თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი (მოპასუხე) - შპს „თ.ს.კ–ა“
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ა.ლ–ო და ი.ძ–ი
დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის და კომპენსაციის ანაზღაურება
განმცხადებლის მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება
აღწერილობითი ნაწილი:თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანებები; მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება თითოეულისთვის 3000 ლარის ოდენობით; მოპასუხეს იძულებითი განაცდურის სახით დაეკისრა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიური ხელფასის ოდენობით თანხების (ა.ლ–თვის - 596.16 ლარი; ი.ძ–ისთვის - 640.32 ლარი) გადახდა (კანონით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე). აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოპასუხემ მოითხოვა განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა, ხოლო მოსარჩელეებმა - განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებით შპს „თ.ს.კ–ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2023 წლის 20 აპრილის განჩინებით - ა.ლ– და ი.ძ–ის საკასაციო დარჩა განუხილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინებით შპს „თ.ს.კ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინება; შპს „თ.ს.კ–ას“ (ს/კ .......) დაუბრუნდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო პალატას განცხადებით მომართა შპს „თ.ს.კ–ამ“ და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება, კერძოდ განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული გადახდის თარიღის - „08.08.2023“ ნაცვლად „08.02.2023 მითითება“.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო გაეცნო განცხადებას და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.
ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის №ას-275-2023 განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში უნდა გასწორდეს უსწორობა, კერძოდ, საგადახდო დავალების თარიღი - „08.08.2023“ გასწორდეს და მიეთითოს „08.02.2023“.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „თ.ს.კ–ის“ განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის №ას-275-2023 განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში დაშვებული უსწორობა;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის №ას-275-2023 განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული საგადახდო დავალების თარიღი „08.08.2023“ გასწორდეს და მიეთითოს „08.02.2023“.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე