15 სექტემბერი, 2023 წელი,
№ას-750-2023 თბილისი,
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია,
ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ.ე–ძე
გასაჩივრებული განჩინება: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
დავის საგანი: დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების ბათილად ცნობა და მიუღებელი ფულადი ჯილდოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რ.ე–ძემ (შემდგომში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, სსიპ შემოსაველების სამსახურის (შემდგომში - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) წინააღმდეგ, დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 15.08.2019წ. Nპ-1095 ბრძანების ბათილად ცნობის, მორალური ზიანის - 4000 ლარისა და მიუღებელი ფულადი ჯილდოს - 500 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარგდენით უარყო სარჩელის საფუძვლიანობა. მისი მტკიცებით, 2018 წლის 2 ივნისს, დასაქმებულმა დაარღვია სამხრე ვიდეოკამერის საშუალების გამოყენების სავალდებულო წესი, ვერ უზრუნველყო სგპ „ს–ში“ საზღვარზე შემოსულ სამართალდამრღვევ პირებთან ინტერვიურების სამხრე ვიდეოკამერებით გადაღება და, შესაბამისად, ვერ მიაწოდა ჩანაწერი ცვლის უფროსს, რაც მის წინააღმდეგ მსუბუქი დისციპლინური სახდელის გამოყენებას ამართლებდა.
3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სასამართლომ ბათილად ცნო დასაქმებულისათვის დისცილინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე დამსაქმებლის სადავო ბრძანება და დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ მიუღებელი პრემიის - 500 ლარის გადახდა დააკისრა. მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დასაქმებულის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
4. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, ნაწილობრივ გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აგვისტოს განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
6.1. საკასაციო პრეტენზია ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
6.1.1. კასატორის განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა სამხრე კამერების გაუმართაობას (მაგ, ექსპერტიზის დასკვნა ან სხვა დოკუმენტი). ამ გარემოებაზე აპელირებით, კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო ბრძანების უკანონობა. გარდა ამისა, კასატორის მტკიცებით, მოსარჩელე დაინტერესებული იყო სამხრე ვიდეოკამერების ჩანაწერების წაშლით, დაკარგვით თუ მიუწვდომლობით, რამდენადაც მის მიერ ჩაწერილ ინტერვიურების ამსახველ მასალაზე მოკვლევა ინტერვიურების პროცესში მოსარჩელის მიერ უკანონო ქმედების ჩადენის შესახებ მოქალაქეთა საჩივარს ეფუძნებოდა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2023 წლის 15 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არ აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
9.1. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ:
9.2.1. მოსარჩელე 2012 წლიდან მუშაობს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ,,ს–ის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე ოფიცერის თანამდებობაზე.
9.2.2. მოსარჩელის სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობა მოიცავდა, ცვლის უფროსის მიერ შედგენილი განაწესის მიხედვით, შესაბამის საგუშაგოზე ფიზიკური პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ბარგის/ხელბარგის კონტროლს-ინსპექტირებას და სხვა.
9.2.2. დამსაქმებლის 2012 წლის #22536 ბრძანებით დამტკიცებული “საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტის პროცედურული სახელმძღვანელოს“ (დანართი 12) თანახმად, ფიზიკურ პირებთან ინტერვიურებისას, მათი ბარგის ან ხელბარგის დათვალიერებისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების დროს სავალდებულოა მობილური კამერების გამოყენება.
9.2.3. 2018 წლის 2 ივნისს, დასაქმებული ცვლაში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ, სგპ ,,ს–ის" ქვეითთა შემოსვლის დარბაზში აკონტორლებდა/ინსპექტირებას უწევდა ფიზიკური პირებს და მათ ბარგს/ხელბარგს.
9.2.4. დამსაქმებლის 2018 წლის 15 აგვისტოს Nპ-1095 ბრძანებით, დასაქმებულს სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების (სგპ „ს–ში“ საზღვარზე შემოსულ სამართალდამრღვევ პირებთან ინტერვიურების სამხრე ვიდეოკამერების საშუალებით დაუფიქსირებლობის) გამო, სამსახურის შინაგანაწესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა - ,,შენიშვნა“. ბრძანებას საფუძვლად დაედო პროფესიული ეთიკისა და მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 8 აგვისტოს #86496-21-06 წერილი. (იხ. ს.ფ. 20, 64-75).
9.2.5. მოსარჩელეს 2018 წლის 15 აგვისტომდე, დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.
9.2.6. სამსახურებრივი მოკვლევისას, მოსარჩელემ ახსნა-განმარტების ფარგლებში განმარტა, რომ სავარაუდო სამართალდამრღვევ პირებთან ინტერვიურების პროცესი სრულად ჩაიწერა სამხრე ვიდეოკამერით. ინტერვიურების დროს მოიხსნა სამკერდე კამერა, დარწმუნდა, რომ იყო ჩართული და გააგრძელა მოქალაქეებთან გასაუბრება.
9.2.7. მებაჟე ოფიცრების (მოსარჩელის, მ.ი–ძის, დ.ა–ძის, და მ.შ–ის) განმარტებების თანახმად, სამხრე ვიდეოკამერის საშუალებით გადაღებული მასალის შენახვა-დაარქივება ცვლის უფროსის კომპენტეციაა და მათ არ იცოდნენ, რატომ არ ინახებოდა სამხრე ვიდეოკამერებით გადაღებული ზეპირი დეკლარირების ჩანაწერები.
9.2.8. დამსაქმებლის 5.10.2018წ. ბრძანების საფუძველზე მებაჟე ოფიცრებზე გაიცა 625 (დარიცხული) ლარის ფულადი ჯილდო, რომელიც, დისციპლინური სახდელის შეფარდების გამო, ვერ მიიღო მოსარჩელემ.
10. განსახილველ შემთხვევაში, დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა და მიუღებელი ფულადი ჯილდოს დამსაქმებლისათვის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა, დავის წარმოშობის დროს მოქმედი სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ) და მეორე (შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით) ნაწილებიდან, ამავე კოდექსის 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), სსკ-ის 394.1-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლების დანაწესიდან გამომდინარეობს.
11. მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში სადავოდაა გამხდარი დასაქმებულისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების კანონიერება. შესაბამისად, საკასაციო პალატის განსჯის საგანია - რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის მიმართ შესაბამისი დისციპლინური ღონისძიების გატარებისას, რაც დისციპლინური პასუხისმგებლობის დამდგენ ბრძანებაში მითითებული დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების საფუძვლის კვლევით განისაზღვრება. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, დასაქმებულს დისციპლინური სახდელი დაედო სგპ „ს–ში“ საზღვარზე შემოსულ სამართალდამრღვევ პირებთან ინტერვიურების სამხრე ვიდეოკამერებით გადაღების წესის დარღვევის გამო.
12. საკასაციო პალატის განმარტებით, შრომითსამართლებრივი დავებში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურობის გათვალისწინებით (მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც დისციპლინური ღონისძიების დაუსაბუთებლად გამოყენების თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი გამოყენების უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ მის მიმართ უკანონოდ გამოიყენეს დისციპლინური სახის ღონისძიება, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების მართლზომიერად გამოყენების მტკიცების ვალდებულებას.) დამსაქმებლის პროცესუალურსამართლებრივ ტვირთს წარმოადგენდა სასამართლოსთვის მიეთითებინა იმ სარწმუნო მტკიცებულებებზე, რომელიც დასაქმებულის მიერ შესაბამისი გადაცდომის ჩადენის ფაქტს უტყუარად დაადასტურებდა. დამსაქმებელმა ამ მიზნით, მისი ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის - პროფესიული ეთიკისა და მონიტორინგის დეპარტამენტის 08.08.2018 წლის N86496-21-06 წერილი წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ სამხრე კამერების მუშა მდგომარეობის დადგენის არაერთი მცდელობის მიუხედავად, სამართალდამრღვევ პირებთან ინტერვიურების პროცესი კამერით ვერ დააფიქსირა. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დეპარტამენტმა სგპ „ს–ის“ ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეო-კამერის ჩანაწერების, ასევე, მებაჟე ოფიცრებისა და ცვლის უფროსის ახსნა-განმარტებებიდან დაადგინა: 2018 წლის 2 ივნისს, სამართალდამრღვევი მოქალაქეების მიმართ, საბაჟო კონტროლის ზონაში ინტერვიურების ჩაწერა სამხრე ვიდეოკამერების საშუალებით განხორციელდა, თუმცა ცვლის უფროსმა შემდგომში ჩანაწერები დაუდგენელი მიზეზის გამო ვერ მოიძია. ნიშანდობლივია, რომ გასაჩივრებული ბრძანებით მოსარჩელისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებას საფუძვლად დაედო სწორედ პროფესიული ეთიკისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ზემოთ ხსენებული წერილი, რომელიც ურთიერთწინააღმდეგობრივია და სადავო საკითხზე განსაზღვრულ პასუხს არ იძლევა. გარდა ამისა, ის წარმოადგენს რა თავად დამსაქმებელი ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულის მიერ გაცემულ დოკუმენტს, სამართალწარმოების ფარგლებში წონადი მტკიცებულებითი ძალა არ გააჩნია და მნიშვნელობით, დამსაქმებლის/მხარის ახსნა-განმარტებას უტოლდება. ასეც რომ არ იყოს, თავად ამ წერილის შინაარსით ცალსახად დასტურდება, რომ დასაქმებული ინტერვიურების პროცესს იწერდა სამხრე ვიდეო კამერის მეშვეობით. უფრო მეტიც, ირკვევა, რომ მოსარჩელე პერიოდულად ამოწმებდა ვიდეოკამერის გამართულობას, ინტერვიურების პროცესის დასრულების შემდეგ კი, სამხრე ვიდეო კამერა, საბაჟოზე დამკვიდრებული წესის შესაბამისად, გადასცა ცვლის უფროსს. ინტერვიურების პროცესის გადაღებას ადასტურებს ცვლის უფროსიც (იხ. 17/04/2019 წლის სხდომის ოქმი 15:21-15:23სთ, ტ.1. გვ.117). კონკრეტულ მიზეზზე, თუ რის გამო არ აღმოჩნდა დაცული ვიდეოკამერის ჩანაწერები, დამსაქმებელი ვერ მიუთითებს, ის მხოლოდ ეჭვს გამოთქვამს, რომ დასაქმებული დაინტერესებული იყო ჩანაწერის წაშლით, რის სამტკიცებლადაც რელევანტური მტკიცებულებები სასამართლოსთვის ამ დავის ფარგლებში არ წარმოუდგენია. დამსაქმებელმა, გარდა მისივე ზეპირი ახსნა-განმარტებისა, რაც, ცხადია, საკმარისი არ არის სადავო გარემოების დასადასტურებლად, ვერ წარმოადგინა მისი მტკიცების საგანს განკუთვნადი ჯეროვანი მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, დამსაქმებელი ვალდებული იყო, დისციპლინური სახდელი მართლზომიერად, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეყენებინა, თუ დასაქმებული დაარღვევდა შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებას, განსახილველ შემთხვევაში კი, ასეთი ფაქტი არ დგინდება. ამდენად, რაკი მოპასუხემ ვერ დაამტკიცა ფულადი ჯილდოს მოსარჩელისათვის მიცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლიანობა, იგი ვალდებულია, დასაქმებულს აუნაზღაუროს შესაბამისი მატერიალური ზიანი.
13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ. საქმე Nას1285-2022, 24.02.23; Nას-904-870-2016, 29.12.17, Nას-1236-1159-2015, 03.02.2016), არც დასაბუთებული პოზიცია არ არის წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
14. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
16. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მიქაუტაძე
მოსამართლეები: რ. ნადარაია
ა. წულაძე