Facebook Twitter

25 მაისი, 2023 წელი,

საქმე №ას-125-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) – სს ,,ს.რ–ა“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) – შპს ,,ბ.ც–ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს ,,ბ.ც–სა’’ (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მესაკუთრე, საწარმო) და სს ,,ს.რ–ას’’ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, უზუფრუქტუარი) შორის 2015 წლის 17 ივნისს უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება (შემდეგში - უზუფრუქტის ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) გაფორმდა.

გარიგების საფუძველზე რკინიგზის სადგურის, სალაროების, ოფისებისა და მოსასვენებელი ოთახების განსათავსებლად მესაკუთრემ გადასცა და უზუფრუქტუარმა მისი არსებობის ვადით (ლიკვიდაციამდე) უსასყიდლო სარგებლობის უფლებით მიიღო ქ.ბათუმში, ........ დასახლებაში, ........ გზატკეცილზე არსებული შენობის პირველ და მეორე სართულზე განთავსებული 759.17კვ.მ. ფართი (შემდეგში - უძრავი ნივთი ან უძრავი ქონება).

გარიგების მხარემ უძრავი ქონების მიმდებარედ რკინიგზის სადგურის ოპერირებისთვის აუცილებელი სარკინიგზო (სალიანდაგო) ინფრასტრუქტურა მოაწყო, რისთვისაც ამ უკანასკნელმა დაახლოებით 4 000 000 ლარის ოდენობის ხარჯი გასწია.

2. უზუფრუქტუარის წინააღმდეგ მესაკუთრემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 1 126 004.90 ლარისა და 2020 წლის 1 იანვრიდან პირველ სართულზე განთავსებული 364კვ.მ (მიწისქვეშა გადასასვლელი) ფართით და მეორე სართულზე განთავსებული 1 948.70კვ.მ (მატარებლის ბაქანი) ტერიტორიით სარგებლობისთვის ყოველთვიურად 16 581 ლარის დაკისრება მოითხოვა.

3. მოგვიანებით, მოსარჩელისათვის 15 304.94 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მოპასუხემ სასამართლოში სარჩელი აღძრა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი და შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

- მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

- მოპასუხის მიერ ქონების არამართლზომიერად სარგებლობისთვის დარიცხული საფასურის და ქონების სარგებლობისთვის ყოველთვიური საზღაურის დაკისრების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;

- მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 1 126 004.90 ლარის გადახდა დაეკისრა;

- მოპასუხეს ასევე დაეკისრა 2020 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიურად 16 581 ლარის გადახდა, პირველ სართულზე განთავსებული 364კვ.მ (მიწისქვეშა გადასასვლელი) ფართით და მეორე სართულზე განთავსებული 1 948.70კვ.მ (მატარებლის ბაქანი) ფართით სარგებლობისთვის;

- დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

6.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოება და აღნიშნა, რომ ხელშეკრულებაში მითითებულია ნივთის სრული ფართობი და მიზანიც, თუ რა უნდა მოეწყოს უზუფრუქტით გადაცემულ ტერიტორიაზე კერძოდ: რკინიგზის სადგური, სალაროები, ოფისები, მოსასვენებელი ოთახები, ხოლო წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს უნებართვოდ დაკავებული ფართით სარგებლობის თანხის ანაზღაურებას, ვინაიდან ხელშეკრულება დამატებით 2 312.7კვ.მ ტერიტორიას არ მოიცავდა.

6.2. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 150.1 და 150.2 მუხლებზე მიუთითა (ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში; მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს) და მიიჩნია, რომ რკინიგზა, სადაც განთავსებულია ლიანდაგი, ასევე, ბაქანი და მიწისქვეშა გადასასვლელი, ერთ მთლიან ნივთს არ წარმოადგენს.

რკინიგზის მთავარი დანიშნულებაა, მგზავრების გადაყვანა. ბაქანი გამოიყენება მგზავრთა გადაადგილებისთვის, რომელთა მიზანი რკინიგზის საშუალებით მგზავრობაა. მოცემულ შემთხვევაში, ბაქანი ნაწილობრივ ემსახურება რკინიგზის მგზავრებს, ვინაიდან მის გარეშე შეუძლებელია რკინიგზის ფუნქციონირება, თუმცა აღნიშნული უძრავი ქონება ცალკე უფლების ობიექტია, სადაც შესაძლებელია განთავსებული იყოს სალარო ან თვისობრივად სხვა დანიშნულებითაც იქნეს გამოყენებული, რომელიც უშუალოდ ტრანსპორტირებას არ უკავშირდება, ანალოგიური მოტივით, ცალკე უფლების ობიექტია მიწისქვეშა გადასასვლელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხეს დაკავებული აქვს ის ფართი, რომელიც უზუფრუქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებს სცდება.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება იმ გარემოებაზეც მიაქცია, რომ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის მხარეებს შეეძლოთ ბაქანის და მიწისქვეშა გადასასვლელის გათვალისწინება უზუფრუქტის ხელშეკრულების საგანში, თუმცა გარიგება ასეთ შეთანხმებას არ შეიცავს.

6.3. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, დამატებითი ფართით სარგებლობისთვის თანხის დაკისრების მოთხოვნით არ ირღვევა უზუფრუქტის ხელშეკრულების 2.1.3. პუნქტი (მესაკუთრე (მოსარჩელე) ვალდებულია ხელი არ შეუშალოს უზუფრუქტუარს სამგზავრო სადგურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის და არ დაუშვას მის საკუთრებაში არსებული ქონებით (როგორც ხელშეკრულების საგნის, ასევე მთლიანად ქონების რომლის შემადგენელი ნაწილიც არის ხელშეკრულების საგანი) იმგვარად სარგებლობა, რომ საფრთხე შეექმნას სარკინიგზო მოძრაობასა და ადამიანთა უსაფრთხოებას; ხელი არ შეუშალოს მგზავრთა შეუფერხებელ, უსასყიდლო (გარდა სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ფასიანი ავტოსადგომებით მომსახურებისა), უსაფრთხო გადაადგილებას შენობებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე (მათ შორის მესაკუთრე ვალდებულია სამგზავრო ბაქანზე ნებისმიერი ქმედების განხორციელების დროს გაითვალისწინოს უზუფრუქტუარის წერილობითი პოზიცია, რკინიგზაში მოქმედი უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით), ვინაიდან, როგორც აღინიშნა, უზუფრუქტის ხელშეკრულება არ მოიცავს იმ ტერიტორიას, რომელიც მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს. ამასთან, საქმეზე არ დადასტურებულა, რომ მოსარჩელე ხელს უშლის სარკინიგზო მოძრაობასა და ადამიანთა უსაფრთხოებას.

6.4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში სარჩელის დაკმაყოფილებისთვის უნდა დადასტურებულიყო მოსარჩელის კუთვნილი ნივთით მოპასუხის მიერ უნებართვოდ სარგებლობის ფაქტი, რაც ერთმნიშვნელოვნად გამოიწვევდა მოსარჩელისთვის ზიანის მიყენებას.

აქვე სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიიღწევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების კუმულაციურად არსებობისას: მოსარჩელე უნდა იყოს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე ნივთს უნდა ფლობდეს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე; ადგილი უნდა ჰქონდეს მოპასუხის გამდიდრებას მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის ხარჯზე.

მხოლოდ მითითებული გარემოებების გამოკვლევის შედეგად შეიძლება დასკვნის გამოტანა, არსებობს თუ არა საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების/გამდიდრების გათანაბრების საფუძველი.

6.5. განსახილველ საქმეზე სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები გამოიკვეთა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ფართს უზუფრუქტის ხელშეკრულება არ მოიცავდა.

უზუფრუქტის ხელშეკრულების საგანი, ასევე ბაქანი და მიწისქვეშა გადასასვლელი დამოუკიდებელი უძრავი ქონებაა, რომლებიც რკინიგზის არსებით შემადგენელ ნაწილს არ მიეკუთვნება, შესაბამისად, ისინი ცალკე უფლების ობიექტს წარმოადგენს და მათი გამოყენება რკინიგზის მომსახურებისგან დამოუკიდებელი, განსხვავებული მიზნითაც შესაძლებელია.

ამდენად, უძრავი ქონებით სარგებლობის გამო მოპასუხეს პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, კერძოდ, ამ უკანასკნელს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 2015 წლის 17 ივნისიდან (უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან) 2020 წლის 1 იანვრამდე ქონების არამართლზომიერად სარგებლობისათვის ასანაზღაურებელი საფასური 1 126 004.90 ლარის ოდენობით, ხოლო, მის შემდგომ პერიოდში, ქონების სარგებლობისათვის ყოველთვიური საზღაური (თვეში) 16 581 ლარის ოდენობით.

6.6. რაც შეეხებოდა მოპასუხის შეგებებული სარჩელის მოთხოვნას, აღნიშნული საკითხის შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ ყურადღება შემდეგ გარემოებებზე მიაქცია:

- შეგებებული სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მოპასუხემ იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ მოსარჩელე საზოგადოების ქონების პირველ სართულზე განთავსებული მოსასვენებელი ფართები (რომელიც უზუფრუქტით გადაცემული ნივთის ნაწილს შეადგენდა) ჭარბი ატმოსფერული ნალექის შედინების შედეგად საბოლოოდ დაზიანდა, რამაც მისი მიზნობრივად გამოყენება შეუძლებელი და საფრთხის შემცველი გახადა; ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრიობით (ბრიგადების მოსასვენებლად) გამოყენების შეუძლებლობის გამო მოპასუხე იძულებული შეიქმნა ფიზიკური პირებისგან ბინები დაექირავებინა, კერძოდ, 2017 წლის 4 იანვარს კასატორმა საცხოვრებელი ბინა 850 ლარად ზ.მახარაძისგან, ხოლო, 2017 წლის 9 აპრილს - 1 053 ლარად ხ.ხალვაშისგან იქირავა;

სს ,,ს.რ–ის’’ ფილიალ მგზავრთა გადაყვანის ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების სამსახურის უფროსის მიერ მომზადებული საინფორმაციო ბარათების შესაბამისად ზ.მახარაძისათვის ბინის ქირის სახით გადახდილმა თანხამ 9 267.74 ლარი, ხ.ხ–თვის გადახდილმა თანხამ კი, წინამდებარე შეგებებული სარჩელის შეტანის პერიოდისათვის 6 037.20 ლარი შეადგინა, ჯამურად მოპასუხემ 15 304.94 ლარის ოდენობით ქირა გადაიხადა.

- საქმეზე წარმოდგენილ 2017 წლის 15 მარტის წერილში მითითებულია, რომ მოსარჩელეს არ შეუძლია სრულად გაიღოს მომსახურების ხარჯი, რის გამოც გათიშულია ესკალატორები, გამორთულია გათბობა-კონდიცირების სისტემა, ვინაიდან, მიღებულ შემოსავალთან შედარებით გასაწევი მომსახურების ხარჯი საკმაოდ დიდია. ამავე წერილის მიხედვით, რამდენადაც ბათუმის სადგურის ტერიტორიაზე მოსარჩელის კუთვნილი საიჯარო ფართების გაქირავების მაჩვენებელი დაბალია, მიმდინარე ხარჯების დაფარვას საწარმო ვერ უზრუნველყოფს. შესაბამისად, უსასყიდლო უზუფრუქტის სახით საიჯარო ფართის გაცემა უსაფუძვლოა.

- საქმეზე წარმოდგენილია 2015 წლის 7 ოქტომბრის წერილიც, სადაც მითითებულია, რომ მოსარჩელე საწარმოს მხრიდან თბილისიდან მომავალი მატარებლის მიღება ხორციელდება.

ზემომითითებულ 2015 წლის 7 ოქტომბრის წერილზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული დროისათვის უზუფრუქტის საგანი მოპასუხეს მიღებული ჰქონდა, რომლის ნაკლზე პრეტენზია არ გამოუთქვამს.

ნივთის ნაკლთან დაკავშირებით ასევე საყურადღებო მოპასუხის 2016 წლის 16 სექტემბრის წერილია, სადაც უზუფრუქტუარი მოსარჩელეს აცნობებს, რომ გადაცემული ფართები გამოუსადეგარია ჩვეულებრივი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის. წერილის მიხედვით, ატმოსფერული ნალექების დროს ოთახებში დიდი რაოდენობის წყალი შედის, რაც ფართების დატბორვას და დანესტიანებას იწვევს და რის გამოც უზუფრუქტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასა და უმოკლეს ვადებში ფართების გარემონტების უზრუნველყოფას (ნაკლის აღმოფხვრას) ითხოვს.

დასახელებული წერილების შინაარსის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2015 წლის ოქტომბრისთვის მოსარჩელე მატარებლებს უკვე იღებდა და უხვი ნალექის შედეგად ფართების დატბორვისა და დაზიანების შესახებ უზუფრუქტურმა პრეტენზია 2016 წლის 16 სექტემბრის წერილით, თითქმის ერთი წლის შემდეგ დააფიქსირა.

შესაბამისად, უზუფრუქტის ხელშეკრულების საგნის გადაცემის მომენტისთვის უძრავი ქონება ვარგისი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობის მიზნებისთვის, ხოლო უხვი ნალექის შედეგად ფართის დაზიანება უზუფრუქტუარის მიერ ნივთით სარგებლობის პერიოდშია გამოწვეული.

ამავე დასკვნას კიდევ უფრო ამყარებდა ის გარემოება, რომ თანამშრომელთა დასასვენებლად სპეციალურ ფართებზე მოპასუხემ ფიზიკურ პირებთან (ზ.მახარაძესთან, ხ.ხალვაშთან) საიჯარო ხელშეკრულებები 2017 წლის 4 იანვარს და 9 აპრილს, ე.ი. უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წელზე მეტი ვადის გასვლის შემდეგ გააფორმა.

ზემომითითებული ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ უხვი ნალექის შედეგად ნივთის დაზიანება მიმდინარე ხარჯის სახით უნდა დაკვალიფიცირებულიყო, რომლის ანაზღაურების ვალდებულება უზუფრუქტუარს ეკისრებოდა. ამასთან, საგულისხმო იყო, რომ უზუფრუქტის ხელშეკრულება იყო უსასყიდლო, ასეთ პირობებში კი, მიმდინარე ხარჯის გადახდის მესაკუთრისთვის დავალება გარიგების ერთ მხარეს შეუსაბამოდ მაღალ ტვირთს დააკისრებდა (სსკ-ის 245.4 მუხლი).

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, შემდეგი დასაბუთებით:

7.1. მოცემული საქმის განხილვისას კასატორს არსად არ განუცხადებია, რომ სადავო ფართი მას ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა. კასატორი განმარტავდა, რომ ხსენებულ ფართს ის არ ფლობდა და მისით მხოლოდ მგზავრები სარგებლობდნენ, რომლებსაც აღნიშნული უფლება ხელშეკრულების საფუძველზე ჰქონდათ მინიჭებული. იმ გარემოების დასადგენად, რომ სადავო ფართში მგზავრები მართლზომიერად გადაადგილდებოდნენ, ხელშეკრულების გარდა სასამართლოს დამატებით უნდა გამოეკვლია მხარეთა შორის არსებული მიმოწერა, საიდანაც საქმის არსი მკაფიოდ ვლინდება.

7.2. სარკინიგზო კოდექსის მე-2 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტის თანახმად, „რკინიგზის ვაგზალი“ რკინიგზის სადგურზე განლაგებულ ნაგებობათა და მოწყობილობათა კომპლექსია, რომელიც მოიცავს მგზავრთა მომსახურებისათვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობებს, პავილიონებს, მგზავრთა ჩასასხდომ-ფარდულიან ან უფარდულო პლატფორმებს, ერთ ან სხვადასხვა დონეზე მდებარე გადასასვლელებს, მცირე არქიტექტურულ ფორმებსა და ვიზუალურ კომუნიკაციებს.

