Facebook Twitter

23 ივნისი, 2023 წელი,

საქმე #ას-655-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - დმანისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილსის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - დამატებითი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი, შემსყიდველი ან მერია) და შპს „გ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მიმწოდებელი ან მენარდე) შორის 2020 წლის 21 აგვისტოს დაიდო #216 ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება), რომლის საგანს დმანისსა და დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზებისა და სანიაღვრეების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა წარმოადგენდა. ხელშეკრულების ღირებულება - 895 500 ლარით განისაზღვრა.

1.1. შეთანხმების დადების შემდეგ გარიგების ღირებულება რამდენჯერმე კორექტირდა, კერძოდ: თავდაპირველად განისაზღვრა - 895 500 ლარით, 2020 წლის 29 დეკემბრის #2 შეთანხმებით - 895 415 ლარით, 2021 წლის 4 თებერვლის შეთახმებით - 871 212.29 ლარით, 2021 წლის 23 აპრილის შეთანხმებით - 877759.08 ლარით, 2021 წლის 10 მაისის შეთანხმებით კი - 890 430 ლარით;

2. 2021 წლის 8 ივნისს მხარეებს შორის სამუშაოების სრულად შესრულების შესახებ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, შესრულდა - 819890.06 ლარის ღირებულების სამუშაო.

3. განსახორციელებელი სამუშაოების შესრულების ვადა - 68 დღით დაირღვა (2021 წლის 11 თებერვლიდან იმავე წლი 19 აპრილის ჩათვლით).

4. სამუშაოების ვადის დარღვევით შესრულება გამოწვეულია ისეთი ობიექტური გარემოებით როგორიცაა უამინდობა კერძოდ, 2021 წლის 4 იანვრიდან 2021 წლის 30 აპრილის ჩათვლით რეგიონში 49 დღის განმავლობაში ფიქსირდება ბუნებრივი ნალექი (იხ. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 25 ივნისის ცნობა). ამავე მოვლენამ დიდწილად განაპირობა ვალდებულების ვადის გადაცილებით შესრულების პერიოდი ვინაიდან გადაცილებულ მონაკვეთში ნალექიანი დღეების ხვედრითი წილი შეადგენს 32 დღეს.

4.1. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 სექტემბრის ცნობის თანახმად, კომპანიას გააჩნია დარღვეული ფულადი ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე სალდირებული საგადასახადო დავალიანების სახით 7 426.81 ლარი; სს „თ.ბ–ის“ 2021 წლის 25 ივნისის დავალიანების ცნობის თანახმად, კომპანიის შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულება - 48 556.80 ლარია.

5. მენარდეს ვალდებულების დათქმულ ვადებში შეუსრულებლობის შედეგად დაეკისრა პირგასამტეხლო - 60549.24 ლარი.

6. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნით.

7. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შეთანხმების შედეგად გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი არაა გამოკვეთილი.

8. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის დარიცხული პირგასამტეხლო შემცირდა და მისი ოდენობა - 5575.32 ლარით განისაზღვრა.

9. მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11. განჩინება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისთვის თავდაპირველად დარიცხული პირგასამტეხლოს - 11 150,50 ლარამდე შემცირება (იხ. საკასაციო საჩივარი).

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შპს „გ–ისთვის“ დარიცხული პირგასამტეხლო შემცირდა და განისაზღვრა- 11 150,50 ლარით; შპს „გ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 278.75 ლარის ლარის გადახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ საქმეზე გამოტანილ უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ხსენებული მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

14. სსსკ-ის 37.1 მუხლის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

15. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, გამოიკვეთა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი. ამასთან, მითითებული საკითხის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე უნდა გადაწყდეს, რამდენადაც მისი ზეპირი მოსმენით განხილვის აუცილებლობა დასაბუთებული არ არის.

16. სსსკ-ის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

17. სსსკ-ის 55.1 მუხლის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

18. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი (აპელანტი) განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო აპელანტი, უნდა გადახდეს მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

19. მოცემულ შემთხვევაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის დარიცხული პირგასამტეხლო შემცირდა და მისი ოდენობა - 5575.32 ლარით განისაზღვრა. მოპასუხემ/კასატორმა საკასაციო საჩივრით პირგასამტეხლოს - 11 150.50 ლარით გაზრდა ითხოვა, შესაბამისად, 49 398.74 (60 549.24-11150.50) ლარის ნაწილში, შემკვეთმა/მერიამ სასარჩელო მოთხოვნები ცნო.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 მარტის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შპს „გ–ისთვის“ დარიცხული პირგასამტეხლო შემცირდა და განისაზღვრა - 11 150,50 ლარით, ამდენად, მოსარჩელისთვის დარიცხული პირგასამტეხლო საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ 5575.18 ლარით გაიზარდა.

21. სსსკ-ის 49.1 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე 49 398.74 ლარის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნებს დაეთანხმა სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას ვინაიდან, მოპასუხის სააპელაციო საჩივრის საგანს წარმოადგენს შპს „გ–ისთვის“ პირგასამტეხლოს სახით მხოლოდ 11150,50 ლარის დაკისრება.

ამდენად, გამოკვეთილია დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ შპს „გ–ის“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 1481.96 (60549.24-11150.50=49 398.74 ლარის 3%) ლარის ნახევრის - 740.98 ლარის ანაზღაურების საფუძველი, ხოლო სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 740.98 ლარი, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

22. ვინაიდან, მოპასუხე/აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონით განთავისუფლებულია და, შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია, ამიტომ, შპს გ–ს“ სახელმწიფო შემოსავლის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, მითითებული 5575.18 ლარის 4%-ის (სსსკ-ის 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი) - 223 ლარის გადახდა.

23. იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლოს სრულად არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი, მიღებულ უნდა იქნას დამატებითი გადაწყვეტილება და

ა). დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „გ–ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 740.98 ლარის ანაზღაურება.

ბ). შპს „გ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1650 ლარიდან (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 25.06.2021წ) - 740.98 ლარი, რასაც უნდა გამოაკლდეს მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული - 223 ლარი და საბოლოოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს - 517.98 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 53-ე, 261-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „გ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 740.98 ლარის ანაზღაურება.

2. შპს „გ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1650 ლარიდან (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 25.06.2021წ) - 740.98 ლარი, რასაც გამოაკლდეს მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებული - 223 ლარი და საბოლოოდ მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს - 517.98 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. დამატებითი გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე