საქმე №ას-1060-2023 11 სექტემბერი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ალექსანდრე წულაძე
სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ს.ბ–ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე - მ.ს–ის სარჩელის გამო, ს.ბ–ას მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ს.ბ–ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული ვინაიდან დარღვეულია საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის დასაბუთებული განჩინება ს.ბ–ას წარმომადგენელ ა.კ–ს (იხ.მინდობილობა ს.ფ.80-81) გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და პირადად ჩაბარდა 2023 წლის 2 აგვისტოს (ჩაბარების დასტური ს.ფ.262).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2023 წლის 3 აგვისტოს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2023 წლის 23 აგვისტოს. საქმეში წარმოდგენილი საკასციო საჩივრით კი დგინდება, რომ ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კანცელარიას ჩაბარდა გასაჩივრების 21-დღიანი ვადის დარღვევით - 2023 წლის 31 აგვისტოს. ამასტან, საკასაციო საჩივრის შედგენის თარირადაც 2023 წლის 31 აგვისტოა მითითებული, რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ბ–ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ა. წულაძე