სავალდებულო, რომ კრედიტორმა მისთვის ცნობილ ფაქტებს სამართლებრივი შეფასება მისცეს. თუ კრედიტორი მცდარ დასკვნებს გამოიტანს, ფაქტებს მცდარად შეაფასებს, ხანდაზმულობის ვადის დინება მაინც იწყება. ხანდაზმულობის ვადების დაწყებისათვის მიზანშეწონილად უნდა იქნეს მიჩნეული ხანდაზმულობის საფუძვლად არსებული ფაქტობრივი გარემოებების ცოდნა მისი სამართლებრივი შეფასების გარეშე, რადგან რთულია შესაბამისი განათლების არმქონე პირს მოეთხოვოს ნორმის ქმედების შემადგენლობის კომპონენტების შეფასება. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის ვადის ათვლის სუბიექტური ფაქტორის განსაზღვრისას, პოზიტიურ ცოდნასთან ერთად ითვალისწინებს ბრალეულ არცოდნასაც. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის თაობაზე, ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებებიდან გამომდინარე პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (იხ. დამატებით: ზურაბ ახვლედიანი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კომენტარი, წიგნი პირველი, თბილისი, 1999 წელი, მუხლი 130, გვერდი 320.).
81. კასატორის პრეტენზიის ფარგლებში საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსკ-ის 138-ე მუხლის დანაწესზე, კერძოდ, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენებას სკ-ს 139-ე და 140-ე მუხლები) (იხ.დამატებით: გიორგი სვანაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, ჭანტურია ( რედ.), თბილისი, 2017, მუხლი 138, ველი1.).
82. „სსკ-ის 138-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე საკუთარი მოთხოვნის დაცვის ნებას ავლენს და გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავს დარღვეული უფლების აღსადგენად, ამასთან, აღნიშნული ნორმის საფუძველზე, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. ხანდაზმულობის ვადის დენას უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი სარჩელი (განცხადება) წყვეტს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს. სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვისას აუცილებელია, რომ აღნიშნული ორგანო კომპეტენტური იყოს, ანუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ამ ორგანოსადმი მიმართვის გზით უნდა წესრიგდებოდეს. თითოეულმა მხარემ თავად უნდა შეარჩიოს საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სწორი და ეფექტური საშუალება, ამ პირობის დარღვევით გამოწვეული შედეგები კი, თავად მხარის რისკია. (იხ. სუსგ-ები: №ას-1586-1489-2012, 22 აპრილი, 2013 წ; №ას-960-909-2015, 04 დეკემბერი, 2015 წ; №ას-1345-2018, 15 მარტი, 2019 წ; №ას-192-2022, 28 აპრილი, 2022 წ.).
83. „უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ მიუთითა, რომ არ იზიარებს კასატორების პრეტენზიას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოსარჩელემ თავისი დარღვეული უფლების დასაცავად მიმართა იმ სახელმწიფო ორგანოს (პროკურატურას), რომელსაც ხელეწიფებოდა ამ უფლების აღდგენა (სსკ-ის 138-ე მუხლის მესამე წინადადება). საქართველოს პროკურატურისადმი მიმართული საჩივრით განმცხადებელი კუთვნილი ქონების დასაბრუნებლად, როგორც დაზარალებულად, ასევე მოსარჩელედ ცნობასაც ითხოვდა. იმ დროს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის რედაქცია ამის შესაძლებლობას იძლეოდა. ამ ნორმის თანახმად: „პირს, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი, უფლება აქვს სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ამ მიზნით წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი“. იმავე კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად კი, სამოქალაქო სარჩელი წარედგინებოდა იმ მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს, რომლის წარმოებაშიც იყო სისხლის სამართლის საქმე“ (იხ: უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 02 მარტის №ას-664-635-2016 გადაწყვეტილება, პ.214.).
84. „ ერთ-ერთ საქმეზე დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელემ 2012 წელს მიმართა პროკურატურას დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით, შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ მისი მოთხოვნის მიმართ შეწყდა ხანდაზმულობის ვადა. საკასაციო პალატამ არ გაიზიარა კასატორის აღნიშნული მოსაზრება და განმარტა, რომ პროკურატურისათვის მიმართვა ვერ მიიჩნევა ნამდვილ შეცილებად საკანონმდებლო მიზნებიდან გამომდინარე, ვინაიდან, 2012 წელს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, პროკურატურა ვერ მიიჩნევა უფლებამოსილ ორგანოდ. რადგან მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პროკურატურა არ არის უფლებამოსილი განსაზღვროს და დაადგინოს დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზიანის დაზარალებულისათვის ანაზღაურების საკითხი. აღნიშნულ საკითხს წყვეტს მხოლოდ სასამართლო. კასატორი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს, საკასაციო სასამართლოს დიდი პალატის 20… წლის 0… მარტის Nას-664-635-2016 გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ მითითებულ საქმეში სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლად სწორედ პროკურატურისათვის მიმართვის ფაქტი მიიჩნია. აღნიშნულ პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ კასატორის მიერ მოხმობილ საქმეში პროკურატურისათვის მიმართვის დროს (200… წლის .. დეკემბერი და განმეორებით მიმართვის თარიღი - 200.. წლის 2… იანვარი და 1.. მარტი), განმცხადებელი საჩივრით, კუთვნილი ქონების დასაბრუნებლად, როგორც დაზარალებულად, ასევე მოსარჩელედ ცნობასაც ითხოვდა და იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის რედაქცია ამის შესაძლებლობას იძლეოდა. აღნიშნული ნორმის თანახმად: „პირს, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი, უფლება აქვს სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ამ მიზნით წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი“. იმავე კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად კი, სამოქალაქო სარჩელი წარედგინებოდა იმ მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს, რომლის წარმოებაშიც იყო სისხლის სამართლის საქმე. აღნიშნულიდან გამომდინარე, დიდი პალატის განმარტება ვერ გავრცელდება მოცემულ საქმეზე, ვინაიდან, მოსარჩელემ პროკურატურას მიმართა 20… წელს, რა დროსაც პროკურატურა ვერ განიხილებოდა უფლებამოსილ ორგანოდ, შეეფასებინა პირის მოთხოვნა სამოქალაქო სამართლებრივი კუთხით და პროკურატურის კომპეტენცია განისაზღვრებოდა კონკრეტულ სუბიექტთა წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ფარგლებში. შესაბამისად, 20…. წელს პროკურატურისათვის მიმართვა ვერ განიხილება ხანდაზმულობის ვადის შემწყვეტ ქმედებად.“ (შდრ: სუსგ №ას-192-2022, 28 აპრილი, 2022 წ, პ.25.3).
85. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ „გამოძიებისათვის მიმართვით, ხანდაზმულობის ვადის დენა არ შეწყვეტილა (სს-ის 138-ე მუხლი), რადგანაც გამოძიება სამოქალაქო ზიანის ანაზღაურებაზე უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს არ წარმოადგენს. გამოძიებისათვის მიმართვა ხანდაზმულობის ვადის დენას წყვეტდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების განხორციელებამდე, ვიდრე დასაშვები იყო სამოქალაქო სარჩელის განხილვა ზიანის ანაზღაურების თაობაზე (ადრე მოქმედი რედაქციის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 30-ე და 31-ე მუხლების თანახმად, პირს, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი, უფლება აქვს, სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ამ მიზნით წარადგინოს სამოქალაქო სარჩელი“. სამოქალაქო სარჩელი წარედგინებოდა იმ მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს, რომლის წარმოებაშიც იყო სისხლის სამართლის საქმე). შესაბამისად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე შეესაბამება კანონის მოთხოვნებს“ (შდრ: სუსგ №ას-491-491-2018, 25 იანვარი, 2019 წ, პ.1.4.).
86. „სსკ-ის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი განცხადებით მიმართავს იმგვარ სახელმწიფო ორგანოს, რომელსაც მოვალის მიმართ მისი მოთხოვნის არსებობის დადგენა შეუძლია. საგამოძოებო ორგანოები კი მოპასუხის მიმართ აპელანტის მოთხოვნის არსებობას ვერ დაადასტურებდნენ. შესაბამისად, საგამოძიებო ორგანოებისათვის მიმართვას ხანდაზმულობის ვადის დენა არ შეუწყვეტია. ხანდაზმულობის ვადის დენას უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი სარჩელი (განცხადება) წყვეტს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს. სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვისას აუცილებელია, რომ აღნიშნული ორგანო კომპეტენტური იყოს, ანუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება ამ ორგანოსადმი მიმართვის გზით უნდა შეიძლებოდეს. თითოეულმა მხარემ თავად უნდა შეარჩიოს საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სწორი და ეფექტური საშუალება, ამ პირობის დარღვევით გამოწვეული შედეგები კი, თავად მხარის რისკია. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული იურიდიული მოქმედებებიდან ერთ-ერთის განხორციელებას მხოლოდ მაშინ მოჰყვება ამავე ნორმაში მითითებული სამართლებრივი შედეგი, ვიდრე ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასული ვადის დენის შეწყვეტაზე საუბარი მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, 20.. წლის 2… აპრილს ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცალკეული თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე; ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის 20… წლის 1… აპრილის დადგენილებით საქმეზე გამოძიება შეწყდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. კასატორი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო ორგანოსათვის (პოკურატურისათვის) მიმართვით მისი მოთხოვნის მიმართ შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დენა. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, ვინაიდან, სსკ-ის 138-ე მუხლის მიზნებისათვის ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტისათვის მნიშვნელოვანია უფლებამოსილი ორგანოსათვის მიმართვა, მოცემულ შემთხვევაში კი, პროკურატურა არ წარმოადგენს ასეთ ორგანოს. კერძოდ, გამოძიების მიზანს წარმოადგენდა სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების გამოაშკარავება და არა მოსარჩელის მოთხოვნის არსებობის დადგენა ან/და მისი დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საგამოძიებო ორგანოები მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნის არსებობას ვერ დაადასტურებდნენ. საგამოძიებო ორგანოსათვის მიმართვის გზით ვერ განხორციელდებოდა სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ პროკურატურისათვის მიმართვას არ გამოუწვევია მოპასუხეთა მიმართ არსებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა“ (შდრ: სუსგ №ას-1544-1464-2017, 03 ივლისი, 2019 წ. პ.34-36).
87. „კასატორი განმარტავდა, რომ სსკ-ის 138-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვეტილი იყო, რადგან მან, დარღვეული უფლების აღსადგენად, სახელმწიფო ორგანოებს მიმართა. საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული, რადგან მოსარჩელემ საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა, სადაც მას განემარტა, რომ მესაკუთრის მოთხოვნა სამოქალაქო დავის საგანი იყო და პროკურატურის კომპეტენციის ფარგლებს სცილდებოდა. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი უნდა იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად.“ (შდრ: სუსგ №ას-1259-1179-2017, 22 დეკემბერი, 2017 წ. პ.15.; №ას-591-2019, 15 მაისი, 2020 წ, პ.1.3.7.).
88. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება (ნორმის განმარტება) სავალდებულოა ყველა ინსტანციის სასამართლოსათვის.
89. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის მიერ 20… წლის 2.. დეკემბერს ქალაქ თბილისის პროკურატურისათვის განცხადების წარდგენით შეწყდა ხანდაზმულობის ვადის დინება და განახლდა 2020 წლის 25 ივნისის პროკურატურის წერილობითი პასუხით (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, პ.4.2, ს.ფ.189).
90. თუმცა საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
91. საქმეში განთავსებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20…წლის 0… მაისის განჩინებით (იხ. ს.ფ. 52-54) ქალაქ თბილისის პროკურატურიდან 20… წლის 2… აგვისტოს მოპასუხესთან მოსარჩელის განცხადების საფუძველზე ქალაქ თბილისის პროკურატურაში გასაუბრების ოქმი, სადაც მოპასუხე ადასტურებს, რომ მან მოსარჩელისაგან ნამდვილად მიიღო სესხად 10000 აშშ დოლარი, რომელიც დღეის მდგომარეობით დაბრუნებული აქვს მისთის უკან და არანაირი ვალი არ გააჩნია. გასაუბრების ოქმის სისწორეს მოპასუხე ადასტურებს ხელმოწერით (იხ. ს.ფ.67). საქმის მასალებში განთავსებულია მოსარჩელის საპაექრო სიტყვა, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხესთან გასაუბრების ოქმი, რომლითაც იგი უარს აცხადებს სესხის დაბრუნებაზე იმ საფუძვლით, რომ სესხი უკვე დაბრუნებული აქვს, დათარიღებულია 2....8.20... აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ რა თარიღიც არ უნდა მიუთითოს ხანდაზმულობის ვადის გამოსათვლელად - 20… წლის 2.. აგვისტო, თუ 20.. წლის 2… ივნისი - პროკურატურის დადგენილება გამოძიების დაწყებაზე უარის თქმის შესახებ, 20… წლის 7 აპრილს რეგისტრირებული სარჩელი ხანდაზმული მაინც ვერ იქნება( იხ. ს.ფ.96).
92. საკასაციო პალატას საქმეზე დადგენილი გარემოებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო 20… წლის …0 აგვისტოდან - (მოპასუხესთან გასაუბრების მომდევნო დღიდან, როდესაც მოსარჩელემ შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ). დადგენილია, რომ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა 20.. წლის 0… აპრილს (იხ. ს.ფ.2), ამიტომაც დაცულია სსკ-ით სესხის ხელშეკრულებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სარჩელი არ არის ხანდაზმული.
93. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.
94. სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს და უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, რადგან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
95. ვინაიდან საკასაციო საჩივარი უარყოფილია, კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ა-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე