18 ივლისი, 2023 წელი,
№ას-440-2023 თბილისი,
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - შპს ,,ო.ტ–ს", ნ.ვ–ძე, თ.წ–ძე, მ.წ–ძე, ლ.ვ–ძე, ნ.კ–ძე, ნ.ვ–ძე, ე. ვ–ძე, მ. ვ–ძე, შპს ,,გ.თ.ს"
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს ,,ბ.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
დავის საგანი: თანხის დაკისრება, იპოთეკითა და გირავნობით დატვირთული ქონების, ასევე სხვა უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს ,,ბ.ბ–მა’’ (შემდეგში - გამსესხებელი, ბანკი, კრედიტორი, მოსარჩელე) სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში - შპს ,,ო.ტ–სის“ (შემდეგში - მსესხებელი, მოვალე, მოპასუხე, კასატორი),შპს ,,გ.თ.ს-სა“ (შემდეგში - თავდები, მოპასუხე, კასატორი) და ნ.ვ–ძის (შემდეგში - თავდები, მოპასუხე, კასატორი), თ.წ–ძის, მ.წ–ძის, ლ.ვ–ძის, ნ.კ–ძის, ნ.ვ–ძის, ე. ვ–ძისა და მ. ვ–ძის (შემდეგში - იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრენი, მოპასუხეები, კასატორები) წინააღმდეგ, რომლითაც მსესხებლისა და თავდებ პირთათვის სოლიდარულად სესხის თანხის - 210 000 აშშ დოლარის, სარგებლის - 4986.24 აშშ დოლარის, ჯარიმის - 8172.59 აშშ დოლარის (სულ 223 158.83 აშშ დოლარის) და მიუღებელი შემოსავლის (მიმდინარე დავაზე სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიქცევამდე, ყოველ ვადაგადაციებულ დღეზე სესხის 0.05%-ის) დაკისრება მოითხოვა. სასარჩელო მოთხოვნა ითვალისწინებდა დავალიანების, უპირველესად, იპოთეკითა და გირავნობით დატვირთული ქონებიდან ამოღებას. ამასთან, სასარჩელო განაცხადი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნასაც მოიცავდა.
2. სასამართლოში სარჩელის აღძვრის შემდეგ, 2020 წლის 18 აგვისტოს, მსესხებელმა ბანკს 130 000 აშშ დოლარი გადაუხადა, რის შემდეგაც მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მსესხებლისა და თავდებთათვის დავალიანების ძირითადი თანხის - 102 658,83 აშშ დოლარისა და 18.08.2020 წლიდან გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევამდე მიუღებელი შემოსავლის დაკისრება მოითხოვა (იხ.ტ.1,ს.ფ.176-178).
3. მოპასუხეები დაეთანხმნენ ბანკის წინაშე სასესხო ვალდებულების არსებობას, თუმცა მათ სადავო გახადეს ბანკის მიერ სასესხო ვალდებულების დაფარვის ფარგლებში მოთხოვნილი თანხის ოდენობა. გარდა ამისა, მოპასუხეთა მტკიცებით, მიუღებელი შემოსავლის სახით მოთხოვნილი თანხა აღემატებოდა ზიანის ოდენობას.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.
5. გადაწყვეტილება, მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:
8.1. კასატორთა განმარტებით, სარჩელის აღძრვის შემდეგ 2020 წლის 18 აგვისტოს მსესხებლის მიერ კრედიტორისათვის გადახდილი 130 000 აშშ დოლარიდან, ბანკმა თვითნებურად გამოქვითა სესხის სარგებლის (4986.24 აშშ დოლარი), პირგასამტეხლოს (8172.59 აშშ დოლარი) და 2020 წლის 18 აგვისტომდე მიუღებელი შემოსავლის (14 182.43 აშშ დოლარი) თანხები, რისი უფლებაც კრედიტორს არ ჰქონდა. მათი მოსაზრებით, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროისთვის მხარეთა შორის შეწყვეტილი იყო სახელშეკრულებო ურთიერთობა, აღარ მოქმედებდა ბანკის მიერ ფულადი ვალდებულების დაფარვის რიგითობის განსაზღვრის წესი. კასატორების განმარტებით, სსკ-ის 11.5. მუხლის მოთხოვნათა დაცვით სასამართლოს უნდა ემსჯელა თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე და შემდგომ უკვე გადახდილი 130 000 აშშ დოლარით, თუ როგორ შემცირდა მსესხებლის ვალდებულება. მათი მითითებით, 130 000 აშშ დოლარის გადახდის შემდგომ სესხის ძირითადი თანხის დავალიანებამ შეადგინა 80 000 აშშ დოლარი (210000-130000).
8.2. კასატორთა მტკიცებით, სესხის სარგებელი განსაზღვრული იყო წლიურად 9.5%-ით, მოსარჩელე კი მიუღებელი შემოსავლის სახით მოითხოვს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის - 0.05%-ის დაკისრებას, რომლის წლიური ოდენობა, თითქმის ორჯერ აღემატება წლიურ საპროცენტო სარგებელს და შეადგენს 18.25%-ს. ამ გარემოებაზე აპელირებით, კასატორები მიიჩნევენ, რომ კრედიტორის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის საკითხზე დაუსაბუთებელია და სასამართლოს ზიანის მოცულობა უნდა შეემცირებინა.
9.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2023 წლის 20 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არ აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
11.1. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ:
11.2.1. 2017 წლის 30 ივნისს, ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმებული კრედიტებითა და გარანტიებით მომსახურების შესახებ (შემდეგში - გენერალური ხელშეკრულება) გენერალური ხელშეკრულების (№26/06/2017-1) ფარგლებში, 2018 წლის 31 ივლისს, კონტრაჰენტებს შორის საკრედიტო ხელშეკრულება დაიდო. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, მოვალემ ბანკისგან ისესხა 210 000 აშშ დოლარი, 9.5% წლიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვით, სესხის ვადა 31.07.2018 წლიდან - 31.07.2028 წლამდე განისაზღვრა. სახელშეკრულებო შეთანხმების თანახმად, მსესხებლის მიერ ბანკისათვის გადახდილი თანხებით, მსესხებლის დავალიანება დაიფარებოდა შემდეგი თანმიმდევრობით: პირველ რიგში, სადაზღვევო პრემია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ პირგასამტეხლო, შემდეგ სარგებელი და კრედიტის ძირითადი თანხა. ამასთან, ბანკი უფლებამოსილი იყო, თავად განესაზღვრა ფულადი ვალდებულებების დაფარვის რიგითობა ანგარიშზე არასაკმარისი ნაშთის არსებობის შემთხვევაში (იხ. ხელშეკრულების 3.4-3.5 პუნქტები. იხ. ტ.1, ს.ფ. 29).
11.2.2. სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევისათვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ითვალისწინებდა მოვალისათვის მიმდინარე დავალიანების 0,3%-ის შესაბამისი პირგასამტეხლოს დარიცხვას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარეებმა ხელშეკრულებითვე განსაზღვრეს დავის შემთხვევაში ბანკის სარჩელის დაკმაყოფილებისას, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობაც.
11.2.3. გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2017 წლის 3 ივლისს, ბანკთან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებებით თავდებმა პირებმა მსესხებლის ფულად ვალდებულებებზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს 500000 აშშ დოლარის ფარგლებში. ამავდროულად, კრედიტის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი წლის 30 ივნისს იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონების მესაკუთრე მოპასუხეთა ქონება, ხოლო მსესხებლის სახელზე რიცხული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის უფლება გავრცელდა (ტ.1,ს.ფ. 41-51,58-66).
11.2.4. მსესხებელმა არაერთხელ დაარღვია სესხის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება, რის გამოც 2019 წლის 12 აპრილს ბანკმა ცალმხრივად შეწყვიტა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. ამ დროისთვის მოვალეს დავალიანების სახით ერიცხებოდა 223 158,83 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირითად თანხა - 210 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 4 986,24 აშშ დოლარი, ჯარიმა კი - 8 172,59 აშშ დოლარია.
12. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს დაზუსტებული სარჩელის ფარგლებში სურს, კერძოდ, საკრედიტო დავალიანების, იპოთეკით-გირავნობით დატვირთული უძრავ-მოძრავი ქონების, ასევე, სხვა უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციის და მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 868.1-ე (მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი), 873-ე (კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა), სსკ-ის 254.1 (მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში), სსკ-ის 276-ე მუხლის (1. მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი) სსკ-ის 286.1 (უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა)), სსკ-ის 301.1 (თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული), სსკ-ის 895-ე (თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა) სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), სსკ-ის 411-412-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო; ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) მუხლები.
13. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბანკსა და მსესხებელს შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაიდო, რომლის შესაბამისად მოვალემ სასყიდლიანი სესხის (210 000 აშშ დოლარის) 2028 წელს დაბრუნების ვალდებულება იკისრა. მხარეთა შორის სადავო არაა, რომ მსესხებელმა სესხის გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადახდის ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, რის გამოც ბანკმა სსკ-ის 973-ე მუხლის დანაწესზე დაყრდნობით ცალმხრივად შეწყვიტა სესხის ხელშეკრულება. დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის მოვალეს დავალიანების სახით ერიცხებოდა 223 158,83 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირითად თანხა - 210 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 4 986,24 აშშ დოლარი, ჯარიმა კი - 8 172,59 აშშ დოლარია. დავალიანების ოდენობაზე დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება კასატორთა მსჯელობა, რომ კრედიტორს უფლება არ ჰქონდა, მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტისა და დავის აღძვრის შემდგომ გადახდილი 130 000 აშშ დოლარიდან სესხის სარგებელი, პირგასამტეხლო და მიუღებელი შემოსავალი (ნაწილობრივ) გამოექვითა. ამ პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო პალატა კასატორთა ყურადღებას მიაქცევს საკრედიტო ხელშეკრულების დათქმას, რომლის თანახმად, მსესხებლის მიერ ბანკისათვის გადახდილი თანხით, მსესხებლის დავალიანება დაიფარებოდა შემდეგი თანმიმდევრობით: პირველ რიგში, სადაზღვევო პრემია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ პირგასამტეხლო, სარგებელი და ბოლოს კრედიტის ძირითადი თანხა. ამასთან, ბანკი უფლებამოსილი იყო, თავად განესაზღვრა ფულადი ვალდებულებების დაფარვის რიგითობა ანგარიშზე არასაკმარისი ნაშთის არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, მოვალის სასესხო ვალდებულების დაფარვის რიგითობის დადგენისას ბანკს არამართლზომიერად არ უმოქმედია. ამ საკითხზე გასაზიარებელი არ არის კასატორთა არგუმენტაცია, რომ დასახელებული სახელშეკრულებო დათქმა მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტამდე მოქმედებდა. მოცემულ შემთხვევაში, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ხელშეკრულების ბათილობისა და შეწყვეტის სამართლებრივი შედეგები. განსხვავებით ბათილობის შემთხვევისგან, ხელშეკრულების შეწყვეტის დროს სახელშეკრულებო დებულებები ინარჩუნებს სამართლებრივ ძალას. გარდა ამისა, სადავო დათქმა მიემართება ვალდებულების შესრულებას, ხელშეკრულების შეწყვეტა კი არ იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულების შესრულების რიგითობის განმსაზღვრელი წესი მოქმედებს მსესხებლის მიერ ვალდებულებათა სრულად შესრულებამდე (ამ საკითხზე იხ. სუსგ. საქმე Nას-1213-2019; 20 მაისი, 2021წ. 1381-2018. 28.06.19).
