Facebook Twitter

ბს-29-1-გ-04 21 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: სასამართლოთა შორის განსჯადობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 29 დეკემბერს ახალციხის ¹..... საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა გ. ნ-ემ სარჩელი აღძრა ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ახალციხის ¹..... საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართ და მოითხოვა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნ. პ-ის რეგისტრაციის გაუქმება.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 2003წ. 2 ნოემბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა საარჩევნო კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ხმათა 1/3. საარჩევნო კოდექსის 106-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე, დეპუტატობის კანდიდატებს ნ. პ-სა და გ. გ-ეს შორის დანიშნული იყო არჩევნების მეორე ტური, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2003წ. 23 ნოემბერს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, იგი აღარ გაიმართა.

მოსარჩელის განმარტებით, 2004წ. 4 იანვარს ახალციხის ¹37 საარჩევნო ოლქში საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად უნდა გამართულიყო ახალციხის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნების მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულს სამცხე-ჯავახეთის მხარეში ნ. პ-ს, რომელსაც იმ დროისათვის დარღვეული ჰქონდა “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 98-ე მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული ნორმა იმის შესახებ, რომ რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით (თუ რეგისტრირებული იყო მის მიერ), ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილი საბუთები და განცხადებები არ აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას. ნ. პ-ს დარღვეული ჰქონდა ასევე საარჩევნო კოდექსის 94-ე მუხლის “ზ” პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობას თანამდებობრივ მდგომარეობასთან.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 დეკემბრის განჩინებით, ¹...... საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელ გ. ნ-ის სასარჩელო განცხადება გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, როგორც უფლებამოსილ სასამართლოს, იმ მოტივით, რომ აღნიშნულ განცხადებას რაიონული სასამართლო ვერ მიიღებდა წარმოებაში, რადგან საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-16 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო სარჩელი უნდა შეტანილიყო საოლქო სასამართლოში.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ განიხილა ახალციხის ¹..... საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელ გ. ნ-ის სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და თავისი 2004წ. 15 იანვრის განჩინებით მიიჩნია, რომ მოცემული დავა არ იყო საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციის წესით განსახილველი იმ მოტივით, რომ საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-16 პუნქტი არეგულირებს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო დავების განხილვის წესს. მოსარჩელე კი ითხოვდა რეგისტრაციის გაუქმებას, ანუ განკარგულების გამოცემას რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. სარჩელში აღნიშნული საფუძვლით რეგისტრაციის გაუქმებას საარჩევნო კოდექსის არც 77-ე მუხლის მე-16 და არც სხვა ნაწილები ითვალისწინებს. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების საარჩევნო კოდექსით განუსაზღვრელ წესს. საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა ვადა ან/და წესი არ არის დადგენილი, სასამართლოში საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებისა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების ვადა და წესი, სარჩელის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები, მოსარჩელეთა წრე განისაზღვრება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით. საპროცესო კანონმდებლობის, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად კი, წინამდებარე დავა არ არის საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციის წესით განსახილველი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ ახალციხის ¹..... საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის სარჩელი ახალციხის ¹..... საარჩევნო ოლქის მიმართ საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაუგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ახალციხის ¹...... საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის სარჩელი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 35-ე მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილ კანდიდატს საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ მას შემდეგ, რაც პირი უკვე წარდგენილია საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად და იგი რეგისტრაციაში გაატარა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თავისი განკარგულებით, წარმოიშვა დავა ამ განკარგულების კანონიერების შესახებ და მოსარჩელე ითხოვს რეგისტრაციის გაუქმებას, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში იგი ფაქტობრივად ითხოვს კანდიდატის რეგისტრაციაში გატარების შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გაუქმებას.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მოტივაციას, რომ ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს რეგისტრაციის გაუქმებას, ანუ განკარგულების გამოცემას რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, ამიტომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების საარჩევნო კოდექსით განუსაზღვრელ წესს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 77-ე მუხლის მე-16 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო სარჩელი შეიტანება საოლქო სასამართლოში, ამიტომ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ დავის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს საოლქო სასამართლო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის განსჯადია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 77-ე მუხლის მე-16 პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ახალციხის ¹...... საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელ გ. ნ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.