დასახელებული პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, ნათელია, რომ პლატფორმა/ბაქანი, რომელიც მგზავრთა მატარებელში ჩასასხდომად და მატარებლიდან გადმოსასხდომად გამოიყენება, ასევე, გადასასვლელები, რომელთა საშუალებითაც მგზავრები ბაქნამდე უნდა მივიდნენ, ერთმანეთთან ფუნქციურად დაკავშირებულ ნაგებობათა კომპლექსია, რომელიც საბოლოოდ „სარკინიგზო ვაგზალს“ (რკინიგზის სადგურს) ქმნის.

7.3. სააპელაციო სასამართლოს მხრიდან იმ გარემოების ხაზგასმა, რომ ნივთობრივ ნაკლთან დაკავშირებით პრეტენზია მოპასუხემ მხოლოდ 2016 წელს გამოთქვა, ხოლო ალტერნატიული ფართი 2017 წელს დაიქირავა, ნივთობრივად ნაკლიანი ქონების გადაცემის კუთხით მოპასუხის პრეტენზიას საფუძველს არ აცლის.

რეგიონისთვის დამახასიათებელი უხვი ნალექის გამო კასატორისათვის გადაცემულმა ფართმა ნელ-ნელა დაიწყო გაუვარგისება, რომლითაც გამოწვეულ პრობლემებს მიმდინარე რემონტის ფარგლებში მოპასუხე ისედაც უმკლავდებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში დაზიანების ხარისხმა იმ დონეს მიაღწია, რომ ფართით სარგებლობა და მიმდინარე რემონტით დაზიანებების აღმოფხვრა შეუძლებელი შეიქმნა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

10. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, ერთის მხრივ, ქონების არამართლზომიერად სარგებლობის გამო მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 1 126 004.90 ლარისა და 2020 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიურად 16 581 ლარის დაკისრების შესახებ მოწინააღმდეგე მხარის სარჩელის, ხოლო, მეორე მხრივ, 15 304.94 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების თაობაზე კასატორის შეგებებული სარჩელის კანონიერება.

11. სააპელაციო სასამართლომ თავდაპირველი სარჩელი კანონშესაბამისად მიიჩნია, რისი დასაბუთებისთვის საჭირო არგუმენტები საკასაციო პალატის მოსაზრებით გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავადაა წარმოდგენილი. ასეთი დასკვნის საფუძველი შექმნა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილმა გარემოებამ იმის თაობაზე, რომ მოპასუხე უნებართვოდ სარგებლობს 2 312.7კვ.მ ფართით, სახელდობრ, პირველ სართულზე განთავსებული 364კვ.მ (მიწისქვეშა გადასასვლელი) და მეორე სართულზე განთავსებული 1 948.7კვ.მ ნივთით (მატარებლის ბაქანი), რომელიც მხარეთა შორის უძრავ ქონებაზე დადებული უზუფრუქტის ხელშეკრულების საგანი არ ყოფილა. სსსკ-ის 407.2 მუხლიდან (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) გამომდინარე ეს გარემოება საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა, რამდენადაც მასთან მიმართებით კასატორს რაიმე არსებითი ხასიათის პრეტენზია არ წარმოუდგენია. შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობა იმის მაუწყებელია, რომ სსკ-ის 982.1 მუხლის (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი) შესაბამისად სარჩელი წარმატებულია.

12. სარჩელის კანონიერების შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ ზემომითითებული მატარებლის ბაქანი და მიწისქვეშა გადასასვლელი უზუფრუქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილად ვერ ჩაითვლება.

ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილის ცნება სსკ-ის 150.1 მუხლშია წარმოდგენილი, რომლის შინაარსი ასეთია: ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

მხარეთა შორის გაფორმებული უზუფრუქტის ხელშეკრულების 1.1 პუნქტის მიხედვით, მესაკუთრე გადასცემს, ხოლო უზუფრუქტუარი მისი არსებობის ვადით, უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით იღებს ბათუმში, ........ დასახლებაში, ........ გზატკეცილზე მდებარე შენობის პირველ და მეორე სართულზე განთავსებულ 759.17კვ.მ ფართს.

ამდენად, გარიგების სრული შინაარსისდან გამომდინარე, ხელშეკრულებაში მითითებულია კონკრეტული ფართობიც და მიზანიც, თუ რა უნდა მიეწყოს ამ ტერიტორიაზე: რკინიგზის სადგური, სალაროები, ოფისები, მოსასვენებელი ოთახები.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზეც, რომ რკინიგზა, სადაც ლიანდაგი, ბაქანი და მიწისქვეშა გადასასვლელია განთავსებული, სამოქალაქო სამართალურთიერთობის მიზნებისთვის ერთ მთლიან ნივთს არ წარმოადგენს.

მართალია, მატარებლის ბაქანი რკინიგზის საშუალებით მოძრავი მგზავრების გადაადგილებისათვის გამოიყენება და მის გარეშე რკინიგზის ფუნქციონირება შეუძლებელია, მაგრამ იგი ცალკე უფლების ობიექტადაც გვევლინება, ვინაიდან მასში აბსოლუტურად განსხვავებული ფუნქციური დატვირთვის მქონე ობიექტების განთავსებაა შესაძლებელი, რომლებსაც რკინიგზის მგზავრთა უშუალოდ ტრანსპორტირებასთან არ აქვთ პირდაპირი კავშირი.

ანალოგიურად, მიწისქვეშა გადასასვლელის გამოყენება რკინიგზის მომსახურებისგან დამოუკიდებელი, ხშირ შემთხვევაში განსხვავებული მიზნითაცაა შესაძელებელი და განსახილველი შემთხვევაში ისიც ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება, რომ მოვიაზროთ.

13. სადავო ფართის არამართლზომიერად დაკავებასთან მიმართებით რელევანტურ არგუმენტად მართებულად არ ჩაითვალა მოპასუხის პოზიცია იმის შესახებ, რომ მითითებულ ტერიტორიას მოპასუხე კი არ ფლობს, არამედ, ამ ფართით რკინიგზის მგზავრები სარგებლობენ.

ამავე საკითხთან მიმართებით, არსებითად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მატარებლის ბაქანი იმ მგზავრებისთვისაა საჭირო, რომლებიც მოპასუხესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებიან.

შესაბამისად, სადავო ქონება კასატორს რკინიგზის ფუნქციონირების პირდაპირი და არსებითი ხასიათის მიზნებისთვის აქვს დაკავებული და გამოყენებული, რაც უზუფრუქტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებს ცალსახად სცილდება. ამასთან, დამატებითი ფართით სარგებლობისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება უზუფრუქტის ხელშეკრულების 2.1.3 პუნქტს (მესაკუთრე (მოსარჩელე) ვალდებულია ხელი არ შეუშალოს უზუფრუქტუარს სამგზავრო სადგურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის და არ დაუშვას მის საკუთრებაში არსებული ქონებით (როგორც ხელშეკრულების საგნის, ასევე მთლიანად ქონების რომლის შემადგენელი ნაწილიც არის ხელშეკრულების საგანი) იმგვარად სარგებლობა, რომ საფრთხე შეექმნას სარკინიგზო მოძრაობასა და ადამიანთა უსაფრთხოებას; ხელი არ შეუშალოს მგზავრთა შეუფერხებელ, უსასყიდლო (გარდა სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ფასიანი ავტოსადგომებით მომსახურებისა), უსაფრთხო გადაადგილებას შენობებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე (მათ შორის მესაკუთრე ვალდებულია სამგზავრო ბაქანზე ნებისმიერი ქმედების განხორციელების დროს გაითვალისწინოს უზუფრუქტუარის წერილობითი პოზიცია, რკინიგზაში მოქმედი უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით), რამდენადაც მოსარჩელის მიერ მითითებულ სადავო ფართს უზუფრუქტის ხელშეკრულება არ მოიცავს ხოლო საქმის მასალებით არ დადასტურებულა ის გარემოება, რომ მოსარჩელე ხელს უშლის სარკინიგზო მოძრაობასა და ადამიანთა უსაფრთხოებას.

14. პალატის მოსაზრებით, სადავო ქონების მოპასუხისათვის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემის შესახებ დასკვნის საფუძველს არ წარმოქმნის დამატებითი თანხის მოთხოვნის მიზნით მოსარჩელის მიერ მოპასუხისადმი გაგზავნილი წერილები, ვინაიდან მათი შინაარსი ძირითადად იმ მიზნისკენაა მიმართული, რომ სასამართლოს ფარგლებს გარეთ მხარეთა შორის კონკრეტული შეთანხმება მიღწეულიყო, რაც სადავო ფართის კასატორისთვის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემასთან ვერ გათანაბრდება.

15. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების თაობაზე კასატორის შეგებებული სარჩელის კანონიერებას, მის უარსაყოფად სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა შემდეგ არსებით გარემოებაზე:

საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 7 ოქტომბრის, 2016 წლის 16 სექტემბრისა და 2017 წლის 15 მარტის წერილების შინაარსი ცხადყოფს, რომ 2015 წლის ოქტომბრისთვის მოსარჩელე უკვე ახორციელებდა მგზავრთა გადაყვანას და მატარებლების მიღებას, თუმცა უხვი ნალექის შედეგად ნივთის ნაწილის დატბორვა დაზიანების შესახებ უზუფრუქტუარმა პრეტენზია თითქმის ერთი წლის შემდეგ დააფიქსირა.

აქედან გამომდინარე კანონშესაბამისია დასკვნა, რომ უზუფრუქტის ხელშეკრულების საგნის გადაცემის მომენტისთვის უძრავი ქონება ვარგისი იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობის მიზნებისთვის, ხოლო უხვი ნალექის შედეგად ფართის დაზიანება უზუფრუქტუარის მიერ ნივთით სარგებლობის პერიოდშია წარმოქმნილი. ამ დასკვნას კიდევ უფრო ამყარებს ის გარემოება, რომ საკუთარი თანამშრომლების დასასვენებლად მოპასუხემ ფიზიკურ პირებთან (ზ.მახარაძესთან, ხ.ხალვაშთან) საიჯარო ხელშეკრულებები 2017 წლის 4 იანვარს და 9 აპრილს, ე.ი. უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წელზე მეტი ვადის გასვლის შემდეგ დადო.

შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად მიჩნეული გარემოებების ანალიზიდან გამომდინარე საკასაციო პალატის დასკვნით, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნა იმის შესახებ, რომ შეგებებულ სარჩელში აღნიშნული თანხები შინაარსობრივი თვალსაზრისით სამოქალაქო კოდექსის 245-ე მუხლის მეოთხე ნაწილში გათვალისწინებულ იმ კატეგორიის მიმდინარე ხარჯებს წარმოადგენს, რომელთა ანაზღაურების ვალდებულება უზუფრუქტუარს ეკისრებოდა (სსკ-ის 245.4 მუხლი - უზუფრუქტუარი პასუხს არ აგებს ნივთის ნორმალური ცვეთისათვის. იგი ვალდებულია აანაზღაუროს მიმდინარე ხარჯები, გაარემონტოს ნივთი, აგრეთვე იზრუნოს ნივთის ნორმალური სამეურნეო მოვლისათვის) და საკასაციო საჩივარი ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავდება.

17. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს ,,ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს ,,ს.რ–ას“ (ს/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადახდო დავალება №174, გადახდის თარიღი - 13.01.2023) 70% - 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

მირანდა ერემაძე

თეა ძიმისტარაშვილი