Facebook Twitter
საქმე №ას-171-2023 24 ივლისი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - სს „ს.ბ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - დ.ბ–ძე

დავის საგანი - უფლებამონაცვლედ ცნობა, იპოთეკით დატვირთული ქონების უფლებამონაცვლის საკუთრებად რეგისტრაცია, თანხის დაკისრება, ქონების რეალიზაცია

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

სს „ს.ბ–მა“ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - დ.ბ–ძის მიმართ და მოითხოვა საკრედიტო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოვალე გ.ბ–ძის უფლებამონაცვლედ მოპასუხის მიჩნევა, მის საკუთრებად სამკვიდრო მასაში შემავალი (მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული) უძრავი ქონების რეგისტრაცია, მოპასუხისთვის მამკვიდრებლის ფულადი ვალდებულების - 63460.35 ლარის დაკისრება, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იპოთეკით დატვირთული სადავო უძრავი ნივთის აუქციონის წესით რეალიზაცია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება ბანკმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინებით სს „ს.ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს.ბ–მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ დაარღვია დისპოზიციურობის პრინციპი, არასწორად მოსთხოვა მოსარჩელეს სადაზღვევო ორგანიზაციასთან ეწარმოებინა უპერსპექტივო სასამართლო დავა და მხოლოდ ასეთი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის პირობებში - წარედგინა თავისი მოთხოვნა მოპასუხის მიმართ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს, მსესხებლის გარდაცვალების შედეგად, მისი მემკვიდრისთვის სასესხო ვალდებულების შესრულების დაკისრება, იმ პირობებში, როდესაც მამკვიდრებლის სიცოცხლე დაზღვეული იყო.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლსა და 1328-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელთა თანახმად, პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად იხსნება სამკვიდრო, რომელიც შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამასთან, იმავე კოდექსის 1316-ე მუხლის მიხედვით, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით; კანონით მემკვიდრეობა (გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე) მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. კანონით მემკვიდრეობის დროს კი, სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის შესაბამისად, თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).

საგულისხმოა, რომ მემკვიდრეობის მიღების უფლების წარმოშობასთან ერთად, სამკვიდროს მიღება საჭიროებს მემკვიდრის მიერ ნების გამოხატვას, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრემ სანოტარო ორგანოში უნდა შეიტანოს განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ, ან ფაქტობრივად შეუდგეს სამკვიდროს ფლობას ან მართვას. ამასთანავე, ვინაიდან სამკვიდროს მიღება არ გულისხმობს მამკვიდრებლის მხოლოდ ქონებრივი უფლებების მიღებას, სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.

საკასაციო პალატა, განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის გამოსაკვლევად, დამატებით მხედველობაში იღებს დაზღვევის ხელშეკრულების მომწესრიგებელ ნორმებს, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 844-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სიცოცხლის დაზღვევა შეიძლება ეხებოდეს დამზღვევს ან სხვა პირს, ხოლო 839-ე მუხლის შესაბამისად სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ვალდებულებისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო. ამგვარად, სამოქალაქო კოდექსი შესაძლებელს ხდის სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების დადებას, რომლის საფუძველზეც, დაზღვეული პირის გარდაცვალებისას, მზღვეველი მოვალე გახდება დააკმაყოფილოს გარდაცვლილი დაზღვეულის კრედიტორები.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „ს.ბ–სა“ (გამსესხებელი) და გ.ბ–ძეს (მსესხებელი) შორის 2018 წლის 30 მარტს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც გაიცა სესხი 35710 ლარი, 38 თვის ვადით, წლიური 30%-ის დარიცხვით და პირგასამტეხლოს - 1,5%-ის დარიცხვით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. ბანკის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. გარდა ამისა, გ.ბ–ძის დავალიანება დაზღვეული იყო სს „ს.ბ–ს“ და სს „ს.კ. ა–ს“ (მზღვეველი) შორის გაფორმებული „ოფსეტური იპოთეკური ან/და სამომხმარებლო სესხის მომსახურებისთვის სიცოცხლის დაზღვევის ღია პოლისის“ (დაზღვევის ხელშეკრულების) საფუძველზე. ავტომატური დაზღვევის ფარგლებში გაცემული სიცოცხლის დაზღვევის პოლისით, დაფარულ რისკებს წარმოადგენდა დაზღვეულის უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალება, გარდა რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევისა. ამასთან, დაზღვეულის მემკვიდრეები თავისუფლდებოდნენ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან მზღვეველის მიერ ბანკზე გაცემული სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობით.

2018 წლის 7 ივლისს გარდაიცვალა მსესხებელი გ.ბ–ძე, რომლის პირველი რიგის მემკვიდრეა მისი მეუღლე - დ.ბ–ძე. აქედან გამომდინარე, ნოტარიუსის მიერ 2018 წლის 31 აგვისტოს გაცემული სანოტარო აქტით, გ.ბ–ძის სამკვიდროს მმართველად დაინიშნა დ.ბ–ძე.

დადგენილია, რომ გ.ბ–ძეს გარდაცვალების მომენტისთვის ბანკის წინაშე ერიცხებოდა დავალიანება, რის გამოც ბანკმა ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა სადაზღვევო ორგანიზაციას, თუმცა მზღვეველმა უარი განაცხადა ანაზღაურების გაცემაზე, იმ დასაბუთებით, რომ მისთვის უცნობი იყო დაზღვეულის გარდაცვალების მიზეზი. აღნიშნულის შემდეგ კი ბანკმა წინამდებარე სარჩელით უკვე დ.ბ–ძისგან, როგორც გარდაცვლილი მსესხებლის მემკვიდრისგან, მოითხოვა ვალდებულების შესრულება.

დასახელებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვინაიდან მსესხებლის სიცოცხლე დაზღეული იყო, მსესხებლის მემკვიდრე აპელირებს დაზღვევის ხელშეკრულებაზე, ხოლო ბანკს შეეძლო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ესარგებლა დაზღვევის ხელშეკრულების პირობებით. მხოლოდ ამ რესურსის უშედეგოდ ამოწურვის შემდგომ იქნებოდა გამართლებული კრედიტორის მოთხოვნა მემკვიდრის მიმართ. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის წარდგენა არ უნდა იქნეს მხოლოდ ფორმალურად გამოყენებული. სადავო შემთხვევაში კი, მიუხედავად სადაზღვევო კომპანიისადმი თავდაპირველი მიმართვისა, სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის მიღების შემდგომ ბანკს არ გამოუყენებია სხვა სამართლებრივი საშუალება საკუთარი მოთხოვნის განსახორციელებლად, მათ შორის, არ აღუძრავს სარჩელი სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნით (მსგავს სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 თებერვლის №ას-388-2019 განჩინება და 2020 წლის 10 ივნისის №ას-1113-2018 გადაწყვეტილება). ამრიგად, სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა, რომ კრედიტორმა მხოლოდ ფორმალურად განკარგა დაზღვევის პირობებიდან გამომდინარე შესაძლებლობანი, რაც არ შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის მე-8 და 115-ე მუხლებით დადგენილ, ქცევის კეთილსინდისიერების სტანდარტს და დაუსაბუთებელს ხდის ბანკის სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხისთვის მამკვიდრებლის ფულადი ვალდებულების გადახდევინების შესახებ. ამასთან, მსესხებლის მემკვიდრისთვის თანხის დაკისრების მოთხოვნის დაუსაბუთებლობა გამორიცხავს დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნების, როგორც ძირითადი მოთხოვნის თანმდევი პრეტენზიების, საფუძვლიანობასაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 70 პროცენტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინება;

3. სს „ს.ბ–ს“ (ს/კ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3174 ლარისა (საგადახდო დავალება №180, გადახდის თარიღი 10.03.2023წ.) და 1569.79 ლარის (საგადახდო დავალება №003, გადახდის თარიღი 20.03.2023წ.), ჯამში 4743.79 ლარის 70% - 3320.65 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე