საქმე №ას-186-2023 24 ივლისი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე; შეგებებული სარჩელის ავტორი) - ე.შ–ძე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები; შეგებებული სარჩელის მიმართ მოპასუხეები) - ა.ჩ–ძე, ნ.მ–ლი
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეკრულების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2022 წლის 13 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და ახალი განჩინების მიღებით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
I აღწერილობითი ნაწილი:
1. ა.ჩ–ძემ და ნ.მ–ლმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ე.შ–ძის მიმართ, უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვნის მოთხოვნით.
2. ე.შ–ძემ შეგებებული სარჩელი წარადგინა და მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ა.ჩ–ძისა და ნ.მ–ლის სარჩელი დაკმაყოფილდა; ე.შ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება; ე.შ–ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე.შ–ძემ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 სექტემბრის განჩინებით ე.შ–ძის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 14 სექტემბერს, 12:00 საათზე. მითითებული სასამართლო სხდომა, აპელანტის მოთხოვნით, გადაიდო 2022 წლის 11 ოქტომბერს, 12:00 საათზე. სასამართლო სხდომის დღე აპელანტს ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. 2022 წლის 11 ოქტომბერს ე.შ–ძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას კვლავ მიმართა განცხადებით საქმის განხილვის გადადების შესახებ და განმარტა, რომ აქვს ხერხემლის მწვავე თიაქარი, გადაიტანა ვირუსი მძიმე ფორმებში, გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და აწუხებს აუტანელი ტკივილები; 12 ოქტომბერს კი ჩაწერილია ოჯახის ექიმთან კონტროლის მიზნით; ამასთან, ფინანსური პრობლემების გამო არ შეუძლია წარმომადგენლის აყვანა. აპელანტმა წარადგინა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ ოჯახის ექიმთან არის ჩაწერილი 2022 წლის 12 ოქტომბერს, 11:20 საათზე.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარეების წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ე.შ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიოდ არ მიიჩნია, ვინაიდან პალატის განმარტებით, არ არსებობდა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება, რომელიც მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს გახდიდა სასამართლო სხდომაზე მის გამოცხადებას. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტმა ვერ წარადგინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულება, სადაც მითითებული იქნებოდა მისი გამოცხადების შეუძლებლობაზე; ის ფაქტი კი, რომ აპელანტი სასამართლო სხდომის მომდევნო დღეს (2022 წლის 12 ოქტომბერს) ოჯახის ექიმთან იყო ჩაწერილი, ვერ ჩაითვლებოდა საპატიო მიზეზად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ე.შ–ძემ საჩივრით გაასაჩივრა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 დეკემბრის განჩინებით ე.შ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2022 წლის 11 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
11. სააპელაციო სასამართლომ კვლავ განმარტა, რომ სასამართლო სხდომაზე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა, მოწინააღმდეგე მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე, ქმნიდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობებს.
12. ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე.შ–ძემ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისთვის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
13. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომის დღეს ჰქონდა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რის თაობაზეც სასამართლოს განხილვის დაწყებამდე აცნობა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა და დაუსაბუთებლად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2023 წლის 27 ივნისის განჩინებით - საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
II სამოტივაციო ნაწილი:
15. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მართლზომიერება.
17. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. იმავე მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარე კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
18. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. იმავე კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით კი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
19. იმავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ამრიგად, „სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამასთან, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 სექტემბრის №ას-652-2021 განჩინება). ამასთან, საგულისხმოა, რომ „იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 დეკემბრის №ას-1037-991-2013 განჩინება).
20. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში სხდომის გამართვის დღეს - 2022 წლის 11 ოქტომბერს აპელანტმა ე.შ–ძემ განცხადებით მიმართა სასამართლოს საქმის განხილვის გადადების მოთხოვნით. განმცხადებელმა სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზად დაასახელა ჯანმრთელობის მდგომარეობა (განცხადების მიხედვით, მას აქვს ხერხემლის მწვავე თიაქარი, გადაიტანა ვირუსი, გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, აწუხებს აუტანელი ტკივილები) და აღნიშნა, რომ 2022 წლის 12 ოქტომბერს ვიზიტზე ჩაწერილია ოჯახის ექიმთან. განცხადებას თან ერთოდა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ ე.შ–ძე ჩაწერილია ოჯახის ექიმთან 2022 წლის 12 ოქტომბერს, 11:20 საათზე.
21. საქმეზე, ასევე, დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარეების წარმომადგენელი არ დაეთანხმა სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობას და აპელანტის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა.
22. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მხარემ ვერ წარადგინა სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც მოწინააღმდეგე მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას წარმოადგენდა. კერძოდ, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ კასატორმა დავის განხილვის ვერცერთ ეტაპზე ვერ წარმოადგინა კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტი, რომ მას გართულებული ჰქონდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და ეს შეუძლებელს ხდიდა მის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას. მხარის მხოლოდ განმარტება და სხდომის მეორე დღეს ექიმთან ვიზიტის დანიშვნა კი სათანადო მტკიცებულებას არ წარმოადგენს, რადგან ვერ ადასტურებს სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობას. დამატებით საგულისხმოა, რომ კასატორი ვერც სხვა ობიექტურ გარემოებას ასახელებს, რომლის არსებობის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა უკანონოდ იქნებოდა განხილული.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი - სააპელაციო პალატამ მართებულად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამრიგად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები არ იკვეთება.
24. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის საკითხს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ე.შ–ძეს უნდა დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 მარტის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
III სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.შ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2022 წლის 13 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
3. ე.შ–ძეს (პ/ნ .........) დაეკისროს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის და 1260 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე