საქმე №ას-1846-2018 5 მაისი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.ლ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ–ო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.10.2018 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია გადაწყვეტილება – საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „მ–ომ“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „ლიზინგის გამცემი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ლ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ , „კასატორი“, „ლიზინგის მიმღები“) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.03.2018 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.10.2018 წლის გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1986.93 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
4.1. ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის 01.09.2016 წელს დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 8 855 ლარით, თანხის გაცემის საკომისიო - 564 ლარით. მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშზე შეიტანა თანამონაწილეობის 1335 ლარი, შესაბამისად, საბოლოოდ ლიზინგის თანხამ შეადგინა 8 084 ლარი. გრაფიკის მიხედვით, ლიზინგის მიმღებს 24 თვის განმავლობაში ყოველთვიურად უნდა ეხადა 585.85 ლარი. პირველი გადახდის თარიღად განისაზღვრა 01.10.2016 წელი.
4.2. ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი ავტომობილი MERCEDES-BENZ E320 CDI, გამოშვების წელი 1999 წელი (შემდეგში „ავტოსატრანსპორტო საშუალება“, „ავტომობილი“, „ლიზინგის საგანი“), საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ლიზინგის გამცემის სახელზე და მფლობელობაში გადაეცა ლიზინგის მიმღებს.
4.3. მხარეთა შორის 05.10.2016 წელს გაფორმდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომლითაც შეწყდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება და ავტომობილი გადაეცა ლიზინგის გამცემს. შეთანხმების მე-2 პუნქტის თანახმად, ლიზინგის გამცემს სრული უფლება ჰქონდა, გაესხვისებინა სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერ ფასად და გასხვისებით მიღებული თანხა მიემართა ლიზინგის მიმღების დავალიანების და იმ ხარჯების დასაფარად, რაც დაკავშირებულია ავტოსატრანსპორტო საუალების დანაკლისის ან/და დაზიანების აღმოფხვრას და გასხვისებასთან. მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეთანხმების გაფორმებისა და ლიზინგის მიმღების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მოსარჩელისთვის გადაცემის შემდეგ (რაზეც შედგება მიღება-ჩაბარების აქტი), ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება მიიჩნეოდა შეწყვეტილად, ხოლო მხარეთა შორის არსებული ვალდებულებები, გარდა მე-2 პუნქტში მითითებულისა, შესრულებულად.
4.4. 05.10.2016 წელს მოპასუხემ მოსარჩელეს ავტოსატრანსპორტო საშუალება გადასცა. მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა.
4.5. 28.10.2016 წელს მოსარჩელემ ავტომობილი გაასხვისა 2 900 ლარად, საიდანაც დაფარა ძირითადი დავალიანება 2407.07 ლარი, პროცენტი - 467.93 ლარი და სხვა ხარჯი - 25 ლარი.
4.6. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის გადაცემის მომენტისათვის დაზიანებული არ ყოფილა. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ზემოაღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, რომელმაც ვერ შეძლო სადავო გარემოების დადასტურება. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად ავტომობილი უნდა გადაცემულიყო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, შესაბამისად, სპეციალური მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა დაზიანებული ავტომობილის გადაცემის ფაქტი, იყო მიღება-ჩაბარების აქტი, რაც უდავოა, რომ შედგენილი არ ყოფილა. რაც შეეხება ავტომობილის შეფასების ფურცელსა და ფოტოსურათებს, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებები სადავო ფაქტობრივი გარემოების სამტკიცებლად არ გამოდგება. სასამართლოს განმარტებით, შეფასების ფურცელი შედგენილია მოსარჩელის ბლანკიან ფურცელზე, მოსარჩელის თანამშრომლის მიერ და მასზე არ არის მითითებული შედგენის დრო. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, ავტომობილი შეფასდა გასხვისებამდე რამდენიმე დღით ადრე, შესაბამისად, მასში ასახული არ არის მისი მდგომარეობა უშუალოდ გადაცემის მომენტისთვის. შეფასების ფურცლის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალება არ იქოქება და უცნობია მისი მდგომარეობა. შემფასებელს არ შეუფასებია ავტომობილის ექსტერიერი და ინტერიერი, აღნიშნული არ არის გარეგანი დაზიანებების არსებობის შესახებ. შეფასების ფურცლისაგან განსხვავებით, ფოტოსურათების მიხედვით ავტომობილზე აღინიშნება გარეგანი დაზიანებები. აღსანიშნავია, რომ ფოტოსურათებზეც არ არის მითითებული მათი გადაღების თარიღი, შესაბამისად, არ დგინდება, რომ ფოტოგადაღება მოხდა ავტომობილის გადაცემის მომენტში. ამდენად, მითითებული მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ავტომობილი დაზიანდა მაშინ, როდესაც მოპასუხე ფლობდა მას და არა იმ პერიოდში, როდესაც მასზე ფაქტობრივ ბატონობას მოსარჩელე ახორციელებდა (05.10.2016 წლიდან 28.10.2016 წლამდე პერიოდში). სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია შეფასების ფურცელში დაშვებულ ტექნიკურ შეცდომასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ შეფასების არასრულყოფილება არ შეიძლება შეფასდეს ტექნიკურ შეცდომად.
4.7. სასამართლოს მითითებით, ვინაიდან მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა 05.10.2016 წელს, მოპასუხეს ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემამდე პროცენტის გადახდის ვალდებულება. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა გადახდის გრაფიკზე, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხეს ევალებოდა ყოველთვიურად პროცენტის გადახდა. მოპასუხეს თანხა პირველად უნდა გადაეხადა 01.10.2016 წელს. საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხე გაათავისუფლა ამ ვალდებულებისაგან (ანუ სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ საქმის მასალებით დგინდება ლიზინგის მიმღების დავალიანების არარსებობის ფაქტი (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 20.03.2018 წლის გადაწყვეტილება, პ.3.2.2 პუნქტი; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.10.2018 წლის გადაწყვეტილების 4.6. პუნქტი)), შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემამდე დარიცხული პროცენტის გადახდის ვალდებულება.
4.8. ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მე-2 პუნქტის თანახმად, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, ავტომობილის გასხვისებით მიღებული თანხა მიემართა იმ ხარჯების დასაფარად, რაც დაკავშირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დანაკლისის ანდა დაზიანების აღმოფხვრასა და გასხვისებასთან. სასამართლომ განმარტა, რომ გარეცხვის ხარჯი - 20 ლარი და წერილის გაგზავნის ღირებულება - 5 ლარი, არ არის ავტომობილის გასხვისებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯი, რომელიც შეიძლება მოპასუხეს დაჰკისრებოდა.
4.9. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების 14.7 პუნქტით და აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობა, რომ მოსარჩელეს ჰქონდა ავტოსატრანსპორტო საშუალების ნებისმიერ ფასად გასხვისების უფლება, წარმოადგენს ბათილ სტანდარტულ პირობას. სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილზე (ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა), ამავე კოდექსის 346-ე მუხლზე (ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებები, რომელთა არსებობისას იქნა ეს პირობები ხელშეკრულებაში შეტანილი, მხარეთა ორმხრივი ინტერესები და სხვა) და განმარტა, რომ ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. ლიზინგის ტრანზაქციაში კეთილსინდისიერების პრინციპის დანიშნულება ნათლად ვლინდება მისი ე.წ. „უპირობო ვალდებულებებთან“ მიმართებით ანალიზისას. ლიზინგის საერთაშორისო დოქტრინა და პრაქტიკა იცნობს ლიზინგის მიმღების უპირობო ვალდებულებების კონცეფციას. აღნიშნული ტიპის ვალდებულებები მნიშვნელოვნად ზღუდავს ლიზინგის მიმღების მიერ ცალკეული უფლების გამოყენებას. მოცემულ შემთხვევაში, სტანდარტული პირობა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს სრული უფლება აქვს, ნებისმიერ ფასად გაასხვისოს ავტომანქანა, ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა მოპასუხისათვის. აღნიშნული პუნქტი ლახავს ლიზინგის მიმღების ინტერესს, რადგან მოსარჩელეს შეუძლია ლიზინგის საგანი გაასხვისოს საბაზრო ფასზე ბევრად დაბალ ფასად და შემდეგ სხვაობის დაფარვა მოსთხოვოს მეორე მხარეს, რაც არასამართლიანია. განსახილველ შემთხვევაში, 01.09.2016 წელს 8 855 ლარად შეძენილი ავტომობილი, დაახლოებით ორ თვეში, 28.10.2016 წელს მოსარჩელემ გაასხვისა 2900 ლარად. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ბათილ სტანდარტულ პირობაზე დაყრდნობით ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ ავტოსატრანსპორტო საშუალება გაასხვისა უსამართლოდ დაბალ ფასად, ვინაიდან შეუძლებელია, ორ თვეში მისი ფასი 3-ჯერ შემცირებულიყო. მოსარჩელის განმარტებით, მცირე ფასად ავტომობილის გასხვისება განაპირობა მისმა დაზიანებამ. პალატის მოსაზრებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზიანება არ იყო გამოწვეული მოპასუხის ბრალეული ქმედებით, მისთვის იმ სხვაობის თანხის დაკისრება, რაც მისგან დამოუკიდებელმა ქმედებამ გამოიწვია, უსამართლოა.
4.10. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ დავალიანება არ ჰქონდა. სასამართლოს განმარტებით, მოპასუხეს ავტომობილის გადაცემის მომენტში ეკისრა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების - 8084 ლარისა და ხელშეკრულების შეწყვეტამდე გადასახდელი პროცენტის - 467.93 ლარის გადახდის ვალდებულება, რაც მთლიანად შეადგენს 8551.93 ლარს. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს დავალიანება აპატია. პალატის მოსაზრებით, აპელანტს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა გაესხვისებინა საბაზრო ფასად, დაეფარა არსებული დავალიანება, ხოლო სხვაობა უნდა დაჰკისრებოდა მოპასუხეს. აქვე სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის ინტერესი ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების მიმართ მოგების მიღება იყო და მისი დავალდებულება, ლიზინგის საგანი გაეყიდა არანაკლებ ფინანსური ლიზინგის დავალიანების თანხისა, მოსარჩელეზე უსამართლოდ ზედმეტი ტვირთის დაკისრება იქნება.
4.11. რაც შეეხება გასხვისების მომენტისათვის სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებას, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის დაზუსტებული შესაგებლის მე-3 ფაქტობრივ გარემოებაზე და ინტერნეტმაღაზია www.myauto.ge-ს ოფიციალური ვებგვერდიდან ამობეჭდილ მასალებზე. მოპასუხე შესაგებელში უთითებს, რომ მსგავსი ტექნიკური მახასიათებლის მქონე ავტომობილის საშუალო საბაზრო ღირებულება შეადგენს არანაკლებ 6565 ლარს. www.myauto.ge-დან ამოღებულ საინფორმაციო მასალებში იდენტური მახასიათებლების მქონე ავტომობილის ღირებულება, ერთ შემთხვევაში, შეადგენს 6565 ლარს, ხოლო მეორე შემთხვევაში - 7000 ლარს. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ რაიმე მტკიცებულება, რითაც დადგინდებოდა გასხვისების მომენტში სადავო ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულება, მოსარჩელის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მოპასუხის განმარტების და მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დადგენილად მიაჩნია, რომ გასხვისების მომენტში ლიზინგის საგნის საშუალო საბაზრო ღირებულება შეადგენდა 6565 ლარს. შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის დავალიანება ავტომობილის გასხვისების შემდეგ 1986.93 (8551.93 - 6565) ლარია. ავტოსატრანსპორტო საშუალების დანაკლისის, დაზიანების აღმოფხვრასთან ან გასხვისებასთან დაკავშირებით მოსარჩელის მიერ ხარჯის გაწევის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება. მოპასუხეს ეკისრება დარჩენილი დავალიანების - 1986.93 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
8. დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ:
8.1. ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის 01.09.2016 წელს დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება ავტოსატრანსპორტო საშუალების შეძენისა და ლიზინგის მიმღებისთვის გამოსყიდვის უფლებით სარგებლობაში სასყიდლიანი გადაცემის მიზნით. ავტომობილის ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 8 855 ლარით, თანხის გაცემის საკომისიო - 564 ლარით. მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშზე შეიტანა თანამონაწილეობის თანხა - 1335 ლარი, შესაბამისად, საბოლოოდ ლიზინგის თანხამ შეადგინა 8 084 ლარი. გრაფიკის მიხედვით, ლიზინგის მიმღებს 24 თვის განმავლობაში ყოველთვიურად უნდა ეხადა 585.85 ლარი. პირველი გადახდის თარიღად განისაზღვრა 01.10.2016 წელი (ტ.1, ს.ფ.14-24).
8.2. ავტოსატრანსპორტო საშუალება საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ლიზინგის გამცემის სახელზე და მფლობელობაში გადაეცა ლიზინგის მიმღებს.
8.3. მხარეთა შორის 05.10.2016 წელს გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც:
8.3.1. შეწყდა 01.09.2016 წლის ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება და ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაეცა ლიზინგის გამცემს (ტ.1, ს.ფ.32-33);
8.3.2. შეთანხმების მე-2 პუნქტით, ისევე როგორც ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულების 14.7 პუნქტით, გათვალისწინებულ იქნა პირობა, რომ ლიზინგის გამცემს სრული უფლება ჰქონდა, გაესხვისებინა ავტომობილი ნებისმიერ ფასად და გასხვისებით მიღებული თანხა მიემართა ლიზინგის მიმღების დავალიანების და იმ ხარჯების დასაფარად, რაც დაკავშირებული იყო ავტოსატრანსპორტო საშუალების დანაკლისის ან/და დაზიანების აღმოფხვრასა და გასხვისებასთან (პირობა, რომლითაც მოსარჩელეს მიეცა უფლება, ავტოსატრანსპორტო საშუალება გაესხვისებინა ნებისმიერ ფასად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მიჩნეულ იქნა ბათილ სტანდარტულ პირობად (სსკ-ის 342-ე, 346-ე მუხლები), რაც საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის);
8.3.3. შეთანხმების მე-3 პუნქტის თანახმად, შეთანხმების გაფორმებისა და ლიზინგის მიმღების მიერ ავტომობილის მოსარჩელისათვის გადაცემის შემდეგ, ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება მიიჩნეოდა შეწყვეტილად, ხოლო მხარეთა შორის არსებული ვალდებულებები, გარდა მე-2 პუნქტში მითითებულისა, შესრულებულად;
8.3.4. შეთანხმების მე-4 პუნქტი წარმოადგენდა გრაფას, სადაც მხარეებს საშუალება ჰქონდათ დაეფიქსირებინათ, არსებობის შემთხვევაში, დოკუმენტის ხელმოწერის მომენტისათვის არსებული დავალიანება (ძირი, პროცენტი, პირგასამტეხლო). გრაფა თავისუფალია (არ არის შევსებული).
8.4. 05.10.2016 წელს მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა ავოსატრანსპორტო საშუალება.
8.5. ავტოსატრანსპორტო საშუალება ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის გამცემისთვის გადაცემის მომენტში დაზიანებული არ ყოფილა.
8.6. 28.10.2016 წელს მოსარჩელემ ავტომობილი გაასხვისა 2 900 ლარად (ტ.1, ს.ფ. 27,29,35). ამ თანხიდან დაფარა ძირითადი დავალიანება 2407.07 ლარი, პროცენტი 467.93 ლარი და სხვა ხარჯი 25 ლარი (სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მოსარჩელემ, ბათილ სტანდარტულ პირობაზე დაყრდნობით და კეთილსინდისიერების პრინციპის საწინააღმდეგოდ, ავტომობილი გაასხვისა საბაზრო ფასთან შეუსაბამო დაბალ ფასად).
9. ლიზინგის მიმღების საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაძლო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის კანონიერება.
10. ლიზინგი ფინანსური ინსტიტუტია და მხარეთა შორის რისკების განაწილების მოქნილი ინსტრუმენტია. მისი პრაქტიკული დანიშნულება ყველაზე უკეთ იმით გამოიხატება, რომ ლიზინგი ცალკე უფლების ობიექტია (ქეთევან ირემაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 576, ველი 1, 25. იხ: gccc.tsu.ge). ლიზინგის ხელშეკრულება, ტრადიციულად, განიხილება ან არატიპურ ქირავნობად, ან - ხელშეკრულების დადების თავისუფლების შედეგად ფორმირებულ ხელშეკრულების განსაკუთრებულ ტიპად (sui generis) (Weidenkaff, in Palandt BGB Komm, 72. Aufl., 2013, Einf v §535, Rn. 37,38), რომელიც ნაწარმოებია ქირავნობის სამართლიდან, მაგრამ განსხვავდება ქირავნობისაგან. ზოგ ქვეყანაში ლიზინგის მოსაწესრიგებლად იყენებენ ნასყიდობის, სესხისა და მომსახურების სამართლის ნორმებს. ლიზინგის სამართლებრივი კონსტრუქცია კომპლექსურია და დაკავშირებულია გარკვეულ სირთულეებთან (ენცო ლ. ვიალი, საქართველოს ახალი კანონი ლიზინგის შესახებ - კრიტიკული ანალიზი, ქართული სამართლის მიმოხილვა 5/2002-4, გვ. 524; Weidenkaff, in Palandt BGB Komm, 72. Aufl., 2013, Einf v §535, Rn. 37-39). ლიზინგის ხელშეკრულების ანალიზისას მნიშვნელოვანია მისი პრინციპების გაცნობა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ე.წ. ოტავის კონვენცია (იხ. UNIDROIT CONVENTION ON INTERNATIONAL FINANCIAL LEASING (Ottawa, 28 May 1988)), რომლის მიზანიც ლიზინგის ხელმისაწვდომობის გაზრდა იყო (მართალია, კონვენცია მხოლოდ საერთაშორისო ხელშეკრულებებზე ვრცელდება, მასში გათვალისწინებული პრინციპები არ კარგავს მნიშვნელობას ქვეყნის შიგნით ადგილობრივად განხორციელებული კონტრაჰირებისას). კონვენციით: ლიზინგის საგნის ხარისხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მიმწოდებელს ეკისრება; ლიზინგის მიმღები პასუხს არ აგებს ლიზინგის საგნის გამოყენებით გამოწვეული გარდაცვალების, ჯანმრთელობის თუ ქონების დაზიანების შემთხვევებში; ლიზინგის გამცემის ინტერესები დაცულია ლიზინგის მიმღების გაკოტრებისას (იხ. UNIDROIT CONVENTION ON INTERNATIONAL FINANCIAL LEASING (Ottawa, 28 May 1988) (https://www.unidroit.org/instruments/leasing/convention/). ე.წ. ოტავის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, ლიზინგი არის ისეთი გარიგება, რომლითაც ერთი მხარე (ლიზინგის გამცემი) მეორე მხარის (ლიზინგის მიმღების) მითითებით დებს მესამე მხარესთან (მომწოდებელთან) ხელშეკრულებას, რომლითაც ლიზინგის გამცემი ყიდულობს მანქანებს, სატრანსპორტო საშუალებებს ან სხვა მოწყობილობებს ლიზინგის მიმღების მიერ მოწონებული პირობებით, რამეთუ ეს შეეხება მის ინტერესებს და დებს ლიზინგის ხელშეკრულებას ლიზინგის მიმღებთან, რომლის ძალითაც უფლებას აძლევს ლიზინგის მიმღებს, გამოიყენოს შეძენილი მოწყობილობები განსაზღვრული დროის განმავლობაში, შეთანხმებული საზღაურის გადახდით. კონვენციაში მოცემულია ასევე მისი გამოყენების სფერო, სალიზინგო ხელშეკრულების დამახასიათებელი ნიშნები, ხელშეკრულების საგანი, ფორმა, მხარეთა უფლება-მოვალეობები, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები და ა.შ. (ზურაბ ძლიერიშვილი, ლიზინგის სამართლებრივი რეგულირება, ქართული სამართლის მიმოხილვა 5/2002-4, გვ. 506,508). აქვე უნდა აღინიშნოს კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ შემუშავებული 13.11.2008 წლის რომის მოდელური კანონი, რომელიც მოიცავს ლიზინგის რეგულირების სფეროში არსებულ მოწინავე წესებსა და საუკეთესო გამოცდილებას, აერთიანებს საერთო სამართლისა და სამოქალაქო სამართლის სისტემებისთვის დამახასიათებელ ტენდენციებს. ამასთან, მოდელური კანონით უფრო მეტად დაიხვეწა ოტავის კონვენციით გათვალისწინებული ზოგადი პრინციპები. მოდელური კანონის მიხედვით, ლიზინგად განიხილება ხელშეკრულება, რომლითაც ლიზინგის მიმღები ირჩევს ლიზინგის საგანსა და მიმწოდებელს; ლიზინგის გამცემი ყიდულობს ლიზინგის საგანს ლიზინგის ხელშეკრულების მიზნებისთვის და მიმწოდებლისთვის ეს ცნობილია; ლიზინგის მიმღების მიერ გადახდილი საზღაური შეიძლება მოიცავდეს ლიზინგის საგნის ან მისი ნაწილის ამორტიზაციის ხარჯებს. ასევე, ლიზინგის მიმღებმა შეიძლება ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე შეისყიდოს ლიზინგის საგანი ან მისი ნაწილი (ქეთევან ირემაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 576, ველი 2, 11,12 იხ: gccc.tsu.ge).
11. ქართულ სამართალში ლიზინგთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დებულებები მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, რომელიც განსაზღვრავს ლიზინგის ხელშეკრულებას, როგორც ტრანზაქციას, რომლის ფარგლებშიც ლიზინგის გამცემი ვალდებულია, გადასცეს კონკრეტული ქონება ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში ხელშეკრულებაში მითითებული ვადით, ქონების შესყიდვის უფლებით ან მის გარეშე. გარდა ამისა, ლიზინგის მიმღები ვალდებულია, კონკრეტული პერიოდულობით გადაუხადოს ლიზინგის გამცემს იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც შეისყიდის ან სხვაგვარად მიიღებს ქონებას; ბ) ლიზინგის გამცემი შეიძენს ლიზინგით გასაცემ ქონებას, ხოლო მიმწოდებელი ინფორმირებული იქნება ამის შესახებ (ლევან გოთუა, საქართველოში ფინანსური ლიზინგის განვითარების სამართლებრივი პრობლემები, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი 3/2021, გვ. 50). ლიზინგის კონცეფციის მიხედვით, მოგების მისაღებად არ არის აუცილებელი ქონებაზე საკუთრების უფლების ფლობა. შესაბამისად, ლიზინგის ხელშეკრულების მიზანი ლიზინგის საგნით სარგებლობის უფლების რეალიზაციით გამოიხატება (ქეთევან ირემაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 576, ველი 68, იხ: gccc.tsu.ge). რაც შეხება ე.წ. ფინანსური (საფინანსო) ლიზინგისა და ოპერატიული ლიზინგის გამიჯვნას, როგორც წესი, პირველი ნივთის ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის (სრული ამორტიზაციის) ვადით იდება, მეორე კი - აღნიშნულზე ნაკლები ვადით (ქეთევან ირემაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 576, ველი 63,65, იხ: gccc.tsu.ge; Weidenkaff, in Palandt BGB Komm, 72. Aufl., 2013, Einf v §535, Rn. 39,40). ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში არაერთგზისაა გამოყენებული ტერმინი ფინანსური ლიზინგი. ინგლისურ ენაში ტერმინ "ფინანსურის" მითითება აუცილებელი გახდა ლიზინგის ქირავნობისაგან (იჯარისაგან) გასამიჯნად ("ლიზინგის" ეკვივალენტი ინგლისურ ენაში არის ტერმინი "finance lease"), ქართულ ენაში კი ასეთი აუცილებლობა არ არსებობს (ლიზინგი და ქირავნობა სხვადასხვა ტერმინით აღინიშნება). ამასთან, "ფინანსური ლიზინგი" ლიზინგის კლასიფიკაციის დროს იხმარება (ქეთევან ირემაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 576, ველი 22,23).
12. სსკ-ის 576-ე მუხლის პირველი ნაწილით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია, ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.
13. პალატა მიუთითებს, რომ ლიზინგის ხელშეკრულების განმარტებისას მნიშვნელოვანია კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინება. კეთილსინდისიერების პრინციპის განსაკუთრებული მნიშვნელობა აღიარებულია როგორც მოდელური კანონით, ისე ოტავის კონვენციით. კეთილსინდისიერების პრინციპი, როგორც მხარეთა შორის შეთანხმებულ თუ ნაგულისხმებ პირობათა ერთგვარი ნაერთი, ლიზინგის ხელშეკრულების განმარტებისას გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. უპირველესად, გასათვალისწინებელია მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის პრობლემა (ქეთევან ირემაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 576, ველი 76,77, იხ: gccc.tsu.ge). სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას, ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში (ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხლი 8, ველი 1, 10-12). სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური დებულებაა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურსამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ვრცელი დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს (სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.; სუსგ №ას-189-2020, 20.04.2021წ.).
14. ლიზინგის ტრანზაქციაში კეთილსინდისიერების პრინციპის დანიშნულება ნათლად ვლინდება მისი ე.წ. „უპირობო ვალდებულებებთან“ მიმართებით ანალიზისას. ლიზინგის საერთაშორისო დოქტრინა და პრაქტიკა იცნობს ლიზინგის მიმღების უპირობო ვალდებულებების კონცეფციას. აღნიშნული ტიპის ვალდებულებები მნიშვნელოვნად ზღუდავს ლიზინგის მიმღების მიერ ცალკეული უფლების გამოყენებას. ასეთს განეკუთვნება, მაგალითად, ლიზინგის ხელშეკრულების მოშლის დაუშვებლობა ლიზინგის საგნის მიღების შემდეგ, ლიზინგის საზღაურის გადახდის ვალდებულებაზე უარის დაუშვებლობა გამცემის მიერ ვალდებულების დარღვევის მიუხედავად და მისთ. თუმცა, აღნიშნული ტიპის ვალდებულებების ლიზინგის მიმღებისათვის დაკისრებით არ უნდა დაირღვეს მხარეთა ორმხრივი ინტერესების დაცვის პრინციპი. თითოეულ ასეთ ვალდებულებას გააჩნია შესაბამისი წინაპირობები და გამონაკლისები. ამ თვალსაზრისით კეთილსინდისიერების პრინციპი უპირობო ვალდებულებების განმსაზღვრელი პირობების სამართლიანობის საზომად განიხილება. ლიზინგის გამცემის კეთილსინდისიერების შეფასებით განსახილველი პრინციპი გამოკვეთილად ლიზინგის მიმღების დაცვის ფუნქციას იძენს (ქეთევან ირემაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 576, ველი 85,86, იხ: gccc.tsu.ge).
15. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სალიზინგო ურთიერთობა დასრულებულია კერძო ავტონომიისა და ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლებში მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით, რომლითაც შეწყდა ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება და ლიზინგის საგანი დაუბრუნდა ლიზინგის გამცემს. ნების ავტონომიის ფარგლებში კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ თავისუფლად შეთანხმდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების გარკვეულ პირობებზე და განკარგონ თავიანთი მატერიალურსამართლებრივი უფლებები.
16. სსკ-ის 52-ე მუხლი ადგენს ნების გამოვლენის განმარტების წესს, კერძოდ: ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ “ნების გონივრული განსჯა” ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა.
17. ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარსის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაა. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა. ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება (სუსგ Nას-894-2021, 23.12.2021წ., პ.58). ხელშეკრულებაში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების გონივრული და არა გამოთქმის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სასამართლომ „ბოლომდე უნდა იფიქროს“ იმასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მხარეთა სურვილი. ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა გერმანიის უმაღლესი ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება [10.11. 1999 – I ZR 183/97 – NJW 2000, 743]: „ხელშეკრულების დამატებით განმარტების არსი მდგომარეობს ხარვეზის შემცველი გარიგების მხარეთა ჰიპოთეტური სურვილის შესაბამისად განვრცობაში. ამასთან, სასამართლო უნდა ამოვიდეს იქიდან, თუ რაზე შეთანხმდებოდნენ მხარეები, როგორც კეთილსინდისიერი ხელშეკრულების მხარეები, კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით მათი ინტერესების ჯეროვანი შეჯერების პირობებში, თუ მათ არ გამორჩებოდათ ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტი. არსებული ხარვეზები უნდა შეივსოს ხელშეკრულების დამატებით განვრცობის გზით იმგვარად, რომ „ბოლომდე იყოს ნაფიქრი“ კონკრეტული ხელშეკრულების ძირითადი პუნქტები (შდრ. BGHZ 84, 1, 7; 90, 69, 77; 135, 387, 392). აქედან გამომდინარე, მხარეთა ჰიპოთეტური ნების გამორკვევისას ხელშეკრულების დანარჩენი შინაარსისა და ხელშეკრულების დადების მომენტში არსებული სხვა გარემოებების პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მხარეთა ფაქტობრივ ნებას, რამდენადაც შესაძლებელია მისი დადგენა....“ (სუსგ Nას-1161-1116-2016, 12.10.2017წ., პ.17.4).
18. მხარეთა შორის 05.10.2016 წელს გაფორმებულ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პრეამბულაში ხაზგასმულია „მხარეთა ერთობლივი, ნამდვილი და თავისუფალი ნება“, შეეწყვიტათ ხელშეკრულება შეთანხმებაში ჩამოყალიბებული პირობებით. შეთანხმების პირველი პუნქტის თანახმად, ლიზინგის მიმღები მოკლებულია შესაძლებლობას/არ გააჩნია სურვილი, გააგრძელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, მათ შორის (მაგრამ არა მხოლოდ) ლიზინგის თანხის გადახდა შესაბამისი გათვალისწინებული გრაფიკით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკუთარი ვალდებულების დასაფარად, ლიზინგის მიმღები უპირობოდ და გამოუხმობადად თანახმაა, ლიზინგის გამცემმა საკუთრებაში შეინარჩუნოს ლიზინგის საგანი.
19. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იმ პირობებში როცა:
- ლიზინგის საგნის ღირებულების 15,07% გადახდილი აქვს ლიზინგის მიმღებს;
- მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა მოკლე დროში, კერძოდ, ერთი თვისა და რამდენიმე დღის შემდეგ, ფაქტობრივად იმავე საბაზრო ეკონომიკურ მოცემულობაში;
- ლიზინგის მიმღებმა დააბრუნდა ლიზინგის საგანი, რის წინაპირობადაც შეთანხმების პირველ პუნქტში მიეთითა ის, რომ ლიზინგის მიმღებს აღარ სურდა ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და დარჩენილი ვალდებულებების დასაფარად თანახმა იყო, ლიზინგის გამცემს შეენარჩუნებინა ლიზინგის საგანზე საკუთრების უფლება;
- ავტოსატრანსპორტო საშუალება ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის გამცემისთვის გადაცემის მომენტში დაზიანებული არ ყოფილა და არც მისი საბაზრო ფასის გაუარესების ტენდენცია დასტურდება;
გასაზიარებელია კასატორის პოზიცია, რომ 05.10.2016 წელს გაფორმებულ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მე-4 პუნქტში დავალიანების ოდენობის მიუთითებლობა იყო არა ამავე შეთანხმების მე-2 და მე-3 პუნქტებთან შეუსაბამო უზუსტობა, არამედ ამ კონკრეტულ ურთიერთობაში ლიზინგის გამცემის მიერ გამოვლენილი ნება მასზე, რომ ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ლიზინგის მიმღების ვალდებულებები წყდებოდა. შესაბამისად, ლიზინგის მიმღები კეთილსინდისიერად ვარაუდობდა, რომ ლიზინგის გამცემს აღარ ჰქონდა მის მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულების სახით რაიმე თანხის მოთხოვნის უფლება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისი პუნქტების განსხვავებულად განმარტება სცილდება გონივრული განსჯისა და კეთილსინდისიერად ქცევის სტანდარტს (სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ლიზინგის გამცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
20. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.10.2018 წლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-6 პუნქტები) და ამ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
21. ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით კმაყოფილდება მოპასუხის საკასაციო საჩივარი და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ კმაყოფილდება, სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 409-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ა.ლ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.10.2018 წლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-6 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს „მ–ოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. შპს „მ–ოს“ ა.ლ–ის სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ანაზღაურება.
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
მირანდა ერემაძე