13.1. გარდა ამისა, კასატორთა მტკიცება ვერ უძლებს სამართლებრივ კრიტიკას იმ კუთხითაც, რომ კრედიტორი სადავო თანხის ძირითადი დავალიანებიდან გამოქვითვის შემთხვევაშიც არ კარგავდა უფლებას მოვალისათვის სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში დარიცხული სარგებლისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნაზე. შესაბამისად, ამ საკითხზე აპელირება მოვალის ფინანსურ ტვირთს არცერთი თვალსაზრისით არ შეამსუბუქებდა. რაც შეეხება მოვალის მიერ გადახდილი 130 000 აშშ დოლარიდან მიუღებელი შემოსავლის გამოქვითვას, მოპასუხეებს ამ საკითხზე კვალიფიციური შედავება, შესაბამისი საპროცესო წესით, მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში არ წარმოუდგენიათ.
13.2. საბოლოოდ, საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა საკრედიტო ურთიერთობიდან გამომდინარე მოპასუხეთათვის დასაკისრებელი თანხის რაოდენობა.
14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა, რომელიც ამ სამართლებრივი ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტისკენ უბიძგებს კრედიტორს, მოვალისათვის განსაზღვრულ უარყოფით შედეგებთანაა დაკავშირებული, რაც შეიძლება გამოიხატოს მოვალისათვის პირგასამტეხლოს (სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლები) ან/და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების (სსკ-ის 411-ე მუხლი) დაკისრებით (შდრ.სუსგ Nას-827-2021, 3.12.2021წ).
14.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ზიანის, როგორც მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ტვირთი, მოსარჩელეს ეკისრება, თუმცა, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, მიდგომა განსხვავებულია, რაც განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვითიუნარიანობის მაღალი ხარისხით, რაც, ყველა შემთხვევაში, ფულს სარგებლის მოტანის უნარს ანიჭებს. ფული ყოველთვის შემოსავლის წყაროა, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და, სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტისა და არც მისი ოდენობის დადგენას (შდრ. სუსგ №ას-992-950-2013, 04.03, 2014 წ; №ას-1843-2018, 05.04.2019წ). საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მიუღებელი შემოსავალი არის ის თანხა, რასაც კრედიტორი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, ანუ ამგვარი ზიანის მოთხოვნის უფლებას კრედიტორს მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება წარმოუშობს, რაც მოცემულ საქმეზე დადგენილია.
14.2. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, ბანკს, გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან ან, თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება“ (იხ. სუსგ # ას-1385 -1307-2012, 07.02.2013წ.). ამდენად, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, გამსესხებელი მსესხებლის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა (იხ. სუსგ. საქმე №ას-1385-1307-2012, 07.02.2013წ; №ას-725-693-2014, 03.07.2015წ.).
15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არც დასაბუთებული პოზიცია არ არის წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
16. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მ.მ–ძის მიერ გადახდილი 8000 ლარის, 70% - 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ო.ტ–სის", ნ.ვ–ძის, თ.წ–ძის, მ.წ–ძის, ლ.ვ–ძის, ნ.კ–ძის, ნ.ვ–ძის, ე. ვ–ძის, მ. ვ–ძისა და შპს ,,გ.თ.ს-ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს ,,ო.ტ–სს" (ს/ნ .......), ნ.ვ–ძეს (პ/ნ .........), თ.წ–ძეს (პ/ნ ........), მ.წ–ძეს (პ/ნ .......), ლ.ვ–ძეს (პ/ნ ........), ნ.კ–ძეს (პ/ნ ......), ნ.ვ–ძეს (პ/ნ ..........), ე. ვ–ძეს (პ/ნ ..........), მ. ვ–ძეს (პ/ნ ........), შპს ,,გ.თ.ს-ს" (ს/ნ ..........) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მ.მ–ძის (პ/ნ ........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის (საგადახდო დავალება #2657, გადახდის თარიღი 16/01/2023), 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, "სახელმწიფო ხაზინა" ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მიქაუტაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
ა. წულაძე